მეორე ნეშტთა

26

1. და მოიყვანა ყოველმან ერმან ქუეყანისამან ოზია, ძე მისი, და იყო იგი ათექუსმეტის წლისა და მეფე ყვეს იგი ამასიას წილ, მამისა მისისა.

2. და ამან აღაშენა აელათი და მოაქცია იგი იუდასსა და შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა მეფისა.

3. ძე ათექუსმეტისა წლისა მეფე იქმნა ოზია, ერგასისდაორ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა იექელია იერუსალჱმით.

4. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

5. და ეძიებდა უფალსა დღეთა ზაქარიასთა გულისხმის-მყოფელისათა შიშითა უფლისათა, დღეთა მისთა ეძიებდა უფალსა და წარუმართა მას უფალმან.

6. და განვიდა და ჰბრძო უცხოთესლთა და დაარღჳვნა ზღუდენი გეთისა, იაბისნი და ზღუდენი აზოტესანი, და აღაშენნა ქალაქნი აზოტესანი უცხოთესლთა შორის.

7. და განაძლიერა იგი უფალმან უცხოთესლთა ზედა და არაბიელთა, რომელნი მკჳდრ იყუნეს პეტრას და მივნეელთა ზედა.

8. და მოართმიდეს მინეველნი ძღუენსა ოზიასა, და ითქმოდა სახელი მისი ვიდრე შესავალადმდე ეგჳპტისა, რამეთუ განძლიერდა იგი, ვითარცა სიმაღლედ.

9. და აღაგო ოზია გოდლები იერუსალჱმს ბჭესა მას ზედა საკიდურისასა და ბჭესა მას ზედა ჴევისასა და ყოველთა კიდეთა და განამტკიცა ქალაქი.

10. და აღაშენა გოდლები უდაბნოს და აღმოკუეთა ჯურღმულები მრავალი, რამეთუ იყო საცხოვარი მრავალ ვაკესა მისა სეფელას, ერი და ვენაჴისმოქმედნი მთათა გარე და კარმელის ზედა, რამეთუ ქუეყანისსაქმესა მოყვარე იყო.

11. და იყო ოზიასი ერი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა განმავალნი წყობასა რიცხჳთ. და იყო რიცხჳ იგი იერუსალჱმით მწიგნობრისათა და მასეა მსაჯულისათა და ჴელითა ანანიასითა, მსახურისა მის მეფისათა.

12. და ყოველი რიცხჳ ძლიერთა მათ ტომისა მთავართა ბრძოლად ორ ათას და ექუსას.

13. და მათ თანა ძალი მბრძოლთა სამასშჳდ ათას და ხუთას: ესენი იყუნეს, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა ძლიერებისასა ძალითა შემწედ მეფისა მტერთა მიმართ.

14. და მოუმზადებნ ოზია ყოველსა მას ერსა ფარსა, და ლახუარსა, ჯაჭუსა, და ჩაფხუტსა, მშჳლდსა, და ისარსა, და შურდულსა სისრად ქვისა.

15. და ქმნა იერუსალჱმს მანქანები მანქანებად რჩეულად, რათა იყუნენ გოდოლთა ზედა სისრად ისრითა და ქვებთა დიდ-დიდთა და განითქუა მომზადება იგი ამათ საქმეთა შორად, რამეთუ საკჳრველი ქმნა საშინელად ვიდრე განძლიერდა ფრიად.

16. და ვითარცა განძლიერდა, ამაღლდა გული მისი და განიხრწნა და ცოდა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, რამეთუ შევიდა ტაძრად უფლისა კუმევად საკუმეველისა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

17. და შევიდა მისა აზარია მღდელი და მის თანა მღდელნი უფლისანი ოთხმეოცნი, ძენი ძლიერებისანი.

18. და მიადგეს ოზია მეფეს და ჰრქუეს მას: არა არს, ოზია მეფე, შენი კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა, არამედ მღდელთა ძეთა აჰრონისთა, რომელნი განწმედილ არიან, კუმევად, გამოვედ სიწმიდისაგან, რამეთუ განსდეგ უფლისაგან და არა იყოს ესე შენდა დიდებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა

19. და განრისხნა ოზია და ჴელსა მისსა ეპყრა სასაკუმევლე კუმევად ტაძარსა შინა უფლისასა და ვითარ-იგი განრისხნა მღდელთათჳს, კეთროვნება გამოჩნდა შუბლსა მისსა წინაშე მღდელთა მათ სახლსა შინა უფლისასა ზედა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა.

