მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ოთხი ათასი ადამიანის სასწაულებრივი დაპურება
მათე 15, 32-39

მთელი სამი დღე დარჩა უდაბნოში ხალხი, რადგან არ სურდა განშორებოდა ღვთაებრივ მკურნალსა და მასწავლებელს; პურის მარაგი, თუ რამ გააჩნდათ, მთლიანად გამოლიეს, მაგრამ არავინ ფიქრობდა ამაზე. მაშინ თვით კაცთმოყვარე უფალმა ისურვა დაპურება თავისი სტუმრებისა საკვირველი პურობით. ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მეწყალვის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა, სამი დღე არს და მელიან მე, და არა რა აქუს რათამცა ჰსჭამეს; და განტევება მათი უზმათა არა მნებავს, ნუ უკვე დაჰსცვივენ გზასა ზედა, რადგან ბევრი მათგანი შორიდან იყო მოსული, არც პირველ და არც მეორე დღეს არ მოახდინა უფალმა ხალხის დაპურების სასწაული, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ხალხს ყველაფერი შემოეხარჯა, როცა შეიგრძნო ხალხმა განსაკუთრებული საჭიროება საზრდელის მიღებისა, რათა დიდი აღფრთოვანებით მიეღოთ სასწაული, რათა იგი ღრმად აღბეჭდილიყო იმათ გულებში. მაგრამ რატომ პირდაპირ არ ახდენს უფალი სასწაულს, რატომ მიმართავს იგი ჯერ მოციქულებს? იმისათვის,-ამბობს წმ. ოქროპირი, - რათა თავისი კითხვით, მიეცა მათთვის შესაძლებლობა, რომ გამოეჩინათ თავინთი რწმენა და კიდევ, რათა ეთქვა მისთვის: შენ შეგიძლია დააპურო ეს ხალხიც, როგორც მოხდა უწინ. შენ ყველაფერი შეგიძლია. მაგრამ მოწაფენი ვერ მიხვდნენ, რისთვის თქვა ეს უფალმა: იმათი გულები, მაცხოვრისავე თქმით, იმ დროს ჯერ კიდევ გაქვავებული იყო: „ისინი, - ამბობს ოქროპირი, - ჯერ კიდევ ფეხქვეშ ეგებოდნენ წილ-ხვდომას“, სჯიდნენ ადამიანურად, და „თუმცა შემდგომ იესო ქრისტე ხშირად ახსენებდა ამ სასწაულს, კითხვითაც და პასუხითაც, და იმასაც, რომ ისინი აქცია პურის განმანაწილებლებად, იმასაც თუ პურობის შემდგომ რამდენი დარჩა, მაგრამ ისინი ისევ შორს იყვნენ სისრულისაგან“ და აი თითქოს საერთოდ დავიწყებული რომ ჰქონდათ. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინა არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენ, ვითარმცა განჰძღა ერი ესოდენი? ისინი, როგორც უგუნური ბავშვები, ფიქრობდნენ, რომ უფალს სურდა მათთვის დაევალებინა ზრუნვა იმაზე, რომ დაეპურებინათ ხალხი, მაშინ, როცა ერთი მისი მბრძანებლური სიტყვა „არა მნებავს“ ხალხის მშიერი გაშვება, აგებინებდა იმას, რომ მას თავად სურდა შეეთავაზებინა ტრაპეზი, თავისი გულმოდგინე მსმენელებისთვის და უფალი შეაგონებს თავის მიუხვედრელ მოწაფეებს ახალი კითხვით: ჰრქუა მათ იესო: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შვიდი პური და მცირედ თევზი. „არ არის მცირე დანაშაული ასე უცებ დავიწყება იმ სასწაულისა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო მომხდარი, ამისთვის გაუწყრა მათ უფალი“, - ამბობს წმ. ოქროპირი. მაშინ უფალი მოქმედებს უწინდელის მსგავსად: და უბრძანა ერსა მას დასხდომაი ქუეყანასა ზედა: და მიიღო შვიდი იგი პური და მცირედ თევზი, რათა ყველასათვის ესწავლებინა ღვთისადმი მადლიერებით მიეღოთ საზრდელი, ჰმადლობდა თავის ზეციურ მამას, განჰსტეხა და მიჰსცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მიჰსცემდეს უნაწილებდნენ ერსა მას. ჰსჭამეს ყოველთა, და განჰსძღეს, რის შემდგომაც, მოციქულებმა, უკვე საგანგებო მითითების გარეშე, და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შვიდი სფირიდი სავსე, ხოლო რომელთა ჰსჭამეს იყუნეს ოთხ-ათას მამანი, ხოლო თვინიერ ყრმებისა და დედებისა. შემდეგ მშვიდად და გულთბილად, ისე რომ ხალხისაგან არ ჰქონია ადგილი რაიმე აღელვებას, რაც ახლდა უფლის პირველ სასწაულს პურის გამრავლებისა, მაცხოვარმა და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესო ნავსა, - და მშრალზე კი არ ამჯობინა წასვლა, რათა ადევნებულ ხალხს არ დაეწყო მისი ქება-დიდება, არამედ ზღვაზე და მოვიდა საზღაურთა მაგდალოსათა, ანუ, როგორც წერს წმ. მარკოზი, „დალმანუთასათა“. ორი პატარა ქალაქი: მაგდალა და დალმანუთა, მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე გალილიის ტბასა, ტიბერიადის ქვემოთ; მაგდალადან იყო წარმოშობით მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი, რომელიც განკურნა უფალმა ბოროტ ძალთაგან.

პურის სასწაულებრივ გამრავლებაზე მსჯელობისას წმ. ოქროპირი შენიშნავს: „უფალმა ასეთი სასწაული ბევრჯერ კი არ მოახდინა, არამედ მხოლოდ ორჯერ, რათა მოციქულებისათვის ესწავლებინა, რომ მუცლისათვის კი არ ემსახურათ, არამედ მოურიდებლად მიკვროდნენ სულიერ სიკეთეებს. მათ ჩვენც უნდა მივყვეთ, უნდა ვიწყოთ ზეციური პურის ძებნა და მივიღებთ რა მას, ყოველგვარი ქვეყნიუერი საზრუნავი მოვირიდოთ. თუ იუდეველები, დატოვეს რა სახლები, ჯალაბები, ნათესავები და ყველაფერი, გავიდნენ უდაბნოში და შიმშილისა და შეჭირვების მიუხედავად, არ შორდებოდნენ იესო ქრისტეს, მით უფრო გვეკუთვნის ეს ჩვენ; მივეახლებით რა ასეთ ტრაპეზს, უნდა გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და შევიყვაროთ სულიერი სიკეთენი, და მხოლოდ შემდეგ ვეძიოთ გრძნობისმიერიც. ვინც უგულებელყოფს ზეციურ უმაღლეს სიკეთეებს და ნაკლები სურს, იგი კარგავს პირველსაც, ხოლო თუ გვიყვარს პირველები, მაშინ ღმერთი მათ დაურთავს უკანასკნელთაც, რადგან ის დამატებაა პირველთათვის“. ესე გვასწავლის თვით წყალობისმომცემი ქრისტე: „ეძიებდით, - ამბობს იგი, - პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ - ანუ შეიძენთ ყველაფერს, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისათვის, „შეგეძინოს თქუენ“ - მოგეცემათ თქვენ თხოვნა-ვედრების გარეშეც, როგორც დანამატი იმ სულიერი საფასეებისა, იმ სიკეთეებისა, რაც ებოძებათ ცათა სასუფევლის შვილებს...