|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფლის ბოლო წინასწარმეტყველება თავის წამებაზე, საიდუმლო შეკრება სინედრიონისა და მისი გადაწყვეტილება
მათე 26, 1-5
თვით იესო ქრისტეს მტრები ამოწმებდნენ, რომ ჯერ არავის უთქვამს ადამიანთაგან
ისე, „ვითარ ეს კაცი“(ინ. 7,46), მაგრამ უბედური კაცობრიობისათვის არ იყო საკმარისი
მთელი სისრულით უწყება ღვთის ნებისა, მისი გადარჩენისათვის აუცილებელი იყო
მორიგება ზეციურ მართლმსაჯულებასთან და აი, მან, რომელსაც საუკუნეები ელოდა,
ღვთის ნება აღწერა, როგორც წინასწარმეტყველმა, ზეცა და დედამიწა შეარიგა, როგორც მღვდელმთავარმა, საკუთარი თავი
საკუთარი ნებით გაიღო უდიდეს
საკაცობრიო მსხვერპლად, ცოდვილი ქვეყნის გამოსასყიდად. მის სიტყვას მეორედ
მოსვლაზე, ქვეყნიერების საშინელ სამსჯავროზე, შეეძლო ერთი წუთით მაინც
გაეღვივებინა მისი მოწაფეების გონებაში ძველი იმედები უფლის, როგორც მესიის
გამეფებისა; ამიტომაც მან, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად, დაასრულა რა საუბარი
ქვეყნის ბოლო ჟამზე, მოწაფეებს სრულიად მოულოდნელად გაახსენა თავის ბოლო დღეებზე,
იწინასწარმეტყველა რა ხელახლა მომავალ წამებაზე: და იყო რაჟამს დაასრულნა
იესო ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა
დღისა ვნებაი იყოს და ძე კაცისა მიეცეს ჯუარ-ცმად. „მიაქციე ყურადღება იმას -
ამბობს წმ. ოქროპირი - როგორი გამორჩეული ხელოვნებით ხსნის პირველად მოხსენიებულ
სიტყვებში იმას, რასაც შეეძლო დაემწუხრებინა მისი მოწაფენი. მან არ თქვა: იცით, რომ
ორი დღის შემდეგ მოხდება გაცემა ჩემი, არამედ: „თქვენ იცით, რომ ორი დღის
შემდეგ იქნება პასქა და ძე კაცისა გაიცემა“ და ამის შემდგომ დასძინა: „მიეცეს
ჯუარ-ცმად“, რითაც აჩვენა, რომ მოსახდენი იყო საიდუმლო, დღესასწაული, ქვეყნიერების
ზეიმი, რომ იგი წამებაზე მიდიოდა წინასწარი განზრახვით. ეს ერთიც კი საკმარისი იყო
მათ დასამშვიდებლად, იგიც ახლა აღარაფერს ამბობს თავის აღდგომაზე. ზედმეტი იყო
ხსენება იმისა, რაზეც მას აქამდე ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი“.
პასექი იყო ყველაზე დიდი დღესასწაული ებრაელებისათვის. იგი ახსენებდა მათ
პირველშობილ ისრაელთა ხსნას ღვთის ანგელოზისაგან, რომელმაც ეგვიპტელთა
პირველ-შობილნი დაღუპა და ისრაელი გამოიხსნა ფარაონის ტყვეობისაგან, რომელიც მტრებითურთ ზღვაში დაღუპა. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ დღესასწაულში იყო ის, რომ
პასექის ტარიგი განასახიერებდა ღვთის ტარიგს, რომელსაც უნდა ეტვირთა ცოდვები
ქვეყნისა. არ ჩანს, მიხვდნენ კი უფლის ამ მითითებას მოწაფენი, მისი წამების დღის
პასექის დღეებზე საიდუმლო დამთხვევას. მაგრამ შემდგომში, სული წმიდით განბრძობილნი, ისინი ცხადად და დაჟინებით მიუთითებდნენ იუდეველთ მოვლენათა ამ საიდუმლო
კავშირზე. „ზატიკად ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“, (1 კორ. 5,7) - ამბობდა
მოციქული პავლე. ჩვენ გამოხსნილი ვართ - ასწავლიდა მოციქული პეტრე - „ქრისტეს
ყოვლად უძვირფასესი სისხლით, როგორც უბიწო და წმიდა ტარიგისა“...
თითქმის იმ დროს, როცა იგი ელეონის მთაზე ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს იერუსალიმის
სამწუხარო ხვედრზე და ქვეყნიერების დასასრულზე, იერუსალიმის ყოველი კუთხიდან
მღვდელმთავარ კაიაფას სასახლისაკენ მიეშურებოდნენ სინედრიონის წევრები, საგანგებო
საიდუმლო სხდომაზე დასასწრებად, რათა განესაჯათ: „როგორ მოქცეოდნენ გალილეველ
მასწავლებელს. მაშინ შეკრბეს მღვდელმთავარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი
ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღვდელთ-მთავრისა. ქრისტეს მიმართ საერთო სიძულვილმა
დაავიწყა მათ უთანხმოებანი. მღვდელები, მწიგნობრები, უხუცესები, ცბიერი და
დაუნდობელი ანნა, მდაბალი და პატივმოყვარე კაიაფა - ყველანი ფეხზე დადგნენ. „იზრახეს რა უკანონო საქმე
- ამბობს წმ. ოქროპირი - ისინი მიდიოდნენ
მღვდელმთავართან, იმედოვნებდნენ რა, რომ მიიღებდნენ ნებართვას, სადაც მოსალოდნელი
უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობანი. სჯულის მიხედვით, მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო
ერთი და როცა მოკვდებოდა იგი, მაშინ უნდა დამდგარიყო სხვა, იმ დროს კი ბევრი იყო
მღვდელმთავარი, რადგან ბოლო დროს ყოველ წელს ხდებოდა მათი არჩევა; ასე რომ, როცა
ლაპარაკია მღვდელმთავრებზე, იგულისხმებიან უწინდელი მღვდელმთავრები“.
