1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
1. დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ. 2. ვითარცა წერილ არს
ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა,
რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 3. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა:
განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 4. იყო იოვანე უდაბნოსა
და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
5. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს
მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 6. ხოლო ემოსა
იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა
იგი მკალსა და თაფლსა ველურსა, 7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი
ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.
8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
9. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან
იორდანესა. 10. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი
და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. 11. და ჴმაჲ იყო ზეცით:
შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
12. და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ. 13. და იყო მუნ ორმეოც დღე და
გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.
14. და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა
სასუფეველისა ღმრთისასა 15. და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ
არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ. 16. ხოლო ვიდოდა რაჲ
ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს
რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17. და ჰრქუა მათ იესუ:
მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 18. ხოლო მათ მეყსეულად
დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ
ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა. 20. და
უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა
მისთა თანა და მისდევდეს მას.
21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა
და ასწავებდა მათ. 22. და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ
ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი
მათნი. 23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ,
ღაღატ-ყო 24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ
წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. 25. შეჰრისხნა მას
იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! 26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან,
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე
გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ
ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას? 28. და განჴდა ჰამბავი
მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.
29. და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს
და იაკობის თანა. 30. ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს
იესუს მისთჳს. 31. და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად
დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. 32. და ვითარ შემწუხრდებოდა,
და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი 33. და ყოველი
ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა. 34. და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა
და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად
ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
35. და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა
და მუნ ილოცვიდა. 36. და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი. 37. და პოვეს იგი და
ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით
და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს
მოვივლინე. 39. და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა
განასხმიდა.
40. მაშინ მოუჴდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგინა
და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა. 41. ხოლო იესუს შეეწყალა
იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! 42. და ვითარცა ესე
თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ იგი, და განწმიდნა იგი 43. და შეჰრისხნა
მას და მეყსეულად გამოაძო იგი 44. და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ
და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა
მოსე საწამებელად მათა. 45. ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და
მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად,
არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.
1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა
შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა
წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული
ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს
სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა
ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა
მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! 6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი
მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე
გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? 8.
ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა,
და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად
განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი
შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა
ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ
და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო
ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა
და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.
13. და კუალად განვიდა ზღჳს კიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა, და მუნ ასწავებდა
მათ. 14. და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა
მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 15. და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი
სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა
მისთა თანა, რამეთუ 16. და მწიგნობართა
მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს,
ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს? 17.
და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. 18. და იყვნეს მოწაფენი
იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს
მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
19. ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს,
მარხვად. 20. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ
იმარხვიდენ მას დღესა შინა. 21. არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა,
უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად
განიპის. 22. და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს
ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ
ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.
23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა
იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა. 24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს
მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად!
25. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი
უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? 26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ
მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ
არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? 27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა,
და არა თუ კაცი შაბათისათჳს. 28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.
2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და
მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ
შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?
სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით
და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი!
და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი. 6. და ვითარცა გამოვიდეს
მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ
იგი.
7. ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი
შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, 8. იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით
და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა,
და მოვიდეს მისა. 9. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა
მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. 10. რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა
დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და
შეეხნეს, განიკურნებოდეს. 11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს,
ღაღადებდეს და იტყოდეს:
შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. 12. და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ
იგი.
13. და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. 14. და ყვნა
ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად 15. და რაჲთა
აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. 16. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე,
17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს,
რომელ არს: ძენი ქუხილისანი; 18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა
და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა
მისცა იგი.
20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა
მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად
მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. 22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი
იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და
მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. 23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ
ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას,
ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას,
ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. 26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა
აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული
აქუს. 27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი
გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.
28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი,
რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს
მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ
იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა. 31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი
და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო
მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე
დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი
ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა
დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ
ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.
1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე
შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი
ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ
სწავლასა მას მისსა: 3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და იყო თესვასა
მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5.
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა,
და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 6. და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ
ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს
ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა
კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული,
სამოცეული და ასეული. 9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 10.
და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე? 11.
ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ,
ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. 12. რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა
იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ
ცოდვაჲ მათი. 13. და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი
გულისჴმა-ჰყვნეთ? 14. რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. 15. ხოლო ესენი
არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან,
მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. 16. და ესენი
არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად
სიხარულით მიიღიან; 17. და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ;
და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან.
18. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან,
19. და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ
იგი, და უნაყოფო იქმნის. 20. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს,
რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და
სამოცეული და ასეული.
21. და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა
ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? 22. რამეთუ არა არს დაფარული,
რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს.
23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე
გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე
გესმის. 25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი
აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის
თესლი ქუეყანასა 27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის
და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, 28. რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა
გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. 29.
და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.
30. და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ
მისთჳს? 31. ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს
არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. 32. და ოდეს დაეთესის და
აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი,
ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად.
33. და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი
სმენად. 34. და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის
იგი ყოველი.
35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36.
და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა,
და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ
დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38.
და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და
ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა
ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და
იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს
სარწმუნოებაჲ? 41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე
არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?
1. და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა. 2. და ვითარცა გამოვიდა
იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ
სული, 3. რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა
შეკრვად იგი. 4. რამეთუ მრავალ გზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის
და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა. 5. და მარადის ღამე და დღე საფლავებსა
და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა. 6. და ვითარცა
იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა, 7. ღაღადებდა ჴმითა დიდითა და
იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა,
ნუ მტანჯავ მე. 8. რამეთუ ეტყოდა მას იესუ: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა
მაგისგან! 9. და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი
ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ. 10. და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი
გარეშე სოფელსა. 11. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი. 12.
და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას,
რაჲთა მათა შევიდეთ. 13. და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა
მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას
ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა. 14. ხოლო მწყემსნი
იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲ-ძი
არს, რომელი-იგი იქმნა. 15. და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე,
შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი. და შეეშინა. 16. და
უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა
მისთჳს. 17. და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. 18. და აღ-რაჲ-ვიდა
იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა
იყოს. 19. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა
თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა. 20. და წარვიდა იგი
და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.
21. და წაიღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳს
კიდესა. 22. და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი
იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 23. და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა,
ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და
განერეს და ცხოვნდეს. 24. და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი
და შეაურვებდეს მას. 25. და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა
გუემულ ათორმეტ წელ. 26. და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო
ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა. 27. და
ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა
მისსა, 28. რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო,
ვცხონდე. 29. და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და
ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან. 30. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად
თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა
ჩემსა? 31. ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ
შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? 32. და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან
ესე ყო. 33. ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის
ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი. 34. ხოლო თავადმან
ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ
შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა. 35. და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი
მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა? 36. ხოლო იესუს
ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას:
ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო. 37. და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა
პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი. 38. და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა
და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი. 39. და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა
აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. 40. და
იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ
მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი
ყრმაჲ. 41. და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით:
შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ! 42. და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ
იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.
43. და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ
მას ჭამადი.
1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.
2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა
ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე
მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ
არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი
და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა
მიმართ. 4. ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა
და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა. 5. და არა ქმნა მუნ ძალი არცა
ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი. 6. და დაუკჳრდა
ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ. 7.
და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა
სულთა ზედა არაწმიდათა. 8. და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა
კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. 9. და რაჲთა ესხნენ
სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. 10. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა,
მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. 11. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ
და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა
საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა
მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის. 12. და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
13. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
14. და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ:
იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი
თანა. 15. და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი
პირველთაჲ. 16. ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს,
იგი აღდგომილ არს მკუდრეთით. 17. რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე,
შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა,
რამეთუ იგი შეირთო ცოლად. 18. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს
შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი. 19. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს
და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა. 20. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და
იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი
და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. 21. და ვითარცა იყო დღე
მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა
მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა, 22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და
სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე,
რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. 23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე
შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. 24. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა
თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
25. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე
ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. 26. და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო
ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის. 27.
და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. 28. ხოლო იგი
წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და
მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა. 29. და ესმა მოწაფეთა მისთა,
მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
30. და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი
ქმნეს და ასწავეს. 31. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა
და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა
პურისა ჭამად აცალებდეს. 32. და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. 33.
და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან
ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა. 34. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი
და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
და იწყო სწავლად მათდა ფრიად. 35. და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი
მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.
36. განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ
თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს. 37. ხოლო თავადმან მიუგო
და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ
ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი
გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.
