მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


განმარტება იგავისა მთესვარსა და თესლზე
მათე 13,10-23

სწავლება ისეთ იგავზე, როგორიცაა იგავი მთესვარზე, იესო ქრისტეს მსმენელებისთვის სიახლე იყო. ამიტომაც, როცა ხალხი დაიშალა და უფალი დარჩა უცხოთა გარეშე, მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რასათვის იგავით ეტყვი მათ? აქამდე შენ ისე ცხადად ასწავლიდი, ეხლა კი დაიწყე შეფარვით საუბარი, სხვაგვარი ლაპარაკი... „გაოცებას იწვევს, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, რომ მიუხედავად მოწაფეების დიდი სურვილისა, რომ გაეგოთ, თუ რატომ საუბრობდა იესო ქრისტე იგავებით, მათ საგანგებოდ შეარჩიეს დრო; რომ ამის შესახებ ეკითხათ მისთვის. შეამჩნიეთ ასევე უდიდესი სიყვარული მოწაფეებისა, როგორ დიდად ზრუნავდნენ ისინი სხვებისათვის, რომ პირველად სიკეთეს ეძიებდნენ მათთვის, შემდეგ კი თავიანთთვის. მათ არ თქვეს: რატომ გველაპარაკები ჩვენ იგავებით? სხვა შემთხვევებშიც ისინი ხშირად ამჟღავნებდნენ თავიანთ სიყვარულს სხვების მიმართ, მაგალითად, როცა ამბობდნენ: „განუტევე ერი ესე“ (ლკ. 9,12), ასევე: იცი, რომ „იგი დაჰბრკოლდეს“ (მთ. 15,12). - სწორედ ეს სურდა იესო ქრისტეს: ხოლო იესო ჰრქუა მათ: იმისათვის, რომ თქუენდა, ჩემ მოციქულებს, რომელნიც ყურადღებით ეკიდებიან ჩემ სწავლებას ცათა სასუფეველზე, მოცემულ არს ღვთისაგან, თქვენი გონების განათლების გზით, იგავების გარეშეც ცნობად, თუმცა ჯერ არასრულად, ვიდრე სულიწმინდის თქვენზე გადმოსვლამდე, საიდუმლო სასუფევლისა ცათასა, ნაწილობრივ, საერთოდ რომ მიუღწეველია კაცობრიული გონებისათვის, და ნაწილობრივ კი დაფარულია მათთვის ვინც არაა ამისთვის მოწოდებული. ხოლო მათდა, ყველა იმათ, ვინც გულგრილად ისმენს ჩემს სიტყვას, განსაკუთრებით მწიგნობრებსა და ფარისეველთ, ეს არა მიცემულ არს, მათთვის ეს საიდუმლონი საგანგებოდაა დაფარული იგავის საფარველით.

ღვთის საიდუმლოთა წვდომა არის ნიჭი და მადლი, ზემოდან მოცემული, მაგრამ ეს ადამიანზეც არის დამოკიდებული. ვისაც სურს გაიგოს სულიერი ჭეშმარიტებანი, უნდა გაუხსნას მათ გული; ამის გარეშე გონებაც ვერ იქნება მათ მისაღებად გამოსადეგი, ისევე როგორც უსინათლოს არ შეუძლია ყვავილების სილამაზის შეცნობა, ანდა ყრუს - განიცადოს მშვენიერება მოსმენილი სიმღერისა. ღმერთი ყველას აძლევს ბუნებით ნიჭს, საჭიროს შესაცნობად. იგი „განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (ინ.1,9), მაგრამ ჩვენ გვაბნელებს ჩვენი ნება“. რამეთუ რომელსა აქუნდეს სურვილი და მცდელობა მადლის სიკეთეთა შეძენისა, მორწმუნე გულის უბრალოებასა და სიმდაბლეში, ჩემს სიტყვას ისმენს ყურადღებით; რომელსა აქუნდეს, ღმერთი ყველაფერს აძლევს, და ქონებას უმრავლებს, მიეცეს და მიემატოს: იგი სულ უფრო და უფრო შეაღწევს ღვთის საიდუმლოთა სიღრმეში, იმათ მთლიანად და სრულად შეიცნობს. და რომელსა არა აქუნდეს, საკუთარი სურვილი და მცდელობა ღვთის მადლის მისაღებად, იგი არა მარტო არაფერს მიიღებს, არამედ რომელღა იგი აქუს, მოვეღოს მას, - რაც მას ბუნებისაგან აქვს მიცემული, და რასაც იგი თავისად თვლის, როგორც მოუცილებელ მონაპოვარს, იგი მას ვერ მოუტანს ვერავითარ სარგებელს, როგორც ღვთის ცხოველმყოფელ მადლს მოკლებული, და უფრო მეტიც: სასჯელად ექცევა მას იგი. მსგავსადვე იქცევიან ადამიანებიც: ვისაც მოსმენა არ სურს, მასთან წყვეტენ საუბარს, ხოლო ვინც მონდომებით ისმენს, მათ უფრო მეტს აუწყებენ. ასევე ხდება ცხოვრებაში: შრომისმოყვარე ცდილობს გაამრავლოს ის, რაც მას გააჩნია, და აკი მდიდრდება კიდეც, მცონარე და უქმი კაცი კი უკანასკნელსაც კარგავს. ამისთვის იგავით ვეტყვი მათ, რამეთუ ჰხედუენ, ხორციელი თვალებით იხედებიან, მაგრამ თვითნებურად არა ჰხედვენ თავიანთი სულიერი თვალებით, რადგან დახუჭული აქვთ იგი; ესმის ყურებით, მაგრამ თავიანთივე ნებით არა ესმის სულიერად, არ სურთ გაგონება, ამიტომაც არცა გულის-ხმა-ჰყვიან, იმის გასაგებად არიან უღირსნი და გამოუსადეგარნი.

