|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
იესო ქრისტე ანნა და კაიაფას სამსჯავროზე. პირველი სხდომა ღამით. შეურაცხყოფა მისი ეზოში
მათე 26, 57-68
წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი, ავსებს რა დანარჩენი სამი მახარებლის
მონათხრობს, ამბობს, რომ ათასისთავმა, მხედრებმა და იუდეველთა წინამძღოლებმა
შეიპყრეს იესო და პირველად წაიყვანეს ანნასთან. ეს იყო გადამდგარი მღვდელმთავარი,
კაიაფას სიმამრი, ყველზე ცბიერი და ბოროტი მტერი იესოსი. სწორედ მას პირველს მიაგეს
კამაყოფილება ენახა შეპყრობილი ის, ვინც ცოტა ხნის წინ შეუპყრობლად მიაჩნდა
სინედრიონს. ანნამ ჰკითხა იესო ქრისტეს მის მოწაფეებსა და სწავლებაზე. უფალმა
არაფერი უთხრა მას თავის მოწაფეებზე: ასე იცავდა მათ სიყვარულით, - თავის
სწავლებაზე კი უპასუხა: „მე გაცხადებულად ვეტყოდი სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ
შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად
არარას ვეტყოდე. რაისა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ
მათ. აჰა ამათ იციან, რასა იგი ვეტყოდე მათ“. ასეთი იყო უფლის პასუხი სავსე
სიმშვიდითა და უბრალოებით, სიცხადითა და ღვთიური დიდებით. თვით მღვდელმთავარმა
ვერაფერი იპოვა პასუხში ისეთი, რომ გაეღიზიანებინა იგი, თუმცა კი არ შეიძლებოდა
კმაყოფილი ყოფილიყო ასეთი ოსტატური, როგორც ის ფიქრობდა, საქმიდან მორიდებით...
მაგრამ ასე არ უყურებდა ყოველივე ამას ანას ერთი პირმოთნე მსახურთაგანი: მან
მაშინვე სილა გააწნა იესოს და წამოიძახა: „ესრეთ სიტყუას უგება მღუდელთ მთვარისა?“
უფალმა მშვიდად უპასუხა თავის უტიფარ შეურაცხმყოფელს: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე,
წამე ბოროტისათვის; უკუეთუ კეთილსა, რაისათვის მცემ?“ როგორი სულისშემძვრელი
მაგალითია მოთმინებისა ბორკილდადებული უფლის ყოველი მიმდევრისათვის „წარმოიდგინე,
ამბობს წმ. ოქროპირი - ვინ თქვა, ვის უთხრა, რისთვის სთქვა, - ეს სიტყვები იქნება
შენთვის რაღაც ღვთიურ და მიუღწეველ მაგალითად, რომელიც შეძლებს დაამხოს ყოველგვარი
სიამაყე. წარმოიდგინე ღირსება უღირსისა, არარაობა უპატიოსი, სიმძიმე უპატიობისა:
რადგან არა მარტო შეურაცხყო, არამედ კიდეც გაარტყა და უბრალოდ კი არ გაარტყა,
არამედ ლოყაზე. არაფერია ამ დარტყმაზე უფრო უპატიო და მაინც, მან ყველაფერი
გადაიტანა, რათა გესწავლა მშვიდი მოქმედება“.
ანნა ყოველივე ამას ხედავდა და ისმენდა, მაგრამ მისი საქმე არ იყო თავის მსახურების
განუსჯელი უტიფრობის აღკვეთა; მისი საქმე იყო უდანაშაულოთა განსჯა და დევნა.