39. და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა
თივისასა. 40. და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი. 41. და
მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური
იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო
ყოველთა. 42. და ჭამეს ყოველთა და განძღეს. 43. და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი
გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა. 44. და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ
ხუთ ათას კაცნი.
45. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო
ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი. 46. და უჯმნა მათ და აღვიდა
მთასა ლოცვად. 47. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და
იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა. 48. და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას
ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა
მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან. 49. ხოლო მათ
ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე
არს, და ღაღად-ყვეს. 50. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად
ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ! 51. და აღვიდა
მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა.
52. რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.
53. და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად. 54. და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს
მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა. 55. და მიმორბიოდეს
ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის,
ვითარმედ მუნ არს. 56. და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა,
უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა
მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.
1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ
იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა,
ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა
და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ
ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ
არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ
სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. 5. მაშინ ჰკითხეს
მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ
ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა? 6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა
მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ
არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად
განშორებულ არიან ჩემგან. 7. ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა
კაცთასა. 8. და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ:
განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ. 9.
და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი
დაამტკიცოთ. 10. რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და
რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ. 11. ხოლო
თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი,
რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, 12. და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.
13. და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა
ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ. 14. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა
და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ: 15. არარაჲ არს კაცისა
გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან,
იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 16. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 17.
და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.
18. და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ
ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს? 19. რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ
მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. 20. და იტყოდა, ვითარმედ:
კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, 21. რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა
გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,
22. ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი,
ამპარტავანებანი, უგუნურებანი. 23. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ
კაცსა.
24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა
და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25. რამეთუ ესმა
ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა
და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური
ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან
მისისა. 27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა
კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 28. ხოლო მან მიუგო და
ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა.
29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან
შენისა. 30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ
იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.
31. და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა
მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა. 32. და მოართუეს მას ყრუჲ და
ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა. 33. და განიყვანა
ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო
ენასა მისსა 34. და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ
არს: განეხუენით! 35. და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ
ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად. 36. და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და
რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს. 37. და უმეტესად განუკჳრდებოდა
და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.
1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს;
მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე
არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. 3. და უკუეთუ განუტევნე
უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ
არიან. 4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა
ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? 5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ
ჰრქუეს: შჳდი. 6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური,
ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს
ერსა მას. 7. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად.
8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9. და იყვნეს,
რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი. 10. და მეყსეულად
შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა მაგდალოჲსათა.
11. და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან
სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას. 12. და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა:
რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა
ამას სასწაული. 13. და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ
კერძო. 14. და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა.
15. და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა
და ცომისაგან ჰეროდიანთაჲსა. 16. ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს,
ვითარმედ: პური არა გუაქუს. 17. და გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ
გულთა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა
მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ? 18. თუალ გასხენ და არა ხედავთ,
და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ? 19. ოდეს-იგი ხუთი
პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო
მათ ჰრქუეს: ათორმეტი. 20. და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი
აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი. 21. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ?
22. და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს
მას. 23. და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა
მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასა-ძი ჰხედავს? 24. და აღიხილნა და
იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა. 25. და მერმე კუალად დაასხნა
ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ
ყოველთა. 26. და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად
რაჲ შეხჳდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა.
27. და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა
ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ? 28.
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა:
ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. 29. ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ
მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე. 30. და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის
უთხრან მისთჳს. 31. და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად
ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და
მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 32. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა.
და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს. 33. ხოლო
თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ
ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. 34.
და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად
ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 35.
რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან
წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი. 36. რაჲ სარგებელ
არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? 37. ანუ
რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? 38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს
ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან
არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.
1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი,
რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი
ძალითა.
2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა
იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და
სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა
ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. 4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს
თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს. 5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს:
რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი
მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. 6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს
შეშინებულ. 7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა:
ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. 8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ
იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო
მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.
10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ:
რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? 11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე
იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 12. ხოლო თავადმან მიუგო
და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს,
რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. 13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა,
და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.
14. და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს
მათ თანა. 15. და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს
და მოიკითხეს იგი. 16. და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას?
17. და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე
ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. 18. და სადაცა დააპყრის იგი,
დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა,
რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს. 19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ!
ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!
20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა
იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა. 21. და ჰკითხა იესუ მამასა
მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.
