მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


პირველი გაცხადებული სიტყვა უფლისა თავის ტანჯვაზე. პეტრეს შეწინააღმდეგება და მკაცრი მხილება მისი უფლისაგან
მათე 16, 20-23

წმინდა სახარების კითხვისას შეუძლებელია გაკვირვება არ დაგეუფლოს კაცს იმ ბრძნული თანმიმდევრობისათვის, რითაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე უხსნიდა ხალხს კაცთა მოდგმის ხსნის საიდუმლოს. ამზადებდა რა მოწაფეებს, მან თავდაპირველად გაუხსნა მათ მთელი სიცხადით თავისი ღვთაებრიობის საიდუმლო და შემდეგ, ისე რომ მათ თვითონ, პეტრეს ბაგენით, აღიარეს იგი. მაგრამ ხალხს ჯერ კიდევ არ შეეძლო მიეღო ეს საიდუმლო, როგორც ეს საჭირო იყო და ამიტომაც უფალმა მკაცრად აუკრძალა მოწაფეებს ამისი გაცხადება ხალხში; მაშინ ამცნო მოწაფეთა თვისთა, რათა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არის იესო ქრისტე.

რისთვის აუკრძალა უფალმა მათ ეს? - კითხულობს წმ. ოქროპირი, და პასუხობს: „იმისთვის, რომ ჯვარზე ტანჯვის დათმენის შემდგომ, როცა უკვე ბევრი აღარავინ იქნებოდა, რომ შეწინააღმდეგებოდა რწმენასა და მისთვის ევნო, მაშინ წმიდად და მტკიცედ აღებეჭდა მსმენელთა გონებაში მასზე სარწმუნო გაგება. მას, სურდა რომ მოციქულებს მხოლოდ მაშინ დაეწყოთ ქადაგება მის ღვთაებრიობაზე, როცა ნაქადაგების ცხადი ჭეშმარიტება და მომხდარი ამბების ძალა დაამოწმებდა მათ სიტყვებს. თუ მოწაფეებს იგი ეუბნებოდა: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალ-გიძსთ ტვირთვად“ (ინ. 16,12) - მით უფრო აღშფოთდებოდა ხალხი, თუ დროზე ადრე გაეცხადებოდა მას უმაღლესი საიდუმლო“ - მოციქულებმა ახლა მიიღეს გულით და აღიარეს მხოლოდ საიდუმლო ღვთის ძის განხორციელებისა, ხოლო კაცთა მოდგმის გადარჩენა სრულდებოდა არა მხოლოდ განხორციელებით, არამედ მაცხოვრის სატანჯველებით; ამიტომაც, ვიდრე იქადაგებდნენ მის ღვთაებრიობას, მოციქულებს უნდა მიეღოთ გულით და გაეთავისებინათ სხვა დიდებული საიდუმლოც, საიდუმლო უფლის გამომხსნელი მწუხარებისა და სიკვდილისა. მათ სწამდათ, რომ იესო ქრისტე არის მხსნელი ქვეყნისა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ როგორ შეასრულებდა იგი ქვეყნის ხსნას. აი, ამიტომაც, უფალმა, როგორც კი მოციქულებმა აღიარეს მისი ღვთაებრიობა, პირველად გაცხადებულად აუწყა მათ თავის ტანჯვასა და სიკვდილზე იერუსალიმში, როგორც აუცილებელ პირობაზე მისი სამეფოს დამკვიდრებისა; მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, შემდეგ კი, ყოველთვის როცა ხელსაყრელი შემთხვევა ეძლეოდა, სულ უფრო ხშირად იმეორებდა, უფრო და უფრო ცხადად აჩენდა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალიმად აღსლუა და ფრიად ვნება მღუდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

