|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრიდან ვაჭრების გამოდევნა. სნეულთა განკურნება. პასუხი ფარისევლებს
მათე 21, 1-17
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხშირად დადიოდა იერუსალიმში, მაგრამ არასოდეს
შესულა იქ იგი ისეთი დიდებით, როგორც შევიდა ლაზარეს აღდგომის შემდგომ, თავისი
წამების წინ. ამ დრომდე იგი სრულიად გაურბოდა ყოველგვარ დიდებასა და პატივს და
უკრძალავდა თავის მოწაფეებს ხალხში იმის აღიარებას, რომ იგი იყო ისრაელის მეუფე
ქრისტე. ახლა კი სიყვარულით მიიღო ხალხისაგან მეფური პატივი და დიდებით შევიდა
იერუსალიმში, სახედარზე მჯდომი, მსგავსად თავისი წინაპრის - მეფე დავითისა; და
მას ხალხი ხვდებოდა საზეიმო შეძახილებით, როგორც მეფეს, როგორც სიკვდილის
დამმარცხებელს, როგორც აღთქმულ დავითის ძეს, - მესია ქრისტეს. რას ნიშნავს
ეს? რატომ მოხდა, რომ ამჟამად იგი არა მარტო არ მოერიდა ამ ქება-დიდებას, არამედ
მეტი ზეიმურობისათვის ინება სახედარზე ჯდომაც კი? იმიტომ რომ დადგა დრო
გაცხადებულად და საჯაროდ ეჩვენებინა, რომ იგი არის ჭეშმარიტი აღთქმული მესია,
რათა იუდეველებს, როცა მას უარყოფდნენ, არ შეძლებოდათ თავის გამართლება, რომ
მან არ გაუცხადა მათ თავი, როგორც ქრისტემ - დავითის ძემ (მთავარეპისკოპოს ინოკენტის
აზრები). მართალია, მათგან ვინც ყურადღებიანი იყო იესო ქრისტეს სწავლებისა და
დიდებული საქმეებისადმი, ვინც სჯიდა სინდისით, არ შეეძლო არ ეღიარებინა იგი
მესიად თავის გულში, კიდეც რომ არ მოესმინა ამ დიდებულ განცხადებაზე, მაგარამ
ხალხის უმეტესი ნაწილისათვის საჭირო იყო, რათა უფალს თავად, დაუფარავად,
საზეიმოდ გაეცხადებინა თავი მესიად, რომლის მოსვლაც, იუდეველთა რწმენით, უნდა
ეცნო ისრაელთა ხალხს ქვეყნის ყოველ კუთხეში. აი, რატომ იყო, რომ უწინ ზოგიერთი
იუდეველი, გულწრფელი თუ მოჩვენებითი გულმოდგინებით ეუბნებოდა მას ხმამაღლა:
„ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუხდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარ ჩუენ
განცხადებულად“ (ინ. 10,24). და აი, ყველა ამ გაურკვევლობათა საპასუხოდ, უფალი
ასრულებს თავის სამეუფო შესვლას იერუსალიმში, რითაც საჯაროდ აცხადებს, რომ იგი
არის ჭეშმარიტი მესია ქრისტე. ახლა უკვე აღარავის შეეძლო მერყეობა
გაურკვევლობისა გამო; როგორ შეეხედათ გალილეველი წინასწარმეტყველისათვის,
მაგრამ რატომ აცხადებს იგი თავს მესიად - მეფედ არაუადრეს თავისი წამებისა?
იმიტომ, რომ ასეთი გაცხადება აქამდე უდროო იქნებოდა. „ჩვენი გამოხსნის სახლის
მშენებლობის დასაწყისში, - წერს წმ. ოქროპირი, - იგი თავად ჯერ კიდევ
ყველასათვის არ იყო ცნობილი და წამების ჟამიც ჯერ არ იყო დამდგარი. ამიტომ იგი
ამ დრომდე თითქოს იფარებოდა კიდეც. მაგრამ მას შემდეგ, რაც აჩვენა უამრავი
გამოცდა თავისი ყოვლისშემძლეობისა, როცა ჯვარი ელოდა კარებთან, მან გამოაცხადა
თავი დიდებით. ყოველივე ეს შეეძლო გაეკეთებინა დასაწყისშივე, მაგრამ მას არ
მოყვებოდა სარგებელი“. გულთამხილავმა იცოდა, რომ მისი მტრები, მისი სასწაულების
მიუხედავად, არ იცნობდენენ მას მესიად, - პირიქით, მისგან პირდაპირი გაცხადება
მესიად, საბოლოოდ გაამძაფრებდა მათ ბოროტებას და იქამდე მიიყვანდა, რომ ისინი
მას ჯვარზე გააკრავდნენ. მაგარამ ვიდრე ჯერ კიდევ არ დამდგარიყო მისი სიკვდილის
ჟამი, ვიდრე იგი არ დაასრულებდა დედამიწაზე თავის ღვთაებრივ საქმეს, ვიდრე
მტკიცედ საფუძველს არ ჩაუყრიდა ღვთის სასუფეველს - თვის ეკლესიას, იქამდე მისი
სიკვდილიც უდროო იქნებოდა. მან იცოდა ისიც, რომ რაც უფრო მალე დარწმუნდებოდა
ხალხი იმაში, რომ იგი არის აღთქმული დავითის ძე, ისრაელთა მეუფე, მით უფრო
ვაღარ დააკავებდა მათ რომაელთა წანააღმდეგ, და აი, ამიტომაც, მან განუცხდა
ყველას თავისი სამეუფო ღირსება თავის მხსნელ სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე. მისმა
ჯვარმა დაუსვა საბოლოო დასასრული ყოველგვარ ოცნებებს მესიის ქვეყნიურ მეფობაზე.
„უფალი მიდის გაცხადებულად, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რათა მათ, თუ
ისურვებენ, გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე არსრულებული
წინასწარმეტყველებებით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუ არ ისურვედნენ გაგონებას,
მაშინ ეს მათთვის მეტ სასჯელად ქცეულიყო“. წმიდა მამები იმასაც ამბობენ, რომ
უფალი იმიტომაც შევიდა იერუსალიმში, როგორც ისრაელთა მეფე, რათა თავის
თანამემამულეთა გონებაში აღმოეფხვრა ყოველგვარი ოცნება მის მიწიერ მეფობაზე.