დაკარგა რა იმედი, რომ თავისი დაკითხვით იესოს რამეში ბრალს დასდებდა და რადგან
თავადაც ჩქარობდა კაიაფასთან საერთო შეკრებაზე მისვლას, მან ღვთაებრივი ტყვეც
სწორედ იქ გადააგზავნა. და მიავლინა იგი ანნა კრული კაიაფაისა, მღვდელმთავრისა,
სადაც იყვნენ შეკრებილნი მწიგნობარნი და უხუცესები და სინედრიონის წევრები,
რომლებიც მოუთმელად ელოდნენ შეპყრობილის ხილვას. შუა ღამე იყო, როცა კანონით არ
შეიძლებოდა დამნაშავეთა საქმის გარჩევა; აგრეთვე არ შეიძლებოდა, დამნაშავეთა
საქმის განხილვა ისეთი დიდი დღესასწაულების წინ, როგორიც იყო პასექი. მაგრამ
სინედრიონმა არ ჩათვალა საჭიროდ ანგარიში გაეწია არც კანონისათვის და არც
ჩვევისათვის, იჩქაროდა რა საქმის მალე დასრულებას. გადაუდებელი საქმისას სჯული
იძლეოდა ნებას, რომ თუნდაც ვერ შეკრებილიყო ყველა წევრი სინედრიონისა, რომელთა
რიცხვი იყო 725; საკმარისი იყო თავმოყრა 23-ისა, მაგრამ სინედრიონის წევრებმა იმ
დღეს გამოიჩინეს გულმოდგინება და შეიკრიბნენ თითქმის ყველა, ისეთების გარდა, როგორიც იყო
ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათიელი. ეს იყო ჭეშმარიტად უკანონო შეკრება,
ფსალმუნთმგალობელის თქმით: „კრებული უკეთურთა“ (ფს. 25,5).
ქრისტეს ორი მოწაფე, პეტრე და იოანე, მისდამი განსაკუთრებული სიყვარულის გამო,
გაყვნენ იესოს მღვდელმთავრის სახლამდე, ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე
ეზოდმდე მღვდელთმთავრისა, ისე რომ სხვათათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. შეიძლება
ვიფიქროთ, რომ ორივე მღვდელმთავარი, ანნა და კაიაფა, ცხოვრობდა ერთ სახლში, და მათ
ჰქონდა საერთო ეზო. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ მან, როგორც მღვდელმთავრის
ნაცნობმა, უთხრა მეკარეს და შეიყვანა პეტრე; ამასთან, ერთმა მეკარესთან მყოფმა,
სიფრთხილის მიზნით ჰკითხა პეტრეს: იყო თუ არა იგი იესოს მოწაფეთაგანი? მან მიუგო:
არა. ამასობაში მსახურებმა გააჩაღეს ცეცხლი, რადგან ციოდა და ცეცხლთან იწყეს
გათბობა. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა. როცა უფალი კაიაფასთან გადაიყვანეს,
პეტრე დარჩა ეზოში. და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა, ხილვად აღსასრულისა,
უნდოდა გაეგო როგორ დამთავრდებოდა საქმე. საქმე კი ჩქარა მიდიოდა მსაჯულთათვის
სასურველი დასასრულისაკენ. მიუხედავად უკვე მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ
ქრისტესათვის ბოლო მოეღოთ „სინედრიონმა მოინდომა, რომ ამ საქმისათვის მიეცა
სამართლიანობის სახე, და როგორც არ უნდა მომხდარიყო, იესოსათვის მიეწერათ ისეთი
დანაშაული, რაც სიკვდილის ღირსი იქნებოდა. სინამდვილეში განა სასიამოვნო იქნებოდა
სინედროინის წევრებისათვის ხალხის თვალში ქცეულიყვნენ მესიის მკვლელად?.. სინედრიონის წევრებმა მოითხოვეს მოწმენი. სჯული ითხოვდა მხოლოდ
სამ, ან ორ მოწმეს მაინც... შუაღამისას, როცა მთელ ქალაქს ეძინა, მოწმეთა მოძიება
გახდა საჭირო, - რაც ადვილი არ იყო“. (მთ. ეპ. ინოკენტი). მღვდელმთავრიდან
დაწყებული, უკანასკნელი წევრის ჩათვლით, ყველა შეუდგა ძებნას. ხოლო მღვდელმთავარნი
იგი და მოხუცებულნი და ყოველნი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწმეთა იესოსათვის, რაითამცა
მოკლეს იგი. ეძებდნენ ყველაფერს, ცილისწამებას, ბრალის დადებას რაიმე დანაშაულში.
