მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


იგავები: დაფარულ საუნჯეზე… ძვირფას მარგალიტებზე… ბადეზე
მათე 13,44-52

თავის მოწაფეების ვიწრო წრეშიც კი მაცხოვარი აგრძელებდა საუბარს იგავებით, რადგან მოწაფეებს უკვე კარგად ესმოდათ ისინი. ორ ახალ იგავში, ერთმანეთს რომ ემსგავსებიან, მან გაუხსნა იმათ, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რათა შეითვისოს სახარების მხსნელი ჭეშმარიტება. სასუფეველი ღვთისა, სულის გადარჩენა ყოველი ადამიანისათვის არის ძვირფასი საგანძური, ფასდაუდებელი მარგალიტი, რისთვისაც ღირს ყველაფრის გამეტება, არაფრის დაშურება. კუალად, მსგავს არს სასუფეველი ცათა საუნჯესა, დაფარულსა ყანასა შინა, ომიანობის ან სხვა უბედურების ჟამს მიწაში რომაა დაფლული, რომელი ჰპოვა კაცმან, ვისაც არ ეკუთვნოდა მინდორი, მაგრამ რომელიც შესაძლოა ამუშავებდა მას ქირით, და მოულოდნელად, შემთხვევით წააწყდა მას, და დაჰმალა, ხელახლა ჩაფლა მიწაში, ყველასათვის დაფარა იგი და არ უთხრა თვით პატრონსაც კი მინდვრისა, და სიხარულითა მით რომ იცოდა მისთვის, წარვიდა თავის სახლში, და გაჰყიდა ყოველი, რაც აქუნდა და მოიყიდა აგარაკი იგი. ვინც არაფერს იშურებს ქვეყანაზე სულის გადარჩენისთვის, მან იცის, რომ იგი არაფერს კარგავს, არამედ ყოველივეს იძენს.

„შეხედეთ, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი: საგანძური მზადაა, იგი საკმარისია გამიდიდრებისთვის, ვისიც იქნება მინდორი, იმასვე დარჩება იქ არსებული საგანძურიც, მაგრამ კაცი არ ცდილობს მის შეძენას, ამიტომ ტყუილად არის იგი; სხვამაც იცის ამ საგანძურის შესახებ, მაგრამ ასევე უზრუნველად არის, არ სურს გაყიდოს ყველაფერი, რათა შეიძინოს მინდორი და ისარგებლოს სიმდიდრით, ამიტომ ამის შესახებ ტყუილად იცის. მადლი არის მზა საგანძური, თითოეული ჩვენთაგანისა და ყველას გამდიდრებისათვის რომაა საკმარისი, მაგრამ იგი დამალულია, - სად? რომელ მინდორში? - ცოტაა განა ასეთი ადგილი! მაგალითად, განმარტოებისა და ღვთისმოსაურ მდუმარებაში, ანდა სიბრძნისა და თავშეკავების მინდორში; ოღონდ ნურაფერს დაიშურებ იმისთვის, რომ გახდე ფლობელი ასეთი მინდვრისა და საგანძურსაც იპოვი, მაგრამ განსაკუთრებით ახლობელი და ხელმისაწვდომი მინდორი, სადაც საიდუმლოდ არის შენახული მადლის საგანძური, არის ეკლესია. რომელი საგანძური არაა დაცული მის წმინდა საკრებულოში! მასში ფარულად იმყოფება თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, „რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“ (კოლ. 2,3), ყველა სულიერი და ღვთიური წყალობის თანასწორი. როგორი საგანძურია ეკლესიის ლოცვებში და საგალობლებში! მათში სუნთქავს წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წმინდანთა მადლი; მათში თვით სულიწმინდა „მეოხ-არს ჩუენთვის სულ-თქმითა მით უსიტყუელითა“ (რომ. 8,27). როგორი საგანძურია მის წმინდა სახარების კითხვაში! იგივე ძალა, რომელიც ქრისტეს სიტყვაში გამოსჭვიოდა, და დევნიდა ეშმაკებს, კურნავდა უძლურებს, აღადგენდა მკვდრებს, ანათლებდა ღვთაებრივი ნათელით, ეხლაც მკვიდრობს უფლის სიტყვაში, მის სახარებაში. როგორი საგანძურია მის წმინდა საიდუმლოებებში, განსაკუთრებით კი უფლის ხორცისა და სისხლის ზიარებაში! მათში დაფარულია მარადიული ცხოვრება მისი გამოუთქმელი სიკეთეებით, უფლისაგან თქმული: „რომელი ჰსჭამდეს ხორცსა ჩემსა, და ჰსმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო“ (ინ. 6,54). საჭიროა მხოლოდ შეძლოთ გამოყენება ამ საგანძურისა, ამისათვის კი უნდა გაყიდოთ, ანუ უგულებელყოთ, მოიშოროთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ, კერძოდ თქვენი თვითკმაყოფილება, თქვენი ვნებები, თქვენი უკეთური ჩვევები, თქვენი ხორციელი სურვილები, უყურადღებობა, დაუდევრობა, დაბნეულობა...

