|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა
მათე 22, 15-22
იმ დღიდან მოყოლებული, რაც მღვდელმთავარმა კაიაფამ უნებურად წარმოთქვა თავისი
წინასწარმეტყველება, რომ უმჯობესი იყო ხალხისათვის მომკვდარიყო ერთი, - არ გავიდოდა
დღე, რომ სინედრიონის წევრები არ შეკრებილიყვნენ იმის გასარკვევად, თუ როგორ
შეეპყრათ იესო და რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, დაეღუპათ იგი. ფარისევლებმა არ
ითაკილეს შეთანხმებულიყვნენ მათთვის საძულველ იროდიანელებთან, მხარს რომ უჭერდნენ
მეფე იროდს: აი, როგორი დიდი სიძულვილით იყვნენ ისინი აღვსილნი ჩვენი უფლისადმი!
მაშინ, „როცა ყველაზე მეტად ეკუთვნოდათ გულების შემუსვრა, განკვირვებაში მოსვლა
ღვთის კაცთმოყვარეობის გამო, მომავალი სამსჯავროს შიშის დაუფლება, და იმის
მიუხედავად, რომ უკვე აღსრულდა ზოგი რამ იმის დასაჯერებლად, რაც მომავალში უნდა
მომხდარიყო“ (წმ. ოქროპირი). - წარვიდეს ფარისეველნი იგი, და ზრახვა ჰყუეს, რათა
სიტყვითა საფრთხე უგონ მას, რათა იგი დასასჯელად ხელისუფალთათვის გადაეცათ, მათ
მიმართეს მეტად საშიშ და ეშმაკურად მოფიქრებულ საცდურს. იცოდნენ რა, როგორ პირდაპირ
და გაცხადებულად გამოთქვამდა იესო ქრისტე თავის აზრებს, მათ მოიფიქრეს: ყველას
წინაშე მისთვის ისეთი კითხვა დაესვათ, რომელზედაც, მათი აზრით, იესოს უნდა ეპასუხა:
დიახ, ანდა არა. ამასთან, როგორც ერთი, ისე მეორე პასუხი საფრთხეს შეუქმნიდა მას,
ან ხალხიდან, ანდა რომაელთაგან. ფარისეველთა ეშმაკობა სიტყვებზე უწინ მათ სახეებზე
გამოვლინდა, როცა მათ მოწაფენი მიაგზავნეს უფალთან: და მიუვლინეს მოწაფენი მათნი
იროდიანთა თანა. „რატომ არ წავიდნენ მასთან თვითონ? - უდავოა, იმ ანგარიშით, რომ
მათი მოწაფეების წარმატებით მოქმედების შემთხვევაში, ისინი დატკბებოდნენ ისევე,
თავად რომ ემოქმედათ, ხოლო წარუმატებლობისას ჯობდა მათი მოწაფეების სახეზე
გამოხატულიყო გაწბილების სირცხვილი, ხოლო მასწავლებლები დარჩებოდნენ გვერდით“
(მიტრ. ფილარეტი). ამასთან, მათი მოწაფენი, როგორც იესოსთვის უცნობნი, უფრო ადვილად
გაერეოდნენ ხალხში და მიემსგავსებოდნენ კეთილმოსავ და ღვთიური მასწავლებლის ერთგულ
მიმდევრებს. ახალგაზრდა ფარისევლებს შეეძლოთ უფალთან საუბარი დაეწყოთ უმნიშვნელო
სიტყვებით, შემდეგ კი უცებ გადასულიყვნენ იმაზე, რისთვისაც სინამდვილეში იყვნენ
მისულნი. მაგრამ, რატომ არ აგზავნიან ფარისევლები მარტო თავიანთ მოწაფეებს, არამედ
მათთან ერთად იროდიანელებს? „სწორედ ამაში ვლინდება ბოროტი ზრახვის ხელოვნება,
- ამბობს მიტრ. ფილარეტი; როცა იუდეა დაპყრობილი იყო რომაელთაგან, მაშინ უსიამოვნო
მოვალეობა რომის კეისრისათვის ხარკის გადახდისა ბევრისათვის გასარკვევ კითხვად
იქცა: იყო თუ არა გამართლებული კეისრისათვის ხარკის გადახდა?“ იროდიანელები და
ფარისევლები ამ საკითხზე იყვნენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებისანი. იროდიანელები
ამტკიცებდნენ, რომ უნდა გადაეხადათ კეისრისათვის განკუთვნილი, და ამ მოსაზრების
მოწინააღმდეგეთ თვლიდნენ მეამბოხეებად. ამის საპირისპიროდ, ფარისევლებს მიაჩნდათ,
რომ იუდეველებს, როგორც ღვთის ხალხს, წარმართებისაგან განსხვავებით, ევალებოდათ
მხოლოდ ღვთისათვის გადახდა - მისი ტაძრისათვის გაღება, ხოლო რომის კეისრისათვის,
როგორც კერპთაყვანისმცემლისთვის, ხარკის მიცემა ნიშნავდა ღმერთის შეურაცხყოფას.