ეძებდნენ ისეთებს, ვინც ცრუ მოწმეებად გამოდგებოდნენ, მათგან დანახულისა და
მოსმენილისათვის. და არა ჰპოვებდეს. „მაგრამ როგორ მოხდა“, - ამბობს მთ. ეპ.
ინოკენტი, რომ მათ არ ისარგებლეს იუდას სამსახურით, რომელმაც იცოდა უფლის სწავლა და
საქმენი, უფლის მტრების გულის მოსაგებად და ახალი გამარჯვებისათვის, და თავისი
მასწავლებლის გაცემის გასამართლებლად შეეძლო ყოფილიყო ყველაზე შეუბრალებელი
ბრალმდებელი? - გამცემელმა, შეასრულა რა დანაპირები, უფლის სამყოფელთან მიიყვანა
ისინი თუ არა, მაშინვე განერიდა იქაურობას და ამიტომაც ეხლა მისი მოძიება არ იყო
ადვილი; რომ თავისი მასწავლებლისათვის ცილი დაეწამა, მისი თანდასწრებით. ჩვენ
ვხედავთ, რომ მის ბნელ სულშიც, გაცემის შემდგომაც კი, უნებურად შემორჩა ძლიერი
გრძნობა პატივისცემისა მასწავლებლის უდანაშაულობისადმი. გამოჩნდნენ ყველასგან
ძებნილი ცრუ-მოწმენიც, რა ბრალს სდებდნენ ისინი უფალს - არაა ცნობილი, ოღონდ კია,
რომ მათი მოწმობანი არ ეთანხმებოდა ერთმანეთს და არ შეიცავდა დანაშაულს. ალბათ
მიუთითებდნენ შაბათის დღის უქმის დარღვევას, ფარისეველთა გადმოცემების
შეუსრულებლობას და სხვა. მაგრამ ასეთი დანაშაულები არ იყო საკმარისი სიკვდილით
დასასჯელად. მსაჯულთ კი სწორედ ასეთი დანაშაულის მოძიება სურდათ. ამიტომაც ამბობს
წმ. მათე: და არა ჰპოვებდეს, და მრავალნი მოსურლ-იყვნეს ცრუმორწმენი და არა პოვნეს,
ბოლოს ხოლო უკანაისკნელ მოვინმე-ვიდეს ორნი და თქუს: იგი პატივს არ სცემს ღვთის
ტაძარს... სინედრიონის წევრებმა გაიხარეს ამით, ამ ცრუ მოწმეებს უნდოდათ ბრალად
დაედოთ უფლისათვის მისი სიტყვებით, ორი წლის წინ წარმოთქმულით იერუსალიმის ტაძარში;
მან თქვა მაშინ: „დაჰხსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“ (ინ.
2,19), და ამასთან, გულისხმობდა არა იერუსალიმის ტაძარს, არამედ საკუთარ სხეულს,
ასე რომ მისი სიტყვები იყო წინასწარმეტყველება მის ჯვარზე სიკვდილსა და აღდგომაზე.
