|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფლის წინასწარუწყება თავის ჯვარცმაზე. ზებედეს ძეთა თხოვნა
მათე 20, 17-28
რაც უფრო ახლოვდებოდა წამების ჟამი, მით უფრო ხშირად ახსენებდა ამას თავის
მოწაფეებს უფალი, რათა თანდათან მოემზადებინა ისინი რწმენაში დიდი გამოცდისთვის.
დადგა ნისანის თვე, ჩვენებურად მარტი, როცა აღინიშნებოდა პასექი, იუდეველთა ყველაზე
დიდი დღესასწაული, ამიტომაც წავიდა უფალი იერუსალიმში. მახარებელი მარკოზი
შენიშნავს, რომ მოწაფენი, რომლებიც მას მისდევდნენ, შიშში იყვნენ. ჩანს, მათ
აწუხებდათ მტანჯველი წინათგრძნობანი. შეიძლება, თვით უფლის სახე აღძრავდა ამ
მწუხარებას მათში. მაგრამ ყოვლისმხილველი კითხულობდა მათ გონებასა და გულში ამ
საშიშროებას, ხედავდა, რომ მოწაფეებს არ უნდოდათ, რომ აღსრულებულიყო მათი ეს
მწუხარე წინათგრძნობა. ამიტომაც და ვითარცა აღვიდოდა იესო იერუსალემად, გზაზე
საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მათთვის მისი წამების აუცილებლობა,
„რათა ასეთი შეხსენებით ესწავლებინა და შეემსუბუქებინა მათთვის დარდი“ (წმ.
ოქროპირი). მაგრამ უფალს არ სურდა ხალხისათვის გაეხსნა ის, რაც უნდოდა ეთქვა
მოწაფეებისათვის, ამიტომ უფალი ელაპარაკა მათ ცალკე, პირისპირ: წარიყვანნა
ათორმეტნი იგი მოწაფენი თვისგან, რადგან თუ მოწაფეებმა ვერ გაიგეს საჭიროება უფლის
ტანჯვისა, მით უფრო დაბრკოლდებოდა ხალხი. მართალია, უფალი ამაზე ხალხსაც
ელაპარაკებოდა, მაგრამ არა ისე ცხადად, არამედ შეფარვით. იგი ასე ამბობდა:
„დაჰხსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“ (ინ. 2,19); „სასწაული არა
ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინასწარმეტყუელისაი“ (მთ 12,39); „მეძებდეთ მე
და არა მპოვოთ“ (ინ. 7,34). ხოლო მოწაფეებს ელაპარაკებოდა მთელი სიცხადით: „რიღასთვის
ლაპარაკობდა უფალი, თუ ხალხს არ ესმოდა მისი სიტყვების ძალა? - კითხულობს წმ.
ოქროპირი და პასუხობს: იმისათვის, რათა ხალხს შემდგომში ეცნო, რომ იესო ქრისტემ
წინასწარ უწყოდა თავისი წამების შესახებ და საკუთარი ნებით მიდიოდა აქეთკენ.
მოწაფეებს კი წინასწარ აუწყებდა კიდევ იმიტომ, რომ მოულოდნელ წამებას ძლიერ არ
შეეძრა ისინი. აი, რატომ ეუბნებოდა მათ დასაწყისში მხოლოდ თავის სიკვდილზე, ხოლო
როცა მათ დაიწყეს ფიქრი და თავის შემზადება ამისთვის, მაშინ გაუხსნა მათ ისიც, რომ
მას საწამებლად გადასცამდნენ წარმართებს, დასცინებდნენ და შეურაცყოფდნენ. ყურადღება
მიაქციე იმასაც, თუ როგორ ბრძნულად არჩევს იგი დროს ასეთი საუბრისათვის.