მათი სიბრმავე და სიყრუე მოდის მათივე გახრწნილებისგან. მათ დაინახეს, რომ მე განვაგდებ ეშმაკებს, და მაინც ამბობდნენ: „ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთათა განასხამს ეშმაკთა“ (ლკ. 11,15); მოისმინეს, რომ მე ისინი მიმყავს ღმერთთან, რომ თავად ვმოქმედებ ღვთის ნების შესაბამისად და მაინც თქვეს: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“ (ინ. 9,16). ისინი იმის საპირისპიროდ მოიქცნენ, რაც ნახეს და გაიგონეს, რისთვისაც დავუშვებ მათზე, რომ მივიდნენ მხსნელი ჭეშმარიტების მთლიან უგრძნობელობამდე. მე რომ რაიმე მტრობის გამო არ ვკიცხავ მათ, იქიდანაც ჩანს, რომ ეხლაც აღესრულების მათ ზედა წინასწარმეტყუელება იგი ისაიასი, სმენით გესმოდეს, და არა გულის-ხმა-ჰყოთ; ხედვით ჰხედვიდეთ, და არა იხილოთ. მათ თვითონ დაახშეს თავიანთი სმენა, დაივსეს თვალი და გაიფიცხეს გული; რამეთუ განჰზრქა გული ერისა ამის, შურისა და სხვა მანკიერებათაგან, და ყურითა მძიმედ ისმინეს, აღშფოთებულები ისმენდნენ, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, თვალები დახუჭეს, ნუ უკუე იხილონ თუალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულის-ხმა-ჰყონ, და ყოველივე ამას იმისთვის აკეთებენ, რათა არ მოიქცნენ და მე განვჰკურნე იგინი. მაგრამ ეხლაც რომ მოსულიყვნენ, შეენანათ, მე მზად ვარ მათი განკურნებისთვის ამ მძიმე სულიერი სატკივრისაგან. იმისათვის ვეუბნევი მათ იგავებით, რათა გავაღვივო ყურადღება მათში, ვაიძულო ჩემს სწავლებას ჩაუკვირდნენ და გავაღვიძო მათი მიძინებული სინდისი. ვაი, ამ ხალხს, შეგნებულად რომ დახუჭეს სულიერი თვალები, რათა არ დაენახათ ჭეშმარიტება!

