„ფარისეველი და მეზვერე“

„კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლა მე, რაჲთა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“
(ფსალმუნნი 118,71)

„მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხჰყო ვედრებაჲ მათი“
(ფსალმუნნი 10,18)

„ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“
(იაკობი 4,6)

10. ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

ლუკა 18,9-14

დაპირისპირებული სახარებისეული წყვილები

სახარებისეულ იგავებს შორის აშკარად შეინიშნება შინაგანი კავშირი და პარალელიზმიც. მხედველობაში გვაქვს იგავები: „უძღებ შვილზე“, „ორ ძეზე“ და „ვენახის მუშაკებზე“.

ამ იგავთა რიგში დგება „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავიც.

ოთხივე იგავში წარმოჩნდება ურთიერთდაპირისპირებული წყვილები: უფროსი ძმა ისევე უპირისპირდება თავის უმცროს ძმას (იგივე უძღებ შვილს), როგორც კაენი - აბელს, მეთერთმეტე, უკანასკნელი ჟამის მუშაკი - პირველი ჟამისას, ორი ძე - ერთმანეთს, ფარისეველი კი მეზვერეს, ანუ მებაჟეს.

ამგვარი დაპირისპირებით უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივიღოთ და შევიწყნაროთ თავმდაბლობა, მორჩილება, სინანული, მადლიერება, და უარვყოთ ამპარტავნება, ურჩობა, თვითკმაყოფილება, უმადურობა. ამაზე მეტყველებს ის შეგონებებიც, რომლებსაც ჩვენი უფალი ამ იგავებს დაურთავს თავში ან ბოლოში. ამ შეგონებებშიც, ბუნებრივია, მსგავსი დაპირისპირების მოწმენი ვხდებით: მრავალი ჩინებული (მოწვეული, მოწოდებული) უპირისპირდება მცირე რჩეულს (შეგონებიდან „მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ - მათე 20,16). წინანი ასევე უპირისპირდებიან უკუანანს, და პირველნი - უკანასკნელებს (შეგონებიდან „წინანი უკუანა და უკუანანი წინა“ - მათე 20,16). ამ დაპირისპირების ერთ მხარეს დგანან საკუთარი თავით მუდამ კმაყოფილნი და სხვისით მუდამ უკმაყოფილონი, მეორე მხარეს კი - საკუთარი უღირსების მხილველნი, მონანულნი, ყოველივესი და ყველაფრისადმი მადლიერნი.

ხსენებული დაპირისპირება ხან პირდაპირ, უშუალოდ აისახება, როგორც ეს „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავშია; ხან იგავის სათქმელიდან გამომდინარე დასტურდება, როგორც ეს „ორი ძის“ იგავშია; ხანაც უფალი იგავს საგანგებოდ ფარისეველთა, მწიგნობართა და რჯულისმეცნიერთა ყურადსაღებად, მათი მისამართით ყვება. „უძღები შვილის“ იგავის თხრობამდე, წმიდა ლუკა მახარებელი გვაუწყებს, რომ ამ იგავს უფალი იმ ფარისევლებსა და მწიგნობრებს უამბობს, რომლებმაც დრტვინვით გამოხატეს უკმაყოფილება, ვინაიდან ჩვენი უფალი ყველა მეზვერესა და ცოდვილს შეიწყნარებდა, მათთან ერთად ჭამდა და სვამდა (ლუკა 15, 1-3).

იგავს „ორ ძეზე“ უფალი იესო ასევე ფარისეველთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა გასაგონად ყვება. ამ იგავს იგი მათ გამოსაცდელ შეკითხვებზე საპასუხოდ გაიხსენებს და თავის წინასწარმეტყველურ სიტყვებსაც დაურთავს: „მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა“ (მათე 21,31).

ფარისევლისა და მეზვერის სახარებისეული დაპირისპირება განმარტებულია, როგორც დაპირისპირება „მართლისა“ და „ცოდვილისა“, უფრო ზუსტად, დაპირისპირება რჯულის აღსრულებაში ვითომდა მართალთა და ცოდვილთა. პირველნი ფარისევლები არიან, მეორენი კი მეზვერენი, ანუ მებაჟეები. ეს ვითომდა „მართალი“ ფარისევლები მოჩვენებითად აღასრულებენ რჯულს და ამიტომ მათ „მოჩვენებით მართლებსაც“ უწოდებენ; ცოდვილი მეზვერეები კი სინანულის გზას დაადგებიან, ინანიებენ თავიანთ ცოდვებს და ამგვარად განმართლდებიან ღვთის წინაშე.

წმიდა პავლე მოციქულის სიტყვით რომ ვთქვათ, ფარისეველთა მსგავსნი მხოლოდ ისმენენ რჯულს, ისინი არიან „მსმენელნი შჯულისანი“ მეზვერეთა მსგავსნი კი აღასრულებენ რჯულს, „მყოფელნი შჯულისანი“ არიან. (შდრ. რომაელთა მიმართ 2,13).

 

ფარისევლობა და მეზვერეობა

წმიდა სახარებაში წარმოდგენილი ამ დაპირისპირებული წყვილიდან ფარისეველი ასევე განასახიერებს იუდეველებს, მეზვერე კი წარმართებს.

იუდეველისა და წარმართის სახარებისეულ იგავურ წყვილში წინასწარმეტყველური ელემენტებიც მოიპოვება, კერძოდ, იუდეველთა უარყოფაზე, მათი ღვთივრჩეულობის დაკარგვაზე, და წარმართთა აღიარებაზე, მათ მიერ ცათა სასუფევლის მიღებაზე. ამ დროს იმასაც უთითებენ, რომ რომის იმპერიის ხანაში იუდეველის იდეალურ გამოხატულებად მიიჩნეოდა ფარისეველი, ხოლო წარმართი გაიგივებული იყო მეზვერესთან, მებაჟესთან, რომელსაც რომის იმპერიის საძულველ მსახურად აღიარებდნენ.

წარმართი და მეზვერე, მათი ისტორიული მნიშვნელობით, ერთ ნეგატიურ სიბრტყეზე მოიაზრებოდა, ხოლო იუდეველი და ფარისეველი, ასევე ისტორიული მნიშვნელობით - ერთ პოზიტიურ სიბრტყეზე აღიქმებოდა. მაგრამ ბიბლიის კომენტატორთაგან უმრავლესობა არ იზიარებს ამგვარ შეფასებას. „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში ისინი ამ წყვილის წმინდა ქრისტიანულ-ზნეობრივ მნიშვნელობასა და შინაარსზე მიგვითითებენ. ამ თვალსაზრისით, უფალი ამ იგავში გვიყვება არა კონკრეტულად ფარისეველზე ან კონკრეტულად მეზვერეზე, არამედ ჩვენს ყურადღებას ამახვილებს ფარისეველობაზე, როგორც მიუღებელ ზნეობრივ კატეგორიაზე, უაღრესად სახიფათო მიდრეკილებაზე.

ამის საპირისპიროდ, იგავმთხრობელი მიგვახედებს მეზვერეობისაკენ, ანუ მეზვერის გულშემუსვრილობისაკენ, სინანულის გზის მართებული არჩევანისაკენ, რასაც ცოდვისაგან თავის დახსნა და სულის გადარჩენა მოაქვს.

ამ განმარტებით, „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში დაპირისპირებულია კაცთა მოდგმის ორი ტიპი: ერთია ფარისევლური, რომელიც მხოლოდ გარედან წმენდს ჭურჭელს, იგი ვერც კი გრძნობს სიბინძურეს ჭურჭლის (ესე იგი, თავისი თავის) შიგნით. მეორე ტიპს მონანიე ცოდვილი, იგივე მეზვერე ეკუთვნის, რომელიც მთელი თავისი შეგნებით აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და ყოვლისშემძლეს მიმართავს სასოებით.

სანამ უფალი იესო ამ იგავის თხრობას შეუდგება, წმიდა ლუკა მახარებელი წინდაწინ უთითებს (მე-9 მუხლში) ამ იგავის გამიზნულობაზე, და ამბობს: „ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ“.

ერთი განმარტებით, ამ „ზოგიერთში“ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს უნდა გულისხმობდეს. უფალი ამ იგავს ყველა იმ თავისი მოწაფისა და მიმდევრის გასაგონად ყვება, რომელიც მიდრეკილია ფარისევლობისაკენ. მოძღვარი მათ იგავურად აფრთხილებს, რომ ამგვარად მიდრეკილს ღვთის სასუფევლის კარი ჩაკეტილი დაუხვდება, თუკი ამ ცოდვილი მეზვერის სინანულის გზას არ აირჩევს. უფალი მათ იმასაც ასწავლის, რომ მხოლოდ სინანულის გზით არის შესაძლებელი სასუფეველში შესასვლელი კარის გაუჭირვებლად გაღება.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თქმით, „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავი მედიდურობისა და ამპარტავნებისაგან განსაკურნავად ითქვა უფლის მიერ. მართალია, იგავის სათაურში ნახსენებია „ფარისეველი“, - განმარტავს დეკანოზი ბუხარევი, - მაგრამ ეს იგავი ეხება ყველას, ვინც ამ ფარისეველივით იქცევა, ესე იგი, ვისაც ფარისევლობის სენი შეჰყრია.

 

ფარისევლობის უფლისმიერი მხილება

„ფარისევლისა და მეზვერის“ იგავის დეტალურ განმარტებამდე აუცილებელი გახდა ზემოთ მოტანილი ზოგადი მიმოხილვის წამძღვარება. ამგვარი ხასიათის დაკვირვებანი საშუალებას გვაძლევს, სახარების თითოეული იგავი გავიაზროთ არა როგორც ცალკე აღებული, იზოლირებული იგავური მოთხრობა, არამედ როგორც ორგანული ნაწილი ერთიანი ქრისტესმიერი ცოცხალი იგავური ორგანიზმისა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჯეროვნად, მართებულად, შეუმცდარად ვისმინოთ და მივიღოთ ჩვენი უფლის იგავური სიტყვა, იგავურ-სახარებისეული შეგონებანი.

იმერეთის ეპისკოპოსმა, წმიდა გაბრიელმა (ქიქოძემ) იგავს „ფარისეველსა და მეზვერეზე“ ათამდე ქადაგება მიუძღვნა. მკითხველს ვურჩევ, წაიკითხოს ეს დიდებული ქადაგებანი, სადაც სრულყოფილად, გასაოცარი სიღრმით, სიბრძნითა და უბრალოებით არის განმარტებული იგავის ყველა შემადგენელი ნაწილი, მოცემულია მასთან დაკავშირებული ქრისტიანულ-ზნეობრივი დასკვნები.

წმიდა ეპისკოპოსი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში გაგვახსენებს ფარისევლობის იმ შემაძრწუნებელ სურათს, რომელიც თვითონ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დაგვიხატა მათეს სახარების 23-ე თავში. წმიდა გაბრიელი შენიშნავს: „რისთვის ვცდილობთ ჩვენ ფარისევლობის აღწერასა სუსტითა ენითა ჩვენითა? თვით მაცხოვარმა ვრცლად აღწერა შესაძრწუნებელთა სიტყვათა შინა ფარისევლობა და მოქმედება მისი“.

უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დასასრულ ინება და დაუნდობლად გააცხადა ხალხისა და მოწაფეების წინაშე ფარისევლობის ნამდვილი სახე, იმ მიზნით, რომ მათ თავი დაეცვათ სენისაგან, რომელიც თვალთმაქცობას თესავს და ურჯულოებას იმკის. ფარისევლობის უფლისმიერ სამხილთა უბრალო ჩამონათვალიც კი შემზარავი მოსასმენია. თუმცა მაცხოვრის მხილებამ ისევ ფარისეველი, ორგული და ურჯულო უნდა შეაძრწუნოს უპირველესად.

ფარისეველთა მხილებას უფალი ამ სიტყვებით იწყებს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი“ (მათე 23,2), ესე იგი, მოსეს ტახტზე სხედანო მწიგნობრები და ფარისევლები. ისრაელიანთა დიდი რჯულისმდებლის ტახტზე ჯდომა მწიგნობრებსა და ფარისევლებს ამ რჯულის სწავლებასაც ავალებდა. ფარისევლებთან ერთად უფალი იხსენიებს მწიგნობრებს. მწიგნობარი ძველად იყო „მოსეს რჯულში ჩახედული“ კაცი - სწორედ ასე ხასიათდება ეზრას I წიგნში მღვდელი ეზრა, რომელიც ქრისტეს შობამდე V საუკუნეში ბაბილონიდან ისრაელში ჩამღვიდა და: „გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში“ (I ეზრა 7, 6,10).