სინამდვილეში: ასეთი ოცნებების მოჩვენებითი საფუძველი იყო
წინასწარმეტყველებანი, რომლებშიც მესია მეფედ არის წარმოდგენილი. ახლა კი, იესო
ქრისტემ ყველას წინაშე, საჯაროდ აჩვენა, როგორ შეიძლება მესია იყოს მეფე,
წინასწარმეტყველთაგან აღწერილი, და იმავე დროს მისთვის საერთოდ უცხო იყოს
სურვილი ქვეყნიური მბრძანებლისა. „იესო ქრისტეს მაღიარებელთა შორის არც თუ ცოტა
იყო საპატიო და მდიდარი ხალხი, ვისაც შეეძლო, მაცხოვრის ერთი სიტყვითაც კი
ყველაფერი მიერთმია მისთვის იმისათვის, რათა გულუხვად გამოჩენილიყო ისრაელთა
მეუფის დიდებულებაში. მაგრამ იგი არ აკეთებს ამას, არამედ იერუსალიმს ევლინება
მისთვის ჩვეული უბრალოებით, სიმშვიდითა და თითქმის სიღატაკით! მას უწოდებენ
ისრაელთა მეფეს; მას ოსანას უგალობენ; წინ უგებდნენ ხის ტოტებს, სამოსელს და
მაიგებდნენ დიდი სიყვარულის გამომხატველ პატივს, გულწრფელობასა და სიბეჯითეს;
მაგრამ სად არის დიდებული ეტლი? სად არიან შეიარაღებული მსახურნი? სად იყო
სამეუფო სამკაული? - ყოველივე ამას ცვლიდა თორმეტი მოციქული, ისევე ღატაკნი,
როგორც თავად მათი მასწავლებელი, ასევე სახედარი და კვიცი, დროებით სხვებისაგან
ნათხოვი! ქვეყნის მფლობელთაგან ყველაზე უკანასკნელიც კი არასოდეს წარდგებოდა
ასეთი უბრალოებითა და სიღარიბით, როგოც იესო მაცხოვარი! ყველაფერს, რითაც კი
მისი შესვლა იყო შემკული, თან სდევდა ხალხის და მისი მოწაფეების პირუთვნელი
სიხარული და გულწრფელობა. ასე, რომ ყურადღებიან დამკვირვებელს შეეძლო დაენახა ის
წმიდა ჭეშმარიტება, შემდგომში პილატესთან გამოთქმული, რომ იესო ქრისტეს მეფობა
არ იყო ამქვეყნისა, და მართლაც, თუკი იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით
შესვლაში იქნებოდა ჩადებული რაიმე საწინააღმდეგო იმ დროს არსებული სამოქალაქო
წესრიგისა, მაშინდელი რომაელი ხელისუფლებისათვის არასასურველი, განა
შეიძლებოდა, რომ რომაელთა დაცვას, რომელიც მუდამ მკაცრი იყო, განსაკუთრებით კი
დღესასწაულებისას გაორმაგებულ სიფხიზლესა და ყურადღებას რომ იჩენდა
ყველაფრისადმი, ყურადღება არ მიექცია ამ დიდებული შესვლისათვის? მაგრამ ასეთი
ყურადღება არ გამოუჩენიათ მაშინ. განა შეიძლებოდა, რომ ეს ამბავი სრულიად
დაფარული დარჩენილიყო იუდეველთა მმართველ პილატესათვის, რომელიც იყო მეტად
ეჭვიანი, მკაცრი და რომაელთა თვითმპყრობელობის შესანარჩუნებლად თავისუფლად
იყენებდა ცეცხლსა და მახვილს უმნიშვნელო ეჭვის გამოც კი, მაგრამ პილატემ,
როგორც ყველაფრიდან ჩანს, ან არაფერი იცოდა ამის შესახებ, ანდა არ გაისარჯა
ამისათვის. განა არ არის დასანახი, რომ ამის შემდგომ თვით რომაელთა დაცვისა და
ხელმძღვანელობის აზრით, - მოწმობა, რომელზე მეტს ვერც ისურვებდნენ, - იესო
ქრისტეს შესვლა იერუსალიმში, არა მარტო არ შეიცავდა რაიმე შეუთავსებელს
რომაელთათვის, არასასურველს კეისრისათვის, არამედ არ ცილდებოდა
დადგენილ წესრიგსაც კი? და ბოლოს, იესო ქრისტეს მტრებზე უფრო მეტად ვის შეეძლო
ცილი დაეწამებინა მისთვის? და მაინც, მიუხედავად ამდენი ბოროტებისა, მათაც ვერ
გაბედეს უფლისათვის ბრალი დაედოთ, არც სინედრიონში და არც პილატესთან; ეს საქმე
იმდენად წმიდა და უდანაშაულო იყო! ამასთან - რამდენი იყო მასში სასწაულებრივი
და ღვთაებრივი!“ (მთ. ეპ. ინოკენტი). - ახლა კი კეთილკრძალული ყურადღებით
მივყვეთ იმას, თუ რას მოგვითხრობს წმიდა სახარება ჩვენი მაცხოვრის იერუსალიმში
დიდებით შესვლაზე.
მახარებელი იოანე წერს, რომ უფალი იესო ქრისტე, ლაზარეს აღდგინების შემდგომ,
მცირე ხნით განვიდა პატარა ქალაქ ეფრაიმში, რომელიც მდებარეობდა უდაბნოში, იმ
მთის მახლობლად, რომელზეც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ ეშმაკისაგან გამოიცადა
მაცხოვარი. იქ, წყნარ განმარტოებაში, განიმტკიცა უფალმა თავისი სული მამა
ღმერთთან ლოცვით საუბარში მომავალი დიდი გმირობის - ჯვარზე სიკვდილისათვის.
იქედან, როგორც შესაწირად გამზადებული კრავი, იგი წავიდა იერუსალიმში ბეთანიის
გავლით, სადაც მას მეგობრებმა მოუმზადეს ვახშამი, ხოლო მომდევნო დღეს, პასექის
დღესასწაულამდე ექვსი დღით ადრე, მან დატოვა სტუმართმოყვარე სახლი ლაზარესი და
თავისი ჩვეულებისამებრ, ფეხით გაუყვა გზას იერუსალიმისაკენ. „როცა, რომელიმე
მეფეს ელის საზეიმო შესვლა სამეუფო ქალაქში, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - ამ
ზეიმურობას ქმნის წინასწარი განკარგულებებითა და მომზადებით. მაგრამ ვერაფერ
მსგავსს ვერ ვნახულობთ ჩვენ უფალში, იერუსალიმში მისი შესვლის დრომდეც კი.
გუშინ იგი ვახშმობდა ბეთანიაში, სადაც აღადგინა ლაზარე, და მირონით მისი
ფეხების ცხებისას, საუბრობდა წინასწარი თადარიგის დასაჭერად არა გამეფებაზე,
არამედ თავის დაკრძალვაზე. იქ არ იყო ცოტა ხალხი, მაგრამ „არა ხოლო თუ
იესოსათვის, არამედ რაითა ლაზარეცა იხილონ“ (ინ. 12,9). დღეს კი დილით გაეშურა
იგი იერუსალიმისკენ, თავისი მოწაფეების თანხლებით, ისევე, როგორც სხვა დღეებში.
„ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალემდ“ (ლკ. 19,28). არავითარ
მომზადებას არ ჰქონია ადგილი. არავინ ფიქრობს მის გამეფებაზე. „ხოლო ესე არა
ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად“ (ინ. 12,16). უცებ დაიწყება ეს საქმე და მალევე
სრულდება“. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალემდ და მოვიდეს ბეთბაგედ, მცირე
დასახლებულ ადგილას, ელეონის მთის კალთაზე, მთასა მას ზეთის ხილთასა, მაშინ
წარავლინნა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანნი, შეიძლება პეტრე და იოანე, და რქუა
მათ, წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოვოთ
ვირი დაბმული და კიცვი მის თანა, რომელზედაც ჯერ არავინ მჯდარა; აღხსენით და
მომგვარეთ მე და უკუეთუ ვინმე გრქუას რაიმე, თუ ვინმე გკითხავთ თქვენ, თუ რატომ
ახსენით, თქუენ არქუთ, ვითარმედ უფალსა უხმან ეგენი, და მეყსეულად მოავლინნეს
იგინი, და მაშინვე გამოგატანენ მათ. „ასეთი დავალება, მიუხედავად თავისი
სიმცირისა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - არ იყო ერთი ჩვეულებრივთაგანი: იესო
ქრისტე მუდამ დადიოდა ფეხით; იერუსალიმამდე ცოტაღა იყო დარჩენილი; მიუხედავად
ამისა, ახლა საჭირო გახდა წასვლა სახედარისათვის, თითქოს დიდი და მომქანცველი
გზა ჰქონდათ გასავლელი და როგორი გასაკვირი იყო მოსმენა იესოს ბაგენიდანაც სიტყვებისა
„უფალსა უხმან ეგენი“. წარგზავნილებს შეეძლოთ
ეთქვათ უფლისათვის: უფალო, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, - ამბობს მიტრ. ფილარეტი,
- ავხსნათ სხვისი სახედარი და იქ წავიყვანოთ, რომელიც უცხოა პატრონისათვის? მაგრამ
აქაც ღვთაებრივმა ხედვამ ჩვენი მეუფისა განჭვრიტა წარგზავნილთა მზადყოფნა, ხოლო
მისმა ღვთაებრივმა უფლებამ მათ გულზე, განამტკიცა ისინი ყოველგვარი ეჭვის
საპირისპიროდ. ასევე წინასწარ იყო გათვალისწინებული სახედრის პატრონის კითხვაც: „რატომ აღხსნი?“ იგივე უფლებამ წინასწარ მოსცა ამაზეც ხილულად, არამცირედ,
უცხოთათვის დაუჯერებელი, მაგრამ სინამდვილეში შეუწინააღმდეგებელი პასუხი: „უფალსა
უხმან ეგენი“. და წარგზავნილებმაც ახსნეს და მოიყვანეს სახედარი ისე, რომ არ იცოდნენ
ვისი იყო იგი; და სახედრის პატრონმაც მისცა მათ იგი, თუმცა არ იცოდა ვისთვის და
რისთვის იყო საჭირო იგი“.