დასაწყისშივე კი არ გაუხსნა ეს მათ, არამედ მაშინ, როცა ისინი საკმაოდ იყვნენ
დარწმუნებულნი მის ყოვლისშემძლეობაში, როცა მისცა მათ უდიდესი დაპირება საუკუნო
ცხოვრებისა, მხოლოდ მაშინ, და ამასთან არა ერთხელ, არამედ ხშირად სასწაულების
მოხდენისა და ქადაგების დროსაც ეუბნებოდა ამაზე. და მგზავრ ეტყოდა მათ: იყავით მზად
მოახლოებული დიდი მწუხარებისათვის: აჰა ესერა აღვალთ იერუსალემად, და ყოველივე
აღსრულდება ჩემზე წინასწარმეტყველთაგან დაწერილი, და ძე კაცისაი მიეცეს
მღვდელთმთავართა და მწიგნობართა, რომლებმაც იუდეველთა უხუცესებთან ერთად და დასაჯონ
იგი სიკუდილად, მაგრამ რადგან მათ თვითონ არ შეუძლიათ სისრულეში მოიყვანონ მთელი
განაჩენი, ამას გამოითხოვენ ისინი რომაელი პროკურატორისაგან, და ამიტომაც, მიჰსცენ
იგი, ძე კაცისა, წარმართა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარცმად, - აქ უფალი პირველად
მიუთითებს თავისი ჯვარზე წამების მთელ საშინელებაზე, - და ასე იქნება იგი მოკლული.
მაგრამ ნუ მოიწყენთ, იმედს ნუ გადაიწურავთ; ეს ყოველივე ასე უნდა მოხდეს
წინასწარმეტყველების მიხედვით, მაგრამ იგივე წინასწარმეტყველება ამბობს იმასაც, რომ
ქრისტე და მესამესა დღესა აღდგეს. ასეთი პირდაპირი და გასაგები იყო მაცხოვრის
წინასწარუწყებანი, და მაინც, მისმა მოწაფეებმა, ლუკა მახარებლის სიტყვებით, აქედან
ვერაფერი გაიგეს: „იყო სიტყუაი იგი დაფარულ მათგან“ (ლკ. 18,34). რა სიკეთე იყო
მათთვის ეს წინასწარუწყებანი, თუ მათ ახლა არ ესმოდათ ისინი? წმ. ოქროპირი ამაზე
იძლევა ასეთ პასუხს: „თუმცა მათ არ ესმოდათ ღვთის სახლის მშენებლობის საიდუმლონი,
მაგრამ იესო რომ უნდა მომკვდარიყო, - ეს იცოდნენ, ამიტომაც წუხდნენ. ის, რომ იგი
სხვებს აღადგენდა მკვდრეთით, ეს იცოდნენ, მაგრამ ვინმე რომ თავისით აღმდგერიყო
მკვდრეთით, ისე, რომ შემდგომ აღარ მომკვდარიყო, ასეთი სასწაულის დაჯერება არ
შეეძლოთ, რადგან არასდროს ჰქონიათ ნანახი. სწორედ ეს არ ესმოდათ მათ, თუმცა ამის
შესახებ ხშირად ელაპარაკებოდა მათ უფალი. სიკვდილის გარდა მათ განსაკუთრებით
აშინებდათ ის, რომ მას დასცინებდნენ, სცემდნენ და შეურაცხოფდნენ, ახსენდებოდათ რა
მისი დიდებული სასწაულები, ახლა კი ესმოდათ ასეთი მძიმე წინასწარი უწყებანი, ისინი
იყვნენ ამით გაოგნებულნი და ვეღარ მიმხვდარიყვნენ: ნუთუ, რომელმაც ყოველივე ეს
მოახდინა, უნდა მიეცეს ასეთ წამებას? ამიტომაც ზოგი სწამდათ და ზოგი არა მისი
სიტყვებისა, რადგან არ შეეძლოთ გაგება მათი, ანდა თუ უკეთესად ვიტყვით - მათი
გული ვერ ურიგდებოდა უფლის დამამძიმებელ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე
ნათელი იყო.
