რა მცირედით დაიწყო უძღები შვილის დაცემა და როგორ უფსკრულში ჩავარდა! შეცოდება ყოველთვის უმნიშვნელოდან იწყება, რამეთუ ცოდვა თავისი ნამდვილი სახით - საზიზღარია... მტერი ცოტ-ცოტათი თესავს გულისთქმათა არაწმინდებას, ვიდრე გულს სავსებით დაუმონებდეს ცოდვას... პირველი ფანდი მაცთურებისა - გულისთქმის (მხოლოდ) აღძრვა... მერმე და მერმე კი ამ უმნიშვნელო გულისსიტყვის გარშემო, რომელიც ყოველთვის როდი ჩანს შეუფერებელი, თავს იყრის ვეება ღრუბელი გულისთქმათა, რომელიც სულს აბნელებს... შემდეგ ბოროტი ვნებათა ნიავწვლილს მოჰბერს სულში, რომელიც საბოლოოდ ვნებათაღელვის ქარიშხალს უერთდება... გულის გაციება ღვთის სათნომყოფელობაში უკვე დიდი დაცემაა... აქედან კანონი ხსნისა: მოვიდა ცდუნება - გააძევე, ნუ დაეთანხმები, და თავისუფალი იქნები დაცემისაგან... ევას, რომ მაშინვე განეგდო გველი, აღარ შესცოდებდა... დაიცევ საღმრთო მცნებანი, მით ზომავდე შენს ნაბიჯებს.
ეპისკოპოსი თეოფანე
არაწმინდებითა და შიმშილით გათანგული ბრუნდებოდა უბედური ახალგაზრდა მამასთან... და რა მოხდა? არცერთი სიტყვა საყვედურისა, არანაირი მრისხანე გამომეტყველება... მამის გულში განახლდა მამობრივი სინაზე, რომელიც (ამ) უბედურში ხედავდა შვილს და არა დამნაშავეს... ღვთის თვალში ადამიანური სული ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე, თუნდაც, მთელი სამყარო... მონანულ ცოდვილს ღმერთო შორიდანვე სჭვრეტს და იღებს თავს წიაღში... მამა ეუბნება მონებს: „გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ და შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა“. სამოსელი ესე - სახეა უბიწოებისა, რომელშიაც შეგვმოსა ეკლესიამ ნათლისღების ჟამს... ხამლი - ღვთიური მადლი, რომელიც განგვამტკიცებს უფლისმიერ მცნებათა გზაზე... ბეჭედი - ნიჭია შვილებისა, რომლითაც პატივგვცა მამაზეციერმა, გვიშვილა რა ქრისტე იესუს მიერ.
(სთქვავე მამამან: მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ - ეს კი სახეა ჯვარზედ ჩვენთვის (ცოდვილთათვის) დაკლული ქრისტესი, რომლის სისხლითა და ხორცითაც დღევანდელ დღემდის ვსაზრდოობთ მართლმადიდებელი ქრისტიანები).
იგავში უძღები შვილის შესახებ უფალი გვიჩვენებს, რომ ყველაზე უკანასკნელი ცოდვილიც კი შეიძლება წამოდგეს და რომ ზეციური მამა მონანულ ცოდვილებს სიხარულითა და მამობრივი სიყვარულით იღებს თავის სასუფეველში... ჩვენ ანგელოსთა უმცროსი ძმები ვართ მამაზეციერის სახლში... და ჩვენ მისგან გარკვეული მემკვიდრეობა მივიღეთ - სხვადასხვაგვარი ბუნებითი და მადლიანი ნიჭები... მაგრამ ჩვენ ვტოვებთ მამას და მივდივართ „სოფელსა შორსა“, ანუ ვეხეტებით ცოდვის ჯურღმულებში და ვფლანგავთ მემკვიდრეობას, ე.ი. ვკარგავთ მადლს... და განვიძარცვებით რა მადლისაგან, გულსმოდგინედ ვიწყებთ ეშმაკის მსახურებას იმ საცოდავი თავშექცევისთვის, რითაც ისინი გვაჯილდოებენ... მაგრამ სულს არ ძალუძს ამით დაპურება... თუკი გავიაზრებთ ჩვენს უბადრუკ მდგომარეობას, დავმდაბლდებით ზეციური მამის წინაშე და გადავწყვეტთ სინანულით მასთან დაბრუნებას, იგი ყოველივეს მოგვიტევებს და როცა ჩვენ ჯერ მხოლოდ ვფიქრობთ სინანულის გზაზე შედგომას, იგი გვისწრებს თავისი მადლით... ხოლო უკვე სინანულში მოსულებს გვაბრუნებს უკანვე და გვაჯულდოებს უფრო მეტი მადლიანი ნიჭებით, ვიდრე მანამდე გაგვაჩნდა... დიდმარხვის დღეებშიც ხელს ნუ ვკრავთ ღვთის მოწყალებას და დავუდოთ დასაბამი სინანულს.