|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფლის პასუხი იოანეს მოწაფეებს. ნათლიმცემლის შექება
მათე 11, 2-15
ადამიანურ უსამართლობათა მკაცრი მამხილებელი, სინანულის დიდი მქადაგებელი, უფლის
წინამორბედი იოანე, უკვე ამთავრებდა თავის ქვეყნიურ სარბიელს, ჩაჩუმდა მისი ძლიერი
ხმა იორდანის უდაბნოებში: ანტიპა იროდმა, ამ გემოთმოყვარე კაცმა, რომელსაც
თანამედროვენი მელას
უწოდებდნენ, ვერ აიტანა მისი გაცხადებული მხილებანი იმის გამო, რომ მან წაართვა
ცოლი თავის ღვიძლ ძმას ფილიპეს, და აი დიდი წინასწარმეტყველი, რომელსაც ვერ
იტანდნენ ფარისეველნი, მუხანათურად იქნა მათგან გაცემული და ჩამწყვდეული უსამართლო
მეოთხედმმართველისგან ბნელ დილეგში, მახერას ციხეში, არაბეთის საზღვართან, მკვდარი
ზღვის იქით. ხოლო იოანეს, გვიყვება წმ. მათე, რა ესმნეს საპყრობილესა
შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინა ორნი მოწაფენი თვისნი. და ჰრქუა: „შენ ხარა
მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდეთ“, ის ვიზედაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი:
„დიდებული მოდის და არ დააყოვნებს“, „ანუ სხუასა მოველოდეთ?“ იქნებ შენც წინამორბედი ხარ იმისა, რომელიც
უნდა მოვიდეს? პირდაპირ არ ეკითხება: შენ ხარ ქრისტე, თუ არა, არამედ ეკითხება
შეფარვით, რათა არ მისცეს ქრისტეს მტრებს მიზეზი, რომ ბრალი დასდონ რომაელთა
წინაშე, თუ ქრისტე ამ კითხვას უპასუხებდა პირდაპირ.
რას ნიშნავს ეს, - კითხულობს წმ. ოქროპირი: ის, რომელმაც იცოდა იესო სასწაულების
მოხდენამდე, რომელზეც სული წმიდისგან ჰქონდა უწყებული, რომელსაც მამა ღმერთის
სიტყვა ჰქონდა მასზე მოსმენილი, რომელიც ყველგან მასზე ქადაგებდა მონდომებით, ახლა
აგზავნის მასთან მოწაფეებს, რათა გაიგოს, არის თუ არა ის? მაგრამ თუ შენ თავად არ
იცი, - აგრძელებს მსჯელობას დიდი მღვდელმთავარი, მაშინ როგორ მსჯელობდი უცნობზე?
განა შენ არ თქვი: „...რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად“? (ლკ. 3,16).
განა შენ არ ამბობდი: „და მე არა ვიცოდი იგი; არამედ რომელმან მომავლინა მე
ნათლის-ცემად წყლითა, მან მჰრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და
დადგომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“ (ინ. 1,33).
განა შენ არ იხილე სული წმიდა მტრედის სახით? განა შენ არ გესმა მამის ხმა? განა
შენ არ აყენებდი მას, სიტყვებით: „მე მიხმს შენ მიერ ნათლიღება, და შენ ჩემდა
მოხუალა?“(მთ. 3,14). განა შენ არ ეუბნებოდი მოწაფეებს: „მისი ჯერ-არს აღორძინებად,
ხოლო ჩემდა მოკლებად“ (ინ. 3,30). განა შენ არ ასწავლიდი ხალხს, რომ იგი არის
„ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიხუნეს ცოდუანი სოფლისანი“ (ინ. 1,29). განა შენ არ
ქადაგებდი ყოველივე ამას სასწაულებისა და საკვირველებათა მოხდენამდე? ეხლა კი, როცა
იგი ყველასათვის გახდა ცნობილი, და მკვდრები გაცოცხლდნენ, ეშმაკები განიდევნენ და
მოხდა ამდენი საკვირველი ამბები, შენ მასთან აგზავნი, რომ მის შესახებ შეიტყო?
რას ნიშნავს ეს? ნუთუ აქამდე იოანესგან წარმოთქმული სიტყვები სიცრუე,
სიყალბე და მონაჭორი იყო? მაგრამ ვინ იტყოდა ამას, თუკი საღი აზროვნება ექნებოდა?
არაფერს ვამბობ თავად იოანეზე, რომელიც კრთებოდა დედის მუცელში, ქვეყნის
დაბადებამდეც კი ქადაგებდა და ადიდებდა ქრისტეს, იყო უდაბნოს მოქალაქე, და იძლეოდა
ანგელოზებრივი ცხოვრების მაგალითს. პირიქით, იგი რომ ყოფილიყო, როგორც ერთი
ჩვეულებრივი კაცთაგანი, ყველაზე უსუსური, არ შეიძლებოდა რომ მას ამდენი
დამოწმებების შემდგომ, რაც ეძლეოდა მასაც და სხვებსაც, გასჩენოდა მერყეობა და ეჭვი.
აქედან ჩანს, რომ იოანემ გააგზავნა არა ეჭვისა და უცოდინარობის გამო. მაშ რისთვის
მიავლინა იოანემ მოწაფენი ქრისტესთან შესაკითხად?
