|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
სასწაულებრივი სატირი
მათე 17, 24-27
„როცა ღმერთმა ამოხოცა ეგვიპტელი პირმშონი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაშინ მათ
ნაცვლად გამოარჩია ლევიტელთა ტომი; შემდგომში, რამდენადაც ლევიტელთა რიცხვი ბევრად
უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იუდეველთა პირველშობილნი, ამის გამო მათ წილ, რამდენიც
აკლდა, ბრძანა შეეტანათ გადასახადი (გამ. 10,13). ამ დროიდან შემოვიდა
პირველშობილთათვის გადასახადი“. ეს ფული შედიოდა ტაძარში და გამოიყენებოდა
მსხვერპლად შესაწირის შესაძენად, როგორიც იყო განტევების ვაცი, წითელი ხბო,
ფრინველი, წინადაგებული პური და ტაძრისათვის სხვა საჭირო სახმარი. ეს უნდა
გადაეხადა ყველა ებრაელს, ქვეყნის რომელ მხარეშიც არ უნდა ყოფილიყო იგი, მდიდარი
იქნებოდა თუ გლახაკი; და იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის წინაშე სულები თანასწორნი
არიან, მდიდარსაც და ღარიბსაც უნდა გადაეხადა თანაბარი - არანაკლებ ნახევარი
სიკლი“. ეს შესაკრები იძლეოდა დიდ თანხას, რის გადატანასაც იერუსალიმში თან ახლდნენ
საპატიო რწმუნებულები. რადგან იესო ქრისტეც და პეტრეც პირველშობილნი იყვნენ, ამიტომ
და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმად, რომელიც პეტრესთვის მშობლიურ ქალაქად
ითვლებოდა, მოუხდეს მას პეტრეს, რომელიც უფლისაგან ცოტა მორიდებით მოდიოდა,
რომელი
იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, ანუ ტაძრისათვის გასაღები წმიდა ძღვენის ამკრეფნი; მათ
ვერ გაბედეს, მიახლებოდნენ თავად იესო ქრისტეს, რადგანაც, თუმცა „თვლიდნენ მას
უბრალო ადამიანად, მაინც მიაგებდნენ გარკვეულ პატივისცემასა და მორიდებას მომხდარი
სასწაულების გამო; ამიტომ პეტრეს მიადგნენ არა იძულებითი მოთხოვნით, არამედ
სიმშვიდითა და მორიდებით, და დაჟინებით კი არ მოსთხოვეს, არამედ მხოლოდ შეეკითხნენ“
(წმ. ოქროპირი): და ჰრქუეს პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?
პეტრემ, თავისი მასწავლებლის ღირსების თავგამოდებულმა დამცველმა, დარწმუნებულმა,
რომ მისი კეთილმოსაობა არ დააყოვნებდა მიეგო ღვთისათვის ღვთისა, უპასუხა შემკრებთ:
დიახ, რა თქმა უნდა, მოგცემთ: ხოლო მან ჰრქუა: ჰე. მას უადგილოდ და ზედმეტად
მოეჩვენა, უფლისათვის ეკითხა ასეთ მცირე და ამავე დროს საღვთო საქმეზე, თუ როგორ
გაეცა ღვთის ტაძრისათვის, მაგრამ მან ამჯერად დაივიწყა აჩქარებით ის, რაც ცოტა ხნის
წინ აღიარა - რომ უფალი იესო ქრისტე არის მხოლოდშობილი ძე ზეციური მამისა და არა
მსახური სხვის სახლში, ასე რომ - მისგან კი არ ეკუთვნით მიღება, არამედ მისთვის
უნდა მიეტანათ შესაწირი, როგორც ძესთან, მამასთან თანაარსებულთან.
არ დაელოდა, ვიდრე პეტრე აუხსნიდა, ვინ და რისთვის მოვიდა, და რა უპასუხა მოსულთ,
უფალმა თავი გამოაჩინა, როგორც გულთამხილავმა: და ვითარცა შევიდა პეტრე სახით,
სადაც იყო უფალი, უსწრო მას იესო და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ სვიმონ (არ უწოდებს მას
უკვე პეტრეს), მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა, შვილთაგან
ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მაშინ იესომ გააკეთა დასკვნა მისივე
სიტყვებიდან: მიუგო იესო და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი, -
ქვეყნიურ მეფეთა შვილები. რის საფუძველზე დაპირდი ჩემი ზეციური მამის ტაძრისათვის
გადასახადის გადახდას ჩემს მაგივრად? განა შენ არ მიწოდე მე ცოტა ხნის წინ ცხოველი
ღმერთის ძე? „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ ასხვავებს შვილებს მათგან,
ვინც არ იყვნენ შვილები? იგი რომ არ ყოფილიყო შვილი, მაშინ ამაოდ მოიტანდა
მაგალითად ქვეყნიურ მეფეებს. ასევე ამბობენ ერეტიკოსები, რომ იგი შვილია, მაგრამ
არა ნამდვილი. და თუ არაა ნამდვილი, მაშინ არც არის შვილი, რადგან უცხოა. თუ უცხოა,
