|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
პეტრესაგან დიდი აღიარება და დიდებული აღთქმა მაცხოვრისა
მათე 16, 13-19
ახლოვდებოდა ჩვენი უფლის მხსნელი ტანჯვა-წამების დრო, მისი მტრები მთელი
ძალისხმევით ცდილობდნენ მისგან ჩამოეშორებინათ ხალხი და ამას აღწევდნენ კიდეც:
ხალხი ოცნებობდა მესიაზე, როგორც დიდებულ მეფე-დამპყრობელზე, ხოლო იესო ქრისტე
ქადაგებდა გულის სიმდაბლესა და ცოდვათა სინანულზე; იუდეველები ოცნებობდნენ, რომ
მესიის მოსვლასთან ერთად, წარმართი ხალხები მათ წინაშე ქედს მოიხრიდნენ, უფალი
კი აცხადებდა, რომ წარმართები მიიღებდნენ ებრაელთა თანაბარ უფლებებს ცათა
სასუფეველზე; ებრაელები ელოდნენ, რომ მათი წესები და გადმოცემები სავალდებულო
გახდებოდა მთელი მსოფლიოსათვის, უფალი კი ქადაგებდა, რომ მათ ჩამოერთმეოდათ
ისინი, და ბოლოს, ებრაელები მოელოდნენ, რომ მესიის გამოჩენისთანავე მოხდებოდა
უეცარი გადატრიალება, უამრავი სასწაულები მიწაზე და ზეცაში, ხოლო ჩვენი უფალი
ასწავლიდა, რომ ზეციური მეუფება „არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისა ზმნით“ (ლკ.
17,20), რომ იგი გამოვლინდება ღვთის მადლის უხილავი ძლიერებით ადამიანთა
გულებში, უფლის მტრები სარგებლობდნენ ხალხში გავრცელებული ცრუ რწმენებითა და
ცთომილებებით, რათა დაემდაბლებინათ იესო ქრისტე ხალხის თვალში. და მართლაც,
გალილეაში უფლის ბოლო ჩასვლისას ჩვენ უკვე ვეღარ ვხედავთ ხალხს ისევე
გულანთებულებს, როგორც შეხვდნენ უწინ. წუხილით განეშორა გალილიას უფალი,
ტიბერიის მთებისაკენ, სადაც იყო ქალაქი კესარია, რომელსაც სხვანაირად კიდევ
უწოდებდნენ ფილიპესას, სხვა კესარიისაგან განსხვავებით, რომელიც მდებარეობდა
პალესტინაში. - მაგრამ რატომ ისურვა უფალმა შორი გზის გავლა წარმართულ
მხარეში? - წმიდა მამები განმარტავენ: იმისათვის, რომ იუდეველებისაგან მოშორებით
თავისი მოწაფეებისათვის გაეხსნა საკუთარი თავი, გაეცხადებინა მთელი თავისი
ღვთაებრივი დიდებულება, როგორც მესიისა. ამ დრომდე მან მხოლოდ სამარიტელ ქალთან
უწოდა თავს მესია და ნიკოდიმოსთან - ღვთის ძე, ზეციდან გადმოსული მთელი თავისი
საქმეებითა და სწავლებით იგი აქამდეც აჩენდა თავს მესიად, მაგრამ გაცხადებულად,
ასე, საკუთარი თავისთვის არ უწოდებია, მოწაფეებთანაც კი, ახლა კი, უკვე ახლოს
იყო მათთან განშორების ჟამი, ამიტომ აუცილებელი იყო მთელი სიცხადით გაეხსნა
მათთვის, რომ იგი იყო აღთქმული მხსნელი ქვეყნიერებისა -
ქრისტე, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, დამფუძნებელი და თავი მისი წმიდა ეკლესიისა,
რომლის პირველი წევრებიც იყვნენ მისი მოწაფები, ეკლესიის გამავრცელებლები და
მომწყობნი.
