მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ეშმაკეულის განკურნება ახალ მთვარეზე
მათე 17, 14-23

იმ დროს, როცა უფალი იესო სამ გამორჩეულ მოციქულთან ერთად იყო ფერისცვალების მთაზე, მისმა მტრებმა, მწიგნობრებმა ლამის მოასწრეს ცხრა დანარჩენი მოწაფის დაცინვა, რომლებიც დატოვებულნი იყვნენ მთის ძირში. დადიოდნენ რა ქადაგებით ქალაქებსა და სოფლებში, ქრისტეს მოწაფენი განდევნიდნენ ეშმაკებს, მაგრამ ვერ შეძლეს ერთი ყრმისგან მისი განდევნა. ჩანს, უფლის წინასწარმეტყველებამ მის მომავალ წამებასა და სიკვდილზე, მისმა სწავლებამ ტანჯვის აუცილებლობაზე, მათი გონება მოშიში გახადა, ხოლო ასეთ არამშვიდ, შეწუხებულ მდგომარეობაში, როცა მათთან არ იყო არა მარტო თვით უფალი, არამედ გამორჩეული ძმები, რომლებიც უფრო მეტ სულიერ ძალას ფლობდნენ, მათი რწმენა დასუსტდა და არასაკმარისი გახდა ეშმაკის განდევნისათვის. აქ იგივე გამეორდა, რაც იყო სინას მთაზე: ვიდრე მოსე ღვთის განცხადების მთაზე იყო, მტერმა იდღესასწაულა ხალხზე და მისდრიკა ისინი კერპთაყვანისმცემლობისაკენ; ახლაც მწიგნობრები ყოველნაირად ცდილობდნენ, დაეცინათ ქრისტეს მოწაფეთა უღონოებისათვის და ამით ხალხის თვალში დაემდაბლებინათ თვით უფალი. მაგრამ აი, გამოჩნდა თავად იგი, წმინდა მთიდან დაბრნებული, ჯერ კიდევ ფერისცვალების დიდებული ნათლით გაბრწყინებული სახით ისე, რომ დაინახეს რა იგი, მთელი ხალხი, მოწაფეების გარშემო რომ იყო მრავლად შეკრებილი, განცვიფრდა, როგორც ამბობს წმ. მარკოზ მახარებელი, და გაიქცა მისკენ, რათა მისალმებოდა. ერთ დროს დიდებით ბრწყინავდა მოსეს სახეც, როცა იგი ჩამოვიდა სინას მთიდან ღმერთის გამოცხადების შემდგომ; მაგრამ ის იყო ბრწყინვალება მკაცრი დიდებისა ისე, რომ „აარონსა და ისრაელთა შვილებს ეშინოდათ მასთან მისვლა“; ღვთაებრივი დიდებით განათებული ქრისტეს სახე, მართალია კეთილკრძალულ შიშს აღძრავდა, მაგრამ მაინც ყველას იზიდავდა თავისი მადლითა და არამიწიერი სილამაზით.

უფალმა ერთი თავისი გამოჩენით, მოწაფეებს გამარჯვება ამცნო: და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მიუხლოვდა შეჯგუფულ ხალხს, უფალი უფლებით ეკითხება მწიგნობრებს, შეიფარებს რა თავის მფარველობაში მოწაფეებს, რაზე გვეკამათებით ჩვენ? თუ არის რაიმე გაუგებრობა, მე შემეკითხეთ. მწიგნობრები, ასე უტიფრად რომ უტევდნენ მოწაფეებს, შეცბუნდნენ და ღვთაებრივ მასწავლებელს ვერაფერი უპასუხეს. მოწაფენი უფლის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდნენ და ასევე დუმდნენ. მაშინ ხალხის სიმრავლეს გამოეყო და მოუხდა მას კაცი ერთი, მუხლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა: მოძღვარო! მე მოვიყვანე შენთან ჩემი შვილი, რომელიც ბოროტი ძალით არის შეპყრობილი. გემუდარები, იგი მე ერთადერთი მყავს - უფალო! შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების... „ახალი მთვარისას ეშმაკეულისთვის, - ამბობს