|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოს ერთი მცირეთა ამათგანი... იგავი დაკარგულ ცხვარზე
მათე 18, 10-14
ძე ღვთისამ, ინება რა ძე კაცისად ყოფნა, ისე დიდად გაისარჯა ბავშვებზე, რომ არა
მარტო აკრძალა მათი სიძულვილი, არამედ ბრძანა ამ სიძულვილისაგან, როგორც
უბედურებისა და დანაშაულისაგან, თავის დაცვა და მცნებად დაგვიდგინა სიყვარულითა და
პატივისცემით მათთვის ზრუნვა. სიყვარულით მოეფერა რა ყრმას, თავის მოციქულებს
უთხრა: ეკრძალენით, იყავით ყურადღებიანნი, ეცადეთ ნუუკუე ვინმე
შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი! გაფრთხილდით, რომ ასეთი აბუჩად აგდება არ
გამოვლინდეს თქვენში უნებურადაც კი თქვენი ნების საწინააღმდეგოდ; დაიფარეთ შვილნი
საცდურთაგან, ნუ დაეყრდნობით მათთან დაახლოებულთ, მათაც თვალი ადევნეთ; ასწავლეთ
მათ არა მარტო სასიამოვნო, არამედ მათთვის სარგო. არა წარმავალი ცხოვრებისათვის
სასარგებლო, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის საჭირო. მათი სიყვარულის გამო,
შეაკავეთ თქვენი ალერსიც კი, შემოინახეთ ეს მოფერება, რათა ისინი შემდგომ
მორჩილებისათვის დააჯილდოვოთ, სიკეთის სწავლაში წარმატებისთვის რომ გაახაროთ (მიტრ.
ფილარეტი). ამგვარად, ნუ შეიძულებთ, ნუ უგულებელყოთ იმას, რაშიც სურთ დაგეხმარნენ
მათი მფარველი ანგელოზები: გეტყვით თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა
მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა და ზრუნავენ
იმისათვის, რათა თქვენი შვილებიდან ჩამოაყალიბონ ჩემი ეკლესიის კეთილი სამწყსო,
მოამზადონ ღირსეული მოქალაქენი ზეციური სამეფოსი. „შეხედეთ: ღვთის ანგელოზები
ზრუნავენ თქვენი შვილებისათვის: როგორ შეიძლება დატოვოთ ისინი მზრუნველობის გარეშე?
მათი ანგელოზები ზეცაში არიან და მათთვის დედამიწაზე გადმოდიან, თქვენ არ გინდათ
მოდრიკოთ თქვენი მიწიერი სიამაყე მათ მცირე ასაკთან? მათი ანგელოზები მუდამ ხედავენ
ჩემი ზეციური მამის სახეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ქმნილებათათავის, და ამ
ნეტარი ჭვრეტიდან მიაპყრობენ მზერას სახვევებისა და აკვნისაკენ და ხმას - ყრმის
ტირილისა და ტიტინისაკენ და ეს არ მიაჩნიათ მდაბლად თავიანთთვის: განა ჩვენ
მოგეჩვენებათ მცირე საქმედ პატარებზე ზრუნვა? და მაინც ვინ აგზავნის ანგელოზებს
ყრმებთან? ვინ თუ არა თავად შემოქმედი ანგელოზთა და კაცთა? დაფიქრდით: ცა მოდის
მოძრაობაში, რათა დაიცვას სიცოცხლე და უცოდველობა თქვენი ყრმისა; განა თქვენს შორის
არ არიან ისეთები, რომლებიც თანაგრძნობის გარეშე ისმენენ ჩვილის კვნესას სიღატაკის
მუხლებზე, რომლებიც უყურებენ თავიანთი შვილის გაზრდას ისევე გულგრილად, როგორც
ბალახს, მინდორში რომ იზრდება? (მიტრ. ფილარეტი). ამგვარად უფალი, კაცთმოყვარებისა
და ბავშვის პატივისცემის მადლიანი გრძნობის შთასაბერად, განფენს ჩვენს წინ სულიერ
სამყაროს და ჩვილის ადგილზე, ასევე მისი ძიძისა, გვაჩვენებს სულსა და მის
ანგელოზს... „მაგრამ რატომაა, რომ ის ლაპარაკობს მხოლოდ ყრმათა ანგელოზებზე? ნუთუ
ჩვენი ანგელოზები ყოველთვის არ უყურებენ ზეციური მამის სახეს?“. „ანუ არა ყოველნივე
არიან მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთაი იგი დამკვიდრებად არს