ვიდრე ამ დიდებულ გამოცხადებას აუწყებდა მოციქულებს, უფალი განეშორა მათ
განმარტოებულ ადგილზე და ლოცვით განიმტკიცა სული ზეციური მამისადმი ვედრებით,
როგორც ამის შესახებ გვამცნებს მახარებელი ლუკა (9,18). წმ. მათე კი წერს: მორავიდა იესო ადგილთა მათ კესარია-ფილიპპესთა
„იუდეველთაგან ასე შორს
გაიყვანა თავისი მოწაფენი, რათა მათ, იყვნენ რა ყოვეგვარი საფრთხისაგან
თავისუფალნი, თავისუფლად გამოეთქვათ ყველაფერი, რასაც ფიქრობდნენ“
(წმ. ოქროპირი). იესო ჰკითხვიდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა: რა ჰსთქვიან ჩემთვის
კაცთა? „იგი ეკითხებოდა არა მათ აზრს, არამედ ხალხის შეხედულებას, - ამბობს
წმ. ოქროპირი, - იმისათვის, რომ ისინი ამ კითხევებით უმაღლეს გონიერებამდე
აეყვანა. ამავე მიზნით იგი ეკითხება მათ არა ქადაგების დასაწყისში, არამედ როცა
უკვე მოხდენილი ჰქონდა მრავალი სასწაული, ესაუბრებოდა მათ უმაღლეს
ჭეშმარიტებებზე და მრავალჯერ დაამოწმა თავისი ღვთაებრიობა და ერთობა მამა
ღმერთთან. და არ ეუბნება: რას ამბობენ ჩემზე მწიგნობრები და ფარისევლები,
არამედ სურს გაიგოს მიუკერძოებელი აზრი ხალხისა, რადგან ხალხის აზრი, თუმცა
ბევრად უფრო დაბალი იყო მართებულზე, მაგრამ იყო ყოველგვარ ბოროტებას მოკლებული;
ხოლო მწიგნობრებისა და ფარისევლების აზრი დიდი
ბოროტებით იყო შთაგონებული. და, აჩვენა რა, როგორ ძლიერ სურდა, რათა
ეღიარებინათ მისი განკაცება, ამბობს: ძისა კაცისა, ყოფად, გულისხმობდა ამაში
ღვთაებრიობასაც. მოციქულთა პასუხმა დაანახა, თუ როგორ ნაკლებად იცნობდა ხალხი
თავის მხსნელს, ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე ჰგონიხარ იოანე ნათლისმცემელი
ფიქრობენ იროდი ანტიპასთან ერთად, რომ შენ ხარ იოანე მკვდრეთით აღმდგარი და
სხვა სახელით მოვლენილი; რომელთამე ჰგონიხარ ილია, ფიქრობენ, რომ შენ ხარ ილია,
ენოქის მსგავსად რომ არ უგემია სიკვდილი, არამედ ცოცხლად ზეცაში იქნა აყვანილი,
ახლა კი, მალაქიას წინასწარმეტყველების მიხედვით (4,5) სხეულით დაბრუნებული,
რათა მოამზადოს გზა მესიისათვის და სხუათა მიაჩნიათ, რომ ხარ იერემია, რომელიც
მოივლინა, რათა გახსნას აღთქმის კიდობანი და კარვის ჭურჭელი, რაც დაფარულია
ნევოს მთაზე და ამცნოს ხალხს დადგომა მესიის სამეფოსი (2 მაკ. 2,4) გინა ანდა
ჰგონია, რომ ხარ ერთი წინასწარმეტყველთაგანი, ღვთისაგან დედამიწაზე
გამოგზავნილი მომავალი მესიის უწყებისათვის, მაგრამ ხალხი არ გთვლის მესიად
იმიტომ, რომ შენ არა გსურს თავის გაცხადება ძლევამოსილ მეფედ და დამპყრობად.
