მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


იუდა გამცემლის დაღუპვა. სისხლის ადგილი
მათე 27, 3-10

ძე წარწყმედისა, ისკარიოტელი იუდა, ამბოხებული სინდისით ადევნებდა თვალს ყოველივე იმას, რაც იმ ღირსახსოვარ ღამეს ხდებოდა კაიაფას სახლში. გასცა რა უფალი, იგი შესაძლოა არც კი ფიქრობდა იმას, რომ საქმე მივიდოდა იესოს გასამართლებამდე, მით უფრო სიკვდილამდე; ალბათ ვერც კი წარმოედგინა სასწაულმოქმედს თუ შეეხებოდნენ მხედარნი, მისი ფიქრით იესო უვნებელი განერიდებოდა იმათ... მაგრამ აი, ყველა ამბობდა, რომ იგი გაასამართლეს... უცებ, მთელი დაუნდობელი ძალით გაიღვიძა მასში და ალაპარაკდა სინდისი... ყველა ანგარიშგება, თვით ანგარების ვნება სადღაც გაქრა, როგორც ჯოჯოხეთის აჩრდილი. მასთან დარჩა მხოლოდ ერთი მტანჯველი სინდისი! სინდისის ქეჯნამ მიიყვანა იგი უიმედობამდე. არ იცოდა, რა გაეკეთებინა, მან განიზრახა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე - წასულიყო მღვდელმთავრებთან, დაებრუნებინა მათთვის დამღუპველი ვერცხლი, ის ფული, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე დამატყვევებელი იყო მისთვის, ახლა კი საძულველი გახდა და ხელებს უწვავდა მას, - გადაწყვიტა დაებრუნებინა და საჯაროდ დაემოწმებინა, რომ მან შესცოდა დიდად - გასცა უდანაშაულო სისხლი. მაშინ, ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა, და მიაქცია ოცდა ათი იგი ვერცხლი მღუდელთ მთავართა მათ მიმართ და მოხუცებულთა, და ჰსთქუა: ვჰსცოდე, რამეთუ მიგეც დასათხევად სისხლი მართალი. - „ასე მძიმე მდგომარეობაში მეგობრულ მონაწილეობას რომელიმე მღვდლისა ან კეთილი ადამიანისა, შეიძლება შეეჩერებინა სული, რომელიც მზად იყო ჯოჯოხეთში ჩასავარდნად. რამდენიმე წუთზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. მაინც რა მოისმინა თავადგანსჯილმა გამცემელმა? (მთ.ეპ. ინოკენტი). ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რა? თუ შენ თვლი თავს დამნაშავედ, ჩვენ ამასთან რა საქმე გვაქვს? შენ იხილე... „მათ იუდას სინანული და დამოწმება იესო უდანაშაულობისა მიიღეს იმ ადამიანების საძულველი გულგრილობით, რომლებიც იცავენ რა მცნებას, არა აქვთ დრო მიაქციონ ყურადღება გრძნობათა კვეთებას“ (მთ.ეპ. ინოკენტი).

მღვდელმთავართა ცივი საყვედურით გულნატკენმა, უბედურმა გამცემელმა მართლაც მიაქცია მზერა საკუთარ თავისკენ, მაგრამ მზერა იმედგადაწურული, რომლის წინაშეც ასე უცებ ჩნდება და სასიამოვნოდაც კი ეჩვენება ადამიანს - სიკვდილი! სინდისისაგან დევნილი იუდა გარბის ტაძარში, და დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა, და განეშორა; მაგრამ ამანაც ვერ შეუმსუბუქა მას ტანჯვა და იგი ეძლევა პირველივე აზრს, რასაც ეშმაკი ჩააგონებს. იჩქაროს განმარტოებული ადგილისაკენ, და იქ სადმე, ციცაბო კლდის წვერზე, ან რომელიმე ხეზე, იპოვოს თავისი დასასრული. და წარვიდა, და შიშთვილიბა, ან ხის ტოტი მოტყდა, ანდა შესაკრავი გაიხსნა, და იუდას სხეული ქვევით უფსკრულში ჩაეშვა და იქ ისე დაეხეთქა, რომ შიგნეული გარეთ გადმოსცვივდა. ჭეშმარიტად, - უმჯობესი იყო თუ კი საერთოდ არ დაიბადებოდა ეს უბედური კაცი! „შეინანა იუდამ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაგრამ უკვე გვიან და დაყოვნებით, მან თავად გამოუტანა თავს განაჩენი. ასეთია ეშმაკი! არ აძლევს საშუალებას უზრუნველს, რომ შეხედოს თავის ცოდვებს ადრე, ვიდრე მას მოიმოქმედებდეს, რათა ერთხელ შეპყრობილმა, აღარ შეინანოს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ იუდამ შეიგნო, მოიცილა ვერცხლის ფული, არ შეუშინდა იუდეველთ, მაგრამ ის რაც მან მოიმოქმედა, - ესაა ცოდვა უპატიებელი, ეს არის ბოროტ დემონთა საქმე. ჭეშმარიტება კი ყველგან ბრწყინავს. განა გამცემელის ასეთი სიკვდილი არ ადუმებს იესოს გამკითხველთა ბაგეებს? რადგან, რა შეიძლება თქვან, როცა გამცემელი თავად დაუპირისპირდა თავს ასეთი განაჩენით? შენიშნეთ, ვერცხლიმოყვარენო და დაფიქრდით, რა მოუვიდა გამცემელს? როგორ მოაკლდა იგი ქონებას და შესცოდა? ვერცხლიმოყვარეობით როგორ ვერ დატკბა და სულიც დაიღუპა? ასეთია კერპი ვერცხლისმოყვარებისა!“ - „რატომ მოხდა, რომ იუდას სინანულის დასაწყისი დასრულდა გააფთრებითა და თვითმკვლელობით? - კითხულობს ერთი განმმარტებელი საღვთო წერილისა. - იუდამ იქ არ მიმართა თავისი ცოდვილი სინდისის წუხილით, სადაც მოუწოდებს ადამიანს ჭეშმარიტი სინანული. მან მიმართა მღვდელმთავრებს, რომელთაც იგი მოისყიდეს ბოროტი საქმისათვის. ეკუთვნოდა კი, რომ პირდაპირ ღვთისათვის მიემართა, მისი უსაზღვრო მოწყალების წინაშე პირქვე დამხობილიყო და თავისი მწუხარება გადმოეფქრვია ლოცვაში შეწყალებაზე და სინანულის ცრემლებში, რადგან ჭეშმარიტი სინანული არ შეიძლება იყოს ლოცვისა და ცრემლის გარეშე. სინანული ლოცვისა და ცრემლის გარეშე უმეტესად მთავრდება თვითმკვლელობით, რომელიც მტანჯველია დამნაშავეთა სინდისისა. თუ დამნაშავენი არ მიდიან ასეთ უბედურ დასასრულთან, ისინი ვერც სინანულს შეიძენენ. სულის სატკივარი დროთა განმავლობაში ნელდება და რჩება მუდამ ჩახშული სინდისის მონაპოვრად. ასეთი დამნაშავე ხდება თამამი სხვა დანაშაულთა ჩასადენად, რაც მას უკვე სულიერი სატკივარის გარეშე ტოვებს. მისი სინდისი თითქოს მომკვდარია“.

