მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ლოცვა სასმისისათვის
მათე 26, 36-44

იერუსალიმის აღმოსავლეთით, დიდ ველზე გადის კედრონის შენაკადი, რომელზედაც თავის დროს გადავიდა დამწუხრებული მეფე დავითი, რომელსაც დევნიდა საკუთარი შვილი აბესალომი. სწორედ ამ წყალთან სიახლოვეში, ელეონის მთის ძირში, მდებარეობს გეთსამანიის ბაღი. ახლაც არის აქ რამდენიმე ძველი ზეთისხილის ხე შემორჩენილი: ახლა ეს ბაღი დაბალი ღობითაა შემოზღუდული. აქ უყვარდა უფალს განმარტოება თავის მოწაფეებთან ერთად; აქ იგი ხშირად ევედრებოდა თავის ზეციურ მამას, სწორედ აქ მოვიდა მაცხოვარი საიდუმლო სერობის შემდგომ მოციქულებთან ერთად, თავისი წამების წინა ღამით. მაშინ მოვიდა იესო მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქვიან გეთსამანია. სამოთხეში, ედემის ბაღში მოხდა პირველი ადამიანის ცოდვით დაცემა. გეთსამანიის ბაღში დაიწყო გამომხსნელი სატანჯველები მეორე ადამისა - იესო ქრისტესი. და რამდენი შინაგანი მწუხარება, რამდენი სულიერი ტანჯვა დაითმინა მან აქ, იქამდეც კი, ვიდრე მას შეიპყრობდნენ, მის ხორციელ მწუხარებათა დაწყებამდე, - ანნა და კაიაფა მღვდელმთავრები ეზოში, პილატეს პრეტორიაში, და ბოლოს გოლგოთაზე აღმართულ ჯვარზე. დიახ, ეს იყო ღამე, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება, ვიდრე იქნება ქვეყნიერება. ეს იყო ღამე ქვეყნიერების მხსნელის სიკვდილისწინა მწუხარებებისა, ყველაზე საშინელ და აუტანელ მწუხარებათა გადატანისა... და ჰრქუა მათ: დაჰსხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი, და ვილოცო, უთხრა ეს მოწაფეებს, რათა მოეცადათ მისთვის, ვიდრე ილოცებდა და წარიყუანნა პეტრე, და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად, იაკობი და იოანეც იახლა თან, თავად ბაღის სიღრმეში განმარტოვდა. „ყველა არ წაიყვანა, რათა არ შეხვედროდათ დაბრკოლება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებიც უკვე იყვნენ მოწმენი მისი დიდებისა“ (წმ. ოქროპირი). ისიმნი მხილველნი გახდნენ უფლის დიდებისა თაბორის მთაზე, ისინი ესწრებოდნენ ასევე იაიროსის ასულის აღდგინებას, ამიტომაც სხვებზე მეტად შესწევდათ უნარი დაენახათ უფლის დამდაბლებაც გეთსამანიაში.