„ყოველივე აჩვენებდა, რომ დგებოდა საკვირველი ამბების დრო. ძე ღვთისამ იწყო თავისი
ღვთაებრივი დიდებულების გამოჩენა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ვითარებაშიც კი, რადგან
მალე უნდა მომხდარიყო უდიდესი დაბნელება მისი ღვთაებრიობისა“ (მთ. ეპ. ინოკენტი).
ესე ყოველი იქმნა, ამბობს მახარებელი, რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი
წინაისწარმეტყუელისაი ზაქარიასი, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა, აუწყეთ
იერუსალიმს: ნუ გეშინია სიონის ასულო: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშვიდი და
ზე ზის ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა. რომელიც ზის კარაულისაგან, ანუ მუშა
სახედრისაგან შობილ კიცვზე. შენიშნეთ ყურადღებით: - ამბობს მიტრ. ფილარეტი - როგორ
ჭეშმარიტად ღვთიურად მოქმედებს ღვთაებრივი მეუფე ჩვენი. იგი ხედავს
წინასწარმეტყველებას, გრძნობს მოახლოებულ დროსაც, როცა მას მოუწევს მისი შესრულება;
მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საშუალება მის შესასრულებლად. იგი იხედება არა ხილული
თვალით, არამედ თავის ყოვლისმხედველობით. და საჭირო მაშინვე შეიძინება. ვის
შეიძლებოდა ეფიქრა, რომ რომელიმე ქვეყნიური მეფე, სამეუფო ქალაქში, საზეიმო სვლით
შევიდოდა მუშა სახედრისაგან შობილ კიცვზე მჯდარი? და ვინმე მართლა რომ გამოჩენილიყო
ასეთი სახით მეფის სახელით, განა შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მას მიიღებდნენ
გულწრფელი სიხარულით, საზეიმო შეძახილებით - და არა დაცინვითა და აბუჩად აგდებით?
ძველი დროიდან მეფენი გამარჯვებულები ვიდოდნენ ცხენებზე ამხედრებულები, ხოლო საერო
დიდებულნი, ძველი ჩვეულებისამებრ, მოგზაურობდნენ სახედრებზე, მაგრამ არა ისეთზე,
რომელიც შობილი იყო კარაულისგან, ანუ სამუშაოთა შემსრულებელი, სიმძიმეთა მზიდველი
სახედრისაგან, და ამასთან ასაკით მცირე ჩოჩორზე, გაუწვრთნელზე, დედისაგან ჯერ
მოუშორებელზე. მეფისათვის განა სრულიად შეუფერებელი არ იყო ჯდომა? როგორ მოუვიდა
აზრად წინასწარმეტყველ ზაქარიას წარმოედგინა ასეთ უმწეო ჩოჩორზე მჯდომი მეფის
საზეიმო მსვლელობა? როგორ შესრულდებოდა ასეთი წინასწარმეტყველება? ერთიცა და მეორეც
სხვანაირად არ იქნებოდა, თუ ღვთისაგან ყოველივე საგანგებოდ არ მოეწყობოდა. ამ
არაჩვეულებრივი ნაწინასწარმეტყველების შესრულებას თვით იუდეველები ცნობენ ძველი
დროიდან დღემდე, რომ ზაქარიას წინასწარმეტყველება მდაბალ მეფეზე ეკუთვნოდა მესია
ქრისტეს, თუმცა არ იცნობენ მას მდაბალ იესოში“. მაგრამ ეს ვერ გაიგეს თავიდან მისმა
მოწაფეებმაც, როგორც ამას ამბობს ერთი მათგანი - მახარებელი იოანე (12,16); მხოლოდ
მაშინ, როცა იდიდა იესო, მათ გაახსენდათ, რომ ეს იყო მასზე წინასწარმეტყველება
საღვთო წერილში და სწორედ იგი შეუსრულეს მას. ამჯერად კი ისინი მხოლოდ
დაემორჩილნენ: ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო
და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცვი მის თანა. მოხდა ისიც, რაზედაც აფრთხილებდა მათ
უფალი; პატრონებმა მართლა ჰკითხეს მათ: რატომ ახსნით ვირსა და ჩოჩორს? და მათ
უპასუხეს, რომ ეს მათ უფალმა უბრძანა და მათაც ყოველგავარი შეწინააღმდეგების
გარეშე მისცეს. „ასეთ ზუსტ დამთხვევას მოვლენისა ნაწინასწარმეტყველებთან, - ამბობს
მთ. ეპ. ინოკენტი, - მოწაფენი კიდევ უფრო მეტად უნდა გაეკვირვებინა, ისინი უჩვეულო
ამბებს უკვე რომ არ ყოფილიყვნენ მიჩვეულნი“. სინამდვილეში, - ამბობს წმ. ოქროპირი,
- რამ აიძულა ეს ღარიბი ადამიანები, შეიძლება მიწის მუშაკნი, რომ ყოველგვარი
წინააღმდეგობის გარეშე უცხოთ მისცეს საკუთარი სახედარი? თუ მათ პირუტყვები დაუთმეს
მოწაფეებს მხოლოდ იმ ერთი სიტყვის გამო, რომ უფალს სურდა ეს. ეს მით უფრო არის
გასაკვირი, რადგან მათ არ ჰყავდათ ნანახი უფალი, არამედ მხოლოდ მისი მოწაფენი.
სწორედ ამით უფალი აგებინებდა მათ, რომ მას შეეძლო შეწინააღმდეგებოდა
გაბოროტებულ იუდეველებს, როცა ისინი მოვიდოდნენ მის შესაპყრობად. მაგრამ ეს თავად
არ სუდა. მეორე მხრივ, იგი ამით ასწავლის მოწაფეებს და ყველას - წინააღმდეგობის
გარეშე ყველაფერი შევწიროთ უფალს, რაც უნდა მოითხოვოს ჩვენგან, თვით სიცოცხლეც კი,
რადგან თუ უცხონი მშვიდად დამორჩილდნენ მის ბრძანებას, მით უფრო მეტად უნდა
დამორჩილებოდნენ მოწაფენი თავიანთ მოძღვარს“. და დაასხეს მას ზედა სამოსელი. არ
იცოდნენ, რომელ პირუტყვზე ინებებდა უფალი დაჯდომას, ამიტომ მისდამი პატივისცემის
ნიშნად მათ ორივეს გადააფარეს თავიანთი სამოსელი, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო ჯდომა,
და დაჯდა მას ზედა, დაჯდა ჩოჩორზე, რითაც მიემსგავსა თავის წინაპარს - მეფე დავითს,
და დაჯდა იმიტომ, რომ „მოეცა ჩვენთვის წესი ცხოვრებისა, - როგორც ამას ამბობს წმ.
ოქროპირი. ისე, რომ მომხდარიყო, რომ ვინმეს უძლურების გამო დაჭირებოდა პირუტყვი,
იესო ქრისტემ გვაჩვენა, რომ ცხენებისა და დიდი ულაყებისათვის კი არ უნდა
მიეშურებინა, არამედ სახედარსაც უნდა დაჯერებულიყო, და აუცილებელზე მეტი არ ესურვა.
