|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ხალხისა და მოწაფეების გაფრთხილება, რათა არ მიმსგავსებოდნენ ფარისევლებს
მათე 23, 1-12
უფალი, მიუახლოვდა რა თავისი ქვეყნიერი მოღვაწეობის დასასრულს, საჭიროდ მიიჩნია,
ყოველგვარი დანდობის გარეშე, გაეცხადებინა, მთელი ხალხის წინაშე, მთელი სიმდაბლე
ფარისეველთა ბუნებისა და თავისი მტრების საქციელისა, რათა ამით დაეფარა მათთან
მიმსგავსებისაგან მართალი სულები. მისი მკაცრი მხილებანი წააგავდა ქუხილს ზეციდან
გრიალ-გრიალით რომ აცლიდა მათ დამნაშავე თავს. ღვთიური სიდინჯით, მაგრამ საშინელი
ზეციურობით, შეუმუსრავი ძალითა და უფლებით წარმოსთქვა მან ის მამხილებელი სიტყვა,
რომელიც მუდამ შეაძრწუნებს ორგულებს. მაშინ ეტყოდა იესო ერსა მას და მოწაფეთა
თვისთა; და ჰრქუა, საყდარსა მოსესთა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, მათ
დაიკავეს მოსე სჯულმდებელის ადგილი, მიითვისეს უფლება სჯულის განმარტებლისა. და ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდენ თქუენ დამარხავად რასაც მოგთხოვენ მოსეს სჯულის
ერთგულად დასაცავად, რაშიც ისინი არ არღვევდნენ სჯულს, ის დაიმარხეთ და ყავთ.
„როცა გესმის სიტყვა „ყოველსა“, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ნუ იგულისხმებ მთელ
სჯულს, როგორც მაგალითად დადგენებს კვებაზე, მსხვერპლზე და ასეთებზე რადგან, როგორ
შეეძლო მას ახლა ეთქვა მასზე, რაც უწინ უკვე შეცვალა? მაგრამ სიტყვა „ყოველსას“
ქვეშ იგი გულისხმობს მიწერილობებს, რაც განკუთვნილი იყო ზნეობის გასამართად,
ცხოვრების წესის გასაუჯობესებლად, ახალი აღთქმის წესაბთან შეთანხმებასა და სჯულის
უღლისაგან გათავისუფლებას. რატომ ითხოვს იგი ცხოვრებაში არა მადლის კანონით
ხელმძღვანელობას, არამედ მოსეს სჯულით? იმიტომ რომ ჯერ არ იყო დრო ამაზე ცხადად
ლაპარაკისა, ვიდრე არ მოხდებოდა ჯვარცმა. შენიშნე, როგორ პატივისცემას იჩენს იგი
მოსეს მიმართ, სურს რა, ხელახლა დაამტკიცოს თავისი სწავლების თანხმობა ძველ
აღთქმასთან, როცა თვით მწიგნობრებსაც ავალებს აღიარონ მოსეს მიმართ პატივისცემა: „საყდარსა მოსესთა დასხდენ“, ამბობს იგი. და რადგან მას არ შეეძლო წარმოდგენა მათი
ნდობის ღირსად თავიანთი ცხოვრების მიხედვით, ამიტომ სთავაზობს კანონიერ აღძვრას,
მოიხსენია რა საყდარი და სწავლა მოსესი“. ამასთან ერთად მაცხოვარს სურს, „ყოველხმრივ აჩვენოს თავისი სრული თანხმობა მამასთან. რადგან, იგი რომ ყოფილიყო
მამის წინააღმდეგი, მაშინ ილაპარაკებდა სჯულის საწინააღმდეგოს. მაგრამ იგი მოითხოვს
გამოიჩინონ ასევე პატივისცემა სჯულის მიმართ, იგი ითხოვს მის დაცვას, მიუხედავად
