|
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა... მშვიდობა სახლსა ამას... განიყარეთ მტუერი...
მათე 10, 9-15
რათა თავისი მოციქულების გულნი სუფთად დაეფარა ანგარების სულით დაავადებისაგან
და ცხოვრებისეული საზრუნავების შეძენისაგან, უფალი ამცნებს მათ: „ნუ მოიგებთ, ნუ
დააგროვებთ, თან ნუ იქონიებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელსა თქუენთა
(აღმოსავლეთის ქვეყნებში ტყავის სარტყელებში ჰქონდათ ხოლმე ფული შენახული), ნუცა
ვაშკარანსა გზასა ზედა, ანუ საგზაო ხურჯინს, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ხამლთა ნუცა
კუერთხსა, - ერთი სიტყვით მარაგად ნურაფერს ნუ იქონიებთ თან; მიენდეთ ღვთის ნებას,
ისე იარეთ, როგორცა ხართ: ღმერთი გამოგიგზავნით თქვენ კუერთხსაც, ფეხსაცმელსა და
ტანსაცმელსაც, როცა ძველი გამოსადეგად უვარგისი იქნება. ასეთი მცნებით, - ამბობს
წმ. ოქროპირი, მაცხოვარმა ბევრს მიაღწია, პირველად, მოარიდა მოწაფეებს ყოველნაირი
ეჭვი: მეორედ, გაათავისუფლა ისინი ყოველგვარი საზრუნავებისაგან, რათა ისინი
დაკავებულნი ყოფილიყვნენ მხოლოდ ქადაგებით; მესამედ, ანახებდა მათ თავის
ძლიერებას. ამიტომ შემდგომ უთხრა მათ: გაკლდათ რაიმე, როცა მე გაგაზავნეთ
ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის გარეშე? და უცებ არ ეუბნება: „ნუ მოიგებთ“, არამედ
პირველად უთხრა: „კეთროვანთა განჰსწმენდდით, მკვდართა აღადგინებდით, ეშმაკთა
განასხმევდით“ და დასძინა: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, და უსასყიდლოდ მიჰსცემდით.“
მას სურდა ესწავლებინა მათთვის მკაცრი ცხოვრება, როგორც ადრე არ მისცა ნება ეზრუნათ
ხვალინდელი დღისათვისაც კი. იგი ამზადებდა მათ მთელი ქვეყნიერების
მასწავლებლობისათვის, ამიტომაც მან უბრალო ადამიანებიდან ლამის ანგელოზებად აქცია
ისინი, გაათავისუფლა რა ყოველი ქვეყნიური საზრუნავისაგან, რათა დაკავებულნი
ყოფილიყვნენ მხოლოდ ღვთის სიტყვის ქადაგებით. შემდეგ კითხვაზე: საიდან მივიღებთ
ჩვენ არსებობისათვის აუცილებელს? - არ ეუბნება მათ: თქვენ მოისმინეთ, რაც აქამდე
გითხარით: „შეხედეთ ფრინველთა ცისათა“, რომლის შესასრულებლადაც ჯერ მზად არ იყვნენ ისინი, - არამედ გამოთქვა უფრო ადვლად:
რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა,
- გამოიკვებება თავისი მოწაფეებისაგან: მათ ევალებათ მოგიტანონ ეს თქვენ, როგორც
საქმის მკეთებელთ, „მოკლედ, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, მან თქვა: „ღირს არს
სასყიდლისა“, ანუ არსებობისა, და არა მდიდარი მაგიდისა: რადგან მასწავლებელი არ
უნდა გაძღეს ზედმეტად, როგორც ხბო გამოტიკული, არამედ შეჭამოს მხოლოდ იმდენი,
რამდენიც საჭიროა სიცოცხლის შენარჩუნებისათვის“.
