|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ავაზაკისაგან გმობა. კეთილგონიერი ავაზაკი. მზის დაბნელება. ნუგეში დედისა
მათე 27,44-45
ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მისთანა ჯუარ-ცმულნი, აყუედრებდეს მას. წმ. მათე მოკლედ
ამბობს; მას სურს მიუთითოს, რომ არა მარტო ანნა და კაიაფა, მწიგნობრები და
ფარისევლები, იროდი და პილატე, არამედ ბოროტმოქმედნიც კი, რომლებსაც თავად ჰქონდათ
მისჯილი მეტად სამარცხვინო და საშინელი სასჯელი, არ ინდობდნენ ჩვენს უფალს. წმ.
ლუკა უფრო დაწვრილებით აღგვიწერს: იგი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი, ჯვარზე გაკრული
ავაზაკთაგან, აყვედრებდა მას, და ეუბნებოდა: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი
და ჩვენც“. ასე არ მოიქცა მისი მეგობარი, იესო ქრისტეს მარჯვნივ გაკრული. იგი
საყვედურობდა მგმობელს და ეუბნებოდა: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე
საჰსჯელსა შინა ხარ? და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგვეგების, ხოლო
ამან არარაჲ უჯერო ჰქმნა!“ და კეთილგონიერმა ავაზაკმა ამასთან თავისი ნაღვლიანი მზერა
გადაიტანა იესო ქრისტეზე და უდიდესი გულითადი და ღრმა რწმენით წარმოთქვა სამუდამოდ
დასამახსოვრებელი, სულის შემძვრელი ლოცვის სიტყვები: „მომიხსენე მე, უფალო! ოდეს
მოჰხვიდე სუფევითა შენითა!“ - და უფალმა მიუგო: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“.
ასე იქნა დაჯილდოებული რწმენა, სინანული, თავმდაბლობა, და საკუთარი თავის
დადანაშაულება კეთილგონიერი ავაზაკისა! „მას თავისუფლად მხოლოდ
გული და ბაგენი ჰქონდა დარჩენილი, და ყოველივე ეს ღმერთს მიუძღვნა: გულით ამოწმებდა
სიმართლეს, ხოლო ბაგენით აღიარებდა საცხოვნებელად“...
დიდხანს არ იდღესასწაულა ბოროტმა ყვედრებამ და დაცინვამ ჯვარცმულ უფალზე: მალე
უსულო ბუნებამაც, ღვთის განგებით, გამოაჩინა ნიშანი იესოს მტრების გონს მოსაყვანად,
რომლებიც ერთ დროს ითხოვდნენ სასწაულებს ზეციდან: ხოლო მეექვსით ჟამითგან, ჩვენი
დროით შუადღისას, უცებ მზე დაიბინდა და დაბნელდა ყოველი ქუეყანა: ვიდრე მეცხრე
ჟამამდე დაახლოებით სამ სააღამდე. მზემ, დაინახა რა ქვეყნიერების შემოქმედი ასეთი
დამდაბლებული, დიდი წუხილითა და შიშით, თითქოს დაიფარა სახე, რათა არ ეცქირა
უსაზღვრო ადამიანური უსამართლობისათვის; იგი დაიბურა მსგავსად იმისა, როგორც
ბრწყინვალე ქერუბიმებს არ შეუძლიათ შეხედონ ღვთის უსაზღვრო და უკიდეგანო
დიდებულებას, ამიტომ ფრთებით იფარავენ თავს; მთელი ქმნილება, რომელიც ერთგულებდა
თავის შემოქმედს, უყურებდა რა მას განძარცულსა და შეურაცხყოფილს, დაიფარა სიბნელით,
მსგავსად იმისა, როგორც ერთგული სამწყსო და ოჯახის წევრები იმოსებიან შავი სამოსით
დიდი მწუხარების ნიშნად. ამ უცნაურ დაბნელებას, რომელიც არ შეიძლება ყოფილიყო
ჩვეულებრივი დაბნელება მზისა, რადგან იმ დროს სავსე მთვარე იყო, როცა დაბნელება
ჩვეულებრიბ არ ხდება, - იხსენებენ წარმართი ისტორიკოსებიც (დამოწმება წარმართი
ფლეგონისა და თალასესი. ქრისტიანთა დამცველი ტერტულიანე, რომელიც მეორე საუკუნეში
ცხოვრობდა, თავის თხზულებაში მიუთითებს ამ დაბნელებაზე და ამასთან ეყრდნობა რომაულ
არქივებს, სადაც შეიძლება იქნას წაკითხული აღწერა ამ დაბნელებისა). ამ საოცარ და
უცაბედ დაბნელებას შუა დღისას, უნდა შეეშინებინა ბრბო, რომელიც თავხედურად იქცეოდა
უფლის ჯვართან. იუდეველები მზის დაბნელებას თვლიდნენ მოსალოდნელი უბედურებების
ცნობად, ამიტომ მაგინებლები დროებით დაცხრნენ.