ძველი მამები და ეკლესიის მასწავლებლები ამას შემდაგნაირად ხსნიან: როგორც არ
უნდა მოშორებით ყოფილიყო იგი, როგორც არ უნდა მკაცრად ყოფილიყო იოანე დამწყვდეული,
მისი უერთგულესი მოწაფენი აქაც მოდიოდნენ მასთან, ყოველივეს აუწყებდნენ, რაც
ხდებოდა ხალხში, და რაც საყურადღებო იქნებოდა მისთვის. იმ დროს კი, მთელი იუდეა და
გალილია, სამარია და ქვეყნის სხვა დანარჩენი მხარეები, მოეცვა მხსნელის შესახებ
მოთხრობებს, მის საკვირველ სწავლებას, მის უფლებაზე ხალხის გულებზე და მთელ
ბუნებაზე, და მის საკვირველ სიყვარულსა და შეწყალებაზე, ცოდვილი ხალხის მიმართ რომ
ჰქონდა. შეიძლებოდა, რომ ყოველივე ამის შესახებ არ მოესმინა იმას, რომელმაც
პირველმა მიუთითა იესოზე, როგორც აღთქმულ მესიაზე, ვინც არ თვლიდა ღირსად თავს, რომ
ყოფილიყო მისი უკანასკნელი მსახური, ვინც პირდაპირ ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: „იგი
სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი ჰსდგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის
ხმითა სიძისათა... მისი ჯერ არს აღორძინებად ხოლო ჩემდა მოკლებულად“ (ინ. 3,29-30).
ტყვეობასა შინა მყოფი ქრისტეს წინამორბედისა და წინასწარმეტყველის მთელი ფიქრები
მიმართული იყო ქრისტესაკენ, რომელსაც იგი აღიარებდა ღვთის ძედ, და ვიზეც იგი
ამბობდა: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო, ხოლო რომელი ურჩ იყოს
ძისა, არა იხილოს ცხოვრება, არამედ რისხუა ღმრთისა დადგომილ-არს მის ზედა“ (ინ.
3,36). და ის, რომელსაც ქრისტემ დედათაგან შობილთა შორის უწოდა დიდი, უდავოა,
კეთილკრძალულებით ისმენდა მოწაფეთაგან მონათხრობს ქრისტეს სახელოვან საქმეებზე და
ხარობდა, სულით და გულით სურდა, რომ მისი მოწაფენი გამხდარიყვნენ ქრისტეს
მიმდევარნი. მაგრამ ყველა მოწაფე როდი იყო მზად მინდობითა და უბრალო გულით მიეღო
თავისი დიდებული მასწავლებლის სიტყვები და გამხდარიყო მისი მიმდევარი. მათ შორის
იყვნენ ისეთებიც, რომელნიც თვალდახუჭულნი, მასზე დიდად იყვნენ მიჯაჭვულნი
ღებულობდნენ უფლის სიტყვებს, მისი უკიდურესი თავმდაბლობის გამოსახატად და არაფრით
სურდათ დაეშვათ ფიქრიც კი, რომ მათი მასწავლებელი ნაკლები იყო იესოზე, რომელზედაც
იოანე ამოწმებდა. იესო ქრისტეს სიტყვები უსიამოვნოდ მოქმედებდა თავიანთი
მასწავლებლის დიდების მოსურნე იოანეს მოწაფეთა გულებზე, მით უფრო ეხლა, როცა
მათთვის ასე საყვარელი მოძღვარი გამომწყვდეული ჰყავდათ, იესო კი უამრავ
საკვირვებლებს ახდენდა, რითაც იოანეს დიდებას ჩრდილავდა...
„იოანეს მიწაფენი, - ამბობს წმ. ოქროპირი, რასაც სხვაც ადვილად ამჩნევს, მთლად
კეთილად არ იყვნენ განწყობილნი იესოს მიმართ, და რაღაცნაირად შურდათ მისი, რაც ჩანს
მათივე სიტყვებიდან თავიანთი მასწავლებლის მიმართ: „რომელი იგი იყო შენ თანა
წიაღ-იორდანესა, რომლისათვის შენ ჰწამე, აჰა იგი ნათელ-ჰსცემს და ყოველნი მივლენან
მისა“ (ინ. 3,26). სხვა დროსაც, იესო ქრისტესთან მისული იოანეს მოწაფენი ამბობდნენ:
„რასათვის ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა
იმარხუენ?“ (მთ. 9,14). - მაგრამ, როცა უფალმა აღადგინა ნაინელი ქვრივის ვაჟი, როცა
ყველა ამ სასწაულით შეძრული ალაპარაკდა კეთილკრძალულებით, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა
დაიმკვიდრა თავის ხალხში, იოანეს მოწაფეთაგან ზოგიერთები უნებურად ჩაფიქრდნენ: ხომ
არ არის სინამდვილეში ქრისტე - ეს სასწაულმოქმედი იესო?.. მაგრამ უზომო სიყვარული
თავიანთი მასწავლებლისადმი, ახშობდა მათში გაჩენილ რწმენას. წინასწარმეტყველი იოანე
ხედავდა მათ სულიერ მდგომარეობას, წინასწარ გრძნობდა თავისი დასასრულის
მოახლოებასაც. მას შიში გაუჩნდა, რომ მის მოწაფეებს, მასთან ბრმა მიჯაჭვულობის
გამო, შესაძლოა არ ერწმუნათ იესო ქრისტე, ამიტომაც როცა მოწაფეებმა მოუთხრეს
ნაინელი ბავშვის მკვდრეთით აღდგენის შესახებ, წინამორბედმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ
შემთხვევით, რათა მათში განემტკიცებინა თავისი შეუცვლელი სწავლება ქრისტე
მაცხოვარზე, ოღონდ მარტო სიტყვით კი არა, არამედ ქრისტეს მიერ მოხდენილი
საკვირველების იმათგან პირადი დამოწმებით.