ძველ ებრაულში მწიგნობრის შესატყვისი სიტყვაა „მწერალი“ (სოფერიმ), იმიტომ რომ მწიგნობრის საქმე იყო რჯულის წიგნის დაცვა, გადაწერა, მისი სწავლება, ანუ ამ წიგნის ცოდნა. მოსეს რჯულთან საქმე ჰქონდათ რჯულისმცოდნეებსაც, ამაზე თვით ამ სიტყვის მნიშვნელობაც მეტყველებს - რჯულის-მცოდნე. ასე რომ, მწიგნობარი რჯულის წიგნის მცოდნე იყო. ფარისევლის საქმეც, მწიგნობართა და რჯულისმცოდნეთა მსგავსად, მოსეს რჯულის შესწავლასა და დაცვას წარმოადგენდა.

ფარისევლებს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ერთობა ჰქონდათ. ისინი განსაკუთრებული ძალისხმევით იცავდნენ რჯულს, მცნებებს. სწორედ ფარისევლებმა შეასწორეს და მცნებებით განავრცეს მოსეს რჯული. ფარისევლები ერთნაირი გულმოდგინებით იცავდნენ როგორც რელიგიურ, ასევე საზოგადოებრივ წესებსა და წინაპართა ტრადიციებს, გადამეტებული სიმკაცრით ითხოვდნენ ამ წესების დაცვას და ამ დროს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვდნენ ყველა გარეგნული ნიშნის გათვალისწინებას. ხალხი ფარისევლებს დიდ პატივს სცემდა, როგორც წეს-კანონთა და აღიარებულ დოგმათა განუხრელ აღმსრულებლებს. ხალხისთვის ისინი დიდი პატრიოტებიც იყვნენ, რადგან ფარისევლები ისრაელიანთა პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის იღვწოდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი იყო ქრისტეს მოსვლამდე. ჩვენმა უფალმა კი მათი თვალთმაქცობა ამხილა, რადგან ისინი რჯულს მხოლოდ კაცთა საჩვენებლად იცავდნენ: მათი რჯულის აღმსრულებლობა გარეგნულად სარწმუნო ჩანდა, სინამდვილეში კი ეს გარედან გაწმენდილი ჭურჭელი, როგორც თავად უფალი ბრძანებს, შიგნით სავსე იყო „ნატაცებითა და არაწმიდებითა“ (მათე 23,25). გარედან მშვენიერ, შეფეთქილ საფლავებს მიმსგავსებული ფარისევლები შიგნიდან „მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით“ იყვნენ აღსავსენი. ამ მიზეზით გაჩნდა ფარისეველთა ახალაღთქმისეული განსაზღვრება - „მართალი“, „რჯულში მართალნი“, რაც უფლისმიერი შეფასებიდან მომდინარეობს. აი, რას ეუბნება იგი მწიგნობრებსა და ფარისევლებს: „ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით“ (მათე 23,28).

უფალი იესო ქრისტე ფარისეველთა მხილებისას უპირველესად წარმოაჩენს მათი სიტყვისა და საქმის გათიშულობას, ვინაიდან მათი საქმე მუდამ მოწყვეტილი იყო სიტყვისაგან. უფალი ამიტომ აფრთხილებს თავის მსმენელს და ეუბნება, რომ ფარისეველთა რჩევა-დარიგებიდან მათ მხოლოდ რჯულისა და მცნებების დაცვასთან დაკავშირებული სწავლება უნდა ისმინონ: რაც შეეხება მათ საქმეს: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ - გვიბრძანებს ჩვენი უფალი, და დასძენს: „რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (მათე 23,2), ესე იგი, ამბობენ და არ ასრულებენო.

ფარისევლები მკაცრად და დაუნდობლად ექცეოდნენ ხალხს, რომელიც მათ პატივს სცემდა და მათივე მზრუნველობის იმედით იყო. მაგრამ, ამის პასუხად, ისინი: „მძიმე ტვირთს კრავენ, და ძნელად სატვირთველს ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ ამ ტვირთის დასაძრავად“ (მათე 23,4), - ასე განაგრძობს უფალი ფარისეველთა მხილებას იმავე 23-ე თავში წმიდა მათეს სახარებიდან.

წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ მაცხოვარმა ფარისეველთა გამო ის კი არ თქვა, არ შეუძლიათ და იმიტომ არ ეწევიან საქმესო, არამედ თქვა: „არა ყვიანო“ ესე იგი, არ უნდათ და არ აკეთებენო: და არც ის თქვა უფალმა, ისინი ტვირთს არ აკარებენო თითს, არამედ ის თქვა, რომ მასთან მიახლებაც კი არ უნდათო.

ფარისევლების მსგავსთ ძლიერ უყვართ საკუთარი სამოსის ხაზგასმულად მორთვა და მოკაზმვა: განიერი, ფართო თასმებით, რჯულის წერილის ჩასადები უცნაურად დიდი ყუთებით, ფართო მკლავებიანი და კალთებიანი შესამოსელით; წვეულებაზე მათ სუფრის თავში უყვართ ჯდომა, სინაგოგებში კი წინა რიგებში დგომა. ხალხის თავშეყრის ადგილებში, მოედნებსა და ქუჩებში ასეთნი იმისთვის გაერევიან, რომ პატივისცემის ნიშნად მიიღონ მოკითხვა და ძახილი: „რაბი! რაბი!“ (მოძღვარო, მოძღვარო!). ყოველივე ეს კი ფუჭი დიდების ტრფიალებაა. ამ ტრფიალების შხამი მეტად ძლიერია, მაგრამ მის შემსმელსა და მიმღებს შარბათივით ტკბილი ეჩვენება. ეს შხამი ტკბილია იმისათვის, ვინც წუთისოფლის ამაო ზრუნვას გაჰკიდებია და თავისი საუნჯეც მხოლოდ აქ ეგულება.

უფალი კიდევ უფრო აძლიერებს მწიგნობრებისა და ფარისევლების დადანაშაულებას და იმაშიც ამხელს, რომ ისანი მარტო მდიდრებს, წარჩინებულებსა და ძლიერთა ამა სოფლისათა როდი ერჩიან, არამედ ღარიბებსაც არ ინდობენ, ატყუებენ მათ და გამგელებულნი ხარბად ნთქავენ ქვრივ-ობოლთა ქონებას, სახლ-კარს. უფრო საზარელი კი ის არის, რომ თავიანთ რწმენაზე მოქცეულ კაცს ისინი კი არ იფარავენ, მისი გადარჩენისათვის კი არ ზრუნავენ, არამედ თავიანთივე ურჯულოებით ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის განამზადებენ, ღვთიური ჭეშმარიტებისაკენ ყველა გზას უკეტავენ და უბნელებენ, რითაც სამუდამოდ ღუპავენ მის სულს.

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას“ (მათე 23,13), - ასე მიმართავს უფალი იესო მათ. მართლაც, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლება მოსეს რჯულის განმარტებისა, წმიდა წერილის აღქმისა და მიღებისა, დაამახინჯეს სწავლება მესიაზე, მის სამეუფოზე - წმინდა აზრი შერყვნეს თავიანთივე გამონაგონი გადმოცემებითა და წესებით. სწორედ ამ ფარისეველებმა და მწიგნობრებმა უარყვეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ბოროტი ცილისწამებით დევნეს იგი და რა აღარ უწოდეს: მჭამელი, ღვინის მსმელი, მატყუარა, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარი, და თვით ღვთის მგმობელიც კი! ისინი ხალხს ამ თავიანთი ბოროტებითა და ურჯულოებითაც არ ანებებდნენ ცათა სასუფეველში შესვლას.

 

რა არის ფარისევლობა? როდის ვფარისევლობ?

მთის კალთაზე ქადაგებისას უფალი ასე აფრთხილებს თავის მსმენელს: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), - აი, რა საშინელი სიტყვებით ამხელს მაცხოვარი ფარისევლებს! „რას ნიშნავს ეს, ძმანო ჩემნო?“ - გვეკითხება წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი და განაგრძობს: ნუთუ ყოვლადმშვიდმა და ყოვლადმოწყალემ, ყველა ცოდვილისათვის განხორციელებულმა უფალმა თითქმის დაივიწყა მოთმინება და შებრალება, როდესაც ფარისევლებს ამხელდა და ამას ამბობდა? და ღვთაებრივი სიბრალულით აღსავსე ჩვენი უფალი, რომელმაც სიკვდილის ღირსი ცოდვილი ქალიც კი შეიწყნარა, რა მიზნით აღწერს ასეთი ფიცხელი და მრისხანე სიტყვებით ფარისეველთა ბოროტებას?

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, ამის მიზეზია ფარისევლური ცხოვრების წესი, როდესაც კაცი „მიითვისებს სახესა სათნოებისასა, როცა ძალი სათნოებისა შორს არს გულისა მისისაგან... და ამით შეაგინებს თვით სათნოებასა; იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთის-მსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის-მოყვარებასა და მრავალთა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა“.

ფარისეველი, როგორც სახე საზოგადოების დაწინაურებული და წარმატებული წევრისა, ჩვეულებრივ, მრავალთათვის არის ხოლმე მაგალითი, ხოლო მისი ქცევა - მისაბაძი საგანია. წმიდა ეპისკოპოსი გვირჩევს, ფრთხილად ვიყოთ, რომ ფარისევლობითი ყოფაქცევის შემხედვარეთ არ შევბღალოთ ჩვენი გულწრფელობა საღვთო საქმეში და არ დავბრკოლდეთ ღვთის მსახურებაში. „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქადაგების დასაწყისშივე წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი შენიშნავს, რომ ეს იგავი „არაერთგზის იყო საგნად უბნობისა“; წმიდა ეპისკოპოსი დასძენს: „ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე, და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ გვქონდეს, და თვითოეულთა ათასჯერ გვეთქვას მას ზედა, ვგონებ, არც მაშინ იქნებოდა გარდამეტებული - ეგოდენ საჭირო არის ჩვენთვის ხშირად გაფრთხილება ფარისევლობისაგან!“

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმიდა ლუკა მახარებლის სიტყვები, რომლებსაც იგი „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავს წაუმძღვარებს: „ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართლები ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ“ (ლუკა 18,9) - აი, ამისაგან თავის დასაცავად და გასაფრთხილებლად არის საჭირო ამ იგავის მრავალჟამიერი განცდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის აზრით, „ძვირად“ მოიპოვება ქვეყანაზე კაცი, რომ არ იყოს მოზიარე ფარისევლობის ცოდვისა, თუნდაც მისი რომელიმე სახით ან შემთხვევით. ყველა ცოდვათაგან ფარისევლობა იმდენად უმძიმესია და უსაშინლესი, რომ ათასში ერთ კაცსაც ვერ ნახავ: „რომლისა სიტყვა და საქმე იყოს ერთი, და გარეგანი საქციელი მისი - დაფუძნებული შინაგანსა გრძნობასა“.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ხშირად დაგვისვამს შეკითხვას ფარისევლობის რაობაზე: მაინც რაში მდგომარეობს ფარისევლობა? რა არის ფარისევლობა? წმიდა ეპისკოპოსი სწორედ „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში გვირჩევს, ვეძიოთ პასუხი ამ შეკითხვაზე. თუმცა სანამ თვით იგავის განმარტებას შეუდგებოდეს, წმიდა მამა ფარისევლობის საზოგადო შტრიხებს გვიხაზავს და ამბობს: „უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომ იგი ატყუებს კაცსა“. ისიც ფარისევლობაა, როდესაც კაცი შეურიგდება და დაუმეგობრდება სიცრუეს: „დააჩუმებს თავის სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებითა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა“. „თავისი გარეგანი ქცევით“ - განაგრძობს წმიდა გაბრიელი, - „ვითომდა წესიერი და მოსაწონი ყოფაქცევით, ფარისეველი მხოლოდ საკუთარ უმსგავსო და უშვერ თვისებებს ფარავს, კეთილად და მართლად მოაჩვენებს თავის თავს, და ამით ატყუებს ქვეყანას“.