ხოლო თუალნი თქუენნი სულიერნი ნეტარ არიან, რამეთუ ჰხედუენ იმ ჭეშმარიტებას; და სულიერი ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის იგი. თუმცა თქვენ იუდეველნი ხართ, მაგრამ ისაიას წინასწარმეტყველება თქვენ არ გეხებათ, რადგან თქვენ გაქვთ მხურვალე სურვილი მთელი გულით იცნათ ჭეშმარიტება; თქვენ გწამთ ჩემი, როგორც ქრისტე ღმერთისა, ამიტომაც წვდებით ჭეშმარიტებას. სწორედ ამის გამო ამინ გეტყვით თქუენ, რამეთუ მრავლითა წინასწარმეტყუელთა და მართალთა გული უთქმიდა მთელი გულით სურდათ ხილუად, რომელსა თქუენ ჰხედავთ, ანუ ჩემი გამოჩენა და სასწაულები და არა იხილეს; და სმენად, რომელი გესმის ანუ ჩემი სწავლება, და არა ესმა. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი და მართალნი ცხოვრობდნენ ჩემი მოსვლის რწმენით და მხედავდნენ მე მხოლოდ ჩვენებებსა და პირველსახეებში; თქვენ კი მხედავთ მე თვალით და პირისპირ მესაუბრებით. წინასწარმეტყველებზე უფრო სულიერად წვდებით ღვთის საიდუმლოებებს; ამიტომაც მე ეხლა სიყვარულით აგიხსნით ჩემს იგავს:

ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისა, - ჩაწვდით იგავის აზრს. მთესვარი - ეს მე ვარ; თესლი არის ღვთის სიტყვა, ცოცხალი ჭეშმარიტების სიტყვა, რომლის მადლიანი ძალითაც ხელახლა იბადება ხალხი ღვთის სასუფევლისთვის, სიტყვა, რომელიც „ჰგიეს უკუნისამდე“ (1 პეტ. 1,23). ყოველსა, რომელსა ესმის სიტყუა სასუფევლისა, მოძღვრება ცხონებაზე, და არა გულის-ხმა-ჰყოს, ვისაც გონება ისე აქვს დაბნელებული, და გული დაუდევრობით ისე აქვს ცოდვით გაუხეშებული, რომ მას არ ესმის და ღებულობს ღვთის სიტყვას, რომელიც თითქოს აწვება მის გონებასა და გულს გარედან და არ უშვებს ფესვებს შიგნით, დევს, როგორც თესლი გზაზე, რომელიც მისაწვდომია ყოველი გამვლელისთვის, ფრინველისა და ქარისთვის, - ყოველის ასეთი მსმენელისათვის ცხონების სიტყვისა, მოვიდის უკეთური იგი სატანა ან დემონი, ანდა გამოაგზავნის თავის მსახურებს ცოდვილი ზრახვებისა და სურვილების სახით და იმათი მეშვეობით მიჰსტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა, რათა ამ ადამიანმა, ირწმუნოს რომ ვერ გადარჩება ის. ესე არს რომელი იგი გზასა ზედა დათესა. ადამიანი თვითონ უხსნის თავისუფალ გზას ცოდვიან ზრახვებსა და ამაო საზრუნავებს.

ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დათესა, ესე არს ისეთ ადამიანს განასახიერებს, რომელმან სიტყუა იგი ისმინის, და მეყუსეულად სიხარულით მიიღის იგი, ზოგჯერ გულწრფელად იტაცებს ქადაგება ცხონებაზე, როგორც სასიამოვნო სიახლეზე, ხარობს აღთქმული ნეტარებით, მაგრამ სრულიად რჩება მხედველობიდან ის აკრძალვანი და მსხვერპლნი, რაც უნდა ზიდოს მან ცხოვრებაში, ის ბრძოლანი ცოდვასთან, ქვეყანასთან და ეშმაკთან, რაც მისი გადასატანია. ეს არის ის სიხარული, რომელიც აიძულებს განძის მპოვნელს, რათა გაყიდოს ყველაფერი, რომ შეიძინოს მინდორი, სადაც დაფლულია საგანძური; ეს არის სიხარული იმ ადამიანისა, რომელიც ქრისტეს გულისთვის მზადაა ყველაფრისთვის. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თვისსა თავის გონებასა და გულში, არამედ საწუთო არნ, არის დაუდგომელი და მფრთხალი. და რაჟამს არნ ჭირი, ანუ დევნა სიტყუისა მისთვის, როცა დგება რწმენისათვის ტანჯვის ჟამი, მეყუსეულად დაბრკოლდის იგი, ისე თითქოს რაღაც საშინელი და მოულოდნელი შეემთხვა, ეცემა სულით და იღუპება განსაცდელის ცეცხლისაგან, როგორც უფესვო მცენარე ჭკნება მზის გავარვარებული სხივებისგან.