წმიდა ათანასე ალექსანდრიელი, - მთვარე კი არ არის მიზეზი გონების არევისა, არამედ ბოროტმოქმედი და ვერაგი ეშმაკი. როცა სხვა საშუალებით ვერ აღწევს ხალხის მიდრეკას კერპების თაყვანისცემისადმი, იგი აკვირდება მთვარის განახლებას და ამ დროს მტანჯველი სნეულებით აღრიალებს კაცს, რათა ავადმყოფის ახლობლებმა თაყვანი სცენ მთვარეს იმ აზრით, რომ მან გამოაგზავნა ეშმაკი“. და ავადმყოფი ბავშვის მამაც საყვედურობს უფალს: ბოროტი ძალა იპყრობს მას ისე, რომ იგი უცებ აანჩხლებს, აწვალებს და ქაფს გამოყოფს, კბილებს აკრაჭუნებს, აშეშებს და სასიკვდილოდ აგდებს. ეს ეშმაკეული დამბლადაცემანი მას ყველგან ემართება, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა და ბოროტი ძალაც მაშინ ანებებს მას თავს, როცა ძლიერ გააწამებს, და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, ვთხოვე მათ, განედევნათ მისგან არაწმიდა ძალა, ისინი ამას შეეცადნენ, მაგრამ და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა!.. ჩანს, რომ გამწარებული მამის რწმენა ძალიან სუსტი იყო: ამას იგი თავადვე აღიარებს შემდგომ: „მაგრამ თუ ურწმუნოება მამისა იყო იმის მიზეზი, რომ ბოროტი ძალა არ გამოდიოდა, მაშინ რაღაზე დაადანაშაულა უფალმა მოწაფენი? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: ამით იგი აჩვენებს, რომ რწმენით შეუძლიათ მათ განკურნონ ავადმყოფი და ისიც შუამდგომლობის გარეშე, რადგან ხშირად შუამდგომლის რწმენა ხდება საკმარისი, რათა უმცროსი ძმებისგანაც მიეღო სასურველი. ასევე სასწაულმოქმედის ძალა ხშირად საკმარისი ხდება იმისათვის, რათა მოხდეს სასწაული, მაშინ როცა მასთან მისულთ შესაძლოა არც კი ჰქონდეთ რწმენა. ელისემ აღადგინა მიცვალებული მაშინ, როცა არავის სწამდა, რადგან მიცვალებულის გადამგდებლებმა რწმენით კი არ დააგდეს, არამედ შეეშინდათ რა საშიშროებისა, გაიქცნენ და მხოლოდ ელისეს სხეულის ძალით აღდგა მკვდარი. აქედან ჩანს, რომ მოწაფენი რწმენით სუსტნი იყვნენ, მაგრამ არა ყველა: რწმენის სვეტნი მათთან არ იმყოფებოდნენ და აი, ეშმაკეულის მამა ჩივის მათზე იესო ქრისტესთან, მაგრამ ქრისტემ, მოარიდა რა ხალხის თვალში მოციქულებს ბრალდება, უფრო მეტად გაამტყუნა ისინი“; მის ბაგეთაგან გამოვიდა მწუხარე გულისწყრომა და საყვედური: მიუგო იესო და ჰრქუა მას: ჰოი ნათესავი ურწმუნო, და გულარძნილი! ნუთუ, ამდენი სასწაულების მიუხედავად, თქვენ მაინც არ გაქვთ რწმენა? ვიდრემდის ვიყო თქუენთანა, ვიდრემდის თავს ვიდებდე თქუენსა? - „ასე ამბობს მკურნალი, როცა ავადმყოფი არ ისმენს მის რჩევა-დარიგებებს, - განმარტავს ნეტარი იერონიმე, - როდემდე უნდა ვიყო შენთან და დავხარჯო ჩემი ხელოვნება? მე გთხოვ ერთს, შენ კი აკეთებ მეორეს. ის, რომ უფალი ურისხდებოდა არა ხალხს, არამედ მათ მანკიერებას, იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რაც მან მაშინვე დასძინა: მომგუარეთ მე იგი აქა.