გამორჩეულმა მოციქულებმა: პეტრემ, იაკობმა და იოანემ, მალე მოისმინეს სწავლება ამის შესახებ თაბორის მთაზე, როცა ორი დიდებული წინასწარმეტყველი, რომლებიც მაშინ იმ ქვეყნიდან გამოცხადდნენ და ფერნაცვალ უფალს მისი მომავალი სატანჯველების შესახებ ესაუბრებოდნენ. მაგრამ ამ გამოცხადებაშიც უფალი იცავდა იმავე ბრძნულ თანმიმდევრობას, აქამდე იგი ამის შესახებ ეუბნებოდა მოწაფეებსა და ხალხს დაფარულად. ამაზე მან მიუთითა ჯერ კიდევ იერუსალიმის ტაძარში ყოფნისას, როცა თქვა: „დაჰხსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“ (ინ. 2,19). შემდეგ, ფარისევლებთან საუბრისას: იონა წინასწარმეტყველის სასწაულზე, შემდგომ კი ხალხთან საუბრისას თავის სისხლსა და ხორცზე. უკვე იოანე წინამორბედმა უწოდა მას ტარიგი, რომელმაც იტვირთა ქვეყნიერების ცოდვები. მაგრამ ყოველივე ამან ვერ მოამზადა მოწაფეები, რათა გაცხადებულად მოესმინათ უწყება იმის წამებასა და სიკვდილზე, რომელსაც მათი და სხვა იუდეველთა რწმენის თანახმად უნდა ეარსება მარადის. ახლა კი უფალი უხსნის მათ მხოლოდ იმას, რომ მას შვენის ტანჯვა და სიკვდილი, მოგვიანებით კი იტყვის, რომ იგი მიეცემა წარმართებს, და ბოლოს, თავის ტანჯვამდე ცოთა ხნით ადრე, - რომ იგი ჯვარზე გაეკვრება. რათა ამ წინასწარი უწყებების გამო შეემსუბუქებინა მოწაფეთა გულში ჩამოწოლილი სიმძიმე. იგი ყოველთვის დასძენდა, რომ მესამე დღეს იგი აღდგებოდა მკვდრეთით, მაგრამ მიუხედავად უფლის მიერ მისი მომავალი ტანჯვა-წამების შესახებ უწყებულის სიცხადისა, ამჯერადაც მოციქულებმა არ მიიღეს მისი სიტყვები: „არამედ იყო სიტყუაი იგი დაფარული მათგან“ (ლკ. 18,34); ისინი ჯერ კიდევ რჩებოდნენ როგორც წყვდიადში, არ იცოდნენ რას ნიშნავდა აღდგომა მკვდრეთით და მიაჩნდათ უმთავრესად, რომ იგი არასდროს მოკვდებოდა“ (წმ. ოქროპირი). ამიტომაც, პეტრე, მოწაფეთა საერთო შეშფოთებასა და გაურკვევლობაში, თავის გულმხურვალების გამო, ისევ ერთი ბედავს გააგრძელოს ამაზე საუბარი, მაგრამ ყველას თანდასწრებით კი არა, არამედ ცალკე, პირისპირ და მოუხდა მას პეტრე, იესო ქრისტე გაიყვანა გვერდით, და იწყო ბრალობად მისა, მისი გამტყუნება, რომელსაც ის-ის იყო უწოდა ღმერთი, და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე! ცოტა ხნის წინ თავისი რწმენისათვის უფლის მიერ ნეტარად წოდებულმა იწყო თამამად და პირდაპირ იესო ქრისტეს გადათქმევინება იერუსალიმში მოგზაურობაზე, რადგან იქ უფალს ელოდა ტანჯვა-წამება.