20. და მიიქცა მისა მღდელი იგი მთავარი და სხუანი იგი და, აჰა ესერა, მას აჩნდა კეთროვნებაჲ შუბლსა მისსა და ასწრაფებდეს მას მღდელნი იგი გარდამოსლვად მიერ და თჳთ იგიცა ისწრაფდა გარდამოსლვად, რამეთუ ამხილა მას უფალმან.

21. და იყო ოზია მეფე კეთროვან ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა და სახლსა შინა აფუთიოსისასა ჯდა განკეთროვნებული, რამეთუ განეშორა სახლისაგან უფლისა. და იოთამ იყო ძე მისი მეფობასა მისსა ზედა, და სჯიდა ერსა ქუეყანისასა.

22. და სიტყუანი ოზიასნი პირველნი და შემდგომნი წერილ არიან ესაიას მიერ წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა.

23. და დაიძინა ოზია მამათა მისთა თანა ველსა მას საფლავისა მის მეფეთასა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: კეთროვან არს, და მეფობდა იონათამ, ძე მისი, მის წილ.

27

1. ძე ოცდახუთისა წლისა იყო იონათამ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა იერუსა, ასული სადუკისი.

2. და იწყო სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ოზია, მამამან მისმან, არამედ არა შევიდა ტაძრად უფლისა. და მერმე ერი იგი გან-ვე-იხრწნებოდა.

3. და ამან აღაშენა ბჭე იგი სახლისა უფლისაჲ მაღალი და ზღუდესა ოფლასასა აშენა ფრიად.

4. ქალაქები აღაშენა მთასა იუდასასა და მაღნართა შინა საყოფლები და გოდლები.

5. და ამან ჰბრძო მეფესა ძეთა ამონისთასა და განძლიერდა მის ზედა და მოსცემდეს მას ძენი ამონისნი წლითი წლად ასსა ტალანტსა ვერცხლსა, რომელ არს ასი ქანქარი და ასი ათასსა საწყავსა იფქლსა და ათი ათასსა ქრთილსა. ამას მოართმიდეს მას მეფე ამონ წლითი წლად პირველსა წელსა და მეორესა და მესამესა

6. განძლიერდა იონათამ, რამეთუ განმზადნა გზანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა მისისა.

7. და სხუანი სიტყუანი იონათამისნი და ბრძოლანი და საქმენი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისთა.

8. და იყო წლისა ოცდახუთისა, ოდეს დაჯდა მეფედ, და იმეფა ათექუსმეტ წელ იერუსალჱმს.

9. და დაიძინა იონათამ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.

28

1. ძე ოცისა წლისა იყო აქაზ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალემს და არა ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

2. და ვიდოდა იგი გზათა მათებრ მეფეთა ისრაჱლისათა და რამეთუ გამოქანდაკებულნიცა ქმნნა.

3. ხატთა მათთა უზორვიდა ქუეყანასა ბენიამენისასა და განყვანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა საძაგელებათაებრ წარმართთასა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა,

4. და უკმევდა მაღალთა ზედა და ერდოებსა ზედა ქუეშე და ყოველსა ხესა მაღნარისასა.

5. და ამისთჳს მოსცა იგი უფალმან ჴელთა მეფისა ასურისათა და მოსრა და წარტყუენა ტყუედ მრავალნი დამასკედ და შეასმინა მეფესა ისრაჱლისასა და ტანჯნა იგინი დიდად წყლულებითა დიდითა.

6. და მოსრა ფაკე, ძემან ჰორომელისმან იუდასაგანი ერთსა დღესა შინა ასდაორი ათასი კაცთა ძლიერთა ძალითა დატევებისა მისთჳს უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

7. და მოკლა ეზექრი ძლიერმან ეფრემისთამან ამასია, ძე მეფისა, და ეზრიკამ, მთავარი სახლისა მისისა, და ელკანა, მსახური მეფისა.