ხოლო რომელი იგი ეკალთა შორის დათესა, ესე არს, რომელმან სიტყუა იგი ისმინის, ღებულობს მას, მაგრამ ცხონების სიტყვის გარდა თავის გულს კიდევ უხსნის ქვეყნიურ, ცოდვიან საზრუნავებს, ცხოვრებისეულ საქმეებსა და კმაყოფილებებს; და ზრუნვამან ამის სოფლისამან, უზომო გარჯამ, რომ შიმშილით არ მოკვდეს, ურწმუნოებამ ღვთის განგებულებისა, რომ იგი ზრუნავს ადამიანზე, და საცთურმან სიმდიდრისამან, ყოველივე იმან, რითაც ეს ქვეყანა ხიბლავს ადამიანს, რაც არის საზრდო ადამიანური ცუდმედიდურობისათვის, რომელიც აღძრავს კაცში ცოდვიან ვნებებს, ყოველივე ამან შეაშთვის სიტყუა იგი, ახშობს მის გულში მაცხოვნებელი ჭეშმარიტების მადლიან მარცვალს. ასეთი ადამიანის გული თითქოს ორგულდება: მას თავისკენ იზიდავს ღვთის სიტყვა, მაგრამ უმძიმს მთლიანად მოერიოს ქვეყნიურ სიამოვნებას; იგი ცდილობს მოარგოს თავის გულში ერთი მეორეს, სურს ემსახუროს ღმერთსა და მამონას, მაგრამ ეს შეუძლებელია: და აი, მიწიერი საზრუნავები და საცთურები, სრულიად ეუფლებიან მის გულს, მადლიანი მარცვლები იხშობა ეკალ-ბარდებით, ყოველგვარი სულიერი სურვილი კვდება, სული გულგრილი ხდება სიკეთის მიმართ, და კეთილ თესლს ღვთის ისტყვისა არ გამოაქვს მასში ნაყოფი, და უნაყოფო იქმნის.

ხოლო რომელი იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს, რომელმან სიტყუა იგი ისმინა და გულის-ხმა-ჰყო, მიანიშნებს იმას, რომელიც მთელი მონდომებით იღებს გონებითა და გულით წმინდა ჭეშმარიტებას და ინახავს მას კეთილ და სუფთა გულში. ასეთი ადამიანი არ არის ორგული, მას სურს ფესვიანად ამოძირკვოს ყველა ცოდვილი სურვილი, გულში ღრმად რომ აქვს ჩაფლული, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს გულს და მზადაა ყოველ წუთს ჩაახშოს მასში ყოველგვარი თანაგრძნობა ცოდვისადმი, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს მისთვის. ასეთ ადამიანში ცხონების სიტყვა ნახულობს კეთილ ნიადაგს, თავის მადლიან ფესვებს ღრმად იდგამს გულში და ას ნაყოფიერსა ხდის. რომელმან გამოიღო ნაყოფი და ჰყო, ყოველი ადამიანის მონდომებისდა მიხედვით, მისი ძალისა და უნარისამებრ, რომელმანმე ასი, რომელმანმე სამეოცი, და რომელმანმე ოცდა-ათი.

ასე ხსნის იგავს მთესვარზე ღვთაებრივი მასწავლებელი. იგი აღნიშნული იგავით გვაჩვენებს, რომ ღმერთი ადამიანს შველის მხოლოდ ადამიანისავე მონაწილეობით; ღმერთი მის გულში ათავსებს თავის მაცოცხლებელ მადლიან სიტყვას, ადამიანს კი ევალება თავისი გული გაუხსნას ამ წმინდა თესლს, და განწმინდოს შინაგანი ყოველგვარი არაწმინდისაგან. ღმერთიდან მოდის მადლის ძალა, ადამიანიდან კი უნდა წამოვიდეს - მთელი გულით სწრაფვა ღვთისაკენ. არის ცოდვიანი მიდრეკილებანი, რომლებიც ეკალ-ბარდების მსგავსად გულში ახშობენ ყოველგვარ კეთილ სურვილს, მაგრამ არ არის ცოდვა, რომელიც სძლევდეს ღვთის მოწყალებას: ზეციური თესლი იმით განსხვავდება ქვეყნიურისაგან, რომ შეუძლია ძლიერად ზემოქმედება ამ ნიადაგზე, რომელზედაც მოხვდება, ე.ი გულზე, შეუძლია მისი მოლბობა, მასში ჩაღრმავება, აღმოფხვრა იქიდან ბოროტების ფესვებისა, თუ კი ადამიანი მისცემს მას საშუალებას, რომ იმოქმედოს თავისუფლად, თუ თვითონ არ კვებავს თავის გულში ეკალ-ბარდებს ცოდვილი გულისთქმებისა.