რამდენად დიდი იყო სიბნელე მათ შემეცნებაში იქიდანაც ჩანს, რომ მაშინ, როცა
უფალი საუბრობდა თავის სატანჯველებზე, მოუხდა იესოს დედაი ძეთა ზებედესაი, მისი
ყველაზე საიმედო მოწაფეების, იაკობისა და იოანეს დედა, სალომე, უფლის ერთი მუდმივი
მხლებელი და გულმოდგინე მოწაფეთაგანი, ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და
ითხოვდა რასამე მისგან; ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაი გნებავს? გულთამხილავმა იცოდა
რაც სურდა, მაგრამ შეეკითხა იმისათვის, როგორც ამბობს წმ. ოქროპირი, „რათა გაეხსნა
ჭრილობა და შემდეგ მიეცა წამალი“. ქალმა ჰრქუა მას: თქუ, რაითა დასხდენ ორნი ესე
ძენი ჩემნი შენთან, დიდების საყდარზე, რომელზედაც შენ ცოტა ხნის წინ გვითხარი,
ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა, შენი ტახტის პირველივე საფეხურზე,
როცა დაბრძანდები შენ სასუფეველსა შენსა, - დაე, მათ დაიკავონ პირველი ადგილი
შენთან სიახლოვეში, შენს ზეციურ სამეფოში. წმ.მახარებელი მარკოზი ამბობს, რომ იგივეს სთხოვდნენ მას
თვით ზებედეს ძენიც. „მათ მიიყვანეს თან დედაც, -ამბობს წმ. ქროპირი, რათა
მეტი ძალა შეეძინათ თავიანთი თხოვნისათვის და ამით მოეგოთ ქრისტეს გული. და რომ
ეს თხოვნა მათგან მოდიოდა, და მხოლოდ სირცხვილის გამო იახლეს თან დედა, ეს
იქიდან ჩანს, რომ ქრისტემ დედას კი არა, არამედ სწორედ მათ მიმართა სიტყვით.
მაგრამ საიდან მოუვიდათ მათ ასეთი აზრი? ისინი თავს სხვებზე უფრო დაფასებულად
ხედავდნენ და ამიტომაც იმედი ჰქონდათ, რომ უფალო შეასრულებდა მათ თხოვნას. ისინი
იყვნენ იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე, და წარმოდგენილი ჰქონდათ, რომ ღვთის
საუფეველი უკვე იხსნებოდა. თუმცა რცხვენოდათ, და ამის გამო იყვნენ
შეწითლებულნი, რადგან ადამიანურ ვნებათაგან იყვნენ ძლეულნი, სხვა მოწაფეთაგან
იხმეს ცალკე უფალი და მოახსენეს სათხოვარი. მათ ირწმუნეს თავიანთი უპირატესობა
სხვებთან შედარებით, ერიდებოდათ მხოლოდ პეტრესი“. „როგორი შეუსაბამობაა! -
ამბობს მიტრ. ფილარეტი. - იგი მიდის შეურაცხყოფისა და სიკვდილის ადგილზე, მათ კი სურთ დაიკავონ
პირველი ადგილი მასთან დიდებაში. დგება გმირობის ჟამი, ისინი კი ითხოვენ გვირგვინს.
ევალებოდათ კი ეთხოვათ რწმენა, რომ არ ყოფილიყვნენ არც პირველნი და არც
უკანასკნელნი თავიანთი უფლის მიტოვებაში, როცა იგი გაიცემოდა, ისინი კი
სთავაზობენ მეტად უცნაურ თხოვნას - ყოფილიყვნენ ყველაზე ახლოს მასთან,
რომელსაც სულ მალე მიატოვებდნენ“. „მოკლედ, არავინ უნდა შეშფოთდეს, - ამბობს
წმ. ოქროპირი, - როცა დაინახავს მოციქულებს სისრულისგან შორს, რადგან ჯერ არ
აღსრულებულიყო ჯვარი, სული წმიდის მადლი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიცემული. თუ
გსურს შეიცნო მათი კეთილი საქმენი, მაშინ შეხედე მათ შემდგომ მოღვაწეობას და
ნახავ, რომ მთელი მათი ცხოვრება იყო ყველა სატანჯველზე მეტი. უფალი სწორედ
იმისათვის გვიხსნის მათ ნაკლოვანებებს, რათა შემდგომში გავიგოთ, თუ როგორი
დიდები გახდნენ ისინი მადლის მიღებით“. „მაგრამ, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, -
ვხედავთ რა, რომ ზოგჯერ ქვეყნის ნათელიც რაღაც ბნელით იყო დაფარული, თვით ეკლესიის
სვეტნიც ირყეოდნენ, გავიზიაროთ როგორ გვჭირდება სიფხიზლე საკუთარი თავისადმი. „ვინც
ფიქრობს, რომ იგი დიდად ღირს, მან თავი დაიცვას, რათა არ დაეცეს“ - ჩანს, რომ ორმა ძმამ, ოცნებობდა რა მეფობასა და დიდებაზე,
მაცხოვრის ბოლო სიტყვებიდან დაიჭირა მხოლოდ პირველი: „აჰა ესე რა აღვალთ
იერუსალემდ“ და წარმოიდგინა, რომ დადგა დრო მისი სამეფოს გახსნისა.
