|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
მათე 13, 31-36
მთესვარზე იგავიდან უფლის მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ კეთილი თესლიდან, რაც
ადამიანთა გულებში ითესება, სამი მეოთხედი იღუპება და მხოლოდ მეოთხედიღა იღებს
ნაყოფს. ღვარძლზე იგავმა კი გაუხსნა მათ, რომ თესლის მეოთხედ ნაწილსაც კი
ემუქრება საფრთხე. ამ ჭეშმარიტებებს შეეძლო შეეშფოთებინა ღვთის სიტყვის
მომავალი მთესველები, და რათა არ ჩავარდნილიყვნენ სულმოკლეობაში, უფალმა
გაამხნევა ისინი ახალი იგავებით მდოგვის მარცვალსა და საფუარზე. პირველი
ასახავს ეკლესიის თანდათანობით ზრდას და მის გავრცელებას დედამიწაზე; მეორე -
ქრისტეს სწავლების შინაგან მოქმედებას ყოველ ადამიანსა და მთელ ქვეყანაზე.
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ, და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათა მარცუალსა
მდოგვისასა, რომელი მიიღო კაცმან და დაჰსთესა თვისსა მტილსა, რომელი უმცირეს
არს ყოველთა თესლთა, მდოგვის თესლი საოცრად მცირეა იმ მცენარესთან შედარებით,
რომელიც მისგან იზრდება: ხოლო რაჟამს აღორძინდის, უფროს ყოველთა მხალთა არნ
იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინუელნი ცისანი, და
დაადგრიან რტოთა მისთა. ისეთ ცხელ ქვეყნებში, როგორიც იუდეაა, მდოგვის ხე ისეთ
სიმაღლეს აღწევს, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს: ის, მისი ტოტების ქვეშ
ადამიანის თავისუფლად შეუძლია გავლა-გამოვლა; მისი ნუჟრებით ახურებენ ღუმელს;
მის ძლიერ ტოტებზე გუნდ-გუნდად სხდებიან დიდი ფრინველები და ტოტები არ ტყდება,
ისინი უძლებენ ადამიანის სიმძიმეებსაც კი. ამ მცენარის თესლი სამკურნალოდ იყო
მიჩნეული, ამიტომაც იგი ყველასათვის იყო ცნობილი. მდოგვის თესლის მარცვალი
ისეთი მცირეა, რომ ებრაელებს ასეთი გამოთქმაც კი ჰქონდათ: „მცირე, როგორც
მდოგვის მარცვალი“.
ასწავლიდა რა ხალხს იგავებით, უფალი ლაპარაკობდა უბრალოდ, ხალხისათვის გასაგები
ენით, იგი თავად არის მდოგვის მარცვალიც და მთესვარიც. მასში, როგორც უმცირეს
თესლში, ჩატეულ იყო დასაწყისში მთელი მისი ეკლესია; მისგან გავრცელდა იგი,
მხოლოდ მასში იძენს ახლაც ის სიცოცხლეს; უფალი - ერთად-ერთი და მარადიული
მეთაურია მისი, და მის გარეშე არ იქნებოდა ეკლესია. - თავადვე არის მთესვარიც,
საკუთარი ნებით რომ გაიმეტა თავი სიკვდილისათვის, რითაც მიანიჭა თავის
ეკლესიასა და მის ყოველ წევრს სიცოცხლე. იგი თავის თავზე ამბობს: „უკეთუ არა
მარცუალი იფქლისა დავარდეს ქუეყანასა და არა მოკუდეს, იგი მარტო ხოლო ეგოს; ხოლო
უკეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. (ინ 12,24). იგი იყო ჭეშმარიტად „მცირე მარცვალი“ ხალხის თვალში: დაიბადა შორეულ, უმნიშვნელო ქვეყანაში
-
იუდეაში; ოცდაათი წელი ცხოვრობდა სხვათათვის უცნობ ნაზარეთში, საძულველ
გალილეაში, ხუროს სახლში; თავისი სწავლებით თავისკენ მიიზიდა მცირეოდენი
მოწაფენი უბრალო მეთევზეებიდან და მეზვერეებისგან, და ბოლოს თავისი თავი მისცა
მტრებს, მოკვდა ჯვარზე, როგორც ერთი ბოროტმოქმედთაგანი… მაგრამ იგი აღსდა
მკვდრეთით, ამაღლდა მამასთან და მისი ეკლესია გავრცელდა მთელ დედამიწაზე,
მსგავსად ხისა… მასზე აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება: „აუშვებს ტოტებს და
ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი
ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს“. (ეზ 17,23).
