პავლე მოციქულისა წიგნი
ფილიპელთა მიმართ

თავი 1

1. პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა, ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

3. ვჰმადლობ ღმერთსა ყოველსა ზედა ჴსენებისა თქუენსა; 4. მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ 5. ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქმადე. 6. და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ. 8. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა; 9. და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა, 10. რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა, 11. აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად ღმრთისა.

12. უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა, 13. ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, 14. და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად. 15. რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე და სათნოებისათჳსცა ქრისტესა ქადაგებენ. 16. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა; 17. ხოლო რომელნიმე - სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳს-გებად სახარებისა მის ვდგა მე. 18. აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა. 19. რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა, 20. მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა, რამეთუ არარაჲ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა, გინა თუ ცხორებით გინა თუ სიკუდილით. 21. რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ. 22. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. 23. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, 24. ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს. 25. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა, 26. რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ. 27. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინა თუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინა თუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა, 28. და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელი-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა – ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ. 29. რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტჱსთჳს არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაჲ, არამედ მისთჳს ვნებაჲცა. 30. იგივე ღუაწლი გაქუნდინ, რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ.

 

თავი 2

1. რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ, 2. აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით, 3. ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა. 4. ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი. 5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ. 6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, 7. არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; 8. დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. 9. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, 10. რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, 11. და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.

12. ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ. 13. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს. 14. ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა, 15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა. 16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ. 17. არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. 18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.

19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს. 20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა. 21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა. 22. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. 23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან. 24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე. 25. უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა, 26. ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა. 27. და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს. 28. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო. 29. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით, 30. რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.

 

თავი 3

1. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს. 2. ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედევდით განკუეთილებასა მას, 3. რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ, 4. და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა: 5. წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი, 6. შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო. 7. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად. 8. არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო. 9. და ვიპოო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით, 10. ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა, 11. რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა. 12. არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ. 13. ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, 14. და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. 15. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. 16. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.

17. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა. 18. რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა, 19. რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ. 20. ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, 21. რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.

 

თავი 4

1. ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო. 2. ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ; 3. ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.

4. გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. 5. სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. 6. ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ, 7. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.

8. ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით. 9. რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.

10. ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით. 11. და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო. 12. ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად. 13. ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ. 14. გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა. 15. ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ. 16. რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ. 17. არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა. 18. მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა. 19. ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ. 20. ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

21. მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი. 22. გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი.

23. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.