მაშინ მეფეთა მაგალითს არა აქვს ძალა; რამეთუ იგი ამბობს არა უბრალოდ შვილებზე,
როგორიც გინდა იყოს, არამედ კანონიერ შვილებზე, ბუნებრივზე, მათ მშობელთა მეფობაში
თანამონაწილეებზე. ამიტომ, განსასხვავებლად დაუპირისპირა უცხოთა შვილები, ასე უწოდა
მათ, რომლებიც არ არიან მეფეთაგან შობილნი. თავის შვილებად კი მათ იხსენიებს,
რომლებიც თავად მეფეებმა შვეს. აი, როგორ ამტკიცებს იგი პეტრესთვის გახსნილ
სახილველს. ამ ნათქვამს მან კიდევ ერთხელ
დასძინა: ხოლო რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი, რადგან მათ არ იციან საიდუმლო ჩემი
ზებუნებრივი შობისა მამისაგან, და შეუძლიათ მე მოწინააღმდეგედ და სჯულის დამრღვევად
ჩამთვალონ, - აიღე ეს ხარკი ჩემი მამის ულევი საგანძურიდან და მიართვი მას ძღვენი
მისი საბოძვარიდან: მე იმდენად უხვი ვარ, რომ მოგცემ ჩემთვის გადახდის ნებასაც:
წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური და რომელი პირველად აღმოჰხდეს თევზი, აღიღე და
აღუღე პირი მისი და ჰპოვო მის შორის სატირი, მიიღე იგი და მიეც მათ შენთვის და
ჩემთვის, გადაიხადე ჩემთვისაც და შენთვისაც. მე ვაძლევ ამ ხარკს იმიტომ კი არა, რომ
მეკუთვნის მიცემა, არამედ იმისათვის, რომ ვიწყნარებ და მსურს მათი სისუსტის
გამოსწორება. არ უნდა მივცე საბაბი დაბრკოლებისა იქ, სადაც საზიანო არაფერია. ხოლო
იქ, სადაც რაიმე მოქმედებას ზიანი მოჰყვება, არ შეიძლება ზრუნვა მათზე, რომლებიც
უგუნურებით ბრკოლდებიან. „სხვა დროს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - საზრდელზე
მსჯელობისას, იესო ქრისტეს სძულს რა საცდური, გვასწავლის განვასხვავოთ დრო, როცა
საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ როგორმე არ მოვიძულოთ დაბრკოლებულნი, ხოლო როცა
შესაძლებელია, საერთოდ უყურადღებოდ დავტოვოთ. რატომ არ ავალებს იგი მათი დანაზოგი
ფულიდან გადახდას? იმისთვის, რათა ამ შემთხვევით გვაჩვენოს, რომ იგი არის ყოველივეს
ღმერთი“. ნამდვილი სასწაულით ამოწმებს უფალი, რომ ყველაფერი მას ემსახურება,
დიდიდან მცირემდე, ზღვის სიღრმეებშიც მცურავი თევზებიც კი. ხარკის გადახდა არის არა
აუცილებელი საქმე, არამედ ნებაყოფლობითი მოვალეობა ისევე, როგორც მისთვის ნათლობაც
არ იყო სავალდებულო, მაგრამ იგი მას ნებაყოფლობით დამორჩილდა. მან გაიღო გადასახადი
არა მხოლოდ თავისთვის, არამედ პეტრესთვისაც, რომელიც სავსეა ყოველი მორწმუნისა. მან
ქედი მოიხარა უღლის ქვეშ ადამიანთა შვილებთან ერთად, რათა ადამიანთა ძენი მასთან
ერთად გამხდარიყვნენ თავისუფლების მონაწილენი. ქრისტე არ ეუბნება პეტრეს:
„ჩვენთვის“, არამედ „ჩემთვის და შენთვის“, როგორც ეს სხვა ადგილასაა: „აღვალ მამისა
ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ (ინ. 20,17),
რამეთუ იმ შემთხვევაშიც კი, როცა უფალი თავს უბრალო ხალხში აყენებს, ადამიანებს
თავის ძმებს უწოდებს, იგი განურჩევლად არ ერევა მათში, აკეთებს რა ამას მადლიანი
შეწყალებით, და არა ბუნებრივი აუცილებლობით. - უფლის სიტყვას საქმე მოჰყვა: პეტრე
წავიდა უახლოეს ტბასთან, ჩააგდო ანკესი და მასზე წამოგებული პირველივე თევზის
პირში, თავისი უფლის სიტყვისამებრ, ნახა საჭირო ფული. ამ ადგილის განმარტების
დასასრულს, წმ. ოქროპირი ამბობს: „შეიცანი პეტრეს დიდი სიბრძნე. ამ მნიშვნელოვან
შემთხვევაში არ მოიხსენა მარკოზმა, მისმა მოწაფემ, მის დაბრკოლებაზე, მან დაწერა
სხვა მახარებლებზე უფრო დაწვრილებით, ხოლო იმაზე, რასაც შეეძლო განედიდებინა პეტრე,
დადუმდა, შესაძლოა იმიტომ, რომ მასწავლებელმა აუკრძალა წერა მის სასწაულებზე. შენ
გაკვირვებს ძალა ქრისტესი? გაიკვირვე მოწაფის რწმენაც, რომელიც ასე მორჩილებდა
უფალს მეტად მძიმე მდგომარეობაშიც კი; აღნიშნული მდგომარეობა თავისი არსით მეტად
მძიმე, გამოუვალი იყო; ამიტომაც ასეთი რწმენისათვის ჯილდოდ, უფალმა ტაძრისათვის
გადასახადის გაცემისას, თავისთან შემოიერთა იგი: „მიეც მათ ჩემთვის და შენთვის“.
| |