უფალს არ გამოუხატავს წუხილი, არც უკმაყოფილება იმის გამო, რომ მასზე ხალხს
სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა. მან, გულთამხილავმა, კითხვის გარეშეც კარგად იცოდა
მასზე ხალხი რასაც ფიქრობდა. ახლა მას სურდა, მოესმინა მის მიერ გამორჩეული
მოციქულთა ბაგეებიდან უმაღლესი აღიარება მისი ღვთაებრიობისა, და იგი ხედავდა,
რომ ეს აღიარება მზად იყო სიხარულით გადმოღვრილიყო მათი გულებიდან, -
საკმარისი იყო ამისათვის მათთვის ეკითხა. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე
მე ყოფად? და მაშინვე სიმონ-პეტრემ, „როგორც მოციქულთა ყოველთვის ანთებულმა
ბაგეებმა და იმათ საკრებულოში უმეტესმა“, ყოველთვის მოსწრაფემ, ფაქიზად
მოყვარულმა, მტკიცემ, როგორც კლდემ, „ვერ მოითმინა და სხვები გააფრთხილა“ (წმ.
ოქროპირი): მიუგო სვიმონ პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა
ცხოველისა, ძე, მადლით კი არა, არამედ არსით, ძე მხოლოდშობილი, ყოვლადწმიდა
სამების მეორე პირი, ძე ცხოველი ღმერთისა, რომელიც არის ცხოვრების წყარო ყოველი
სულდგმულისათვის! ეს აღიარება გადმოდიოდა პეტრეს სავსე სულიდან, რომელიც
გამსჭვალული იყო მტკიცე, შეურყეველი რწმენით იესო მაცხოვრისა, როგორც ღვთის
ძისა, და ამავე დროს, იგი გამოხატავდა დანარჩენი მოციქულების რწმენასაც, აქამდე
რომ იცნეს იგი ღვთის ძედ.
ასე, ღვთის რჩეული ერისაგან მოშორებით, წარმართულ ქალაქ კესარიის მიდამოებში,
რომელიც მაშინდელი ქვეყნის მბრძანებლის - რომის იმპერატორისადმი იყო მიძღვნილი,
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გალილეველ მეთევზეთა მცირე წრეში იქნა აღიარებული
საერთო სულიერი ისრაელის მეფედ, მთელი ქვეყნიერების მორწმუნეთა მეფედ; ამ
მეფემ, რომლის ქვეყნიური გვირგვინიც ეკლებისაგან იქნებოდა შეკრული,
გაცხადებულად მიიღო თავის ხელმწიფებაში მთელი ქვეყანა, როგორც ღვთისაგან
გამოგზავნილმა მეუფე-მესიამ, როგორც თავად განხორციელებულმა ღმერთმა და ეს
დიდებული აღიარება პეტრე მოციქულისაგან, რაც დანარჩენი მოციქულების სახელით
მოხდა, იყო ღვთის დიდი განცხადება, ასე დაამოწმა ეს თავად უფალმა ჩვენმა იესო
ქრისტემ: მიუგო იესო და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სვიმონ, ბარიონა, რამეთუ
ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადნეს, - ჩემმა მშვიდმა სახემ კი არ გასწავლა
შენ ეს, ადამიანური ცოდნით კი არ გახდა ეს შენთვის ცნობილი, არამედ მამამან
ჩემმან ზეცათამან გაგიხსნა შენ ამისი ცოდნა. შენ მოგესმა მამის ხმა მისი ძის
საქმეებსა და სიტყვებში. და რამდენადაც შენ აღიარე ჩემი მამა, იმდენად მეც
გიწოდებ შობილს ჩემგან: როგორც შენა ხარ შვილი იონასი, ისე მე ვარ შვილი ჩემი
მამისა, ანუ ერთი არსებით შობილი მისგან; - „რა თქმა უნდა, - ამბობს წმ.
ოქროპირი“, თუკი პეტრე აღიარებდა მას ძედ არა საკუთარი აზრით, მაშინ ეს არ
იქნებოდა გამოცხადება, და არც მისი სიტყვები დაიმსახურებდნენ ასეთ შექებას.
აქამდეც, გემში მყოფნი ქარიშხალის შემდგომ ამბობდნენ: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისა
ხარ შენ“ (მთ 14,33). მაგრამ ისინი არ იწოდნენ ამის გამო ნეტარად, თუმცა კი
დასძინეს ჭეშმარიტად, მათ აღიარეს იგი არა ისეთ ძედ, როგორადაც აღიარა პეტრემ.