როგორ მოხდა, რომ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულების ხალხი ახლა გაერთიანდა, რათა
ერთი საქმე ეკეთებინა? მათ დროებით მოირიდეს თავიანთი მტრობა, რათა საერთო ძალებით
შებმოდნენ ორივე მხარისათვის საძულველ მასწავლებელს ჭეშმარიტებისა. აი, მათი
ანგარიში: თუ იგი იტყოდა, დასაშვებია ხარკის მიცემა რომის კეისრისათვის, მაშინ
ფარისევლები ხმამაღლა განაცხადებდნენ, რომ მან უღალატა ღვთის ხალხს და თავად
ღმერთს, და ამ გზით უარყოფდნენ მასში ღვთისაგან მოვლინებულის ღირსებასა და მის
მიმართ ხალხის რწმენას. ხოლო თუ იტყოდა, რომ არ არის დასაშვები კეისრისათვის ხარკის
მიცემა, მაშინ იროდიანები აცნობებდნენ ამის შესახებ რომაელთა მმართველს, როგორც
მეამბოხეზე და სიკვდილს მიუსჯიდნენ მას. ხედავ ბადე როგორ მტკიცედაა შეკრული და
მოხერხებულად დაგებული, რათა იგი სიტყვებში გამოეჭირათ“. „იროდიანები გამოსადეგნი
შეიქნენ ფარისეველთათვის იმიტომაც, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - რომ თავად
ფარისეველთაგან იესო ქრისტესათვის ბრალის დადება რომაელთა ხელისუფლების წინაშე
ნიშნავდა ხალხის სიძულვილის თავს დატეხას, რასაც ფარისევლები ყოველმხრივ გაურბოდნენ, რადგან უფრთხილდებოდნენ ხალხის მათდამი კეთილგანწყობას; იროდიანებს კი
შეეძლოთ ამის გაკეთება; აქედან გამომდინარე არასასურველი შედეგების
გაუთვალისწინებლად.
ამასთან, იროდიანთა მხრიდან დადანაშაულება, როგორც რომის კეისრის მიერ დადგენილი
იროდის მომხრეებისგან, მეტ ზემოქმედებას მოახდებდა რომაელ პროკურატორზე, ვიდრე
ფარისეველთაგან ბრალის დადება, რომელთაც პროკურატორი არცთუ დიდად ენდობოდა
ერთგულებაში რომაელთა მიმართ“.