ეტლით კი არ წავიდა, როგორც იქცევიან ჩვეულებრივ ქვეყნიური მეფენი, არ მოითხოვა
ძღვენი, არ მოახვია შიში გარეშე მყოფთ, არ იახლა თან შუბისმტვირთველნი, არამედ აქაც
გვაჩვენა უდიდესი სიმდაბლე. შეეკითხეთ რომელიმე იუდეველს, თუ ახსოვს რომელიმე მეფე,
რომელიც ჩოჩორზე მჯდარი შესულა იერუსალიმში; იგი ვერცერთს ვერ დაგისახელებს, არამედ
მხოლოდ იესოს“ - „კეთილი და ერთგული მწყემსი, - ამბობს წმ. მეთოდი პატარელი, -
მოდის რათა დასდოს სიცოცხლე თავისი ცხვრებისათვის, მოდის ღმერთი ეშმაკთან
შესარკინებლად, არა გაცხადებული ძლევამოსილებით, რომელსაც თვალიც კი ვერ უძლებს,
არამედ უძლური სხეულით, რათა შეიპყრას ძლიერი, - მოდის მეფე მტანჯველის წინააღმდეგ
არა ყოვლისმპყრობელის ძლიერებით, არამედ სიბრძნით, ჯვარის გამო თითქოს შეშფოთებული,
რათა მისი მეშვეობით გამოიხნას გველისაგან მიტაცებული, სიბრძნე გადაიხადოს
უკეთურებისათვის“ - როცა მოძღვარი დაჯდა, უცნაური მსვლელობა ისევ გაგრძელდა
დინჯად, რაც დამახასიათებელია ასეთი შემთხვევებისთვის, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი,
- მოწაფენი უდავოა, რომ საბელით უძღვებოდნენ წინ, როგორც სახედარს, ისე პატარა
ჩოჩორს მის გვერდით. ახლა უკვე დიდი წინასწარმეტყველი აღარ იფარებოდა
მრავალრიცხოვან ხალხში და ყველასათვის დასანახი გახდა: და ეს მსვლელობა მთელი
თავისი უბრალოებით, იძენდა რაღაც განსაკუთრებულ ზეიმურობასა და სიწმინდეს; სხვათა
შორის, ამიტომაც იყო, რომ ძველ დროს ცხოველებს, რომელთაც ჯერ არ ჰქონდათ უღელი
დადგმული, განსაკუთრებით არჩევდნენ საღვთო საქმისათვის; სახედარი ძველი დროიდან
აღმოსავლეთში მიჩნეული იყო მშვიდობის სიმბოლოდ, არ გამოიყენებოდა ომებსა და
ბრძოლებში“. ამასთან, სულ უფრო მატულობდა ხალხი, ქალაქში სწრაფად გავრცელდა ცნობა
იმის შესახებ, რომ დიდი წინასწარმეტყველი გალილეიდან მიდიოდა იერუსალიმში. ამიტომ
ყველა გაეშურა მისკენ, რათა შეხვედროდა ლაზარეს მკვდრეთით აღმდგენელს;
იერუსალიმიდან გამოსულებიც კი შეუერთდნენ იმათ, რომლებიც ბეთანიიდან უფალს თან
ახლდნენ. ერთი უბრალო შეხედვაც კი მდაბალი მეუფისა, უკვე ყველას ახსენებდა ზაქარიას
წინასწარმეტყველებას. მოეცვა რა ხალხი დიდებულ აღფრთოვანებას, ყოველი ადამიანი
ცდილობდა გულმოდგინებაში სხვას გარდამეტებოდა: ხოლო უმრავლესი იგი ერი, ბაძავდა რა
ქრისტეს მოწაფეებს, რომელთაც თავიანთი მოსაცმელები სახედარზე დაეფინათ, ყოველგვარი
სამკაულების მაგივრად იხდიდა და დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა; და სხუანი
მიჰკაფდეს რტოებსა სხვადასხვა ხეთაგან, რომლებიც კი ხვდებოდათ გზის მახლობლად და
არხევდნენ ამ ტოტებს ჰაერში და ყრიდნენ დაუფენდეს გზასა ზედა, იესო ქრისტეს წინ.
პალმის ტოტები აგონებდნენ ებრაელთა დიდ დღესასწაულს და დავით მეფის 117-ე ფსალმუნს,
რომელიც იგალობებოდა ამ დღეს, რის გამოც იგი ზეპირად იცოდნენ პატარა ბავშვებმაც კი.
იერუსალიმში შემავალი ქრისტე მაცხოვარი ხილულად ემსგავსებოდა იმ ლოდს, რომელიც
შეურაცხყვეს მაშენებლებმა, მოისროლა სინედრიონმა, მაგრამ დავითის სიტყვისამებრ,
უნდა მოქცეულიყო სათავეში და საკვირველი უნდა გამხდარიყო მთელი იუდეველი ერისათვის.
და აი, დადგა ნაკურთხი დღე, როცა გაცხადდა მისი სიტყვები, როგორც ისრაელის მეუფისა:
„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“ (ფს.
17,24). და უნებურად ყველას თავში მოსდიოდა ფიქრი და ბაგენითაც წარმოსთქვამდნენ
შემდგომ სიტყვებს ამ წინასწარმეტყველებითი ფსალმუნიდან: „ჰოი უფალო, მაცხოვნე მე,
ჰოი უფალო, წარმიმართე მე. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა; ღმერთი უფალი
და გამოგვიჩნდა ჩუენ“ (ფს. 17, 24, 26, 27). და აი, ყოველი მხრიდან, უფრო და უფრო
ხმამაღლა გაისმოდა ეს ფსალმუნისეული ოსანა! და ერი იგი, რომელი წინა უვიდოდა და
რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა, შვება, შეწევნა ღმერთო, ძესა
დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ღვთისაგან გამოგზავნილი
ისრაელის ღმერთსა, რომელსაც ჩვენ ასე დიდხანს ველოდით მოუთმენლად, რომელზეც დიდი
კეთილმოსაობით აუწყებდნენ ჩვენი წინაწარმეტყველები! კურთხეულ არს მოსლუა მეუფისა
სახელითა უფლისათა დავითის მამისა ჩუენისა“ (მრკ. 11,16). მშვიდობა ცათა ზედა
დიდება მაღალთა შინა (ლკ. 19,38). ოსანა შეგვიწყალე ღმერთო, რომელი ხარ მაღალთა
შინა.
საერთო აღფრთოვანება კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა მსვლელობამ მიაღწია ელეონის ბოლო
შემაღლებას, საიდანაც, როგორც სურათი, ისე იშლებოდა მთელი იერუსალიმი, ის
იერუსალიმი, რომელზე ფიქრიც აღაფრთოვანებს ყოველი ებრაელის გულს; იერუსალიმი,
რომელსაც არასოდეს ივიწყებდა და არ ივიწყებს ებრაელი დღესაც კი; იერუსალიმი, წმიდა
ქალაქი, ზეციური მეუფის ქალაქი, ისეთი საყვარელი, ისეთი ძვირფასი ებრაელისთვის, რომ
მასზე, როგორც სიწმიდეზე, ფიცულობდა იგი. „უკეთუ დაგივიწყო შენ იერუსალემ“ -
ამბობდნენ იუდეველები, - „დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი“. ჩვენთვის ძნელია მთელი იმ
სილამაზის წარმოდგენა, რითაც ბრწყინავდა მაშინ ღვთის ქალაქი. პირველად, წინა
პლანზე, დიდი უფსკრულის თავზე აღიმართებოდა იერუსალიმის ტაძარი, რომელიც უამრავი,
ბრწყინვალე თეთრი მარმარილოს სვეტებით წააგავდა უზარმაზარ ოქროსგუმბათიან მყინვარს,
საიდანაც არეკლილი მზის სხივები უამრავ ელვარებად აღიქმებოდა. გარეგანი დიდებულება
მისი კიდევ უფრო ახსენებდა ყველას დავითისა და სოლომონის ბედნიერ დროთ, მაგრამ
რომაული არწივებით მორთული ანტონის ციხე, თავისი დიდი კოშკით, ტაძარს ზემოდან რომ
გადმოჰყურებდა, გამოხატავდა იმ სიმდაბლესა და დამცირებას, რაშიც იმყოფებოდა მაშინ
ღვთის ერი. იქვე ხვდებოდა თვალს პილატეს პრეტორიაც: ხოლო მღვდელმთავართა სასახლეები
ტაძართაგან გამოყოფილი იყო უფსკრულებით, თითქოს მამა ღმერთის სამკვიდრებლისაგან
სულიერი მორიდების ნიშნად. ამ სანახაობათა შორის, რომელთაგან თითოეული გამოხატავდა
მშობლიური ქვეყნის ძველ დიდებასაც და მაშინდელ დამამცირებელ მდგომარეობასაც. ყველას
მზერა უნებურად მიმართული იყო იესოსკენ, რომელსაც იერუსალიმში ხილულად მიჰქონდა
მისი ძველი წმიდა დიდება. ჩანდა,რომ მესიის დიდებული მეფობის იმედი, უკვე მზად იყო,
რათა სინამდვილეში აღსრულებულიყო“ (მთ. ეპ. ინოკენტი). ცოცხლად წარმოუდგა ხალხს ის
სასწაულები, რომლებიც მოახდინა უფალმა, ამიტომ ყოველი მხრიდან იმატა ხეთა რტოებმა,
უფრო ხმამაღლა და ხშირად გაისმოდა ოსანას შეძახილი. უფალი ხედავდა, რომ ეს სახალხო
სიხარული გამოწვეული იყო განუხორციელებელი სურვილებით ეხილათ მასში ქვეყნიური მეფე;
მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ახლა უკვე ხალხი მასში ხილულად ცნობდა აღთქმულ
მესიას, ამიტომაც უფალი აღარ ეწინააღმდეგებოდა მათი გულწრფელი სიხარულის
გამოჩენას. უფალი ყოველივე ამაში ხედავდა თავის ზეციური მამის ნების აღსრულებას,
წინასწარმეტყველთაგან დიდი ხნის წინათ რომ იყო თქმული; ხედავდა, რომ ახლა თითქოს
თვით ზეციური მამა მიანიშნებდა მასზე მთელ იუდეველ ხალხს, როგორც მოსულ მესიაზე.