„მოციქულებმა, - ამბობს წმ. ოქროპირი, გამოსაკვები უნდა მიიღონ თავიანთ
მოწაფეთაგან, რათა არ იამაყონ მათ წინაშე, რომ მოწაფეებს მისცეს ყველაფერი და მათგან არაფერი აქვთ მიღებული, და რათა მოწაფენი მათ მიმართ არ განელდნენ, შემდეგ
კი იმისათვის, რომ მოციქულებს არ ეთქვათ: შენ გვიბრძანებ ჩვენს ცხოვრებას
მოწყალებით? და რომ არ გაეცვალათ იგი თავიანთ სირცხვილში, უფალმა უწოდა მათ
„მუშაკნი“, ხოლო იმას, რასაც მიიღებენ უწოდა „სასყიდელი“, მართალია თქვენი საქმეა, - ამბობს იგი, მხოლოდ სწავლება, მაგრამ თქვენს მეცადინეობას თან სდევს დიდი
გარჯა, ამიტომ თქვენ მოგცემენ საარსებოს თქვენივე მოწაფენი, და მოგცემენ არა
უსასყიდლოდ, არამედ როგორც გასამრჯელოს. „რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა
თვისისა“. ეს მან თქვა იმიტომ კი არა, რომ მოციქულთა ღვაწლი მარტო იმით
შეფასებულიყო, - არავითარ შემთხვევაში, პირიქით: თავის მოწაფეებს წესად დაუდგინა,
რათა არ მოეთხოვათ ზედმეტი, არამედ შეაგონებდა მათ, რომელთაც საჭირო შეწევნა
მოჰქონდათ, რომ ამას ისინი აკეთებდნენ არა მოწყალებითა და გულუხვობით, არამედ
ვალდებულებით.
რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხვიდეთ, ნუ მიმართავთ პირველივე შემხვედრს, არამედ
ჯერ გამოიკითხეთ, გამოიძიეთ, ის კი არა, თუ ვინ არის იმ ქალაქში მდიდარი, ან ვისი
სახლია გამორჩეული, არამედ ის, თუ ვინ ღირს იყოს იმისა, რომ თქვენ გაჩერდეთ მასთან
და იცხოვროთ იქ, ვინ არის კეთილი, სტუმართმოყვარე, კეთილმოსავი, ვინ არის მზად
თქვენი ქადაგებისა და თავად თქვენი მიღებისათვის, რათა არაკეთილ დიდებას იმათსას,
ვინც მიგიღებთ თქვენ, არ დაემდაბლებინა ღირსება თვით ქადაგებისა. ყოველთვის
იმოქმედეთ დიდი სიფრთხილით: ეს თქვენ შეგეწევათ როგორც პატივის, ისე არსებობისათვის
საჭირო სახმარის შეძენაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ აუცილებლის გარდა
არაფერს მოითხოვთ. არა მარტო გვიბრძანებს ღირსეულთა მოძიებას, არამედ იმასაც, რომ,
არ უნდა გადავიდეთ ერთი სახლიდან მეორეში, რათა არ შეურაცხვყოთ ის, ვინც მიგვიღებს,
თავად კი ბრალი არ დაგვდონ ღორმუცელობასა და თავქარიანობაში. ამას გულისხმობს იგი
თავის სიტყვებში: მუნ დაადგერით, ვიდრე გამოსლვადმდე იმ ქალაქიდან თუ სოფლიდან.