და აი, გამომცდელნი მიდიან უფალთან ერთი შეხედვით უდანაშაულო, უბრალო მოსაუბრეების
სახით; ფარისეველთა მოწაფეები ისეთ სახეს ღებულობენ, თითქოს მათსა და იროდიანებს
შორის წამოიჭრა კითხვა, რომლის გადასაწყვეტად ისინი მიმართავენ დიდი მასწავლებლის
სიბრძნეს და ჰრქუეს: მოძღუარ! არის ერთი კითხვა, რომელზეც გაცხადებულად ვერავინ
ბედავს საუბარს; ჩვენ გვინდა გავიგოთ შენი აზრი ამაზე. ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ,
შენთვის სიმართლე ყველაფერზე მეტია, და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ,
ასწავლი უშიშრად, როგორც ჭეშმარიტი მასწავლებელი ისრაელთა, ასწავლი იმას, რასაც
ღმერთი ითხოვს ადამიანისაგან, და არა ჰზრუნავ არა ვისთვის, არ აქცევ ყურადღებას
იმას, თუ რას ფიქრობენ ადამიანები, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა; შენ
არაფერს იტყვი პილატეს ან იროდის სასარგებლოდ... „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი,
როგორ შენიღბულად მიდიან ისინი უფალთან და როგორ ეშმაკურად მალავენ თავიანთ ბოროტ
განზრახვას. „ვიცით, რომ შენ სამართლიანი ხარ“. როგორ ამბობდით ადრე, რომ იგი
მატყუარაა და აცდენს ხალხს და შეპყრობილია ბოროტისაგან და რომ იგი არაა ღვთისაგან?“
მაგრამ რას არ აკეთებენ ადამიანები, როცა სურთ ბოროტი გაუკეთონ სხვას? აქამდე ცოტა
ხნით ადრე ისინი თავხედურად ეკითხებოდნენ მას: „როგორი ხელმწიფებით იქმ ამას?“ და
ვერ შეძლეს პასუხის მიცემა; ამიტომ ახლა იმედოვნებენ პირფერობით მოიგონ მისი გული
და იქითკენ მისდრიკონ, რათა მან თქვას რაიმე საწინააღმდეგო არსებული კანონისა და
უმაღლესი ხელისუფლებისა. ამიტომაც ამბობენ: „ჭეშმარიტ ხარ“ და ამგვარად ცნობენ მას
იმად, რაც სინამდვილეშია, ოღონდ ამას წმიდა გულით არ აკეთებენ და არც ხალისიანად,
და დასძენენ კიდეც: „არა ზრუნავ არავისთვის“. შეხედე, როგორ ცხადად იგრძნობა მათ
სიტყვებში განზრახვა, რომ ათქმევინონ რაიმე ისეთი, რაც შეურაცხყოფდა იროდის
და აღძრავდა მაცხოვარზე ეჭვს, რომ თითქოს მან მიიტაცა ხელისუფლება და კანონს
წინაღუდგა. სიტყვებში: „არ ზრუნავ არავისთვის, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა
კაცისასა“; ისინი მიანიშნებდნენ იროდსა და კეისარზე“. ამაყი ფარისევლების ფუჭი
დიდებისმოყვარე მოწაფეები უფალზე სჯიდნენ თავიანთებურად: ისინი ეპირფერებოდნენ მას
ქებით, და ვერ წარმოიდგენდნენ, თუ როგორ სძულდა ეს ქება-დიდება უფალს, რომელიც იყო
მშვიდი და მდაბალი გულით. აი, პირმოთნეობა როგორ ღალატობდა მათ.