„ლაზარეს აღდგინების დროიდან, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი - საქმე იქამდე მივიდა,
რომ იუდეველთა ერის წინამძღოლად უნდა აერჩიათ ორიდან ერთი: ან უნდა ეცნოთ მესიად
გალილეველი წინასწარმეტყველი, რომელსაც უკვე ენდობოდა ხალხის დიდი ნაწილი და
სინედრიონის ზოგიერთი წევრიც კი, ან უნდა უარეყოთ იგი, მიეღოთ გადამჭრელი ზომები,
რათა გადაღობებოდნენ შემდგომში მის წარმატებით ქადაგებასა და სასწაულებს.
იერუსალიმში შესვლის შემდგომ და მას შემდეგ, რაც სძლია იუდეველთა ყველა სექტასა და
თვით სინედრიონის წევრებს, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ქადაგების შემდგომ
ტაძარში, რომელიც დიდად ამდაბლებდა ერის წინამძღოლებს ხალხში, წინასწაარმეტყველი
გალილეიდან მღვდელმთავართათვის იქცა ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ, რომლის
წინააღმდეგაც მათ ყველა ზომა უნდა გამოეყენებინათ: სჯულიცა და სამოქალაქო
საშუალებანიც, ეშმაკობაც და ძალაც. და ზრახვა-ყვეს, რათა იესო ზაკვით შეიპყრან და
მოკლან. სხდომებს ხელმძღვანელობდა თავად კაიაფა. „ქრისტეს რომელიმე მოწაფეთაგანს
რომ გაეგო, როგორ დასრულდა ებრაელი ერის წინამძღოლთა ახლანდელი შეკრება, შეეძლო
ეფიქრა, რომ მათ გაიგეს რა უფლის საუბარი მოწაფეებთან ელეონის მთაზე, გადაწყვიტეს
წინაღდგომოდნენ უფლის წინასწარმეტყველებას მისი სიკვდილის დროზე. მტკიცედ გადაწყდა
მისი დაღუპვა, ამისათვის კი მისი შეპყრობა, მაგრამ ორი დღის შემდეგ კი არა, როგორც
ეს უთხრა მან თავის მოწაფეებს, არამედ დღესასწაულის დღეების გასვლის შემდეგ -
აგრძელებს მსჯელობას მთ.ეპ. ინოკენტი. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, -
იმიტომ კი არა, რომ აშინებდათ დღე-სასწაულის დიდების შელახვა საშინელი
ბოროტმოქმედებით, არამედ ერთადერთი საშიშროების გამო, რაითა არა შფოთი იქმნეს ერსა
შორის. სინედრიონმა იცოდა, რომ არაწმიდა საქმეს იზრახავდა, ღვთისათვის საგმობს,
ამიტომ ეშინოდა, რადგან პასექის დღესასწაულზე ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოეშურებოდა
ხალხი იერუსალიმში, ორ მილიონზე მეტი კაცი იყრიდა იქ თავს: თვალნათელი იყო, რომ ეს
ხალხი „არ იქნებოდა მარტო მდუმარე მაყურებელი ლაზარეს აღმდგენელზე ძალადობისა და
არც მშვიდად დაუთმობდა მას იმ მცირერიცხოვან მხედრობას, რომელიც სინედრიონს
გააჩნდა“ (მთ.ეპ. ინოკენტი). „აშინებდათ შესაძლოა ისიც, რომ ქრისტეს სიკვდილი
ყველასათვის არ გამხდარიყო საცნაური და სადიდებელი, თუკი მას მოკლავდნენ
დღესასწაულზე: მათ სურდათ აღმოეფხვრათ მასზე ხსოვნაც კი“ (ნეტ. თეოფილაქტე). - „ბობოქრობდნენ რა სიძულვილით,
- ამბობს წმ. ოქროპირი, - ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, როგორც დაბრმავებულნი“... ზუსტად იმ დროს, როცა ეკუთვნოდათ მიეცათ თავისუფლება
დამნაშავეებისთვისაც კი, მათ მოკლეს მართალზე მართალი, რომელმაც მიაგო მათ
ურიცხვი კეთილი საქმენი და რომელმაც მათთვის დრომდე მიატოვა წარმართებიც. მაგრამ
როგორია კაცთმოყვარეობა მისი! ასეთი დანაშაულებრივი, ყოველგვარ უსამართლობათა
ურყევი შესრულების შემდგომაც კი, ხალხს ისევ შესთავაზა ხსნა, გამოუგზავნა
მოციქულები, რათა გადაერჩინა ისინი და მოციქულთა მეშვეობით
სთხოვა: „გევედრებით ქრისტესათვის: დაეგენით ღმერთსა“ (2კორ. 5,20).
| |