და შერახვიდოდეთ სახლსა მას, იმ ოჯახში, რომელზეც შეიტყობთ, რომ ღირსეულია,
ანუ კეთილადაა განწყობილი თქვენი მიღებისა და ქადაგების მოსმენისადმი, მოიკითხეთ
იგი ძველი მამამთავრული მისალმებით, და ჰსთქუთ: მშვიდობა სახლსა ამას, იყოს ამ
სახლზე ღვთის კურთხევა! ნუ დაელოდებით სხვებისგან მისალმებას, არამედ უწინ თქვენ
მიაგეთ სხვებს პატივი, რადგან თქვენი მისალმება არ არის უბრალო სიტყვა, არამედ
კურთხევა. და უკეთუ სახლი იგი ღირს იყოს, თუ ის ოჯახი, სადაც შეხვალთ, მარტო
სახელით კი არ აღმოჩნდება კეთილი, არამედ საქმითაც, მოვიდეს მშვიდობა თქუენი მას
ზედა, თქვენი კეთილი სურვილები აღსრულდება მათზე, თქვენი ლოცვის, ქადაგებისა და
დარიგების წყალობით. უკეთუ არა ღირს იყოს, თუ შეგხვდებათ ორგული ადამიანები,
რომლებიც შეურაცხჰყოფას მოგაყენებენ, მაშინ მათთვის პირველ სასჯელად იქცევა ის, რომ
მშვიდობა თქუენი თქუენადვე მოიქეცინ; იმათ მოაკლდებათ მშვიდობა, რომელიც თქუენ
უსურვეთ მათ, თქვენი კეთილი სურვილები მათ არ შეუსრულდებათ და თქვენთანვე დარჩება,
როგორც ნაყოფი თქვენი სიყვარულისა. და უკეთუ არავინ შეგიწყნარეს თქუენ, და არცა
ისმინნეს არ ისურვებენ გაიგონონ სიტყუანი თქუენნი, გამო-რა-ხვიდოდეთ მიერ სახლით,
გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქუენთა, იმის დასამოწმებლად, რომ
თქუენ მათთან მისასვლელად გაიარეთ დიდი გზა, მაგრამ მათთვის უსარგებლოდ, მათი
ურწმუნოებისა გამო, ამიტომ უყურეთ მათ, როგორც განდგომილ წარმართებს, რომლებთანაც
არაფერი უნდა გქონდეთ საერთო, თვით მტვერიც კი. (მოციქულები მართლაც ასე იქცეოდნენ,
რაც ჩანს „საქმე მოციქულთას“ წიგნიდან, 13,15; 18,6).
ამინ გეტყვი თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანა იგი სოდომისა და გომორისა იმათზე,
რომელთაც არ მოისმინეს ქადაგება ცხონებაზე, დღესა მას სასჯელისასა, იმ უკანასკნელ
და დიდებულ დღეს, როცა მე განვსჯი ქვეყნიერებას, ვიდრე ქალაქი იგი, ანდა ისინი,
რომელთაც არ ისურვეს ცხონების სიტყვის მიღება, რადგან სოდომელნი ხელმძღვანელობდნენ
მხოლოდ სინდისით, ხოლო თქვენ ამაზე უფრო ცხადად და სრულად გეუწყათ ღვთის ნება,
ამიტომ ვინც თქვენ არ მოგისმენთ, იგი იქნება სოდომელებზე უფრო დანმაშავე. ამასთან,
სოდომელნი თავიანთი უსჯულოებისათვის უკვე აქვე დაისაჯნენ, ამიტომ იქ, მომავალში
უფრო მსუბუქ სასჯელს მიიღებენ.
