პავლე მოციქულისა წიგნი
თესალონიკელთა მიმართ

მეორე

თავი 1

1. პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

3. მადლობაჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს, 4. ვიდრეღა ჩუენ თჳთ თქუენთჳს ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა მოთმინებისა მის თქუენისათჳს და სარწმუნოებისა ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ 5. სახედ სიმართლისა, საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათჳსცა გევნების. 6. უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი, 7. და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა, 8. ცეცხლითა ალისაჲთა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, 9. რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, 10. რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა, 11. რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა, 12. რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.

 

თავი 2

1. ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, 2. რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ. 3. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, 4. მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. 5. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ? 6. და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა. 7. რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, 8. და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, 9. რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა 10. და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, 11. ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, 12. რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა.

13. ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა, 14. რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 15. ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა. 16. ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი მადლითა მით, 17. ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და საქმითა კეთილითა.

 

თავი 3

1. ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ, 2. და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ. 3. ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან. 4. ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა. 5. ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.

6. გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან. 7. რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის; 8. და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ, 9. არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ. 10. და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ. 11. რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ. 12. ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ. 13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად. 14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს. 15. და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა. 16. ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!

17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:

18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.