ნათანაილიც ამბობდა: „რაბი! შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაილისა“ (ინ
1,50) და მაინც არა თუ არ იწოდება ნეტარად, არამედ უფლის მიერ ემხილა
იმისათვის, რომ ჯერ კიდევ ბევრი აკლდა ჭეშმარიტებამდე. პეტრე კი იწოდა ნეტარად
იმის გამო, რომ მან აღიარა იგი ჭეშმარიტ ძედ. და რათა პეტრეს აღსარება არ
მოსჩვენებოდა ვინმეს პიფერობად და მეგობრობით ნათქვამად, რადგან პეტრეს მართლაც
ძალიან უყვარდა იესო ქრისტე, ამიტომ უფალი მიუთითებს იმაზე, ვინც ჩააგონა მას,
რათა ცხადი გაეხადა, რომ პეტრემ მხოლოდ წარმოსთქვა, ხოლო მისი მასწავლებელი და
ჩამაგონებელი იყო ზეციური მამა. მაგრამ, რატომ თავად არ გააცხადა იესო ქრისტემ
და არ თქვა: მე ვარ, ქრისტე, არამედ მიჰყავს მოწაფენი იქამდე, თავად
ეღიარებინათ, რომ იგი იყო ქრისტე? - იმისათვის, რომ ეს მასაც უფრო შვენოდა და
მოწაფეთაც უფრო მეტ რწმენას აღუძრავდა ნათქვამისადმი. ხედავ ახლა, როგორ
აცხადებს მამა თავის ძეს? როგორ აღიარებს ძე თავის მამას? „არავინ იცის ძეი,
გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომელსა უნდეს ძესა,
გამოცხადნების“ (მთ. 11,25,27; ლკ. 10,22). ამრიგად, სხვა არავისგან შეიძლება
ვიცნათ ძე, არამედ მხოლოდ თვით მამისაგან, და სხვა არავისგან შეიძლება ვიცნათ
მამა, როგორც მხოლოდ ძისაგან, ასე რომ, აქედან ჩანს, რომ ისინი არიან ერთარსნი
და თანასწორნი.“ პეტრეს მოკლე აღსარებაში, პირველად ადამიანური ბაგენით, გამოითქვა ქრისტიანული
სწავლების მთელი არსი ორი ბუნების შეერთებისა, რაც ჩვენი გადარჩენისათვის
თავის თავში შეასრულა იესო ქრისტემ“ (ღირსი ისიდორე პელუსიოტი) - „იესო ქრისტე,
- ამბობს წმ. იოანე დამასკელი, როგორც ადამიანი გვთავაზობს კითხვას, ხოლო
როგორც ღმერთი საიდუმლოდ აბრძნობს და შთააგონებს პეტრეს“ რაც უნდა ეპასუხა და
შენატრის მას იმისათვის, რომ თავის ადამიანურ გონებას არ მისცა საშუალება, რომ
ჩაეხშო ზეციური მამისაგან ჩაგონებული. ასეთი ცხადი აღიარების გარეშე, ადამიანის
მხრიდან ღვთის ძის განკაცება უდიდესი საიდუმლოსი, არ შეიძლებოდა დედამიწაზე
საფუძველი დადებოდა ქრისტეს ეკლესიას; აი, რატომაა, რომ ამ აღიარების საპასუხოდ
უფალი განსაკუთრებით, საზეიმოდ, ჭეშმარიტად მეფური დიდებულებითა და მადლიერებით
ეუბნება თავდაპირველად სიმონ-პერტეს, ხოლო მისი სახით პასუხს აძლევს ყველას,
რომელნიც იმისი ბაგენით აღიარებდნენ ღვთის განხორციელების ჭეშმარიტებას:
მოციქულად გამორჩევისთანავე მე გიწოდე (ინ. 1,42) შენ პეტრე (ბერძნულად „პეტროს“ -ქვასავით მტკიცე), როგორც მე თავად ვარ თავ-კიდეში გადებული ლოდი (მთ.