მაგრამ ორივე ცრუ-მოწმემ, ბოროტი განზრახვითა და უცოდინარობით, ან იმის გამო, რომ
დიდი ხნის წინ იყო სიტყვები ნათქვამი, დაამახინჯეს უფლისაგან თქმული. ერთი
ამტკიცებდა: ვითარმედ ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიეც დარღვეულად ტაძარი ესე ღმრთისა და
მესამესა დღესა აღშენებად. „ასე ცრუ და დამახინჯებული სიტყვით, რომელსაც
მიაწერდნენ იესო ქრისტეს, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - შეეძლოთ მსაჯულთა წინაშე
ეჩვენებინათ კადნიერება და თავმომწონეობა, შეერთებული ყველაზე ძვირფასისადმი -
ტაძრიადმი უპატივცემობასთან. მეორე ყალბი მოწმე აცხადებდა, რომ თითქოს მას მოესმინა
უფლის სიტყვები: მე დავარღვევ ამ ხელთქმნილ ტაძარს, და სამ დღეში ავაშენებ სხვას,
ხელთუქმნელ ტაძარსო. ასეთი გადასხვაფერებული სიტყვები საკმარისი იყო იმისათვის, რომ
მათში მოეძიათ რაღაც ღვთის საგმობი, რომ თითქოს იესო ქრისტეს ჰქონდა ძალზედ დაბალი
წარმოდგენა არა მარტო იერუსალიმის ტაძარზე, „რადგან სიტყვა ხელითქმნული წმიდა
წერილში გამოიყენება კერპებისა და საკერპო ტაძრების აღსანიშნავად, - არამედ
განზრახვა, მისი დაქცევისა, რათა ახალი შეექმნა. ეს
გამოიყურებოდა, როგორც აშკარა გმობა ტაძრისა, რაც უტოლდებოდა ღვთის გმობას,
რისთვისაც მოსეს სჯულით განისაზღვრებოდა სიკვდილი“. - „ჭეშმარიტად ესენი იყვნენ
ცრუ-მოწმენი, რადგან ქრისტეს არ უთქვამს: შემიძლია „დავარღვიო“, არამედ „დაარღვიეთ“,
არა თქვა ამასთან ღვთის ეკლესია, არამედ „ტაძარი ესე“ ანუ ჩემი სხეული; და კიდევ, „არ უქთვამს
„შევქმნი“, არამედ „აღვადგენო“. ცხადია, რომ ცრუ-მოწმენი მიაწერდნენ
იესო ქრისტეს იმას, რაც მას არ ეთქვა“ (ნეტ. თეოფილაქტე). ამიტომ, მიუხედავად
მსაჯულთა დიდი სურვილისა გაესამართლებინათ იესო ქრისტე, ეს მოწმობაც არასაკმარისად
იქნა მიჩნეული, როგორც გაურკვეველი, არეული და შეუთანხმებელი გამოთქმებში.
მთელი ის დრო, ვიდრე უსმენდნენ ცრუმოწმეებს, უფალი დადუმებული იყო. ამ საოცარი
მდუმარებით მსაჯულთ უნებურად უნდა ეგრძნოთ, რომ ამით გასამართლდებოდნენ თავად
ისინი, ხოლო ქრისტე იყო იმათი მსაჯული... „მისი დუმილი მათი თავმოყვარებისათვის
შეიქნა უპატიებელ უყურადღებობად, ანდა სიძულვილად - ამბობს მთ, ეპ. ინოკენტი: -
უფალს რომ დაეცვა თავი, შეეძლო ჰქონოდათ იმედი, რომ მის სიტყვებში იპოვიდნენ რაიმე
სჯულის საწინააღმდეგოს, რადგან მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა არა ერთხელ
გამოსცადეს საკუთარ თავზე უფლის მხილებათა სიმკაცრე, რასაც ისინი მას უტიფრობად და ღვთის გმობად
უთვლიდნენ. და აი, კაიაფამ, რომელიც აქამდე იჯდა თავის ადგილზე, და
ასე თუ ისე ინარჩუნებდა კრების თავმჯდომარის სიდინჯეს, პირველმა დაკარგა
მოთმინება“. მაშინ აღდგა თავისი ადგილიდან, გამოვიდა წინ, სადაც იდგა უფალი,
მღვდელთ-მთავარი იგი და რისხვით ჰრქუა მას: არარას მიუგება რასა ესენი შეგწამებენ
შენ? ნუ თუ არ გესმის, რატომ არაფერს ამბობ! ხოლო იესო დუმდა. „კრავივით დასაკლავად
მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“
(ეს. 53,7). ასე გაჩუმებული იყო უფალი. „ან რა უნდა ეთქვა - კითხულობს მთ. ეპ.