„მას რომ, - ამბობს წმ. ოქროპირი, უბრალოდ რომ ეთქვა: მიდით მასთან, იგი ჩემზე
უკეთესია, ამით ვერ დაარწმუნებდა ხალხს, რომელიც მასზე იყო მიჯაჭვული; პირიქით,
ისინი იფიქრებდნენ, რომ ამას იგი ამბობდა დიდი თავმდაბლობის გამო, ამიტომ მას უფრო
მეტად მიეკვრებოდნენ. რომ დადუმებულიყო, ამითაც არაფერი გამოვიდოდა. რას აკეთებს
იგი? დაელოდა იმ დროს, როცა მოწაფენი თავად აღნიშნავენ, რომ ქრისტე ახდენს
სასწაულებს; მაშინ არავითარი რჩევა არ მისცა, არამედ გააგზავნა ქრისტესთან ყველა კი
არა, არამედ მხოლოდ ორნი, რომლებზეც ალბათ იცოდა, რომ შეძლებდნენ დაერწმუნებინათ
დანარჩენებიც, რათა საქმე არ ყოფილიყო გაურკვეველი, რათა მათ მომხდარი საქმეებით
ეხილათ თუ რა განსხვავება იყო მასა და ქრისტეს შორის“. - „იოანე, საპყრობილეში
ჩაგდებული, - ამბობს ნეტარი იერონიმე, თავის მოწაფეებს აგზავნის ქრისტესთან იმიტომ,
რომ ვითომ თავისი გაურკვევლობის გადაწყვეტით, საბოლოოდ აღმოფხვრავს მათი
ურწმუნოება“. წინამორბედმა მიავლინა მოწაფენი ღვთაებრივ მკურნალთან, რათა მისგან
მიეღოთ თავიანთი სულიერი სიბრმავისაგან განკურნება. მან, როგორღაც თავის თავზე აიღო
მათი დაეჭვება, და მათი ურწმუნოებაც მიაკუთვნა საკუთარ თავს. „ამრიგად, - ამბობს
წმ. ილარი, თვით იოანეს კი არ სურდა გაბრწყინვება, არამედ თავის მოწაფეების
ურწმუნოების განკურნება სურდა. როგორც მამა, გრძნობს რა თავისი აღსასრულის
მოახლოებას, ცდილობს თავისი შვილებისათვის მზრუნველის გამონახვას, ასევე იოანე
ნათლისმცემელს სურდა თავისი მოწაფეები მაცხოვართან დაეახლოებინა. სიკვდილამდე, მისი
ყველაზე დიდი სურვილი იყო, თავის მოწაფეებში დაენახა იესო ქრისტესადმი მტკიცე და
ანთებული რწმენა. იოანემ მოწაფენი გააგზავნა ქრისტესთან, როგორც მასწავლებელმა,
რომელსაც სხვისი ბავშვები დროებით ჰყავდა მიბარებული, რათა დაემოძღვრა, შემდეგ კი
ისევ იმისათვის დაებრუნებინა, ვინც იყო მათი ნამდვილი მამა“. მას სწამდა, რომ უფალი
იესო თავისი ღვთაებრივი სიბრძნით გამოასწორებდა მათ არასწორ წარმოდგენებს; ამიტომ,
იზიარებდა რა მოწაფეების სისუსტეთ, თავისი პირადი გაცბუნების საფარველით, გააგზავნა
ისინი უფალთან შესაკითხად. აი უსრულესი მაგალითი ღვთის სიტყვის მსმენელთა, რომლებიც
არა მარტო არ ეძიებენ თავიანთ დიდებას, არამედ ეშინიათ მისი და ყველაზე მეტად
იმისათვის ირჯებიან, რომ მთელი მათი მსახურება მხოლოდ ერთ ღმერთს მიეძღვნას.
