მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ფერისცვალება უფლისა
მათე 17, 1-9

პალესტინის მთებს შორის არაფერი მოიპოვება უფრო ლამაზი, ვიდრე თაბორის მთა. მარტო დგას იგი. ეზრდილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდი ვერსის მოშორებით, უდაბნოში, იგი მთლიანად არის სხვადასხვა ხეებითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით დაფარული, როგორც საკვირველი დასაგები ფეხქვეშ, დიდებით ფერშეცვლილი უფლისათვის. აქ, ფილიპეს კესარიიდან მოვიდა იესო ქრისტე ექვსი დღის შემდეგ - შემდგომად ექუსისა დღისა, ჯვარის ზიდვაზე საუბრის შემდეგ, როგორც წერს წმ. მათე. თვლიდა რა შუალედ დღეებს, ანუ რვა დღის შემდეგ, როგორც წერს წმ. ლუკა, თვლიდა რა საუბრის დღესა და თვით ფერისცვალების დღეს. მთელი კვირის მოგზაურობიდან წმიდა მახარებლები არ გვაუწყებენ უფლის არც ერთ საუბარზე, არც ერთ მნიშვნელოვან ამბავზე: ჩანს, რომ უწმიდესი სული ღმერთკაცისა, მთელი ეს დღეები, მთლიანად ჯვარზე ფიქრებით იყო დაკავებული, რომლის დროც უკვე მოახლოებულიყო: ძველი გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ფერი იცვალა წამებამდე ორმოცი დღით ადრე. მდუმარედ მიუყვებოდნენ თავიანთ ღვთაებრივ მასწავლებელს წმიდა მოციქულებიც; მათ გულში ჯერ კიდევ ისმოდა უფლის ბოლო საუბარი ჯვარზე, სამსაჯავროსა და ღვთის სასუფეველზე. ძალიან ბევრი საიდუმლო იყო მათთვის ამ საუბრებში დაფარული; ჯვარზე და წამებაზე საუბარმა დამამძიმებელი გრძნობები აღძრა მათში, თუმცა ღვთის სასუფევლის მოახლოების აღთქმას სიხარულის სხივი შეჰქონდა მათ გულში. რათა ღრმად აღბეჭდილიყო მოციქულებში სწავლება ჯვარზე, უფალმა თითქოს წარუდგინა ისინი ამ დღეებში თავიანთ თავს, რათა განეცადათ საკუთარ სულში ქრისტეზე გულანთებული რწმენის დაპირისპირება ძველ იუდაურ მოსაზრებებთან და რათა ამ წარმოდგენებსა და ოცნებებს ქვეყნიურ სამეფოზე, კიდევ არ მოეცვა მათი გული, უფალმა თქვა, რომ მოციქულთაგან ზოგიერთები უკვე ქვეყნიურ ცხოვრებაში - სულ მალე - იხილავენ მას, ძე კაცისას, თავის სამეფოში. ყველა მოწაფეს არ ჰქონდა იმის უნარი და არ იყო ღირსი იმისა, რომ გაეაზრებინა და ეხილა სახე დიდების ფერისცვალებაში: მათ შორის იყო იუდაც; ამის მიუხედავად, სასიკეთო იქნებოდა, რომ თუნდაც მოციქულთაგან გამორჩეულებისათვის მაინც გაეხსნა მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილი ძისა. რათა ისინი, იქნებოდნენ რა შემდგომში მისი დამდაბლების მოწმენი, არ დაბრკოლებულიყვნენ და ჩასწვდომოდნენ მისი საკუთარი ნებით მწუხარებათა დათმენის უდიდეს საიდუმლოს. „უფალმა, - ამბობს წმ. ეფრემ ასური, - გამოუცხადა მათ თავისი სამეფო თავის დამდაბლებამდე და თავისი ღირსება თავის უღირსებამდე, რათა როცა მას იუდეველები ჯვარზე გააკრავდნენ, მათ სცოდნოდათ, რომ ჯვარს აცვეს არა უძლურების გამო, არამედ ღვთიური დაშვებით. საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად“. ფერისცვალების დიდებაში გამოიხატებოდა მისი მომავალი აღდგომის დიდებაც და ის დიდებულება, რითაც იგი მომავალში უნდა მოვიდეს, როგორც ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული, და ამ დიდებაშია ჩვენი მომავალი ფერისცვალებაც მისი მეორედ მოსვლის ჟამს: და ამიტომაც, რათა „დანარჩენი მოწაფეები არ დამწუხრებულიყვნენ, როგორც შესაზიზღნი“ (წმ. ოქროპირი), წარიყუანა იესო პეტრე და იაკობ, და იოანე, ძმა მისი, უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახადა ღირსი გამხდარიყო მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა გეთსიმანიის ბაღში; იახლა ისინი სწორედ იმიტომ, რომ „ისინი გარდაემატებოდნენ დანარჩენებს: პეტრე - იესოს ძლიერი სიყვარულით, იოანე - მისდამი იესოს განსაკუთრებული ერთგულებით, ხოლო იაკობი - იმ პასუხის გამო, რომლითაც თავის ძმასთან ერთად მიმართა იესოს: შეგვიძლია შევსვათ სასმისი; იგი ისეთი მკაცრი და ცივი იყო იუდეველებისადმი, რომ იროდი ფიქრობდა მის მოკვლას, რათა ამით ესმიამოვნებინა იუდეველნი“ (წმ. ოქროპირი). „მან წაიყვანა პეტრე, - ამბობს წმ. იოანე დამასკელი , - რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მისი მოწმობა მტკიცდებოდა მამის მოწმობითაც, და რათა დაერწმუნებინა იგი თავის სიტყვებში, რომ თვით ზეციურმა მამამ გაუხსნა ეს მოწმობა; მან წაიყვანა იაკობი, რადგან სხვა მოციქულებზე უწინ ჰქონდა სურვილი მომკვდარიყო ქრისტესათვის; და ბოლოს, წაიყვანა იოანე, ქალწული და ღვთისმეტყველების წმიდა ორღანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისათვის და დაექუხა: „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი“. „თუ კი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა, რომ ამიტომაც გასცა მან თავისი უფალი, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადაა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ, და ვრწმენე“ (ინ. 20,29). და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან, იახლა ისინი რათა მასთან ერთად ელოცათ. „მან აიყვანა ისინი მაღალ მთაზე, რათა ეჩენებინა, რომ ის, ვინც არ ამაღლდება მიწიერზე, არ გახდება ასეთი ღვთაებრივი ჭვრეტის ღირსი, - მარტო აიყვანა იმიტომ, რომ ჩვევად ჰქონდა დიდებული სასწაულები მოეხდინა საიდუმლოდ“ (ნეტ. თეოფილაქტე). უფალს უყვარდა ლოცვების შესრულება მთაზე ღამის სიმყუდროვეში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაშინაც ღამე იყო, და მთელ ღამეს გასტანა ჩვენი უფლის ლოცვამ ისე, რომ მთელი დღის საზრუნავებით დაქანცულ მოწაფეებს, თავიანთი ლოცვების შესრულების შემდგომ, გათენებისას ჩაეძინათ. სწორედ ახლა, თაბორზე, ფერისცვალების ჟამს, გულის სიღრმიდან, რომელიც მთლიანად ემორჩილებოდა მამა ღმერთს, მან წარმოთქვა დიდებული სიტყვა: „მოვალ, ... ყოფად ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა“ (ებრ. 10,7). და აი, მისი წმიდა სულის უზესთაესი მდგომარეობა გაბრწყინდა აღტაცებით, გულაჩვილებით და წმიდა გადაწყვეტილებით ღვთის საქმის საკეთებლად, მის ღვთაებრივ მზერაში განათდა და მისი სიკეთით გამშვენებულ სახეზე, შემდეგ კი - მთელს მის უწმინდეს სხეულზე, გაბრწყინდა მისი სამოსელიც, გაელვარდა მის გარშემო გამოუთქმელი ნათლით მთელი მთის წვერი... და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად. „ლოცვის სული, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - შეერთო ღვთის სულს, გადაიქცა იესოს სულის ნათლად; ამ ნათლის ჭარბი ნათება ვერ დაეტია რა სულში, გადმოიღვარა სხეულზეც და გაიბრწყინვა მის სახეზეც: და განჰბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, - ვერ იტევდა რა აქაც, ღვთაებრიობის სხივებს, გამოდიოდა რა მისი სხეულიდან, ასხივებდა და ასხვაფერებდა თვით მის სამოსელსაც: ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი, „ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ხელეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად“ (მრკ. 9,3).