ფილარეტი (ჩერნ). - იგი მაშინ ლაპარაკობდა, როცა მზად იყვნენ მის მოსასმენად,
უკიდურეს შემთხვევაში მაშინ, როცა სიძულვილს არ გრძნობდა ჭეშმარიტებისადმი. ახლა
კი? ახლა თვით საქმე მეტყველებს ყოველივეს. ცრუმოწმენი იყვნენ, როგორც
ცილიმწამებლები“ - „პასუხი იყო უსარგებლო, როცა არავის სჭირდებოდა იგი, როცა
სასამართლოს მხოლოდ გარეგნული სახე ჰქონდა სასამართლოსი, სინამდვილეში კი სხვა
არაფერი იყო, თუ არა ძალადობა ყაჩაღობისა, რომლებიც უდანაშაულოდ ესხმიან თავს
თავიანთი ბუნაგებიდან“ (წმ. ოქროპირი).
„ამ დუმილით გაღიზიანებული მღვდელმთავარი, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მაშინვე
დათანხმდებოდა, იესოს დუმილი მიეღოთ როგორც აღიარება დანაშაულისა, მაგრამ მცირეოდენი
შერჩენილი თავშეკავება, ჯერ კიდევ იმორჩილებდა მის სიძულვილს. სხვათა შორის, რადგან
ისურვა პატიმართან საუბარი, მას არ შეეძლო უკვე სირცხვილის გარეშე
დაესრულებინა იგი. სადუკეველის ეშმაკობამ იპოვა გამოსავალი ისე, რომ არ მიმართა
აშკარად უსამართლო ზომებს, არა მარტო აეძულებინა ბრალდებული ელაპარაკა, არამედ
ისეთი რამე ეთქმევინებინა, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა მთელი ამ დაკითხვის
დასრულებისათვის. როგორც ისრაელთა ღმერთის პირველ მსახურს, მღვდელმთავარს, ყველა
თავისი უღირსების მიუხედავად, ჰქონდა უფლება დაეფიცებინა ბრალდებული. მაშინ უკვე
აღარ შეიძლებოდა არ ეპასუხა, არ მიეგო საჭირო პატივი ფიცისადმი; სწორედ ამ
საშუალებას მიმართა კაიაფამ“. ღვთის წინაშე ბრალდებულს არ შეეძლო დაეფარა სიმართლე.
მაშინ მღვდელმთავარმან მან ჰრქუა მას მოჩვენებითი მოკრძალებით იმ სიტყვებისადმი,
რაც მან წარმოთქვა: გაფუცებ შენ ღმერთისა ცხოველისა, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც
შეაჩვენებს მათ, რომლებიც მისი სახელით ცრუობენ, ანდა ცრუდ იფიცებიან: რაითა მითხრა
ჩუენ, უკეთუ შენა ხარ ქრისტე ძე ღვთისა? ღმერთის ძე, საუკუნეებიდან დალოცვილი? შენ
ხარ მესია? - კითხვა ისე იყო დასმული, რომ ცოდვა იქნებოდა არ გაეცა მასზე პასუხი,
და ნებისმიერი პასუხიდან მსაჯულებს შეეძლოთ მოეძებნათ უფლის გასამტყუნებელი. თუ იგი
იტყვის, დიახ, მე ვარ, მაშინ მას ღვთის შეურაცხმყოფელად გამოაცხადებდნენ; თუ იტყოდა
არას, - მაშინ მას ბრალს დასდებდნენ ხალხის მოტყუებაში, რადგან იგი ხალხის წინაშე
ცხადად წარმოადგენდა თავს მესიად. ორივე შემთხვევაში განაჩენს გამოუტანდნენ: ღირსია
სიკვდილისა... და უფალმა, იჩენდა რა კეთილმოსაობას თავისი ზეციური მამის სახელის
წინაშე, კაიაფას მისცა პასუხი. თავისი ღვთაებრივი ღირსების მშვიდი შეგნებით ჰრქუა
მას იესო: შენ სთქუ, შენ თვითონა თქვი სამართლიანად, რომ მე ვარ ქრისტე. მე