მხოლოდ მისი მტრებისთვის ხალხის აღტაცების მთელი ეს სანახაობა აუტანელი იყო,
მაგრამ ეშინოდათ ამის გამოხატვა, რადგან მთელ ამ ზეიმურობაში იყო ჩადებული
ხალხის სიყვარული მამულისადმი; როგორ შეიძლებოდა ხალხის განსჯა ამისათვის? საქმის
მსვლელობა კი აჩვენებდა, რომ გალილეველი მასწავლებელი მალე შეიძლება გამხდარიყო
მათი მბრძანებელი - მაგრამ სულ გაჩუმებაც ძნელი იყო მათთვის. ამიტომ ბოროტმა
ორგულებმა მიიღეს ისეთი ტონი, რომელიც უვნებლად და კეთილ სურვილად მოეჩვენებოდა
მათ, ვინც ქრისტეს მტრებს არ იცნობდნენ. მოძღვარო, უთხრეს მათ, შეაგნებინე შენს
მოწაფეებს: ეს არ არის უსაფრთხო არც შენთვის და არც ხალხისთვის,- ამას შეიძლება
მიაქციონ ყურადღება რომაელებმაც. იმათ, რა თქმა უნდა, შეიძლება მიიჩნიონ, რომ მარტო
მოწაფენი კი არ დღესასწაულობენ, არამედ ზეიმობს მთელი ხალხი; მათ სურთ, დაამდაბლონ
უფლის მსვლელობა, - ყოველივე ეს მოაწყეს შენმა მოწაფეებმა, მათ გამო კი სიმძიმეს
გადაიტანს მთელი ხალხი. ასე ირთობდა თავს უძლური ბოროტება! რას შვრება უფალი?
გულთამხილავმა იცოდა, როგორი გულიდან გამოდიოდა ეს სიფრთხილის რჩევა; არ ამხილა რა
პირდაპირ, მხოლოდ უთხრა: ისინი რომ გაჩუმდნენ, ქვები იღაღდებენ: ასეა განსაზღვრული
ზეციდან“ - ეს იყო წაინასწარმეტყველებაზე მითითება; ფარისევლებმა კარგად იცოდნენ
საღვთო წერილი და ამიტომ იძულებულნი გახდნენ დადუმებულიყვნენ. ექვსი დღის შემდეგ,
მაცხოვრის ქვეყნიური სიკვდილის ჟამს, გაცხრილული ქვები, თვით საქმით ამოწმებდნენ
ჩვენი უფლის სიტყვების ჭეშმარიტებას.
„სახე იერუსალიმისა, რომელსაც მალე დანგრევა ელოდა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, -
არამდგრადობა ხალხისა,რომელიც ხუთი დღის შემდეგ ნაცვლად „ოსანასა“ პილატეს
შესძახებს: „აღიღე, აღიღე, და ჯვარს აცვი ეგე“, და განსაკუთრებით კი ეს, უნებურად
გამომჟღავნებულმა, და მაინც აუცილებლობის გამო ფარისეველთა ბოროტების
თავშეკავებულმა გრძნობამ, ჩვენი მხსნელის უწმიდეს სულში გამოიწვია ღრმა ტკივილები,
რაც კიდეც აისახა მის ღვთაებრივ სახეზე. შესაძლოა ზუსტად იმ ადგილას, სადაც 38 წლის
შემდეგ განლაგდნენ რომაელთა ლეგიონები, რომელთაც დააქციეს წმიდა ქალაქი, ლეგიონები,
რომელთაც უფალი უკვე ჭვრეტდა თავისი ყოვლისმხილველი თვალით, მან უცებ
შეაჩერა სახედარი და უსიტყვო მზერა მიაპყრო იერუსალიმს. იგი იქ თითქოს სულიერი ცხოვრების ნიშანს
ეძებდა. უხვი ნიაღვარი ცრემლებისა, მისი თვალებიდან რომ
გადმოდინდა, ამოწმებდნენ იმას, რომ რასაც ეძებდა, ვერ იპოვა - ლაზარეს საფლავთან იგი
აფრქვევდა ცრემლებს ხმის ამოუღებლად. აქ კი მოსთქვამდა ქალაქს, რომლის გადარჩენა
განადგურებისაგან უკვე გვიან იყო; იგი დასტიროდა თავის მშობელ ხალხს, რომელსაც
უკვე ვეღარ მოარიდებდა მომავალ უბედურებათ. ოჰ, ნეტავი კი შენ, - შესძახა მან, -
ნეტავი შენ, თუნდაც ამ დღეს, შეიგნო, რა არის საჭირო შენს გადასარჩენად! მაგრამ ეს
ახლაც, როგორც უწინ, შენი თვალებისთვის დაფარულია, მხოლოდ შენი თვალებისთვის! „და
დაგიდგება შენ დღენი“, და მე უკვე ვხედავ მათ: ისინი არ არიან შორს, „რამეთუ
მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი, და გარემოგადგენ
შენ და შეგკრიბონ შენ, ყოვლით-კერძო და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის
დაეცნენ, და არა დაჰშთეს ქუა ქუასა ზედა შენ შორის, ამისთვის, რამეთუ არა
გულის-ხმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისა“ (ლკ. 19, 42-44), როცა ღმერთი ჩემი
მეშვეობით, გთავაზობდა შენ გადარჩენას!
გულთამხილავის წინაშე მომავალი ისეთივეა, როგორც ახლანდელი: იგი ხედავს, როგორც
ახლა, ერთ დროს საყვარელი ხალხი როგორ მოიძულება ღვთისგან, როგორ იავარყოფენ
რომაელთა ლეგიონები ახლა მედღესასწაულე იერუსალიმს, როგორ დაინგრევა მისი კედლები,
დაიწვება ტაძარი, ასობით ათასი იუდეველი განიგმირება მახვილით, სხვა ასობით ათასები
კი ტყვედ იქნებიან წაყვანილნი მაღაროებში, და ისრაელი, როგორც ქარისაგან მტვერი,
მიმოიბნევა მთელ დედამიწაზე, იქცევა იგავად და საძაგელად მთელი ხალხებისათვის: -
ხედავს ყველაფერ ამას და შეუკავებელი ცრემლები ნიაღვრებადა სდის ღვთიურ თვალთაგან!
- ვინ ამბობდა, ვინ ტიროდა ასე იერუსალიმისათვის, იგი არ იყო ხალხის მომატყუებელი,
როგორც ცილსა სწამებდნენ მას ფარისეველები, მას არ სურდა უბედურება თავისი
მამულისათვის.
დადგა დრო წინ გადაადგილებისა: კედრონის ველზე, ელეონის მთის მწვანე კალთებზე,
მჭიდროდ იყო ჩადგმული კარვები იერუსალიმში შორიდან ჩამოსული მლოცველებისა. გაიგონეს
რა საზეიმო შეძახილები, რითაც იცნეს, რომ მოდიოდა იესო, მლოცველებიც ჯგუფ-ჯგუფად
იქითკენ გაეშურნენ ისე, რომ როცა უფალი შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი მოვიდა
მღელვარებაში. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალიმად, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი.