ცხადია, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამ შემთხვევაში ფარისეველთა უფლისმიერ შეფასებას ეყრდნობა, როცა უფალი იესო მათზე ამბობს: „და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა“ (მათე 23,5). ფარისევლობის ცოდვის სიმძიმე, წმიდა ეპისკოპოსისავე თქმით, კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მრავალ ცოდვათაგან, რომლებითაც ადამიანის დაცემული ბუნება იტანჯება, არც ერთი ისე მკვიდრად არ მოეკიდება კაცის გულს, არც ერთი იმ ზომით არ მოინადირებს მის სულს და ისე ღრმად არ ჩანერგდება ბუნებაში, როგორც ეს საზარელი და უსაშინლესი ცოდვა, და აი, რატომ: სხვა ცოდვები რომელიმე ერთ დროს ან რომელიმე ასაკში იჩენენ თავს, ფარისევლობა კი, სიყრმიდანვე თუ გაიდგა ფესვები, საფლავამდე მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა რომელიმე საქმეში თუ გაერევა და გამოჩნდება, ეს კი ყოველ სიტყვასა და საქმეში, „ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ აზრსა და სიტყვას მისცემს რაღაც ცუდად განსხვავებულ ფერს“ - ამბობს წმიდა მამა და ამ „ცუდად განსხვავებულ ფერში“ გულისხმობს ტყუილს, სიცრუეს, მოჩვენებითობას, თვალთმაქცობას, მოკლედ - ფარისევლობას! სხვათა შორის, თვით ამ თვისების - ფარისევლობის აღმნიშვნელი სახელი ქართულში, და ბევრ სხვა ენაშიც, სწორედ ძველ ებრაელ ფარისეველთა ფარისევლობის ამგვარ კვალიფიკაციასთან არის კავშირში.

კიდევ ერთ შეკითხვაზე გვაძლევს პასუხს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი - როდის ვარდება კაცი ფარისევლობის ცოდვაში? როდის ვფარისევლობთ? ჩვენ, წუთისოფლის შვილებს, წმიდა მამის თქმისა არ იყოს, მართლაც გამოუკლებლივ გვაქვს „საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი“ რა უცნაურადაც უნდა გვვჩვენოს, ჩვენთვის, ქართველთათვის დამახასიათებელ, ესოდენ გადამეტებულ ზრდილობასა და თავაზიანობაშიც კი ხშირად გაერევა ხოლმე ფარისევლობა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამის გამო ღრმა გულისტკივილით შენიშნავს და ამბობს: „ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად“.

მაგრამ მარტო ზრდილობასა და თავაზიანობაში რომ იყოს საქმე, რა გვიჭირდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი რამდენიმე მაგალითის სახით გვიხატავს ფარისევლობის ცოდვაში ჩავარდნის შემზარავ სურათებს და ამით თითოეულ ჩვენგანს გვაიძულებს, დავფიქრდეთ, გავიხსენოთ, შევაფასოთ საკუთარი ფარისევლობა, და უთუოდ ვაღიაროთ იგი, განვშორდეთ მას.

როდის ვფარისევლობ? როდის და, მაშინ, როცა ცოდვას გულის სიღრმეში ვმალავ, გარეგნულად კი კეთილისმყოფელის სახეს ვიღებ, იმის ნაცვლად, რომ განვიწმინდო გული ცოდვის მბადი გულისთქმებისგან, ძირშივე მოვკვეთო ჩემი ავზნიანი ჩვევა-ქცევანი;

როდის ვფარისევლობ? როდის და, მაშინ, როცა კაცს პირში ვაქებ და პირს იქით კი ცუდად ვიხსენიებ, განვიკითხავ, გავჭორავ, ვლანძღავ, როცა იმას კი არ ვამბობ, რასაც გული მეტყვის, არამედ მხოლოდ იმას, რაც ეამება კაცს; სიმართლეს კი არ ვიტყვი, არამედ იმას, რასაც ჩემთვის სარგებლობა მოაქვს.

მაშინაც ფარისეველი ხარ, - გვეუბნება წმიდა ეპისკოპოსი, - როცა კაცს აქებ და არა იმის გამო, რომ ღირსია, არამედ მარტო იმიტომ, რომ იგი შენი მოყვარე და მეგობარია, მეორეს კი იმ მიზეზით განიკითხავ, რომ მასთან უკმაყოფილება გაქვს ან სულაც არ მოგწონს, არ გიყვარს; განა ის კი არ არის ფარისევლობა, როცა ენით სიმართლის დიდმოყვარეობას ამტკიცებ, საქმით კი უსამართლობას არ მოერიდები, თუკი შენთვის სასარგებლო იქნება.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ყველას შეგვახსენებს იმას, თუ რა ხშირად ვეწევით ხოლმე პირმოთნეობას, როცა სინდისი შეგვაწუხებს, მაგრამ წუწუნით ვამბობთ ღმერთი მოწყალეა, რა ვქნა, ადამიანი სუსტი არსებაა, სხვებიც ასე ცხოვრობენ ან ვინ არის უცოდველი ამქვეყნად? რა უშავს, თავის დროზე მოვინანიებ... და ასე შემდეგ. ამ დროს, - გვმოძღვრავს წმიდა ეპისკოპოსი, - ჩვენ ცხადად ვეზიარებით ხოლმე ფარისევლობის ცოდვას და მის ფსკერზე ვიძირებით გაუგნებლად.

მაშასადამე, როგორც კი თავის მართლებას მივყოფთ ხელს, იმწამსვე უნდა შევუძახოთ საკუთარ თავს, რათა კარგად დავინახოთ ის, რის გამოც გასამართლებლად გავიხადეთ თავი, ვინაიდან საკუთარი თავის მართლება არის ცოდვით დაცემული საკუთარი თავის დაუმსახურებლად ამაღლება. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაემართოს ადამიანს, როცა საკუთარ ცოდვებს ვეღარ ხედავს, ვეღარ განიცდის და, მერე და მერე, არც არასოდეს ინებებს მათ დანახვასა და განცდას. ასეთნი - თავის მართლებას აყოლილნი, - ბრძანებს წმიდა გაბრიელი, - ფარისევლობის საცოდავი მსხვერპლნი არიანო. აი, ვიღაცა ქრთამს იღებს, მას სინდისი კი ამხილებს, მაგრამ მექრთამე ხმას აწყვეტინებს, აჩუმებს ამ არამკითხე მოამბე სინდისს და ჯიუტად გაიძახის გულში: რა ვქნა, ცოტა ჯამაგირი მაქვს, ცოლ-შვილს რჩენა უნდა, სხვები ჩემზე უარესად იღებენ, განა ყველა ასე არ არის: რა მოხდება, მეც რომ ორი კაპიკი ავიღო?!

მეორე თავისი უფროსის წინაშე დგას და ვერ ამბობს სიმართლეს, პირიქით, ცდილობს, მლიქვნელობითა და პირმოთნეობით როგორმე შეალამაზოს ვითარება და ჯილდო ან დაწინაურება გამოსტყუოს ზემდგომს. მესამე ვაჭრობაშია და გამოუცდელ მუშტარს ცუდ საქონელს შეაძლევს, მერე კი ეტყვის: მე რა შუაში ვარ, აქ არ იყავი, თვალები არა გქონდა, რატომ არ გასინჯე; ვაჭარიც იმიტომა ვარ, რომ ფული მოვიგო... და ასე შემდეგ.

ყოველი ასეთი მაგალითის დასასრულ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი დაჟინებით ჩაგვეკითხება - რა არის ასეთი თავის მართლება, თუ არა ფარისევლობა? რა არის ასეთი ლაპარაკი, თუ არა ფარისევლობა? დაბოლოს, დაასკვნის: ერთი სიტყვით, შენ ფარისევლობ ყოველთვის, როცა „ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, როცა დააჩუმებ თვისს სინდისსა“ .

ალბათ დამეთანხმებით, რომ უაღრესად ამომწურავი, ყოვლისმომცველი და მრავლისმეტყველია ახლახან წარმოდგენილი ვრცელი განმარტება ფარისევლობისა, რომელსაც გვთავაზობს წმიდა ეპისკოპოსი იმერეთისა გაბრიელი (ქიქოძე). მკითხველს კიდევ ერთხელ მინდა ვურჩიო, წაიკითხოს წმიდა ეპისკოპოსის ქადაგებანი, თავად გაეცნოს წმიდა მამის რჩევა-დარიგებებს და თავადვე იგემოს მისი მოძღვრების სიტკბოება, სულისათვის ფრიად სასარგებლო ეს სწავლება.

 

„ილოცვიდა თჳსაგან“ და „შორს დგა“

ყოველივე ის, რაც ზემოთ ითქვა ფარისევლობაზე, სრულად ეხება იმ ფარისეველს, რომელიც წამოგვიდგება წმიდა სახარების იგავში „ფარისეველსა და მეზვერეზე“. უფალმა იესო ქრისტემ ეს ორივე სიტყვა - ფარისეველი და მეზვერე - ორგვარი გააზრებითა და მნიშვნელობით შეიტანა თავის იგავში. იმ ხანად ამ იგავის მსმენელი ფარისეველში აუცილებლად განჭვრეტდა ისტორიულად არსებულ ფარისეველს, კერძოდ, მოსეს რჯულის დამცველსა და იუდეველთა საზოგადოებრივი იერარქიის უმაღლესი საფეხურის წარმომადგენელს. როგორც ითქვა, ფარისეველს ებრაელი ხალხი დიდი კრძალვითა და პატივისცემით ეპყრობოდა, ვითარცა რჯულის გულმოდგინე აღმსრულებელსა და გამტარებელს. მაგრამ იგივე ფარისეველი იგავში უფრო მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი სახარებისეული ალეგორიაცაა. გავიმეორებთ, იგი გამოხატავს ფარისევლობას, ანუ ზნეობრივად მიუღებელ, სახიფათო მიდრეკილებას ამპარტავნებისაკენ, ანგარებისაკენ, თვალთმაქცობისაკენ, მოჩვენებითობისაკენ და ა.შ.

მეზვერეც ასევე ორმაგი დატვირთვის მქონე ცნებას წარმოადგენს ამ იგავში. იმ დროს მთავრობისაგან დაყენებული ეს ხარკის ამკრეფი რომის იმპერიის საძულველი მსახური იყო ყველასათვის. ამ იგავის იუდეველი მსმენელი მეზვერეში ასევე აუცილებლად განჭვრეტდა ცოდვილს, საზოგადოებისაგან განკვეთილ წევრს, და წარმართსაც (არაიუდეველს). ასე რომ, მაშინ, როგორც წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი შენიშნავს: „მეზვერე და ცოდვილი ერთი თქმა იყო“.

დავუკვირდეთ, იგავის მიხედვით, რას აკეთებენ ტაძარში სალოცავად მისული ეს ფარისეველი და მეზვერე: „ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე“ (ლუკა 18,10), - ასე იწყებს უფალი იესო ამ იგავის თხრობას, და პირველი, რასაც ამის შემდეგ ხაზგასმით შენიშნავს იგი - ფარისევლის მანერული დგომაა: „ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან“ - განაგრძობს უფალი. ესე იგი, ფარისეველი ფეხზე მდგომი ლოცულობს, რაც იმ დროისათვის ლოცვის ჩვეულებრივი წესი იყო, მუხლდრეკით ლოცვასთან ერთად. მაგრამ ფარისეველი ცალკე დგას ტაძარში და ისე ლოცულობს: ძვ. ქართ „თჳსაგან“ ნიშნავს „ცალკე, მარტო“. უფალი გვეუბნება, რომ მეზვერეც ფეხზე მდგომი მლოცველია, ოღონდ „შორს დგა“, შორს დგასო.

ფარისევლის ცალკე დგომა და მეზვერის შორს დგომა ბუნებრივად ქმნის საგანგებო იგავურ დაპირისპირებას, რაზეც ამ იგავის თითქმის ყველა კომენტატორი მიუთითებს. ეპისკოპოსი მიხეილი ყურადღებას მიაქცევს იგავის ამ ნაწილის ძველ ბერძნულ ტექსტს და შენიშნავს, რომ ფარისევლის ცალკე დგომა, ძველი ბერძნულის გათვალისწინებით, ორგვარად შეიძლება გავიაზროთ: ფარისეველი ან გამოსაჩენ, გამოყოფილ, სხვათაგან გამოცალკევებულ ადგილზე დგას, ანდა იგი უბრალოდ თავისთვის დგას. ეპისკოპოსის თქმით, ფარისევლის დგომა გამოსაჩენ, სხვათაგან განცალკევებულ ადგილზე წმინდა წყლის ფარისევლური თვისების გამომხატველია.

ფარისევლისა და მეზვერის დგომის ეს ურთიერთდაპირისპირებული მანერა იმის მანიშნებელიცაა, რომ სეპარატისტის პოზით მდგარი ფარისეველი ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას, ცოდვილთაგან შორს ყოფნას, იმას, რომ ფარისეველს არაფერი ესაქმება ტაძარში მყოფ მლოცველ ცოდვილებთან, იგი თავს არიდებს მათ, რათა ცოდვის თანაზიარი არ შეიქნას.