ამრიგად, წინამორბედის მოწაფეთა სიტყვები, წმიდა მამათა განმარტებით, უნდა
გავიგოთ შემდეგნაირად: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან და გვითხრა: მე
ვიცი, რომ შენ ხარ მესია, რაც მე დავამტკიცე შენზე დამოკიდებულებით, მაგრამ ეს
ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის. რატომ აყოვნებ მათ შეგონებას და ასეთად თავის
გამოჩენას? ვინ ხარ შენ? მოგვეცი შენ თავზე ნათელი დამოწმება, ყველასათვის რომ
ცხადი შეიქმნება; გვაჩვენე შენი საქმეებით, რომ შენ ქრისტე ხარ, რომ საჭირო აღარაა
სხვისი მოლოდება“. გულთამხილავმა იცოდა რა მიზნით იყვნენ მოწაფენი მასთან
გაგზავნილნი; სიტყვების ნაცვლად მან ინება მათთვის საქმეებით ეპასუხა. წმიდა
მახარებელი ლუკა ამბობს, რომ იმ დროს, იოანეს მოწაფეთა თანდასწრებით, უფალმა ბევრი
განკურნა სნეულებათაგან, გაათავისუფლა ბოროტი ძალებისგან და ბევრს დაუბრუნა
მხედველობა. მისი სასწაულები იყო როგორც სიმართლის მზის სხივები, რომელთაც ჰფარავდა
სხეულის საფარველი. ისინი იყო ნიშანი უძლეველობისა, ღვთაებრიობისა და ქრისტეს
სიწმინდისა. და აჩვენებდა, რომ იგი არის ჭეშმარიტი მესია. სასწაულებს ძველად
ახდენდნენ წინასწარმეტყველნიც, მაგრამ არა თავიანთი ძალით არამედ ღვთიურით,
რომელსაც გამოითხოვდნენ ღვთისაგან გულანთებული ლოცვით. უფალი იესო კი ყოველთვის
ახდენდა თავისი ღვთაებრივი დიდებულებითა და უფლებით.
ხოლო იესო, სასწაულის მოხდენისას, მიუგო და ჰრქუა მათ. მივედით და უთხარით
იოანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ. გაიხსენეთ ძველი წინასწარმეტყველება ისაიასი:
„აჰა ღმერთი თქვენი, ... ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს
და ყრუებს სასმელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა
იგალობებს, ... სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა
გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის
თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად“ (ეს. 35, 3-5; 61,1).
„თავად ხედავთ, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩემზე აღსრულდა: ბრმანი აღიხილვენ,
მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განჰსწმდებიან. და ყრუთა ესმის, მკუდარნი
აღჰსდგებიან და გლახაკთა ეხარების, გულით მდაბალი ჩემი მოციქულები, ეს დამაშვრალნი,
დამძიმებულნი და ცხონების სიტყვას მოწყურებულნი, ხარობენ სულით, ეუწყათ რა ცხონების
შესახებ, და ამას სხვებსაც აუწყებენ სიხარულით. აუწყეთ ამის შესახებ იოანეს, და იგი
უფრო მეტ დამოწმებას მოგცემთ ჩემზე.
გრძნობდა რა მათ გულებში დაეჭვებასა და მერყეობას, თავისკენ მიიზიდა ისინი
სიყვარულის სიტყვით, და ამიტომ დასძინა: „და ნეტარ არს, რომელი იოანეს მსგავსად,
არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ, ვისი რწმენაც ჩემზე, ისევე ურყევია, როგორც რწმენა
ჩემი ნათლისმცემლისა. ნეტარია ის, რომელსაც ჩემს მიმართ რწმენა შერჩება ბოლომდე,
მიუხედავად ჩემი დამდაბლებისა და ჯვარზე სიკვდილისა, რომელიც მელის მე!“ - უფალმა,
მის ჩვეულებისამებრ ამჯერად არ მიმართა საღვთო წერილიდან დამოწმებას: როგორც
სწერია, - რადგან იცოდა, რომ მისი მეგობარი იოანე, ამის გარეშედაც გაიგებდა პასუხს,
რადგან ისაია იყო საყვარელი წინასწარმეტყველი იოანესი: „მას რომ ეთქვა, - ამბობს
წმ. ოქროპირი: მე ნამდვილად ვარ ქრისტე, - ამას მათში იუდეველების მსგავსი აზრი
გაეჩინა, რომლებიც თავის დროს მას ეუბნებოდნენ: „ შენ თავისა შენისათვის
ჰსწამებ“(ინ. 8,13). ამიტომ იგი თავად მათ სთავაზობს, სასწაულებით დასკვნა
გააკეთონ, რითაც სურს თავის სწავლება მათთვის გახადოს დაუეჭვებელი და მისაღები.
ამასთან ერთად ფარულად იმათაც ამხელდა: ისინი დაბრკოლებულნი იყვნენ მასზე, და აი
მან, გამოამჟღავნა რა მათი სატკივარი, რაც მხოლოდ მათი სინდისისათვის გახდა
საცნაური, და იმათ გარდა არავინ გახადა მოწმე ამისი, რომელნიც მარტო თავად
დარწმუნდნენ ამაში“. მაცხოვრის არაჩვეულებრივი, საკვირველი მოქმედებით გაოგნებულნი,
მხილებულნი და შემდგომ უმძიმესი დაეჭვებისაგან განკურნებულნი, იოანეს მოწაფენი
დაბრუნდნენ თავიანთ საყვარელ მასწავლებელთან იესო ქრისტეზე სრული რწმენით, და
წინამორბედის აღსრულების შემდგომ, ქრისტეს მიმდევრებს შეუერთდნენ ისინიც.
რადგან ხალხისთვის უცნობი იყო ქრისტესთან იოანეს მოწაფეების მისვლის მიზეზი, მათ
კითხვას შეეძლო დაებადა სხვა უამრავი გაუაზრებელი დაეჭვებანი. „ბევრს, - ამბობს წმ.