„ნუ გაიფიცხებთ თქვენს გულებს, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, რათა იქ არ დაიღუპოს ღვთის სიტყვა; ნუ გაათხელებთ სიკეთის ნიადაგს, რათა მაში ჩაღმავება შეძლოს სიყვარულის თესლმა; ნუ დათრგუნავთ ცხოვრებისეულ საზრუნავებითა და ვნებით კეთილ თესლს, რომელიც ჩვენი შრომით თქვენში ითესება, რადგან უფალი მთესვარია, ჩვენ კი მისი მუშაკნი ვართ; არამედ იქეცით კეთილ ნიადაგად“. - მსჯელობს რა ამ იგავზე წმ. ოქროპირი ამბობს: „საიდან გამოვიდა ყველგანმყოფი და ყოვლისშემძლებელი? ანდა როგორ გამოვიდა? - ადგილით კი არ გახდა ჩვენთვის ახლობელი, არამედ კეთლილგანწყობილებითა და ჩვენზე ზრუნვით, როცა შეიმოსა სხეულით. რადგან ცოდვები გვეღობებოდნენ მისკენ, იგი თავად წამოვიდა ჩვენსკენ. და რატომ გადმოვიდა ჩვენსკენ იგი? იქნებ იმისათვის, რომ დაეღუპა მიწა, რომელიც ეკალ-ბარდებით იყო ავსილი? იქნებ სურდა დაესაჯა მიწათმოქმედნი? - არა; იგი გამოვიდა იმისათვის, რომ გულმოდგინედ დაემუშავებინა მიწა და კეთილმოსაობის სიტყვა დაეთესა მასში“. „თესლს, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, უფალი მის მიერ დათესილს უწოდებს, რადგან წინასწარმეტყველებიც თესდნენ, მაგრამ თავისას არა, არამედ ღვთისას; უფალი კი, როგორც ღმერთი, თესდა საკუთარ თესლს, იგი ღვთის მადლით კი არ შეიქმნა ბრძენი, არამედ თავად იყო ღვთის სიბრძნე“.

„იესო ქრისტე, - ამბობს წმ. ოქროპირი, ყველას განურჩევლად სთავაზობს თავის სწავლებას. - მაშინ რაღატომ დაიღუპა თესლის დიდი ნაწილი? ეს მოხდა მთესვარის გამო კი არა, არამედ თესლის მიმღები მიწის მიზეზით, ანუ უყურადღებო სულით. მაგრამ რატომ არ ამბობს იგი, რომ სხვა თესლი მიიღეს უზრუნველებმა და წარწყმიდეს იგი; სხვა მიიღეს მდიდრებმა და ვერ დაიცვეს ის? მას არ სურს ძლიერ უსაყვედუროს მათ, რათა არ ჩააგდოს ისინი უიმედობაში; ამ იგავს იესო ქრისტე წარმოთქვამს თავისი მოწაფეების განსამტკიცებლად, რათა მათ არ მოეწყინათ, თუმცა ბევრი მისი სიტყვების მიმღები, დაიღუპა. და თვით უფალმა, თუმცა ყოველივე ადრევე იცოდა, რომ იგივე ნაყოფი იქნებოდა მისი სწავლიდანაც, მაინც არ შეუწყვეტია თესვა. მაგრამ განა კეთილგონივრულია თესვა ეკლებში, ქვიან ადგილზე, გზაზე - იკითხავ ალბათ? - რა თქმა უნდა, სწორი იქნებოდა მიწათმოქმედი დაედანაშაულებინათ ასეთი მოქმედებისათვის, რადგან ქვა მიწად ვერ იქცეოდა, ხოლო გზა - უვალ ალაგად, ხოლო ეკალ-ბარდები - უეკალ-ბარდო ადგილად; მაგრამ ეს არ ხვდებათ გონიერ არსებათ. ის ქვასაც კი შეუძლია იქცეს ნაყოფიერ მიწად; გზაც შეიძლებოდა რომ გამსვლელს არ გადაეთელა და ქცეულიყო პოხიერ ყანობად; ეკალ-ბარდების მოცილებაც შეიძლებოდა. რადგან, თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ იესო ქრისტე არ დათესდა. თუ ეს შეცვლა ყველაში არ მოხდა, ამის მიზეზი მთესვარი კი არაა, არამედ ისინი, რომელთაც არ ისურვეს შეცვლა. მაგრამ თუ მიწაც კარგია, მთესვარიც ერთია, თესლიც ერთი და იგივეა, რატომ მოხდა, რომ ერთმა მარცვალმა ასჯერ მეტი მოიწია, მეორემ სამოცჯერ მეტი, ხოლო მესამემ ოცდაათჯერ მეტი? - იმიტომ, რომ კარგ მიწაშიც ბევრი განსხვავებაა. ადამიანებში განსხვავება მარტო მათი ბუნების გამო კი არაა, არამედ მათი ნებელობის გამოც, და აქ იხსნება ღმერთის უდიდესი კაცთმოყვარეობა იმაში, რომ უფალი ყველასგან ერთნაირად კი ითხოვს სათნოებებს, არამედ პირველებს ღებულობს, მეორეებსაც არ ირიდებს, და მესამეებსაც უჩენს ადგილს.