თუმცა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი გვაფრთხილებს, რომ ტაძარში წინ დადგომა ან ცალკე დგომა და ლოცვა ყოველთვის არ არის ფარისევლური ლოცვის მიმანიშნებელი. ზოგი ხომ იმ მიზნით დგება წინ, რომ უფრო კარგად გაიგონოს ტაძარში აღსრულებული წირვა-ლოცვა, უკეთესად მოისმინოს მოძღვრის ქადაგება. მეზვერის შორს დგომით, შესაბამისად, იგავში მონიშნულია ამ მლოცველის სიმდაბლე, თავმდაბლობა. თუ ადამიანი სალოცავად ტაძრის ბოლოში, შორს იმისათვის დგება, რომ მყუდროდ იყოს და ლოცვისას თვალი და გონება არ გაეფანტოს, ასეთი დგომა, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასტურით, „დიახაც, მადლი იქნება“ მაგრამ ზოგიერთი უკან, ტაძრის კარებთან ახლოს იმისთვის დადგება ხოლმე, რომ წირვა-ლოცვის დამთავრებისთანავე გაუჭირვებლად ჩქარა გავიდეს გარეთ ან სულაც წირვა-ლოცვის დამთავრებამდე დატოვოს ტაძარი. ეს კი ცოდვა არისო, - დასძენს წმიდა მამა.

ასე რომ, ორივე შემთხვევაში იმდენად იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, დგას კაცი ლოცვისას, შორს დგას თუ ახლოს, არამედ იმას, თუ რა განზრახვით, რა მიზნითა და მისწრაფებით ლოცულობს იგი.

„სალოცავად მოხვედი თუ...“

„ღმერთო, გმადლობ შენ“ - ასე იწყებს ფარისეველი თავის ლოცვას. მადლიერების გამომხატველი ამ დასაწყისი სიტყვებით უფლის ტაძარში მოსული ფარისეველი, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი მლოცველის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფარისეველი ამ სიტყვებით, მართალია, აღიარებს ღვთის შეწევნას, ურომლისოდაც შეუძლებელია მადლის მიღება და სიკეთის ქმნა, მაგრამ მადლის შემწირველი ფარისეველი ამ სიტყვებს მოაყოლებს საკუთარი ღირსებისა და სათნოებების დამადასტურებელ ნუსხას: ჯერ იმას, თუ როგორი არ არის იგი, შემდეგ კი იმას, თუ რაოდენ კეთილმსახური და მართალია ღვთის წინაშე.

გავიხსენოთ ფარისევლის ლოცვის ეს ნაწილი: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე“ (ლუკა 18,11). ეს სიტყვები მხოლოდ თვითკმაყოფილი ადამიანის პირიდან შეიძლება ამოვიდეს. ფარისეველი საკუთარ თავში მხოლოდ და მხოლოდ ღირსებასა და სრულყოფილებას ხედავს და თავსაც ამიტომ იქებს. თითქოს ამ ფარისეველზე ბრძანებს წმიდა დავით მეფსალმუნე: „იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თჳსისათა“ (ფსალმ. 9,23).

მერედა, რით იქებს ეს თვითკმაყოფილი ფარისეველი თავს? იმით, რომ იგი არ არის მტაცებელი, ცრუ, მემრუშე. როგორ შეიძლება კაცმა ამათ იქოს თავი? - გვეკითხება წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი. თუ მაინცდამაინც თავის ქებას მოინდომებს ვინმე, განა ის არ უნდა თქვას, თუ რა სიკეთე და სათნოება უქმნია ამქვეყნად, და თან ღვთის მადლსა და შემწეობას არ უნდა მიაწეროს ყოველივე ეს? წარმოიდგინე, - მოგვმართავს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი, - რომ ვინმე წარუდგა მეფეს და მისგან ჯილდოს მისაღებად ასე იქო თავი: მეფევ! მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ, არც შენი ხაზინა გამიქურდავს და არც შენი სახელი დამიგმია; როგორ ფიქრობთ, მეფე მოუწონებს ამ სიტყვას და ამგვარ მთხოვნელს მისცემს ჯილდოს? განა არ ეტყვის მას: მე შენ არც მოსატყუებლად დამიდგენიხარ, არც ხაზინის გასაქურდად და არც ჩემი სახელის საგმობად; მე შენ საქმე მოგანდე - გასაკეთებლად!

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, კარგია, თუკი კაცი ცოდვას არ სჩადის, არც იტაცებს, არც ცრუობს და არც მრუშობს, მაგრამ ფარისევლის ლოცვაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ იგი თავს თვითონ იქებს და თანაც ლოცვისას, ღვთის წინაშე ეწევა თვითგანდიდებას. ამიტომ ფარისევლის ლოცვა არის არა ღვთის სადიდებლად აღვლენილი ღაღადისი, როგორც ეს უნდა ყოფილიყო კიდეც, არამედ საკუთარი თავის საქებრად და განსადიდებლად წარმოთქმული ხოტბა. ის დასაწყისი სამადლობელი სიტყვებიც - „ღმერთო, გმადლობ შენ“ - სინამდვილეში გამომხატველია არა მადლიერებისა ღვთის მიმართ, არამედ დასტურია საკუთარი პატივმიყვარეობისა, თვითკმაყოფილებისა და აღმატებულობისა.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამასთან დაკავშირებით მსჯელობს თვითკმაყოფილებაზე, იმ საშინელ სენზე, ფარისევლის მსგავს ადამიანს რომ შეეყრება ხოლმე. ხშირად ასეც ხდება: როცა კაცი ღვთის მცნებების ბეჯითად აღსრულებას შეუდგება და ამით დიდ კმაყოფილებას იგრძნობს, მაშინვე წამოყოფს თავს სახიფათო მიდრეკილება თვითგანდიდებისაკენ.

„შინაგანი გულის კმაყოფილება“ - ამბობს წმიდა ეპისკოპოსი - „არის ნიშანი მისი უგუნურებისა. კაცი, რომელიც იქადის თავისითა სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება“. წმიდა მამის თქმით, გონიერი კაცი არასოდეს იქნება კმაყოფილი თავისი თავისა, მაშინაც კი, როცა მას ღვთისაგან მოენიჭება რაიმე მადლი და სათნოება. ასეთი კაცი მუდამ ფხიზლობს, აფრთხილებს საკუთარ თავს და ხშირად უჯავრდება კიდეც. ამ დროს მას ამოძრავებს ერთადერთი კეთილგონივრული მიზანი - კიდევ უფრო უმჯობესი ქმნას, უფრო მეტი და დიდი სათნოება აღასრულოს. ამგვარი კაცის გონიერება იმითაც მჟღავნდება, რომ იგი დაუღალავია ამ თავის მისწრაფებაში უმჯობესისაკენ, მის ბუნებაში ჩანერგილია ეს დაუსრულებელი სწრაფვა უმჯობესი და უფრო მაღალი, ღვთისათვის მოსაწონი ქმედებისაკენ.

კმაყოფილება, მით უფრო, თვითკმაყოფილება, მხოლოდ აფერხებს ამ სწრაფვას, ხელს უშლის ჭეშმარიტი სათნოების აღსრულებას: უკმაყოფილება კი არის წყარო ყოველგვარი სულიერი თუ ხორციელი წარმატებისა.წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსისათვის საკუთარი თავით უკმაყოფილება არის „დიდი და მაღალი ნიშანი“. სწორედ ეს შინაგანი უკმაყოფილება აიძულებს და აფხიზლებს კაცს იმისათვის, რომ „გამოვიდეს ცოდვიდან და აღასრულოს მცნება“.

ნეტარი ავგუსტინე ამ ფარისეველს რიტორიკული შეკითხვით მიმართავს: შენ აქ სალოცავად მოხვედი თუ თავის საქებრად? შენ ამბობ, რომ ყველაფერი გაქვს და არც არაფერი გაკლია, შენთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ლოცვა ღვთის წინაშე, აუცილებლად საკუთარი თავი უნდა იქო და თან სხვა მლოცველებიც შეურაცხყო. ნეტარი მამა დასძენს, რომ ეს იმდენად ლოცვა კი არ არის, რომლის დროსაც ღმერთს მადლობას სწირავენ, რამდენადაც მილოცვაა საკუთარი თავისადმი. ფარისევლის მადლიერებაც, ამიტომ, არის „მადლიერება - უმადურისა!“.

ამგვარი მლოცველი ნეტარ ავგუნტინეს აგონებს იმ ავადმყოფს, რომელსაც უხარია, რომ სხვას უფრო მძიმე სენი შეჰყრია და თვითონ მასთან შედარებით ჯანმრთელია. თავის ქება და განდიდება კიდევ არაფერი. ფარისეველი ღვთის წინაშე ლოცვისას ყველას განიკითხავს. „არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი“ - ამბობს იგი. მისთვის ყველა სხვა - ცოდვილია, თვითონ კი - არა. იგი ვერ ხედავს და ვერც გრძნობს თავის ნაკლსა და ცოდვიანობას, თავის თავს უბრალოდ „სხუათა“ მაღლა კი არა, ყველაზე მაღლა აყენებს. ჭეშმარიტად ამაზეა ნათქვამი უფალი იესო ქრისტეს ქადაგებაში: „რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?.. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი“ (მათე 7,3-5).

ფარისევლის სიტყვებში: „არა ვარ... გინა ვითარცა ესე მეზუერე“ არ ვარ ცოდვილი, როგორც ეს მებაჟეო, განკითხვის გარდა, ასევე მჟღავნდება მლოცველი ფარისევლის ზიზღი ამ ცოდვილი მეზვერისადმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფლის ტაძარში მდგომი მლოცველი განიკითხავს და თან ამცირებს მოყვასს. სხვათა განმკითხველს ავიწყდება (ან არ იცის), რომ „ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიკითხავთ, ხვალ შეიძლება სინანულით, აღსარებითა და ლოცვით წმინდანი გახდეს“ (უწმიდესი და უნატარესი ილია II).

სხვათა განკითხვა უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ ლოცვის ჟამს ქმნილი ეს ცოდვა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. სხვისი განმკითხველი კაცი მოკლებულია უფლისათვის ესოდენ სათნო სიყვარულს მოყვასისადმი. ამიტომ ფარისეველი, თავისი ცრულოცვით, მოყვასისადმი სიყვარულის უდიდეს მცნებასაც არღვევს და, რაც ყველაზე უფრო საშინელია - შეურაცხყოფს ღმერთს, ვინაიდან: „ღმერთი სიყუარული არს“!

სამწუხაროა, მაგრამ მრავალ ჩვენგანს ალბათ ფრაგმენტულად მაინც გაახსენდა საკუთარი თავი ლოცვისას. სამწუხაროა იმიტომ, რომ ხშირად თავს ვერ ვაღწევთ ხოლმე ფარისევლობას, ღვთის წინაშე სალოცავად მდგარნიც კი. ლოცვისას, სინანულის ნაცვლად, რამდენჯერ გაგვიმართლებია თავი უფლის წინაშე. გულის სიღრმეში ადგილს მივუჩენთ ხოლმე თვითკმაყოფილებით ნაშობ მადლიერებას იმის გამო, რომ რომელიმე ცოდვას არ ჩავდივართ არა იმ სიკეთისათვის ვმადლობთ უფალ ღმერთს, რაც მისი წყალობით გვაქვს, არამედ იმ უსჯულოებისათვის, რასაც სხვებში ვხედავთ. ამით ხომ თვითგანმართლებას ვეწევით! თვითგანმართლებაში კი, საკუთარი უცოდველობის ფონზე, მექანიკურად იგულისხმება ყველა სხვათა ცოდვიანობა, უფრო უარესიც - ამით ჩვენ იმის გამოც ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენზე უარესებიც დადიან ამქვეყნად! ჭეშმარიტად - ამაზე დიდი უგუნურება, უმადურობა და ცოდვა არ იქნება!

ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარი სულიერების ნამდვილი სურათი მხოლოდ მაშინ დაიხატება, როცა თავს შევუდარებთ იმათ, ვინც ჩვენზე უკეთესი და უმჯობესია, და არა იმათ, ვინც ჩვენზე უარესია. მარტო ამგვარი შედარება-შეფასებაა, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, „სიცოცხლისა და ყოფაქცევის საღმრთო საზომი“. კი, ბატონო, ვთქვათ მართლაც არ ვართ სხვა ცოდვილთა მსგავსნი, მაგრამ განა ეს ნიშნავს იმას, რომ ამით უკვე წმინდანებს ვემსგავსებით? ცხადია, არა! სულის ცხონებისათვის არ არის საკმარისი მარტო ის, რომ ცოდვა არ მაქვს, ან ესა და ეს ცოდვა არ ჩამიდენია. ღვთის წინაშე განსამართლებლად აუცილებელია მადლისა და სიკეთის ქმნა, სამადლო საქმის კეთება. თუკი ჩვენი სიცოცხლე არ არის განუწყვეტელი და დაუცხრომელი სწრაფვა უმჯობესისაკენ, მაშინ რით შეიძლება განვმართლდეთ ღვთის წინაშე? - ასე ჩაგვეკითხება წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი.