დადგა დიდი მწუხარების ჟამი, დრო დიდი გამოცდისა. იესო ქრისტემ იწყო მწუხარებად და ურვად... „წუხს და ნაღვლობს იგი კეთილგონივრულად, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რათა ერწმუნათ, რომ იგი ჭეშმარიტი ადამიანია, რამეთუ ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში შემოვიდა არაბუნებრივად, ამიტომაც ეშინია მისი ადამიანურ ბუნებას და გაურბის მას. მწუხარებს კიდევ იმიტომ, რომ დაჰფაროს თავი ბოროტებისაგან, რათა ეშმაკმა ისწრაფოს მისკენ, როგორც უბრალო ადამიანისკენ და მოკლას იგი, და ამგვარად თავად დაემხოს კიდეც“, - მან მთლიანად გაუხსნა გული თავის მოწაფეებს: მაშინ, ჰრქუა მათ იესო: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა, და იღვიძებდით ჩემთანა. ასეთი სიტყვები იყო სრულიად ახალი და მოულოდნელი მოწაფეთათვის, „რომლებიც მიეჩვივნენ თავიანთი მასწავლებლის ყურებას ყოველთვის მშვიდისა და დაწყნარებულის, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - არ ესმოდათ რა იმ წუთების განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ არ შეეძლოთ ეგრძნოთ უდიდესი საჭიროება ლოცვისა: შეუდგნენ ამ წმიდა საქმეს, მაგრამ ღმერთკაცმა მალე შეიგრძნო, რომ ეს მცირე კრებულიც კი არ შეესაბამებოდა მის სულიერ მდგომარეობას, ამიტომ მიატოვა მოწაფენი, ღრმად შევიდა ხეებში, არც ისე შორს, ისე რომ მოწაფეებს მთვარის სინათლეზე შეეძლოთ კიდეც მისი დანახვა. - მეტად ამაღელვებლად აღწერენ მახარებლები უფლის მწუხარებას გეთსამანიაში: წმ. მათე ამბობს: „იწყო მწუხარებად და ურვად“, მარკოზი ამბობს: „იწყო დასულებად და ურვად“; ლუკა აღნიშნავს: „და იყო იგი ღვაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა, და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისა, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა“. თვით უფალი ამბობს: „შეწუხებულ-არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე“. აქამდეც ჰქონდა მას განცდილი ადამიანური მწუხარებანი, ტიროდა ლაზარეს გარდაცვალებას, დასტიროდა იერუსალიმს; მაგრამ ყველა ეს მწუხარება იყო ძალზედ მცირე იმ მწველ მწუხარებასთან, რითაც ახლა იყო სავსე მისი სული. და წარვიდა მცირედ, და დავარდა პირსა ზედა თვისსა, მოიდრიკა მუხლნი, პირით დაემხო მიწაზე და ილოცვიდა... „როცა იფიქრებ, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - რომ ეს არის მხოლოდშობილი ძე დავითისა, მარადისობიდან მამასთან და წმიდა სულთან მეფობაში მყოფი ზეციურ საყდარზე, და ახლაც ამ ზეციურ ტახტს არ მოკლებული, - შეიმოსა რა ჩვენი სიღატაკე, უძლურება, სიმდამბლე, დამხობილია სალოცავად მიწაზე, რათა ლოცვით გამოითხოვოს ხსნა ჩვენი, ხოლო თავმდაბლობით შეგვიმსუბუქოს, გაგვიმართოს და უმკურნალოს ჩვენს სიამაყეს, მაშინ დაავადებული აზრი ეძებს: არის კი ქვეყანაზე საკმარისად დამდაბლებული ადგილი ანდა მდგომარეობა, რომელშიც ადამიანს შეეძლოს მდაბლად დამხობა, რათა მას არ შერცხვენოდა ზედმეტად ამ ღვთაებრივი პირის დამდაბლების წინაშე? ასეთი განსჯისას არაფრად მივიჩნევთ ჩვენს ლოცვით მუხლისდრეკას და თავის მიწამდე მოხრას, რაც ზოგჯერ ასე მძიმედ ეჩვენება ჩვენს ადამიანურ სისუსტეს, და შეიძლება ჩვენ სიზარმაცეს!