„რას ნიშნავს, - ამბობს წმ. ოქროპირი, ის, ვინც დიდი გამოცხადების ღირსი გახდა, იწოდა ნეტარად, ასე მალე წაიბორძიკა და ისე დაეცა, რომ შეუშინდა ტანჯვას? მაგრამ რა არის გასაკვირი, თუ ეს შეემთხვა იმ ადამიანს, რომელმაც არ მიიღო ამაზე გამოცხადება, რათა გვცოდნოდა, რომ მან თავისით არ თქვა სიტყვები: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა“ (მთ. 16,16). შეხედე, როგორ ცბუნდება და ვერ მიმხვდარა იმას, რაც მას ჯერაც არ გახსნია და თუმცა მრავალჯერ ჰქონდა მოსმენილი, არ იცოდა რას ეუბნებოდა მას: „მან იცნო, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა; მაგრამ რა იყო საიდუმლო ჯვარისა და აღდგომისა, ეს მან ჯერ კიდევ არ იცოდა. ხედავ, იესო ქრისტემ, როგორ სამართლიანად აუკრძალა ამის შესახებ გაცხადება? თუ ისინი, რომლებიც ხედავდნენ უამრავ სასწაულებს, ისმენდნენ ამდენ გამოუთქმელ საიდუმლოებას, დაბრკოლდნენ ტანჯვა-წამებაზე ერთი მოსმენითაც კი, და ამასთან არა სხვა მოციქული, არამედ მათ შორის ყველაზე უპირატესი პეტრე: წარმოიდგინე, რამოდენა დაბრკოლებაში ჩავარდებოდა ხალხი, თუ კი მას ეცოდინებოდა, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე, შემდეგ კი დაინახავდა, რომ მას, ღვთის ძეს, როგორ გააკრავდნენ ჯვარზე და დაიტირებდნენ, მით უმეტეს, რომ ამ საიდუმლოებებს ვერ წვდებოდნენ, რამეთუ არ ჰქონდათ წმიდა სული მიღებული? ამრიგად, პეტრეს სიტყვებში კვლავ მეორდებოდა იორდანის უდაბნოში წარმოთქმული გამოსაცდელი სიტყვები: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი“ (მთ. 4,6). პეტრეს ჯერ კიდევ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ქრისტე იყო ქვეყნიური მეფე, რომ მისთვის უმჯობესი იყო უფლის მტრების ძალისათვის დაეპირისპირებინა თავისი ძალა. მაგრამ უფალმა უარყო ეს ცდუნება ისეთივე ძალით, როგორითაც მან მოუჭრა სიტყვა გამომცდელს უდაბნოში: ხოლო თავადი მიექცა პეტრეს, შეჩერდა, მიმართა თავის მოწაფეებს, მიაჩერდა მკაცრი მზერით პეტრეს, რომელიც საწინააღმდეგოს ეუბნებოდა მას, და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, მოერიდე ჩემს თვალს, სატანა! ბოროტო მრჩეველო! საცდურ ჩემდა ხარ, რწმენის სიმტკიცის ნაცვლად, შენ ჩემთვის იქეცი ლოდად დაბრკოლებისა, იძლევი დამღუპველ რჩევებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩემი ზეციური მამის ნებას, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა! შენ არ იცი და არც ფიქრობ, რომ ყოველივე ეს გათვალისწინებული იყო თვით ჩემი მამის მიერ და იგი უნდა შესრულდეს ადამიანის ნების ყოველგავარი შეზღუდვის გარეშე. შენ სჯი ადამიანურად, ფიქრობ, რომ ტანჯვანი ჩემთვის არის სასირცხვინო და არ არის ქრისტესათვის დამახასიათებელი, მაგრამ ასეთი განსჯა - სხეულისაა: „შენ რომ ღვთიური სულით, ხორციელ გულისთქმათაგან გათავისუფლებულს მოგესმინა ჩემს მიერ ნათქვამი, მიხვდებოდი, რომ ეს ჩემთვის სრულიად შესაფერია. შენ ფიქრობ, რომ ტანჯვა ჩემთვის შეუფერებელია. მე კი შენ გეუბნები; ის აზრი - რომ მე არ უნდა ვეწამო, - ეშმაკისაგანაა. - ასე ფანტავს უფალი პეტრეს შიშს საწინააღმდეგოთი“ (წმ. ოქროპირი). მაცხოვარი ჩვენი, მიტროპოლიტ ფილარეტის განმარტებით, „ატარებდა თავის სიკვდილს გულსა და გონებაში ისე, რომ მოურიდებელი სურვილით გადაეწყვიტა შეერყია ეს აზრი მეგობარში, რომელსაც ის-ის იყო უწოდა რწმენის კლდე, რომელსაც ანდო ცათა