21,42; მრკ. 12,10; ლკ. 20,17). მე შენს რწმენაში განვჭვრიტე სიმტკიცე, რომელსაც
შენ ჩემგანვე მიიღებ და ამიტომაც მოგეცი ასეთი სახელი. რწმენის ამ სიმტკიცეს
აჩვენებ ახლა ყველა ჩემი მოწაფის სახით: და მე გეტყვი შენ; რამეთუ შენ ხარ კლდე
(ბერძნულად: „პეტროს“), და ამას კლდესა ზედა პეტრეზე კი არა, ადამიანზე კი
არა, შენ რომ ხარ, არამედ კლდეზე, რომელიც შენ აღიარე, „თავად ჩემზე, როგორც
ცხოველი ღმერთისა ძეზე“ (ნეტ. ავგისტინე), იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც შენ
გამოხატე, აღვაშენო ეკლესია ჩემი, ჩემს მორწმუნეთა საზოგადოება; სადაც არ უნდა
იყვნენ ეს მორწმუნენი, და როცა კი არ უნდა იცხოვრონ მათ, - მე თავად ვიქნები ეს
დაურღვეველი ლოდი (საქ. 4,11), რომელზედაც პირველ ქვად შენ დაედები, და შენთან
ერთად თქვენ ყველანი, ჩემი მოციქულები; - მე ვიქნები ის თავსაკიდური ლოდი,
„რომელზეც შეერთდება, როგორც ორი კედელი, ორი ხალხი მოსულნი - ერთნი
წინადაცვეთილთაგან (მორწმუნე იუდეველები), სხვები კი - წინადაუცვეთელნთაგან,
(მორწმუნე წარმართები), რომლებიც შეერთდებიან ერთ რწმენაში, ერთი იმედით, ერთ
სიყვარულში“ (ნეტ. ავგუსტინე). - „კლდე არის ქრისტე, რომელმაც უბოძა თავის
მოციქულებს, რათა ისინი იწოდებოდნენ სიმტკიცედ. შენ შეიძლება თქვა, რომ ეკლესია
არის პეტრეზე დაფუძნებული; მაგრამ სხვა ადგილას ჩანს, რომ იგი დაფუძნებულია
ყველა მოციქულზე, რომელთაც მიიღეს ცათა სასუფევლის გასაღები“ (ნეტარი
იერონიმე). მიწიერი საფუძველი - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ყოველთვის მიწაშია,
რადგან შენობა, რომელიც უნდა დაიჭირონ მათ, ასევე მიწაზეა. რაც შეეხება იმ
იერუსალიმს, რომლისკენაც ჩვენ მივეშურებით, იგი ზეცაში შენდება. აი, ამის გამო
ქრისტემ, თავად დამაარსებელმა ზეციური იერუსალიმისა, წინასწარ გვაუწყა ეს
თავისი ზეცად ამაღლებით. იგი არის საფუძველი და თავი ეკლესიისა. „რამეთუ
საფუძველი სხუაი ვერვეს ხელეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი იგი დადებულ
არს, რომელ არს იესო ქრისტეზე“ (1 კორ. 3,11). „შეხედეთ, - ამბობს მიტროპოლიტი
ფილარეტი: მოციქული არა მარტო ცნობს იესო ქრისტეს პირველსაწყის და შეურყეველ
საფუძვლად ეკლესიისა, არამედ გამორიცხავს სხვა მსგავსი საფუძველის შესაძლებლობასაც.
და აი როგორ წერს თავის წერილს იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობდნენ: „მე კეფასი ვარ“ (1 კორ. 1,12), მის ამ გამონათქვამებში ის აზრიცაა
ჩადებული, რომ კეფა, ანუ მოციქული პეტრე, არ შეიძლება იქნას ცნობილი ეკლესიის
პირველსაწყის და შეურყეველ საფუძვლად, თუმცა იგი შეიძლება და უნდა ვიცნათ
მეორად საფუძვლად, ქრისტეზე დაფუძნებულად და ქრისტეში მხოლოდ შეურყევლად,
მაგრამ ამ მდგომარეობაში არა ერთ, არამედ ყველა დანარჩენ მოციქულთან და
წინასწარმეტყველთან: „აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და
წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ-საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო“ (ეფ.