კიდევ უფრო ახლობელი მინდორი საგანძურისა არის ჩვენი შინაგანი ადამიანი. სიღრმე, რომელშიც იფარება საგანძური, აღნიშნავს ადამიანის გულს. აქ, წმიდა საიდუმლო ნათლობით, ღვთის სულმა უხილავად შეიტანა თავისი სუნთქვით ღვთისაგან ახალი სიცოცხლე. ასე, რომ საგანძური ჩვენს მინდორშია მოთავსებული, მაგრამ განა ყოველმა შეიძინა იგი? თუ ამ დაფარულ საგანძურს ჩვენს სიღრმეში ჩავმარხავთ ჩვენი უსიამოვნო ფიქრებით, ცოდნით, ამაო საქმეებით, არაწმიდებით, უკანონობით, მაშინ ჩვენი საგანძური უსარგებლოდაა, ჩვენი სულიერი ცხოვრება ჩანასახშია და თვალახვეული“. როგორ დაეუფლება ადამიანი საგანძურს, თუ ჯერ არ შეიძინა მინდორი, სადაც საფასეა დაფლული: ასე არ შეუძლია მას გადარჩენა, თუ თვითონ არ იქნება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. რომელმაც იპოვა საგანძური, დამალა იგი, იმიტომ, რომ თავად არ დაეკარგა: ვინც ამაყობს მადლის საბოძვარით, იგი თავისი სიამაყით მოაკლდება მოპოვებულ საფასეს. თავმდაბალი კი, რომელიც უფლისათვის ხარობს, თავს არ მოიწონებს სხვების წინაშე, ხოლო როცა სულით ახლობელ ძმას შეხვდება და ისურვებს იგი გახადოს მონაწილე საგანძურისა, ეტყვის მას ისე, როგორც პეტრეს უთხრა ანდრიამ: „ჩუენ ვიპოვეთ ქრისტე“ ამ სიხარულს ასე ასახავს ნეტარი ავგუსტინე: „როგორ უცებ იქცა ჩემთვის მორიდება სიამოვნებად უაზრო საზრუნავის გარეშე და მე სიხარულით დავტოვე ის, რისი დაკარგვაც ადრე მაშინებდა!“ რადგან შენ მომარიდე ისინი მე, ჭეშმარიტო და უმაღლესო სიხარულო, შენ თავად დამკვდირდი ჩემში, ყველა სიხარულზე უტკბესო!“ როგორც ადამიანი სიხარულით მოისვრის ადრე მის მიერ შეგროვილ ქვებს, სავსე რომ აქვს ხელები, თუკი მას შესთავაზებენ იმის სანაცვლოს მარგალიტებსა და ალმასებს, ასევე სული, რომელიც შეიძენს ქრისტეს, მზადაა გადაყაროს ყველაფერი, რათა მთლიანად გახდეს ქრისტესი.