“ „დავარდა პირა ზედა თვისსა“, დავარდა მიწაზე... ადამის ცოდვის გამო დედამიწა დაწყევლილი იყო შემოქმედისაგან; ახლა ღმერთმა მოუხსნა ეს წყევლა, დაემხო რა სახით, ხელებგაშლილი თითქოს ეამბორებოდა და ეხვეოდა მას. უფალი დაეცა და დედამიწა გადააქცია სიცოცხლის მიწად, ნაკურთხად, „მიწა, მიწა, - შესძახებს დიმიტრი როსტოველი, - შეისმინე სიტყვა: ღმერთი სიტყვა დაემხო შენზე პირით, - როგორც მეგობარი, დაიტირა, რა უწინდელი შენი დაცემა, და ახლა ხელახლა მოგეხვია შენ, როგორც თავისიანს მის წიაღში დაბრუნებულს!“... „დავარდა პირსა ზედა თვისსა, ილოცვიდა“. და იტყოდა: „მამაო ჩემო!“ უკეთუ შესაძლებელ არს, შენთვის კი ყოველივე შესაძლებელია, - თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ... „როცა ამბობ: „თანა წარმხედინ ჩემგან“ აჩვენებს თავი ადამიანურ ბუნებას; ხოლო როცა ამბობს „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ - ამით აჩვენებს თავის სიმამაცესა და სიმტკიცეს, რითაც ჩვენც გვასწავლის ღმერთის მორჩილებას, მიუხედავად ბუნების წინააღმდეგობისა“ (წმ. ოქროპირი). - მაგრამ რას ნიშნავს ეს ვედრება და ლოცვა მამისადმი, რათა იგი იხსნას სიკვდილისაგან, ლოცვები კვნესითა და ცრემლით, უდიდესი შინაგანი წუხილით? „სამართლიანია, რომ წამებანი წარმოადგენს უდიდეს გამოცდას ყოველი ადამიანური სხეულისათვის, უდავოა, რომ წამება უფრო მეტად მტანჯველი გახდა ადამიანთა გამომხსნელის უწმიდესი სხეულისათვის, რომელიც, იმის გამო, რომ ცოდვასთან არ ჰქონდა წილი, იყო შეუდარებლად მგრძნობიარე სატანჯველისადმი“ (მთ. ეპ. ინოკენტი).

მაგრამ მან თვით ეს შეურაცხყოფანი და წამებანი გადაიტანა არა წარმოსახვით, არამედ მოქმედებით, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - რამოდენიმე საათის განმავლობაში იმ ღამესა და მეორე დღეს, ყოველგვარი შიშის გამოვლენის გარეშე, გამარჯვებულის სიმტკიცით, უმაღლესი სიმშვიდითა და დიდი მდუმარებით, ხან კი სიყვარულისა და ლოცვის სიტყვით სხვისთვის და არა საკუთარი მწუხარებისთვის. და თუ ერთ საიდუმლო წუთს მაინც უხმო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევე მე?