22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ
რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ
ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. 24. და მეყსეულად ჴმა-ყო
მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა
ჩემსა. 25. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა
სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან
და ნუღარა შეხუალ მაგისა! 26. და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან;
და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.
27. ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა. 28. და ვითარცა შევიდა
იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად
მას? 29. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად,
გარნა ლოცვითა და მარხვითა.
30. და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა
ვინ. 31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის
ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს. 32. ხოლო
იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა.
33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი
იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. 34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს
გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? 35. და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა
მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა
მსახურ. 36. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა
იგი და ჰრქუა მათ: 37. რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს,
მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი
ჩემი.
38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა
ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს
ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს
ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი
არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. 41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი
წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს
სასყიდელი მისი. 42. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა
მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი
და შთავარდა ზღუასა. 43. და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს
არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა,
ცეცხლსა მას უშრეტსა. 44. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.
45. და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა
მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა
მას უშრეტსა, 46. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.
47. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა
თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა
ცეცხლისა უშრეტისასა. 48. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა
დაშრტების. 49. რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა
დაიმარილოს. 50. კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა
შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.
1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა,
და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.
2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა
თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ:
ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ
მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს
დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად
შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ
თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა
არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.
10. და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი
მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: 11. უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს
სხუაჲ, მან იმრუშა. 12. და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა
იმრუშა.
13. და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს
მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს. 14. ვითარცა იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა:
აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს
სასუფეველი ცათაჲ. 15. ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი
ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას. 16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა
მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.
17. და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი
დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე
ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? 18. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ
მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ. 19. მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ,
ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა
და დედასა შენსა. 20. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით
ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? 21. ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას:
უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე
და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ
მე. 22. ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები
ფრიად. 23. და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ
სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე. 24. ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა
ამას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა
ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა! 25. უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა
განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. 26. ხოლო მათ უმეტესად
განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად? 27. მიჰხედა მათ
იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე
შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. 28. იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა ესერა
ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ. 29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ
თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ,
გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს,
30. უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და
დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ
საუკუნოჲ. 31. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი
პირველ.
32. და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და
დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა
კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად
იყო მისა, 33. ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა
და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; 34. და ეკიცხევდენ
მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს,
რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. 36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან,
რაჲთა გიყო თქუენ? 37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით
შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:
არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა,
რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად? 39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო
იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი
მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ. 40. ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა
არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს. 41. და ესმა რაჲ ესე ათთა მათ,
იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა. 42. ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა,
რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი
მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? 43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა
უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; 44. და რომელსა უნდეს თქუენ
შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა. 45. და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა,
ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.
46. და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქჲთ და
ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად. 47.
და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო
დავითისო, შემიწყალე მე! 48. და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო
იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 49. დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ
მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ. 50. ხოლო
მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51. მიუგო და ჰრქუა მას იესუ:
რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: რაბი, რაჲთა აღვიხილნე
თუალნი ჩემნი. 52. ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან
გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.
1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა,
წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ
არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა
კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას
რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.
4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა
და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით
კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს
მათ. 7. და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და
დაჯდა მას ზედა. 8. და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი
მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. 9. და რომელნი წინა-უძღოდეს
და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ
არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! 10. კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის,
მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! 11. და შევიდა იესუ
იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი.
და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.
12. და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. 13. და იხილა ლეღჳ
ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა.
და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.
14. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე
მოწაფეთა მისთა. 15. და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო
გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ
მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა. 16. და არა უტევებდა,
რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. 17. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ:
წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ
გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. 18. და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა
და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ
იყო მოძღურებასა მას მისსა. 19. და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.
20. და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან.
21. და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.
22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: 23. გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ
თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და
არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და
იყოს ეგრე. 24. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ,
რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. 25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ
გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა,
მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან
თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 27. და მოვიდეს
კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი
იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 28. და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა
იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი? 29. ხოლო იესუ
მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და
მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: 30. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით
იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე. 31. ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს:
უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? 32.
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე,
ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო. 33. და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს:
არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა
ამას ვიქმ.
1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა
და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა.
2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს
ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.