მოჰგვარეს ყრმა, მაგრამ ღვთიური სასწაულთმოქმედის დანახვისთანავე ბოროტმა სულმა დასცა ის და გვემა უწყო: იგი მიწაზე დაეცა, აგორავდა და გადმოსდიოდა ქაფი... „სატანა, - ერთი განმმარტებლის თქმით, - დიდად გამძვინვარდა მოსალოდნელი დაღუპვის შიშით“. მწუხარებაში მყოფთან საუბარი, რათა მისი სული დაემშვიდებინა, არ შეიძლებოდა; ამიტომაც უფალმა საუბარი გამართა მამამისთან, რათა მასში გაეღვივებინა რწმენა და კეთილი იმედი თავისი ღვთიური თანაგრძნობით. „დიდი ხანია, რაც ასე დაემართა?“ - ჰკითხა უფალმა, - „სიყრმიდან“, - უპასუხა მამამ და რათა უფრო მეტად გამოეწვია სიბრალული, იგი ხელალხა უყვება უფალს თავისი შვილის საშიშ მდგომარეობაზე და წამოიძახებს: თუ შენ, უფალო, რაიმე შეგიძლია იმაზე მეტი, ვიდრე შენს მოწაფეებს, მოწყალება გამოიჩინე ჩვენზე, გვიშველე ჩვენ!“ ამ „გვიშველეში“ ისმის იგივე მხურვალე მშობლიური სიყვარული, როგორიც ისმოდა ქანანელი ქალის სიტყვებში, მაგრამ სიტყვებში „თუ რამე შეგიძლია“, უკვე ისმის ეჭვი და ურწმუნოება, ამიტომაც უფალმა უთხრა მას: „უკეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მრკ. 9,23). ასე, როგორც კი გაიელვა ამ რწმენის პირველმა ნაპერწკალმა და გაანათა ურწმუნოების ღრმა უფრსკრული უბედური მამის გულში, მის ბაგეთაგან გადმოვიდა ცრემლიანი, შესაბრალისი ოხვრა: „მრწამს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“ (მრკ. 9,2). ასე ხდება მუდამ: მხოლოდ მაშინ შეუძლია დაინახოს ადამიანმა, თუ როგორი საშინელი და დამღუპველია ურწმუნოება, როცა რწმენის მადლი გაანათებს მის გულს.

ხალხის გროვა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ყველას უნდოდა დაენახა, რა მოხდებოდა ავადმყოფი ბავშვის თავს. რათა არ მიეცა საზრდო მათი ცნობისმოყვარეობისათვის და ამასთან დაეჯილდოებინა მწუხარე მამის რწმენის სუსტი დასაწყისი, უფალმა ბრძანებით მიმართა არაწმიდა სულს: და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესო, „ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ, განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა“ (მრკ. 9,25). უფლის ამ სიტყვებს მოჰყვა ძლიერი კივილი და საშინელი შეძრწუნება და ყრმა გახდა, როგორც მიცვალებული ისე, რომ ბევრს ეგონა, რომ იგი მოკვდა... და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, მაგრამ ეს მან გააკეთა უდიდესი წინააღმდეგობით. ასეთი უტიფრობა ბოროტი სულისა დაშვებული იყო ღვთისაგან. ხალხმა ცხადად დაინახა, როგორი უტიფარია ეშმაკი, და მიუხედავად თავისი უტიფრობისა, იგი მაინც ძრწის უფლის წინაშე, მაგრამ ყოვლადმოწყალე მეუფემ სიცოცხლისა და სიკვდილისა ხელი მოჰკიდა ყრმას, ასწია იგი და მისცა თავის მამას და განიკურნა ყრმა იგი მიერ ჟამითგან.