 

„ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა“; მონაგების ათეული

ფარისეველი ლოცვის მეორე ნაწილში ჩამოთვლის თავის სათნოებებს, ანუ იმას, თუ რა უქმნია მას და რა დამსახურება აქვს ღვთის წინაშე: „ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“ ესე იგი: „ორჯერ ვმარხულობ კვირაში და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ“ (ლუკა 18,12).

„აჰა სათნოებანი ფარისეველთა!“ - შესძახებს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი. სულ ეს არის ფარისევლის მიერ გაწეული ღვაწლი უფლისა და კაცთა წინაშე. ამას ჰქვია ფარისევლის სათნოება, რაც, ფარისევლისავე შეხედულებით, საკმაო საფუძველს უქმნის საკუთარი თავის უპირატესობას, სხვებზე აღმატებულობასა და უმჯობესობას.

მოსეს რჯულის მიხედვით, მარხვა დადგენილი იყო წელიწადში ერთხელ - განწმენდის დიდ დღეს, როცა მთელი ერის ცოდვებისათვის მსხვერპლი შეიწირებოდა. ფარისეველი კი იმას ამადლის ღმერთს, რომ თავად წელიწადში ერთხელ კი არა, „შაბათსა შინა“, ანუ კვირაში ორ დღეს მარხულობს. ძვ. ქართ. შაბათი შაბათ დღესაც აღნიშნავდა და თავად შვიდეულსაც, კვირასაც. დღეს ამის მსგავსად კვირა აღნიშნავს შვიდეულსაც და კვირა დღეს, კვირიაკეს.

რაც შექნება მეათედის გადახდას, მოსეს რჯულითვე, დაწესებული იყო ნაყოფთაგან და პირუტყვთაგან მეათედის შეწირვა, რაც მღვდელმთავართა და ლევიტელთა (უფლის ტაძრის მსახურთა) შენახვას ხმარდებოდა. ფარისეველი კი მეათედ ნაწილს მთელი თავისი ქონებიდან, თავისი ყველა სახის შემოსავლიდან შესწირავს და, ესე იგი, ამჯერადაც, მისივე აზრით, სხვებზე უფრო მეტს გასცემს შესაწირის სახით.

ასე რომ, ფარისეველი ლოცვის მეორე ნაწილში კვლავ განაგრძნობს საკუთარი თავის ქება-დიდებას, მაგრამ ამჯერად „საბუთიანად“ წარმოაჩენს ამას. საკუთარი თავის მეხოტბეს ავიწყდება, რომ ამისთანა მარხვით, ლოცვითა და შესაწირით გაღებულ მსხვერპლშეწირვას არავითარი ფასი არ აქვს არც ღვთის თვალში და არც კაცთათვის. მარხვა და მსხვერპლის შეწირვა, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, სათნოებამდე მიმყვანებელი გზაა და არა თვით სათნოება. თუ მარხულობ, მსხვერპლს სწირავ, წირვა-ლოცვას უსმენ, მაგრამ შინაგანი სიწმინდე არ გემატება, სულით და გულით უმჯობესი არ ხდები, მაშინ ემსგავსები კაცს, რომელიც გზაზე დამდგარა და წინ კი ნაბიჯს არ დგამს. ცხადია, დასძენს წმიდა მამა, ამ გზას ასეთი კაცი მარტო იმისათვის შესდგომია, რომ სხვებმა დაინახონ და ყველას მართლმორწმუნედ მოაჩვენოს თავი.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი შეშფოთებული აღნიშნავს, თუ რაოდენ საშინელი და ზარდამცემია ფარისევლის ლოცვიდან მომდინარე ეს აზრი და გამიზნულობა! მაშასადამე, მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორნაირი ყოფილა: ერთი - სინანულით აღსრულებული და მეორე - საკუთარი ამპარტავნებით გამოკვებილი. ამით გაოგნებული და შეწუხებული წმიდა ეპისკოპოსი ამბობს: „თურმე შესაძლებელი არის, მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლსა და ღვთისმსახურებასა, არამედ ერთსა მხოლოდ - ცოდვასა და ღვთის წინააღმდეგობასა!“

რაღა თქმა უნდა, ეს ორგვარი მარხვა უკიდურესად ემიჯნება ერთმანეთს. ერთია ჭეშმარიტი მარხვა, რომელიც არის „გლოვა, მონანიება, ტირილი და ღვთისადმი ვედრება“. ჭეშმარიტი მმარხველი მხოლოდ თავის ცოდვათა გამოა შეწუხებული, და რითღა შეუძლია მას სიქადული ღვთის წინაშე?

მეორე კი ფარისევლური მარხვაა, ორგულობისა და ამპარტავნების ნაყოფი, მხოლოდ თავმომწონებისა და პატივის მიღებისათვის გაღებული მსხვერპლი, კაცთა საჩვენებელი, სხვათა დასანახავად გაწეული ღვაწლი. ყოველივე ამის მიზეზი ერთია - მოუნანიებლობა საკუთარი ცოდვებისა ღვთის წინაშე, სინანულის სრული არქონა. ფარისეველი გულმოდგინედ ლოცულობს, გულდადებით მარხულობს და მსხვერპლსაც უხვად სწირავს, მაგრამ მისი სიტყვაცა და საქმეც უნაყოფო რჩება იმის გამო, რომ ეს სიტყვაცა და საქმეც უფლისაკენ არ მიემართება, საღმრთოდ არ არის განკუთვნილი: „ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა“ - გვასწავლის წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში (3,23).

დიახ, ფარისეველი თავის ლოცვაში არც ერთ საკუთარ ცოდვას არ ინანიებს, მაშინ როდესაც ტაძარში მისული, ფარისევლისაგან მოშორებით მდგომი მეზვერე თავისი ლოცვით სინანულის ტკბილ ნაყოფს იმკის.

 

მლოცველი მეზვერე

ძველი ქართული სიტყვა „მეზუერე“ მებაჟეს ნიშნავს. რომის იმპერიის ხანაში მეზვერე ხარკის ამკრეფი იყო. მეზვერეები, ჩვეულებრივ, მეტისმეტად ავიწროვებდნენ ხალხს, დაწესებულზე მეტს ახდევინებდნენ და ამიტომ მთავრობისაგან დაყენებული ეს მოხელე ყოველთვის საძულველი იყო. თუმცა მეზვერეებს არც წარჩინებული და დაწინაურებული ფენა სწყალობდა და მიიჩნევდნენ, რომ მეზვერე იყო ყველაზე შემზარავი სახე ცოდვილი ადამიანისა, უფრო მეტიც - მას განკვეთილივით ეპყრობოდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, იმ დროს მეზვერე და ცოდვილი „ერთი თქმა იყო“ (წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი). ამასთან ერთად, მეზვერეში ებრაელი მოიაზრებდა წარმართსაც, ანუ არაიუდეველს (სხვა რელიგიის აღმსარებელს). ასე რომ, უფალმა თავის იგავში წინასწარგამიზნულად დააყენა გვერდიგვერდ იმდროინდელი საზოგადოების ორი უკიდურესად გამიჯნული ფენის წარმომადგენელი: ფარისეველი, როგორც სახე საზოგადოების დაწინაურებული და წარჩინებული წევრისა, და მეზვერე, როგორც საზოგადოებისაგან განკვეთილი, ყველასთეის მიუღებელი, ცოდვით დაცემული ადამიანი.

უფლის იგავური სათქმელიდან გამომდინარე კი, როგორც დავრწმუნდით მხილებულია არა მეზვერე და მისი ცხოვრების წესი, არამედ ფარისეველი და მისი ფარისევლობა, ანუ დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გვერდით მყოფისადმი. ამის საპირისპიროდ, სწორედ მეზვერის ქმედება, მისი ქცევის მოტივაცია და განზრახულობაა შეწყნარებული ჩვენი უფლის მიერ.

მაინც რას აკეთებს უფლის ტაძარში სალოცავად მისული მეზვერე? რა არის ის, რითაც მლოცველი მეზვერე უპირისპირდება მლოცველ ფარისეველს, და მათგან პირველი უფლისმიერ შემწყნარებლობას იმსახურებს, მეორე კი - არა? თითოეული მათგანი ხომ მართლაც ლოცულობს ღვთის წინაშე? განა ორივე სალოცავად არ არის მისული ტაძარში?

დიახ, ლოცვით ორივე ლოცულობს, მაგრამ ღვთის წინაშე სალოცავად სწორედ მეზვერეა მისული ტაძარში, სწორედ იგია ნამდვილი, ჭეშმარიტი მლოცველი. მეზვერე ფარისეველივით კი არ მობრძანდა და ყველას დასანახავად წინ, სიწმინდეებთან ახლოს კი არ დადგა სალოცავად, არამედ შიშით შევიდა ტაძარში, წმიდა საკურთხევლისა და სიწმიდეებისაგან შორს დადგა, ყველასაგან ფარულად, კუთხეში მიმდგარმა, ღვთის წინაშე გააცხადა საკუთარი ცოდვები, თავადვე ამხილა თავისი ფარული ზრახვები, ვნებები და თავიც განიკითხა. გულწრფელად მლოცველ მეზვერეს, ჩანს, ტაძარში მოსვლამდე შეესმა ხმა ღვთისა: „განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს“ (ფსალ. 61,8), და ესეც შეიგნო: „სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი“ (ფსალ. 135,23).

ნეტარი ავგუსტინეს თქმით, „ეს მეზვერე ტაძარში შორს იდგა თავისი წუხილით საკუთარ ცოდვათა გამო, მაგრამ იგი თავისი ღვთისმოსაობით იყო ახლოს ღმერთთან“ მეზვერის ღვთისმოსაობა იმით გამოიხატება, რომ იგი სინანულშია, მთელი თავისი შეგნებით აღიარებს საკუთარ ცოდვიანობას, გონებითაც აქვს გააზრებული და გულითაც განიცდის მას. სინანულის მხოლოდ ამგვარი განცდა შეაძლებინებს კაცს, ერთხელ და სამუდამოდ მოიძაგოს ცოდვა, რომელსაც შობს თავნება გულისთქმა და გამოზრდის ბრმა გონება. ამიტომაც არის აუცილებელი, ცოდვის ამოსაძირკვად ერთდროულად მონაწილეობდეს გულიც და გონებაც: პირველი უნდა განიცდიდეს ღრმა წუხილს საკუთარი ცოდვების გამო, მეორე კი დაუნდობლად ამხელდეს და ადანაშაულებდეს ამ ცოდვათა მოქმედს, ანუ თავის თავს, და სხვას არავის.

ცოდვისაგან განშორება, ცოდვის მოძაგება, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, ცოდვის მუშაკს ღვთის მსახურად გარდაქმნის. ეს არაჩვეულებრივი მეტამორფოზა წმიდა მამისთვის ყველაზე დიდი საქმეა საქმეთა შორის.

უაღრესად საგულისხმოდ შეაფასებს ნეტარი ავგუსტინე მეზვერის გულმხურვალე სინანულს. მისი თქმით, ტაძარში მოკრაძლებით მდგომი მონანიე მეზვერე საკუთარ თავში ერთმანეთისაგან გამოაცალკევებს ადამიანსა და ცოდვილს. ღვთის წინაშე მდგარი მონანული ერთი კი არა, თითქოს ორი სხვადასხვა არსებაა: ერთია ადამიანი, და ეს წოდება მას ღვთისაგან აქვს მინიჭებული: „შენ რომ ადამიანად იწოდები“ - ამბობს ნეტარი მამა, - „ეს ღვთის საქმეა!“ მეორე არსება კი ცოდვილია: „შენ რომ ცოდვილად იწოდები“ - განაგრძობს ნეტარი ავგუსტინე - „აი, ეს კი შენი საკუთარი საქმეა, შენივე ხელიდან გამოსული და შენი ხელითვე დასანგრევი საქმე“. ნეტარი მამა ასეთ რჩევას დაურთავს: „შენ უნდა შეიძულო შენში არსებული ეს შენი საკუთარი საქმე (ე.ი. ცოდვის ქმნადობა), და ამის წილ უნდა შეიყვარო ღვთის საქმე (ცოდვის არქმნა და მცნებათა დაცვა). დაანგრიე შენი საკუთარო საქმე, რომ ღმერთმა თავისი საქმის აღსრულება შეძლოს. ის, ვინც თავად აღიარებს ცოდვებს და მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს ამ ცოდვებში - იგი უკვე ღმერთთან ერთად მოექმედებს“.