ოქროპირი, შეეძლო ერთმანეთში ემსჯელა ამაზე და ეთქვა შემდეგი: იმან, რომელიც ასეთი
ძალით ამოწმებდა ქრისტეზე, ახლა შეიცვალა თავისი აზრი და ეჭვობს: არის კი ეს
მომავალი ღმერთი? იქნებ საპყრობილემ იგი უფრო ფრთხილი გახადა? ნუთუ აქამდე
უსარგებლოდ ქადაგებდა ქრისტეზე?“ უფალი შეეცადა მალე აღმოეფხვრა ეს ეჭვი და
გაემხნევებინა ხალხი: „და ვითარცა ესენი წარვიდეს, როცა იოანეს მოწაფენი განერიდენ,
იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოანესთვის. „რატომ არ ილაპარაკა მან იოანეს მოწაფეთა
თანდასწრებით? - რათა არ ეფიქრათ, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ იგი ეპირფერებოდა
იოანეს“. იოანეს მოწაფენი ქების გარეშეც იყვნენ თავიანთი მასწავლებელის ერთგულნი.
„ცდილობდა რა ხალხში დაეჭვებულთა გამოსწორებას, იგი კი არ ამხელდა მათ ეჭვებს,
არამედ მხოლოდ უხსნიდა მათ შემაძრწუნებელ აზრებს, რითაც აჩვენებდა, რომ მან იცოდა
ყველას დაფარული ზრახვანი; იგი არ ეუბნება მათ, რომ მან იცის მათი ფარული ფიქრები,
არამედ ეუბნება მათ ისე, როგორც თავის დროს უთხრა იუდეველებს: „ რას თქუენ ბოროტსა
ზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ (მთ. 9,4), იმიტომ, რომ თუკი ისინი ასე ფიქრობდნენ,
ეს ბოროტების გამო კი არ მოსდიოდათ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ესმოდათ
ნათქვამი. ამიტომაა, რომ მაცხოვარი კი არ შეაჩვენებს მათ, არამედ მხოლოდ ცდილობს
გამართოს მათი აზრები, და იცავს იოანეს, რითაც აჩვენებს, რომ მას არ შეუცვლია
უწინდელი აზრი. რადგან იგი არ არის კაცი მსუბუქად მოაზროვნე და მერყევი, არამედ
მტკიცე და მდგრადი, და არ შეუძლია აღარ ერწმუნოს იმას რაც სწამს გულით“...
უფალი ეყრდნობა იოანეს შესახებ იმათსავე დამოწმებაზე: რასა გამოჰხუედით უდაბნოდ
ხილვად? „რისთვის დატოვეთ თქვენი ქალაქები, სოფლები და სახლები, და ჯგუფ-ჯგუფად
გაემართენით იუდეას უდაბნოებში? ნუთუ იმიტომ, რომ გეხილათ ღარიბი და მერყევი
ადამიანი? არა, ასე უამრავი ხალხი, ამდენი ქალაქებიდან, ასეთი დიდი მონდომებით არ
გაეშურებოდა იორდანის უდაბნოში, დარწმუნებულნი რომ არ ყოფილიყვნენ იმაში, რომ
იხილავდნენ ისეთ დიდებულ, საკვირველ და ქვასავით მტკიცე კაცს!“ იქ, იორდანის
ნაპირებზე, მრავლად ხარობს ლერწამი, წვრილი, დრეკადი, პატარა ქარისაგანაც რომ
ირყევა: აი ამ ლერწამს ემსგავსება მსუბუქად მოაზროვნე და მერყევი ხალხი, რომელიც
დღეს ერთს ამბობს ხვალ მეორეს, და არაფერზე იხევს უკან. ნუთუ ასეთი ლერწმისა,
ქარისაგან შერყეულისა სანახავად დადიოდით? ნუთუ უდაბნოში გამოზრდილი,
და სიძნელეთა დათმენაში სულით გამოწრთობილი, შეიძლება ყოფილიყო მსუბუქად მოაზროვნე?
ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთ ლერწამს ემსგავსება იოანე, რომ შეუძლია შეიცვალოს
თავისი ფიქრები მასზე, ვისაც ადრე ადიდებდა ქებით, უწოდებდა ღვთის ტარიგს,
ქვეყნიერების ცოდვების აღმხოცველს, ეხლა კი კითხულობს თავისთვის: „შენ ხარ მომავალი
იგი, ანუ სხუას მოველოდეთ“. რა თქმა უნდა, არა! მაგრამ თუ ეს ასე არაა, თუ იოანე არ
არის ლერწმის მსგავსი, მაშინ რასა გამოჰხუედით ხილუად? კაცისა, ჩჩვილთა სამოსლითა
შემოსილისა? თქვენი მონდომებით, თქვენ დაამტკიცეთ, რომ იოანე ბუნებით არ არის
არამდგრადი; მაგრამ იმის თქმაც არავის შეუძლია, რომ იგი შემდგომ გახდა სუსტი, როცა
განცხრომას მისცა თავი. ატარებდა რა აქლემის ტყავის უხეშ სამოსელს, მას არ შეუცვლია
იგი მსუბუქ, რბილ და თხელ სამოსელზე; იკვებებოდა რა კალიებითა და ველური თაფლით,
იგი დღესაც არ ეძიებს ნუგბარ საკვებს: უდაბნოს გამოქვაბულში ცხოვრებას მიჩვეული,
იგი არ ელტვის დიდებულ სასახლეს. არა, იოანე არ არის ფუფუნების და განცხრომის
მონა! აჰა ესერა რომელნი ჩჩვილთა სამოსელთა შემოსილ არიან, რომლებიც მდიდრულად და
ფუფუნებით იმოსებიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან! დიდმა განდგომილმა კი თავისი
ცხოვრება მხიარულ სამეფო სასახლეებში კი არ გაატარა, არამედ ველურ და მკაცრ
უდაბნოებში; თხელ და რბილ ქსოვილს კი არ ატარებდა, არამედ აქლემის უხეშ ტყავს;
ნუგბარ საჭმელს კი არ არჩევდა თავისთვის, არამედ კალიასა და უდაბნოს ველურ თაფლს.
