1. პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა, 2. რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა 3. ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად, 4. რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა, 5. რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს, 6. რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი, 7. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!
8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა, 9. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ; 10. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა, 11. რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა. 12. ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი. 13. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა. 14. წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ. 15. და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო. 16. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა. 17. რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
18. რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა. 19. რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ. 20. რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ, 21. რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი. 22. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს. 23. და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა. 24. ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა, 25. რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. 26. ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. 27. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან. 28. და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა; 29. აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა, 30. ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, 31. უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო, 32. რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.
1. ამისთჳს ვერ სიტყჳს მიმგებელ ხარ, ჵ კაცო, ყოველი, რომელიცა შჯი, რამეთუ რომლითა შჯი მოყუასსა, თავსა თჳსსა დაიშჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა შჯი. 2. ესე უწყით, რამეთუ საშჯელი ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათჳს. 3. ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? 4. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? 5. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, 6. რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ: 7. მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა - დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა; 8. ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ. 9. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა! 10. დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა! 11. რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა. 12. რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ. 13. რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ. 14. რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან: 15. რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ 16. დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესუ ქრისტეს მიერ.
17. უკუეთუ შენ ჰურიაჲ სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა 18. და იცი ნებაჲ იგი და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ შჯულისაგან 19. და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, 20. მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა, 21. რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ; 22. რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ; 23. რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? 24. რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს. 25. რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა. 26. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? 27. და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ! 28. რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ, 29. არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისაჲ აქუს სულითა, არა წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან.
1. რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? 2. ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი. 3. არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? 4. ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა. 5. უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. 6. ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? 7. უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? 8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.
9. აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. 10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11. არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; 12. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე. 13. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, 14. რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. 15. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა; 16. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა; 17. და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. 18. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა. 19. ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ, 20. რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.
21. ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა, 22. ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება, 23. რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, 24. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა. 25. რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა, 26. თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა. 27. სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა. 28. რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა. 29. ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა. 30. ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა. 31. აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ.
1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად? 2. უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ. 3. რასა უკუე იტყჳს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ. 4. ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა-ნადებით. 5. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. 6. ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა: 7. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი; 8. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ. 9. აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. 10. ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაუცუეთილებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთილებასა. 11. და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ. 12. და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა. 13. რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა. 14. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი. 15. რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ. 16. ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, 17. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა. 18. რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრე იყოს ნათესავი შენი. 19. და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი. 20. ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა 21. და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა. 22. ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ. 23. ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ, 24. არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით, 25. რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს.
1. აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, 2. რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა. 3. არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, 4. ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა. 5. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა. 6. რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. 7. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი. 8. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. 9. რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! 10. უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა! 11. არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.
12. ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს. 13. რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა. 14. არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ. 15. არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა! 16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად. 17. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა. 18. ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა. 19. რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი. 20. რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი, 21. რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ! 2. რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? 3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? 4. და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით. 5. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. 6. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა, 7. რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. 8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. 9. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს. 10. რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. 11. ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა. 12. ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის-თქუმათა შინა მისთა, 13. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა. 14. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
15. აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ! 16. არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად სიმართლესა? 17. ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. 18. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა. 19. კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ. 20. რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. 21. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს. 22. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ. 23. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
1. ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? 2. რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. 3. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. 4. ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. 5. რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა; 6. ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.
7. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ. 8. მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს. 9. ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა, 10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. 11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა. 12. ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. 13. აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან. 14. ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა. 15. რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ. 16. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს. 17. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. 18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ. 19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. 20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. 21. ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც? 22. რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. 23. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. 24. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? 25. ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა.
1. არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ? 2. რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა. 3. რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა. 4. რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად. 5. რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა. 6. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა. 7. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც. 8. რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც. 9. ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი. 10. უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს. 11. უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.
12. აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით. 13. რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ. 14. რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი. 15. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო! 16. იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი. 17. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. 18. რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ. 19. რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის, 20. რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით. 21. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა. 22. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე. 23. არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა, 24. რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ? 25. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით. 26. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა. 27. ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს. 29. ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან. 29. რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა; 30. ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. 31. რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა? 32. რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? 33. ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. 34. და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს. 35. ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: 36. რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. 37. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, 38. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, 39. არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
1. ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, 2. რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. 3. რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, 4. რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და სჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; 5. რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. 6. ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, 7. არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“. 8. ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად. 9. რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაჲ ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე. 10. და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა; 11. რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს. 12. არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას. 13. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე.
14. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ! 15. რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო. 16. აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა. 17. რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა. 18. აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს. 19. ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა? 20. აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე? 21. ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ? 22. უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად, 23. და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად, 24. რომელთაცა-ესე მიწოდნა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა? 25. ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად. 26. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა. 27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს; 28. რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა. 29. და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით. 30. აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. 31. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა. 32. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა. 33. ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს.
1. ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად. 2. ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით. 3. რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს, 4. რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. 5. რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა. 6. ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრეთ იტყჳს: ნუ იტყჳ გულსა შენსა: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს, ქრისტესი გარდამოყვანებაჲ. 7. ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს, ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ. 8. არამედ რასა იტყჳს: მახლობელ შენდა არს სიტყუაჲ ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ, 9. ვითარმედ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე. 10. რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად. 11. რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს. 12. რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას. 13. რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს. 14. ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? 15. ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია! 16. არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? 17. აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 18. არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი. 19. არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა ცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ. 20. ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს. 21. ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა.
1. ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისა, ტომისაგან ბენიამენისა. 2. არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაწარ იცნა. ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: 3. უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. 4. არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა. 5. ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა. 6. ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე. 7. აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს. 8. ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. 9. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა. 10. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე! 11. ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა. 12. ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი!
13. ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო. 14. ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი? 15. რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან? 16. ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი. 17. ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, 18. ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ. 19. სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა, 20. კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ. 21. უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს. 22. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო. 23. და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა. 24. უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე მას ზეთის ხილსა! 25. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს. 26. და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. 27. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი. 28. სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს. 29. რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი. 30. რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, 31. ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ. 32. რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს. 33. ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! 34. რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას? 35. ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? 36. რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1. გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი. 2. და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული.
3. რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. 4. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, 5. ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. 6. ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა, 7. გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით; 8. გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით, 9. სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; 10. ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით; 11. სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; 12. სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით; 13. საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით; 14. აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ; 15. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა; 16. და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით 17. და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. 18. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით. 19. ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. 20. არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა. 21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.
1. ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. 2. ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. 3. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, 4. რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს. 5. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა. 6. ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან. 7. მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი. 8. ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, 9. ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. 10. სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს. 11. და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. 12. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. 13. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, 14. არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.
1. და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სიტყჳთა. 2. რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ. 3. მჭამელი იგი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და არა-მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგი შეიწყნარა. 4. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა. 5. რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ. 6. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა. 7. რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს, და არავინ თავით თჳსით მოკუდების; 8. რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ. 9. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს. 10. ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა? რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა. 11. რამეთუ წერილ არს: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი, და ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა. 12. აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა. 13. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროჲსღა ესე განიკითხეთ, რაჲთა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა. 14. ვიცი და მრწამს უფლისა იესუს მიერ, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით; გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ. 15. უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ. ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. 16. ნუმცა უკუე იგმობვის კეთილი იგი თქუენი. 17. რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა. 18. რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ კაცთა. 19. აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას. 20. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს. 21. უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების. 22. შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს. 23. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.
24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუჲსისა, გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა, 25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა, 26. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1. ხოლო თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად. 2. კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად. 3. და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 4. რამეთუ რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. 5. ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთარს ქრისტეს იესუჲს მიერ, 6. რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 7. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა. 8. ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესსა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა დასამტკიცებლად აღთქუმასა მას მამათასა, 9. ხოლო წარმართნი - წყალობისათჳს სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. 10. და კუალად იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა. 11. და კუალად იტყჳს: უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი. 12. და მერმე ესაია იტყჳს: და იყოს ძირი იგი იესესი, და რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა; და მას წარმართნი ესვიდენ. 13. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.
14. მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად. 15. უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგსრე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, 16. რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა. 17. მაქუს უკუე სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ. 18. რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა. 19. ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რაჲთა მე იერუსალჱმითგან და გარემო ვიდრე ილორიკიადმდე აღვასრულო სახარებაჲ იგი ქრისტესი. 20. ხოლო ესრეთ პატივ-ცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე, 21. არამედ ვითარცა წერილ არს: რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ.
22. ამისთჳსცა დავეყენე მისლვად თქუენდა. 23. ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან. 24. და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად. 25. ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა. 26. რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. 27. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა. 28. ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. 29. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე. 30. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ. 31. რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, 32. რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო. 33. ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
1. შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, 2. რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თჳთ მეცა. 3. კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ, 4. რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი. 5. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ. 6. კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ. 7. კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ. 8. კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, უფლისა მიერ. 9. კითხვაჲ არქუთ ურბანოსს, თანა-შემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა. 10. კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტუვულესგანთა მათ. 11. კითხვაჲ არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ. 12. კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ. 13. კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა. 14. კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატრობას, ერმის და მათ თანათა მათ ძმათა. 15. კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა. 16. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი.
17. გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან. 18. რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი. 19. რამეთუ თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ არს; მიხარის უკუე თქუენთჳს, და მნებავს თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო - ბოროტისათჳს. 20. ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.
21. გიკითხვენ თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი. 22. გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ. 23. გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ.
24. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.