სხვაგან ნეტარი ავგუსტინე კვლავ განაგრძობს ამ თემას და ამბობს: „მეზვერემ არ დაინდო საკუთარი თავი, რომ ღმერთს დაენდო იგი; მეზვერე ადანაშაულებდა საკუთარ თავს, რომ ღმერთს მისი პატიება შესძლეძოდა; ეს ცოდვილი სჯიდა თავის თავს, რომ ღმერთს გაეთავისუფლებინა იგი“. მონანიესა და ღმერთის თანა-მოქმედებასთან დაკავშირებით თითქმის იმავეს გვიბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი ილია II: „სადაც სინანულია, იქ უკვე ღმერთი და ცოდვათა შენდობაა“.

დიახ, ყოველივე ეს მხოლოდ ღმერთს მინდობილი კაცისთვის არის შესაძლებელი. მეზვერე ჭეშმარიტად იგია, ვისზეც წმიდა დავით მეფსალმუნე ბრძანებს. „მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი და მან გამოგზარდოს შენ“ (ფსალ. 54,22).

წმიდა სახარების ამ იგავში ფარისევლის დგომის ხაზგასმული მანერა, საკუთარი თავის განმართლება, სხვათა განკითხვა და ზიზღი, უცოდველობის სრული შეგრძნება იმაზე მეტყველებს, რომ ამ თვითდაჯერებულ და თვითკმაყოფილ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და, რაც ყველაზე სავალალოა, იგი გამართლებას არც ელის ღვთისაგან.

ამის საპირისპიროდ, მეზვერე, თავისი გაუბედაობით, მოწიწებით, თავმდაბლობითა და სინანულით, სწორედ იმას გვიმოწმებს, რომ მას არ აქვს საკუთარი თავის იმედი, იგი მართლაც ღმერთს არის მთლიანად მინდობილი, ყველა თავისი ზრუნვა უფლისათვის მიუნდვია და განმართლებასაც მთელი არსებით მხოლოდ ღვთისაგან ელოდება. თუმცა თავად მეზვერე საკუთარ თავს გამართლების ღირსად არ მიიჩნევს.

იგავში „ფარისეველსა და მეზვერეზე“ თვალში საცემია ფარისევლის მრავალსიტყვაობა და მეზვერის მცირედმეტყველება. მხოლოდ ერთი მუხლით არის გადმოცემული მეზვერის სულიერი მიმოხრა, განცდები და მისი უკიდურესი თავმდაბლობა. ამას უფალი იესო, შორს დგომის გარდა, კიდევ სამგვარი იგავური მონიშვნით გამოხატავს: ეს არის თვალები, მკერდი და მჯიღი. „მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს“ - აი, სულ ეს არის ნათქვამი იგავში მეზვერეზე.

როგორც განმარტავენ, მეზვერეს იმდენად ჰქონდა შეგნებული თავისი ცოდვიანობა, რომ თვალთა ზეაპყრობასაც კი ვერ ბედავდა. მის ამ გაუბედაობაში ჭვრეტენ მლოცველის მოწიწებას, რიდს, უფრო მეტად კი საკუთარი უღირსების შეგრძნებას, რის გამოც დადგა იგი წმინდა საკურთხევლისაგან შორს, შორს იმისგან, რასაც ცოდვილის ფეხი არ უნდა მიჰკარებოდა. ცოდვილი მეზვერე თავდახრილი დგას, მიწას ჩასჩერებია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მხოლოდ მიწიერია მისთვის მისაღები, არამედ იმ მიწიერი ცოდვების გამო, რომლებიც მას ღმერთისგან აშორებს და ჯერ კიდევ არ ხდის ღვთისაგან შენდობის ღირსად.

თუკი მეზვერის თვალები მიწისკენაა მიმართული, მისი გონების თვალი გულის სიღრმეში იმზირება. იგი მთელი სიცხადით ხედავს და განიცდის საკუთარი გულის ჯურღმულებსა და უფსკრულებს, ყველანაირ ცოდვათა სისაძაგლით რომ არის სავსე. ან როგორ უნდა გაბედოს მან, ამ უფსკრულებში ჩაძირულმა, თვალების ზეცად აპყრობა? საკუთარი ცოდვილი სულის არაწმინდებით გულშეძრულს ისიც ახსოვს, რომ ყოვლისმცოდნე ღმერთმა ყოველივე იცის, და ყოვლისმხედველი უფალი ყოველივეს ხედავს. მაგრამ არც ის ავიწყდება მონანიე მეზვერეს, რომ მარადიული სიმართლისა და სიწმინდის უზენაესი თვალი ახლაც და ყოველჟამიერ მისკენაა მიმართული, საგანგებოდ მოიხილავს მის ყოველ ცოდვისმიერ ქმედებასა თუ სიტყვას. იქნებ იმის გამოც ვერ გაუბედავს მონანულ ცოდვილ მეზვერეს ზეცისაკენ თვალთა აპყრობა, რომ ზეციერი მსაჯულის მზერას არ შეეჯახოს და მისი საშინელი რისხვა არ ეკვეთოს.

მკერდზე მჯიღის ცემაც იმას მიგვანიშნებს, რომ ცოდვილი მლოცველი საკუთარი სინდისის ესოდენ მტანჯველ ქენჯნას მთელი არსებით განიცდის, გულით გრძნობს, და ეს მძაფრი, მწვავე განცდა მისი სულის სიღრმემდეც ატანს. მჯიღის სწორედ გულში ცემა ვიზუალურად მოგვინიშნავს იმ ადგილს, სადაც ყველანაირი ცოდვა იშვება. გულია ცოდვის მიზეზი, გულში წარმოიშვება ყველა ის სურვილი და გულისთქმა, რაც ცოდვას გამოზრდის და ცოდვათქმნადობისკენ წარმართავს ადამიანს. თუმცა იგივე გულია ყველა სათნოების მიზეზიც.

საკუთარი მჯიღის მკერდში მრტყმელი მეზვერე თვითონვე იქოლავს თავს, თავადვე სჯის თავის გულს, რომელმაც ამდენი ცოდვისა და ბოროტების მონად აქცია იგი. მკერდზე მჯიღის ცემა არის თვითგვემის, თვითჩაქოლვის და თვითგანკითხვის იგავური ქმედება, რაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სინანულის მსხვერპლგაღებას, სულის შემუსვრილობასა და გულის დამდაბლებას, როგორც წმიდა დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „მახლობელ არს უფალი შემუსვრილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს“ (ფსალმ. 33,18).

 

„ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“

მლოცველი მეზვერის მცირედმეტყველება, ფარისევლის მრავალსიტყვაობისაგან განსხვავებით, ამ მონანიე ცოდვილის რწმენით გაჯერებულ გულმოდგინებაზე ღაღადებს. „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ - ლოცვის ეს გულისშემძვრელი სიტყვები ძლიერ ჰგავს იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ - ლოცვას, რომელსაც სასწაულების მოხდენა ძალუძს, რომელიც ღვთისაგან მიტევების ღირსად გვხდის, და რომლის მეოხებითაც დაუმსახურებელ განმართლებას ვიღებთ ზეციერი მსაჯულისგან.

„ღმერთო, მილხინე ცოდვილბა ამას“ - ამ სიტყვებში იდუმალი გულმოდგინებითა და მონდომებით არის ჩაწნეხილი ცოდვილის ვედრება და ღაღადისი ყოვლადმოწყალე ზეციერი მამისადმი: ვაღიარებ შენ წინაშე მდგომი, ზეციერო მამაო, რომ ჩემი უსჯულოება ყოველივეს და ყველას აღემატება; სისხლის ცრემლებით ვიღებავ ცოდვათა უფსკრულით დაღალულ ჩემს გულს, რადგან განგარისხე; მაგრამ ჩემს ამ ცოდვათა გამო უფრო ვგლოვობ და ვცდილობ, მჯიღით ჩავწიხლო, ჩავტკეპნო, ჩავქოლო უსჯულოების მბადი ჩემი ყოველი სურვილი. სხვას არაფერს გთხოვ - მხოლოდ მილხინე მე ცოდვილსა ამას, მიწყალე, და შემიწყალე მე, ცოდვილი, მომეცი მიტევება ცოდვათა ჩემთა და მომანიჭე მადლი და ძალა იმისათვის, რომ სინანული არ დავიცხრო, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ჩემი გადარჩენა და ხსნა. მე ვარ, უფალო, მხოლოდ მე ვარ უდიდესი ცოდვილი ამქვეყნად, ამიტომაც შეგთხოვ ჩემთვის ამ მიტევებას.

დიახ, ეს არის ლოცვაში ღაღადისით ჩატეული ერთადერთი სათხოვარი ჭეშმარიტად მონანიე ცოდვილისა. გულის სიღრმიდან ამოთქმული ეს სათხოვარი მეზვერის მოკლე ლოცვით არის გაცხადებული. „ან რათ უნდა ღმერთს სიტყვანი შენნი, ძმაო?“ - მოგვმართავს წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი და განაგრძობს: „ღმერთი ხედავს შენს გულს, იგი ხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმითგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და ღმერთი, მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა - გილხენს და გაცხოვნებს შენ!“.

ამიტომაც მიიღო შენდობა ღვთისგან მეზვერემ. მან მიიღო ის, რასაც ითხოვდა. მისი ლოცვა საკმევლის ნაკმევივით აღვიდა ზეცად, როგორც წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე“ (ფსალმ. 140,2): ფარისევლის ლოცვა კი კვამლივით გაიფანტა ჰაერში: „ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ“ (ფსალმ. 36,20).

 

უფლისმიერი განმართლება

იგავის დასასრულ ასეა ნათქვამი: „გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თჳსსა, ვიდრე ფარისეველი იგი“ (ლუკა 18,14), ესე იგი, მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი. მაგრამ ამ მუხლის კომენტირებისას გვაფრთხილებენ, რომ უფლის ეს სიტყვები არ უნდა ამოვიკითხოთ შედარება-შეპირისპირების გააზრებით და არ უნდა მივიჩნიოთ ისე, თითქოს მეზვერე ფარისეველთან შედარებით გავიდა უფრო განმართლებული ტაძრიდან.

ღვთიურ განმართლებას არ აქვს ხარისხები! მეზვერე ფარისეველთან შედარებით კი არ განმართლდა, იმიტომ კი არ იყო მართალი, რომ ფარისეველი ტყუოდა, არამედ იგი განმართლდა ღვთის წინაშე მდგომი, თავისი სინანულითა და თავმდაბლობით განიწმინდა ცოდვათაგან და ღვთის წყალობაც ამიტომ გადავიდა მასზე!

ამ უფლისმიერი განმარტების გამო უწმიდესი და უნეტარესი ილია II საგანგებოდ გვიბრძანებს: „უფალმა თქვა, რომ მეზვერე ფარისეველზე გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან. ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ფარისეველი ტაძრიდან დასჯილი გამოვიდა, მეზვერე კი გამართლებული. მაგრამ თუ სახარებას გულდასმით წავიკითხავთ, მივხვდებით რომ, ყოვლადმოწყალე ღმერთმა ისიც გაამართლა, ვისაც თავი მოჰქონდა, მაგრამ უფრო გამართლებული მეზვერე წავიდა; ანუ მადლი და წყალობა ორივეს მისცა, მაგრამ მეტი იმას, ვინც თავმდაბალი იყო. ესაა კანონი ღვთისა: იგი ამპარტავანთ შემუსრავს და მადლს თავმდაბალთ მისცემს“.

ასე რომ, იგავის მსმენელი უფალ იესოსთან ერთად შეაფასებს ფარისევლისა და მეზვერის ლოცვას, მათი ლოცვის შედეგად გამოღებულ, ერთმანეთისაგან უკიდურესად განსხვავებულ ნაყოფს. უფლის ამ განმარტებიდან ჩანს, თუ რომელი ლოცვაა მისაღები ღვთისათვის და როგორი ლოცვით შეიძლება განმართლდეს ადამიანი უფლის წინაშე. „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავით ჩვენ იმასაც გვასწავლის უფალი, რომ ღვთის წინაშე კაცი ლოცვით შეიძლება განმართლდეს და ლოცვითვე გამტყუნდეს, იმიტომ რომ ლოცვაში უნებურად მჟღავნდება სულისა და გულის ნამდვილი მდგომარეობა, ყოველი მიმოხრა.

რით გამართლდა მეზვერე? და რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? - იკითხავს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი, და უპასუხებს: იმით, რომ მეზვერემ თვითონ გაიმტყუნა თავი ღვთის წინაშე, ხოლო ფარისეველმა თვითონ გაიმართლა და აღიმაღლა თავი. ყოველ ლოცვას სულიწმიდა ისმენს და იგი მიანიჭებს განმართლებას ნამდვილ მონანიეს, იმას, ვინც ცოდვას მოიძაგებს და განშორდება სამუდამოდ. მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილსა და გადიდგულებულს სულიწმიდა სჯის. ასე ხდება პირველი უკანასკნელი და უკანასკნელი კი პირველი, მხოლოდ ასე დამდაბლდება თვითამაღლებული და ამაღლდება თვითდამდაბლებული.

