მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


იესო ქრისტეს გამოცდა ფარისეველთა და სადუკეველთაგან
მათე 16, 1-4

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დადო თუ არა ფეხი მისთვის მშობლიური გალილიის ნაპირს, მაშინვე შეხვდნენ მას გამოსაცდელად ფარისევლები, და არა მარტო ისინი: და მოუხდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი და იწყეს მასთან კამათი, გამოჰსცდიდეს მას და ეტყოდეს, რათა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. „თუმცა ფარისეველნი და სადუკეველნი განსხვავებოდნენ ერთმანეთისაგან სწავლებით, ქრისტეზე ერთნაირად ფიქრობდნენ. ისინი ითხოვდნენ სასწაულს ზეციდან, როგორც მაგალითად, რომ გაეჩერებინა მზე, ან მთვარე“ (ნეტარი თეოფილაქტე), ისინი თვალთმაქცობდნენ, ვითომ ცდილობდნენ ერწმუნათ ქრისტე, და ისეთ სახეს აჩენდნენ, რომ თითქოს ეჭვი ამძიმებდათ, სინამდვილეში კი მხოლოდ მარჯვე შემთხვევას ეძებდნენ, რომ ღვთაებრივი სასწაულმოქმედი ჩაეყენებიდათ მძიმე მდგომარეობაში და დაემდაბლებინათ იგი ხალხის თვალში. ისინი ასე მსჯელობდნენ: იესო სასწაულებს ახდენს მხოლოდ მიწაზე, ხოლო მთელი დედამიწა და ჰაერი, მათი რწმენით, სავსე იყო ეშმაკებით, ამიტომ ქვეყანაზე სასწაულები ხდებოდა დემონური ძალებით, ეშმაკთა მთავრის დახმარებით. დაე, ქრისტემ აჩვენოს სასწაული ზეციდან, იქიდან, სადაც ეშმაკებს არავითარი უფლება აქვთ, როგორც ისუ ნავინმა გააჩერა მზე (10,13-14), სამუელმა გამოიწვია უჩვეულო ქუხილი (1 მეფ. 12,16-18), ისაიამ დააბრუნა მზის ჩრდილი (ის. 38,8), ხოლო მოსემ გამოითხოვა ზეციდან მანანა (გამ. 16,4) იგი ამას ნამდვილად ვერ შეძლებს და მაშინ ჩვენ თამამად ვიტყვით, რომ იგი არ არის ღვთისაგან გამოგზავნილი, რომ იგი ბელზებულთანაა დაკავშირებული. ხოლო იმის ცოდნა ორგულებს არ სურდათ, რომ ყველაფერი, რაც კი ზეციდან ხდებოდა, არ იყო ღვთისაგან, ისე, როგორც ყველაფერი, რაც კი დედამიწაზე ხდებოდა, არ იყო ეშმაკთაგან: ასე მოსემ უამრავი სასწაული მოახდინა ეგვიპტეში დედამიწაზე, ხოლო ცეცხლი, რომელიც ზეციდან გადმოვიდა იობის საქონელზე, იყო ეშმაკისაგან „უფლის გამომცდელთა მოთხოვნას იესოში უნდა გაეღვივებინა რისხვა და გულისწყრომა, მაგრამ გულმოწყალე უფალი არ განრისხდა, პირიქით, იბრალებს და წუხს მათზე, როგორც უკურნებელ სნეულებზე“ (წმ. ოქროპირი). და მან ამოიოხრა ღრმად, წუხდა რა მის მოსაუბრეთა გაქვავებული გულის გამო, რომლებიც ახლა მას ისევე ცდიდნენ, როგორც გამოსცადა იგი ერთ დროს ეშმაკმა უდაბნოში, და უთხრა თავის მოწაფეებს: „რაი არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულს?“ (მრკ 8,12) ვერავითარი სასწაული მათ ვერ დაარწმუნებს; ზეციური სასწაულიც კი მათ შეუძლიათ განმარტონ, როგორც ჯადოსნური, ბოროტისაგან მოხდენილი; ამიტომ მათთვის სასწაულთა მოხდენა იგივე იქნებოდა, რაც მარგალიტების მძივი რომ დაგვედო ღორებისათვის და მიმართა რა მოსაუბრეებს, ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რა-მწუხრიდის, ჰსთქუთ: მყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცა, და განთიად ჰსთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცა, ანუ, როცა ხედავთ ღრუბელს დასავლეთიდან მომავალს, მაშინვე ამბობთ: წვიმა იქნება, და ასეც ხდება, და როცა უბერავს სამხრეთის ქარი, ამბობთ: ცხელი დღე იქნება, და ასე ხდება. ორგულნო, პირი სამე ცისა იცით ცნობად, ცაზე ნაცნობი ნიშნების მიხედვით, ხვდებით ამინდის ცვლილებას, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულის-ხმის ყოფად? ხოლო ის სასწაულები და ნიშნები, რომელსაც ღვთის განგებულება ცხადად გამოაჩენს ყველასათვის ცნობილ ჟამს, როგორც ამას აკეთებთ თქვენ, რათა არ იხილოთ, ეს ნიშნები, განა თქვენ არ შეგიძლოთ დაგენახათ ისინი? არა, თქვენ ეს შეგეძლიათ, მაგრამ არ გინდათ მათი დანახვა! შეხედეთ: ბრმები ხედავენ, ყრუთ ესმით, კოჭლნი დადიან გამართულად, კეთროვანნი იწმიდებიან, მკვდრები აღსდგებიან, და ყოველივე ეს ჩემი ძალით ხდება, ნუთუ არ არის თქვენთვის საკმარისი ეს სასწაულები, რათა ირწმუნოთ, რომ დადგა სასუფეველი მესიისა, რომ იგი თავად თქვენს შორისაა? მაგრამ თქვენ არ გინდათ, ამ სასწაულთა ცნობა. იცოდეთ: „როგორც ცაზე სხვაგვარია ნიშანი ავდარისა, და სხვა კარგი დარისა, ასევე სხვაა დრო ჩემი ახლანდელი მოსვლისა და სხვა მომავლისა. ახლა საჭიროა სასწაულები მიწაზე, ხოლო ზეციდან სასწაულები მომავალ დროში მოხდება, ახლა მე მოვედი, როგორც მკურნალი, მაშინ კი მოვალ ანგარიშის გასასწორებლად ამიტომაც ახლა მოვედი მალულად, მაშინ კი მოვალ დიდებითა და ზეიმით: ზეცას გავიხდი როგორც გრაგნილს, მზეს დავფარავ, დავაბნელებ მთვარეს; მაშინ ზეციური ძალნიც შეიძვრებიან და ჩემი გამოჩენა დაემსგავსება ელვას, რომელიც უცებ ეჩვენება ყველას მაგრამ ახლა არაა ამ სასწაულების დრო, რადგან მე მოვედი სატანჯველთა დასათმენად და ქვეყნიური სიკვდილის მისაღებად“ (წმ. ოქროპირი). ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს; და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყუელისა. უფლის მტრებს რომ გულწრფელად სდომებოდათ ჭეშმარიტების შეცნობა, მაშინ შეეკითხებოდნენ მას: რა არის ეს იონა წინასწარმეტყველის სასწაული, მაგრამ მათ საჭიროდ არ მიიჩნიეს კითხვა ამის გასარკვევად, ამიტომაც დაუტევნა იგინი და, ისე როგორც მიატოვა ერთ დროს ღადარინელნი, რომელთაც არ ისურვეს მისი მიღება, და მწუხარედ წარვიდა, გალილიის ტბაზე აღმოსავლეთი ნაპირისაკენ.