რატომ არ თქვა მან სხვა მანკიერებებზე, მაგალითად სხეულის სიამეებზე, ან ცუდმედიდურობაზე? სიტყვებით: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან“, - მან ყველაფერი თქვა, რადგან ფუჭი დიდებაცა და ყველა სხვა მანკიერება არის წარმავალი სოფლისა და საცდური სიმდიდრისა. თუ არის ეშმაკი და მტაცებელი, ჩვენზეა მაინც დამოკიდებული არ მივცეთ მათ საშუალება მიტაცებისა. თუ მარცვლები ხმება, ამის მიზეზი არ არის დიდი სიცხე და პაპანაქება, რადგან არაა ნათქვამი, რომ თესლი დიდმა სიცხემ შესწვა, არამედ „რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჰხმა“. თუ ითრგუნება სიტყვა, ეს ეკლებისგან კი არ ხდება, არამედ იმათგან რომელთაც დაუშვეს მათთან შესვლა. რადგან შესაძლებელია, თუკი ამის სურვილი იქნება, რომ ეს გამოუსადეგარი მცენარე თავიდანვე მოცილებულ იქნას, და სიმდიდრე საჭიროებისამებრ გამოყენებული. ამიტომაც იესო ქრისტემ არ თქვა: „საუკუნო საზრუნავმა“, არამედ „ზრუნვამან ამის სოფლისამან“ , არ თქვა „სიმდიდრემან“, არამედ „საცთურმან სიმდიდრისამან“.

ასე, დავადანაშაულოთ არა თვით საგნები, არამედ შებღალული ნება, რადგან შეიძლება სიმდიდრეც იქონიოს კაცმა, მაგრამ მისგან არ იძლიოს; ამ სოფელშიც იცხოვროს, მაგრამ საზრუნავებში არ ჩაეფლოს. თავისი დიდი მოწყალებით უფალმა დაგვანახა არა მარტო ერთი გზა, და არც გვითხრა, რომ თავისთან იმას არ მიიღებს, ვინც მას ასმაგ ნაყოფს არ მიართმევს, არამედ გვითხრა, რომ ცხონდება ისიც, ვინც სამოცჯერ და ოცდაათჯერ მეტ მოსავალსაც კი მიართმევს. ასე, რომ, არ შეგიძლია დათმინო ქალწულებრივი მდგომარეობა? მაშინ იქორწინე და იცხოვრე გონიერად. არ შეგიძლია სრულიად მოწყდე სიმიდიდრეს? ნაწილი მოიშორე შენი ქონებისა. მძიმეა შენთვის ეს ტვირთი? მაშინ ქრისტეს გაუნაწილე შენი მონაგები. არ გინდა ყველაფერი მისცე მას? მიეცი ნახევარი ანდა მესამედი მაინც. თუ იგი - შენი ძმა და თანამემკვიდრეა ზეცას, ეცადე იგი თანამემკვიდრედ გაიხადო აქ, დედამიწაზე. მას მისცე, - ნიშნავს, მისცე შენს თავს. მან გაგხადა შენ თანამემკვიდრედ ზეცაში, შენ კი არ გინდა მისთვის შესწირო მიწიერი! მან შეგარიგა შენ ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ შენ არამარტო არაფერი გაგიკეთებია კარგი, არამედ იყავი მისი მეტრიც კი; შენ კი არ გინდა მიაგო შენს მეგობარსა და კეთილისმყოფელს, მაშინ, როცა, სასუფეველზე კიდეც რომ არაფერი ვთქვათ, შენ გევალება მიაგო მას მადლობა იმისთვისაც კი, რისი მიცემაც შეგიძლია“…