|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფალი აძლევს მოციქულებს შეკვრისა და გახსნის უფლებას. უფლის სწავლა საერთო ლოცვაზე და მიტევებაზე
მათე 18, 18-22
ეკლესიიდან განდევნილი, შეუნდობელი, გაუხსნელი, ეკლესიის უფლებით აქ,
დედამიწაზე შეკრული ადამიანი, ანათემას გადაცემული, იმ ქვეყნის წინაშეც
წარდგება, როგორც შეუნდობელი, გაუხსნელი თავისი ცოდვებით შებორკილი. უფალი
ეუბნება თავის მოციქულებს: მე აღუთქვი პეტრეს უფლება შეკვრისა და გახსნისა;
იგივე ხელმწიფებას, იგივე ღვთაებრივ უფლებას გაძლევთ თქვენ ყველას: პეტრე
მხოლოდ პირველია თანასწორთა შორის. ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ
ქუეყანასა ზედა, კრულ-იყოს იგი ცათა შინა: ვისაც თქვენ განკვეთთ
ეკლესიიდან, იგი ჩემგანაც განიკვეთება, და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა
ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. ვისაც ხელახლა მიიღებთ ეკლესიაში
სინანულით, იმას მეც მივიღებ, როგორც ჩემს სამწყსოს; თქვენი გადაწყვეტილება
დამტკიცდება ზეცას. „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ უბედურებას სწევს
თავნებას - აქაურ სახელსაც და მომავალ წამებასაც. უფალი იმიტომ კი არ იმუქრება,
რათა ასე მოხდეს, არამედ რათა მუქარით შეშინებული, ანუ ეკლესიიდან განკვეთის
შიშითა და ზეცაში შეკვრის საფრთხით მოტყდეს და დათმოს რისხვა. ასე დაადგინა
მაცხოვარმა პირველი, მეორე და მესამე სასამართლო, და უცებ არ მოირიდა ცოდვილი,
რათა თუ არ შეისმენს პირველი განსჯისას, დაემორჩილოს მეორეს, ხოლო თუ მოიძულებს
ამასაც, მაშინ იქნებ მესამეს მაინც შეუშინდეს; თუ არაფრად მიიჩნევს ამ
უკანასკნელსაც, მაშინ იქნებ შეაძრწუნოს მომავალმა სასჯელმა, ღვთის
განგებულებამა და მსჯავრმა“. როგორ დიდ უფლებებს აძლევს უფალი მოციქულებს, მათი
სახით კი ყველა მათ მიმდევართ - ეკლესიის მოძღვართ! ვის შეუძლია ცოდვების
პატიება ერთი ღმერთის გარდა? მაგრამ აი, განხორციელებულმა ღვთის ძემ, ეს
ღვთიური უფლება მიანიჭა ყველა ეკლესიის მოძღვარს, და თავისი აღდგომის შემდგომაც
კიდევ ერთხელ დაამოწმა: „მიიღეთ სული წმინდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ
ცოდუანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ-იყუენენ“ (ინ.
20,22-23). ჭეშმარიტად, ღვთიური სიმართლეა! „მღვდლები, - ამბობს წმ. ოქროპირი,
- მართალია სახლობენ აქ დედამიწაზე, მაგრამ შეუძლიათ განაგონ ზეციური; მათ
მიიღეს ისეთი ხელმწიფება, როგორიც არ მიუცია ღმერთს, არც ანგელოზებისათვის და
არც მთავარანგელოზებისათვის. რამეთუ ანგელოზთათვის მას არ უთქვამს: „რაოდენი
შეჰკრათ ქუეყანასა ზედა“... შეკვრის უფლება აქვთ იმათაც, დედამიწაზე რომ
მბრძანებლობენ, მაგრამ მხოლოდ სხეულისა; ხოლო მღვდელთა უფლება ეხება სულებს და ადის ზეცამდე,
რადგან რამდენსაც მღვდელმსახურნი განსაზღვრავენ წილს, ღმერთი ადგენს იმდენ
მწუხარებას, და ასე მეუფე ეთანხმება თავისი მონების მოსაზრებებს“. „მამამ მთელი
სასამართლო მისცა ძეს; ახლა ვხედავ, - აგრძელებს წმ. ოქროპირი, - რომ ძემ მთელი
ეს სასამართლო მისცა მღვდლებს... ახალი აღთქმის მღვდლებმა მიიღეს უფლება იყვნენ
არა მხოლოდ მოწმეები განწმედილთა, როგორც ძველი აღთქმის მღვდლები, განსაწმედად,
არა კეთრისა სხეულზე, არამედ სულის არაწმინდებისა“.