ხოლო მღვდელთ-მთავართა მოიღეს ვერცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ არს ესე დადებად სიწმიდესა. რამეთუ სასყიდელი სისხლისაი არს, ეს ფული უწმიდურია; ამით სისხლია შეძენილი. „თვითონ ხედავენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ შეისყიდეს მკვლელობა, და ამიტომაც არ შეინახეს იგი საცავში: აი, მათი საწინააღმდეგო მოწმობა და მხილება გამცემლობაში!“ როგორი გასაოცარია ასეთი შეფასება ამ რაღაც უმნიშვნელო რამისა, - დაცვა უხუცესთა უაზრო გადმოცემისა ფულის სისუფთავეზე ქრისტეს მკვლელობის საშინელ ბოროტმოქმედებასთან შედარებით და ზრახვა ყვეს და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაი, ცარიელი, უნაყოფო ადგილი ქალაქგარეთ, სადაც თიხას ჭრიდნენ, საფლავად უცხოთა, შესაძლოა იმ იუდეველთათვისაც, რომლებიც ათასობით მოდიოდნენ რა წმიდა ქალაქის მოსალოცად, არც თუ იშვიათად აქვე ამთავრებდნენ თავიანთ ქვეყნიურ ცხოვრებას, ხოლო უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს უფრო წარმართებისათვის სჭირდებოდათ, რომელთაც იუდეველნი თვლიდნენ არაწმიდად, ამიტომაც მათთვის დასამარხად ცალკე ადგილი გამოიყოფოდა. ხალხის ხმამ, რომელშიც ასე ხშირად აისახება ღვთის ხმა, მალე მისცა ამ სასაფლაოს შესაფერისი სახელი: ამისათვის ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაი, ვიდრე აქა დღემდე, ებრაულად „აკელდამა“ (საქ. 1,19). „ადგილის სახელწოდება, - ამბობს წმ. ოქროპირი, - საყვირებზე უფრო ხმამაღლა აუწყებს ყველას მათ სამარცხვინო მკვლელობას. მათ რომ ფული საგანძურში დაედოთ, მაშინ საქმე ასე არ გაცხადდებოდა ყველგან; იყიდეს რა მიწა, ამით ყველაფერი გააცხადეს ხმამაღლა მომავალი თაობებისათვისაც“ - მოხდა რა ასეთი შესყიდვა, სინედრიონმა, ისე რომ ამას ვერც ხვდებოდა, შეასრულა ერთი უძველესი წინასწარმეტყველება მათთვის შესარცხვენად და იესოს საქებრად, მაშინ ასრულდა წინასწარმეტყველება თქმული იგი იერემია წინაწარტმეყველისაი (32,9;18,2), ხოლო უფრო ზუსტად ზაქარიასი (11,12-13), რომელსა იტყვის: და მოვიღე ოც და ათი იგი ვერცხლი, სასყიდელი განსყიდულისაი მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაელისათა, და მისცეს აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. იერუალიმის მიდამოებში ეხლაც აჩვენებენ სისხლის აგარაკის ნარჩენებს...