სიბნელით მოცულ უფლის ჯვარს მიუახლოვდნენ მისი ახლობელი ადამიანები. მაგრამ
ყველაზე უწინ და ყველაზე ახლოს ჯვართან იდგა უფლის უწმიდესი დედა და უსაყვარლესი
მოწაფე იოანე. სწორედ ეს მოწაფე საოცრად აღგვიწერს იმას, თუ როგორი უფაქიზესი
სიყვარულით ზრუნავდა ღვთის ძე, ჯვარზე სიკვდილის დროს თავის უნუგეშო დედაზე. ახლა
უკვე იმ იარაღმა, სვიმეონმა რომ იწინასწარმეტყველა, მწუხარებით განგმირა მისი სული!
სამართლიანად ამბობს ეკლესიის ერთი მასწავლებელი „ჭეშმარიტად იგი ვერ გადაიტანდა
ამ დარდსა და ტკივილს, რომ არ გაემხნევებინა იმ მარჯვენას, რომელიც მის
თავზე იყო გართხმული!“ (მთ. ეპ. ლეონტი). ახლა უკვე უსაყვარლესი მოწაფისათვისაც კი
ცხადი იყო, როგორი მწარე იყო სასმისი, რომლის შესმასაც იგი პირდებოდა თავის ძმასთან
ერთად, როცა ითხოვდა იესოსგან ადგილს მის მარჯვნივ. „მახარებლები არაფერს ამბობენ,
რომ უფლის კურთხეული დედა და მეგობრები ქვითინებდნენ მსგავსად იერუსალიმელი
დედებისა. მათი გოდება ააღელვებდა ბოლო წუთებში უფლის სახეს, ვისაც ისინი სათუთად
უყვარდა, - ჰყვება მთ. ეპ. ინოკენტი; თვით მათი მწუხარება იყო ცრემლზე მეტი: ვისაც
შეუძლია ტირილი, მასში ჯერ კიდევ არ არის შეღწეული მთელი მწუხარების ძალა, რაც
შეუძლია ადამიანის გულს. იესო ქრისტესათვის დედის ყურება იყო ახალი სატანჯველი,
აქამდე იგი იყო მისი იმედი და ნუგეში; ახლა იგი რჩებოდა დედად არა ისეთი ქრისტესი,
რომელიც ხალხს უყვარდა, და რომელსაც პატივსა სცემდნენ და რომლისაც ეშინოდათ თვით
სინედრიონში, არამედ ისეთი იესოსი, რომელიც ყველას მიერ იქნა მიტოვებული,
შეურაცხყოფილი, რომელმაც ცხოვრება დაასრულა გოლგოთაზე, ავაზაკებს შორის!.. საჭირო
იყო მისთვის რაღაც ნუგეში, მაგრამ ისე, რომ ეს ნუგეში სიხარულად ქცეულიყო მთელი
მისი ცხოვრებისათვის და არ მისცემოდა ნუგეშისმცემელი დამცირებასა და მტრებისგან
დევნას, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ იდგა ჯვართან სიახლოვეში. როგორ უტიფრობას გაბედავდნენ ისინი, თუკი გაიგებდნენ, რომ მათ შორის იმყოფებოდა იესოს დედა? ამიტომ
უფალმა არ ახსენა დედის სახელი. „დედაკაცო“ - უთხრა მას უსაზღვრო სიყვარულით:
„აჰა ძე შენი“ - იოანესკენ მიჩერებული მისი სახე ცხადყოფდა, თუ ვისზე იყო ეს
ნათქვამი: „ჩემს ადგილს იგი დაიკავებს შენთვის“. - შემდეგ მიაპყრო რა მზერა თავის
დედას, უთხრა იოანეს: „აჰა დედა შენი!“ (ინ. 19, 26-27). „გიყვარდეს იგი, დაიცავი
იგი, როგორც შენი დედა!“ და მოწაფემაც მთელი სიზუსტით შეასრულა მისი მომაკვდავი
მასწავლებლის ნება და იმ ჟამიდანვე მიიღო ღვთისმშობელი თავის სახლში“. უწმიდეს
ქალწულში იოანემ დაინახა თავისი მეორე დედა. იოანეში, უნუგეშოდ დარჩენილმა
მარადქალწულმა, დაინახა თავისი შვილი, რომელიც ამის შემდეგ დიდი გულმოდგინებით
ემსახურებოდა მას ვიდრე გარდაცვალებამდე. „ქალწულ მოწაფეს მიანდობს ქალწული უფალი
თავის ქალწულ დედას“ (ნეტარი იერონიმე). ხოლო ამ მოწაფის სახით უფალი თავისი
კურთხეული დედის შვილად ხდის ყველა მორწმუნეს, რომელთაც არ ერიდება, რომ უწოდოს
თავისი ძმები. - რათა ყოვლადწმიდა ქალწულის დარდი და წუხილი კიდევ უფრო არ
გაძლირებულიყო იესოს უკანასკნელი და უმძიმესი სატანჯველების ყურებაზე, იოანე მასთან
ერთად მაშინვე განერიდა გოლგოთას...
| |