მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


მწუხარების ხმა ღვთისადმი. ხელახალი ლანძღვა. ძმრის დალევინება. ჩვენი უფლის სიკვდილი
მათე 27, 46-50


„არასოდეს შესრულებულა წინასწარმეტყველებანი ისეთი ძალით, როგორც ახლა შესრულდა დავითის სიტყვები უფალზე - მესიაზე: „ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკვდილისა შთამხადე მე. რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე“ (ფს. 21,15-18). მოწამე უფალი ალბათ ფიქრით თავად შეჩერდა ამ წინასწარმეტყველებაზე. სიცოცხლესთან ერთად ილეოდა მასში ძალა... თითქმის გამქრალი მზერა ისევ და ისევ ზეცისაკენ იყო მიმართული; მაგრამ ის ჩაბნელებული იყო, - არც ერთი სინათლის სხივი, არავითარი ნუგეში... მართლმსაჯულ მამას თითქოს მიეტოვებინა თავისი ძე, რომელიც იტანჯებოდა ადამიანთა ცოდვებისათვის... ამ აზრმა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა მისი წამება, ისედაც საშინელი და გაუსაძლისი: ადამიანური ბუნება დაიწრიტა...“ (მთ. ეპ. ინოკენტი). და მეცხრესა ოდენ ჟამსა, ხმა-ჰყო იესო ხმითა დიდითა და ჰსთქუა: ილი, ილი! ლამა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რასათვის დამიტევებ მე?.. პასუხი არ მოესმა, პასუხი ჩვენს ცოდვებში იყო: „უფალმა, წმ. კვიპრიანეს შენიშვნით, - ამიტომ მიმართა კითხვით მამას, რათა ჩვენ ვკითხოთ საკუთარ თავს და შევიცნოთ ჩვენი ცოდვა. რამეთუ, რისთვის იქნა უფალი მიტოვებული? იმიტომ, რომ ღმერთს არ მივეტოვებინეთ ჩვენ. უფალი დატოვებულ იქნა ჩვენს გამოსახსნელად ცოდვებისა და საუკუნო სიკვდილისაგან; მიტოვებულ იქნა, რათა ეჩვენებინა უდიდესი სიყვარული კაცთა მოდგმისადმი; მიტოვებულ იქნა მართლმსაჯულებისა და ღვთის მოწყალების დასამტკიცებლად, ჩვენი გულების მისკენ მისაზიდად, რათა ყოველისათვის ქცეულიყო მაგალითად“. „მაგრამ გოლგოთაზე მოწამისათვის უცხო იყო ცოდვა, - ამბობს მთ.ეპ.ფილარეტი (ჩერნიგ.). ვერცერთი მართალი ვერ შეძლებს გადაიტანოს ღვთისაგან ასეთი მიტოვება, როგორიც დაითმინა უფალმა. ახლა იგი მიტოვებულ იქნა ახლობელი ადამიანებისაგანაც. ზეციური მამის მზერა უწინ სიყვარულით მასზე ჩერდებოდა, როგორც აღმსრულებელზე მისი ნებისა, და სიყვარულის ეს მზერა ამშვიდებდა მის სულს. მაგრამ ახლა იგი ვერ შეიგრძნობდა ზეციური მადლის დამამშვიდებელ მოქმედებას, ის მოაკლდა ყოველგვარ ნუგეშს, ქვეყნიურსა და ზეციურს. გეთსამანიის ბაღში იგი ამბობდა: მამაო! ასე უწოდებდა ღმერთს, თავის მამას, ღმერთს სიკეთისა და სიყვარულისა. ახლა მასში ხედავდა მკაცრ მსაჯულს, რომელმაც იგი მისცა მთელი ქვეყნის ცოდვებისათვის არა მარტო მისი არაადამიანური მტრების უფლებით, არამედ სულიერ სატანჯველთა მთელი სისასტიკით. გეთსიმანიაში სასიკვდილო სასმისის მოახლოებამ შეძრა მისი წმიდა სული საშინელებით: ახლა იგი უკვე სვამდა ამ საშინელ სასმის“, სვამდა, როგორც ადამიანი და განიცდიდა მთელ მის სიმწარეს, კაცთა მოდგმის ცოდვების მთელ სიმძიმეს, ღვთის რისხვის მთელ საშინელებას, ღვთის სამართლის საშინელ სამჯავროს, ცოდვის შემაჩვენებელს. „როგორც იმ დროს, როცა წუხდა და იტანჯებოდა, იგი გვაჩვენებდა ჩვენთვის ბუნებრივ სიკვდილის შიშს, ასევე ახლაც, როცა ამბობს: „რასათვის დამიტევე მე?“, ნახულობს თავში ჩვენთვის ბუნებრივ სიცოცხლის სიყვარულს. რადგან იგი იყო ჭეშმარიტი ადამიანი და ყოველმხრივ ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა“, (ნეტარი თეიფოლაქტე). როგორც ადამიანი, მწუხარების ზღვაში ჩაფლული, გაუსაძლისი ტკივილების დამთმენი, იგი შესტირის ღმერთს ძლიერი გოდებით; მაგრამ მისი ლოცვითი შეძახილი მისი მტრებისათვის გახდა ახალი საბაბი დაცინვისა: და რომელთა მე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს ვითარმედ ილიას უხმობს ესე. თუ ესენი იყვნენ მხედრები, მათ შეიძლება ვერ გაიგეს ძველებრაული სიტყვები და სიტყვა „ილი“ მიიღეს ილიად; მაგრამ თუ დასცინოდნენ არა მხედრები, არამედ მტრები, მაშინ ცხადია, რომ ისინი მხოლოდ ემსგავსებოდნენ, რომ თითქოს ვერ მოისმინეს ეს შესაბრალისი, უფლის ხმამაღალი შეძახილი: მათ სჭირდებოდათ მხოლოდ საბაბი მომაკვდავი მაცხოვრის ხელახალი დაცინვისათვის. შეხედეთ, - ყვიროდნენ ისინი, - იგი სიკვდილის წინაც არ ანებებს თავს მესიად წარმოდგენას: იგი უხმობს თავის წინამორბედ ილიას დასახმარებლად. მაშინ ყველას სწამდა, მალაქიას წინასწრმეტყველების სიტყვა-სიტყვით გაგებაზე დაყრდნობით, რომ ილია უნდა გამოჩენილიყო მესიის მოსვლის წინ; სჯეროდათ ასევე ისიც, რომ ეს წინასწარმეტყველი ეხმარებოდა მას, ვინც კი მოუწოდებდა მას. ამასთან წამებში მყოფ მაცხოვარს ტანჯავდა წყურვილი, რომელიც სისხლის დაკარგვისა და გულის გამოც, ყოველ წუთს ხდებოდა უფრო და უფრო მწველი და აუტანელი. ეს წყურვილი, რომელიც მოახლოებული სიკვდილის მაუწყებელიც იყო, აწამებდა მას მტანჯველი ნაღველით. როცა სრულიად გამოეცალა ძალა მის სხეულს, მან დაიძახა: „მწყურის“ (ინ. 19,28). მას სწყუროდა არა იმდენად წყალი გაგრილებისთვის, რამდენადაც თავისი ზეციური მამის ნების აღსრულება; მას სწყუროდა დავითის კიდევ ერთი წინასწარმეტყველების აღსრულებაც: „წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“ (ფს. 68,22). წამებული უფლის ამ შესაბრალისმა ოხვრამ იმოქმედა ერთ მხედარზე: და მეყუსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი, რითაც იყო დაცული დაძმარებული ჭურჭელი, აღავსო ძმრითა, ამ მჟავე ღვინით, რითაც თავადაც იცხრობდნენ წყურვილს დიდი სიცხისას მხედრები, და დაადგა ლელწამსა, დაამაგრა ჯოხის ბოლოს, რადგან უფალი მიწიდან საკმაოდ მაღლა იყო დაკიდებული, ისე რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო მისთვის სასმელის მიწოდება და ასუმიდა მას, შეახო ღრუბელი იესოს გამომშრალ ბაგეებს. ასისთავი არ შეეწინააღმდეგა ქვეშევრდომის კაცთმოყვარეობას, რადგან ჯვარზე გაკრული მასში სულ უფრო და უფრო მეტ თანაგრძნობასა და პატივისცემას აღძრავდა, მარგამ იესოს მტრებმა აქაც აჩვენეს თავიანთი არაადამიანობა: ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, მას ილიას იმედი აქვს, და ვიხილოთ, უკეთუ ილია მოვიდეს ხსნად მისა. თვით ის მხედარიც კი, რომელმაც დაალევინა იესოს, თითქოს იმის გამო, რომ ზედმეტად კაცთმოყვარედ არ გამოჩენილიყო, ამბობდა: „რა საჭიროა? შეიძლება ილიამ დააყოვნოს მოსვლა“. მოსვლა რა ცოტაოდენი სასმელი, ხოლო იესო კუალად ხმა-ჰყო ხმითა დიდითა: „აღსრულდა! მამაო! ხელთა შენთა შეევედრებ სულსა ჩემსა“... და ამ ღვთაებრივ სიტყვებზე თავი ჩამოკიდა, როგორც ხდება გარდაცვალებისას, და განუტევა სული.