4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს
და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი
მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი
ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა
ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი,
მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი
და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან?
მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. 10. არცაღა
ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ
კიდეთა? 11. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 12. და
ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს
თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
13. და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი
სიტყჳთა. 14. ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ
ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ
ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა?
მივსცეთ ანუ არა მივსცეთ? 15. ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ:
რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო. 16. ხოლო მათ მოართუეს.
და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ. 17.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა
ამას ზედა და წარვიდეს.
18. და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს,
და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: 19. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ
ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან
მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. 20. აწ შჳდნი ძმანი იყვნეს
ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; 21. და მეორემან
შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე, 22. ვიდრე მეშჳდედმდე,
და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. 23. აწ უკუე
აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ
ესუა იგი ცოლად? 24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა
იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ? 25. რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან,
არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. 26. ხოლო ამისთჳს,
რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა
ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი
და ღმერთი იაკობისი? 27. არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო
თქუენ ფრიად სცთებით.
28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს
მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი
არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ
ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; 30. და შეიყუარო უფალი
ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა
შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. 31. და მეორე, მსგავსი
ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ
არა არს. 32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ,
რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; 33. და შეყუარებად იგი
ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა,
და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა
და შესაწირავთა. 34. და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს
ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.
35. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან
მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? 36. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს
სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის
დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 37. თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით,
და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად. 38. და ეტყოდა მათ
სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა
სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, 39. და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ
სერსა ზედა, 40. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ,
რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი.
41. და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა
რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად. 42. და მოვიდა ერთი
ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე. 43. და მოუწოდა იესუ
მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან
უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას; 44. რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან
მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა
საცხორებელი თჳსი.
1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ,
იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა
ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3.
და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან
პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ
იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ? 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით,
ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ. 6. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა
და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ. 7. რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი
და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა
არს აღსასრული. 8. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა
ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი
დასაბამი სალმობათაჲ არს. 9. ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ
თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა
წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. 10. ხოლო პირველად ჯერ-არს
ქადაგებად სახარებაჲ ესე. 11. და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ
ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა
შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ. 12.
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა
ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 13. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს;
ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.
14. ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ,
მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ
რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად. 15. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ
გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. 16. და რომელი
ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 17. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა
და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა! 18. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ
თქუენი ზამთარსა. 19. რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა
ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს.
20. და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი;
არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი. 21. მაშინ უკუეთუ
ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. 22. რამეთუ აღდგენ
ქრისტე-მტყუარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა
აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. 23. ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით,
აჰა ესერა წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი. 24. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად
ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; 25. და ვარსკულავნი
ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. 26. და მაშინ
იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა. 27. და
მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა
კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა. 28. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი
ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ
ახლოს არს ზაფხული. 29. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ,
რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. 30. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე,
ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი
არასადა წარჴდენ.
32. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა
ძემან, არამედ მამამან. 33. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ
არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. 34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის
სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და
მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. 35. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი
უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ
განთიად; 36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. 37. ხოლო რომელსა
ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.
1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვენებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა.
და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს
იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.
3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი,
მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ,
და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს
ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ
შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და
ჰრისხვიდეს მას. 6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ?
რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. 7. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან.
უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
8. რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა.
9. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე
ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.
10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ,
რაჲთა მისცეს იგი მათ. 11. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს
მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.
12. და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს
იესუს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო
ვნებაჲ ესე? 13. და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით
ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, და შეუდეგით
მას, ვიდრეცა შევიდეს. 14. და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს:
სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? 15. და მან გიჩუენოს
თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. 16. და გამოვიდეს
მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და
მოჰმზადეს ვნებაჲ იგი. 17. და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.
18. და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ:
ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა. 19. ხოლო მათ იწყეს მწუხარებად
და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ? 20.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა
ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე. 21. ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ
არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს
იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი. 22. და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ
პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს
ჴორცი ჩემი. 23. და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა.
24. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული.
25. ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა
ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.
26. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. 27. და ჰრქუა მათ
იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ
არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. 28. არამედ
შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად. 29. ხოლო პეტრე ჰრქუა მას:
დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე. 30. ჰრქუა მას იესუ:
ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე,
სამ-გზის უვარ-მყო მე. 31. ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი
ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს.