2,20). ამიტომაც პეტრე ეკლესიას საფუძვლად დაედო არა იქამდე, ვიდრე მან არ დაუდო
მას საფუძვლად ქრისტე. უწინ პეტრემ უთხრა უფალს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა
ცხოველისა“. შემდეგ უკვე უფალმა უთხრა პეტრეს: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა
ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი“. - „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა,“ -
უთხრა პეტრემ, - და გაიხსნა ქრისტიანული ეკლესიის საფუძველი, ყველაზე უწინ
დაინახა პეტრემ ეს საფუძველი და სხვებზე უწინ დადო ამ საფუძველზე ეს ქვა; და
სხვა მოციქულებზე უწინ მიიღო დაპირება, რომ სწორედ მასზე აღიმართებოდა
ნაგებობა, აღშენება ამ კლდეზე სინამდვილეში დაიწყო მოციქულებზე წმიდა სულის
გადმოსვლის დღიდან, შეხედეთ, როგორც ახლა სხვებზე უწინ და როგორ მტკიცედ დებს
პეტრე უწინ ჩადებულ საფუძველს, „რომელიც არის იესო ქრისტე“, ასე რომ,
„განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაილისამან, რამეთუ უფალი და
ცხებულ-ჰყო იგი ღმერთმან ესე იესო, რომელი თქუენ ჯუარს-აცვით“
(საქ. 2,14-36,41), ეუბნება პეტრე იუდეველებს; სულ მალე, პეტრეს ამ აღშენებაში
შეუერთდნენ დანარჩენი მოციქულებიც, ასე შეიქმნა ქრისტეს ეკლესია, შეიქმნა
პეტრესა და სხვა მოციქულთა ქადაგებით“. - „მაგრამ თუ იფიქრებ, რომ მხოლოდ
პეტრეზე დააფუძნა უფალმა ეკლესია, რას იტყვი მაშინ იოანეზე, ქუხილის ძეზე და
თითოეულ სხვა მოციქულზე? ნუთუ გაკადნიერდები და იტყვი, რომ მხოლოდ პეტრეს ვერ
მოერევიან ჯოჯოხეთის ბჭენი, ხოლო დანარჩენ მოციქულებს მოერევა ისინი? განა
ყველას და თითოეულ მათგანს არ ეკუთვნის ნათქვამი: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ
ერეოდენ მას“ და კიდევ „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი“? განა მარტო
ერთ პეტრეს მიეცა უფლისაგან ზეციური სასუფევლის კლიტენი, და ნეტართაგან სხვამ
არავინ მიიღო იგო?“ (ორიგენი), - „სასიძომ, წასასვლელად გამზადებულმა, - ამბობს
ნეტარი ავგუსტინე, თავისი საპატარძლო ჩააბარა თავის მეგობრებს იმისათვის კი
არა, რომ მას შეეყვარებინა რომელიმე მათგანი არამედ, რათა ერთგული დარჩენილიყო
მხოლოდ თავისი სასიძოსი; ისინი კი მხოლოდ მეგობრები არიან სიძისა, და არც ერთი
მათგანი არ არის სიძე, სიძის უფლებას მეგობრები იცავენ გულმხურვალედ და არ
დაუშვებენ ეკლესიის მხრიდან დანაშაულებრივ სიყვარულს... პავლემ, სიძის
ჭეშმარიტმა მეგობარმა, არ ისურვა ყოფილიყო სიძის ადგილზე, რათა ყოფილიყო
სიძესთან ერთად მეფობაში“, თვით მოციქულებსაც ასე ესმოდათ პეტრესადმი ნათქვამი
სიტყვები, თავისი სიტყვებით უფალს მართლაც რომ სდომებოდა პეტრესთვის ეუწყებინა
რაღაც უფროსობის მსგავსი, მაშინ იაკობი და იოანე როგორ გაბედავდნენ თხოვნას,
რათა უფალს ერთი დაედგინა მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ? როგორღა იკამათებდნენ
მოციქულნი (ეს კი შემდგომში იყო არა ერთ გზის) ვინ იყო იმათ შორის უმეტესი?