აქედან ჩანს, შენიშნავს განმმარტებელი, რომ ზოგიერთი ცოდვები აქაც და იქაც
დაისჯება. ამიტომ უნდა შეგვეშინდეს ასეთი მუქარისა, რადგან ვიცით, რომ ყოველი,
რომელიც არ იცავს და არც ასრულებს იმას, რაც გვასწავლეს მოციქულებმა, იგი არ
ღებულობს მათ და არც მათ ქადაგებას ისმენს. და რაც ყველაზე უფრო საშიშია: ისჯება
მთელი ქალაქი და სოფელი, როცა იქიდან ერთმა მაინც არ მიიღო ღვთის მოციქული: ეს
იმიტომ, რომ დანარჩენთ არ გაეჩერებინათ იგი, დაინახავდნენ რა მის საქციელს, რადგან
ისინი, რომელნიც არ ღებულობდნენ მოციქულებს, საჯაროდ ირიდებდნენ მათ. - „შენიშნე,
- ამბობს წმ. ოქროპირი, რომ უფალმა ყველა ნიჭი არ უბოძა მოციქულებს: მან არ მისცა
წინასწარი ხედვისა და მცნობელობის უნარი, რათა შეძლებოდათ ცნობა იმისა, თუ ვინ იყო
ღირსეული და ვინ უღირსი. არამედ უბრძანა მწუხარება ეწვნიათ და დალოდებოდნენ,
გამოცდილება რას დაანახებდა“. აწუხებდა, რა აუცილებლის არქონა, მათ უნებურად თავი
უნდა დაემდაბლებინათ, როგორც არასრულთ. უფალს სურდა, რომ მოციქულები
განდიდებულიყვნენ არა მხოლოდ სასწაულებით, არამედ სასწაულებზე უფრო მეტი - კეთილი
საქმეებით. ეს იცოდნენ ცრუმოციქულებმაც, ამიტომაც ამბობს პავლე: „რათა რომლითა იგი
იქადიან, იპოვნენ, ვითარცა იგი ჩუენ“ (2 კორ. 11,12).
განმარტავს რა მათეს სახარების იმ ადგილს, წმ. ოქროპირი, როგორც მოციქულების
მემკვიდრე და წმიდა ეკლესიის მწყემსი, მიმართავს თავის მსმენელით შემდეგი
დარიგებით: ეკლესია არის ყველას საერთო სახლი, სადაც ჩვენ (მოძღვრები) შევდივართ,
თქვენს შემდეგ, მოციქულების მსგავსად, და მათი მაგალითის მიხედვით ყველას მშვიდობით
მივესალმებით. ასე, რომ ნურავინ იქნებით დაუდევარნი და უსულგულონი, ნურავინ იქნებით
დაბნეულნი, როცა მოძღვრები შემოდიან და გესალმებიან ტაძარში: რადგან ამისათვის
გველის არამცირედი სასჯელი. როცა მე გეუბნებით; „მშვიდობა თქვენ“. თქვენ იძახით: „და სულისა შენისათანა“.
- წარმოთქვით არა მარტო ხმით, არამედ გულით, არა მხოლოდ
ბაგენით, არამედ სულითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შენ აქ მეტყვი „და სულისაცა
შენისათანა მშვიდობა“, ხოლო აქედან გასულს ჩემს მიმართ გექნება სიძულვილი და ბოროტს
იტყვი, რა მშვიდობა იქნება ეს? მოკლედ, შენ ჩემზე მუდამ ცუდი რომ ილაპარაკო, მე
გაძლევ შენ მშვიდობას სუფთა გულით და გულწრფელი სურვილით, რადგან მე მაქვს
მშობლიური გული“. - „მდაბალი და ცხოვნების ჭეშმარიტად მსურველი, - ამბობს
მიტროპოლიტი ფილარეტი, უსმენს შუამავალ წინამძღვარს და წარმატებას აღწევს სიკეთეში;
ხოლო ის, ვინც თვითდაჯერების ან დაბნეულობის გამო არაფრად აგდებს ჩვეულებრივ
მოძღვარს, ასეთი ძლივს თუ გამოდგება უპირატესად. ისურვეთ ნამდვილად
სულისმაცხოვნებელი შეგონებანი, ეცადეთ რწმენით მიიღოთ ისინი: ძლიერია და სარწმუნოა
ღმერთი, რომელსაც ყველას გადარჩენა სურს, და მას შეუძლია უღირსი მოძღვრის
მეშვეობითაც გადმოგცეთ თქვენ სრული მოძღვრებანი“, მსგავსად იმისა, როგორც ერთ დროს
აუწყა თავისი ნება ვალაამის უტყვი სახედრის მეშვეობით.
| |