32. და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა:
დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო. 33. და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის
თანა, იწყო დასულებად და ურვად. 34. და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე
სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით. 35. და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა
და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან. 36.
და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი
ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს. 37. და მოვიდა
და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ
მღჳძარებად ჩემ თანა? 38. იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ. 39. და კუალად წარვიდა და ილოცვიდა
და იგივე სიტყუაჲ თქუა. 40. და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ
იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არარაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას. 41. და
მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული,
და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა. 42. აღდეგით
და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებუდ არს.
43. და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი,
და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა
და მოხუცებულთა. 44. ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ:
რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად. 45. და
მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას. 46.
ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი. 47. და ერთმან ვინმე წინაშე
მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური
მისი. 48. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა
და წათებითა შეპყრობად ჩემთა. 49. დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ,
და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი. 50. მაშინ მოწაფეთა მისთა
ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. 51. და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა
არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. 52. და მან დაუტევა არდაგი
და ივლტოდა მათგან შიშუელი.
53. და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი
და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა
ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა
ცეცხლისასა. 55. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს
მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს. 56. რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს
მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი. 57. და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა
წამებდეს მისთჳს და იტყოდეს, 58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ:
მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი.
59. და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი. 60. და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი
შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? 61.
ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი
იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ? 62. ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ:
მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი
ღრუბელთა თანა ცისათა. 63. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და
თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? 64. გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს
თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა. 65. და იწყეს ვიეთმე
ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ
ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის
ცემად.
66. და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ.
67. და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს
თანა ნაზარეველისა. 68. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე
იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო. 69. და კუალად
იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა
მათგანივე არს. 70. ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე
მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ,
სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს. 71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ:
არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ. 72. და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და
მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა
ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.
1. და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა
და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს
იგი პილატეს. 2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო
იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 3. და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი
ფრიად. 4. ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა
შეგწამებენ შენ! 5. ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს. 6. და
რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან. 7. ხოლო იყო
ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა. 8. და ღაღატ-ყო
ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის. 9. ხოლო პილატე
მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? 10. რამეთუ
იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ. 11. ხოლო მღდელთ-მოძღუართა
მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ. 12. ხოლო პილატე მერმეცა მიუგო
და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?
13. ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე. 14. ხოლო პილატე ეტყოდა
მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ
ეგე. 15. ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს
სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.
16. ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და
შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები. 17. და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული
ეკალვაგან გჳრგჳნი. 18. და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო
ჰურიათაო! 19. და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან
მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას. 20. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული
იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. 21. და
პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ
ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.
22. და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.
23. და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო. 24. და ჯუარს-აცუეს
იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ
აღიღოს. 25. ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი. 26. და იყო ზედაწერილი
ბრალისა მისისაჲ ესრეთ დაწერილი: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ. 27. და მის თანა ჯუარს-აცუნეს
ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა. 28. და აღესრულა წერილი
იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა. 29. და თანა-წარმავალნი
იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას
და მესამესა დღესა აღაშჱნებდ, 30. იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.
31. ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი
აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა! 32.
გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს. და მის თანა ჯუარ-ცმულნიცა
იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას. 33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა
ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა
და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო,
რაჲსათჳს დამიტეობ მე? 35. და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა
ელიას ხადის. 36. და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა
და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.
37. ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 38. და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ
მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე. 39. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან,
რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად
კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო. 40. ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს,
რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ
და სალომე, 41. რომელნი, ოდეს იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი
მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.
42. და ვითარცა შემწუხრდებოდა, – რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს შაბათისა,
– 43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა
ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი. 44. ხოლო პილატეს
დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე
მოკუდა. 45. და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს. 46.
და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა
მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი
კარსა ზედა მის საფლავისასა. 47. იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი
და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას.
1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან
და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა
მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა.
3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?
4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ
ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო,
შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით!
იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა
დადვეს იგი. 7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ:
აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. 8.
და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ
იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
9. ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა,
რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. 10. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა
მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11. და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და
ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12. ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა
გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. 13. და იგინი მოვიდეს და უთხრეს
სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14. უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ
ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს
აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ
სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს;
და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს:
სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ;
დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ,
და განცოცხლდებოდიან.
19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით
ღმრთისა. 20. ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა
და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.