როგორ შეხვდა ამას უფალი? მოწაფეთა არაგულგრილი დამოკიდებულება პატივისა და
დიდებისადმი ყოველთვის უადგილო იყო მისთვის, ახლა კი, როცა ის, მათი
მასწავლებელი, შეიძლება ითქვას, უკვე იდგა ჯვარის ჩრდილის ქვეშ, ეს მათი
თავისმოყვარული ანგარიშები განსაკუთრებით მტკივნეულად ხვდებოდა მის წმიდა გულს,
- ამბობს ნეტ. თეოფილაქტე. და მაინც, იგი სიმშვიდით შეხვდა თავის მოწაფეების
სისუსტეს. მან იცოდა, რომ თავიანთი სიბრმავის გამო ისინი ითხოვდნენ არსებითად
იმ ადგილებს, რომლებიც რამოდენიმე დღის შემდეგ, დაკავებულ იქნა შერცხვენითა და
წამებით ორი ჯვარზე გაკრული ავაზაკის მიერ. მოწაფეთა წარმოსახვაში იხატებოდა
დიდების საყდრები, უფალი კი ლაპარაკობდა ჯვარზე. ისინი ოცნებობდნენ
გვირგვინებზე, უფალი კი უმეტესად ეუბნებოდა მათ წამებასა და სისხლით
მონათვლაზე. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. თქვენ ფიქრობთ,
რომ ჩემი მეფობა მიწაზეა, მაგრამ იგი - არაა ამქვეყნისა, და ჩემი საყდარიც -
არაამქვეყნიურია. „თქვენ არ იცით, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორი დიდი და
მიუწვდომელია უმაღლეს ძალთათვისაც კი თქვენი სათხოვარი. თქვენ მახსენებთ მე
პატივსა და გვირგვინებზე, მე კი გეუბნებით თქვენ გმირობაზე, თქვენთვის
მოსალოდნელზე. ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო ჯილდოებისა და არც ახლა გაიხსნება
ჩემი დიდება; ახლანდელი დრო არის დრო სიკვდილისა და საშიშროებისა; თვით კითხვით
ამცნებს და იზიდავს კიდეც. არ თქვა: შეგიძლიათ წახვიდეთ სიკვდილზე? შეგიძლიათ
საკუთარი სისხლი დაღვაროთ? არამედ ამბობს: ჯერ თავი გამოსცადეთ: ძალ-გიცა
შესუმად სასუმელი, და შემდეგ, რათა მიეზიდა ისინი ამ სასმისისაკენ, რათა
გაეღვივებინა მათში მონდომება დათმენისა, დასძენს: რომელი მე მეგულების შესუმად,
მწუხარებათა იმ სასმისისა, რომელიც მე მელის. ანუ შეგიძლიათ ნათლის-ღებაი იგივე
საშინელი მწუხარებებითა და სიკვდილით, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად?
