პავლე მოციქულისა წიგნი
ტიმოთეს მიმართ

პირველი

თავი 1

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, და უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა, 2. ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებით, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

3. ვითარცა-იგი გლოცევდ შენ დადგრომად ეფესოს შინა, მირაჲ-ვიდოდე მაკედონიად, რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ, 4. არცა ერჩდენ ზღაპართა და ტომის-რაცხათა დაუსრულებელთა, რომელთა-იგი ძიებაჲ შეამთხჳან უფროჲს, ვიდრე მოღუაწებაჲ ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებით. 5. ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, 6. რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. 7. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ. 8. ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი; 9. უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის-მკლველთა, 10. მეძავთა, მამათმავალთა, კაცის მსყიდელთა, მტყუართა, ცრუფიცთა და სხუაჲ, რომელ რაჲმე სიცოცხლისა ამის მოძღურებასა უჴდების, 11. სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე. 12. და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას, 13. რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა. 14. ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ. 15. სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ. 16. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ. 17. ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

18. ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, 19. და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს; 20. რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად.

 

თავი 2

1. გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, 2. მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, 3. რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, 4. რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. 5. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე, 6. რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა, 7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა. 8. მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა; 9. ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა, 10. არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა. 11. დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა. 12. მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. 13. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. 14. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, 15. არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.

 

თავი 3

1. სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. 2. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, 3. არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, 4. თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. 5. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს? 6. ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. 7. არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა. 8. დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, 9. აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. 10. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან. 11. ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა. 12. დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედამდგომელ და თჳსისა სახლისა. 13. რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონობდენ, პატივი თავთა თჳსთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაჲ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

14. ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა; 15. ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ. 16. და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.

 

თავი 4

1. ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა 2. ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა, 3. აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ. 4. რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, 5. რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.

6. ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ. 7. ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა, 8. რამეთუ ჴორციელი წურთილებაჲ წუთერთ ჟამ სარგებელ არს; ხოლო ღმრთის მსახურებაჲ ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქუმაჲ აქუს ცხორებისაჲ აწინდელისა და მერმისაჲ. 9. სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს. 10. რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.

11. ამცნებდ ამას და ასწავებდ. 12. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. 13. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; 14. ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა. 15. ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა. 16. ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი.

 

თავი 5

1. მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა, 2. მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა. 3. ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა. 4. უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა. 5. ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე. 6. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს. 7. და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ. 8. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს. 9. ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ, 10. და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა. 11. ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. 12. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. 13. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. 14. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. 15. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა. 16. უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს.

17. რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა. 18. რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. 19. ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა. 20. და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის. 21. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. 22. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. 23. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს. 24. რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან. 25. ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.

 

თავი 6

1. რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს. 2. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.

3. უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, 4. განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი, 5. გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან. 6. ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით. 7. რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების. 8. ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ. 9. ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად. 10. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.

11. ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა; 12. მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა. 13. გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ 14. დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, 15. რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, 16. რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.

17. მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად, 18. კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ, 19. და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა, რაჲთა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა.

20. ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა, 21. რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს.

მადლი შენ თანა. ამინ.