|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ვაი, წინასწარმეტყველთა მკვლელების შვილებს... მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი... დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად...
მათე 23,29-24,1
ტაძრის აღმოსავლეთი კარებიდან, საიდანაც წარმოთქვამდა უფალი ფარისევლების
მისამართით მკაცრ სიტყვას, იშლებოდა სახე კედრონის ველისა; იქ, ელეონის მთის
კალთებზე, იყო მოთავსებული წინასწარმეტყველთა სამარხები; ყველაზე სამხრეთით
მდებარე სამარხი ახლაც ცნობილია ზაქარია წინასწარმეტყველის სახელით. უყურებდა
რა ძეგლებს და გადაჰქონდა რა მზერა ერთი საფლავიდან მეორეზე, უფალმა ისევ
დაიწყო ლაპარაკი: ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ
აშენებთ საფლავთა წინასწარმეტყველთასა, ცდილობთ ყველას დაანახოთ, თითქოს
გულმოდგინედ ინახავთ ხსოვნას ძველ ახთქმაში წამებულებისას, რომელნიც
ჭეშმარიტებისა და სიკეთისათვის აღესრულენ და შეამკობთ სამარებსა მართალთასა,
მოჩვენებით განიკითხავთ თქვენს მამებს, რომლებმაც წინასწარმეტყველები ამოხოცეს,
და იტყვით: უკეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყუენით მათ
თანაზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა. ოი, ნეტავი კი ყოველივე ეს მართალი
ყოფილიყო, ნეტავი მართლა თქვენი მამების ნამოქმედარის გამო დაგუფლებოდათ
სირცხვილი, ნეტავი მართლა გულით შეგენახათ ხსოვნა თქვენი მამებისგან მოკლული
წინასწარმეტყველებისა, მართლაც სუფთა გულით რომ შეგემკოთ მათი სამარხები! ეს
იქნებოდა ნამდვილად კეთილი საქმე, რადგან წინასწარმეტყველთა ძვლებს შორის არის
სასწაულმოქმედი ძვლებიც, როგორიც იყო წინასწარმეტყველ ელისესი, მისი ერთი
შეხებით რომ აღდგა მიცვალებული, - მაგრამ თქვენ ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ,
თქვენ ხართ ცრუნი, მხოლოდ მდაბალი თვალთმაქცობაა თქვენში! თქვენ ამკობთ
წინასწარმეტყველთა საფლავებს: რა სიკეთეა ამაში, როცა გული თქვენი არის
ავაზაკთა მტრობისა და სიკვდილის ბუნაგი, როცა „სამარე ზეაღებულ-არს ხორხი
მათი“ (ფს. 5,10), რათა სასიკვდილოთ დამდოთ ბრალი, წინასწარმეტყველთა უფალს?
ნუთუ თავს შეიკავებდით ჩემი ერთგული მონების მოკვლისაგან, როცა გულში
უკვე გადაგიწყვეტიათ ჩემი მოკვლა? არა, გულში თქვენ ეთანხმებით თქვენს
მამებს, თქვენ იმათსავე საქმეს აგრძელებთ: მათ მოწყვიტეს წინასწარმეტყველნი,
თქვენ კი აშენებთ მათ სამარხებს, „თითქოს ამ მკვლელობებით თავს იწონებდეთ,
რათა ხსოვნა მამათა სისაძაგლისა არ წაიშალოს. დროთა განმავლობაში დანგრეულ
ძეგლებთან ერთად თქვენ საკუთარი ნებით გახდით უსამართლობისა და თქვენი მამების
უსჯულოების მემკვიდრენი, თქვენ პატივს მიაგებთ მათ უტიფრობას!.. ამიტომ ვინაცა
ეწამებით თავთა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ არა ხორციელად, არამედ სულით
მკულელთა წინასწარმეტყუელთანი, რომ თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ და მართლაც
მალე გახდებით მკვლელნი, და ასევე არა წინასწარმეტყველებისა, არამედ
წინასწარმეტყველთა უფლისა, - იქნებით მკვლელები მესია-ქრისტესი! და აწ თქუენცა
აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთა! გარდაემატებით თქვენს მამებს
ბოროტმოქმედებაში, უდანაშაულოთა სისხლის ღვრაში! გადახვალთ ღვთის მოთმინების
ზღვარს! გველნო, ნაშობნო იქედნათანო! თქვენ ამაყობთ, რომ აბრაამია მამათქვენი,
- არა, აბრაამი კი არაა თქვენი მამა, - თქვენ ხართ ბოროტი მამების ბოროტი
შვილები, და კიდევ უფრო მეტად ბოროტები, თქვენს მამებზე უარესნი! ვითარმე
განერნეთ საჰსჯელსა მას გეენისასა? არაფერი გიშველით თქვენ, წამხდართ,
უდანაშაულოთა სისხლს მოწყურებულთ! თუ არც სამსჯავრო, არც გეენია არ გაშინებს
თქვენ, თუ თქვენი დაღუპვა გარდუვალია, თუ თქვენ უნდა ზიდოთ მისაგებელი
ყოველი სისხლისღვრისათვის, ამისათვის აჰა ესერა, მე, ღვთის განხორციელებულმა
სიბრძნემ, მოვავლინნე თქუენდა წინასწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი,
მოვავლინე ჩემი მოციქულები, ეს უწიგნური ადამიანები, მაგრამ ჭეშმარიტად ბრძენნი
და მწიგნობარნი, მოვავლინე, თუმცა თავიდანვე ვიცი, რომ თქვენ მათაც არ
დაინდობთ, და მათგანნი მოჰსწყვიდნეთ, (როგორც მართლა იყვნენ მოკლულნი
პირველმოწამე სტეფანე, იაკობ ზებედესი და სხვები), და ჯუარს-აცუნეთ, (როგორც იქნა ჯვარცმული სიმეონი, უფლის ხორციელი ნათესავი),
და მათგანნი
ჰსტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა, (როგორც არა ერთგზის ტანჯეს მოციქულები
სინედრიონსა და სინაგოგებში), და ჰსდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად (ყოველივე ეს
აღსრულდა ქრისტეს მოციქულებზე). შური, ეს ეშმაკის სნეულება, ისე დაეუფლა თქვენს
გულებს, რომ თქვენ არავის მართალთაგან არ ინდობდით, არ დაინდობთ ჩემს
მოციქულთაც. რათა მოიწიოს თქუენ ზედა, რომელთაც არაფერი შეიგნეთ, დაგეცემათ
ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისათ,
დედამიწაზე პირველი მოწამისა, რომელიც შურის გამო ძმისგან იქნა მოკლული, ვიდრე
სისხლადედე ზაქარიასა, ძისა ბარუქისა, - ყოვლად დაუნდობლად, მკრეხელურად
გაბედეთ მისი მოკვლა არა სხვა რომელიმე ადგილას, არამედ თვით ტაძარში, რომელი
მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხევლისა. „მაგრამ რისთვის ვილაპარაკო მე თქვენი
მამების სასჯელზე, - თქვენ, რომელთაც გამოგაქვთ მამათა მსჯავრი, განა იმათზე
უარესად არ იქცევით?“ - კითხულობს წმ. ოქროპირი. თქვენ უკვე თავად გამოუტანეთ
თავს განაჩენი, „ბოროტი იგი ბოროტად წარჰსწყმიდნეს“. ყველა წინასწარმეტყველი
გამხელდა თქვენ, რომ თქვენ სისხლს ურევთ სისხლში, რომ თქვენ ხართ სისხლისანი,
ამიტომაც - ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
უთუოდ აღივსება მოთმინების ფიალა ღვთისა და მალე გადმოინთხევა. თქვენ აგრძელებთ
უსჯულოებას მიუხედავად უამრავი მუქარისა და გაფრთხილებისა, ამიტომაც უცილობლად
დაგატყდებათ თავს სამაგიერო ღვთისაგან ყოველი უსამართლოდ დაღვრილი
სისხლისათვის!..
ცოტა ხნის წინ უფალი ტიროდა, უყურებდა რა იერუსალიმს, იქ დიდებით შესვლის ჟამს;
და ახლაც მის სიტყვებში ისევ გაისმა ღრმა მწუხარების ცრემლები უბედური ქალაქის
მიმართ. „ესაა ხმა გულმოწყალებისა, ტანჯვისა და დიდი სიყვარულისა, - ამბობს წმ.