სჯულის მასწავლებელთა წახდენისა. მაცხოვარი განსაკუთრებით ავალებს მათ იმის
შესრულებას, რაც უფრო მეტად წაადგება ცხოვრებას, კერძოდ: ნუ მოიძულებენ
მასწავლებლებს და ნუ აღსდგებიან მღვდლების წინააღმდეგ, და ამას არა მარტო სხვებს
უბრძანებს, არამედ თავადაც ასრულებს. რადგან ამ წამხდარ მასწავლებლებსაც კი არ
ართმევს საჭირო პატივისცემას, და ამგვარად, მათ უმეტესი სასჯელისათვის იმეტებს,
ხოლო მისი სასწაულების მიმღებთ ართმევს ყოველგვარ საბაბს დასმენისა, რათა მათ არ
ეთქვათ, მე იმიტომა ვარ ზარმაცი, რომ ჩემი მასწავლებელია ცუდი. ამიტომ მაცხოვარი,
მწიგნობრების წახდენის მიუხედავად, ასე მტკიცედ ზღუდავს მათ უფლებებს, რომ ისეთი
მკაცრი მხილების შედეგაც კი ხალხს უთხრა: „ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ
დამარხვად, დაიმარხეთ და ჰყავით.“ რადგან ისინი გთავაზობენ არა თავიანთ მცნებებს,
არამედ ღვთისას, რომლებიც ღმერთმა მისცა მოსეს. და რათა ხალხს არ ეფიქრა; ჩვენ
გვევალება მათი მოსმენა და მიბაძვა, ამიტომ მაცხოვარმა დაუმატა შემდეგი სიტყვები:
ხოლო საქმეთე მათთაებრ ნუ იქმთ. მართლაც, ვინ შეიძლება იყოს იმ
მასწავლებელზე უფრო უბედური, რომლის მოწაფენიც მხოლოდ იმით თუ ცხონდებიან, რომ არ
მიბაძავენ მის ცხოვრებას? ამგვარად, მოჩვენებითი პატივი სჯულის მეცნიერთა იქცევა
მათთვის უდიდეს სასჯელად, როცა მათი ცხოვრება ისეთია, რომ მისი მიბაძვით კაცი
სრულიად წახდება“.
„გსურთ ჭეშმარიტად სულის სასარგებლო მოძღვრება? - გვასწავლის მიტრ. ფილარეტი, -
ეცადეთ მიიღოთ იგი რწმენით: ძლიერი და სარწმუნოა ღმერთი, რომელსაც სურს ყველას
გადარჩენა, უღირსი წინამძღოლის მეშვეობითაც მოგცემს უსრულეს მოძღვრებას. ზოგიერთები
ცდილობენ რა არა იმდენად გამოსწორებას, რამდენადაც თავიანთი მოურიდებელი ცხოვრების
გამართლებას, ფიქრობენ მონახონ თავის გამართლება იმაში, რომ ესა თუ ის წინამძღვრები
ისე არა ცხოვრობენ, როგორც ასწავლიან. არა, თვითდადგენილო მსაჯულებო საკუთარი
წინამძღოლებისა, თქვენ ვერ იპოვით თავის გამართლებას ჩვენს გასამართლებაში. ჩვენ
განვისჯებით, თუ ვცხოვრობთ უღირსად, ჩვენს მიერ ნაქადაგების საწინააღმდეგო, მაგრამ
თქვენც ასევე იქნებით განსჯილნი იმისათვის, რომ განიკითხავთ მოყვასს იესო
ქრისტესგან აკრძალვის საპირისპიროდ, და იმისათვის, რომ არ მიყვებით წმიდა
სწავლებას, რომელიც არ ბღალავს თავის სიწმიდეს იმით, რომ გაისმის ცოდვილ
ბაგეთაგან.
„ნახე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - საიდან იწყებს და რით აძლიერებს უფალი
ფარისეველთა მხილებას: რამეთუ თქვიან და არა ყვიან, ამბობს იგი. ასევე ყოველი
დამნაშავე ღირსია ბრალის დადებისა, მით უფრო ის, ვისაც აქვს უფლება სწავლებისა.