სისხლით, რომელსაც მე დავღვრი ჯვარზე გაკვრისას? - უფალმა თავის წამებას უწოდა
„ნათლობა“ იმიტომ, რომ მისი სიკვდილი იყო, - გვიხსნის წმ. ოქროპირი, - „დიდი
განწმედა ქვეყნიერებისათვის“. გულმოდგინებით ანთებული მოწაფენი, მოელოდნენ რა
უფლისაგან თავიანთი თხოვნის დაკმაყოფილებას, ვერ წვდებიან მთელ სიღრმეს უფლის
სიტყვისა, და მაშინვე ყველაფერზე თანხმდებიან მას: ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გვიც.
უფალმა იცოდა მათი სიყვარული მისდამი და წინასწარ უწყოდა, რომ როგორც არ უნდა
დიდი ყოფილიყო ამ სიყვარულის გამოცდა, იგი შეურყეველი დარჩებოდა მათში, რომ
შემდგომში, ისინი ნამდვილად ეწამებოდნენ მისთვის, ამიტომაც ჰრქუა მათ იესო:
სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლისღებაი, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ:
ანუ თქვენც ისევე იტანჯებით, როგორც მე, და ამაში იქნებით თანამონაწილენი ჩემი.
„მაგრამ, თუმცა თქვენ მოკვდებით ჩემთვის, და მაინც - ამბობს წმ. ოქროპირი,- ეს
არ იქნება საკმარისი თქვენთვის, რათა მოიპოვოთ ჩემთან თანაჯდომა და უპირველესი
ღირსებანი. და რომ მოსულიყო ვინმე, მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებული, და
თქვენზე მეტად დამშვენებული ყოველგვარი სათნოებებით, მიუხედავად იმისა, რომ მე
მიყვარხართ ახლა და სხვებთან შედარებით განიჭებთ უპირატესობას, მე არ
დავთანხმდებოდი მის ხელის კვრას თავის საქმეებით რომ ამოწმებს ერთგულებას, და
თქვენ არ მოგცემდით პირველობას“ ცათა სასუფეველში განსაკუთრებული პატივის
მიღება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც ეს განსაზღვრული აქვს ჩემი მამისაგან;
ხოლო დაჯდომაი მარჯუენით ჩემსა და მარცხენით - არა არს ჩემი მიცემად; მე არ შემიძლია
მოგცეთ მარტო იმისათვის, რომ ითხოვთ ამას განსაკუთრებული დამსახურების გარეშე,
- ეს იქნებოდა უსამართლობა, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა,
ვინც დაიმსახურა, ის კიდეც მიიღებს მას. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი
სიყვარული თქვენს მიმართ, განსაკუთრებულ ღირსება-პატივზე ჩემს სამეფოში, არ
შეიძლება თქვენგან ოცნება. „ნუთუ თქვენ მარტო იმის მოსურნენი ხართ რომ, რადგან
იყავით ჩემი მოწაფენი, უნდა დაიკავოთ პირველობა, კიდეც რომ არ იყვნენ ღირსნი
ასეთი უპირატესობისა? (წმ. ოქროპირი). უფალს ყველეფერი შეუძლია; იგი აძლევს
პეტრეს გასაღებებს სასუფევლისა, პავლეს კი გვირგვინს სიმართლისა, და თუ ამბობს
აქ, რომ მასზე არაა დამოკიდებული მიცემა, ამბობს განსაკუთრებული განზრახვით;
იგი პასუხს აძლევს მათი გონების შესაბამისად, რომელნიც ითხოვდნენ მისგან,
გამომდინარე იმათი სისუსტიდან. მათ არ ესმოდათ, რა საყდრები იყო ეს, რას
ნიშნავდა მამის მარჯვენით ჯდომა. „ვერავინ, ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ
უფლისა, ვერ დაჯდება. ეს საყდარი ყველასათვის მიუღწეველია, არა მარტო
ადამიანითათვის, არამედ უმაღლესი ძალებისთვისაც კი. პავლე თვლის ამას
განსაკუთრებულ უპირატესობად მხოლოდშობილისა, როცა ამბობს: „ოდეს სადა ვის
ანგელოზთაგანსა ჰრქუა სადამე: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ (ებრ.1,13). თუ ახლა უფალი
ამბობს ნაკლებად გასაგებად, ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, - როგორც შენიშნავს წმ.