ყოველ კეთილ საქმეში, ამბობს უფალი, განსაკუთრებით სულის ცხონების საქმეში,
სიყვარულის საქმეში მე ყოველთვის ვარ მზად დაგეხმაროთ თუ საშუალებები რჩევისა,
მისვლისა, და აკრძალვისა არ მოქმედებენ, არ მიყავთ შერიგებისაკენ, მაშინ
მთხოვეთ მე დახმარება ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, იცოდეთ რომ მე
ყოველთვის მესმის თქვენი, ყოველთვის ვიმყოფები თქვენთან. ოღონდ იყოს თქვენ
შორის ერთსულოვნება და სიყვარული, კუალად ამინ გეტყვი თქუენ: უკეთუ ორნი
თქუენგანნი თუნდაც ორი თქვენგანი, რომელთაც ჩემი რწმენა აქვთ და ცხოვრობენ
რწმენით, შეითქუნეს ქუეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვონ,
თუკი ღვთისათვის ნათხოვი საჭიროა და სასარგებლოა თქვენთვის, გწამდეთ, რომ
მიიღებთ სათხოვარს - ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათასა. ნუ განეშორებით
სხვათათვის ლოცვას სიფრთხილის მიზნით, რომ თქვენთვის არ შეგიძლიათ ილოცოთ;
გაფრთხილდით, თქვენთვის ვერ ილოცებთ, თუ სხვებისთვის არ გაირჯებით (მიტრ.
ფილარეტი). თუ თითოეული მხოლოდ თავისთვის ილოცებს, მაშინ იგი დარჩება მხოლოდ
თავის ლოცვასთან, გრილი გრილთან, უძლური უძლურთან; მაგრამ თუ თითოეული ილოცებს
სხვებთან ერთად, და სხვებისთვისაც, მაშინ თითოეული გაძლიერდება თავის ლოცვაში
ერთიანი ეკლესიის ყოვლადძლიერი ლოცვით. ჩადე ყოველი შენი ლოცვა ეკლესიის
ერთსულოვანი ლოცვის საგანძურში და ეს საფასე იქნება საკმარისი, რათა შენ
სხვებთან ერთად შეიძინო მადლის ფასადაუდებელი სამკაული. ლოცვისას ერთსულოვანი
გულმოდგინება მრავალთა, გააძლიერებს თითოეულისა და ყველას ძალას. რამეთუ სადაცა
იყუნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, სადაც შეიკრიბნენ ორნი
ან სამნი ჩემი სახელით და ბაგეებზე ლოცვით, რომელთაც სურთ ყველაფერში შეასრულონ
ჩემი ნება, კეთილად მოიგონ ჩემი გული სათნო ცხოვრებით, მუნ ვარ მე, ვიმყოფები
შორის მათსა, როგორც ჩემზე მორწმუნეთა თავი, თუ ისინი ღირსნი არიან ამისა; მე
თავად შევუსრულებ მათ სათხოვარს, მაგრამ თუ ისინი შეიკრიბებიან ჩემთვის
გამოუსადეგარი სურვილებით, რომლებიც ეწინაღმდეგება ჩემს ნებას, მაშინ ჩემგან
მოისმენენ: რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი
თქუენ?“ (ლკ. 6,46).
უფალი ამბობს ერთიან ლოცვაზე: „სადაცა იყუნენ ორნი, გინა სამნი“ - იმისათვის,
რომ მცირე ეკლესიურმა საკრებულომ არ ჩათვალოს თავი მეტად არასაკმარისად
უფლისაგან აღთქმულში მონაწილეობისათვის, და რათა მით უფრო ესასოებოდეს აღთქმულ
დიდ შეკრებას (წმ. ბასილი დიდი). „სად უფრო მეტად და სრულად ხდება შეკრება
ღვთის სახელით, თუ არა წმინდა ტაძარში? გვასწავლის მიტრ. ფილარეტი. ასე რომ,
იგი აქ მადლიანად ბრძანდება ჩვენს შორის, ხოლო სადაც მადლით ესწრება, იქ
მოქმედებს მადლიანად და საცხონებლად. ამ აღთქმულ სიტყვებში „მუნ ვარ მე შორის
მათსა“, უფალმა დაადგინა დიდების გამოულეველი დასაბამი ქრისტიანული
ტაძრებისათვის, რომლებიც სწორედ იმისთვის არსებობენ, რათა შეკრიბონ მორწმუნენი
უფლის სახელით. იგი ჩვენს შორისაა სახარების სიტყვაში, საეკლესიო
საიდუმლოებებში, ერთმორწმუნეთა ლოცვის სულსა და მხურვალებაში. ხოლო სადაც
ღმერთია და დიდებული ღმერთკაცი, იქვეა ზეცა ყოველთვის დიდებით სავსე“. „ნახე, -
ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ ამსხვრევს იგი მტრობას და არიგებს გადამტერებულებს:
მტრობის წინააღმდეგ მუქარის შემდეგ იგი ამცნებს დიდებულ ჯილდოებს
თანხმობისათვის. ერთსულოვანნი მისდრიკავენ მამა ღმერთს იქითკენ, რასაც ითხოვენ
და ქრისტეც იმყოფება იმათ შორის“. მაგრამ რატომაა რომ არა ყველა და არც
ყოველთვის ღებულობენ სათხოვარს? - „იმიტომ, - პასუხობს წმ. ოქროპირი, რომ
არსებობს უამრავი მიზეზი, რაც ეღობება მიღებას: არ ღებულობენ იმიტომ, რომ
ხშირად თხოულობენ უსარგებლოს; ანდა იმიტომ, რომ არ არიან ღირსნი იმისა, რომ
ისმინოს მათი, და არ აკეთებენ თავიანთი მხრიდან იმას, რაც მათ მოეთხოვებათ;
მაცხოვარი კი ეძებს ისეთ მლოცველებს, რომლებიც მიემსგავსებიან მოციქულებს,
ამიტომაც ამბობს: ორნი თქვენგანი, ე.ი. კეთილისმოქმედნი რომლებიც ეწევიან
სახარებისეულ ცხოვრებას; კიდევ იმიტომ, რომ აღავლენენ ლოცვებს შეურაცხყოფილთა
საწინააღმდეგოდ; ანდა იმიტომ, რომ ითხოვენ მოწყალებას მოუნანიებელი ცოდვილები,
რომელთათვისაც შეუძლებელია წყალობის მიღება, თუმცა მარტო ისინი კი არა, არამედ
სხვებიც, რომელთაც ექნება კადნიერება მსგავსი. თუ ყველა ეს მოთხოვნა
შესრულებულია, თუ შენ სასარგებლოსაც ითხოვ, ცხოვრობ მოციქულების მსგავსად,
აკეთებ რაც შენ გევალება ახლობლებთან გაქვს თანხმობა და სიყვარული, მაშინ
მიიღებ შენი ლოცვის მიხედვით, რადგან უფალი კაცთმოყვარეა“.