ასეთი იმსახურებს ორჯერ და სამჯერ მეტ სასჯელს, პირველად იმიტომ, რომ არღვევს
მცნებას; მეორედ - ევალება რა სხვების გამოსწორება, თავად კოჭლობს და თავს იგდებს
უმეტეს სასჯელში თავისი წოდების მნიშვნელობის მიხედვით; მესამედ კი იმიტომ, რომ
იგი, როგორც მასწავლებელი, ძლიერ მისდრეკს სხვებს თავისი ცუდი მაგალითით“.
შემდეგ უფალი ადანაშაულებს ფარისევლებს იმაში, რომ ისინი მკაცრად ექცევიან ხალხს,
რომელიც მათ მზრუნველობას არის მინდობილი: რამეთუ შეკრიან ტვირთი მძიმე და ძნიად
სატვირთავი და დასდვიან მხართა ზედა კაცთასა, როგორც გაუწვრთნელ ცხოველებს აუტანელი
უღელი, სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი დანამატებით მოსეს სჯულისა აიძულებენ
ხალხს შეასრულონ ყველა ეს წვრილმანი მოთხოვნები ადამიანურ სისუსტეთა
გაუთვალისწინებლად. თავად კი არა სურთ თითითაც რომ შეეხონ იმ სიმძიმეს, რომელიც
სხვას მოჰკიდეს: ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებ შეძვრად იგი. მათ იმის გაგებაც
კი არ უნდათ, რომ კეთილი უფროსი ყოველთვის მკაცრია და მომთხოვნი საკუთარი თავის
მიმართ, სხვებისადმი კი უფრო მშვიდი და შემწყნარებელია. „როცა მასწავლებელი, -
ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - არა მარტო ასწავლის, არამედ კიდეც აკეთებს მას, მაშინ
იგი მაკისრებს მე უმძიმეს ტვირთს თავად კი არაფერს აკეთებს. მაშინ იგი უფრო მეტად
მამძიმებს მე, მაჩვენებს რა თავისი უმოქმედობით იმის შეუძლებლობას, რასაც
მასწავლის“.
„შეხედე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - მაცხოვარი როგორ აძლიერებს მწიგნობრების
დადანაშაულებას, მან არ თქვა: არ შეუძლიათ, არამედ „არა ჰყვიან“, არ თქვა: ეზიდებიან,
არამედ „თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი“, ანუ არ უნდათ მასთან მიახლოება,
შეხებაც კი. რისთვის ირჯებიან ისინი განსაკუთრებით? საითკენაა მიმართული მთელი მათი
ძალისხმევა? იქითკენ, რაც სჯულით დაუშვებელია“. და ყოველსა საქმესა მათსა იქმან
საჩუენებლად კაცთა; თუ ისინი რაღაცას მაინც ასრულებენ სჯულიდან, ამას აკეთებენ არა სჯულისადმი მორჩილების ნიშნად, არამედ მხოლოდ დანაშაულებრივი ფიჭი
დიდების ტრფიალების გამო, რათა ხალხს დაენახა მათი მოჩვენებითი კეთილმოსაობა და
ედიდებინა ისინი. მიატოვეს რა ყველაზე უმთავრესი, ყველაზე არსებითი სჯულში
შესასრულებლად, მწიგნობრებსა და ფარისევლებს იმავე დროს სურდათ, ვითომ მართალნი
ყოფილიყვნენ წვრილმანებშიც კი. ისინი სალოცავად გამოდიოდნენ თავიანთ გრძელ
სამოსელებში, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, განივრცნიან საცონი მათნი, საგანგებოდ