კლიმენტი ალექსანდრიელი სახარების სწავლების მოქმედებას უსადაგებს მდოგვის
მარცვალს: „იგი წყენს სულს ჩვენს სასარგებლოდ“. მწარე და უსიამოვნო ეჩვენება
ცოდვისმოყვარე ჩვენს გულს ქრისტეს მცნებანი, მაგრამ როცა ჩვენ გადავწყვეტთ მათ
შესრულებას, ისინი ჩვენთვის სამკურნალო და მაცხოვნებელი გახდება: ისინი
აახლებენ და გარდაქმნიან გულს, მდოგვის თესლი, შიგნით მოხვედრილი, წარმოქმნის
სითბოს; ასევე ღვთის მადლიანი სიტყვაც, რომელსაც ღებულობს გული, ათბობს მას,
ასეთ მადლიან სითბოს გრძნობდა საკუთარ თავში ქრისტეს ორი მოწაფე, ლუკა და
კლეოპა, ემმაუსის გზაზე: „ანუ არა გულნი ჩუენნი განხურვებულ-იყუნეს ჩუენ შორის,
ვითარ იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა“ (ლკ. 24,32), ამბობდნენ ისინი. მდოგვი
აძლიერებს ნდომას საჭმელზე: ღვთის სიტყვაც აღვივებს სულში გადარჩენის წყურვილს
და გამართლებას ქრისტე მაცხოვარში. უფრო სრულად, უფრო გარკვევით უფალი ამბობს
მის ამ მაცხოვნებელ მოქმედებაზე ჩვენს გულზე სხვა იგავში, კერძოდ საფუარის
შესახებ ნათქვამში.
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ, და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათა ცომსა,
რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, დატოვა იგი,
ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად. უფალმა იგავისათვის ამოირჩია ის, რაც ხდება
ბუნებაში, რათა ეჩვენებინა, რომ მისი სიტყვაც ისევე უცვლელია, როგორც უცვლელია
ბუნების კანონები. „როგორც მცირეოდენი საფუარი თავის ძალას გადასცემს ფქვილს,
ასევე თქვენც, ჩემი მოციქულები, გარდაქმნით მთელ ქვეყანას, თუმცა თქვენ არა
ხართ ბევრნი. ნუ მეტყვით მე: რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, თორმეტმა კაცმა
ამოდენა ხალხში? სწორედ ამაში უნდა გამოვლინდეს თქვენი ძალა, რომ თქვენ,
რომლებიც ხალხის სიმრავლეს შეერევით, არ გაიქცევით. როგორც საფუარი მხოლოდ
მაშინ აფუებს ცომს, როცა აირევა იგი ფქვილში, ასევე თქვენც, როცა შეხვალთ
კავშირში თქვენს მტრებთან, მხოლოდ მაშინ მოერევით იმათ. და როგორც საფუარი,
ფქვილში გარეული, არ იკარგება მასში, არამედ მას რასაც იგი შეერთვის მალე
ახვევს თავის ბუნებას, ასევე ხდება ქადაგებისასაც. ასე, რომ ნუ შეუშინდებით,
რაც მე ვთქვი მრავალ თავდასხმებზე: სწორედ მათით განათდებით და ყველას
მოერევით“ - ამბობს წმ. ოქროპირი.