ეს საკვირველი, ზეციური ნათელი ბრწყინავდა, როგორც ელვა და მოიცვა მოციქულთა სული; ღვთიური მშვენიერების ელვარებით იღვრებოდა ეს უცნაური ნათელი ყოველივე ირგვლივ არსებულზე, აღწევდა სულიერ სამყაროში და მიიზიდა ზეციური სამყაროდან - ღვთის დიდებულების უდიდესი მოშურნე ილია, ხოლო ქვევითა სამყაროდან კი - სჯულმდებელი მოსე, რათა აღსრულებულიყო წმინდა წერილი: „მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე“ (მეორე რჯ. 19,15). აქაც ორი დიდი წინასწარმეტყველისა და სამი გამორჩეული მოციქულის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო დიდი საქმე. და აჰა ეჩუენნეს მათ ძილისაგან გამოფხიზლებულ მოციქულებს, მოსე და ილია მის თანა, და თანაჰზრახვიდეს, გამოცხადდენ იმავე ქრისტეს ღვთაებრივი დიდებულების გამომხატველი ბრწყინვალებით. ღმერთი უხილავი და მიუწვდომელი გამოვლინდა ადამიანში ხილულად: „ქრისტეს ღვთაებრიობის ელვარებამ, - მთ.ეპ. ნიკანორის სიტყვებით, - გაიბრწყინვა მისი კაცობრიული ღრუბლის გასწვრივ; ღვთაებრივი დიდებულების ნათელი გაცისკროვნდა მისი ადამიანური სიმდაბლის საფარველის წინ; ღმერთკაცი ეჩვენა არა მარტო ზეცის მკვიდრთ დასანახად, არამედ მიწიერი ადამიანების დამძიმებულ თვალებსაც თავის დიდებაში, ეჩვენა იმ დიდებაზე მეტ დიდებულებაში, როგორშიც გამოვლინდა იგი სინასა და ქორიბის მთაზე, სწორედ იმ დიდებაში, თუმცა მოციქულთა უძლურებიდან გამომდინარე მაინც თავშეკავებული დიდებით, რომელიც ღვთის რჩეულთ ზეციურ სამყოფელში გაუნათებს მზისა და მთვარის ნაცვლად მარადის. გამოჩნდა ისეთი დიდებით, რომ მისი სახის ნათელმა დააბნელა პირველი ბრწყინვალე სხივები ამომავალი ქვეყნიურ მზისა, როგორც გალობს წმინდა ეკლესია... მთრთოლვარე სიხარულით ღრუბელში იმყოფებოდა თაბორის მთაზე - სწორედ ის მოსე, რომელმაც იხილა ღმერთი წყვდიადის, ორთქლის, ელვის, ცეცხლის სახით და ევედრებოდა ღმერთს სინას მთაზე: „მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ“, და მაინც მოესმა პასუხად: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან, ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ (გამ. 33, 17-20); და ის ცეცხლივით ანთებული ილია, რომელსაც ქორიბის მთაზე სურდა დაენახა და მაინც ვერ დაინახა ღმერთი გრიგალის სახით, რომელიც მუსრავდა მთებსა და კლდეებს, მიწისძვრისა და ცეცხლის სახით, და განიცადა მხოლოდ ღვთის სიახლოვის აჩრდილი გრილი ნიავის ხმაში - მშვიდი გრილი ნიავის ქროლაში; ორთქლში იდგნენ ღვთის ნებით, რათა დაეცხროთ დიდი ხნის წყურვილი - თვალხილულად ეხილათ, რა არის ღმერთი, რომელიც წარმოადგენს თავს არა ჩვენებებში, არამედ თავის არსში, რომელიც იპოსტასურად შეუერთდა ადამიანურ ბუნებას და აქედან ავლენდა თავის დიდებას: და აი ისინი, რომელნიც ფერშეცვლილის დიდებით იყვნენ დაფარულნი, წარდგებიან