ადამიანი ასეთი ძლიერი ნებისყოფითა და გამოწრთობილი ბუნებით, ციხეში ჩაგდებული არ
დაიწყებდა ჩივილსა და დრტვინვას და არ შეიცვლიდა თავის რწმენას; ასეთსას ციხე კი
არა, თვით სიკვდილის საფრთხეც კი ვერ გასტეხავს. მას რომ სურვილი ჰქონებოდა
ძვირფასი სამოსელის ტარებისა, მაშინ უდაბნოში და გომქვაბულში კი არ იცხოვრებდა,
არამედ დიდებულ სასახლეში. მას ერთი დუმილით შეეძლო უმაღლესი პატივისა და
დაფასებისათვის მიეღწია, რადგან თუ იროდი მას მაშინაც კი ასე პატივსა სცემდა, როცა
იოანე ამხელდა, და საპყრობილეში იმყოფებოდა, რა თქმა უნდა იგი არ ინებებდა მის
დასჯას, თუ კი იოანე გაჩუმდებოდა. განა შეიძლება ჰქონდეთ ასეთი ეჭვები იმაზე, ვინც
საქმით დაამტკიცა თავისი სიმტკიცე და შურყევლობა? რა თქმა უნდა, არა.
თუ ასე არ არის, მაშინ რასა გამოხუედით ხილუად? წინასწარ-მეტყუელისა? როგორიც
იყო ილია თეზბიტელი, რომელიც ცხოვრობდა პირქუში კამილას მკაცრ გამოქვაბულში და
იქიდან, როგორც ღრუბელი, გადმოიფრენდა ხოლმე დრო და დრო, რათა წამხდარი ხალხისათვის
თავს რისხვა დაეტეხა, დაემხო და დაედგინა მეფენი, კერპების მემსხვერპლენი დაეცა?
მართლაც, თავისი მკაცრი განმხოლოებით, თავისი შეუწევნელი და გრგვინვისებრი
მხილებებით, თავისი ცეცხლოვანი სიტყვით, თავისი უშიშარობით ამ ქვეყნის დიდებულთა
წინაშე, და საერთოდ მთელი თავისი პიროვნებით, იოანე ყველაზე მეტად აგონებდა ხალხს
ძლევამოსილ ილიას. ჰე, გეტყვით თქუენ: თქვენ არ შესცდით თქვენ მიდიოდით
წინასწარმეტყველის სანახავად და მოსასმენად, და უმეტეს წინასწარ-მეტყუელისა, იგი
უფრო მეტია, ვიდრე წინასწარმეტყველი ძველი აღთქმისა, რადგან იგი სხვა
წინასწარმეტყველებთან შედარებით ჩემთან ყველაზე ახლოსაა, იგი - ჩემი წინამორბედია.
წინასწარმეტყველებს მიცემული ჰქონდათ მხოლოდ ჩემი მოსვლის წინასწარი ჭვრეტა, ამან
კი მე - ხორცშესხმული მომნათლა; მას, წინასწარმეტყველთა შორის პირველს ხვდა პატივი
ექადაგა, რომ სასუფეველი ღვთისა უკვე დადგა. ბევრ წინასწარმეტყველსა და მართალს
სურდა იმის დანახვა, რაც იოანემ იხილა, იმათ კი ვერ იხილეს და ვერც ის მოისმინეს,
რაც მან მოისმინა. მან ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფმა, მიცნო მე; მან თითით
მიუთითა ჩემზე, როგორც ღვთის ტარიგზე, რომელსაც უნდა ეტვირთა ცოდვები ქვეყნისა.
წინასწარმეტყველნი აუწყებდნენ ღვთის საქმეებს, მაგრამ არც ერთ წინასწარმეტყველზე არ
ყოფილა წიანსწარმეტყველება, იოანეზე კი წინასწარმეტყველთ ჰქონდათთ უწყებული: რამეთუ
ესე არს, რომლისა თვის წერილ-არს: ვიზეც მალაქია წინასწარმეტყველს აქვს: აჰა ესერა,
წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი
გაასწოროს ისინი წინაშე პირსა შენსა. იოანე იყო მაუწყებელი ანგელოზი ცხოვრებითაც და
თავისი მოღვაწეობითაც. როგორც მეფეთა მოგზაურობისას, ისინი რომლებიც სხვებს
აღემატებიან, სამეფო ელთან უფრო ახლოს იმყოფებიან, ასევე იოანეც მოივლინა ჩემი
მოსვლის წინ, ამიტომ გეტყვი თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათა, ანუ
ადამიანთაგან, უფროს უმეტესი და უსრულესი იოანე ნათლისმცემელისა; არც ერთ ქალს არ
უშვია ისეთი ადამიანი, მასზე მეტი რომ იყოს.