ისინი აგრძელებენ: აწ მარქუ ჩუენ: რა გნებავს შენ? ჯერ არსა მიცემა ხარკისა
კეისრისა, თუ არა? გვეკუთვნის ჩვენ, ღვთის ხალხს გადასახადის გადახდა? ვიხდით რა ამ
გადასახადს, ხომ არ ვიქცევით ჩვენ, ღვთის ხალხი, წარმართებად, ხომ არ შეურაცხვყოფთ
ამით საკუთარ სინდისს? „შეხედე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - როგორ მზაკვრულად
მოქმედებენ ისინი. არ ამბობენ, გვითხარი ჩვენ, რომელი უმჯობესია, რა უფრო უკეთესია,
რომელია ახლოს სჯულთან, არამედ - „რა გნებავს შენ“, ანუ შენ როგორ მიგაჩნია? - მხოლოდ
ამის გაგონება სწადდათ მათ, რათა მაშინვე ემხილებინათ და გადაეცათ უმაღლესი
ხელისუფლებისთვის, როგორც მოწინააღმდეგე დასასჯელად. ამას აღნიშნავს მახარებელი
მარკოზიც (12,14), რომელიც უფრო ცხადად გამოაჩენს იმათ უტიფრობასა და მზაკვრულ
განზრახვას, რომ სურდათ დაღუპვა, ისინი ასე ეკითხებიან მაცხოვარს: მივცეთ თუ არა
გადასახადი კეისარს? აი, ასე გააფთრებულები იტანჯებოდნენ მისი დაღუპვის სურვილით,
თუმცა გარეგნულად ისე აჩვენებდნენ თავს, თითქოს სურდათ მისი გულის მოგება“. მაგრამ
ის, ვისი გამოჭერაც სურდათ, ხედავს არა მარტო კითხვას, არამედ მათ გულებსაც და
განზრახვასაც. იგი ხედავს, რომ „მათი ბოროტება უკვე მომწიფდა და ცხადად გამოჩნდა“.
ამიტომაც „რაც შეიძლება ღრმად კვეთს მათ ჭრილობას, ხსნის მათ ფარულ ზრახვებს,
ყველას წინაშე აჩენს, როგორი განზრახვით მივიდნენ ისინი მასთან, და ამგვარად მათში
თავიდანვე შეაქვს დაბნეულობა. გულის-ხმა-ჰყო იესო უკეთურებაი მათი და ჰრქუა,
- საყვედურით: რასა გამომცდით მე, ორგულნო! მხოლოდ ერთი მრისხანე სიტყვით: „ორგულნო“ უფალი მაშინვე აცხადებს მათ ზრახვებს, ამხელს ბოროტებას და აიძულებს
დადუმებას. შემდეგ, რომ აიძულოს ისინი თავად, რათა განაჩენი გამოუტანონ თავიანთ
თავს და აღიარონ, რომ უნდა გადაუხადონ ხარკი კეისარს, იგი ამბობს: მიჩუენეთ
დრაჰკანი იგი ხარკისა.
ფარისევლები ძნელად თუ ატარებდნენ თან მათთვის საძულველ რომაულ ფულს, იროდიანელებს,
კი რა თქმა უნდა, ექნებოდათ იგი. და კიდეც რომ ჰქონებოდათ ხელზე, საკმარისი იყო
სტოადან ოდნავ გამოსვლა და იქ ადვილად შეიძლებოდა მისი მიღება. ხოლო მათ მოართუეს
მას დრაჰკანი, რომლის ერთ მხარესაც გამოსახული იყო კეისარი ტიბერიუსი, მეორე მხარეს
კი - მისი ტიტული. უფალმა აიღო მონეტა, დახედა გამოსახულებასა და წარწერას და
დაუბრუნა რა უკან ჰრქუა მას იესო: ვისი არს ხატი ანუ ზედა წერილი? მოსაუბრეებმა არ
იცოდნენ კითხვა საითკენ მიმართავდა საუბარს, ამიტომ ჰრქუეს მას: კეისრისა. მაშინ
უფალმა გახსნა მათი მზაკვრული კითხვა, სრულიად მარტივად: ჰრქუა მათ იესო: მიეცით
კეისრისა კეისარსა, და ღმრთისა ღმერთსა. მათ იკითხეს: დასაშვებია თუ არა ხარკის მიცემა?