მასთან, როგორც უფლის წინაშე, ვისთანაც წარდგნენ სინასა და ქორიბზე“, და მოციქულები ახლა ხედავენ, რომ იესო ქრისტე „არ არის ილია, არამედ ღმერთი ილიასი. არც იერემია, არამედ ის, რომელმაც, განწმინდა იერემია დედის მუცელში, არც ერთი რომელიმე წინასწარმეტყველთაგანი, არამედ წინასწარმეტყველთა უფალი, რომელიც აგზავნიდა მათ ხალხში. იგია შემოქმედი ზეცისა და მიწის, მეუფე ცოცხალთა და მკვდართა, რომელმაც უბრძანა ზეცას და გადმოიყვანა ილია, მისცა მიწას ნიშანი და მკვდრეთით აღადგინა მოსე“... (წმ. ეფრემ ასური). ამისათვის მოვლენ თაბორზე - ერთი მომკვდარი, მეორე კი ისეთი, რომელსაც ჯერაც არ განეცადა სიკვდილი; ორივე წინასწარმეტყველი, უფლის მსგავსად რომ მარხულობდა 40 დღე; ორივეს გასვლა ამქვეყნიდან იყო საიდუმლოებით მოცული: ილია ცოცხლად იქნა ზეცაში აყვანილი, მეორე გარდაიცვალა, მაგრამ მისი დაკრძალვის ადგილი გასაიდუმლოვდა ყველასათვის. „იუდეველები ხშირად ადანაშაულებდნენ უფალს სჯულის დარღვევასა და ღვთის გმობაში, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ თითქოს იგი იტაცებდა მამის დიდებას, მისთვის რომ არ იყო კუთვნილი, ამიტომაც ქრისტემ, რათა ეჩვენებინა, რომ მისადმი წაყენებული ბრალდებანი შურიდან იყო გამომავალი, იხმო თავისთან მოსე და ილია: მოსემ მისცა ხალხს სჯული და არ დაუშვებდა სჯულის სიძულვილს, არ მოემსახურებოდა სჯულის დამრღვევს. ასევე ილიაც, ღვთისადმი დიდი მოშურნეობის გამო, არაფრით დაემორჩილებოდა იმას, ვინც უწოდებდა თავს ღმერთს და მამის სწორს, და სინამდვილეში არ იყო იგი“. მაგრამ „რანაირად იცნეს მოწაფეებმა, რომ ქრისტესთან მოსულნი იყვნენ მოსე და ილია? როგორც ჩანს, - პასუხობს ამაზე ნეტარი თეოფილაქტე, იცნეს მათი საუბრიდან. მოსე, შესაძლოა ამბობდა: შენ ის ხარ, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე ტარიგის დაკვლით და პასექის შესრულებით, ხოლო ილია: შენ ხარ ის, რომლის აღდგომაც მე წინასწარ გამოვხატე ქვრივის შვილის აღდგომაში, და ამის მსგავსი“. მოკლედ, „შეიძლება ვიფიქროთ, - ამბობს ერთი განმმარტებელი, რომ უფლის დიდების ასახვას შეეძლო იმდენად გაენათლებინა მოციქულთა ხორციელი და სულიერი თვალები, რომ მათ უსიტყვოდაც იცნეს იქ მყოფებში სჯულმდებელი მოსე და ქრისტეს მეორე წინამორბედი ილია“. ასე რომ თაბორზე, როგორც იქნა, შესრულდა აღთქმული სურვილი ამ ორი დიდი წინასწარმეტყველისა - დაენახათ ღმერთი პირისპირ და დალაპარაკებოდნენ მას. რაზე მიდიოდა მაინც ეს საუბარი? - სიკვდილზე, რომელიც უფალს უნდა ეგემა იერუსალიმში. იმ გამომხსნელ მსხვერპლზე, რომელსაც უნდა შეერიგებინა მიწა ზეცასთან, რის გამოც წუხდნენ დედამიწაზეც და ზეცაში და ქვესკნელშიც. წინასწარმეტყველებს „უფალთან მიჰქონდათ მადლიერება, რომ მისი მოსვლით აღსრულდა მათი და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები; ისინი