მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


იგავი ვენახში გაგზავნილი ორი შვილის შესახებ
მათე 21, 28-32

უფალმა სინედრიონის წარგზავნილებს მიმართა ახალი კითხვით, რაზედაც უკვე აღარ შეიძლებოდა, რომ არ ეპასუხათ, თუმცა ეს კითხვა მათი საბოლოო დამარცხებისაკენ იყო მიმართული. უფალმა თავისი კითხვა ჩართო იგავში. - შესაძლოა, თქვა მან მწიგნობრების შემხედვარეთ, გაგიადვილდეთ თქვენი აზრი გამოხატოთ ამ საქმეზე. აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე, მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო! წარვედ დღეს, და იქმოდე ვენახსა ჩემსა. ხოლო შვილი იყო ისეთი უხეში, რომ გადაჭრით უთხრა უარი: მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს; ხოლო უკანასკნელ შეინანა და წარვიდა, მოვიდა გონს, მიხვდა, რომ გაანაწყენა მამა და ამიტომ წავიდა ვენახში სამუშაოდ. და მოუხდა მეორესა მას შვილს მამა და ჰრქუა ეგრეთვე, რაც უთხრა პირველს. ხოლო მან მშობელს მთელი პატივისცემით მიუგო და ჰრქუა: წარვიდე უფალო! და მაინც არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგანმან ჰყო ნებაი მამისა თვისისა? იკითხა უფალმა და თავისი მზერა მწიგნობრებს მიაპყრო. მწიგნობრები ვერ მიხვდნენ ჯერ, საით მიანიშნებდა იგავი ამიტომ ამაყი და დაჯერებული პასუხით სურდათ ეჩვენებინათ, რომ ისინი, იგავში თქმულს, არავითარ შემთხვევაში თავიანთ თავს არ მიაწერდნენ. ჰრქუეს მას: ცხადია - პირველმან მან. ასე აიძულა უფალმა ისინი თავად გამოეტანათ მათთვის საწინააღმდეგო განაჩენი, სხვისი სახით გაესამართლებინათ თავიანთი თავი. „რადგანაც მათ არ სურდათ თავად ეღიარებინათ საკუთარი ბრალი, ქრისტეს ისინი აქამდე მიყავს იგავით, - ამბობს წმ. ოქროპირი, და მხოლოდ ამის შემდეგ უხსნის მათ იგავის აზრს იგი. ჰრქუა მათ იესო: განა იგივე არ ხდება თქვენთანაც? ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი, რომელთაც თქვენ ასე თაკილობთ, წინა გიძღოდენ თქუენ თქვენზე უფრო ადრე შევლენ სასუფეველსა ღმრთისასა, თქვენ კი, რომლებც ფიქრობთ, რომ გეკუთვნით მასზე უფლება, იქიდან განიდევნებით, თუმცა კი შეგეძლოთ შესვლა იქ მეზვერეებისა და მეძავების კვალდაკვალ, თუკი შეინანებდით. მაგრამ თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ სინანული, რაც ასე ცხადად ვლინდება თქვენს საქმეებში. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოანე გზითა სიმართლისათა, ცხოვრობდა და ასწავლიდა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის წინასწარმეტყველი, როგორც ჭეშმარიტი მართალი, მოსეს სჯულის მიხედვით, მკაცრი მოსაგრე და მოშურნე სიმართლისა, ილიას სულის მსგავსი. თქვენ არ შეგიძლიათ მასზე იმის თქმა, რომ იგი იყო ანგარებიანი კაცი და ღვთისათვის არმოსაწონი; პირიქით: თუ ვინმემ ადამიანთაგან საქმით აღასრულა ძველი აღთქმის სიმართლე, რაზეც თქვენ ცდილობთ მოშურნეობას, მაშინ, რა თქმა უნდა, იოანე ნათლისმცემელს ამ ერთითაც კი უნდა ენდოთ. და ამის მიუხედავად, - თქვენ არა გრწმენა მისი, არ ირწმუნეთ მისი ქადაგებანი, არ შეიძინეთ სინანული, რომელსაც თქვენგან თხოულობდა იგი. ასე მოიქეცით თქვენ, რომლებიც მეორე შვილის მსგავსად, მოუკლებლად ამტკიცებთ, რომ მზადა ხართ შეასრულოთ, ზეციური მამის ნება (ლკ. 3,12-13). ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი, ამ ხალხმა, თქვენგან რომ საძულველნი არიან, იჩენდნენ რა აქამდე დაუმორჩილებლობას ღვთის ნებისადმი, ირწმუნა იოანე და შეინანა. და სხვათა შორის იოანე უპრველესად მოვიდა თქვენთან და არა მათთან; უკიდურეს შემთხვევაში მათ მაგალითს უნდა ემოქმედა თქვენზე. ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკანასკნელ, რათამცა ჰრწმენა მისი. თქვენ ისევე დარჩით უდრეკნი და მოუნანიებელნი. ამიტომ მეზვერეებს - დიდი ქება მიეგებათ, თქვენ კი - სასჯელი; პირველად იმისათვის, რომ არ გინდათ რწმენა, მეორედ კი იმისათვის, რომ ორგულად ფარავთ ამ არმოსურნეობას, ტყუილად ღებულობთ ისეთ სახეს, თითქოს ეძიებდეთ ღვთის სიმართლეს, მიმართავთ კითხვით - ხან იოანეს: „ვინ ხარ შენ“ (ინ. 1,22), ხან მე: „რომლითა ხელმწიფებითა ამას იქმ?“ (მთ. 21,23).

„შენიშნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რამდენს აქებს იგი მეზვერეებს და განიკითხავს იუდეველებს. თქვენთან მოვიდა იოანე, - ამბობს იგი, და არა მათთან; თქვენ არ ირწმუნეთ, - ისინი კი არ დაბრკოლდნენ, მათ ირწმუნეს, - ამან თქვენ არ მოგიტანათ სარგებელი. სიტყვები „წინა გიძღოდენ, იმიტომ კი არ ითქვა, რომ იუდეველები გაყვებიან მეზვერეებს, არამედ იმიტომ, რომ ისინიც, თუ ისურვებენ, შევლენ ცათა სასუფეველში. რამეთუ არაფერი ისე არ აღძრავს უხეშ ადამიანებს, როგორც მოშურნეობა; ამიტომ ქრისტე ყოველთვის ამბობს: უკანასკნელნი იქნებიან პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი. სწორედ ამიტომაც მოჰყავს მაგალითებად ქრისტეს მეზვერენი და მეძავნი, რათა მოშურნეობა აღეძრა იუდეველებში. რადგან მეძავთა და მეზვერეთა ცოდვები არის უდიდესი, რომლებიც წარმოსდგებიან ხორცისა და ფულის უხეში სიყვარულისგან. ამასთან, ქრისტე გვასწავლის, რომ იოანეს რწმენა ნიშნავს ღვთის მცნების დამორჩილებას. ასე რომ, მეძავები შევლენ სასუფეველში არა ერთი მადლით, არამედ სიმართლითაც, რადგან შევლენ უკვე არა როგორც მეძავები, არამედ, როგორც ღვთის მორჩილები და მორწმუნენი, სუფთანი და შეცვლილნი“. მეზვერენიცა და მეძავნიც შედიან ღვთის ვენახში, - ქრისტეს ეკლესიაში და მუშაობენ - თუმცა უწინ, ისინი თავიანთი ცოდვილი ცხოვრებით თითქოსდა პასუხობდნენ: „არა მსურს“. ხოლო ფარისევლები და მწიგნობრები ყველაფერში იქცეოდნენ ამის საპირისპიროდ. წინასწარმეტყველმა ისაიამ მართლად აღწერა ისინი, როცა უფლის სახელით ამბობდა: „პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან“ (ის.29,13). „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - თუ ქრისტე პირველად იგავით, შემდეგ კი მეძავებზე მითითებით თავის სიტყვას ხდის არა იმდენად მძიმეს იუდეველთათვის, არამედ, სხვათა შორის, მეტად ძლიერს? მან მაშინვე კი არ უთხრა მათ: რატომ არ დაუჯერეთ თქვენ იოანეს? არამედ, რაც უფრო გამგმირავი იყო, - პირველად მიუთითებს მეზვერეებსა და მეძავებზე, შემდეგ კი უკვე ეუბნება მათ, თვით საქმეებით ამტკიცებს, რომ იუდეველები იყვნენ უღირსნი პატიებისათვის და აჩვენებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ხალხის შიშის გამო და ფუჭი დიდებისათვის. რამეთუ მათ ქრისტესიც არ სწამდათ იმიტომ, რომ ეშინოდათ სინაგოგისაგან არ მოეკვეთათ ისინი, ასევე, იოანეს განკითხვასაც ვერ ბედავდნენ კეთილმოსაობის გამო კი არა, არამედ შიშისათვის. ამხილა რა იუდეველები ყოველივე ამაში, ქრისტემ ბოლოს მიაყენა მათ ყველაზე მძიმე დარტყმა, როცა უთხრა: „ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკანასკნეი, რათამცა რწმენა მისი“. ცუდია, როცა სიკეთე „არ კეთდება დასაწყისში, მაგრამ უფრო გაკიცხვას იმსახურებს ის, ვინც შემდგომაც არა სწორდება.