- მან შეუსწორა მათ და უთხრა: მიეცით, მიეცით უკან. ხარკის გადახდა არ ნიშნავს
საკუთარი ნებაყოფლობით უბოძო სხვას, არამედ საჭიროს გაცემაა; ეს არის კანონიერი
მოვალეობა, აუცილებლობა; თქვენივე რაბინები აკი ასწავლიან: „ვისიცაა ფული, სამეფოც
მისია“... „ხოლო რათა მათ არ ეთქვათ: შენ ჩვენ გვაყენებ ხალხის მორჩილებაში,
ამიტომ დასძენს: „და ღმრთისა ღმერთსა“. რადგან ხალხისთვისაც უკეთესია აუცილებელის
მიცემა, -ასევე ღვთისათვისაც, - რაც მასთან დამოკიდებულებისას გვევალება. ამიტომაც
ამბობს პავლე: მიჰსცემდით უკვე ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა
- ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი“ (რომ. 13,7). კეისრისათვის განკუთვნილი
არ ეწინააღმდეგება ღვთის კუთვნილს; კეისარი ითხოვს თავისას, როცა ითხოვს ხარკს და
არ კრძალავს ღვთისას, არ ეღობება ღვთის მცნებათა შეცრულებას. „მოკლედ, - შენიშნავს
წმ. ოქროპირი, - როცა შენ გესმის: „მიეცით კეისრისა კეისარსა“, ამაში იგულისხმე
მხოლოდ ის, რაც ოდნავადაც არ ვნებს ღვთისმოსაობას, რადგან ყველაფერი ღვთისმოსაობის
საწინააღმდეგო არ არის უკვე ხარკი კეისრისა, არამედ ხარკი ეშმაკისა“.
„ამ პასუხმა ყველა გააკვირვა, რადგან არაფრისაგან შეიქმნა“ - ამბობს მთ. ეპ.
ინოკენტი. უფლის მტრები სრულიად განიარაღებულნი იყვნენ. „რაღაზე იჩივლებდა ახლა
ფარისეველთა შური? ითქვა: „მიეცით ღვთისა ღმერთსა“. რას დაასმენდნენ იროდიანები
დამპყრობელთან? ითქვა: „მიეცით კეისრისა კეისარს“. ერთთაც და მეორეთაც სირცხვილი
უნდა დაუფლებოდათ, რომ შესთავაზეს თითქოს ძალზედ მძიმე კითხვა, რომელიც მონეტაზე
ერთი დახედვითაც კი ამოიხსნა. და ესმა რა ესე, დაუკვირდა, - ამბობს წმ. მახარებელი,
- თვით შემკითხველთ უნდა ეღიარებინათ, რომ ეს ითქვა მოფიქრებითა და კეთილგონიერებით:
მათ უნებურად გაუკვირდათ პასუხის უბოროტო სიბრძნე, რომელმაც გარდაამეტა მათ
მოლოდინს და გააწბილა ისინი. „ამის შემდგომ, ამბობს წმ. ოქროპირი, - მათ ისღა
დარჩენოდათ, რომ ერწმუნათ და ეცნოთ თავი დამარცხებულად, რადგან იესომ წარუდგინა მათ
ნათელი დასაბუთება თავისი ღვთაებრიობისა, გააცხადა რა მათი საიდუმლო ზრახვები და
მშვიდად აიძულა ისინი დადუმებულიყვნენ. რა მოყვა ამას, ირწმუნეს იგი? არა“. და
დაუტევეს იგი და წარვიდეს, განეშორნენ მას დამძიმებული განწყობილებით. არაფერი ისე
სრულად არ ხსნის ამ მოსაუბრე თვალთმაქცი იუდეველების ქცევას, როგორც ის, რომ იმათ,
მიუხედავად ამ ღვთაებრივი პასუხისა და თავიანთი საიდუმლო შინაგანი რწმუნებისა, რომ
უფალი მართალი იყო, შემდგომში არ შერცხვათ, შეეთხზათ ბოროტი ბრალდება იესო ქრისტეს
საწინააღმდეგოდ, თითქოს იგი კრძალავდა კეისრისათვის ხარკის გადახდას.