8. და წარტყუენეს ძეთა ისრაჱლისათა ძმათაგან მათთა სამ ათასი დედაკაცი და ძენი, ასულნი მათნი და ნატყუენავი მრავალი წარტყუენეს მათგან და შეიღეს ნატყუენავი იგი სამარიად.

9. და მუნ იყო წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, ოდედ სახელი მისი, და განვიდა შემთხუევად ერისა მის, რომელი მოვიდოდა სამარიად, და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, რისხვაჲ უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა იუდასა ზედა. და მოგცნა იგინი ჴელთა თქუენთა და მოსრენით მათ შორის რისხვით და ვიდრე ცადმდე მიიწია ესე

10. და აწ თქუენ იტყჳთ იუდასა და იერუსალჱმსა დამონებად და მჴევლებად დაპყრობასა, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ მოწამედ უფლისა ღმრთი- სა თქუენისა.

11. აწ ისმინეთ ჩემი და განუტევეთ ტყუე ეგე, რომელი წარმოსტყუენვეთ ძმათა თქუენთა, რამეთუ რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს თქუენ ზედა.

12. და აღდგეს მთავარნი ძეთაგან ეფრემისათანი: აზარია, ძე იონანისი, და ბარაქია, ძე მოსოლამოთისი, და ეზეკია, ძე იელემისი, და ამასია, ძე ადაასი, მომავალთა მათ წინაშე ბრძოლით.

13. და ჰრქუეს მათ: არა შემოიყვანოთ აქა ჩემდა ტყუე, რამეთუ ცოდვა არს ესე ჩუენდა უფლისა მიმართ და თქუენ იტყჳთ დართვად ცოდვა ცოდვასა ზედა ჩუენსა და უმეცრებაჲ უმეცრებასა ზედა ჩუენსა, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი და რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს ისრაჱლსა ზედა

14. მაშინ განუტევეს მბრძოლთა მათ კაცთა ტყუჱ იგი ნატყუენავი წინაშე მთავართა მათ და ყოვლისა კრებულისა.

15. და აღდგეს კაცნი, რომელნი იწოდნეს სახელით, და შეწევნა-სცეს ტყუეთა მათ, და ყოველნი შიშუელნი შემოსნეს ნატყუენავისა მისგან და შემოსნეს იგინი და ფერჴთა შეასხნეს მათ და სცეს მათ საზრდელი და საცხებელი, აღსხეს კარაულებსა ყოველი უძლური და მიგზავნნეს იგინი იერიქოდ ქალაქად დანაკისკუდოვანად და ძმათა მიმართ მათთა, და მიიქცეს სამარიად

16. მას ჟამსა შინა წარავლინა აქაზ მეფისა ასურთასა, რათა შეეწეოდის მას.

17. და მერმეცა იდუმელნი და-ვე-ესხნეს და მოსრეს იუდას შორის მრა- ვალი, და წარიღეს ტყუჱ.

18. და უცხოთესლნი მოეტევნეს ქალაქებსა მას ვაკისასა და ჩრდილოთ კერძო იუდასა, და დაიპყრეს ბეთსამუსი, და იალონი, და გადეროთი, და სიოქოა და დაბნები მისი, და თამნა, დაბნები მისი, და გამეზა და დაბნები მისი, და დაემკჳდრნეს მათ შინა.

19. რამეთუ დაამდაბლა ღმერთმან იუდა აქაზის ძლით, მეფისა იუდასი, რამეთუ განდგომით განდგა უფლისაგან.

20. და მოვიდა მის ზედა თაგალათფალნასარ, მეფე ასურეთისა, და მოსრა იგი.

21. და მოიღო აქაზ, რაჲ-იგი იყო საფასე სახლისა უფლისაჲ, და სახლისა სამეფოსა, და მთავართა, და მისცა იგი მეფესა ასურეთისასა და არად შესაწევნელ ექმნა მას, არამედ უფროსღა საჭირველ.

22. და მერმე შე-ღავე-სძინა აქაზ განდგომად უფლისაგან.

23. და თქუა აქაზ მეფემან: გამოვიძინე ღმერთნი დამასკისანი, რომელნი მგუემენ. და თქუა, ვითარმედ: ღმერთნი, მეფისა ასურეთისანი, იგინი განაძლიერებენ მათ, აწ მათ უგო მეცა და შემეწეოდიან მე და ესენი ექმნნეს მათ საწერტელ ყოველსა ისრაჱლსა.

