წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
განმარტება უფლის სიტყვებისა: „ვისაც აქვს, მას მიეცემა...“

გაკვირვებს მაცხოვრის სიტყვები: „რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (მათ. 13,12). განა სამართლიანია, კითხულობ შენ, მისცე მდიდარს, რომელსაც უკვე აქვს და წაართვა ღარიბს ის მცირედიც კი, რაც ჯერ კიდევ აბადია? ამგვარად განსჯი, ჩვენი მკაცრი დროების შემხედვარე, როდესაც მატერიამ გადაფარა ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში - მისი აზრი და მიზანი. აქ რომ საუბარი ხორციელ სიკეთეებზე ყოფილიყო, მაშინ ნამდვილად არასამართლიანი იქნებოდა, თუკი ღარიბს წავართმევდით და მდიდარს მივცემდით. ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა მაცხოვრის სხვა სიტყვებთან: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც“ (მათ. 5,42). ასევე იგავთან მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, რომელიც იმის შესახებ გვიამბობს, თუ როგორ იქცა უმოწყალო მდიდარი სიკვდილის შემდეგ ღარიბად, ხოლო უპოვარი ლაზარე კი - მდიდრად (იხ. ლუკ. 16,19-31), შესაბამისად აქ არ შეიძლება, რომ ლაპარაკი იყოს მატერიალურ ქონებაზე.

თუკი ესეც ხდება, როცა სიცოცხლეში მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო ღარიბი კი საბოლოოდ ღატაკდება, როცა მას უკანასკნელი ქონება ჩამოერთმევა და მდიდარს გადაეცემა, მაშინ ეს სიმბოლო და გამოხატულებააა იმისა, რაც სულიერი რეალობაში ხდება. ქრისტეს ამ სიტყვების ჭეშმარიტი აზრი გასაგებია მისი წინა სიტყვებიდან გამომდინარე. მათ კი წინ უსწრებს იგავები მთესველისა (იხ. მათ. 5,15) და იმ სანთლის შესახებ (იხ. მათ. 13,3-8), ყველას რომ უნათებს. ჭეშმარიტება სინათლეა. ვინც მისი, როგორც ღმერთის საჩუქრის სიტკბოება იგემა, უფრო მეტად სწყურია იგი და მეტი ძალით მიილტვის მისკენ. ამ ადამიანებისათვის ჭეშმარიტება გამრავლდება, რათა სხვებსაც უწყალობონ იგი.

წმიდა ბარბარეს მასწავლებელი არ ჰყავდა, მაგრამ ჭეშმარიტება სწყუროდა და სული მისი მზად იყო ამ ჭეშმარიტების მისაღებად. ამიტომაც აჩვენა უფალმა მას სიმდიდრე ამ უკანასკნელისა. ზოგიერთმა თანამედროვე ერეტიკოსმა, ქრისტეს ჭეშმარიტების მცირე ნაწილი მუჭში მოიმწყვდია და ამით უარყო სისრულე მისი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია შეიცავს. იმ მონის მსგავსად, ტალანტი რომ დაფლა, მათაც დამარხეს ნაწილი ჭეშმარიტებისა და თავგამოდებით იცავენ მას გამრავლებისაგან. სწორედ ამიტომ წაერთმევათ ეს მცირე ნაწილიც და დაუბრუნდება მათ, ვისგანაც აიღეს. მახარებლები ზოგჯერ ავსებენ და განმარტავენ ერთმანეთს. მოცემულ შემთხვევაში ლუკა ავსებს და განმარტავს მათეს სიტყვებს: „რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (ლუკ. 8,18).

ზოგიერთი დიდი ჭკუის მქონე ფილოსოფოსი არ ფლობს ჭეშმარიტებას და ჰგონია კი, რომ ფლობს მას. არ ცდილობს იმ ჭეშმარიტების შეცნობას, რომელიც მხოლოდ ქრისტესგან გამომდინარეობს. ამიტომაც მათი მოჩვენებითი ჭეშმარიტება უარყოფილი იქნება და ნაყოფს ვერ გამოიღებს, ხოლო ღმერთის საჩუქარი, რომელსაც ისინი შემოქმედის წინააღმდეგ თავიანთი დამღუპველი ამპარტავნებისათვის იყენებდნენ, ჩამოერთმევათ და გადაეცემათ სხვებს, მათ, ვისაც ღვთის შიში, ერთგულება, რწმენა და სიყვარული აქვთ. „გვმართებს ასევე მოვიქცეთ ჩვენც, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი - როცა ვხედავთ, რომ ვიღაც უყურადღებოდ ტოვებს ყველა ჩვენს რწმუნებას და გონებაგაფანტულია, უნდა გავჩუმდეთ, რადგან, რაც უფრო გულმოდგინენი ვიქნებით, მით იმრავლებს დაუდევრობა მათი“. უფალი იმ ბატონის მსგავსად იქცევა, რომელიც ყველგან - გზისპირზე, ქვიან ნიადაგზე, ეკალ-ბარდში და საღ მიწაზეც აგდებს თესლს, მაგრამ როცა ხედავს, თუ რა ემართება პირველ სამ შემთხვევაში დათესილ მარცვლებს, მას მთელი ზრუნვა კეთილ ნიადაგში ჩაგდებულ თესლზე გადააქვს. რაც უფრო მეტი მოსავალი მოაქვს მინდროს, მით მეტია ბატონის ზრუნვა და ყურადღება მისადმი, ხოლო გზისპირებს, ქვიან და ეკალ-ბარდებიან მიწას იგი თანდათანობით ტოვებს, როდესაც ხედავს მათ უნაყოფობას, მათში ჩაგდებული თესლი კი სხვა კეთილ ნიადაგზე გადააქვს დასათესად.

ეს ყველაფერი ქრისტეს მიერ ქვეყანაზე დათესილ უფლის სიტყვებს ეხება. ვინც უარყოფს, ან ბოროტად გამოიყენებს ამ სიტყვებს, წაერთმევა და იმ ადამიანს გადაეცემა, ვისაც უკვე აქვს და სიხარულითაც იღებს მას.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 208), თბილისი, 2005 წ.