იგავი საუნჯეზე იმათ ეხება, ვისაც ღვთის მადლი თავისკენ მოუწოდებს, და თავს უცებ უცხადებს: ამიტომაც დიდია მათი სიხარული. მაგრამ ის, ვინც გულითა გრძნობს ცხონებაში გასაჭირს, ვინც იცის, რომ საფასე არსებობს, იმან დიდი ძალისხმევით უნდა მოიძიოს იგი; მერმე, - ამბობს მაცხოვარი, მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებენ კეთილთა მარგალიტთა, რომელმაც არ დაიშურა არც საშუალება და არც გარჯა და ჰპოვის რა ერთი მარგალიტი მრავალ სასყიდლისა, სახლში მან საჩქაროდ განჰყიდა ყოველივე რაიცა ედვა, გაყიდა მთელი თავისი ქონება, და მოიყიდა იგი, შეიძინა ეს ერთად-ერთი, თავის ფასით, მარგალიტი.

რას ნიშნავს ეს მარგალიტი? - ჭეშმარიტ რწმენას, ღვთის მადლს, მარადიულ ცხონებას, თვით ჩვენს მაცხოვარს - იესო ქრისტეს. ერთი ძვირფასი მარგალიტი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, „ესაა ერთი ჭეშმარიტება - რაც არის ქრისტე“. „როგორც მარგალიტის მფლობელმა იცის, რომ იგი მდიდარია, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაგრამ სხვათათვის ხშირად უცნობია, რომ მას ხელთ მარგალიტი აქვს, რადგანაც ეს მარგალიტი მცირეა: ასე შეიძლება ითქვას ჭეშმარიტებაზეც. მისმა მფლობელებმა იციან, რომ ისინი არიან მდიდარნი, მაგრამ ურწმუნოებმა, არ იციან რა ამ საგანძურის ფასი, არაფერი იციან ჩვენი სიმდიდრის შესახებ“.

რათა ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ ჩვენი ცხონებისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი რწმენა, უფალი წარმოთქვამს ახალ მკაცრ იგავს: მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათა გრძელ და მაგარ სათრომელსა ბადესა, რომელი ჰსდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეჰკრიბის. ასევე, ქრისტეს ეკლესია გავრცელდება ძლიერებით მთელს ქვეყანაზე; როგორც ბადე ფართოდ იშლება ზღვის სივრცეში, მეთევზე მოციქულების მეშვეობით კი, ადამიანთა მონადირეებად რომ იქცნენ, ყოველი ხალხიდან შეჰკრებს ადამიანებს, კეთილთა და ბოროტებს; „ჭეშმარიტების სიტყვისა და მაცხონებელი მცნებების ანკესად, უფალი შემოკრებს, შემოზღუდავს მათ ჯვარის მადლიანი ძალით, თავისუფალი მორჩილებით, მიიზიდავს მათ, როგორც წყლიდან ჰაერში და ხმელეთზე, ხორციელი ცხოვრებიდან სულიერებისაკენ, ცოდვიდან სიწმიდისაკენ, ხრწნადიდან უხრწნელისაკენ, დროებითიდან მარადიულობისაკენ, მიწიერიდან ზეციურისაკენ, ქვეყნიდან ღვთისა და მისი მარადნეტარი სამეფოსაკენ“ და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღვის-კიდესა, და დაასხიან, და აუჩქარებლადა და დაფიქრებით შეჰკრიბიან კეთილი კარგი თევზი - ჭურჭელსა, ხოლო ჯერ-კუალი იგი, ე.ი. უვარგისი, არაწმიდა და მავნე თევზი - გარე-განჰსთხრიან. ეს იგავი წააგავს ღვარძლზე იგავს: იქაც ერთნი ცხონდებიან, სხვები კი იღუპებიან.

ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისა ძე კაცისას საშინელ სამსჯავროზე. რამეთუ გამოვიდენ, ზეციდან მოივლინებიან, აქამდე უხილავნი, ღვთის მსჯავრის აღმსრულებელნი ანგელოსნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და მართალთ გაუძღვებიან მარადიულ ზეციურ სამყოფელში, ცოდვილებს კი შეჰსთხინენ იგინი შორის სახმილისა მას ცეცხლისასა: მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა, უიმედობა და წყევა ერთმანეთს დაუწყებენ ღრჭენას. არ არის გასაკვირი, რომ წმ. ოქროპირი ამ იგავს უწოდებს საშინელს, ხოლო გრიგორი დიდი ამბობს, რომ მისი უფრო უნდა გეშინოდეს, ვიდრე განმარტავდე მას. და უფალმაც ახსნა მხოლოდ დასასრული მისი, რითაც შიში უფრო გაზარდა, „რათა შენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, გესმის რა, რომ ბოროტები გადაყარეს შორს, შენც არ დაიღუპო, რადგან ქრისტე ამბობს, რომ ჩაიყრებიან ისინი წყვდიადში, სადაც იქნება ღრჭენა კბილთა და გამოუთქმელი წამება. ქრისტეს იგავი გვეუბნება, რომ ბევრი იმათგანიც, რომლებიც ქრისტეს ანკესით არიან დაჭერილნი, ანუ ხილულად ეკუთვნიან ქრისტეს ეკლესიას, იქნებიან იქ ჩაყრილნი. საკუთარი ნებით გავისარჯოთ, რათა დავუკავშიროთ მთელი ჩვენი საქმეები, სურვილები და მისწრაფებები ქრისტეს მცნებათა ანკესს, რომ ბოლოს, როცა ქრისტეს ბადე აივსება გადასარჩენთა განსაზღვრული რიცხვით, როცა დროის გასვლის შემდეგ, ამოღებულ იქნება, ჩვენ აღმოვჩნდეთ კეთილად მონადირებულებში, და გავხდეთ ზეციურ ჭურჭელში შეკრების ღირსნი.

განუმარტა რა მოციქულებს ეს იგავი, ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: გულის-ხმა-ჰყავთა ესე ყოველი? თუ რაიმე გაუგებარია, მე აგიხსნით. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო! ჩვენ ყველაფერი გავიგეთ. და ჰრქუა მათ: ამისთვის ეხლა თქვენ შეიძლება გეწოდოთ მწიგნობრები, მაგრამ არა ისეთები, რომლებმაც იციან მხოლოდ ძველი, არამედ ისეთები, რომელთათვისაც ცნობილია ახალი ღვთიური საიდუმლოებანი, ყოველი ასეთი ჭეშმარიტი, არაორგული და გონიერი მწიგნობარი, სახარებისეული ჭეშმარიტების ყოველი მქადაგებელი, დამოწაფებული სასუფეველსა ცისათა, რომელმაც შეიცნო მისი ჭეშმარიტებანი, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღოს მსხვერპლის შესაწირად, საუნჯისაგან თვისისა, მის მიერ მომარაგებულიდან, - იმის მიხედვით, ძუელი და ახალი, შარშანდელი თუ ახალი ნაყოფი; ასევე თქვენც აუხსენით ხალხს ისიც, რაც აქამდე გქონდათ გაგებული ძველ აღთქმაში, და ისიც, რაც ეხლა გაიხსნა თქვენთვის; ის, თუ როგორ ეკუთვნის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება ძველს, ხოლო მისი შესრულება - ახალს; სჯულის მცნებები ძველს, ხოლო მათი სული და სისრულე - ახალს; იგავებში გამოყენებული სახეები კუთვნილებაა ძველისა, ხოლო სწავლება, რაც ამ სახეების ქვეშაა დაფარული, - ახლისა. „სახლის მეპატრონე კაცი არის ქრისტე, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, იგი მდიდარია, რადგან მასშია სიბრძნის ყველა საგანძური, ახლის სწავლებისას, მას ძველიდან მოყავს დამოწმებანი; ასე, მაგალითად, მან თქვა: „ყოველი სიტყუა უქმი, რომელსა იტყოდენ კაცნი, მიჰსცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ - ეს არის ახალი; შემდეგ მან მოიტანა დამოწმება ასეთი: „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე, და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ - ეს არის ძველი“.