ყველას, ვისაც ჯერაც არ მოესწრო ქალაქიდან გამოსვლა, სურდა გაგება: რას ნიშნავდა ეს
ზეიმურობა? ყოველნი კითხულობდნენ და იტყოდეს: ვინ არს ესე? აზრი, რომ ეს იყო იესო,
უცებ არ შეიძლება მოსვლოდა იმას, ვინც იცოდა მისი ადრინდელი თავმდაბალი ქცევა და
ამასთან - მკაცრი განაჩენი სინედრიონისა. მით უფრო ერი იგი, რომელიც ახლდა უფალს,
განსაკუთებით კი მისი მშობლიური გალილეიდან ამოსულნი, ეტყოდა: სიხარულით მიუგებდა
მას: ესე არს წინასწარმეტყუელი იესო, ნაზარეთით გალილეასათ. მსვლელობა მიიმართებოდა
პირდაპირ ტაძრისაკენ, რომელიც ყოველთვის ერთადერთი და ბუნებრივი თავშესაფარი
იყო ღვთის ძისა. ასევე იქცეოდნენ მოგზაურნიც, როცა ჩამოდიოდნენ დღესასწაულზე. სურდათ რა
უპირველესად წარმდგარიყვნენ თავიანთ მამათა ღმერთის წინაშე და ჩამოვიდა ახალგაზრდა
სახედრიდან, სანდლები დატოვა ტაძრის შესასვლელთან, და შევიდა იესო ტაძარსა მას
ღმრთისასა, და თვალი შეავლო ყოველივეს, რაც კი ტაძარში არსებობდა. შეიძლება
გეფიქრა, რომ იგი, როგორც ტაძრის უფალი, ახლა მთლიანად გამოაჩენდა თავის უფლებებს
და განზრახული ჰქონდა ანგარიში მოეთხოვა მათთვის, რომელთაც მის არ ყოფნაში ტაძარი
ჰქონდათ ჩაბარებული. იმ დროს კი, იერუსალიმის ტაძარში ბევრი უწესრიგობა ხდებოდა,
რომელიც აღძრავდა ეჭვიანობასა და უკმაყოფილებას ჩვეულებრივ სიკეთის მოშურნეებში.
მით უფრო არ შეეძლო ამის დათმენა ღვთის ძეს. ტაძრის გარეთა შესასვლელები, მორწმუნეთა
ნაცვლად, სავსე იყო გადამყიდველებით, რომელთაგან ერთნი ყიდდნენ იმას, რაც
მსხვერპლშეწირვისათვის იყო საჭირო, სხვები ცვლიდნენ უცხოურ ფულს ებრაულში. უამრავი
გადამყიდველი, მაგიდები ფულით, შესაწირი პირუტყვები, ვაჭრობა, კამათი, მოტყუება,
უთანხმოებანი. ყოველივე ეს სოლომონის სტოას ამსგავსებდა ხმაურიან ბაზარს მაშინ,
როცა ეს სტოა სჯულისამებრ განკუთვნილი იყო წარმართებისათვის, რათა იქ შესულებს
ელოცათ, რადგან მათ ეკრძალებოდათ შესვლა იმის იქით. და აი, გულის კარნახით აქ მოსულ
გონიერ ბერძენსა და რომაელს, დამოძღვრის ნაცვლად, ხვდებოდა სავაჭრო შფოთი, განა
გასაკვირი იქნებოდა, რომ მას ასეთ ვითარებაში ისრაელთა ღმერთის კეთილმოსაობის
ნაცვლად გასჩენოდა ცუდი ფიქრები ღვთის მსახურებასა და მსახურებაზე? ამგვარად, ღვთის
წმინდა სახელი აუგად იხსენიებოდა წარმართებში ისევ ისრაელთა მიზეზით. და სხვათა
შორის მთის ძირში, რომელზედაც ტაძარი იდგა, მის მიღმა, საკმაოდ იყო თავისუფალი
სივრცე, სადაც შეიძლებოდა გადამყიდველებს თავიანთი საქმე ეკეთებინათ. მაგრამ იქ
იმათ დიდი მოგების იმედი არ ჰქონდათ. ანგარება იყო სული ამ უწესრიგობისა, და მას
მფარველობდნენ თვით ხელმძღვანელები ტაძრისა, იესო ქრისტემ, ჯერ თავისი მსახურების
დასაწყისში, განდევნა ტაძრიდან მოვაჭრენი, ახლა ეს საქმე კიდევ უფრო საჭირო გახდა.
ინება რა საჯაროდ, ყველას მიერ დავითის ძედ წოდება, ანუ მესიად, ამით მან თითქოს
დააკისრა ხალხის წინაშე თავს, წინაღდგომოდა ყოველგვარ უწესრიგობას
ღვთისმსახურებაში, მას არ სურდა ქადაგება ასეთ შერყვნილ ადგილას. და აი, ღვთისგან
მოვლინებულის სახით, იმ ხმით, რომლის წინაშეც მუდამ ძრწოდნენ მოუნინანიებელი
ცოდვილები და ორგულნი, მან მოითხოვა, რომ სტოა დაუყოვნებლივ გაეწმინდათ. მოწაფეები,
მლოცველები, იერუსალიმის მკვიდრნი, უცხოელები, - ყველამ მოიწონა ასეთი მოთხოვნა,
თვით მევაჭრეებმა იგრძნეს, რომ არ იდგნენ თავიანთ ადგილას, ამიტომ უსიტყვოდ
დაემორჩილნენ მას. ზოგიერთებმა კი სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამით
გამოიწვიეს ხალხის გაღიზიანება, რომელიც დავითის ძის ბრძანებას იღებდა, როგორც თვით
ღმერთის მოთხოვნას (მთ. ეპ. ინოკეტი). ადრეც ბევრჯერ ყოფილა იგი ტაძარში, მაგრამ
ახლანდელმა მისმა საზეიმო შესვლამ, განსაკუთრებით ცხადად გაახსენა ყველას მალაქიას
ძველი წინასწარმეტყველება: „უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ
ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ, აჰა, მოდის“ (მალ. 3,1) და გამოასხა
ყოველი იგი განმსყიდუელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი
მეკერმეთა მათ დაამსუა დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთა მათ დაუქცია, და არავის
მისცა ნება, რომ ტაძარში შეეტანა უცხო ნივთი „მან განდევნა ვაჭრები, რითაც აჩვენა,
რომ ყოველივე მამის კუთვნილი, ეკუთნოდა მასაც. მას სურდა ეჩვენებინა, მსხვერპლის
შეცვლაც, განდევნა რა ტაძრიდან ხარები, ცხვრები და მტრედები. მან ამით გვაუწყა
წინასწარვე, რომ აღარ არის მეტად საჭირო მსხვერპლშეწირვა და პირუტყვის დაკვლა,
არამედ საჭიროა ლოცვა (ნეტარი თეოფილაქტე), ამიტომ თავის უფლებით მოქმედებას უფალმა
დაურთო ასევე ხელმწიფური სიტყვა მხილებისა და სწავლისა: და რქუა მათ: წერილ არს:
ისაია წინასწარმეტყველთან: სახლსა ჩემსა სახლ სალოცუელ ეწოდოს, ხოლო თქუენ, თქვენი
ანგარებით გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა, როგორც გამოთქვამს სხვა წინასწარმეტყველი
იერემია (ისაია 56,7; იერ. 7,11). ეს ტაძარი უნდა იყოს ტაძარი მთელი ქვეყნისა, სადაც
შეეძლება საყუდელის პოვნა ყველა ამაღლებულ და კეთილ სულს, რომელიც ეძებს თავის
მამას, მით უმეტეს, რომ მაცხოვრის მოსვლის ჟამს, მრავალღმერთიანობამ დაცემა იწყო,
თვით წარმართებს შორის უფრო მეტად ისეთმა ადამიანებმა იწყეს გამოჩენა, რომლებიც
ითხოვდნენ თაყვანისცემას ერთი ღმერთისა და ბევრი მათგანი მოდიოდა იერუსალიმში,
სურდა რა ეხილა იუდეველთა ღვთისმსახურება და ზოგი მოსეს სჯულსაც ღებულობდა, ასეთ
ვითარებაში ცხადია, როგორი მნიშვნელობა ჰქონდა მოწესრიგებულ ღვთისმსახურებას
იერუსალიმის ტაძარში და როგორ საჭირო იყო სტოა ამ ტაძრისა, რომლის იქითაც
წარმართებს არ შეეძლოთ შეღწევა.