(მთ.18,1; 20,21; ლკ. 22,24-26; ინ. 21,19) ამიტომ თუ, პავლე მოციქულის მკაცრი
მსჯელობით, „რამეთუ საფუძველი სხვასა ვერვის ხელეწიფების დადებად გარეშე მისსა,
რომელი იგი დადებულ არს, რომელ-არს ქრისტე“ (1 კორ. 3,11), როგორ ფიქრობენ
ლათინები პეტრეს მიაწერონ კიდევ სხვა - პაპობა? თუ ჩვენ, რომლებიც ვართ, „აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა
თავ-საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო“ (ეფ. 2,20-22), რაღატომ ცდილობენ
აღმოფხვრან ამ საფუძველიდან თერთმეტი მოციქული და მათ ადგილზე დააყენონ პაპი,
რომელიც არ ეკუთვნის მოციქულთა რიცხვს? თუ ღვთის სიტყვამ იცის მხოლოდ ერთი თავი
ეკლესიისა ქრისტე, რა უფლებით ცდილობს ადამიანური სიბრძნე ამ ღვთაებრივ თავთან
მაღლა მოათავსოს, ამ უკვდავ სხეულს დაუდგინოს კიდევ სხვა თავი - მოკვდავი? თუკი
მსოფლიო ეკლესია, უფლის სიტყვებით, უნდა იყოს ისეთი, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი
ვერ ერეოდენ მას“, იქნება გონიერი, რომ ამასთან მას მიეცეს ასეთი თავი, რომლის
დროსაც ჯოჯოხეთის ბჭეთ შეეძლებათ უთავოდ დატოვონ იგი? - მათ, რომლებიც
მოშურნეობენ წმიდა პეტრეზე მეტად, ვიდრე იმაზე, რასაც იგი მათგან ითხოვს, დაე,
ყური დაუგდონ მოციქულთა თავს უფრო მეტად, ვიდრე თავიანთ, ან სხვათა სიბრძნეს.
წმიდა პეტრეზე კი არა, არამედ ქრისტეზეა დაფუძნებული და სურს ჩვენც ამაზე
დაგვამტკიცოს. იგი ამბობს: „რომელსა-იგი მოუხდებით ლოდსა ცხოველსა... და
თქუენც, ვითარცა ლოდნი ცხოველნი, აღეშენებოდეთ სახლად სულიერად“ (1 პეტ.
2,4,5,8). წმ. პეტრემ იცის მხოლოდ ერთი სახელი, ურომლისოდაც შეუძლებელია
გადარჩენა, - ეს არის სახელი ქრისტესი: „და არავინაი არს სხვით ცხორებაი და
არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო
ცხორებაი ჩუენდა“ (საქ. 4,12), ასე რომ, კურთხეულია ღვთაებრივი დამაარსებელი
ეკლესიისა, რომელმაც არ მიანდო მისი უსაფრთხოება ერთ მოკვდავ ადამიანს, ვინც არ
უნდა ყოფილიყო, ცოდვილ არსებას. არ უთხრა მან პეტრეს, და შესაბამისად არ
უთქვამს
პეტრეს მემკვიდრეთათვის; „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ გერეოდნენ შენ“, არამედ თქვა
თავის ეკლესიაზე: ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას, თუმცა მრავალგზის
მოერივნენ ისინი ამა თუ იმ ადამიანს“ (მატ. ფილიარეტი). მაგრამ რატომ არ თქუა
უფალმა უბრალოდ: „ჯოჯოხეთი“, არამედ მიუთითა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“? იმიტომ, რომ
ძველ დროს ქალაქის ჭიშკართან იკრიბებოდნენ ხელისუფალნი და უხუცესნი ქალაქისა, აწყობდნენ იქ სამსჯავროს, წყვეტდნენ მნიშვნელოვან საქმეებს. ამიტომაც
ჯოჯოხეთის ბჭენი აღნიშნავენ ჯოჯოხეთისა და სატანის ბნელ ძალებს, ყოველგვარ ბოროტ
მანქანებებს, ჯოჯოხეთის ძალთა მთელ სივერაგეს. და ქრისტეს ეს სიტყვა აღსრულდა და
აღესრულება დღემდე: რამდენი დევნა-შევიწროვება გადაიტანა იუდეველთაგან,
წარმართებისა და ერეტიკოსთაგან ღვთის ეკლესიამ, ახლაც მის წინააღმდეგ არიან
აღმსდგარნი სხვადასხვა ცრუმოძღვრების მასწავლებელნი, მაგრამ იგი მაინც დგას
შეურყევლად, თანახმად ქრისტეს სიტყვებისა, „ცანი და ქუეყანი წარხდენ, ხოლო სიტყუანი
ჩემნი არა წარხდენ“ (მთ. 24,35). დაცულია რა ღვთიური ძალით, იგი შემოსილია ღვთაებრივი
ხელმწიფებით მოციქულთა და მათი მემკვიდრეების სახით.