 

„რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი...“

წმიდა ლუკას სახარების მე-18 თავის მე-14 მუხლში სათქმელს აგვირგვინებს უფლის შეგონება: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.

ეს შეგონება წმიდა მათესა და წმიდა ლუკას სახარებაში რამდენჯერმე მეორდება. პირველად უფალი იესო ამ შეგონებას ცათა სასუფევლის დამკვიდრების პირობასთან დაკავშირებით მიაწვდის თავის მოწაფეებს (მათე 18,4). შემდეგ უფალი ფარისეველთა და ფარისევლობის საყოველთაო მხილების დროს მიმართავს მას (მათე 23,12). ამავე შეგონებას ვკითხულობთ მაშინაც, როცა პირველობის, ამქვეყნიური წარმატების მაძიებლებს ამხელს ჩვენი უფალი (ლუკა 14,11). დაბოლოს, უფლის ეს დიდებული სიტყვები „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავის დამაგვირგვინებელ შეგონებად წარმოდგება წმიდა ლუკას სახარების მე-18 თავში.

უფლის ამ შეგონებიდან - „რომელმან აღიმალღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“ - ბუნებრივად ამოიზრდება, ერთი მხრივ, საკითხი ამპარტავნებისა, რომელიც „ყველა ერესის დედაა“ (წმიდა ეპისკოპოსი პლატონი) და, მეორე მხრივ, საკითხი თავმდაბლობისა, რომელიც სინანულის ტკბილ ნაყოფს გამოიღებს. ეს სახარებისეული შეგონება არის კატეგორიული უარყოფა ამპარტავნებისა და ჭეშმარიტი ქება, აღიარება მორჩილებისა, თავმდაბლობისა.

„ფარისევლისა და მეზვერის“ იგავთან ერთად, წმიდა სახარების ეს აფორიზმი ამპარტავნებისა და თავმდაბლობის მიზეზებსაც აცნაურებს და ნაყოფსაც. მეზვერის სინანულის ლოცვა და ფარისევლის არაფრის მომტანი ლოცვა თვალსაჩინოდ ადასტურებს თავმდაბლობასა და მორჩილებას - როგორც უმაღლეს, უზენაეს სათნოებას, და ასევე თვალსაჩინოდ განაგდებს ამპარტავნებას - როგორც სულის წარწყმედის ძირისძირს. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „ფარისევლის სახით ტაძრიდან გადის ამპარტავნება - ღვთის მიერ დაგმობილი და მსჯავრდადებული, ხოლო ტაძრიდან გამოსული მეზვერით თვით თავმდაძლობა წარდგება ღვთის წირშე განმართლებული“.

ყოველმა მართლმადიდებელმა იცის, რომ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათა ნუსხაში პირველი ამპარტავნებაა. ამ ცოდვათა საკურნებელ შვიდ სათნოებას კი სიმდაბლე, თავმდაბლობა უდგას თავში. ამ ურთიერთგამომრიცხავ წყვილში სათნოება მხოლოდ ერთ-ერთი მხარე კი არ არის, არამედ გაცილებით მეტია - იგი უებარი და ერთადერთი წამალია ამპარტავნებისა! ჩვენ კი ხშირად გვავიწყდება ამ წამლის არსებობა. ამპარტავნებით შეპყრობილნი სად აღარ ვეძებთ თავის დასაღწევ საშუალებებს ამ მომაკვდინებელი სენისაგან. შემაშფოთებლად გრძელია ნუსხა ამპარტავნებით შობილი სნეულებებისა: თვითნებობა, გონებისთვალის სიბრმავე, თავმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, სიჯიუტე, ზიზღი და განკითხვა მოყვასისა, ცილისწამება, შური, ბოროტისმოყვარეობა, ფარისევლობა, თვალთმაქცობა, უმადურობა ღვთისა და კაცისადმი, დაუმორჩილებლობა, ურჩობა უზენაესისადმიც და უფროსთა მიმართაც.

ყველა ამ სნეულებას უპირველესად ისევ თვით სნეულისათვის მოაქვს დიდი ვნება, და უკვე შემდეგ - მის გვერდით მყოფთათვისაც. ამპარტავნების ნამდვილი ბუნებისა და მისგან მომდინარე ვნებათა წარმოჩენის მიზნით, საგულისხმოდ დაგვისვამს შეკითხვებს ასტრახანისა და კავკასიის არქიესპისკოპოსი სილიბისტრო (სილვესტერი) თავის შესანიშნავ წიგნში „სახარების იგავთა განმარტება“: „სად არის თვითგანდიდება, გულის დიდი მღელვარებანი, შური და მრისხანება? - ამპარტავნებაში! სად არის მზაკვრობა და ღალატი მოყვასისა? - ამპარტავნებაში! სად არის პირმოთნეობა, თვალთმაქცობა? - ისევ და ისევ ამპარტავნებაში! დაუკვირდი, ქრისტიანო ძმაო და დაო ჩემო!“ - გვეუბნება არქიმანდრიტი, - „რაოდენ უბედურია ამპარტავნების შხამშენასვამი კაცი და რაოდენ დიდია მისი დაცემა!“

მაინც როდის ვამპარტავნობთ? როდის იწყებს ამპარტავნება თავისი ფესვების გადგმას ჩვენს გულებში? როდის და - მაშინ, როცა ყველა ქცევაში, სიტყვაში, განზრახვაში, ფიქრში მხოლოდ პატივს, ქებას და აღიარებას ვეძებთ, ესე იგი, როცა გადაჭარბებული თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ცეცხლში ვეხვევით. მაგრამ ამპარტავნება განსაკუთრებით მაშინ მოგვეძალება ხოლმე, როცა თავი უცოდველი და სრულყოფილი გვგონია! ასეთი თამოყვარეობიდან იბადება ამპარტავნება, ამპარტავნებიდან კი, წმიდა იოანე ოქროპირის ხატოვანი სიტყვისა არ იყოს, შადრევანივით ამოჩქებს ყველა ის ცოდვა, რომლებიც ახლახან ჩამოვთვალეთ.

ეპისკოპოს მიხეილის თქმით, „ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ყოფაშიც კი დამღუპველია და სამარცხვინო ამპარტავნება, და ეს მით უფრო უნდა ითქვას ადამიანის სულიერ-ზნეობრივ საუფლოზე, სადაც უმთავრესი კანონია სიყვარული მოყვასისადმი. ამ სიყვარულს ყველაზე მეტად სწორედ ამპარტავნება ემტერება და ებრძვის. ამ ბრძოლაში ცოდვით დაუძლურებული ადამიანი ხშირად მარცხდება და სიყვარულსაც განეშორება, სიყვარულისაგან განშორებული კი მთლიანად კარგავს ღვთის წყალობას და ზეციური სასუფევლის კარიც მისთვის სამუდამოდ იკეტება“.

წმიდა წერილში ამ მიზეზით გაისმის ხშირად გამაფრთხილებელი სიტყვები: „კაცთა შორის მაღალი - საძაველ არს წინაშე ღმრთისა“ - ამას უფალი იესო ფარისევლობის სენით შეპყრობილთ ეუბნება (ლუკა 16,15). „ხოლო აღვმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი“ - ამ აღსარების მოწმენი ვართ „ფსალმუნნის“ წიგნში (87,15). სოლომონ ბრძენი თავისი იგავების წიგნში იმავეს ამბობს: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (16,5). ზირაქი კი ასე გვაფრთხილებს: „უფლისათვისაც და ადამიანისთვისაც საძულველია ამპარტავნება, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე“ (10,7).

ჩვენი უფალი „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავის დამაგვირგვინებელი შეგონებით ყოველი ცოდვილისათვის ზრუნავს და თითოეულ ჩვენგანს აფრთხილებს: ნუ დაეცემი, არამედ დამდაბლდი; ნუ ამაღლდები, არამედ გაიზარდე და აღორძინდი!

იმდენად საზარელია გავლენა და შედეგი ამპარტავნებისა, რომ იგი ყველანაირ სათნოებას აკნინებს და ამცრობს ღვთის თვალში - ლოცვა იქნება ეს, მარხვა, თუ სხვა სულიერი და ხორციელი მოწყალებანი. აი, რას ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი: „ამპარტავნებასთან შეუღლებულ სათნოებას მუდამ გადაამეტებს ცოდვასთან დაწინდული თავმდაბლობა, რადგან ამპარტავნება სათნოებას ამცირებს, თავმდაბლობა კი ცოდვის სიმძიმეს აღემატება და ცოდვის მძლეველია“.

რა ელის იმას, ვინც ვერ დაიხსნის თავს ამ მომაკვდინებელი სენისაგან, ვინც ამპარტავნების კლანჭებს ვერ გამოჰგლეჯს საკუთარ სულს? ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თქმით, ამპარტავნების საბოლოო შედეგი ღვთის უარყოფაა, რადგან ის, ვინც თავის სრულყოფილებას აღიარებს და თან ამას მიაწერს არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს, ხომ ცხადია, რომ ამით უარყოფს ღმერთს და მის წინააღმდეგ მოქმედებს! ამპარტავნებას ამიტომაც მოჰყვება ხოლმე მუდამ „დაღუპვა და აღრეულობა“ - ასე აფრთხილებს ტობითი თავის შვილს, ტობიას. (4,13). წმიდა ესაია წინასწარმეტყველი ამპარტავნებით პყრობილსა და თავბრუდახვეულს მთელი დაუნდობლობით უხატავს მისი აღსასრულის შემაძრწუნებელ სურათს: „შავეთში, ჯოჯოხეთში შთაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა, ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს“ (14,11).

„რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი...“

მაგრამ, მადლობა უფალს, ცოდვილის გზა მხოლოდ მანამდე მიემარდება ჯოჯოხეთისაკენ, სანამ იგი თავისი ნებით არ დაიშლის და არ მოერიდება ცოდვას, მანამდეა იგი ცოდვის მუშაკი, სანამ არ მოიძაგებს ამ ცოდვას, არ უარყოფს ამპარტავნებას; და როდესაც მეზვერის სინანულსა და თამდაბლობას აირჩევს, იგი, ცოდვის მუშაკი, ღვთის მსახურად იქცევა. აი, მაშინ კი, ეს ღვთის მსახური ნამდვილ ქრისტიანულ საქმეს ჰკიდებს ხელს და თავისი ნებით ებმება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ამპარტავნების წინააღმდეგ. ქრისტიანობის ყველაზე ბასრი იარაღი ამ ბრძოლაში თავმდაბლობაა, თავმდაბლურად აღვლენილი სინანულის ლოცვაა, რადგან „თავმდაბლობა ცოდვის სიმძიმეს აღემატება და ცოდვის მძლეველია“.

კიდევ ერთი დიდი საქმე აქვს ქრისტიანს. - მას არასოდეს უნდა დაავიწყდეს ღვთის წყალობა, - გვასწავლიან წმიდა მამები. ვისაც არ ახსოვს ღვთის წყალობა, იგი შლეგივით იქცევა და ქრისტიანობისა არა აცხია რა. ლოცვა-ვედრებასთან ერთად, მარხვაცა და მოწყალების გაღებაც ქრისტიანმა ღვთის წყალობის მისაღებად უნდა წარმართოს, რადგან ჩვენი განმართლებაც, ცოდვათაგან დახსნაც და დასაღუპავად განწირული სულის გადარჩენაც მხოლოდ ღვთის წყალობით შეიძლება აღსრულდეს. ვთქვათ და, მოგვცა ღმერთმა წყალობა, ყოვლადმოწყალე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვანიჭა იგი. მაშინ ქრისტიანის საქმე ღვთისადმი მადლის შეწირვა და ღვთის დიდება ხდება. თუკი რაიმე სიკეთე გამოვა ჩვენი ხელიდან, თავმდაბლურად უნდა ვაღიაროთ, რომ ესეც ღვთის წყალობით შევძელით, მხოლოდ ამ წყალობით გამოღებული ნაყოფია ეს ვითომდა ჩვენი სიკეთე.

ყოველივე ამის გამო მარადის უნდა ვმადლობდეთ უფალს, ოღონდ არა ფარისევლის მსგავსად, არა ამპარტავნებით, არა დაყვედრებითა და თავმომწონებით, არამედ მეზვერის მსგავსად - თავმდაბლობით, სინანულით. გულის შემუსვრილობითა და მორჩილებით ყველანაირი განსაცდელიც უფლისაგან ასე უნდა მივიღოთ. აი, რას გვირჩევს წმიდა იოანე ოქროპირი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში თავმდაბლობის გამო: „სიღარიბეში ვართ - ვმადლობდეთ, სნეულებაში ვართ - ვმადლობდეთ, გაჭირვებაში ვართ - ვმადლობდეთ, ბოროტი გვესხმის თავს - ვმადლობდეთ, რადგან მხოლოდ მადლიერება გვაახლოვებს ღმერთთან“.

