მათეს სახარების განმარტება
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


უფლის სწავლა სული წმიდის გმობაზე, გულის საუნჯესა და უქმ მეტყველებაზე
მათე 12, 31-37

სულის სიღრმეში, ფარისევლებიც და მწიგნობრებიც, კარგად ხვდებოდნენ, რომ ისინი ცრუობდნენ, და უფლის ღვთაებრივ მოქმედებას არასწორად განმარტავდნენ; მაგრამ ბოროტებამ და შურმა დაახშო მათში სინდისის ხმა, და ისინიც მაცხოვრისგან ხალხის მოსაცილებლად არ ერიდებოდნენ ღვთის საშინელ გმობასაც კი: ღვთაებრივ ჭეშმარიტებას შეგნებულად წარმოაჩენდნენ ეშმაკის საქმედ, ყოვლისშემძლე ღმერთის მოქმედებას სატანას მიაწერდნენ, უფალს ბრალს სდებდნენ ეშმაკთან კავშირში, ხოლო წმიდა სულს, რომელიც იმყოფებოდა უფალში, არაწმიდა სულსა და ეშმაკთა მთავარს უწოდებდნენ... ეს იყო უკვე არა მარტო საზიზღარი ცილისწამება იესო ქრისტეზე, არამედ მტკიცე წინააღმდეგობაც, ბოროტი შეურაცხყოფა წმიდა სულისა. ეს იყო უკიდურესი ურწმუნოება და გააფთრება გულისა, მით უფრო დანაშაული, რომელიც გამოდიოდა ეშმაკის სიბოროტისაგან და გამოითქმებოდა სინდისის საწინააღმდეგოდ.