როგორც ჩემმა მამამ მოგცა შენ ცნობა ჩემზე, ეუბნება უფალი წმინდა პეტრეს, ასევე და
მიგცე შენ ჩემი ამაღლების შემდგომ, მოგცემ როგორც სახლის მმართველს კლიტენი
სასუფეველისა ცათაისანი, რომელიც არის იგივე ეკლესია; დაგადგენ შენ და შენთან ერთად
ჩემს სხვა დანარჩენ მოციქულებს ჩემი ეკლესიის მცველებად; თქვენ მასში შეუშვებთ
მათ, ვისაც ღირსეულად მიიჩნევთ, იქნებიან ისინი იუდეველნი, თუ წარმართნი, თქვენ
ხურავთ და დაიცავთ მის კარებებს მათი შეჭრისაგან იქ, რომელნიც საამისოდ უღირსნი
იქნებიან. და რომელიც შეჰკრა ქუეყანასა ზედა, შენ პეტრე და ასევე ყოველმა თქვენგანმა,
ჩემმა მოციქულებმა, ყველაფერს, რასაც კი აკრძალავთ, როგორც ჩემი სამეფოსთვის
შეუფერებელს, როგორც ზეციური ცხოვრებისათვის გამოუდეგარს, მაშინ ჩემგანაც კრულ იყოს
იგი, აიკრძალოს, უცხოდ იქნას ამაღლებული ცათა შინა; და რომელიც განჰხსნას
შენ
ქუეყანასა ზედა, ხსნილი იყოს იგი ჩემგანაც ცათა შინა. მე მოგცემთ თქვენ და თქვენს
შემდგომ თქვენს მემკვიდრეებს უფლებას მიტევებისა და არმიტევებისა. ვისაც შეუნდობთ,
მას შეენდობა, ხოლო ვისაც არ აპატიებთ და დაუტევებთ, მას დარჩება. „უფალმა არ
თქვა, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - შევთხოვ მამას, არამედ - მე მოგცემ შენ. ხედავ,
ქრისტე როგორ აცხადებს თავს და გვაჩვენებს ღვთის ჭეშმარიტ ძედ? იგი ჰპირდება პეტრეს
მიცემას იმისა, რაც კუთვნილებაა მხოლოდ ერთი ღმერთისა: მიტევებას ცოდვებისა,
დაფუძნებას ეკლესიისა შეურყევლად უამრავ მღელვარებათა შორის და უბრალო მეთევზის
წარმოდგენას ყოველგვარ კლდეზე უმტკიცესად, როცა მის წინააღმდეგ აღსდგება მთელი
ქვეყნიერება“. უფალი მიმართავს მარტო პეტრე მოციქულს იმიტომ, რომ მან
სხვებზე უწინ აღიარა იგი ღვთის ხორცშესხმულ ძედ. „ნუთუ,- ამბობს ნეტარი ავგუსტინე,
- ის გასაღები მიიღო პეტრემ და არა მიიღო პავლემ? პეტრემ მიიღო, ხოლო იოანემ,
იაკობმა და სხვა მოციქულებმა არ მიიღეს? განა ეკლესიაში არ არის ის გასაღებები,
სადაც ყოველდღიურად ხდება პატიება ცოდვებისა? ეს გასაღებები და უფლება შეკვრისა და
გახსნისა მიიღო არა ერთმა, რომელიმე ადამიანმა, არამედ ერთიანმა მსოფლიომ ეკლესიამ“.
| |