განმარტავს რა მოვაჭრეების მიმართ წარმოთქმულ მკაცრ სიტყვებს მაცხოვრისას, ნეტარი
თეოფილაქტე ამბობს „შეხედე შენც, რათა ღვთის ტაძარი, ანუ შენი სული არ გახადო
ავაზაკთა თავშესაფარი, ანუ დემონთა სამყოფელი. და ეს მოხდება, თუ ჩვენ გვექნება
ზრახვები მიწიერ საგნებთან ვნებიანად მიჯაჭვული, გულისთქმები ყიდვა-გაყიდვაზე, თუ
ვიქნებით ვერცხლის მოყვარენი იქამდე, რომ გავირჯებით თითოეული მცირეოდენი
კაპიკისათვისაც კი, ჩვენ თავად გავხდებით ავაზაკთა ბუნაგი, თუ ვიწყებთ გაყიდვასა
და დაკარგვას მტრედებისა, ანუ ვერ შევინახავთ ჩვენში სულიერ სიკეთეებს“, - „თქვენ
უსმენთ თვით ღმერთს, რომელიც გიცხადებთ, რომ ტაძარი არის ღვთის სახლი, - ამბობს
მიტრ. ფილარეტი, - დაფიქრდით ამაზე „რომელნი ჰსდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა
ღვთისა ჩუენისათა“ (ფს. 133,1), როცა მოხვდები ღვთის სახლში, დაფიქრდი, როგორ
ახლოსაა ყველგანმყოფი, აქ არის ღმერთი, ჩვენთან სიახლოვეშია იგი, მისი დიდება
გვიფარავს ჩვენ, წმინდა ზეციური ძალები არიან ჩვენს გარშემო და ჩვენს შორის. როგორ
არ იძვრის მიწა? - როგორ არ ქრება ცოდვილი? აქ არის ყოვლადძლიერი ღმერთი: „დაე, კეთილად ძრწოდეს
მის წინაშე მთელი დედამიწა“. დაე, დამდაბლდეს ადამიანი მის წინ! დაე,
შეძრწუნდეს ცოდვილი! აქ არის ყოვლადკეთილი ღმერთი! დაე, ადიდებდეს მას ყოველი
სული! დაე, ინუგეშოს უნუგეშომ! ნუ მოიწყენს ცოდვილი! თვით ღმერთი უწოდებს
ტაძარს თავის სახლად, მაგრამ სახლად ლოცვისა ტაძარი უნდა გადაიქცეს ადამიანის
მეშვეობით. იერუსალიმის ტაძარში დადგენილი ლოცვები აღესრულებოდა მუდმივად: მის
დროს გალობდნენ ფსალმუნებს და სწირავდნენ მსხვერპლს, როცა მასში გამოჩნდა უფალი
ჩვენი: რამ აქცია ეს ტაძარი ავაზაკთა ბუნაგად?.. ანგარების სიყვარულმა და
მიწიერმა საქმემ. ანგარების ძიებამ, ღვთის სახლში გახადა გამყიდველნიცა და
მყიდველნიც ისეთი საზიზღარნი ტაძრის მეუფის თვალში, როგორც მტაცებელი
ავაზაკები. და როგორც ყოველი ვნება საზიზღარია ღვთის წინაშე, ყოველგვარი
ცხოვრებისეული საზრუნავი შუფერებელია ღვთის სახლისათვის; მაშინ იფიქრე, ღვთის
წმინდა ტაძარში მოხვედრილო: როგორ შედიხარ იქ და რას ღებულობ შენ იქიდან?“
მაგრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ, თუ ცოდვილი ფიქრები არ გვტოვებენ ღვთის ტაძარშიც,
თუ ისინი, როგორც დაწყლულებული ჭრილობები ტაძრის სიწმინდეშიც აფრქვევენ
ბოროტებას?.. ტაძრის მეუფის ფერხთან გაბედულად უნდა მოვიცილოთ ჩვენი სისუსტენი;
უნდა შევთხოვოთ მას, რათა არ მოგვირიდოს თავიდან, არამედ განკურნოს ჩვენი
უძლურებანი ისე, როგორც თავის დროს კურნავდა ყველას, ვინც კი რწმენით ეახლებოდა
მას იერუსალიმის ტაძარში. და მოუხდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას
შინა, შეიკრიბნენ მის გარშემო, როგორც ყველა გაჭირვებულის საერთო ბეგობართან,
და მან განჰკურნა იგინი. „სასწაულების ასეთ სიუხვეს უფრო მეტად უნდა
გაეძლიერებინა საყოველთაო სიხარული, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი. - საზეიმო
„ოსანა“ თავიდან გაისმა თვით ტაძარში. განსაკუთრებით შემძვრელი იყო პატარა
ბავშვების ქცევა, რომლებიც ბაძავდნენ რა უფროსებს, იმეორებდნენ: „ოსანნა ძესა
დავითისასა“. იესო ქრისტე ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი ბავშვებისადმი,
რომელნიც უშუალო და გულგახსნილი ბუნების გამო, ყველასთვის არიან საყვარელნი“.
მაგრამ მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა თავიანთი გულბოროტების გამო შეგნებულად
დახუჭეს თვალი, რათა არ დაენახათ ქრისტეს სასწაულები; წყენითა და საყვედურით
ეუბნებოდნენ ისინი ერთმანეთს: ხედავთ, ჩვენ აღარაფერი გვშველის? მთელი ქვეყანა
მისდევს მას! ხოლო როცა ბავშვები, თავიანთი უდანაშაულობის გამო, უშიშრად ისევ
აგრძელებდნენ ტაძარში „ოსანას“ ძახილს, ეს ორგულები აენთნენ სიძულვილით: და
ვითარცა იხილეს მღუდელ-მთავართა მათ და მწიგნობართა, რომელ იგი ჰქმნა
სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს:
ოსანა ძესა დავითისასა! განჰრისხეს, და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა ესე იტყვიან?
მათ თავად ხომ არც კი ესმით, რას გაიძახიან: ნუთუ შენთვის დიდი პატივია ასეთი
ქება? მაგრამ უფლის ბოროტმა მტრებმა მოისმინეს მისგან ღვთაებრივი პასუხი: ხოლო
იესო ჰრქუა მათ: ჰე! დიახ, მესმის. მაგრამ გეკითხებით თქვენ: არა სადა
აღმოგიკითხავსა, ვითარმედ პირისა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართათა დაამტკიცე ქება?“
(ფს. 8,3). ეს არ არის უაზრო შეძახილები, არამედ სუფთა გულის ძახილი,
რომლისთვისაც თქვენც უნდა დაგეგდოთ ყური. თქვენ, რომელთაც იცით წერილი, ისიც,
რასაც ამბობდა ფსალმუნთმგალობელი ღვთის სიტყვაზე, ასე ცოცხლად რომ მოქმედებს
ჩვილ ბავშვებზე, რომ ბავშვებიც კი უგალობენ ღმერთს საქებარს არა ხელოვნურს,
არამედ უფრო გულწრფელს, გულითადს, და ამ თავიანთი გრძნობებით ანადგურებენ ღვთის
მოწინააღმდეგეთ. იმის ნაცვლად, რომ დასცინოთ ბავშვებს, უმჯობესი იყო, მათ გულწრფელ შეძახილებს სირცხვილი აღეძრა თქვენში: ეს მცირეწლოვანები,
მიცნეს რა მესიად სიყრმისას, თავიანთი უბრალოებით, თავიანთი მაგალითით, თქვენ,
ასაკში შესულთ, სიკეთეს გაგებინებენ. მართალია ისინი არიან ბავშვები, მაგრამ
მათი ბაგეებით მეტყველებს წმინდა სული. წმ. ოქროპირი შენიშნავს: კარგადა სთქვა
მან: „მათი ბაგენით“, რადგან მათი სიტყვები მომდინარეობდა არა გონებიდან,
არამედ ღვთისავე ძალა ამოძრავებდა მათ არასრულ ენას. ეს გამოხატავდა ასევე
წარმართებსაც რომლებიც უწინ დუმდნენ, ხოლო შემდეგ უცებ დაიწყეს უწყება დიდი
ჭეშმარიტებებისა დაჯერებითა და რწმენით, და არამცირედი ნუგეში სცეს მოციქულებს.
კერძოდ, რათა მოციქულები არ ყოფილიყვნენ ეჭვში, რომ აქამდე უბრალო და უსწავლელ
ადამიანებს, როგორ შეეძლოთ ექადაგათ ხალხში, ყრმებმა ადრევე გაანადგურეს მათში
ყოველგვარი უნდობლობა და ჩააგონეს მათ მტკიცე იმედი, რომ ის, რომელმაც ასწავლა
ყრმებს უფლის ქება, იმათაც გახდიდა ტკბილადმოუბართ“.