“, მაშინვე დაჰფარა თავისი ოხვრა მოზეიმე ხმით: აღსრულდა! შეეძლო კი ტარიგს, ქვეყნის წყობისაგან გამოწრთობილს, გაქცეოდა თავის სამსხვერპლოს? ის, „რომელი იგი მამამან წმიდა ჰყო“ (იხ. 10,36), ის, რომელმაც წინა საუკუნეებიდან მიიღო ადამიანთა ღმერთთან შერიგების მსახურება, შეძლებდა ასეთ დიდ საქმეში მერყეობა გამოეჩინა წამებზე ფიქრით? თუ მას ექნებოდა რაიმე მოუთმენლობა, განა მოუთმენლობით მოხდებოდა ჩვენი გამოხსნა და დალოცვა. „ნათლისღება მაქუს ნათლის-ღებად, და ვითარ შეურვებულ-ვარ, ვიდრემდე აღესრულოს“ (ლუკ. 15,50). საიდან იყო კიდევ ხილულ სატანჯველზე უწინარესი - დარდი, მწუხარება, საშინელება, სიკვდილამდეც კი სულის შეწუხება? რა სიმწარეს, რა სიმძიმეს შეიცავდა თავის თავში ეს საიდუმლო სასმისი, რომლისთვისაც ლოცულობდა იგი, მასთან შორიახლო მიდიოდა, და რომელსაც, ამავე დროს, ღებულობდა ზეციური მამის მარადიული ნებით, როცა ამბობდა: „ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. ვაი, ეს არის სიმწარე ჩვენი ცოდვებისა, ეს არის სიმძიმე ჩვენი დანაშაულებისა ღვთის წინაშე და ჩვენთვის დამსახურებული სასჯელებისა, რაც ყველა მიიღო ღვთის ტარიგმა, იტვირთა ცოდვები ქვეყნისა, და ამ სახით წუხდა, იტანჯებოდა, ძრწოდა, წუხდა სულით სიკვდილამდეც კი იმიტომ კი არა, რომ დალია მისი მოთმინება, არამედ იმიტომ, რომ თავისი შინაგანი ტანჯვით იგი წმედდა ჩვენს შინაგან არაწმიდებას, ასწორებდა ჩვენს დანაშაულებებს, აკმაყოფილებდა ჩვენზე გამწყრალ ღვთის მართლმსაჯულებას, და ამასთან ერთად ისევ ჩვენი შეწყალებისა და გადარჩენისათვის ლოცულობდა, რაც შესმენილიც იქნა. იგი იტანჯებოდა არა თავისი, არამედ ჩვენი მწუხარებით (იხ. 53,3;4). სასმისი, რომელსაც მას ზეციური მამა აწვდიდა, ჩაძირავდა მთელ ქვეყანას, მას ერთს რომ არ მიეღო იგი მთლიანად, შეეკავებინა და არ გამოეცალა“. ლოცულობდა ძე კაცისა სატანჯველთა სიმძიმით; ეს ლოცულობდა მისი წმიდა ადამიანურობდა წმინდა გრძნობებით, ადამიანური გრძნობებით. ადამინური ცოდვა, ყველაფერი, რაც უნდა დაეთმინა მთელ ქვეყანას თავისი უსჯულოებებისათვის, მთელი ეს სიმძიმე მას მხოლოს დააწვა ახლა. მეტად მძიმეა ერთი ცოდვაც კი: ასეთი ცოდვანი კი უამრავია, როგორც ზღვაში ქვიშა“ როგორ არ გამოელია ძალ-ღონე ამოდენა სიმძიმის ქვეშ მყოფ უფალს? „იგი ხედავდა ადამიანთა მოდგმის ყველა ცოდვას, პირველი ადამიანის - ადამის ცოდვიდან მოყოლებული, ანტიქრიტესა და მის მიმდევართა უკანასკნელ გმობამდე, - ამბობს მთ. ეპ. ფილარეტი ჩერნიგოველი, - ხედავდა ყველა უკეთურობას, მათ სისაძაგლეს ღვთის სიწმიდის წინაშე, და ამ უწმიდეს, უსუფთავეს სულში ყოველივე ეს აუტანელ ტკივილად აისახებოდა. იგი, ადამიანთა შემრიგებელი, ახლა იდგა ღვთის მკაცრი სიმართლის წინაშე, ასამართლებდა რა მას მის მიერ ტვირთული საკაცობრიო ცოდვებისათვის. ზეციური მამის განგება მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო: როგორღა ექნებოდა მას წინააღმდეგობა, გულისწყრომა ზეციური მამის მიმართ! „რამეთუ რომელმან იგი არ იცოდა ცოდუა ჩვენთვის ცოდუაი ჰქმნა, რათა ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5,21).