თაყვანსა სცემდნენ მას ცოდვილი ქვეყნის გადარჩენისათვის. იმისათვის, რომ მან თავად საქმით შეასრულა საიდუმლო მათით უწყებული“ (წმ. ეფრემ ასური). მიწაზე ამ საოცარი საუბრის მოწმენი გაკვირვებულნი ისმენდნენ უფლის სიტყვების დამოწმებას მის მომავალ წამებაზე, ასე რომ ვთქვათ, სჯულისა და წინასწარმეტყველთა ბაგენით. ამგვარად, თაბორზე, ფერისცვალების დიდებაში, უკვე გამობრწყინდა გოლგოთაზე უფლის ჯვრის დიდება.

რა უნდა ეგრძნო სამ მოციქულს, როცა უყურებდნენ თავის მდაბალ მასწავლებელს ღვთიურ დიდებაში მოსაუბრეს უდიდეს წინასწარმეტყველებთან, როგორც თავის მონებთან? - მაგრამ ქრისტეს მოწაფეებს არ შეეძლოთ განსჯა ამისი; მთელი მათი ბუნება აღივსო მხოლოდ ერთი გრძნობით - რომ კარგად იყვნენ ისინი, რომ ეს სანახაობა მათთვის იყო სიტკბოება ენით გამოუთქმელი, აღმაფრთოვანებელი. სურდათ საუკუნოდ გაგრძელებულიყო იგი, მაგრამ იგი უკვე დასრულდა; წმინდა წინასწარმეტყველები ემშვიდობებიან უფალს და მიემართება თითოეული თავის სამყოფელში, - ერთი მართალთა სამკვიდრებელში, მეორე კი ზეცაში, რათა ექადაგათ მოახლოებულ შერიგებაზე ცასა და დედამიწას შორის. აღფრთოვანება და ამავე დროს გულის წყვეტა გამოხატა პეტრემ თავის სიტყვებში: მიუგო პეტრე და ჰრქუა იესოს: უფალო! კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა! რატომ უნდა დავშორდეთ, რატომ უნდა წავიდნენ აქედან წინასწარმეტყველნი? და თუ გნებავს, მხოლოდ მიბრძანე და ჩვენ ვჰქმნეთ აქა სამ ტალავარ; გავმართავთ სამ კარავს ან ქოხს ტოტებისაგან: ერთი შენდა, და ერთი მოსესა და ერთი ილიასა, ჩვენთვის კი, კარვის გარეშეც კარგია თქვენთან სიახლოვეში ყოფნა! „მტრებიც რომ მოვიდნენ აქ, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - ჩვენ გვყავს დამხმარენი - მოსე და ილია. მოსემ სძლია ეგვიპტელებს. ილიამ კი ზეციდან ცეცხლი გადმოიყვანა ...“ „ხედავ, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორ მხურვალედ უყვარს პეტრეს ქრისტე? როგორ აანთო იგი ქრისტეს სიყვარულმა? ახლაც ფიქრობდა იგი: თუ იესო ქრისტე დარჩება აქ, მაშინ ჩვენ აღარ წავალთ იერუსალიმში. და თუ არ წავალთ, მაშინ იგი არ მოკვდება: რადგან იქ, როგორც თქვა ქრისტემ, მწიგნობრები დაესხმიან მას თავს“. „უჩვეულო ხილვამ ისე შეძრა იგი, რომ მას არ ესმოდა მნიშვნელობა თავისი სიტყვებისა ისე, როგორც საჭირო იყო, რამეთუ სურდა იესოს მთაზე დარჩენა: „რადგან არ იცოდა რასა იტყოდა“, როგორც წერს ლუკა. მოკლედ, შიშობდა რა იმას, რომ არ გამოჩენილიყო თავნებად, მან დასძინა: „თუ გნებავს“ (ნეტ. თეოფილაქტე). „სიმონი ჯერ ისევ ადამიანურად უყურებს იესოს და აყენებს მას მოსესა და ილიას გვერდით, მაგრამ უფალმა მაშინვე აჩვენა საქმით, რომ არ საჭიროებდა მის საფარველს, რადგან უფალი მის წინაპრებს უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში ღრუბლის საფარველით იფარავდა“ (წმ. ეფრემ ასური). და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა, ღრუბელი ნათლისა აგრილობდა მათ: ლოცვამ, ფერშეცვლილი უფლისა, მიაღწია ზეცას, გამოჩნდა ნათელი ღრუბელი, რომელშიც ისე, როგორც ძველ აღთქმაში, ცხადდებოდა იქ ყოფნა უხილავი ღმერთისა მოწყალისა. ისე, როგორც შავი ღრუბელი იყო ნიშანი ღვთის რისხვისა, ნათელმა ღრუბელმა დაჰფარა უფალი და ორი წინასწარმეტყველი მოციქულთა მძრწოლვარე თვალებისაგან...

თავად მამა ღმერთი უხილავად ამოძრავდა თავისი მიუწვდომელი სიმაღლიდან, მოდრიკა ზეცა, შეიმოსა თავისი თვალშეუდგამი ნათელით თვალისათვის დასანახ ნათელ ღრუბლად, და თავად იქადაგა თავისი მხოლოდშობილი ძის ღვთაებრიობა: და აჰა ხმა იყო ღრუბლითგან და ჰსთქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი რომელი მე სათნო-ვიყავ; „მასშია ჩემი შვება და განცხრომა, რადგან იგი ყველაფრით ჩემი თანასწორია სისრულით და ყველაფრით შეადგენს ჩემთან ერთობას“, - გვიხსნის წმ. ოქროპირი; იგი თქვენზედაც მოიზიდავს ჩემს კურთხევას: მაგისი ისმინეთ, კეთილკრძალული და მორჩილი რწმენით მიიღეთ მისი სიტყვა, ნუ შეეკამათებით მას, თუ თვითონ წავა და თქვენც წაგიყვანთ ჯვარისკენ, ნუ შეგაშინებთ განსაცდელები: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“, და განა ვინმე დაღუპავს მას, ვინც უყვარს? როგორც გინდა დიდი იყოს თქვენი სიყვარული მის მიმართ, თქვენ მაინც არ შეგიძლიათ მისი შეყვარება ისე, როგორც უყვარს იმას, ვინც იგი შექმნა. იგი გაგიხსნით თქვენ ჭეშმარიტ არსს სჯულისა და წინასწამეტყველებისა, რადგან იგია ის, ვიზედაც მოსემ თქვა: „წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი, მას უსმინე“ (რჯ. 18,15). იყავით მის მორჩილებაში, როგორც იგი ჩემს მორჩილებაშია, და იგი თქვენ გაგხდით ჩემს სამწყსოდ მადლით, რამეთუ იგი მისი მსმენელებისათვის არის და იქნება „მიზეზ ცხოვრებისა საუკუნოისა“ (ებრ. 5,9)... „და ესე რა იყო ხმა, იპოვა იესო მარტო“ (ლკ. 9,36). ორგზის, ნათლისღებისას და ფერისცვალებისას, ზეციურმა მამამ საზეიმოდ აუწყა ქვეყანას, რომ იესო ქრისტე არის მისი საყვარელი ძე. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში უფალი ჩვენი ჩაძირულ იქნა ლოცვით საუბარში თავის მამასთან. ნათლისღებით დაიწყო უფლის გაცხადებული მსახურება კაცთა მოდგმის გადასარჩენად, ფერისცვალებით კი იწყებოდა უმძიმესი, ქვეყნის თვალში მეტად დამამცირებელი, მაგრამ ღვთის თვალთათვის უდიდებულესი მორჩილება ზეციური მამისადმი, ჯვარზე გაკვრა. ქვეყნიური მამაც ლოცავს ხოლმე შვილს ახალ სარბიელზე ცხოვრებაში; ასევე ზეციური მამაც ამოწმებდა თავის უსაყვარლეს ძეზე, როცა იგი უნდა შედგომოდა ახალ საგმირო საქმეებს, მის უდიდეს ქვეყნიურ მსახურებას...