ოქროპირი, - როგორც საყვარელი ქალის წინაშე, რომელიც მუდამ უყვარდათ, მაგრამ
რომელმაც შეიძულა ის, ვისაც უყვარდა და ამის გამო დაიმსახურა სასჯელი; იგი
გამართლდება მაშინ, როცა ის სასჯელს მიეცემა“. უფალმა შესძახა: იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოჰსწყვიდენ წინასწარ-მეტყუელნი, და ქუა
დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა: მიუხედავად შენი მძიმე დანაშაულებებისა, მე არ
შემიწყვეტია შენი სიყვარული, პირიქით: რაოდენ-გზის ვინებე შეკრება შვილთა შენთა, ვითარცა სახედ
შეიკრიბნის მფრინუელმან მართუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა თვისთა. რამდენჯერ მოვედი
მე ამ ქალაქში, გასწავლიდით, სასწაულებს ვახდენდი, რათა აქ მცხოვრებნი ჩემსკენ
მომექცია, რათა მათ ეცნოთ ჩემში მესია და ჩემი სამეფოც დაემკვიდრათ, - მე
მინდოდა სიყვარულით მოვხვეოდი ყველას, ჩემი მადლით გამეთბო ყველა, მაგრამ
ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა, და არა ინებეთ! თქვენ არ ისურვეთ ჩემი სიკეთენით
სარგებლობა, თავად განეშორენით ჩემგან, - შეხედეთ თავს და იგი დაადანაშაულეთ
თქვენი უბედურებებისათვის: აჰა ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად. მე
უკვე აღარ ვუწოდებ ამ ტაძარს ჩემს სახლს, მე განვეშორები მას: ამ დღიდან იგი
აღარაა ჩემი, არამედ თქვენია! მე აღარ ვიზრუნებ მეტად მის დაცვაზე,
ამიტომ იგი მალე გაუკაცრიელდება, დაინგრევა, დაიწვება, და მასთან ერთად
გაუკაცრიელდება თვით იერუსალიმიც და მთელი თქვენი მიწა, რომელიც ღმერთმა
მიატოვა... რამეთუ გეტყვი თქვენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვეღარ
გაიგონებთ მეტად ჩემს მაცხონებელ მოწოდებას, თქვენთვის შეწყალების დღე წავიდა,
და მე ვიქნები უკვე თქვენი მკაცრი მსაჯული. თქვენ ვერ მიხილავთ მე, ვიდრემდე არ
დადგება თქვენთვისაც ბოლო დროს, წინასწარმეტყველთაგან უწყებული ჟამი, როცა
ღვთის სასუფეველში შევლენ წარმართები და თქვენ შეინანებთ თქვენი გააფთრებისთვის,
მიცნობთ მე, თქვენს მფარველს, ვიდრე არ ჰსთქუათ: კურთხეულ არს მომავალი
სახელითა უფლისათა! და თუ მაშინ ზოგი თქვენგანი ისევ დარჩება თავის
ურწმუნოებასა და გაბოროტებაში, მაშინ დაგიდგებათ უმეტესი დღე, ქვეყნის ბოლო
დღე, ჩემი საშინელი სამსჯავროს დღე, როცა მოვალ ჩემი დიდებით, ანგელოზებთან
და წმინდანებთან ერთად, როცა ჩემს დანახვაზე ატირდება მთელი კაცთა მოდგმა, -
მაშინ საბოლოოდ უნებარად თვით ურწმუნოც შეიცნობს ჩემში უარყოფილ მესიას, და
თუმცა ექნება სურვილი რომ შესძახოს: „კურთხეულ არს მომავალი,“ მაგრამ უკვე ძალზე გვიან
იქნება.
„ამ სიტყვებით უფალი ტაძრის შიდა სტოადან გარეთაში გამოვიდა - ამბობს მთ. ეპ.
ინოკენტი, - რითაც თითქოს უნდა ეჩვენებინა, რომ ბოლო მუქარის აღსრულება უკვე
იყო დაწყებული: და გამოვიდა იესო ტაძრისა მისგან... ამის შემდეგ იგი აღარ
ყოფილა ტაძარში. - ასეთი საუბრები, როგორიც იყო ახლა, არ რჩება უმოქმედოდ და
მხოლოდ მათგან წარმოითქმება, რომლებიც სწორედ იმისთვის მოვიდნენ ქვეყნად, დაამოწმონ
ჭეშმარიტება და მოკვდნენ მისთვის. ასე ჯერ არავის და არასოდეს ულაპარაკია
იერუსალიმის ტაძარში ხალხის თანდასწრებით. თვით ისაია და იერემია
წინასწარმეტყველთა მხილებანიც კი არც ისე მკაცრად გამოიყურება იესო ქრისტეს ამ
მხილებებთან შედარებით. ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებდა მწიგნობრებს უფალი
სხვადასხვა დროს, ერთად იქნა შეკრებილი. ამის შემდეგ ამაყ ორგულებს აღარ
შეეძლოთ ეპატიებინათ მათი მამხილებლისათვის: - მათი მხრიდან პასუხი მხოლოდ სიკვდილი
იქნებოდა, მკაცრი სიკვდილი! - ხალხისათვის ძალზედ საჭირო იყო მწიგნობართა
ასეთი მხილება. ხალხს უნდა დაენახა, ბოლოს და ბოლოს, თავის დაბრკოლების მიზეზი,
უნდა გაეგო, როგორი უფსკრულისაკენ მიყავდათ იგი. შეწყალების დრო დასრულდა. არ
სურდა რა დროზე ადრე შეერყია არსებული წესრიგი, უფალი დრომდე არ ხსნიდა ხალხის
მასწავლებელთა სიმდაბლეს, ზოგჯერ მხარსაც კი უჭერდა მათი წოდების მნიშვნელობას,
ითხოვდა მათი სწავლების მოსმენას. მაგრამ აჩვენა რა ბრძნული შეუწყნარებლობა,
უნდა ეჩვენებინა წარუშლელი სიმკაცრეც, რაც კიდეც გამოაჩინა! არც ერთი
მანკიერება არ დარჩენია მას მხილების გარეშე, არც ერთი დაბრკოლება უსიყვარულოდ.