24. და განაშორა აქაზ ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ. და დაარღჳა იგი და დაჰჴსნნა კარნი სახლისა უფლისანი, და ქმნა იგინი საკურთხეველებად ყოველთა ყურეთა იერუსალჱმისათა.

25. და ყოველთა ქალაქ-ქალაქად იუდასთა ქმნნეს მაღალნი კუმევად ღმერთთა უცხოთესლთასა და განარისხეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა.

26. და ნეშტნი სიტყუანი აქაზისნი და საქმენი მისნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. და მოკუდა აქაზ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა, ხოლო არა დაფლეს იგი საფლავსა მეფესა იუდასთასა და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ

29

1. და ეზეკია მეფე რაჲ იქმნა, იყო იგი ოცდახუთის წლისა და ოცდა-ცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა აბაუთა, ასული ზაქარიასი.

2. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა დავით, მამამან მისმან.

3. და იყო, ვითარცა დადგა მეფობასა თჳსსა ზედა და პირველსა თუესა განახუნა კარნი სახლისა უფლისანი და განაგნა იგინი.

4. და შეიყუანნა მღდელნი და ლევიტელნი და დაადგინნა იგინი ადგილსა მას ზედა მზისა აღმოსავლით კერძო.

5. და ჰრქუა მათ: ისმინეთ, ლევიტელნო! აწ განიწმიდენით და განწმიდეთ სახლი უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა და განაბნიეთ ყოველი არაწმიდაჲ სიწმინდეთაგან.

6. რამეთუ განდგეს მამანი ჩუენნი და ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა და დაუტევეს იგი და გარემიიქციეს პირი მათი კარვისაგან უფლისა და ზურგი შეაქციეს.

7. და დაჴსნეს ბჭენი ტაძრისანი და დაშრიტნეს სანთელნი, და საკმეველი არა აკმიეს, და ყოვლად დასაწველნი არა შეწირნეს წმიდისა ღმრთისა ისრაჱლისა.

8. და განრისხნა გულისწყრომით უფალი იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა და მისცნა იგინი განსაკრთოლველად და განსარყუნელად, და დასატჳნველად, ვითარცა-ეგე ხედავთ თუალითა თქუენითა.

9. და აჰა, ესერა, წყლულ არიან მამანი თქუენნი, და ცოლნი თქუენნი, და შვილნი თქუენნი ტყუეობითა ქუეყანასა არა მათსა.

10. და აწცა არს მათ ზედა აღთქუმად აღთქუმა გულითად სჯულისა უფ- ლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და გარეწარაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა ჩუენგან.

11. და აწ ნუ დააკლებთ, რამეთუ თქუენი სათნო იყო უფალმან წარდგომად წინაშე მისსა მსახურებად და ყოფად და კუმევად საკუმეველისა.

12. და დადგეს ლევიტელნი იგი განახლებად სახლისა მისთჳს უფლისა: მაეთ ამასიასი, და იოილ ზაქარიასი ძეთაგან კაათისთა; და ძეთაგან მერარისთა: კის აბდისი, და აზარია იელელელისი; და ძეთაგან გერსონისთა: იოვა ზემათისი, და იოდან იოაქასი;

13. და ძეთაგან ელისაფანისთა: ზამბრი და იაიელ; და ძეთაგან ასაფისთა: ზაქარია და მატთანია;

14. და ძეთაგან ემანისთა: იეიელ და სემეი; და ძეთაგან იდუთუმისთა: სამაია და ოზიელ.

15. და შეკრიბნეს ძმანი მათნი და განწმიდნეს მსგავსად მცნებისა მის მე- ფისა ბრძანებითა უფლისათა განწმედად სახლი იგი უფლისაჲ.

16. და შევიდეს მღდელნი იგი შინაგან სახლსა მას უფლისასა წმიდა-ყოფად მისა, და გამოიღეს ყოველი არაწმიდაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა, და ეზოსა სახლისა უფლისასა, და იწყეს ლევიტელთა მათ განღებად გარე ჴევსა მას ნაძუთასა.