ნამდვილად ვარ ცხოველი ღმერთის ძე. „თუმცა იცოდა უფალმა, რომ არ ირწმუნებდნენ
მისას, მაინც შეასრულა თავისი ვალი, რათა შემდგომ მათ არ შეძლებოდათ ეთქვათ: მას
რომ დაფიცების შემდეგ ეღიარებინა, ჩვენ მაშინ ვირწმუნებდით“. კაიაფა და მისი
თანამზრახველებისათვის ეს პასუხი იყო სრულიად საკმარისი, მაგრამ მაცხოვარი ახლაც
ზრუნავდა ცოდვილთა გადარჩენისათვის, ახლაც მოუწოდებდა მათ, რათა დაფიქრებულიყვნენ,
შეჩერებულიყვნენ ბოროტ განზრახვაში, ამიტომ გაასხენა მათ ძველი წინასწარმეტყველება
მესიის მომავალ ძლიერებაზე. ხოლო გეტყვი თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაი
მჯდომიარე მაარჯუენით ძლიერებასა, ყოვლადძლიერი ღმერთის მარჯვნივ, როგორც ამბობს
წინასწარმეტყველი დავითი, და მომავალი ღრუბელთა ზედა ცასათა. როგორც
წინასწარმეტყველებს დანიელი. მალე თვით საქმენი დაგანახებენ თქვენ, რომ მე ვარ
სწორედ ის მეფე, რომელიც წინაწარმეტყველ დანიელის აღწერით, ზის ღრუბელზე, მარჯვნივ
ღვთისა, და რომელიც დიდებით მოვა ქვეყნიერების განსასჯელად, ასე რომ იცოდეთ, როგორ
საშინელ საქმეზე მიდიხართ თქვენ. კაიაფას არ უნდოდა მოსმენა, იგი ჩქარობდა ღვთის
დიდების მოშურნის სახის მიღებას, რომელიც ვითომ აღაშფოთა ღვთისგმობამ. მაშინ
მღვდელმთავარმან მან დაიპო სამოსელი თვისი, დაიფხრიწა თავისი წინა სამოსი, და
ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, გამოაცხადა ღვთის გმობად იესო ქრისტეს სიტყვები, და
თქუა, ვითარმედ გმო: და უკუე რაისაღა გვიხმან მოწმენი? აჰა ესერა გუესმა გმობაი
მაგისი. ყველა დუმდა, ვითომ შეძრწუნებული იყო საშინელი ღვთის გმობით. რაი გნებავს
თქუენ? როგორ ფიქრობთ თქვენ, რას იმსახურებს იგი? - იკითხა მან ბოლოს... ხოლო მათ
მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
ასე იქნა ჩვენ მხსნელზე გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი წმ. ოქროპირი ამბობს:
მღვდელმთავარი არ აცხადებს თავის აზრს, მაგრამ ითხოვს ამას თავის
თანამზრახველთაგან, როგორც აშკარად ღვთის გმობას დიდ დანაშაულზე. მაგრამ რადგანაც
მღვდელმთავრებმა იცოდნენ, რომ თუკი მოხდებოდა საქმის გამოძიება და ყველაფრის
გარკვევა, ქრისტე სრულიად უდანაშაულო გამოჩნდებოდა, ამიტომ თავად სჯიან მას,
მსმენელთ აფრთხილებენ და ეუბნებიან: „აჰა ესერა გუესმა გმობაი მაგისი“. შეხედეთ,
ლამის როგორ აიძულონ, ლამის ძალდატანებით გამოგლიჯონ მსჯავრი. ისინი თავად
ბრალსა სდებენ მას, განაჩენს თავად აცხადებენ, ყველაფერს თვითონ აკეთებენ. შუაღამე
უკვე გადასული იყო, რჩებოდა დილის სხდომაზე დაემტკიცებინათ უკვე გამოტანილი
განაჩენი და მთელი საქმე გადაეცათ რომის პროკურატურისათვის, რათა სისრულეში
მოეყვანა.