იმაგრებდნენ შუბლსა და მარცხენა ხელზე გულთან ახლოს უცნაური სიდიდის ტყავის ყუთებს,
რომლებშიც ჰქონდათ ჩადებული სჯულისაგან ამონაწერები, და განიდიდნიან ფესუნი
სამოსელთა მათთანი, აფართოებდნენ ფუნჯებს. თავიანთ მოსაცმელებზე რომ ჰქონდათ
ჩამოკიდებული სჯულის პატივისათვის, რათა ყველასათვის ყოფილიყო შესამჩნევი. მოსემ
დაადგინა ხმარება ამისა არა შესამკობად, არა იმისთვის რომ იმით ფუჭად ედიდებინათ
თავი, არამედ იმიტომ, რომ ამ ნივთებს გაეხსენებინა ღვთის მცნებანი და გაეღვივებინა
მათში კეთილი საქმენი. მაგრამ ჭეშმარიტად კეთილი საქმეები ამ ორგულებს არ გააჩნდათ,
ამიტომაც ამაყობდნენ ამ ცარიელი და უმნიშვნელო საგნებით და ყველგან, ამ
ცუდადმედიდურ ადამიანებს უყვარდათ პირველობა: ასევე უყუარს ზეჯდომაი სერსა ზედა,
წვეულებებში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე გამოჩენა მაგიდასთან, და პირველ დაჯდომაი
შესაკრებელთა შორის, სინაგოგებში ისინი ყოველთვს ცდილობდნენ ყველაზე წინ დაეკავათ
ადგილები კათედრასღან ახლოს იმ კიოტთან სიახლოვეში, სადაც ინახებოდა წმინდა წიგნები,
- ასევე უყვარდათ მოსმენა და მოკითხვა უბანთა ზედა პატივისცემით მოკითხვა ხალხის
თავშესაკრებ ადგილებში, სავაჭრო მოედნებზე, ყოველთვის რომ იყო სავსე ხალხით, რაითა
ჰხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი!
„ვაი, რომ - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, - გასაგებია ჩვენთვის უფლის სიტყვები:
გვეშინოდეს! უფალი ამხელს ფარისევლებს მხოლოდ იმისათვის: რომ მათ უყვართ ყველაზე
წინ ჯდომა; მაგრამ თუ ამის მოყვარული ისჯება, რისი ღირსი შეიქნება ის, რომელიც
ყველაფერს აკეთებს ამისთვის?“ - „შეიძლება ვიღაცას ეს მცირედ მოეჩვენოს, - ამბობს
წმ. ოქროპირი, - მაგრამ ეს მცირე ხდება მიზეზი დიდი ბოროტებისა. სწორედ მათ გამო
დაინგრა მთელი ქალაქბი და ეკლესიები. - ფარისევლებს ფუჭი დიდების სიყვარული იქ
ეუფლება, სადაც განსაკუთრებით უნდა მორიდებოდნენ ფუჭმედიდურებას, ანუ სინაგოგაში,
სადაც დადიოდნენ ისინი, რათა ესწავლებინათ სხვებისთვის. წვეულებებში ეს შესაძლოა არ
გამოჩენილიყო მძიმე განსასჯელად. თუმცა კი იქაც, მასწავლებელი უნდა ყოფილიყო
მაგალითი, რათა მოქცეოდნენ მას პატივისცემით. იგი ასეთი უნდა ყოფილიყო არა მარტო
ეკლესიაში, არამედ ყველგან. ლაპარაკობს, დუმს, სადილობს თუ სხვა რამეს აკეთებს. იგი
ყველგან და ყოველთვის უნდა ყოფილიყო სამაგალითო. სიარულშიც, გამოხედვაშიც,
ჩაცმულობაშიც და საერთოდ ყველაფერში. ფარისევლები კი პირიქით, ყველაფერში თავს
აჩენდნენ დაცინვისა და გაკილვის ღირსად, რადგან სწორედ იმას იყვნენ გამოდევნებულნი,
რასაც უნდა მორიდებოდნენ.