სასუფევლის გასაღებნი და განგმირა სატანის საშინელი სახელით. იგი ხედავდა თავისი სულით, ვინც აქეზებდა პეტრეს შეწინააღმდეგებოდა მას, ხედავდა სატანას, რომელსაც სურდა პეტრეს მეშვეობით ჩაეგონებინა მისთვის იგივე, რასაც ჩააგონებდა უდაბნოში: უარი ეთქვა სატანჯველებზე, რომ არსებობს სხვა გზაც, ვიდრე სამარცხვინო გზა ჯვარისა, რათა ამაღლებულიყო დიდების საყდარზე, - მაგრამ მან მთლიანად უკუაგდო ეს განსაცდელი მთელი შეუპოვრობით. „ასევე იოანეს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როცა მას მდაბლად მიაჩნდა თავი, რათა ქრისტეს მისგან მიეღო ნათელი, უფალმა დაარწმუნა მოენათლა იგი ამ სიტყვებით: „ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად“ (მთ. 3,15). ასევე პეტრეს, როცა მას არ უნდოდა, რომ უფალს ფეხი დაებანა მისთვის, უთხრა: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“ (ინ. 13,8). ამგვარად აქაც, შეაგონა რა პეტრეს საძაგელის შიშითა და მხილების ძალით, მოსპო შიში, რომელიც მასში სატანჯველებზე ფიქრით იყო აღძრული... დაე, გაიგონ ეს ყველა მათ, ვისაც ერცხვინება ჯვარზე ტანჯვა ქრისტიანული! თუ თავ მოციქულსაც კი, როცა მან ყოველივე ჯერ კიდევ კარგად არ იცოდა, უწოდა სატანა იმისათვის, რომ შერცხვა ჯვარისა, როგორ გამართლებას მოძებნიან ისინი, რომლებიც ყოვლად გაცხადებულად უარყოფენ ჯვარის საიდუმლოს! იესო ქრისტემ არ თქვა: სატანა ლაპარაკობს შენი ბაგეებით, არამედ - „წარვედ ჩემგან, სატანა!“, რადგან მოწინააღმდეგეს სურდა სწორედ ის, რომ ქრისტეს არ ეტანჯა. აი, მიზეზი იმისა, რის გამოც უფალმა ასეთი ძალით ამხილა პეტრე. ასე, რომ არავის უნდა ერცხვინებოდეს ჩვენი ცხონებისათვის საჭირო თაყვანისცემის ღირსი საშუალებისა, რითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის წყაროსი, რითაც ჩვენ ვარსებობთ, არამედ, როგორც გვირგვინი, ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, რამეთუ მხოლოდ მასზე და მისით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის აუცილებელია. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ასე საგულდაგულოდ გამოვსახავთ მას ჩვენს სახლებზე, კედლებზე, კარებებზე და შუბლსა და გულზე. რამეთუ ჯვარი არის ნიშანი ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი მეუფის გულმოწყალებისა, რომელიც „ვითარცა ცხოვარი კლუად მიიგვარა“ (ის. 53,7). და როცა გამოისახავ პირჯვარს, წარმოიდგინე მთელი დიდებულება ჯვრისა, ჩააცხრე შენში მრისხანება და სხვა ვნებები: „სასყიდლით სყიდულ ხართ“ (I კორ. 7,23), - ამბობს პავლე მოციქული, რომელიც სასყიდლის ქვეშ გულისხმობს ჯვარს. არა მარტო თითებით უნდა გამოვისახოთ იგი, არამედ გულითადი განწყობილებითა და სრული რწმენით. თუ ასე გამოსახავ მას შენს სახეზე, მაშინ ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ შეძლებს შენთან მოახლოებას, დაინახავს რა იმ მახვილს, საიდანაც მან მიიღო სასიკვდილო ჭრილობა. თუ ჩვენც თრთოლვით ვუყურებთ იმ ადგილებს, სადაც სჯიან დამნაშავეთ, წარმოიდგინეთ როგორ ძრწიან ეშმაკები, როცა ისინი ხედავენ, იარაღს, რითაც ქრისტემ დაამხო მთელი მათი ძლიერება და გველს მოკვეთა თავი. აი, რატომაა, რომ როცა ჯვარი ჩვენთან არის, მაშინ დემონები აღარ არიან ისე საშიშნი და საფრთხონი, სიკვდილი უკვე აღარაა სიკვდილი, არამედ სიზმარი. ჯვარით დაითრგუნა და შეიმუსრა ყოველივე, რაც საზიანოა ჩვენთვის“.