„ადამიანთა გამომხსნელს უნდა დაეთმინა ყველაფერი და ყოფილიყო „გამოცდილი ყოველითვე მსგავსებითა“ (ებრ. 4,15). „მაგრამ განსაცდელები, რომლებიც ადამიანთა მოდგმას ახასიათებს, არის ორი სახისა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - განაცდელი კმაყოფილებით და განაცდელი ტანჯვით. პირველი განსაცდელი, ყველა სახით ძე კაცისამ გაიარა თავისი ქვეყნიური მოღვაწეობის დასაწყისში, როცა უდაბნოში გამოიცადა ეშმაკისაგან. მეორე, უფრო მძიმე განსაცდელი, ელოდა ახლა. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: გეთსამანიისა და გოლგოთისაგან. გოლგოთაზე ძე კაცისას დახვდა ჯვარი, ყველა საშინელებით გარემოცული, მაგრამ ყველასათვის დასანახი, თვით მისი მტრებისთვისაც კი. ამიტომ ეს ჯვარი უნდა ეზიდა ხილული დიდებულებით; მაგრამ მისი შინაგანი ჯვარი, სულიერი ტანჯვანი, ადამიანური უძლურების გამოხატვით, არ შეიძლებოდა დაენახვებინა ყველასათვის, არაწმიდა თვალისთვის. და აი, სწორედ ეს, შინაგანი ჯვარი, ანუ უფრო ზუსტად, ის დაფარული, გასაიდუმლოებული, შეიძლება ვთქვათ, წამებული ნახევარი ჯვარისა, ხვდება ღვთიურ ჯვრისმტვირთველს გეთსამანიაში განმარტოებაში და თავს ესხმის მას მთელი თავისი სიმძიმით იქამდე, რომ იძულებულს ხდის მიწამდე მოიხაროს თავი და შეღაღადოს: თუ შესაძლებელია, მოარიდოს მწარე სასმისი! ეს იყო დატევა ყველა საწამებლისა და ყველა სიკვდილისა ერთად. მხოლოდ ერთ სინდისის ტანჯვასაც ახლავს ჯოჯოხეთური სისასტიკე და ულმობელობა. რადგან თუ ყველაზე უხეში ადამიანიც კი უძლურდება გაღვიძებული სინდისის ტანჯვისაგან, აწვალებს რა ცოდვილი ცხოვრების გახსენება, როგორი წამება ექნებოდა ღმერთკაცის უწმიდეს სულს, როცა იგი თავის შეგნებაში, წარმოუდგენდა მას ცოდვებით დაფარულ მთელ ქვეყანას? ესაა სწორედ სასმისი მოსალოდნელი წამებისა და სიკვდილისა, რომელიც გაზავებული იყო ადამიანური ცოდვებით, სჯულის წყევითა და ზეციური რისხვით, რაც საშინელს ხდიდა მას“. განაცდელებს კიდევ მიემატა ცოცხალი, აუხსნელი აზრი, რომ უფლის სიბრძნის საცავებში არის საშუალება ადამიანთა გადარჩენისა, ღვთის ძის ჯვარზე აუსვლელად, რომ თითქოს არის საშუალება გამოსტაცო ამ ჯვარს თუნდაც რამდენიმე მისი აუტანელი სისასტიკე და ულმობელობა, ანდა ეს სასჯელი სხვა დროისათვის იქნას გადადებული. „ამ შინაგანი ჯვარის დამძიმება, უდავოა, მიცემული ჰქონდა სამოქმედოდ, როგორც მსახურს და ბატონს ქვეყნისა, ეშმაკს, მსგავსად იმისა, როგორც მოქმედებდა ერთ დროს იობის კეთილი საქმეების გამოცდისას. ამიტომაც, სერობის დასასრულს, ღვთიურმა მოწამემ თქვა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისა“ (ინ. 14,30). და ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ წავიდა მასთან შესახვედრად“ (მთ. ეპ. ინოკენტი). და აი, ახლა, ღამის სიჩუმეში, გეთსამანიის ბაღის სიბნელეში, ჩვენი მხსნელი ქრისტე „ერთი ფარულად, სულიერი მწუხარებათგან შეძრწუნებული, დაემხო მიწაზე, როგორც ყველაზე უკანასკნელი ადამის მოდგმისა, მწუხარებს სასიკვდილოდ და ებრძვის განაცდელს: „და იყო ღაუწლსა შინა“ - ამბობს წმ. ლუკა (22,44) - „და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისა, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა“. წარღვნის ნიაღვრებმა ერთ დროს დაღუპეს უსჯულონი, მაგრამ ვერ აღმოფხვრეს უსჯულოებანი დედამიწიდან. ერთ დროს დაეწვეთა მიწას უდანაშაულო აბელის სისხლი, და იგი შესტიროდა ზეცას შურისძიებას, ახლა იღვრებოდა სისხლიანი ოფლი მაცხოვრისა მიწაზე, მაგრამ იგი შეღაღადებდა ადამიანთა შეწყალებასა და პატიებას: „და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა სისხლისა, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა“.