„რატომ არ მოკლეს მათ უფალი საიდუმლოდ? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: -
იმიტომ, რომ სურდათ მისი დიდებისათვის ბოლო მოეღოთ. ბევრი იყო ისეთი, რომელთაც
მოემინათ მისი საუბრები და გაოცებულნი იყვნენ ამით; ამიტომ უფლის მტრები ცდილობდნენ
მის მოკვლას საჯაროდ, ყველას თვალწინ. ქრისტე თავის მხრივ არ ეწინააღმდეგებოდა
ამას, არამედ ცდილობდა, რომ მათი ბოროტება გამოეყენებინა ჭეშმარიტების იარაღად:
მისი ასეთი სიკვდილი ყველასათვის ცნობილი გამხდარიყო. ამრიგად, მოხდა არა მთლიანად ის, რაც
მტრებს სურდათ - რათა მიეცათ იგი საყოველთაო შერცხვენისათვის, არამედ
ამით კიდევ უფრო იდიდა უფალმა თავი. ისინი უწინ ამბობდნენ: მოვკლათ იგი, თორემ
„მოვიდენ ჰრომნი და მიგვიღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა“ (ინ. 11,48);
მაგრამ როცა მოკლეს, მათი სიფრთხილის საწინააღმდეგოდ, სწორედ ეს შეემთხვათ. მათ
აქაც სურდათ საჯაროდ ჯვარზე გაეკრათ, ევნოთ მისი დიდებისათვის, მაგრამ პირიქით
გამოვიდა. ხოლო ის, რომ მათ ჰქონდათ უფლება თავად მიეცათ იგი სიკვდილისათვის, ჩანს პილატეს სიტყვებიდან: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ
იგი“ (იგ. 18,31). მაგრამ მათ არ უნდოდათ ეს, რათა ეჩვენებინათ სხვებისათვის, რომ
მას სიკვდილი მიუსაჯეს, როგორც კანონის დამრღვევს, როგორც თვითმარქვიას, როგორც
აღმაშფოთებელს. ამიტომაც გააკრეს მასთან ერთად ავაზაკები; ამიტომ ამბობდნენ: „ნუ
დაჰსწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქვა“ (ინ. 19.20). ყველაფერი ეს კი
გაკეთდა ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ასეთია ჩვეულებრივ მზაკვრობა: რასაც იგი
იზრახავს ბოროტად, იმითვე ნადგურდება“.
სინედრიონის ახალი სხდომის მოლოდინში, უფალი კაიაფას პალატიდან გამოიყვანეს ეზოში
და გადასცეს აღშფოთებულ ტაძრის მცველებსა და მღვდელმთავრის მსახურებს. „ეს ხალხი კი
თავის მოვალეობად თვლიდა გამოეხატა თავისი გაღიზიანება და სიძულვილი ადამიანისადმი,
რომელსაც, მათი აზრით, ჰქონდა იმოდენა კადნიერება, რომ ემტერებოდა მათ უფროსებს.
შესაძლოა მღვდელმთავრებისგან მსახურებს კიდეც ჰქონდათ რაღაც ნიშანი მიცემული, თუ,
როგორ უნდა მოპყრობოდნენ პატიმარს“ (მთ. ეპ. ინოკენტი). „გალილეველი
წინასწარმეტყველი, თვითმარქვია მესია!“ - ასეთი შეძახილებით დაიწყეს მისი დაცინვა,
მაგრამ მალე სიტყვიდან გადავიდნენ საქმეზე. მაშინ ჰნერწყვიდეს პირსა მისსა, რათა
გამოეხატათ მის მიმართ ზიზღი და სიძულვილი, და ხურთითა ჰსცემდეს თავსა ურტყამდნენ
თავში, პირში, ურტყამდნენ ხელითა და მუშტებით: და რომელნიმე ყურიმალსა-ჰსცემდეს.