დიდი ყურადღებით ისმენდნენ მოციქულნი ქრისტეს ამ სწავლებას სიყვარულზე ცოდვის
ყოველნაირად აღმოფხვრაზე, საცდურსა და მის მიმდევართა შორის მტრობაზე. როცა
უფალმა წარმოსთქვა თავისი აღთქმა მორწმუნეთა შორის ყოფნისა, რომელნიც
შეკავშირებულნი იქნებიან მისი სახელის სიყვარულით, მოციქულმა პეტრემ
შეაწყვეტინა მას საუბარი კითხვით, რითაც გამოაშკარავა მათში არასრული გაგება
შერიგებასა და პატიებაზე. მაშინ მოუხდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო! „ჩვენი
მწიგნობრები ამბობენ: ადამიანს, რომელიც მოყვასის წინააღმდეგ შესცოდავს,
პატიობენ ერთხელ, პატიობენ მეორედ, მესამედ, მაგრამ მეოთხედ აღარ პატიობენ, რას
ფიქრობ შენ ამაზე? იმაზე, რომელიც არ ინანიებს და თავის თავს არ განიკითხავს
ცოდვის გამო, შენ გვიბრძანე სამჯერ მხილების შემდეგ მოვირიდოთ, ხოლო
მონანულისათვის არ დაგიდგენია საზღვარი, არამედ გვიბრძანე მივიღოთ იგი. ასე,
რომ რაოდენ გზის შემცოდოს ძმამან, და მიუტეო მას, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ
შესცოდა, როცა მან მხილებისას შეინანა? ვიდრე შვიდ გზისამდეა? პეტრემ ორჯერ უფრო
გაზარდა, ვიდრე მწიგნობართა სწავლებით განისაზღვრებოდა, როცა ფიქრობდა, რომ მოყვასის სიყვარულით მოიწონებდა თავსა და
სულგრძელადაც გამოჩნდებოდა, მაგრამ შექების ნაცვლად უფლისაგან მოისმინა
მამობრივი შეგონება: ჰრქუა მას იესო: არა გეტყვი შენ: ვიდრე შვიდ-გზისამდე,
არამედ ვიდრე სამეოცდაათ-შვიდ-გზის, - აპატიო უთვალავჯერ რამდენიც არ უნდა
შესცოდოს ძმამ, თუ ინანიებს, აპატიე. ეს არის თქვენი განუყოფელი და შეუწყვეტელი
მოვალეობა რამდენი სიმშვიდე შეაქვს ცოდვილი კაცის გულში ჩვენი მაცხოვრის, იესო
ქრისტეს ამ მცნებას! „ცოდვებისათვის წუხილში, - ამბობს წმ. იოანე
კიბისამღწერი, უიმედობისაკენ მიდრეკისას არ უნდა შევწყვიტოთ გახსენება, რომ
უფალმა დაუდგინა პეტრეს ცოდვილის პატიება სამოცდაათჯერ შვიდგზის, ხოლო ვინც
ასეთ მცნებას გადასცემს სხვას, ის თავადაც ეჭვის გარეშეა, რომ ბევრად უფრო მეტს
გააკეთებს“ - „მე ყველაფერი მეპატია იმიტომ, რომ მე ყველას ყველაფერი
ვაპატიე“, - მშვიდად წარმოთქვა ეს ერთმა მომაკვდავმა მონაზონმა, როცა ძმებს
აკვირვებდათ მისი სიმშვიდე, რადგან იცოდნენ, რომ მან თავისი ცხოვრება განვლო
განსაკუთრებული გმირობის გარეშე. იგი არავის არასდროს განიკითხავდა, - პირიქით,
ყველას ყველაფერი აპატია.
| |