„მაგრამ ვინ არ მოგაყენა, შენ უფალო, ჭრილობა, ასე დაგჭრა“ - კითხულობს წმ. დიმიტრი როსტოველი და თავადვე პასუხობს: „ესაა სიყვარული, სიყვარული მტკიცე, როგორც სიკვდილია კაცთა მოდგმის მიმართ!.. ორი გრძნობა ებრძვის ამ დროს ღმერთკაცის უწმიდეს სულში: ეს იყო შიში და სიყვარული. შიში მოახლოებული საშინელი სატანჯველისა მთელი ქვეყნის ცოდვებისათვის, რომელიც აიძულებს მას შეღაღადოს ზეციურ მამას: „მამაო! უკეთუ გნებავს თანა წარსლუად სასუმელი ესე ჩემგან!“ სიყვარულს კი სწყურია მწუხარების ამ სასმისის შესმა, მისკენ იწვდის ხელს და ამბობს: „მამაო... ნება შენი იყავნ“. ძლიერია შიში, მტკიცეა სიყვარული და აი, ეს ორი გრძნობა ებრძვის მას და სისხლით ბანენ მას! იობი ამბობს: ვინც თესავს უკეთურებას, იგი იმკის მწუხარებას, შენ კი მშვიდო და უბოროტო ჩვენო უფალო, შენ არ დაგითესია არაწმიდება, და აი, იმკი მწუხარებას! ჭეშმარიტია შენი სიტყვა, სხვაა მთესველი და სხვა მომკალი“. ჩვენ დავთესეთ ცოდვა, შენ კი იმკი ჩვენს გამო სნეულებათ! ჭეშმარიტად ჯოჯოხეთურმა სატკივრებმა მოიცვა მისი სული, მწუხარების ზღვა ერტყა გარს მის სულს იმ მეტად მწუხარე ჟამს! „ო, როგორი უგუნურნი, როგორი უგრძნობელნი ვართ, ვისაც ცოდვა გვიყვარს, ასე რომ ვაწამებთ ძე ღვთისას! როგორ სატანჯველებად, როგორ სასჯელებად ვღირვართ ჩვენ, რომელნიც უგულებელვყოფთ ჩვენი მხსნელის ტანჯვას, რითაც სურს ჩვენი უსჯულოების დაფლვა? შეგვიწყალე, შეგვიწყალე ჩვენ, დაუსრულებელო მოწყალებავ! - ამბობს მთ. ეპ. ფილარეტი (ჩერნიგ), - გევედრებით, მოგვეცი ჩვენი შიში ცოდვისა, რის გამოც მოგაყენეთ ამდენი საშინელება; აგვავსე ჩვენ ზიზღითა და სიძულვილით, არაწმიდების მიმართ, ჩვენს გულებს რომ მუსრავს!“.