17. და ჴელ-ყვეს დღესა მას პირველსა თჳსთავსა თთჳსა მის პირველისასა განწმედად. და დღესა მერვესა მის თთჳსასა შევიდეს ტაძრად უფლისა. და წმიდა-ყვეს ტაძარი უფლისაჲ რვასა დღესა, და დღესა მეათექუსმეტესა თთჳსა მის პირველისასა აღასრულეს.

18. და შევიდა ეზეკია მეფე და ჰრქუა: განსწმიდეთ ყოველი, რა არს სახლსა უფლისასა, საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა და ჭურჭელი მისი, საკურთხეველი პირველი და ჭურჭელნი მისნი

19. და ყოველი სამსახურებელი მისი, რამეთუ შეაგინა აქაზ მეფემან მეფობასა თჳსსა, განდგომასა მას მისსა, აწ მზა-გჳყოფიეს და განგჳწმედიეს. და, აჰა, ესერა, არს წინაშე საკურთხეველსა უფლისასა.

20. და აღიმსთო ეზეკია მეფემან და შეკრიბნა მთავარნი ქალაქისანი და აღვიდა ტაძრად უფლისა.

21. და შესწირა ზუარაკები შჳდი, ვერძები შჳდი, ტარიგები შჳდი, ვაცები თხათა შჳდი ცოდვისათჳს, მეფობისათჳს, სიწმიდისა და ისრაჱლისათჳს, და ჰრქუა ძეთა ჰარონისთა მღდელთა აღსლვა საკურთხეველსა უფლისასა.

22. და დაკლეს ზურაკები იგი, და მოიღეს მღდელთა სისხლი იგი მათი. და მოაპკურეს გარემო საკურთხეველსა, და დაკლეს ტარიგები იგი, და მოაპკურეს სისხლი მათი გარემო საკურთხეველსა.

23. და მოასხეს ვაცები იგი, რომელი იყო ცოდვათათჳს წინაშე მეფისა და კრებულისა მის და დასხნეს ჴელნი მათნი მათ ზედა.

24. და დაკლნეს იგინი მღდელთა მათ და ლხინება-ყვეს სისხლითა მით საკურთხეველსა ზედა. და ლხინება-ყვეს ყოვლისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისათჳს ისრაჱლისა თქუა მეფემან შეწირვა იგი ყოვლად დასაწველთა მათ, და რომელი ცოდვისათჳს ყვეს.

25. და დაადგინნა ლევიტელნი იგი სახლსა შინა უფლისასა წინწილითა და ებნითა და სტჳრითა მეცნიერებისა მისებრ დავითის მეფისა და გადის მხილველისა, რომელი იყო მეფისა და ნათან წინაწარმეტყუელისა, რამეთუ მეცნიერებისაებრ უფლისა იყო ბრძანებაჲ ესე ჴელსა წინაწარმეტყუელთათა

26. და დადგეს ლევიტელნი იგი სტჳრითა დავითისითა და მღდელნი იგი ნესტჳთა.

27. და უბრძანა მეფემან შეწირვა ყოვლად დასაწველთა მათ და იწყეს მათცა გალობად უფლისა და საყჳრნი იგი სტჳრთა თანა დავითის მეფისა ისრაჱლისთა.

28. და ყოველი იგი კრებული თაყუანის-ცემად და მეფსალმუნენი იგი გალობდეს, და ნესტუებსა მას სცემდეს, ვიდრე დაესრულნეს ყოვლად დასაწველნი.

29. და ვითარცა აღასრულეს შეწირვა იგი, დამოდრკა მეფე და ყოველნი, რომელნი იყუნეს, და მუნ თაყუანის-სცეს უფალსა.

30. და ჰრქუა ეზეკია მეფემან და ყოველთა მთავართა ლევიტელთა მათ, რათა უგალობდენ უფალსა სიტყუათა დავითისათა და ასაფის წინაწარმეტყუელისათა და გალობდეს სიხარულით და დავარდეს და თაყუანის-სცეს უფალსა.

31. და მიუგო ეზეკია და ჰრქუა: აწ აღასრულენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ; მოიღეთ აწ და შესწირეთ მსხუერპლები და ქება იგი სახლსა უფლისასა. და მოართვა კრებულმან საკლავები და ქებისა იგი შესაწირავი ტაძრად უფლისა და ყოველმან გულთ-მოდგინემან გულითა, და ყოვლად დასაწველები

32. და იყო რიცხჳ იგი ყოვლად დასაწველთა მათ, რომელი შეწირა კრებულმან: ზვარაკი სამეოცდაათ, ვერძი ას, ტარიგი ორას, ყოვლად დასაწველად უფლისა ესე ყოველი.