რას მოასწავებს ამ იგავში დედაკაცი? - შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ იგულისხმება,
ქრისტეში ხორცშესხმული, ღვთის მადლი, რომელიც მიიღება უმაღლესიდან, ზეციდან
იღებს საფუარს ანუ სახარების სწავლებას, და დებს მას სამ წილ ფქვილში, ანუ
აუწყებს კაცობრიობის მთელ მოდგმას., რომელიც ნოეს სამი შვილიდანაა წარმოშობილი;
ამასთან ეს ცხოველმყოფელი საფუარი აღწევს სამგვარი შემადგენლობის ადამიანში, და
აახლებს მის სულს, სამშვენელსა და სხეულს, ვიდრე არ აღწევს სრულყოფილებას
ქრისტეში, და ახალ ქმნილებად არ იქცევა იგი. და ეს მოქმედება ქრისტეს
სწავლებისა ადამიანის სულზე არ შეწყდება იქამდე, ვიდრე ღვთის მადლი არ
გამოარჩევს ადამიანთაგან ყველას, ვისაც ექნება ნიჭი გახდეს ღვთის სასუფევლის
ჭეშმარიტი შვილი. „სიყვარული, - ამბობს განმმარტებელი, ჩვენს სულში რომ არის
ჩაკეტილი, უნდა ბოლომდე გაიზარდოს ისე, რომ მან შეძლოს გარდაქმნას მთელი სული
სრულყოფილებამდე“. საფუარი მოქმედებს მხოლოდ წაუხდენელი ფქვილისაგან მოზელილ
ცომზე; ძველი და დამძაღებული ფქვილისაგან მოზელილ ცომს იგი ვერ ააფუებს, ვერ
ასწევს, როგორც გინდა მეტი საფუარი იქნას გამოყენებული. ასევე ღვთის მადლიც ვერ
მოქმედებს დაუდევარი კაცის სულზე, რომელიც ბოროტი ვნებების ერთგულია.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი ამბობს: „საფუარის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ უთესლო
განკაცება უფლისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი შეერთება
კაცობრიულ სხეულთან, რომელიც მიიღო მარიამ ღვთისმშობლისგან, ვისი მეშვეობითაც
ყოველი ადამიანი ახალი ცხოვრებისათვის იბადება ხელახლა“. დამამშვიდებელია წმ.
ათანასე ალექსანდრიელის შენიშვნა ქრისტეს ამ იგავზე: „ადამიანი, რომელმაც სულ
მცირე საფუარი შეიძინა სათნოებისა, მაგრამ ვერ მოასწრო მისი პურად ქცევა, თუმცა
ჰქონდა მას ასეთი განზრახვა, მართალია ვერ შესძლო მისი შესრულება, მაგრამ არ
იქნება დავიწყებული მართალი მსაჯულისგან, როცა იგი მოულოდნელად თავს წაადგება
და მოიმკის მას; პირიქით, ღმერთი ასეთი სიკვდილის შემდეგ, აღძრავს მის
ახლობლებს, ცდილობს იმათ ფიქრების წარმართვას, მიიზიდავს მათ გულებს, მოდრეკს
მათ სულებს, და ამით ამოძრავებულნი, ეშურებიან მის დახმარებასა და შეწევნას. და
იმის მიხედვით, რამდენადაც მეუფე შეეხება მათ გულებს, იმდენად შეავსებენ ისინი
განდგომის ნაკლოვანებას.“
ამას ყოველსა ეტყოდა იესო იგავით ერსა მას, და თვინიერ იგავისა ამ ჯერად
არა
რას ეტყოდა მათ, - ამბობს წმინდა მახარებელი, და დასამოწმებლად მოჰყავს
წინასწარმეტყველი, რათა აჩვენოს, რომ იგავებით ქადაგება არ არის ახალი, რომ
უკვე წინასწარმეტყველისგან იყო ადრევე უწყებული სწავლის ასეთი სახე: რათა
აღესრულოს სიტყუა იგი წინასწარ-მეტყუელისა მიერ თქმული: აღვაღო იგავით პირი
ჩემი, და ვიტყოდე დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათ. (ფს. 77,2), გავხსნი იმას,
რაც რჩებოდა დაფარული, ქვეყნიერების გაჩენიდან, ისეთ საიდუმლოებებს, რომლებიც
თვით ანგელოზთათვისაც კი დაფარულია, ცნობილია მხოლოდ ჩემთვის, როგორც ღვთის
თანაარსი სიბრძნისათვის. „უფალს სურდა მსმენელების იგავებით შეტყუება
კითხვებამდე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, მაგრამ არავინ არ ეკითხებოდა მას,
თუმცა იგავები დასჯითაც იმუქრებოდა, - ამოტომ გაუშვა თუ არა ისინი, თავადაც
წავიდა“; მაშინ დაუტევა იესო ერი იგი, და მოვიდა სახლსა.
| |