სულიერ მწუხარებაში შეწყვიტა იესო ქრისტემ ლოცვა და მიაშურა თავის უსაყვარლეს მოწაფეებს, რათა ნუგეში ეცა თავისათვის მათთან სიახლოვითა და ლოცვით, და რათა ისინიც განემტკიცებინა გამაფრთხილებელი სიტყვით. მაგრამ ნახა ისინი მძინარენი, დარდისაგან... და მოვიდა მოწაფეთა თანა, და ჰპოვნა იგინი მძინარენი. მტანჯველი გრძნობა, თუმცა კი გაურკვეველი, მაგრამ დამამძიმებელი მოლოდინი მოახლოებული განშორებისა, რომელზედაც სულ ცოტა ხნის წინ ეუბნებოდა უფალი მათ, მთელი დღის დაღლილობა, - ყველაფერმა ამან მოაუძლურა მათი სხეული იქამდე, რომ ისინი ახლა ლოცვისათვის სრულიად გამოუსადეგარნი გახდნენ. ეძინა პეტრესაც, იმ პეტრეს, რომელიც ცოტა ხნის წინათ პირდებოდა მოძღვარს მისთვის თავის გაწირვას... დიდი გულისტკივილით უთხრა მას უფალმა: და ჰრქუა პეტრეს: სიმონ! გძინავს განა? ან იქნებ აღარ გინდა პეტრედ ყოფნა, სიმტკიცედ რწმენისა? ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა? განა შენ არ ამბობდი, რომ მზად იყავი ჩემთვის თავის დასადებად? შენ უკვე გძინავს ახლა: რა იქნება მაშინ, როცა ნამდვილი განსაცდელი დადგება? ეს განსაცდელი კი უკვე ახლოსაა: ნუ გექნებათ თავის იმედი, იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. „მე შეგინდობთ თქვენ, რადგანაც ჩაგეძინათ არა იმიტომ რომ უყურადღებონი ხართ ჩემს მიმართ, არამედ თქვენი უძლურების გამო“, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე. სული გულს-მოდგინე არს, თქვენი სული, რა თქმა უნდა, მიმართულია მომავალი განსაცდელის წინააღმდეგ საბრძოლველად, და შეუძლია, ჩემდამი სიყვარულის გამო, შეებრძოლოს მას, ხოლო ხორცნი თქვენი, ბუნება ადამიანური, უძლურ მწუხარებათა და უბედურებებისას. უკვე მაცხოვრის ხმა აჩვენებდა, რომ ეს სიტყვები იღვრებოდა დარდისაგან დაფლეთილი გულიდან!.. „ვის არ გამოუცდია საკუთარ თავზე სამართლიანობა უფლის ამ სიტყვებისა? - კითხულობს მთ. ეპ. ფილარეტი (ჩერნიგ). როცა ვიწყებთ ფიქრს ქვეყნიურ ცხოვრებაზე, ამაოზე, გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაზე, ცოდვილისათვის ასე მკაცრზე, რამდენი კეთილი განზრახვა იშვება ჩვენში, რამდენი წმიდა გრძნობა! ეს ნიშნავს, რომ სული ფხიზელია, და სხეული კი უძლური, საცოდავი კაცობრიობა!..

უფალი განეშორა მოწაფეებს და ისევ გააგრძელა ლოცვა: „კუალად მეორედ წარვიდა, და ილოცვიდა, და ჰსთქუა: მამაო ჩემო! უკეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა წარსლუად ჩემგან, რათამცა არა შევსვი იგი; იყავნ ნება შენი! იგივე ლოცვა აღავლინა, მაგრამ მლოცველი ღმერთკაცის გულში უკვე მოხდა ცვლილება: „უკვე აღარ ისმოდა პირდაპირი ვედრება მწუხარების სასმისის არიდებისა, არამედ ძლიერი დარწმუნება ჯვარზე წამების სიკეთის აუცილებლობისა; აღარ ჩანდა უწინდელი აზრი იმისა, რომ მამას ყველაფერი შეუძლია; ღვთის ნებისადმი ერთგულება გამოკვეთილია ცოცხლად და სრულად, ხოლო საკუთარი სურვილი შესამჩნევად კლებულობს და იწყებს გადასვლას ზეცისაგან განსაზღვრულისადმი უსიტყვო მინდობაში“. არასოდეს ასეთი სიცხადით არ გამომჟღავნებულა მასში ღვთიურისა და ადამიანურის ერთობა, როგორც ამ საშინელ ჟამს. ეს იყო ჟამი ქრისტეს უდიდესი თავგანწირვისა. ასე, უწმიდესი, უცოდველი, წმიდა ბუნება ადამიანური, იესო ქრისტეს სახით, თავისი ნებით მიენდო ღვთის ნებას; უფალი, რომელიც ირიდებდა თავიდან მწუხარებათა სასმისს, როგორც უძლური ადამიანი, ღებულობს მას ზეციური მამის ხელიდან, როგორც ღმერთი, წამებაში წილი რომ არ ედო. მისი საკვირველი სიმდაბლე, აღძრავს მასში სურვილს, რათა ისევ მისულიყო თავის მოწაფეებთან, რომ მიეღო რაღაც ნუგეში და სიმტკიცე მათი ლოცვიდან; მისი სიყვარული ზრუნავდა მათ უძლურებაზეც, მას არ შეეძლო მათი დავიწყება მაშინაც კი, როცა თავად იტანჯებოდა, - და იგი მათ ისევ დაძინებულთ ნახავს და მოვიდა და კუალად ჰპოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყუნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და მათ აღარც კი იცოდნენ, რა ეპასუხათ. და ისევ დატოვა ისინი, ისევ დაემხო მიწას და უფრო მეტად იწყო ლოცვა, ისე, რომ სისხლად იღვრებოდა... და დაუტევნა იგინი, და კუალად წარვიდა მესამედ, და ილოცა, და მასვე სიტყუასა იტყოდა.