33. და შეწირეს ზვარაკები ექუსასი და ცხოვარი სამათასი.

34. არამედ მღდელნი მცირედ იყუნეს და ვერ ეძლო განჴდად ყოვლად დასაწველები იგი და შეეწეოდეს მათ ძმანი მათნი ლევიტელნი, ვიდრე აღესრულა საქმე იგი, და ვიდრე განწმიდეს მღდელნი, ლევიტელნი, განწმიდეს გულსმოდგინედ უწინარეს მღდელთა.

35. და ყოვლად დასაწველი იგი ფრიად იყო ცმელთა თანა სრულებისა მის ცხორებისათა დასაწუელი იგი ყოვლად მწვართასა და წარმოემართა საქმე იგი სახლსა შინა უფლისასა.

36. და განიხარა ეზეკია და ყოველმან ერმან მისთჳს, რამეთუ განემზადა ერი იგი უფლისაჲ, რამეთუ მეყსეულად იქმნა საქმე იგი.

30

1. და წარავლინა ეზეკია ყოვლისა ისრაჱლისა და იუდასა და წიგნები მისწერა ეფრემსა და მანასესა, რათა მოვიდენ სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ ყოფად პასექისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

2. და იზრახა მეფემან და მთავართა და ყოველმან კრებულმან, რომელი იყო იერუსალჱმს ყოფად პასქა თვესა მას მეორესა.

3. რამეთუ ვერ ეძლო ყოფად იგი მას ჟამსა, რამეთუ მღდელნი მრავალნი არღა განწმედილ იყუნეს და არცა ერი შეკრებილ იყო იერუსალჱმდ.

4. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე მეფისა და წინაშე კრებულისა მის.

5. და განაჩინეს სიტყუაჲ განსლვად ქადაგი ყოველსა ისრაჱლსა ბერსაბეთგან ვიდრე დანამდე, რათა მოვიდენ და ყონ პასექი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა იერუსალჱმს, რამეთუ სიმრავლემან არა ყო წერილისა მისებრ.

6. და წარვიდეს მალედმსრბოლნი იგი წიგნებითა მეფისა მიერ და მთავართა მიერ ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა და იუდასა ბრძანებისაებრ მეფისა, და იტყოდეს ძენი იგი ისრაჱლისანი: მოიქეცით მიმართ ღმრთისა აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა და მოაქციენით განრინებულნი იგი ნეშტნი ჴელისაგან მეფისა ასურთასა

7. და ნუ იყოფით, ვითარცა მამანი თქუენნი და ძმანი თქუენნი, რომელნი განდგენ უფლისაგან ღმრთისა მამათა თქუენთასა, და მისცნა იგინი ოჴრებად, ვითარცა-ესე ხედავთ თქუენ.

8. და აწ ნუ განიფიცხებთ ქედთა თქუენთა, არამედ მიეცით დიდებაჲ უფალსა ღმერთსა და შევედით სიწმიდესა მისსა, რომელი განმზადა საუკუნოდ, და ჰმონებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და გარემიაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა თქუენგან.

9. რამეთუ მოქცევითა თქუენითა უფლისა მიმართ ძმანი და შვილნი თქუენნი წყალობასა შინა იყუნეს წინაშე ყოველთა წარმტყუენელთა მათთა და მოაქცივნეს იგინი ქუეყანად თჳსა, რამეთუ მოწყალე არს და მწყალობელ უფალი ღმერთი ჩუენი, და არა გარემიაქციოს პირი მისი ჩუენგან, უკუეთუ მოიქცეთ მისა

10. და მალედმსრბოლნი იგი ვიდოდეს ქალაქით ქალაქად მთასა ეფრემისა და მანასესა და ვიდრე ზაბულონადმდე და იგინი ბასრობდეს მათ და შეურაცხ-ყუნეს იგინი.

11. ხოლო კაცთა მათ ასერისთა და მანასესა, და ზაბულონისთა შეიკდიმეს და მოვიდეს იერუსალჱმდ.