სხვებს კი უნდოდათ ეჩვენებინათ თავიანთი მიხვედრილობა: იესოს სახეს უფარავდნენ
ტანსაცმლით, შემდეგ ურტყამდნენ მას და თითოეულ დარტყმაზე ბოროტად დაცინოდნენ და
ეტყოდეს: გვიწინასწარმეტყუელებდ ჩუენ, რომელმან გცა შენ? გამოიცანი, ქრისტე, ვინ
დაგარტყა შენ? თუ შენ ყოვლისმხილველი მესია ხარ, მაშინ ყველაფერი უნდა იცოდე. -
უფალი მთელ ამ შეურაცხყოფას ითმენდა უთქმელად. მახარებლებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს
ამის ახსნა. ჯერ კიდევ ისაია წინასწარმეტყველის პირით თქვა უფალმა თავის თავზე:
„ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემლისათვის და ყბები წვრების მგლეჯელისათვის. არ
დამიფარავს პირი-სახე დამცირებისაგან და ფურთხისაგან“ (ეს. 50,6). ახლა ეს
წინასწარმეტყველება აღსრულდა ზუსტად. „და რისთვის აკეთებდნენ ყოველივე ამას ისინი,
როცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი მოკვლა?“ კითხულობს წმ. ოქროპირი, - რა
აუცილებელი იყო მისი ასეთი ლანძღვა? ნუთუ იმიტომ, რომ შენ დაგენახა მათი უტიფარი
ხასიათი? მართლაც, მოძიებულ ნადავლს ისინი ეძგერნენ გაცოფებულები, ბოროტი სიხარულით
და თავს დაესხნენ, რითაც გამოხატავდნენ მკვლელის ბუნებას. გაოცდი ამასთან
მოწაფეთა სიბრძნით. დასანახად მეტად უწესოს, ისინი აღწერდნენ უდიდესი სიზუსტით;
არაფერს მალავდნენ, არაფრის რცხვენოდათ; მათ უდიდეს პატივად მიაჩნდათ და
სამართლიანადაც, რომ მეუფემ თავად ინება ყოველგვარი დამცირებისა და მწუხარებათა
დათმენა. ეს აჩვენებდა მის გამოუთქმელ მზრუნველობას მტრებისადმი. ხოლო მტრების
დაუნდობლობასა და ბოროტებას, რომლებიც მშვიდსა და უწყინარს ეკიდებოდნენ ისე, როგორც
შეიძლება ლომი მოექცეს კრავს. - არაფერს არ ტოვებენ, - არც უფლის სიმშვიდიდან, და
არც მტრების ბოროტებისა და ულმობელობიდან. ყოველივე ეს გვაუწყა წინასწარ ისაიამ:
„რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა, რადგან არავინ იყო მასზედ მახინჯი კაცთა შორის
და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის“ (ეს. 52.14). და რა შეიძლება შეედაროს ამ
შეურაცხყოფათ? იმ სახეს, რომელისაც ერცხვინებოდა ზღვას, რომლისგანაც მზემ თავისი
სხივები დაჰფარა, როცა უმზერდა მას ჯვარზე გაკრულს, - აი, ამ სახეს აფურთხებდნენ,
სწორედ ამ სახეს ურტყამდნენ, თავზე, ლოყაზე, ფურთხებას შხამსაც ურთავდნენ; ხმამაღლა
იმეორებდნენ დამცინავ სიტყვებს. სწორედ ამ ამბების გამო ხშირად უნდა ვიკითხოთ წმიდა
წერილი, რაც შეიძლება ხშირად; ამას უნდა ვისმენდეთ ხშირად მთელი ყურადღებით, ეს
უნდა აღვიბეჭდოთ გულზე, როგორც უდიდესი პატივი. ამით ვიქადოთ კიდეც, ვიამაყოთ არა
მარტო ათასობით უფლის მიერ მკვდრეთით აღდგომილის გამო, არამედ იმ სატანჯველებითაც,
მან რომ დაითმინა. ამას იმეორებს კიდეც პავლე: „განვიდეთ მისა გარეშე ბანაკსა მას,
და ყუედრებაი იგი მისი მივიღოთ“ (ებრ. 13,13). და ქადაგებს: „რომელმან იგი წინა
განზრახულებისა მის წილ სიხარულისა, დაითმინა ჯუარი, და სირცხვილი შეურაცხჰყო“ ებრ. 12,2).
| |