ასე დაამარცხა ერთხელ კიდევ უფალმა მწიგნობრები და ფარისევლები, რომელთაც სურდათ სასაცილოდ აეგდოთ რწმენაში ჯერ კიდევ სუსტი მოწაფენი. იგრძნეს რა თავიანთი სისუსტე, მოწაფენი ჩაუფიქრდნენ თავიანთი წარუმატებლობის მიზეზს. „მე მგონია, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მათ შეეშინდათ, ხომ არ დაკარგეს მადლი, მათთვის მოცემული“; ამიტომ როცა სახლში წავიდნენ, მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი თვისაგან და ჰრქუეს - ჰკითხეს მას: რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განხდად მისა? მაშინ როცა აქამდე ეშმაკები გვემორჩილებოდნენ? ხოლო იესო ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათვის, თქვენში ნაკლები რწმენის გამო, რომლისთვისაც ყველაფერია შესაძლებელი. ყოველი ასეთი სისუსტე - ურწმუნოებიდან მოდის, ყოველი ძალა რწმენაშია. ამინ გეტყვი თქუენ: უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ ჩემი შეწევნისა და ყოვლისშემძლეობისა, თუნდაც ისეთი მცირე, ვითარცა მარცუალი მდოგვისა, მაგრამ რწმენა მტკიცე, შეურყეველი, რომელსაც ექნება შინაგანი ძალა, როგორიც მწველ მდოგვის მარცვალს. - ჰრქუათ მთასა ამას (შესაძლოა, უფალი მიუთითებდა თაბორის მთაზე, რომელიც სახლიდან ჩანდა კიდეც): მიიცვალე ამიერ იქი და იგი შეისმენს ჩვენსას - და მიიცვალოს: და არარაი შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ, არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება თქვენთვის, არავითარი სიძნელე, რაც ხალხს ხშირად მთებად წარმოუდგენია. „იტყვი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - სად გადააადგილეს მათ მთა? - მე გეტყვით, რომ მათ მეტი გააკეთეს, როცა ათასობით მკვდარი აღადგინეს. რამეთუ, მთის გადასაადგილებლად არ არის საჭირო იმდენი ძალა, რამდენიც საჭიროა სხეულიდან სიკვდილის განსადევნად. სხვათა შორის, ჰყვებიან, რომ წმინდანებმა, მათ შემდგომ მყოფებმაც და მათზე უფრო ნაკლებებმაც, გადააადგილეს მთებიც, როცა ამას საჭიროება ითხოვდა. ამიტომ, ნათელია, რომ მოციქულებსაც შეეძლოთ მთათა ძვრა, თუკი ეს საჭირო იქნებოდა, მაგრამ ამას არ ითხოვდა საჭიროება. და ისიც შესაძლებელია, რომ ასეც ხდებოდა მათგან, მაგრამ არსად მოიხსენება, რადგან ყველა სასწაული არ აღუწერიათ. გაიაზრე აქ მათი კეთილი სიბრძნე და სიბრძნის სიყვარული, რომ არ დაჰფარეს თავიანთი სისუსტე, სულის სიძლიერე, რადგან ისინი, ვისაც არ გააჩნია რწმენა მდგოვის მარცვლისოდენა, მოკლე დროში უფალმა ისე აამაღლა, რომ მათში რწმენის მდინარეებმა და წყაროებმა იწყო დენა“.

უფალმა თქვა, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებით ძლიერ რწმენას ითხოვდა, რომელიც იმ დაჟინებულ ლოცვაში უნდა გამოხატულიყო, რომლის დროსაც ადამიანს საზრდელის მიღებაც კი ავიწყდება: ხოლო ესე ნათესავი ეშმაკთა არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა, როგორც თვით დატანჯულისგან, ასევე განკურნებულისგან; ხოლო ასეთი მტკიცე რწმენა ახლანდელ შემთხვევაში, თქვენ არ გქონდათ. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მოციქულებსაც კი, როგორ ელაპარაკება მარხვაზე? მარხვა რწმენით აძლევს დიდ სიმტკიცეს კაცს, რადგან ანგელოზად აქცევს ადამიანს, და მეტად ამტკიცებს უკეთური ძალების წინააღმდეგ, მაგრამ ეს ცოტაა; საჭიროა კიდევ ლოცვა, იგი უნდა უძღოდეს მას. ამიტომაც იყო, რომ მოციქულები თითქმის მუდამ მარხულობდნენ. ვინც ლოცულობს მარხვით, მას ორი ფრთა აქვს, ქარზე უფრო მსუბუქი“. „ხედავთ საჭიროებასა და სიკეთეს მარხვისა, რომელიც შეერთებულია ლოცვასთან, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - თუ იგი სჭირდებოდა მოციქულებს, შეიძლება ჩვენ არ დაგვჭირდეს? თუ კი სასწაულთმოქმედებს იგი ეხმარებოდა, შევძლებთ კი ჩვენ მისი დახმარების უგულებელყოფას? იგი ხელს უწყობს მტანჯველ და მოჭარბებულ ბოროტ სულზე გამარჯვებას. განა უფრო მეტად არ შეუწყობს ხელს დამორჩილებას სხეულისა, რომელიც ებრძვის სულს?“ - „ეშმაკეული ახალი მთვარისას, - ამბობს ნეტარი იერონიმე, - გამოხატავს ადამიანს, რომელიც დრო და დრო ეძლევა სხვადასხვა ბიწიერებას და ვარდება ხან ცეცხლში სიძვისა, ხან კი იმ წყალში, რომელიც სიკეთისათვის საძაგელია“. შესაბამისად, ვნებით შეპყრობილი თითოეული ცოდვილი, სულიერი გაგებით ეშმაკეულია და განკურნებას საჭიროებს, ხოლო ეს განკურნება, ანუ განწმენდა მისი სულისა ვნებებისგან მარხვისა და ლოცვის გარეშე არ მოხდება: უფლის სიტყვების „ნათესავი ესე“ განმარტებისას, განმმარტებლები შენიშნავენ, რომ არსებობს სხვადასხვა ბოროტი სულების ხარისხები, როგორც ზეცაში არსებობს ანგელოზთა იერარქია, ანუ წოდებულებათა თანმიმდევრობა, ასევე ბოროტ ძალებშიცაა დაქვემდებარებულნი და უფროსნი.