ფუჭი დიდების ტრფიალების შხამი ძლიერია და გადამდები; ფუჭმედიდურობის ვნება ზოგჯერ
აღელვაბს ერთი შეხედვით მდაბალთა გულებსაც. ამიტომ, როცა საუბარი შეეხო ყველა
ბოროტების მიზეზს, ანუ უფროსობის სიყვარულსა და მასწავლებლის კათედრით აღტაცების,
მაშინ მაცხოვარმა, ამხილა რა ეს მანკიერება მთელი სიმკაცრით და დაუპირისპირდა რა მას
მთელი ძალითა და მოშურნეობით, მიმართა თავის მოწაფეებსაც გამაფრთხილებელი
სიტყვებით: ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, ნუ აღგაფრთოვანებთ ეს წოდება, თავად ნუ
დაუწყებთ მას ძებნას. ნუ ეცდებით, რომ გეძახდნენ მასწავლებლებს და ნუ
გამოიწვევთ სხვებს, რათა ასწავლონ მათ, როცა თქვენ არა ხართ ამისათვის მოწოდებულნი;
და კიდეც რომ იყოთ მოწოდებულნი, თუ ღმერთი დაგადგენთ, თუ სამღვდელო წმიდა კანონი
გიწოდებთ თქვენ მასწავლებელს, მაშინაც არ უნდა აიმაღლოთ თავი წოდებით, რომელიც
თქვენ მოგეკუთვნათ, როგორც წყალობა; „რამეთუ მასწავლებლის ღირსება საკუთარი
მნიშვნელობით მიეკუთვნება მხოლოდ ერთ ღმერთს; ოდითგან და სამართლიანადაც რამეთუ
ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ, და „ერთი მეორეს
არაფრით აღემატება, რადგან არაფერი აქვს თავისი“ - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, -
ამიტომაც ნუ ჩათვლით თქუენს თავს მათზე მეტად, რომლებიც გიწოდებენ მასწავლებელს.
ხსნის რა უფლის ამ სიტყვებს, მიტროპ. ფილარეტი ამბობს: „ როგორ, განა ქრისტიანულ
ეკლესიაში ზოგი არ იწოდება მასწავლებლად? მოციქული პავლეც ხოლო უწოდებს თავს
წარმართების მასწავლებელს? აკი ამბობს იგი კიდეც, რომ „რომელნიმე დაადგინა ღმერთმა
ეკკლესიათა, პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარ-მეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი“ (1
კორ. 12,28). როგორ მოვარიგო ეს ერთმანეთთან? არ არის ეს ძნელი. ღვთაბრივი
მოციქული, უდავოა, არ სცოდავს, როცა ამოწმებს, რომ ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში
მასწავლებლები, ამიტომაც არ ვცოდავთ ჩვენც, როცა ვცნობთ ეკლესიის მასწავლებლებს,
რომლებიც ამ წოდებაში დაადგინა ღმერთმა, მოციქული ამოწმებს ჭეშმარიტებას, როცა
ამბობს: „დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, ჭეშმარიტსა ვიტყვი ქრისტეს მიერ,
და არა ვჰსტყუი, მოძღუარად წარმართთა სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა“ (1 ტიმ.
2,7). უფალი ჩვენი სამოძღვრო საქმეს კი არ უარყოფს, იგი არ ამბობს, რომ არ იყვნენ
მასწავლებლები. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ვიდრე არიან მოწაფენი, - ხოლო ყველა
ქრისტიანი მოწაფეა, და დასაწყისიდანვე იწოდებიან ისინი მოწაფეებად, ამიტომ
აუცილებლობის გამო უნდა იყვნენ მასწავლებლებიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც
ყველას მასწავლებელი ამაღლდა ზეცაში; და სახელისათვის კი არ მოშურნეობს იგი,
რომელიც ყოველ სახელსაა გადამეტებული, არამედ ჩვენს კაცობრიულ ბრძნობას ამდაბლებს,
თავის ამაღლებას გვარიდებს, კადნიერებას ლაგამსა სდებს, თვითნებობას აღკვეთს,
განიკითხავს, გვიშლის, ასე ვთქვათ, გვიკრძალავს თვითმარქვიობას მასწავლებლობაში.
