წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი
„ხოლო პეტრე მისდევდა მას (უფალს) შორით“


ეტრე მისდევდა, მაგრამ ამ მიყოლამ იგი მიიყვანა უარყოფამდე, რამეთუ იგი „მისდევდა“ შორით. იგი განშორდა ქრისტეს, ამაში იყო ბოროტების დასაბამი; იგი ჩამორჩა მას და მასსა და მოძღვარს შორის ერთობ დიდი მანძილი გაჩნდა. იგი ერთგვარ ლტოლვას გრძნობდა, იგი მიჰყვებოდა მას, მაგრამ შორიახლოს.


სწორედ შორიახლოს მიჰყვება ჩვენს დროებაშიც ბევრი ქრისტეს: ისინი სავსებით არ ტოვებენ მას, ურწმუნოთა არ უერთდებიან, მაგრამ არც უფალთან არიან მჭიდრო კავშირში, არ მიჰყვებიან ფეხდაფეხ, „შორით“ მისდევენ. რამდენი ადამიანი ეძლევა საერო საზრუნავს, ამქვეყნიურ სიამოვნებებს და ამგზით კარგავს ქრისტესთან თანაზიარობას; ისინი ქრისტეს ჩვეულებისდა მიხედვით მხოლოდ კვირაობით მიეახლებიან, მაგრამ კარგავენ მას მხედველობიდან მთელი შვიდეულის განმავლობაში.


მათი ლოცვები მოკლე და იშვიათი ხდება, თავს ანებებენ ღვთის სიტყვის შესწავლას, სარწმუნოება მათი ცივდება, ყველაფერი სულიერი მკვდარი და უსულო ხდება. მხოლოდ გარეგნულად ისინი ჯერ კიდევ მისდევენ ქრისტეს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალზედ შორს არიან მისგან და ახლოს უარყოფასთან.


მოდით, ჩვენს თავსაც დავეკითხოთ, როგორ მივდევთ ქრისტეს? მოშურნეობით, სიყვარულით, თუ ჩვენც პეტრესავით ჩამოვრჩენილვართ, გარეგან საგნებს გავუტაცნივართ? ამგვარი გზა ყოველთვის სახიფათოა: მას, ვინც ქრისტეს ჩამორჩენია, ხვალ მაცხოვრის სავსებით უარყოფა ემუქრება - რაც მწარე ცრემლებად დაუჯდება, რამდენად აზიანებს თავის თავსაც და სხვებსაც!