უფალმა საჭიროდ არ მიიჩნია თავის პასუხში მტრების მიმართ მოეტანა შემდგომი
სიტყვები ფსალმუნისა: „მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი“ (ფს. 8,2). უფლის მტრებმა და
შურისმგებლებმა თავად გაიხსენეს ეს სიტყვები და დადუმდნენ. უფალი, საღამომდე
დარჩა ტაძარში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასწავლიდა რა ხალხს
საუბრებით, მხოლოდ საღამოს მიატოვა მან ტაძარი: და უტევნა იგინი, და განვიდა
გარე ქალაქით, თავისი თორმეტი მოწაფის თანხლებით, ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
„იქ, მეგობართა შორის, შეეძლო მისცემოდა სიმშვიდეს, განსაკუთრებით რომ
სჭირდებოდა ისეთი დღის შემდეგ, რომელიც როგორც მისთვის ისე იერუსალიმისთვის იყო
გამორჩეული და განსაკუთრებული“, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი. ნიშანდობლივია, რომ
„იერუსალიმში შესასვლელად უფალმა გამოირჩია სწორედ ის დღე, რომელზედაც ყოველ
ოჯახში ებრაელები ირჩევდნენ შესაწირ ტარიგს პასექისათვის. ვინ ხედავდა პასექის
ტარიგის პირველსახეს ღვთის უდიდესი ტარიგისა, რომელმაც იტვირთა ქვეყნის
ცოდვები? - ასეთები კი იყვნენ, - ამიტომაც დროის ასე დამთხვევა ბევრის
მასწავლებელი იყო. სინამდვილეში: იერუსალიმში დიდების შესვლის შემდეგ, დანარჩენი
დღეები მის სიკვდილამდე, იესო ქრისტე ტრიალებდა ხალხში, როგორც მსხვერპლი,
დასაკლავად განწირული: ეს დღეები, როგორც თავად მან, ისე მისმა მტრებმა,
გაატარეს მისი სიკვდილისათვის მზადებაში“.
„რას ნიშნავს უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში? - კითხულობს მიტრ. ფილარეტი. -
რა საჭირო იყო ამდენი სასწაულები? რა ნაყოფი გამოიღო ასეთმა დიდებულმა, მაგრამ
ამავე დროს, ასე სწრაფად გავლილმა სიონის მეუფის გამოჩენამ? როგორც ელვა, ისე
გაიხსნა იერუსალიმზე ზეციური სასუფეველი და როგორც ელვა, შავი ღრუბლებისგანვე
შთაინთქა იგი. იკრიბება ხალხი, რათა მიეგებოს სიმართლის მეფესა და
გადამრჩენელს, - უსამართლობას კი უკვე განუზრახავს დაღუპოს იგიცა და მისი
მადიდებელი ლაზარეც. ყრმები ჯერ კიდევ მთელი გულით გაიძახიან შეძახილებს
ეკლესიაში, - მმართველნი და მწიგნობრები კი, ბოროტებით რომ არიან სავსენი,
ვეღარ მალავენ თავიანთ სიძულვილს. დღეს, ამბობენ ასულნი სიონისანი: „მეუფე შენი
მოვალს შენდა“, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ასულნი სიონისანი, ანუ
იერუსალიმელნი იტყვიან: „არა გვივის ჩვენ მეუფე“ (ინ. 19,15), და თვით ეს
მეუფე, განეშორება მეფობის ხილულ მხარეს: „მეუფება ჩემი არა ამის სოფლისაგანი
არს“ (ინ.18, 38). დღეის შეძახილს „ოსანა ძესა დავითისასა“, სულ მალე შეცვლის:
„ჯუარს-აცვი ეგე“. რამდენად ბრწყინვალე მაგრამ, ამავე დროს, სწრაფად
გაუჩინარებული სანახაობაა ეს? არ ამჩნევთ, რომ დღევანდელი დღის დიდებაში უნდა
იყოს რაღაც საიდუმლო ჩადებული? დაე, გაგიხსნათ ეს საიდუმლო წმ. ოქროპირმა.
სახედარზე დაჯდომით, - ამბობს იგი, იესო ქრისტემ შეასრულა ყოველი
წინასწარმეტყველება: წინასწარმეტყველება საქმისა, როცა შეჯდა ვირზე, და
წინასწარმეტყველება სიტყვიერი, ანუ წინასწარმეტყველ ზაქარიას სიტყვები,
რომელმაც თქვა, რომ მეუფე იჯდება ჩოჩორზე. შეასრულა რა ეს წინასწარმეტყველება,
უფალმა, ამავე დროს, თავისი მოქმედებით მოგვცა სხვა წინასწარმეტყველება. როგორი
სახით? მან წინასწარ გვაუწყა ამით მოწოდება არაწმინდა წარმართებისა, ანუ ის,
რომ მათში იგი დამკვიდრდებოდა, ისინი მივიდოდნენ მასთან და შეუდგებოდნენ მას.
ამრიგად წინასწარმეტყველება მისდევდა წინასწარმეტყველებას. აქ ჩოჩორის ქვეშ
იგულისხმება ეკლესია და ახალი ხალხი, რომელიც ერთ დროს არაწმინდა იყო, მაგრამ
შემდეგ იმისა, რაც მასზე მოთავსდა იესო ქრისტე, განიწმინდა. შენიშნე, როგორი
სიზუსტეა ყოველ პირველსახეში: მოწაფენი აღხსნიან კარაულებს: იუდეველნიცა და
ჩვენს მოწოდებულნი ვართ ახალმადლიან ეკლესიაში მოციქულებისაგან, ჩვენც შევედით
მასში მოციქულების მეოხებით. ჩვენმა სანატრელმა და დიდებულმა მონაწილეობამ,
იუდეველებში აღძრა მოშურნეობა: სახედარი მიდის ჩოჩორის უკან და მართლაც, მას
შემდეგ, რაც იესო ქრისტე დაბრძანდება წარმართებზე, მაშინ იუდეველნიც, თავიანთი
მოშურნეობით, მივლენ მასთან, რასაც ცხადად გამოხატავს მოციქული პავლე, როცა
ამბობს: „რამეთუ სიბრძნე ჟამად შეჰყუა ისრაილისა, ვიდრემდე სავსება იგი
წარმართთა შემოჰხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაილი ჰსცხოვნდეს“ (რომ. 11,25-16).
ნათქვამიდან ჩანს, რომ ეს იყო წინასწარმეტყველება. წინააღმდეგ შემთხვევაში
საჭიროდ არ ჩათვლიდა წინასწარმეტყველი დაწვრილებით აღენიშნა ასაკი სახედრისა.
ნათქვამიდან ჩანს ისიც, რომ მოციქულები გარჯის გარეშე მოიყვანენ მათ. და
მართლაც, როგორც მოციქულებს არავინ შეეწინააღმდეგა, როცა მათ წამოიყვანეს
სახედრები, ასევე არავის შეეძლო მათი შეჩერება წარმართების მოწოდებისას, როცა
ისინი ინადირებდნენ იმათ გულს. - ქრისტე ჯდება ჩოჩორზე, რომელზეც დაფენილი იყო
მოციქულთა სამოსელი, ეს იმიტომ, რომ მოციქულებმა, წამოიყვანეს რა ჩოჩორი,
თავიანთი ყოველი მისცეს, როგორც ამბობს პავლე: „ხოლო მე ჯეროვნად განვლიო და
განვჰკფდე სულთა თქვენთათვის“ (2 კორ. 12,15). მაგრამ მიაქციე ყურადღება
ჩოჩორის მორჩილებასაც; სრულიად გასახედნი და საბელებს მიუჩვეველი ჩქარა კი არ
გავარდა, არამედ მიდიოდა წყნარად და მშვიდად. ესეც ნიშანია მომავლის
პირველსახისა, გამოხატავს რა წარმართთა მორჩილებასა და მათ უეცარ შემობრუნებას
კეთილგონიერი ცხოვრებისაკენ. ყოველივე ეს მოხდა სიტყვით: „აღჰხსენით და
მომგუარეთ მე“; და უწესრიგო გახდა კეთილმოწყობილი, და არაწმიდა გახდა განწმედილი“...
| |