ჭეშმარიტად სულიერი ადამიანები და ღირსეული მასწავლებლები, რამდენადაც
შესაძლებელია, იმალებიან მოწაფეთა შორის და არასოდეს, საკუთარი ნებით არ იმრავლებენ
მასწავლებლის სახელს, მოციქულებში ვხედავთ მზადყოფნას, იქადაგონ ცათა სასუფეველი,
მაგრამ ვერც ერთ მათგანში ვერ ვხედავთ, რომ მან თავად მიაკუთვნოს თავს მოციქულის
სახელი. ამრიგად, არა თუ მოძიება, არამედ მასწავლებლობისაგან თავის არიდება არის
ღირსეულთა დამსახურებული ნიშანი: ხოლო მისი ძიება უღირსებისათვის დამახასიათებელი“.
და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა: რამეთუ ერთი არს მამა თქუენი, რომელ არს
ცათა შინა: „ეს არ ნიშნავს იმას, - განმარტავს წმ. ოქროპირი, - რათა არავინ იწოდოს
მამად, არამედ რათა იცოდნენ, ვის უწოდონ მამა. როგორც მასწავლებელი არ არის
მასწავლებელი თავისთავად, ასევე მამაც. ერთი ღმერთია მიზეზი ყველა მასწავლებლისა და
მამისა“. „უფალი არ გვიზღუდავს მშობლების პატივისცემას, - ამბობს ნეტარი
თეოფილაქტე, განსაკუთრებით კი სულიერი მამებისა, არამედ სიტყვებით მივყავართ
ჭეშმარიტი მამის ცნობამდე, ანუ ღმერთამდე, რამდენადაც მამა საკუთარი მნიშვნელობით
არის ღმერთი, ხოლო ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი არსებობისა, არამედ
მხოლოდ თანამოქმედნი და მსახურნი ღვთისა“. და უფალმა კიდევ ერთხელ დაამოწმა: „ნუცა
გერქმინ თქუენ წინა-მძღუარ, ნუ ეძებთ წინამძღვრის სახელს, რამეთუ ერთ-არს
წინამძღუარი თქუენი ქრისტე. წმ. ოქროპირი შენიშნავს: „არ თქვა: მე წინამძღვარი ვარ,
ისევე როგორც უწინ არ თქვა: „რას ფიქრობთ ჩემზე“, არამედ თუ რას ფიქრობდნენ ისინი
ქრისტეზე“. ამრიგად თვით გამოთქმაშიც ნაჩვენებია მაგალითი სიმდაბლისა, უფალი აძლევს
პირდაპირ გაკვეთილს ამ უდიდესი სათნოებისა თავის მოწაფეებს, იძლევა საერთო ცნებას
ყველა ქრისტიანი მასწავლებლისა და წინამძღვრისათვის, ყევლა მისი მიმდრევარისათვის.
ხოლო უდიდესი თქუენი, ვინც მოწოდებულია იყოს პირველი, სხვათათვის იყოს
მასწავლებელი, უფროსი და მამა, მან დაე, დაივიწყოს თავის პირველობაზე, დაე,
მიიჩინოს თავი მხოლოდ ღვთის მორჩილად და შიშით შეასრულოს თავისი ბრძანება, როგორც
ღვთისაგან მასზე დაკისრებული მორჩილება, იყავნ თქუენდა მსახურ, „იყოს მსახური, -
ამბობს მიტრ. ფილარეტი, - და არა მბრძანებელი სწავლებისა და მოწაფეებისა“. სიამაყე
და თავის ამაღლება სძაგს ღმერთს, ამიტომაც ღმერთი ამდაბლებს ამპარტავანთ: ხოლო
რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, რომელიც თვითონ იმაღლებს თავს, დამდაბლდეს, და
პირიქით: და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. „არაფერი შეედრება
სიმდაბლეს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ხედავ, თუ როგორ მიჰყავს უფალს მისი მსმენელი
სიამაყის საპირისპირო საქმეებთან: რამეთუ არა მარტო გვიშლის პირველობის ძიებას,
არამედ გვირჩევს უკანასკნელი ადგილის არჩევას“.
| |