ოქროპირი, - ოსტატურად არიდებს რა მათ, რათა არ მოებეზრებინათ პირველობის
ძებნით, და ამასთან მათი განაწყენებაც არ სურდა, უფალი ამ გაურკვევლობით
აღწევს ერთსაც და მეორესაც“. ამასთან, „მას ყოველნაირად სურს თავისი მოწაფენი
აღძრას იმისკენ, რათა მათ გადარჩენისა და განდიდების იმედი, ღვთის მადლის
მიღების შემდომ, დაემყარებინათ უმეტესად საკუთარ საქმეებზე“.
ვითარცა ესმა ესე, რასაც ითხოვდნენ ზებედეს ძენი, დანარჩენ ათთა მათ
მოწაფეებს,
განრისხნეს ორთა მათ ძმათათვის, განრისხდნენ მათი პატივმოყვარული სურვილის
გამო. პირველობის სურვილი, რომელიც ცოცხლობდა მოციქულებში, არღვევდა მშვიდობას
მათ შორის. ასე, პატივმოყვარეობისაგან იშვება განხეთქილებისა და უთანხმოების
სული. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ შორს იყვნენ სისრულისაგან ისინი:
როგორც ესენი,რომელთაც სურდათ ამაღლება ათზე, და როგორც ისინი, - შური რომ
გაუჩნდათ თავიანთი ძმებისა? მაგრამ ნახე შემდგომში, იოანე, ახლა რომ თხოულობს
პირველობას, როგორ მუდამ უთმობს პეტრეს ქადაგებაშიცა და სასწაულთა მოხდენაშიც
და არ მალავს მის ცნობილ საქმეებს, არამედ იხსენებს მის სინანულსაც, და ამ
მოციქულს საკუთარ თავთან შედარებით, როგორ უპირატესობას ანიჭებს. იაკობი კი,
თუმცა დიდხანს არ უცხოვრია, თავიდან ისე ძლიერ აენთო კეთილი შურით, რომ მიაღწია
გამოუთქმელ სიმაღლეებს და ღირსი შეიქნა მოწამეობრივი აღსასრულისა“.
წუხილით უყურებდა უფალი ჩვენი თავის უსაყვარლეს მოწაფეთა შორის ასეთ
თავმოყვარეობასა და უმეგობრობას; ხოლო იესო, რათა დაემშვიდებინა და შეეგონებინა
ისინი, მოუწოდა მათ თავისთან სხვებზე უფრო ახლოს, რომლებიც დრტვინავდნენ ორ
მოწაფეზე, მიუთითა მათ ყველასათვის ქცევის უმთავრეს წესზე, ვისაც კი სურდა
დამკვიდრება მის სამეფოში, იმ წესზე, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა
წარმართების წესს - ეს იყო უდიდესი სიმდაბლე და თვითგანწირვა. როგორც
მოყვარულმა მამამ, შეაგონა რა ისინი, აჩვენა, რომ პირველობის სურვილი მხოლოდ
წარმართებისთვისაა დამახასიათებელი, როცა რქვა: უწყითა რამეთუ მთავარნი
წარმართთანი უფლებედ მათ ზედა და დიდ-დიდნი ხელმწიფებედ მათ ზედა? ისინი
ემონებიან ადამიანურ დიდებას იმიტომ, რომ არ იციან დიდება ღვთისა, დედამიწაზე
დაწინაურებას იმიტომ ესწრაფიან, რომ არა აქვთ იმედი ზეცას მოხვედრისა. ხოლო
თქუენ შორის არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ
თქუენდა მსახურ და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენდა
მონა, და გაწიროს თავი მოყვასის გადასარჩენად. - „პატივმოყვარეობის ვნება
მუდმივად ვნებს დიდ ადამიანებს, - გვიხსნის წმ. ოქროპირი, - ამიტომ ითხოვს მათგან