მიტრ. ფილარეტი, მსჯელობს რა ფარისეველთა ეშმაკობის დამარცხებაზე, ამბობს: „ასე,
ღვთის განგება, თვით ხელოვნურად ჩაფიქრებულ, მაგრამ არაკეთილგანზრახულ მოქმედებებს
სირცხვილად უბრუნებს შემთხზველებს და ბოროტებიდანაც კი წარმოქმნის სიკეთეს.
ფარისევლები ფიქრობდნენ, თუ როგორი ბადით, ეშმაკური და თვალთმაქცური სიტყვით
გამოეჭირათ იესო და გარდუვალი დაღუპვისათვის გაემეტებინათ იგი: მაგრამ თავდასხმა
დასრულდა იმით, რომ მისი სიტყვით გამოვლინდა მათი სისუსტე და იმათი უტიფრობაც
დაიმსხვრა. აი, როგორები იყვნენ ვითომ ზეციური მეუფის მონები და მისი დიდების
მოშურნენი! ზეციური მეუფე არ გაგათავისუფლებთ თქვენ ქვეყნიური მეუფისადმი
ვალდებულებისაგან, რადგან თავად ცნობს მათ და თავად გვავალებს მათ შესრულებას,
რამეთუ მით „მეფენი მეფობენ“ (იგ. 8,15). და „არა არს ხელმწიფებაი, გარნა
ღმრთისაგან“ (რომ. 13,1). განსაკუთრებით უნდა შევნიშნოთ, რომ თუმცა ფარისეველთაგან
დაისვა კითხვა კეისრისადმი მოვალეობაზე, და თუმცა ეს კითხვა პასუხით: „მიეცით
კეისრისა კეისარსა“ საკმარისად იქნა ახსნილი და გადაწყვეტილი, უფალი ამით მაინც არ
დაკმაყოფილდა, არამედ შესძინა სხვა მცნებაც „და ღმრთისა ღმერთსა“, გამოაჩინა ამით
კავშირი ამ ორ მცნებას შორის და პირველის არასრულყოფილება უკანასკნელის გარეშე. არ
არის ძნელი იმის დანახვა, რომ მეორე ნახევარი ამ მცნებისა „მიეცით ღმრთისა ღმერთსა“
უფრო ფართოა, რამდენადაც ხელმწიფება ღვთისა უმეტესია და დიდი, ვიდრე ხელმწიფეები კეისრისა. ყველა, -
შექმნილია ღვთის უფლებით, დაცვის უფლებით, მართვის უფლებით; ამიტომ არანაირი
ჩამორთმევით არ შეიძლება შესუსტდეს მოციქულის კითხვა: „რა გაქუს, რომელი არა
მიგიღებიეს?“ (1 კორ. 4,7). და მაშასადამე - რა გაქვს შენ ისეთი, რომ მისთვის არა
იყო ვალდებული მიაგო ყოველივესმომცემელ ღმერთს, რაზე შეიძლებოდა, რომ ღვთისათვის
გეთქვა უარი? ღმერთმა მოგცა შენ გონება: მიეცი იგი ღმერთს, დაუთმე იგი ღვთის
შეცნობას, ღმერთზე აზროვნებას; ღმერთმა მოგცა შენ ნება: მიუძღვენი იგი ღმერთს; დაე,
იყოს ღვთის უფლებები შენი ნებაც: გამოიყენე იგი ღვთის მცნებათა შესასრულებლად;
ღმერთმა მოგცა შენ გული, ესეც მიუძღვენი ღმერთს, სხვანაირად რომ ვთქვათ, შეიყვარე
ღმერთი მთელი გულით; ღმერთი გაძლევს შენ ქვეყნიურ სიკეთეს; ისიც მიეცი ღმერთს,
მიუძღვენი იგი მას ღატაკთა ხელიდან, და ისიც, რითაც შენ ისრგებლებ, ღმერთზე
მადლიერებით გამოიყენე...
| |