არ შეეძლოთ რა დაეთმინათ ღრუბლის ნათელი და ხმა, მოწაფენი ძირს დაემხნენ: და ესმა რა ესე მოწაფეთა, დაჰვარდეს პირსა ზედა თვისსა, და შეეშინა ფრიად. „განმარტოება და ადგილის სიმაღლე, ღრმა მდუმარება, განსაკუთრებული ნათელი და ღრუბელი განფენილი! ყოველივე ამან დიდი ძრწოლა მოგვარა მათ და მათაც შეშინებულებმა თაყვანი სცეს“ (წმ. ოქროპირი). მოციქული პეტრე, მრავალი წლის შემდეგ, უკვე მისი ცხოვრების დასასრულს, დიდი აღფრთოვანებით იგონებდა საკვირველი ფერისცვალების ხილვას და ხმას თავის სიკვდილისწინა ეპისტოლეში მორწმუნეების მიმართ (2 პეტრ. 1,16). და მართლაც, განა შეიძლებოდა მისი დავიწყება? რათა ხანგრძლივ შიშს არ შთაენთქა მათი ხსოვნიდან საკვირველი ხილვა, უფალმა ისინი გაამხნევა: და მოუხდა მათ იესო; შეახო ხელი და ჰრქუა: აღჰსდეგით და ნუ გეშინინ. „როგორც მამის ხმამ დაამხო ისინი, ისე ძის ხმამ ისინი აღადგინა” (წმ. ეფრემ ასური), მაგრამ რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ ხმა ეკუთვნოდა მოსეს ან ილიას, უფალი ამ დროს უკვე მარტო იდგა: და აღ-რაი იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მარტო, საკვირველი ხილვა დასრულდა და გარდამორავიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესო და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილუასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისა მკუდრეთით აღჰსდგეს. თაბორის მთაზე იესოს საკვირველი დიდების შესახებ ცნობას და მოსესა და ილიას გამოცხადებას შეეძლო აეღელვებინა მთელი იუდეა, შფოთისაკენ მიდრეკილნი კი ადვილად შეეძლო რომაელებისადმი დაეპირისპირებინა, ხოლო დანარჩენი მოწაფეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებობდნენ პირველობას, თაბორზე მომხდარ საკვირველებას, რომელიც მათ გარეშე შესრულდა, შეეძლო მიეცა საბაბი საყვედურებისა, ქიშპობისა და შურისა. „რაც უფრო მეტს მოყვებოდნენ უფლის საკვირველებაზე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მით უფრო ძნელი გახდებოდა ზოგიერთებისათვის ამის დაჯერება. ჯვარზე დაბრკოლება ამის გამო კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ამიტომაც უბრძანა უფალმა მათ დუმილი, ხელახლა შეახსენა რა თავისი ტანჯვა-წამება, და თითქოს ამაში კიდეც მიანიშნა მიზეზი დადუმებისა“.