ცხოვრებაი?“ (ებრ. 1,14). ოხ, როგორ ძნელია საუბარი ჩვენს ანგელოზებზე ისე, როგორც
ყრმათა ანგელოზებზე! ვინ იცის, არ გვშორდებიან კი ეს სულები სინათლისა, აღბეჭდილნი
არიან რა ჩვენი ბნელი საქმეებითა და ზრახვებით? მაგრამ მფარველი ანგელოზები ყრმათა
გულებისა, ჯერ კიდევ რომ არ არიან ვნებებით დაბნელებულნი, არ არიან გახრწნილნი
უკეთურებით, წინააღმდეგობის გარეშე მიმართავენ ზეციურ მამას ამ მცირეთა შორის - და
მისგან მიღებული ნათლით შემოზღუდავენ მათ ბნელი ძალებისგან, აძლევენ მათ ყოველივე
ანგელოზებრივს (მიტრ. ფილარეტი). „თუმცა ჩვენ ყველას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე,
- გვყავს მფარველი ანგელოზი, მაგრამ ცოდვილთა ანგელოზებს, თითქოსად ცხვენიათ ჩვენი
უკრძალველობის გამო და ამიტომაც არა აქვთ კადნიერება ღვთის წინაშე, რათა ჩვენთვის
ილოცონ; პირიქით, მდაბალთა ანგელოზები უმზერენ ღვთის სახეს, რადგან მათგან დაცული
ადამიანის სიმართლის გამო, აქვთ კადნიერება ღვთის წინაშე“, - „ამრიგად, სიკეთე
მიეცემათ რა ადამიანებს, რომლებიც მცირეებზე ქრისტიანული მზრუნველობით, ზეციურ
ანგელოზთა მსახურების მონაწილენი ხდებიან, იცავენ რა მათ და წინამძღვრობენ ხილული
ქვეყნის მხრიდან, მსგავსია ანგელოზთაგან მფარველობისა და წინამძღოლობისა უხილავი
ქვეყნის მხრიდან; რაც ნიშნავს მათი და თავიანთი ანგელოზების ზეციურ მეგობრობას“.
მოკლედ, უფლის გამონათქვამი უმაღლესი გამოხატულებით ეკუთვნის არა მხოლოდ ბავშვებს,
არამედ რწმენაში ჩვილებს; ოქროპირის განმარტებით, მცირეს უფალი აქ უწოდებს ყველა
„სულით ღატაკს, მაგრამ ღვთის წინაშე დიდებულს“, ყველას ვინც იმდაბლებს თავს
ბავშვების დონემდე“. იგი მიუთითებს სხვა შეგონებაზეც, რათა მცირენი არ შევიძულოთ:
რამეთუ მოვიდა ძე კაცისა ცხოვრებად წარწყმედულისა. „მხოლოდშობილი ძე ღვთისა
ისე, რომ არ მიატოვა თავისი ღვთაებრივი საყდარი, ზეცისათვისაც კი ფარულად,
გადმოვიდა დედამიწაზე, შეიმოსა მისთვის მეტად უცნაური სამოსით - ადამინური ბუნებით,
იწოდა ადამიანთა ძედ, და არა მარტო მოაიარა დედამიწა, არამედ თავისი მოგზაურობა
ჯოჯოხეთამდე განავრცო, ყველგან ეძიებდა ადამიანთა დაღუპულ მოდგმას, რათა გადაერჩინა
იგი. თუ ძე კაცისა მოვიდა, რათა მოეძია და გადაერჩინა დაღუპულნი, - რაც უკვე
დაიღუპა, შეუძლიათ კი მის მიმდევრებს რომ, რაც მის მიერ ასე სასწაულად გადარჩა,
დაუდევრობით ხელახლა მისცენ დასაღუპად? უფალი ამბობს: „რავდენი უყავთ ერთსა ამას
მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40): თუ მიხედვითა და
მზრუნველობით გადაარჩინეს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, გულის სიწმინდე ერთი
ამ მცირეთაგანისა, ეს ყოველივე მე გამიკეთეთ; „მე მიყავთ“ (მიტრ. ფილარეტი). - რათა
თავლსაჩინოდ გვაჩვენოს, როგორი ძვირფასია ღვთისათვის დაბრკოლებული ადამიანის
გადარჩენა, უფალს მოჰყავს იგავი: ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა თუ ვისმე ედგას ასი
ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმოცთა-ათ-ცხრამეტნი იგი
მთათა ზედა, და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? ვიდრე არა იპოვის მას.