ორი შვილის სახით ზოგიერთი განმმარტებელი, მათ შორის, წმ. ოქროპირიც, გულისხმობს წარმართებსა და იუდეველებს: „პირველებმა, არ ჰქონდათ რა მორჩილების აღთქმა ღვთისათვის მიცემული და არც სჯული ჰქონდათ მოსმენილი, საქმით გამოხატეს მორჩილება ღვთისადმი; უკანასკნელებმა კი თუმცა ამბობდნენ: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ (გამ.12,8), სინამდვილეში არ გამოიჩინეს მორჩილება სჯულისადმი. ამიტომ, რათა იუდეველებს არ ეფიქრათ, რომ სჯულს შესრულების გარეშეც მოჰქონდა მათთვის სიკეთე, ქრისტე აჩვენებს, რომ სწორედ ამით ისჯებოდნენ ისინი. ამასვე ადასტურებს პავლეც: „არა მსმენელნი ჰსჯულისანი განმართლდენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი ჰსჯულისანი განმართლდენ“ (რომ. 2,13).

ასე რომ, - ასკვნის მსჯელობას ამ იგავზე წმ. ოქროპირი, - არანაირმა ცოდვილმა არ უნდა გადაიწუროს იმედი ისე, როგორც კეთილისმოქმედმა ადამიანმა უზრუნველად არ უნდა იგულოს თავი საკუთარი სიკეთის იმედით, რადგან შეიძლება მოხდეს და ხშირად მართლა ხდება, რომ მეძავი წინ უძღვის მას. ცოდვილმაც არ უნდა მოიწყინოს, რადგან მას კიდევ შეუძლია გაუსწროს პირველს. როცა ჩვენ ანთებული სიყვარულით მივმართავთ ღმერთს, მაშინ იგი აღარ იხსენებს ჩვენს უწინდელ ცოდვებს. ღმერთი არ ჰგავს ადამიანს: იგი აღარ წყევლის იმისათვის, რამაც უკვე განვლო. როცა ჩვენ ვინანიებთ, იგი არ გვეუბნება: ამდენ ხანს რატომ მომერიდეთ მე? არამედ უკვე ვუყვარვართ ჩვენ, როცა მივდივართ მასთან, თუკი ისე მივალთ, როგორც საჭიროა. ასე შევუერთდეთ უფალს გულანთებული სიყვარულით, მის შიშს მივალურსმოთ ჩვენი გული. ამის მაგალითები გვხვდება არა მარტო ახალ, არამედ ძველ აღთქმაშიც. ვინ იყო მანასეზე უარესი? მაგრამ მან შეძლო მოელბო ღვთის გული. ვინ იყო სოლომონზე უფრო ბედნიერი? მაგრამ იგი დაეცა, რადგან უზრუნველობას მიჰყო ხელი. ვინ იყო პავლეზე უფრო შესაბრალი? მაგრამ იგი გახდა მოციქული. ვინ იყო მათეზე უარესი? მაგრამ იგი გახდა მახარებელი. რამდენი შეიძლება დავასახელოთ მსგავსი მაგალითები ადრე მომხდარიც და ახლა რომ ხდება ჩვენს თვალწინ! უფალი ეუბნება თვითკმაყოფილებას მიცემულს: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუ უკუე დაეცეს“ (1 კორ. 10,12), ხოლო დაცემულს მიმართავს: „განა, ვინც დაცემულა, არ ამდგარა?“ (იერ. 8,4). „გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ“ (ის. 35,3). იყავით მღვიძარენი, - ეუბნება იგი ღირსეულთ, ხოლო არაწმიდებს მიმართავს შემდეგით: „განიღვიძე, რომელსა ეგე გძინავს, და აღჰსდექ მკუდრეთით“ (ეფ. 5,14). ზოგიერთებმა უნდა დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა, სხვები კი უნდა განიკურნენ სატკივრებისგან, რადგან იტანჯებიან. ბევრი ავადმყოფი აღიდგენს ჯანმრთელობას, ხოლო ბევრი ჯანმრთელი თავისი დაუდევრობით ვარდება სნეულებაში. ამიტომაც უფალი ეუბნება იმათ: „აჰა, ცოცხალ-იქმენ, ნუღარა ჰსცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“, ხოლო სხვებს ეტყვის: „გნებავსა, რათა განიკურნო?.. აღჰსდეგ, აღიღე ცხედარი შენი, და ვიდოდე“ (ინ. 5,14; 6,8). ოცდათვრამეტი წელიც რომ იტანჯებოდეს სატკივრისაგან, როგორც კი ისურვებ ჯანმრთელად ყოფნას, არაფერი შეგიშლის ხელს. ახლაც გვიახლოვდება ქრისტე და ახლაც გვეუბნება: „აღჰსდეგ, აღიღე ცხედარი შენი, და ვიდოდე!“ მიდი მადლი არ დაილევა, არ გამოილევა უკუნისამდე“.