|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უფლის მწუხარე სიტყვა ურწმუნო იუდეველებზე
მათე 11, 16-19
უბრალო ხალხი, რომელსაც ფარისევლები უწოდებდნენ უმეცართ სჯულში, და მეზვერენი,
რომლებიც მათ სძულდათ წარმართებივით, ადიდებდნენ ღმერთს იმისათვის, რომ მან
მოავლინა დიდი წინასწარმეტყველი იოანე, რომელმაც ამცნო ხალხს ქრისტე მაცხოვრის
მოვლინება, და მათ დაამოწმეს თავიანთი რწმენა წინამორბედის ქადაგებისადმი მისგან
ნათლობით. მაგრამ მწიგნობრებსა და ფარისევლებს არ სჯეროდათ იოანეს ქადაგება, არ
მიიღეს მისგან ნათლისღება, რითაც მოერიდნენ ღვთის ნებას მათი ცხონებისათვის. თავის
თანამედროვეთა ასეთი შეუპოვრობაზე, უფალმა მწუხარებითა და აღშფოთებით წარმოთქვა:
აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა, და
მოუწესედ მოყუასთა თვისთა, და ეტყვიედ მათ: გისტვინევდით თქუენ, და არა ჰროკევდით;
გიგოდებდით, და არა იტყებდით. ეს ხალხი წააგავს იმ თავნება ბავშვებს, რომლებიც
გამოვიდნენ ქუჩაში სხვა ბავშვებთან ერთად და რომელთა გულის მოგებასაც ვერაფრით
ახერხებდნენ მათი მეგობრები. იწყებდნენ რა მათთვის სამხიარულოს ქორწილში, ანდა
სამგლოვიაროს - ჭირში, ისინი უკმაყოფილონი იყვნენ როგორც ერთით, ისე მეორეთი. ასევე
ამ ხალხს არ სურდა მოესმინა არც უდაბნოს მკაცრი მოსაგრის - იოანესათვის, არც მშვიდი
და გულით მდაბალი უფალი ჩვენი იესო ქრისტესათვის. რამეთუ მოვიდა იოანე, არცა
ჰსჭამდა, არცა ჰსუმიდა, არც პურსა ჭამს, არც ღვინოსა სვამს ისე, როგორც
ნაზორეველს ევალებოდა, სინანულის მკაცრ მქადაგებელს, რათა მასში ყველას დაენახა
მაგალითი წუხილისა და ტირილისა; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კეთილკრძალულებით
მოესმინათ ასეთი მქადაგებლისათვის, ისინი საყვედურობდნენ მას სიმკაცრისათვის, და
იტყვიან მასზე: ვითარმედ ეშმაკეულ არს, იგი შეპყრობილია არაწმიდა სულით,
ამიტომაც მისდევს ასეთი ბნელი ცხოვრების წესს. მაგრამ აი, - მოვიდა ძე კაცისა,
ჰსჭამს და ჰსუამს, იგი ღებულობს ჩვეულებრივ საკვებს და არც ღვინოს ერიდება; იგი
მზადაა სიყვარულით გაუზიაროს ზომიერი ტრაპეზი მეზვერეებსა და ცოდვილებს, ოღონდ კი
ისინი მიიზიდოს თავისკენ, და გადაარჩინოს, მაგრამ მისით უკმყოფილონი არიან, მასზეც
იტყვიან: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის-მსმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთა.
რა არ გაკეთდა ამ ხალხის გადასარჩენად? „კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი
ვენახისათვის და რა დავაკელი?“ (ეს. 5,4). „მე და იოანე მოვედით
ურთიერთსაწინააღმდეგო გზებით და ვიქცეოდით როგორც მონადირენი, რომელთაც სურთ
ძნელადდასაჭერი ნადირის დაჭერა ორი საპირისპირო მხრიდან, დგებიან ერთმანეთის
პირისპირ, თითოეული თავის გზაზე, და ერეკება თავისგან ნადირს, რათა ამით მოხვიდეს
იგი ერთის ან მეორის ხელში. ასე ვიქცეოდით ჩვენც, იოანესთან ერთად: „ჩვენ ვუკრავდით
თქვენთვის სალამურზე“ - მე არ ვეწეოდი მკაცრ ცხოვრებას, „და თქვენ არ გიცეკვიათ“ და
არ დამმორჩილდით მე; „ვმღეროდით თქვენთვის სევდიან სიმღერებს“, - იოანე ეწეოდა
მკაცრ და ულმობელ ცხოვრებას, „და თქვენ არ ჰგოდებდით“, და თქვენ არ ისმინეთ მისი.
ჩვენ ორივეს გვქონდა ერთი მიზანი - თქვენი გადარჩენისა, თუმცა ჩვენ საპირისპირო
გზებით მივდიოდით ამ მიზნისკენ. მაგრამ თქვენ არ მოგეწონათ არც ჩემი ცხოვრება და
არც იოანესი“. „ნუ გაიკვირვებ, - აგრძელებს წმ. ოქროპირი, - რომ უფალი იყენებს
უბრალო და არაკეთილშობილურ შედარებებს“, ანუ, თავის თავსა და წინამორბედს ადარებს
ბავშვებს, რომლებიც სალამურს უკრავენ ანდა თამაშისას ტირიან: „იგი ასე იმიტომ
ამბობს, რომ მსმენელთა სისუსტეებს მიუსადაგოს“.
და განმართლდა ღვთიური სიბრძნე შვილთაგან თვისთა; თქვა მან
დასასრულს: თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ მე დამადანაშაულოთ, როგორც ჩემს ზეციურ
მამაზე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: „რათა განმართლდე სიტყუათაგან შენთა, და
სძლო სჯასა შენსა“ (ფს. 50,4). ღმერთმა, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა, რათა, -
როგორც წმ. ოქროპირი ამბობს, - „უსირცხვილო ხალხისთვის არ დაეტოვებინა მცირეოდენი
საბაბიც კი უაზრო ეჭვებისათვის“, და ბრძენმა სამწყსომ, ანუ მათ, რომლებიც მთელი
გულით ეძებდნენ ცხონების გზას, და საქმით აჩვენეს, რომ არ იყო ძნელი მისი პოვნა,
მათ ირწმუნეს ქრისტეს, განსხეულებული სიბრძნე ღვთისა, რითაც აჩვენეს, რომ დანარჩენ
ებრაელობასაც შეეძლო ეს, მაგრამ არ ისურვეს ამის მიღება.
| |