ასე საზეიმოდ, უფალმა რაღაც განსაკუთრებული, ფიცის მსგავსი დამოწმებით წარმოთქვა
უდიდესი ქება თავისი ნათლისმცემლისა. ბრძენი ზირაქი იძლევა ასეთ წესს: სიკვდილამდე
ნურავის უწოდებ ნეტარს; მაგრამ განსხეულებული ღვთაებრივი სიბრძნე - ძე ღვთისა
უშვებს გამონაკლისს ამ წესისა, თავისი მეგობრისა და წინამორბედისათვის. როცა ქება
ისმის ადამიანთაგან, ჩვენს სულებში რჩება რაღაც კვალი დაეჭვებისა და არცოდნისა: ხომ
არ არის გაზვიადებული ეს ქება საამებლად და მოსაფერებლად, ანდა ხომ არაა იგი
შემცირებული ცუდი დამოკიდებულებისა გამო? მაგრამ როცა თვით უფალი ადიდებს ადამიანს,
მაშინ მთელი სიდიადით იდიდება ჭეშმარიტება, რადგან მისი მსგავსი სხვა მსაჯული
სიმართლისა არ მოიძებნება. და თუ შექების სიდიდე ფასდება იმისი ღირსებით, ვინც მას
წარმოსთქვამს, მაშინ როგორი იქნებოდა უფლის წინამორბედის სიტყვა, რომელიც თვით
უფალი იესო ქრისტეს ბაგენით წარმოითქვა, სრული და დიდებული ქება. აი რატომაა, რომ
ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, თავის ლოცვებსა და საგალობლებში უფლის
წინამორბედსა და ნათლისმცემელ იოანეს, სადიდებლად აყენებს ღვთის უპირატეს
წმიდანებში ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა და უსხეულო ძალების შემდეგ. მოციქულები ვერ
შეედრებიან თავიანთი დიდებით უფლის წინამორბედს, რადგან ისინი აღორძინდნენ იმ დროს,
როცა ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ გამოთქვა შემდეგი: „არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი
დედათა უფროს იოანე ნათლისმცემელისა“.
იგივე სიტყვებით მაცხოვარმა გამოარჩია საკუთარი თავი იოანესგან და გვაჩვენა, რომ
არ შეიძლება მისი შედარება იოანესთან, რადგანაც მართალია იგი სხეულით იშვა, მაგრამ
არა ქალისაგან, არამედ ქალწულისაგან, არაჩვეულებრივი და საკვირველი შობით. და,
წინამორბედის დიდებულ ქებას, რომ არ გაეჩინა შეუფერებელი აზრი იოანეზე, ნახე, უფალი
როგორ არიდებს ამ ბოროტებას, რათა იუდეველებს იოანე ქრისტედ არ მიეჩნიათ. იმ დროს,
მსმენელთა შორის შეიძლება ისეთებიც ყოფილიყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ იგი თავად
მორჩილად ითხოვდა იოანესაგან ნათლობას. ამიტომ, ამის გასარკვევად მან წარმოთქვა:
ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა - უმცირესი ასაკითა და სხვათა წარმოდგენით,
რომელმაც სიმდაბლით მიიღო სახე მონისა, ის, ვიზეც ამბობდნენ, რომ იყო მჭამელი და
მსმელი, უბრალო ხუროს შვილი, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარი, სწორედ ის, ზეციურ
სასუფეველში უფროს მისსა არს, იოანეზე მეტია, რადგან იგია მეუფე ამ სულიერი
სამეფოსი.
მაგრამ, ამბობს რა თავის თავზე, მაცხოვარი სამართლიანად ფარავს თავის სახეს,
რათა არ ეფიქრათ, რომ იგი ზედმეტად იმაღლებდა თავს. ქრისტე თავს უწოდებს დიდს
იოანესთან შედარებით კი არა, ისე როგორც იოანე, როცა ამბობდა, რომ ქრისტე - ჩემზე
უძლიერესიაო, რაც მართლა შედარებით არ უთქვამს. თვით მაცხოვარი, როცა ამბობს: „უფროს სოლომონისსა არს აქა“ (მთ. 12, 42), რა თქმა უნდა, იგი არ ადარებს სოლომონს
თავის თავს. ძველ აღთქმაშიც შეუდარებელზეც ხშირად შედარებით ითქმოდა, მაგალითად:
„არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო„ ან „ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი
ჩუენი“ (ფს. 85,8; 76,13).
ასე, რომ ქრისტე მოვიდა, ღვთის სასუფეველი უკვე გაიხსნა, იოანე წინამორბედი,
რომელმაც მისი მოსვლა გვაუწყა, უკვე კუთვნილებაა არა ძველი, არამედ ახალი აღთქმისა:
რამეთუ დღითგან იოანე ნათლის-მცემელისათ, იმ დროიდან, რაც მან მიუთითა ყველას
მომავალ ქრისტეზე, ვიდრე აქამომდე, და ეხლაც სასუფეველი ცათა, როგორც ადრე, მარტო
ლოდინით კი არ მიიღება, არამედ იძულების, ძალით მოიპოვება, ისეთი მონდომებით
მიიღება, როგორც ხდება ქალაქების იერიშით აღება, რადგან იგი უკვე დამდგარია. და
ყველა, რომელნი აიძულებენ თავიანთ თავს ამისათვის, მათ მიიტაცონ იგი. მას
მიიტაცებენ მონანული ცოდვილნი, რომელნიც გულისტკივილით შორდებიან მათთვის ცრუ
მოლოდინს მესიისა - დამპყრობელსა და გრძნობის მიერ ნეტარებას მის სამეფოში, და
მთელი თავით ეძლევიან სინანულსა და თავიანთი ზნეობრივი ცხოვრების გარდაქმნას.