მის დათრგუნვას. აი, რატომ ამარცხებს უფალი მას თვით გულის სიღრმეში, არცხვენს
რა მათ ქედმაღლურ სულს წარმართებთან შედარებით, ზოგიერთებში სპობს შურს,
სხვებში კი სიამაყეს. ჩემთან - ამბობს იგი, უკანასკნელი არის პირველი. შემომხედეთ
მე“. ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად, რათა
მომსახურებოდა სხვებს. იყო ღმერთი, მაგრამ ადამიანებთან მონის სახით, მოვიდა
არა დიდებითა და პატივით, არამედ როგორც უბრალო ადამიანი, და საერთოდ, არ
ითხოვს, რათა მას მოემსახურნენ ისე, როგორც ემსახურებიან მეფეებსა და
დიდებულებს ამა ქვეყნისა. იგი თავად ემსახურება ყველას, სიკეთეს ცდილობს
ყველასათვის, ეხმარება გასაჭირში მყოფებს, რომლებიც მისგან შველას ითხოვენ,
ემსახურება განსაკუთრებით გადარჩენის საქმეში, თავისი სწავლებითა და
სასწაულებით, და რაც ყველაზე მთავარია - თავისი გამომხსნელი სიკვდილით. იგი
იმიტომაც მოვიდა, რათა და მიცემად სული თვისი თავისი ცხოვრება სახსრად
მრავალთათვის, რათა გამოესყიდა ხალხი. „უმაღლეს ძალთა მეფედ მყოფმა ვინებე
ადამიანად ქცევა, - ამბობს ოქროპირი, - და სიძულვილისა და შეურაცხყოფისათვის
თავის მიცემა, სული ჩემი დავდე გამოსასყიდად, და ვისთვის? ვისთვის და
მტრებისთვის. თუ შენ დაიმდაბლებ თავს, ამას შენ გააკეთებ შენივე თავისთვის, მე
კი დავმდაბლდი შენთვის. ამიტომ, ნუ გეგონება, რომ ამ გზით დაკარგავ ღირსებას.
რამეთუ, რამდენიც უნდა დაიმდაბლო თავი, ვერასოდეს შეძლებ ისე დამდაბლებას,
როგორც დამდაბლდა შენი მხსნელი. თუმცა, სწორედ მისი ასეთი დამდაბლებით მოხდა
ამაღლება ყველასი და გაცხადება მისი დიდებისა. ამიტომ ნუ შეგაშინებს შენ
პატივის დაკარგვა იმის გამო, რომ მდაბლდები: თავმდაბლობა გზაა მეფობისაკენ
მიმავალი“.
ყოველი ადამიანი - ცოდვის ტყვე არის: ისინი იმყოფებიან ღვთის მარადიული
სიმართლისგან დასჯილ წყევაში, ამიტომაც ყველა უნდა დაღუპულიყო, მომკვდარიყო
საუკუნო სიკვდილით. მაგრამ ღვთის სიყვარულმა თავისი სიბრძნით მოიძია ხსნის
საშუალება, გამოესყიდა ეს ტყვენი ღვთის მართმლსაჯულებისაგან, მოეხსნა მათგან
წყევა და მსჯავრი და საუკუნო დაღუპვისგან გადაერჩინა ისინი. ეს საშუალება იყო
სწორედ - ჯვარზე სიკვდილი განხორციელებული ღვთის ძისა. იგი ერთი მოკვდა ყველა
ცოდვილის წილ, და ეს სიკვდილი მიღებულ იქნა ღვთის სამსჯავროში, როგორც
გამოსასყიდი მთელი კაცთა მოდგმისა. ხალხი, ამრიგად, გამოსყიდულ იქნა მარადიული
სიკვდილისგან იესო ქრისტეს წმიდა სისხლით. მაცხოვარი ყველასათვის მოკვდა,
მაგრამ ყველას როდი სწამს იგი, როგორც გამომხსნელი, მორწმუნეთაგანაც ყველა როდი
ცხოვრობს მართალი რწმენით, ამიტომაც ყველა ვერ გადარჩება. აი, რატომ არ თქვა
უფალმა: მე მოვედი, რათა დავდვა სული ყველასათვის, არამედ თქვა: ბევრისათვის...
| |