მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ფარისეველებისა და სადუკეველების ცომის შესახებ
მათე 16, 5-12

გალილიის ტბის მეორე ნაპირზე გადავიდნენ და მორავიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა მათ პური მიღებად. უფალი წუხილით უყურებდა, რომ მოწაფეებს უკვე დავიწყებოდათ ცოტა ხნის წინ მომხდარი სასწაულებრივი გამრავლება პურისა და პირდაპირ არ ამხილა რა ისინი, მათი ყურადღება მიაპყრო უფრო მთავარს, იმ საშიშროებას, რაც ფარისეველთა სწავლებისგან ემუქრებოდათ, იმათი ბოროტებისა და ორგულობისაგან, ხოლო იესო ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთასა, საფუარს ამ ორი მეტად საშიში სექტისა, რომელთაც დიდი მტრობა აქვთ ჩემი, მაგრამ მოწაფენი ვერ მიხვდნენ ამ გაფრთხილებას: ხოლო იგინი განიზრახვიდნეს გულსა თვისსა და იტყოდეს: ვითარმედ პური არა მოვიღეთ, - აი, უფალი გვსაყვედურობს ჩვენ იმის გამო, რომ ვერ ვიზრუნეთ პური მოსამარაგებლად, არ შევიძინეთ იგი კეთილმორწმუნე გალილევლებისაგან, ხოლო ფარისეველებისა და სადუკეველებისაგან პურის შეძენა იქნება იგივე, რაც არაწმიდა სამარიტელებისა და გადარინელებისაგან რომ შეგვეძინა აი, ასე ნაკლებად სულიერად აზროვნებდნენ მაშინ ეს უბრალო მეთევზეები - მომავალი სვეტები და საყრდენები ქრისტეს ეკლესიისა: „ისინი ჯერ კიდევ ზრუნავენ იუდეველთა განწმენდაზე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ისინი აკვირდებოდნენ ფარისეველთა წესებს საკვების მიღებაში და უფლის სასწაულებს ნაკლებად წვდებოდნენ გონებით. ამიტომაც უფალი მკაცრად საყვედურობს მათ მცირედმორწმუნოებისათვის“. გულის-ხმა-ჰყო, რასაც ისინი ფიქრობდნენ გულში, იესო და ჰრქუა მათ: რასა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პურნი არა მოიხუენით? „დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ? თუალ-გასხენ, და არა ჰხედავთ? და ყურ გასხენ, და არა გესმის? არა გიცნობიეს, არცა მოიხსენეთ? (მრკ. 8,17-18)- „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ძლიერ აღშფოთებას? რადგან ადრე არსად არ ჩანს, რომ იგი ასე გაწყრომოდა მოციქულებს, რატომ მოიქცა ასე? - იმისთვის, რომ ისევ მოეცილებინა ისინი საკვებზე არასწორი წარმოდგენისაგან. რადგან სიმშვიდე ყოველთვის არაა გამოსადეგი. შეხედეთ, როგორი მკაცრი იყო იგი და ამავე დროს შემწყნარებელი, რადგან თითქმის ბოდიშსაც იხდის მათ წინაშე, მომეტებული გაწყრომისათვის, როცა ამბობს: არა გიცნობიეს, ნუთუ თქვენ კიდევ ვერ ხვდებით, არცა მოიხსენეთ, ნუთუ დაგავიწყდათ ხუთთა მათ პურთა და ხუთ-ათასთა მათ და რაოდენი გოდორი აღიღეთ? და არცა შვიდთა მათ პურთა და ოთხ-ათასთა მათ, და რაოდენი სფირიდი აღიღეთ? სად არის თქვენი რწმენა ჩემზე? როგორც თქვენზე დიდად მზრუნველზე? ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათვის გარქუ თქუენ, პურის საფუარს კი არ მოერიდენით, ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთასა.

კეთილი კრძალულებითა და შიშით მოისმინეს მოწაფეებმა უფლის ეს მკაცრი საყვედურები და ვერ გაბედეს ეკითხათ მისთვის, თუ რას გულისხმობდა საფუარში მაგრამ ეს ახსნა-განმარტების გარეშეც გახდა მათთვის გასაგები: მაშინ გულის-ხმა-ჰყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალულად, ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთასა. არასწორი სწავლა, თვალთმაქცური სახე ცხოვრებისა, ბოროტება, საშინელი სიამაყე და თვითკმაყოფილება, წვრილმანი საზრუნევები სხვადასხვა წესების შესრულებისათვის, უხუცესთა საერთოდ არასასურველი გადმოცემა განბანაზე. საკვებთან დაკავშირებული მითითებები და, ამავე დროს, გარყვნილება გულისა, - აი, ის საფუარი, რისგანაც იცავდა უფალი თავის მოწაფეებს. - „შეხედეთ, ამბობს წ. ოქროპირი, როგორ სასიკეთოდ იმოქმედა გაწყრომამ, ჩვენც ყოველთვის არ უნდა შევნატრიდეთ ქვეშევრდომებს, ასევე არ უნდა ვეძიოთ ის, რომ უფროსები ჩვენ გვნატრიდნენ, რადგან ადამიანის სულისათვის საჭიროა ისეთივე მკურნალობა - სიმკაცრეცა და შემწყნარებოლობაც, ამიტომაც ღმერთი მთელ ქვეყანას ისე განაგებს, რომ ზოგჯერ მის მიმართ მკაცრია და ულმობელი, ზოგჯერ კი - შემწყნარებელი“.