რამეთუ ყოველნი წინასწარმეტყუელნი და მოსეს ჰსჯული, საიდანაც იწყებიან
წინასწარმეტყველები, და რომელმაც იწინასწარმეტყველა ჩემზე მსხვერპლშეწირვით, როგორც
პირველსახით, ვიდრე იოანესამდე: მანამდე იყო მთელი რიგი წინასწარმეტყველთა, მათ
ამოწურეს ყველა წინასწარმეტყველება და ეხლა დადგა დრო მათი შესრულებისა ღვთის
სასუფეველში.... არ შეწყდებოდა წინასწარმეტყველთა გამოჩენა, თუ არ მოვიდოდი მე.
ასე, რომ ნუღარ მოელით სხვა მესიას, მე ვარ დიდებით მომავალი; აი შეხედეთ, როგორი
შემართებით მოისწრაფის ხალხი ჩემსკენ, რათა მხოლოდ მოისმინოს ქადაგება ცათა
სასუფეველზე, რომ შემდგომ იმით მოიხიბლოს. ასე იქნება უკუნისამდე, ყოველთვის საჭირო
იქნება სინანულის, როგორც გმირობის მოპოვება და ყოველგვარი ძალისხმევა საკუთარ
ბუნებაზე, რათა დაიმკვიდროთ ჩემი სანატრელი სამეფო. ვიცი, რომ ჩემი სიტყვა
დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ ყურადღებით მიადევნებთ მოვლენებს თვალს,
და უკეთუ გნებავს შეწყნარების, - თუ საღად, მიუკერძოებლად განსჯით, თავადვე
დაინახავთ, რომ იოანე - იგი არის ილია, რომელი მოვალს, თუმცა სინამდვილეში იგი არ
არის აღმდგარი ძველი წინასწარმეტყველი ილია, რომლიც უნდა მოივლინოს ჩემი დიდებული
მეორედ მოსვლის ჟამს, საშინელ სამსჯავროზე, იოანე მოვიდა ილიას სულითა და ძალით, და
დაე თქვენს შორის მან, რომელსაც შესწევს ძალა, გაიგოს ის, რაც ყველასათვის
გაუგებარია, ჩაწვდეს ზოგიერთ მოვლენათა საიდუმლო აზრს და ზოგიერთ წმიდა სახეთა
საიდუმლო მნიშვნელობას; დაე, ჩაფიქრდეს იგი, გაიხსენოს და გაიგოს, რომ თუ იოანე,
როგორც ჩემი წინამორბედი ამოწმებს, რომ მე ვარ ქრისტე, და მაღიარებს მე, როგორც
ღვთის ძედ და ქვეყნიერების მხსნელად, მაშინ უნდა ვიწამოთ, რომ მე ნამდვილად ვარ
ქრისტე: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! ვისაც სინდისი მთლად არა აქვს
დახშული, ყური მიუგდოს, რას აუწყებს იგი!
ასეთი მოწოდებით, იუდეველი მასწავლებლებისათვის მახასიათებელი გამოთქმით, უფალმა
დაასრულა თავისი წინამორბედის საქებარი. წმიდა მახარებელი ლუკა, გადმოგვცემს რა
უფლის სიტყვას, შენიშნავს, რომ მთელი ხალხი, ვინც კი მოისმინა სიტყვა, მათ შორის
მეზვერენიც, რომელნიც იოანესგან იყვნენ მონათლულნი, ადიდებდნენ ღმერთს.
ფარისევლებმა და სჯულის მეცნიერებმა კი უარყვეს ღვთის ნება და მისგან არ
მოინათლნენ. ე. ი. ხალხმა და მეზვერეებმა გაიგეს უფლის სიტყვა იოანეზე და
მადლობდნენ ღმერთს, რომ არ შესცდნენ მასზე წარმოდგენაში, და მისგან სინანულის
ნათლობის ღირსნი შეიქმენ. უფალს ჩვენც ვმადლობდეთ, რომ უღირსთ, მართლმადიდებელი
ეკლესიის წმიდა და მადლიანი საიდუმლოებებით სულიერი განახლებისა და განწმედის
ღირსსა გვხდის, მაშინ როცა, თანამედროვე ფარისეველნი და მწიგნობრები, სხვადასხვა
ცრუ მასწავლებლები, უარყოფენ ამ საიდუმლოებებს და ამტკიცებენ, რომ თითქოს ისინი არ
იყოს საჭირო ცხონებისათვის. თუ იმ დროს, ღვთის სასუფეველში შესასვლელად საჭირო იყო
მხოლოდ იოანეს ნათლობა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული მადლიანი ძალა
ადამიანის გარდასაქმნელად, არამედ მხოლოდ განაწყობდა მოსანათლს სინანულისათვის,
რამდენი უნდა
ჰქონდეს სიამაყე კაცს, უარყოს თვით უფლისაგან დადგენილი და მისი ერთგული
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული წმიდა საიდმლოებები?..
| |