და ვითარცა იქცეოდეს ისინი გალილეას, წერს მახარებელი მათე, როცა მთელ ხალხს აკვირვებდა ის, რასაც იესო ახდენდა, თავად მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოწაფეებს თავის მომავალ სატანჯველებზე: ჰრქუა მათ იესო: ნუ გაგიტაცებთ ის აღტაცების სიტყვები, რითაც ხალხი გამოხატავს გაკვირვებას ჩემი სასწაულების ხილვაზე. ეს ხალხი მიმატოვებს მე. დაე, ამ სიტყვებმა განამტკიცოს თქვენში რწმენა ჩემს ღვთაებრივ ღირსებაზე, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მე ვისარგებლებ ჩემს მიმართ ხალხის ასეთი განწყობით, რათა გამოვაცხადო თავი მესიად - დამპყრობლად, როგორსაც ისინი მოელიან. შეუშვით თქვენს ყურებში სიტყვები: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ხელთა კაცთასა და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს, მაგრამ მოწაფეებს არ უნდოდათ ეფიქრათ იმაზე, რაც მათთვის უცხო იყო, მათ ვერ გაიაზრეს ქრისტეს სიტყვების ძალა, რომლის აზრიც მათთვის თითქოს დახშული იყო და არ სურდათ ეკითხათ, რადგან ეშინოდათ რაიმე უფრო სამწუხაროს მოსმენისა. ადამიანის გული უხალისოდ შორდება თავის სანუკვარ ოცნებებს მაშინაც კი, როცა ჯანსაღი გონიერება აგრძნობინებს მათი გულისათვის უსიამოვნო ჭეშმარიტების მოახლოებას. მათი გულები გრძნობდა, რომ ახლოვდებოდა მათთვის მეტად მძიმე და მწუხარე დღეები, ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად. „არ შეიძლება თქმა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ მათ არაფერი ესმოდათ: პირიქით, მათ იცოდნენ, რომ უფალი მოკვდებოდა, რადგან ამაზე მოუკლებლად ისმენდნენ. მაგრამ ის, რომ მას შეიძლებოდა ასეთი სიკვდილი შემთხვეოდა, მათ ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ. არ ესმოდათ ისიც, თუ რას ნიშნავდა აღდგომა, რამეთუ ძალიან უყვარდათ თავიანთი მასწავლებელი“.

როგორ ხშირად ახსენებს ბოლო დროს უფალი მოწაფეებს თავის სატანჯველებს; ამაზე ამბობს პეტრეს აღიარებისთანავე; ამბობს თავის ჯვარზე, როცა ასწავლის თვითგანწირვაზე; ჯვარზე სიტყვა მისგან ისმოდა თაბორის მთაზე დიდ წინასწარმეტყველებთან საუბრისას; აღდგომას იგი იხსენებს, როცა სთხოვს მოწაფეებს, რომ თაბორის გამოცხადებაზე დადუმდნენ; ისევ წამებაზე საუბრობს, როცა განუმარტა მათ ილიას შესახებ წინასწარმეტყველება; და ბოლოს, ისევ განსაკუთრებული ძალით ლაპარაკობს იგივეზე, როცა უკანასკნელად მოუწია გავლა გალილეაზე. მაგრამ ყოველთვის, როცა კი იგი ამას ეხება, იგი თითქოს ამშვიდებს თავის მოწაფებს ხან სასწაულებში გამოვლენილი ყოვლისშემძლეობით, ხან კი თავისი ღვთაებრიობის გაცხადებით მომავალ აღდგომაში. რამდენი სიყვარულია იქ, რამდენი მამობრივი სიფაქიზე ჩანს ყოველივე ამაში.