უფლის მტრებს თავიდან თვითონაც არ ჰქონდათ შეგნებული ცხადად, თუ როგორი სატანისებური მდგომარეობისკენ მიჰყავდა ისინი ბოროტებასა და შურს; და მოწყალე უფალმაც, ამხელდა რა მათ უაზრობას, მთელ სიცრუესა და ცილისწამებას, გახსნა მათ წინაშე ეს ჯოჯოხეთის უფსკრულიც, რომლისკენაც ისწრაფოდნენ თავიანთი უგუნურებით. ჩემსა და სატანას შორის, ეუბნებოდა მათ უფალი, არაფერია და არც შეიძლება იყოს რაიმე საერთო; სიკეთე, რომელსაც მე ვიქმ, და ბოროტება, რომელსაც გაუმაძღრად სჩადის სატანა, ვერ მორიგდებიან ერთმანეთში. ვიტყვი უფრო მეტს: ვინც იცნობს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, მაგრამ გულგრილია მისდამი, უკვე ჩემი მოწინააღმდეგეა, რომლისგანაც მე განვეშორები ზეცისა და დედამიწის პირისპირ. „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა - ხალხს ჩემი რწმენისათვის - იგი განაბნევს“ (მთ. 12,30) მათ, ვინც შევკრიბე. მით უფრო ჩემი მტერია ის, ვინც აშკარად ეწინააღმდეგება ღვთიურ სიმართლეს. ამისთვის გეტყვი თქუენ: მოდით გონს, შეწყვიტეთ სული წმიდის გმობა. მე თქვენ გაპატიებთ და არ დაგსჯით, თუკი შეინანებთ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტეოს კაცთა, ღმერთი მზადაა შეუნდოს ყველაზე დიდი, ყველაზე უმძიმესი ცოდვები მონანულ ადამიანს, ხოლო სულისა წმიდისა გმობა არა მიეტეოს კაცთა, რადგან წმიდა სული ნაცნობია თქვენთვის: მისი ჩაგონებით მეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენ კი არ გრცხვენიათ ხელი ჰკრათ უცხადეს ჭეშმარიტებასაც კი. რადგან, თუ თქვენ უკვე ამბობთ, რომ მე არ მიცნობთ, ის ნამდვილად იცით, რომ ეშმაკთა განდევნა და კურნებათა მოხდენა არის წმიდა სულის საქმე. ასე რომ, თქვენ მარტო მე კი არ შეურაცხმყოფთ, არამედ წმიდა სულსაც. მე თქვენ შეგინდობთ ყოველივეს, რაც კი ბოროტად გითქვამთ ჯვარცმამდე, იმასაც კი, რომ ჩემი ჯვარზე გაკვრა გსურთ; და მე ჯვარზეც კი ვილოცებ თქვენთვის, რათა არ გექცეთ ურწმუნოება დანაშაულად. მაგრამ რასაც ამბობთ სულზე, არ გეპატიებათ. და რომელმან ჰსთქუას სიტყუაი საგმობი ძისა კაცისათვის, ვინც მე დამგმობს როგორც კაცს, და დაბრკოლდება იმით, რომ მე ვჭამ, ვსვამ, მძინავს, ვწვალობ, როგორც ადამიანი, მიწოდებს მე მჭამელსა და ღვინისმსმელს, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, ის კიდევ იმსახურებს პატიებას, რადგან იმყოფება რა ხორცში, ვერ წამოიდგენს ჩემში ღმერთს, და ამიტომაც მიეტეოს მას ეს ცოდვები. დაბრკოლებამ შეიძლება გაიაროს, დაუნახაობა შეიძლება გაიფანტოს, და მაშინ გამოჩნდეს რწმენა და სული წმიდის მადლის შეწევნით ადამიანი მოინანიებს და მისი ცოდვა განიბანება მხსნელი სისხლით. ხოლო რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათვის, ვინც ჩემს საგმობს ამბობს არა დაუნახაობის გამო, ვინც თავისი თვალით ხედავს ჩემს ყოვლისშემძლე და ღვთიურ სასწაულებს, ხედავს ჩემს უფლებას ეშმაკთა განდევნაში, იგი მე მგმობს უკვე არა როგორც ძე კაცისას, არამედ როგორც ღმერთს, გმობს ჩემს ღვთაებრიობას, რომელსაც მე ასე თვალნათლივ ვაჩენ, და ყოველივე ამით ეს მგმობელი ბოროტად შეურაცხყოფს სული წმიდას, ჩემს თანაარსს... ამიტომ არა მიეტეოს მას ეს გმობა, არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას, მას ელის გარდუვალი სასჯელი როგორც აქ, ასევე იქ. არ ეპატიება მას ეს ცოდვა იმიტომ, რომ თვით ადამიანი ხდება ყოვლად უუნარო ყოველი ადამიანის განმაახლებელი და მაცხონებელი სული წმიდის მადლის მისაღებად. როცა კაცი ეწინააღმდეგება ღვთის სულს და ამბობს მის საგმობს, განა ასეთი შეძლებს მისი მაცხოვნებელი მადლი მიიღოს ცოდვილ გულში? ეს გული ხომ სავსე აქვს ღვთის სიძულვილითა და ბოროტებით: დაუშვებს კი იგი, რომ შეეხოს ღვთის სიყვარული? ასეთი ადამიანის სული თვითონ ჰფარავს თავს ღვთის ნათლისათვის და საკუთარი ნებით ირჩევს თავისთვის მწარე ხვედრს, ბოროტების წყვდიადს და სიყალბეს, და ეს უბედური ადამიანი მიდის ისეთ საშინელ მოუნანიებელ მდგომარეობამდე, როგორშიც იმყოფებიან დემონები; იგი თვითონ განდევნის თავისგან სული წმიდის მადლს, და სინანულიც ამის გამო მისთვის უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან იძულებით ღმერთი ვერავის გადაარჩენს.

მე გაფრთხილებთ თქვენ, ეუბნება უფალი ფარისევლებს, თუ გსურთ გაკიცხოთ ჩემი საქმენი, დაე, იყოს ასე; მაგრამ რატომ უშვებთ ბრალდებებში შეუსაბამობასა და საპირისპირო აზრებს? რადგან ხეზე ნაყოფის მიხედვით მსჯელობენ, და არა ნაყოფზე ხის მიხედვით, ორიდან ერთი უნდა აირჩიო: ანუ ჰყავთ ხე იგი კეთილი და ნაყოფიცა მისი კეთილ, მაღიარეთ მე კეთილ ხედ და ჩემი საქმენი - კეთილ ნაყოფად, ანუ ჰყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; დაამტკიცეთ, რომ ჩემი საქმეები ცუდია, და მაშინ გამამტყუნეთ მე, როგორც გენებოთ. რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს, ხეს ცნობენ ნაყოფის მიხედვით, თქვენ კი საწინააღმდეგოდ იქცევით: ვერ გიპოვიათ რა ჩემს საქმეებში რაიმე დასაგმობი, განიკითხავთ და გმობთ ხეს, უშმაკეულს მიწოდებთ მე; არაა განა ეს უგუნურებაზე მეტი? თქვენ, რომელთაც მართლად მიგაჩნიათ თავი, აქ ჩანხართ როგორც ბოროტები და ავი ორგულები. (და რადგან შემდგომში მაცხოვარი ამბობს უკვე არა თავის თავზე, არამედ სულზე; ამიტომ დიდი სიმკაცრით წარმოსთქვამს სამხილს):