ცხვრების დატოვება მთებში უფრო საშიშია, ვიდრე ველსა და მინდორში: იქ დაძრწის ბევრი
მტაცებელი ნადირი; იქ სხვა ცხვრებსაც შეუძლიათ დაბრკოლდნენ; მაგრამ ისეთი დიდია
კეთილი მწყემსის სიყვარული დაკარგული ცხვრის მიმართ, რომ იგი მიუხედავად მთელი
ფარისათვის დიდი საშიშროებისა, ტოვებს მას მთებში და მისი ერთი დაკარგული ცხვრის
საძებნად. და რაჟამს ჰპოვოს იგი, მოიკიდებს მას მხრებზე და სახლში
დაბრუნებული იწვევს მეგობრებსა და მეზობლებს და ეუბნება მათ: გაიხარეთ ჩემთან
ერთად, მე ვიპოვე დაკარგული ჩემი ცხვარი. ამინ გეტყვი თქუენ, ამ კეთილ
მწყემსს, უფროს უხაროდეს მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა-ათცხრამეტთა მათ, რომელნი
არა შეცთომილ-იყუნეს. ესრეთ არა არს ნება მამისა თქუენისა ზეცათასა, არა უნდა
თქვენს ზეციურ მამას, რათა წარჰსწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი
თქვენ, რომ ზეცაში უფრო მეტად ხარობენ ერთი მონანული ცოდვილის გამო, ვიდრე
ოთხმოცდაცხრამეტი მართლისათვის, რომელნიც არ საჭიროებენ სინანულს. „უსაზღვროდ კეთილ
ღვთიურ მწყემსს სულებისა, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - ზეციურ მთებში ჰყავს
არა ოთხრმოცდაცხრამეტი, არამედ ათასობით და ათობით ათასობით მის მიერ დამწყსილნი,
მისი ხმით მავალნი, ნათელ ანგელოზთა სულები; მაგრამ მას არ სძულს ერთიც კი, თავისი
ნებით მისგან განდგომილი, ქვეყნიურ უღრანში გზააბნეული მეტყველი ცხვარი. იგი თავად
იკიდებს მას მხარზე და სიხარულითა და მზრუნველობით მიჰყავს სახლში. ხარობს ცოდვილთა
გადარჩენით და მოუწოდებს ამ სიხარულისაკენ თავის ყველა ანგელოზს, რამეთუ ჩვენი
ცხოვრება - მისი სიხარულია, ხოლო ჩვენი დაღუპვა, - მისი დარდი“... „ხედავ, - ამბობს
წმ. ოქროპირი, - რამდენ შესაგონებელს გვთავაზობს უფალი, როცა გვთხოვს ზრუნვას
თავიანთი მდგომარეობით უფრო მდაბალი ძმებისათვის? მან დააყენა ბავშვები შუაში და
თქვა: „იყავით ბავშვებივით, და რომელიც ერთ მცირეთაგანს მიიღებს, იგი მე მიმიღებს“;
ხოლო რომელიც დააბრკოლებს, „უმჯობეს არს მისა, დამოიკიდოს წისქვილი ვირით საფქუელი
ქედსა, და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა“. მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილდა,
არამედ დაუმატა: „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მთ. 18,4-7) და
ბრძანა ასეთების მოშორება, ისინი კიდეც რომ იყვნენ ჩვენთვის, როგორც ხელნი და
თვალნი, შემდეგ კი, ანგელოზთა გამოც, რომელთაც მინდობილი აქვთ ეს ჩვენი უმცროსი
ძმები, გვავალებს პატივი ვცეთ მათ და საკუთარი ნებითა და წამებით იმისაკენ
აღგვძრავს ჩვენ (რადგან როცა ამბობს: „ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას
წარწყმედულნი“, მიუთითებს თავის ჯვარზე), და მამის ნებით, რაც მისთვისაც არ არის
სარგო, რომ მცირეთაგან რომელიმე დაიღუპოს. და ბოლოს ამთავრებს იგავით კეთილ
მწყემსზე, რომელიც დაკარგულ ცხვრებს ეძებს და ხარობს, როცა პოულობს მათ. ამრიგად,
თუ ღმერთი ამდენს ხარობს უმცროსი ძმების შეძენისა გამო, შენ რაღატომ იძულებ მათ,
რომლებისთვისაც ასე ზრუნავს ღმერთი, მაშინ როცა სული უნდა დასდო უმცირეს ძალთაგან
ერთისათვისაც კი? მაგრამ იგი უძლურია და ღარიბი? მით უფრო გევალება გააკეთო
ყველაფერი მის გადასარჩენად. აქ მე ვამბობ არა იმდენად ხორციელ საშიშროებებზე,
რამდენადაც სულიერზე, რომელთათვისაც ადამიანებს იმეტებს ეშმაკი“.
| |