ყოველივე ისე ნათლად იყო წარმოდგენილი, რომ შეუძლებელი იყო ჭეშმარიტება არ
ეცნოთ ამით. ყველაზე მეტად კი - ძალზედ დაბალი ბუნება მწიგნობრებისა, მათი
თვალთმაქცობა და მოურიდებლობა ისე ცოცხლად იყო აღწერილი და ისე ძლიერ, როგორც
ამას საერთოდ შეძლებს ადამიანური ენა. და ყველაფერი ეს ნათელს ხდიდა
მსმენელთათვის იმას, რომ იესო ქრისტე ამბობდა უკვე არა როგორც ჩვეულებრივი
მასწავლებელი, არამედ როგორც მესია, მოძულებული სინაგოგისაგან, რომელსაც ბრალად
სდებდა ურწმუნოებას, წინასწარმეტყველთა მოწყვეტას და წინასწარ აუწყებდა
უბედურებათა მოახლოებას. როგორც უწინ, სახარების ნეტარებებში მან მიუთითა
მაცხოვნებელი გზა ცათა სასუფევლისა, როგორც ზეციურმა მასწავლებელმა მდაბლად
აუწყა, ასევე ეხლაც, თავისი ქვეყნიური მსახურების დასასრულს, მან აჩვენა ის
დამღუპველი გზა, რომელსაც მოუყვებოდნენ მისი მოუნანიებელი და გამძვინვარებული
მტრები“.
მსჯელობს რა უფლის სიტყვებზე: „აჰა, ესერა: დაეტეოს თქვენგან სახლი თქუენი
ოხრად“, წმიდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: „რამდენი მოწყალება გამოიჩინა უფალმა
იერუსალიმზე, ანუ მთელ იუდევლებზე! და ბოლოს, მაინც იძულებული გახდა ეთქვა:
„აჰა ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად“. ყველასათვის ცნობილია, რაც
მოყვა ამას: იუდეველები ბოლო დრომდე იყვნენ უსახლკაროდ... განა იგივე არ ითქმის
მათ სულზედაც? უფალი დიდად ზრუნავს მათზე და ყოველმხრივ შეაგონებს მათ; მორჩილი
მიუყვება მითითებულ გზას, ხოლო დაუმორჩილებელი ისევ ეწინააღმდეგება მოწოდებას.
მაგრამ უფალი არ ტოვებს მას, არამედ იყენებს ყველა საშუალებას, რათა შეაგონოს
იგი. მატულობს შეუპოვრობა, მატულობს უფლის ზემოქმედებაც. მაგრამ ყველაფერს აქვს
თავისი ზღვარი. სული მიდის გამძვინვარებამდე და უფალიც, ხედავს რა, მისთვის
მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეიძლება, ტოვებს მას დაცემულს და იღუპება იგი
ფარაონის მსგავსად. რამოდენა გაკვეთილია აქედან მისთვის, ვისაც ვნებები
ებრძვის, რომ არ შეიძლება დაუსჯელად გაგრძელება ნებივრობისა, რომ დადგა დრო
მისი დატოვებისა, არა დრო და დრო მასზე უარის თქმისა, არამედ მისგან
გადამწყვეტი შემობრუნებისა. რადგან არავის შეუძლია იმის თქმა, როდის გადავა
ზღვარს. შეიძლება უკვე დასრულდა კიდეც ღვთის მოთმინება...“
| |