ნაშობნო იქედნეთანო! თქვენ თავი მოგაქვთ, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ არა, თქვენ არა ხართ იმ თავმდაბლობით გამორჩეული მამათავრის შთამომავალნი, თქვენ არ შეგიძლიათ გამოიღოთ კეთილი ნაყოფი, რამეთუ ვითარ ხელგეწიფების კეთილისა სიტყუად ჩემზე, რამეთუ თქუენ უკეთუნი ხართ? ამიტომაც მე არ მაკვირვებს, რომ ცუდს ამბობთ ჩემზე, რადგან გარდა იმისა, რომ ბოროტი მოდგმისანი ხართ, ცუდადაც ხართ გაზრდილნი და შეთვისებული გაქვთ უკეთური აზრები. თქვენი გულები სავსეა ყოველგვარი ბოროტებით, და აი ეს ბოროტება გარეთ გამოდის, რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ.

„ხედავ, - შენიშნავს ამაზე წმ. ოქროპირი, - როგორი ძლიერი დარტყმა მიაყენა უფალმა ფარისევლებს? თუ მათი სიტყვები ასე სავსეა ბოროტებით და წარმოსდგება ეშმაკის სულისგან, წარმოიდგინე როგორი იქნება სათავე და წყარო ამ სიტყვებისა? ჩვეულებრივ ისე ხდება ხოლმე, რომ ენა, რომელსაც სირცხვილის გამო აკავებს კაცი, ჯერ კიდევ ყოველგვარ ცუდს არ ანთხევს სიტყვებად; პირიქით, გული, რომელსაც არ ჰყავს თავისი ზრახვების მოწმე, მოუკლებლად ბადებს თავის თავში ყოველგვარ ბოროტს, როგორსაც კი მოისურვებს, რადგან იგი ბევრს არ ფიქრობს ღმერთზე“. კეთილმან კაცმან, - ამბობს მაცხოვარი, რომელიც გულში, როგორც საგანძურში, ინახავს ბევრ სიკეთეს, კეთილისგან საუნჯისა გამოიღის კეთილი; და ბოროტმან კაცმან, რომელსაც გული სავსე აქვს ყოველგვარი ბოროტებით, ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. და კეთილ ადამიანებში უფრო მეტი სათნოებები იმალება შიგნით, ვიდრე გარეთ ვლინდება სიტყვებში; ასევე ბოროტ ადამიანებშიც, უფრო მეტი ბოროტებაა გულში, ვიდრე სიტყვებში. აი რატომაა, რომ ღვთის საშინელ სამსჯავროზე მკაცრად იქნება განსჯილი არა მარტო საქმენი, არამედ სიტყვებიც: სიტყვები მოწმობენ, თუ რითაა გული სავსე, ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუა უქმი, სიტყვა, რომელიც საქმეს არ არის შერწყმული, ყალბი, ცილისწამებით გაჟღენთილი, ყოველგვარი ცარიელი სიტყვა, სიცილის გამომწვევი, ბინძური, უსირცხვილო, ყოვლად უსარგებლო და არასასრუველი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მიჰსცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა. თუ ადამიანის სიტყვები გულწრფელია, მართალია, კეთილკრძალულია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთივეა მისი გული, და ასეთი ადამიანი გამართლდება ღვთის სამსჯავროზე. თუ სიტყვები ყალბია, არაგულწრფელია და ცბიერი, მაშინ იცოდე, რომ მისი გული სავსეა სიცრუითა და არაწმიდებით, და ასეთი ადამიანი დაისჯება ღვთისაგან, რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე, და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო - ეს ჭეშმარიტება ცნობილი იყო ძველ აღთქმაშიც.

თუ ერთი უბრალო უქმი სიტყვისათვის, როგორსაც დღეს მიიჩნევენ უწყინარ ხუმრობად, ხალხი პასუხს აგებს ღვთის წინაშე, მაშინ რას უნდა ველოდოთ სული წმიდის გმობისათვის ღვთისაგან? - ხედავ, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, როგორი უწყინარი სამსჯვროა? როგორი მშვიდია პასუხის მოთხოვნა? სხვისი სიტყვებით კი არა, არამედ შენი საკუთარი სიტყვების მიხედვით გამოიტანს მსაჯული შენს განაჩენს. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სამართლიანი? რადგან შენს უფლებებშია - თქმა თუ არა თქმა“...