12. და იუდად იყო ჴელი უფლისაჲ მიცემად მათა გული ერთი მოსლვად და ყოფად ბრძანებისა მისებრ მეფისა და მთავართასა სიტყუათა უფლისათა.

13. და შემოკრიბეს იერუსალჱმდ, მრავალნი ერნი ყოფად დღესასწაულისა მის უცომოებისათა, მეორესა მას თვესა კრებული დიდ ფრიად.

14. და აღდგეს და დაარღჳეს ბომონები იგი საკერპო იერუსალჱმს და ყოველივე, სადა-იგი უკუმევდეს ტყუილისათა მათ კერპთა. დაარღჳეს და შთააბნიეს ჴევსა მას გედრონისათა.

15. და დაკლეს პასექი იგი მეათორმეტესა დღესა თჳსასა მის მეორისასა, და მღდელთა მათ და ლევიტელთა შეიკდიმეს და განწმიდნეს თავნი თჳსნი და შეიღეს მრგულიადმწურები იგი სახლად უფლისა.

16. და დადგეს სადგურსა თჳსსა მცნებისაებრ მოსესა, კაცისა ღმრთისასა, და მღდელნი იგი მოიღებდეს სისხლსა ჴელთაგან ლევიტელთასა.

17. რამეთუ სიმრავლე კრებულისა მის არღარა განწმედილ იყო, და ლევიტელნი იგი დაკლვიდეს პასექსა ყოვლისათჳს, რომელ ვერ შემძლებელ იყუნეს წმიდა-ყოფად წინაშე უფლისა.

18. რამეთუ მრავალი ერი ეფრემისგანი და მანასესი, და იზაქარისი, და ზაბულონი არა განწმედილ იყუნეს, არამედ ჭამეს პასქა იგი თჳნიერ წერილისა. და ილოცა ეზეკია ერისათჳს და თქუა: უფალმან სახიერმან ლხინება-უყავნ

19. ყოვლისათჳს გულისა, რომელსა წარუმართებიეს გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა და არა განწმედისაებრ წმიდათასა.

20. და შეისმინა უფალმან ლოცვა ეზეკიასი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

21. და ყვეს ძეთა ისრაჱლისთა, რომელნი იპოვნეს იერუსალჱმს, დღესასწაული უცომოთა შჳდ დღე სიხარულითა დიდითა და უგალობდეს ღმერთსა დღითი დღედ და მღდელნი და ლევიტელნი სტჳრითა უფალსა.

22. და ეტყოდა ეზეკია ყოველთა გულთა ლევიტელთასა და ყოველთა გულისხმისმყოფელთა გულისხმისყოფისა კეთილისათა უფლისა მიმართ და აღასრულეს დღესასწაული იგი უცომოებისა და შჳდ დღე შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა და აღუარებდეს უფალსა ღმერთსა მამათა მათთასა.

23. და იზრახა კრებულმან ყოველმან ერთბამად ყოფად შჳდ დღე სხვა, და ყვეს შჳდ დღე სიხარული.

24. რამეთუ ეზეკიამ შეუწირა იუდასსა კრებულსა ზუარაკი ათასი, ცხოვარი შჳდ ათასი. და მთავართა მათ შეწირეს ერისათჳს ზუარაკი ათასი, და ცხოვარი ათი ათასი, და სიწმიდე იგი მღდელთა მრავლად ფრიად.

25. და იხარებდა ყოველი იგი კრებული, მღდელნი და ლევიტელნი, და ყოველი იგი ერი იუდასი, და რაოდენნი იპოვნეს ისრაჱლისგანნი, და მწირნი, რომელნი მოსრულ იყუნეს ქუეყანით ისრაჱლისათ და რომელნი მკჳდრ იყუნეს იუდასა შორის.

26. და იყო სიხარული დიდი იერუსალჱმს, რამეთუ დღითგან სოლომონისითა, ძისა დავითის მეფისა ისრაჱლისა, არა იყო ეგევითარი დღესასწაული იერუსალჱმს.

27. და აღდგეს მღდელნი იგი და ლევიტელნი და აკურთხეს ერი იგი. და სასმენელ იქმნა ჴმაჲ მათი და მიიწია ლოცვა მათი სამკჳდრებელსა წმიდასა უფლისასა ზეცად.