ასე აღრულდა მასზე ძველი აღთქმის მახარებლის, წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვა: „მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან“ (ეს. 63,3). და აი, ლოცვაზე ხილული პასუხის ნაცვლად, ანგელოზი წარდგა მასთან, რათა განემტკიცებინა. ეს ისე მოხდა, რომ ახლოს მყოფ მოწაფეებსაც შეეძლოთ მისი დანახვა. საიდუმლოდ რომ ესაუბრებოდა მოძღვარს, როგორც ეშმაკისაგან პირველი გამოცდისას უდაბნოში, უფალს მიეახლნენ ანგელოზები და ემსახურებოდნენ მას, ასევე ახლაც, გეთსამანიაში მლოცველ მაცხოვარს მიახლა ანგელოზი, რათა მისი კაცური ბუნება განეძლიერებინა მომავალი სატანჯველების გადასატანად, დაეშოშმინებინა აღშფოთებული და მწუხარე სული მისი, და შეევსო მისთვის ის ნუგეში, რაც მას შეეძლო მიეღო უახლოესი მოწაფეების ლოცვითი თანაგრძნობიდან, ხორციელ სისუსტეს რომ არ ეძლია ისინი. ანგელოზი განამტკიცებს იესოს - ამტკიცებს მას, ვინც თავად ეზიდებოდა ყოველივეს თავისი სიტყვის ძალით! როგორი საკვირველი საიდუმლოა ჩამალული ამ სიტყვებში! ჭეშმარიტად როგორი მიუწვდომელი სიღრმეა, ჩვენი მხნელის ღვთიური თავმდაბლობისა!.. „მე არ მეცოდინებოდა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - როგორი დიდია კეთილი ზრუნვა და სიყვარული ჩემ ცოდვილისადმი უფლისა, თუკი იგი არ გამოაჩენდა ჩემს წინ, რა უღირდა მას ისინი“. „თუ ჩვენც შეგვემთხვევა განსაცდელი, დავდგეთ მლოცველი იესოს ხატის წინაშე, შევხედოთ სასმისს, ზევიდან ჩამომავალს, დავემხოთ ზეციური მამის წინაშე და მივმართოთ მისი მხოლოდშობილი ძის სიტყვებით; ჩვენც გვერდს გვივლის ეს სასმისი; თუმღაცა, არა როგორც ჩვენ გვსურს, არამედ როგორც შენ; დაე, იყოს შენი ნება! და ზეციური მამაც შეისმენს ჩვენს ლოცვას, როგორც შეისმინა მან თავისი მხოლოდშობილი ძის ვედრება და დამშვიდებული სინდისი და დაწყნარებული გული იქნება ჩვენთვის განმაძლიერებლად ანგელოზის ნაცვლად“ (მიტრ. ფილარეტი).