ასე დასრულდა ცხოვრება, რომლის მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება დედამიწაზე. ასე აღსრულდა კაცობრიობის ხსნის საქმე. აღსრულდა ყოველივე, რასაც ასე მოელოდნენ ძველი აღთქმის მამამთავარნი და წინასწარმეტყველნი, რაც ოდითგან იყო აღთქმული, ნაწინასწარმეტყველები, განსაზღვრული. ეს სიკვდილისწინა წამოძახილი უფლისა: აღსრულდა! არის შეძახილი სიკვდილის და ჯოჯოხეთის ძლევით დამმარცხებლისა. „საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე“ (ინ. 17,4). აღსრულდა ზეციური მამის ნება: ქვეყანა გამოხსნილ იქნა ძე ღვთისას ჯვარით; დასრულდა ძველი აღთქმა, დაიწყო ახალი აღთქმა. შეასრულა რა მორჩილება, ღვთის ძე, თავისი ზეციური მამის ნებას დამორჩილებული ჯვარზე სიკვდილამდეც კი, მორჩილების ნიშნად, თავს მოიდრეკს და მამა ღმერთს მისცემს თავის სულს. ამაზე ამბობდა იგი: „ხელმეწიფების დადებად მისა, და ხელემწიფების კუალად მიღებად მისა; არამედ მე დავჰსდებ მას თავით ჩემით“ (ინ. 10,18). იმისათვის წარმოთქვა მან, რათა ეჩვენებინა, რომ ეს სრულდებოდა მისი უფლებით. მარკოზი ამბობს: „ხოლო პილატეს დაუკვირდა, უკეთუ აწვე მოკუდა“ (მრკ. 15,44), და რომ ასისთავი განსაკუთრებით იმიტომაც არწმუნებდა, რომ იესო მოკვდა“ (წმ. ოქროპირი). დიდება შენს თავმდაბლობას, უფალო! დიდება შენს გამოუთქმელ სიყვარულს!..