თავმდაბლობის არაერთი დიდებული მაგალითია წმიდა წერილში: „არა ღირს ვარ მე რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი“ („მე იმის ღირსიც არ ვარ, რომ შევუხსნა მას ხამლის საკვრელი“ - იოანე 1,27) - ამას წმიდა იოანე ნათლისმცემელი აღიარებს უფალი იესო ქრისტეს გამო. „მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“ (უმცროსი და უღირსი ვარო მოციქულთა შორის) - ამას კი მოციქულთა თავი, წმიდა პავლე ამბობს (I კორ. 15,9).

„როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?.. მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს... თუ დამნაშავე ვარ - ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით“ - ამ სიტყვებს მართალი იობი წარმოთქვმს (9,2; 9,15;10,15). მიუხედავად წარმოუდგენელი ტანჯვისა და მწუხარებისა, მძიმე სნეულებით გამოწვეული აუტანელი ტკივილებისა, იობს ერთხელაც არ შეუცოდავს თავისი ბაგეებით უფალი ღმერთის წინაშე, ერთხელაც არ ამოსვლია პირიდან ღვთის საგმობი სიტყვები. მას ხომ სწორედ თავისი მოთმინების, მორჩილების, თავმდაბლობისა და მადლიერების გამო ეწოდა - „მართალი“, და საბოლოოდ მიიღო კიდეც ღვთისაგან განმართლება. წმიდა დავით მეფსალმუნეც გვიზიარებს თავის კეთილ, ბრძნულ გამოცდილებას და ამბობს: „არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი“ (ფსალმ. 130,2).

არანაკლებია წმიდა მამათაგან აღვლენილი ქება და ხოტბა თავმდაბლობისა, მოვუსმინოთ მათ:

არაფერი ისე სწრაფად არ მიანიჭებს მონანიე ცოდვილს ზეციერი მამის წყალობასა და მადლმოსილ შეწევნას, როგორც თავმდაბლობა.

თავმდაბლობის გარეშე მარხვა არ ესათნოება ღმერთს.

თავმდაბლობის გარეშე ლოცვა კაენისაგან შეწირულ მსხვერპლს ემსგავსება.

რაც გვალვიანი მიწისათვის წვიმაა და გემისათვის - ღუზა, ის არის თავმდაბლობა კაცის სულისათვის, მით უფრო - ცოდვილი სულისთვის.

თავმდაბლობა ის ფარია, რომელიც მაცდურის ისრებისაგან იცავს კაცის სულს.

თავმდაბლობა სამოთხის კარის გასაღებიცაა. იგი სამოთხეში ჩარგული სიცოცხლის ის ხეც არის, რომელიც უკვდავების ნაყოფს აწვდის ღვთის მორჩილსა და მადლიერს.

მაგრამ პირველმა ადამიანმა ამ ხისაკენ ამპარტავნების დამანგრეველი ხელი გაიწოდა. ასე დავკარგეთ სამოთხეც, უკვდავებაც და პირველქმნილი სიწმინდე სულისა! ნურასოდეს დავივიწყებთ და მუდამ გვახსოვდეს ის, რაც ამ უკვდავების ნაყოფის ნაცვლად შეგვრჩა ხელთ: მის წილ იბარტყა ურჩობამ, უმადურობამ, შურმა, სიძულვილმა, ბოროტებამ. საბოლოოდ კი სიკვდილი მოვიმკეთ, სულწარწყმედილნი დავრჩით და სასოწარკვეთილებმა შევღაღადეთ ღმერთს: როგორ, როგორ დავიბრუნოთ პირველქმნილი სული და უკვდავება?

ტკბილადმხედმა და ყოვლადმოწყალე ღმერთმა ისმინა ჩვენი და თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგვიგზავნა. განხორციელებულმა ძე ღვთისამ, ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ, გაგვახსენა ის, რაც დიდი ხნის წინათ დაგვიწყა სამოთხის პირველმა მკვიდრმა:

„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“;

„ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“;

„ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (მათე 5, 3-5).

როგორც მიუთითებენ, შემთხვევით არ იწყება „ცხრა ნეტარება“ სწორედ სულით გლახაკთა ნეტარებით. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმო გვასწავლის, რომ „გლახაკი სულითა“ - არის თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი უღირსება, თავისი სულიერი სიგლახაკე ღვთის წინაშე. მას შეგნებული აქვს ისიც, რომ არაფრის ქმნა არ შეუძლია ღვთის შქწევნის გარეშე. სწორედ სიმდაბლით იწყება ჭეშმარიტი ქრისტიანის სულიერი ცხოვრება, ეს არის მისი პირველი სათნოება, რადგან მხოლოდ საკუთარი სულიერი სიგლახაკის შეგრძნება აიძულებს კაცს, ეძიოს ღვთის შემწეობა და არ ჰქონდეს სასოება მარტო თავისი თავისა. როგორც ამპარტავნებაა დასაწყისი ცოდვისა, ისე სიმდაბლეა დასაწყისი ცხონებისა: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე“ (ფსალმ. 114, 16) - წმიდა დავით მეფსალმუნის ცხონების გზაც ეს არის.

პირველი ნეტარების ნიმუშად კატეხიზმოში მეზვერის ლოცვაა დასახელებული და ნათქვამია, რომ „ეს არის ლოცვა ყველა მდაბალთა და გლახაკთა სულითა“ ასეთ კაცს შეგნებული აქვს, რომ ჩვენში ნდომასაც და ქმედებასაც სათნოებისათვის ღმერთი იწვევს თავისი კეთილნებელობით (ფილიპელთა მიმართ 2, 13). ყოვლისმხედი ღმერთი თავის კეთილ მზერას მხოლოდ სულით გლახაკებს მიაპყრობს და ცათა სასუფეველსაც მათ აღუთქვამს.

„ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში მლოცველი მეზვერე თავმდაბლობასთან ერთად ღრმა სინანულითაც აღავლენს თავის ლოცვას. სიმდაბლის შეგნებას აუცილებლად მოსდევს გლოვა და ტირილი საკუთარ ცოდვათა გამო. რაკი ქრისტიანი თავის სულიერ სიღატაკესა და უძლურებას განიცდის და შეიგნებს, უეჭველად იწყებს გლოვას, იგი ღმერთს ცოდვათა მიტევებასა და შეწევნას სთხოვს. ამის მაგალითებია წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველის სინანულის ლოცვა (50-ე ფსალმუნი), წმიდა მოციქულ პეტრეს ტირილი ქრისტეს უარყოფის გამო და სხვა მრავალი. სულით გლახაკთა ნეტარებას ამიტომაც მოსდევს გულით მგლოვარეთა ნეტარება: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ ისინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ“.

მონანიე ცოდვილის სული სრულ ნუგეშისცემას მომავალ ცხოვრებაში იგემებს. თუმცა მანამდე ღმერთი მას სულის სიმშვიდესაც მიანიჭებს, და მესამე ნეტარებაშიც ამიტომ ვკითხულობთ: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“. სულის სიმშვიდე გულის უბოროტობას შობს. მშვიდი კაცი მოთმინებით იტანს ყოველივეს და უდრტვინველად იღებს ყველანიარ შეურაცხყოფას. მაგრამ, როგორც კატეხიზმო გვასწავლის, ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს. ამგვარი მოთმინებითა და სიმშვიდით, ურისხველობითა და სიყვარულით ადამიანი საკუთარსაც ეძიებს და ყოველივეს ძიებაშიცაა. მესამე ნეტარებაში უფალი ამათ მსგავსთ ქვეყნის დამკვიდრებას აღუთქვამს. ეს დამკვიდრებაც მომავალ ცხოვრებაში აღსრულდება, როდესაც ახალი ცა და ახალი ქვეყანა იქნება.

 

ღირსება ქრისტიანისა

„ფარისევლისა და მეზვერის“ იგავის უფლისმიერი სათქმელი, როგორც დავრწმუნდით, თავმდაბლობის სათნოებას ასაჩინოებს. მლოცველი მეზვერე სწორედ თავისი თავმდაბლობით ამაღლდა ღვთის წინაშე, ეს ცოდვილი საკუთარი უღირსების აღიარებით შეუდგა ზეციური სასუფევლისაკენ აღმყვანებელ გზას. მეზვერეობა, ფარისევლობისაგან განსხვავებით, ამიტომაც განიხილება ამ იგავში, ვითარცა ცოდვილის განმართლების ყველაზე ღირსეული გზა. ყოველივე ამას კი ბუნებრივად მივყავართ ქრისტიანის ღირსებამდე.

თავმდაბლობა ქრისტიანის ღირსების უმშვენიერესი სამკაულია. ქრისტიანი საკუთარი ღირსების დაცვას თავმდაბლობის გარეშე ვერ შეძლებს. მაგრამ რა არის ქრისტიანისათვის ღირსება? რომელი საზომით იზომება ღირსება ქრისტიანისა? ამ შეკითხვებზე მართებული პასუხის გაცემა მეტად მნიშვნელოვანია არათუ ქრისტიანისათვის, არამედ ყოველი კეთილგონიერი ადამიანისათვისაც.

მე ვარ ადამიანი - ასე შეიძლება გაიშიფროს ფორმულა ადამიანური ღირსებისა. თუმცა ჭეშმარიტი შეცნობა იმისა, რომ ადამიანი ხარ, მაშინ იწყება, როცა არც ზედმეტს მიაწერ საკუთარ თავს და არც იმას შეურაცხყოფ, რაც ღვთისაგან გაქვს მონიჭებული. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ადამიანის ღირსების საკითხს სულიერი სიწმინდის გათვალისწინებით განიხილავს და ბრძანებს: „პირადი ღირსების, პირადი პასუხისმგებლობისა და სრულყოფის იდეა რელიგიური წესრიგის იდეაა. „აჰა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკა 17,21) - ბრძანებს წმიდა ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისაგან სულიერი სიწმიდის მოთხოვნის აუცილებლობა“.

თავმდაბლობის, სინანულის, სიმშვიდისა და მორჩილების საუფლოში დამკვიდრებულს მუდამ ახსოვს, რომ იგი - ადამიანია. ამიტომ აუცილებელი ხდება იმის ნათელყოფა, თუ რა საღვთისმეტყველო და ქრისტიანულ-ზნეობრივ შინაარსს იტევს ქრისტიანისათვის ცნება „ადამიანი“. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, მასში არსებულიდან რა არის ადამიანური და რა - ღვთიური. ადამიანური ღირსება იზომება მასშივე არსებული (თუ ზეგარდამო მონიჭებული) ღვთიურობით, იმით, რაც ღვთისაგან მიეცა და მიებოძა. ღმერთმა ადამიანს თავისი ხატება და მსგავსება მიანიჭა, თავისი მსგავსისა და ხატის ღირსად გახადა. განა ეს ღვთის უდიდესი წყალობა არ არის?!

 

პატიოსნება, პატივი და ღირსება

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ერთ-ერთ დიდებულ ქადაგებაში (პატივსა და პატიოსნებასთან დაკავშირებით) საგანგებოდ განგვიმარტავს პატიოსნების ფესვებისა და წყაროს რაობას. „თუ გახსოვს შენ, ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლისა სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხისა“ - ასე მოგვმართავს იგი ქადაგების დასაწყისში. წმიდა ეპისკოპოსის თქმით, პატიოსნების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება კარგი ქრისტიანი, რადგან ქრისტიანობა, არსებითად, სწორად იმ პირობის (აღთქმის) პატიოსნად შესრულებაა (აღსრულებაა), რომელიც უფალმა დაგვიდო, და რომელსაც ქრისტიანი ღვთის წინაშე დებს ნათლისღებით.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი გვეკითხება: რა საფუძველი აქეს პატიოსნებას? რა არის ის, რაც კაცს დააცვევინებს თავის პატიოსნებას, და რითაც ყდველგვარ დადებულ პირობას აღასრულებინებს?

პასუხი ერთია - ეს არის პატივი, თავისი თავის პატივის-ცემა, წმინდა, ჯანსაღი ქრისტიანული თავის-მოყვარეობა. მაგრამ საკუთარი თავისადმი პატივის მიგება და პატივისცემა მხოლოდ ღირსებიდან შეიძლება ამოიზარდოს. მარტო იმ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის პატივისმცემელი (და ჯანსაღად, ქრისტიანულად მოყვარული თავისი თავისა), ვინც იცის და ვისაც ახსოვს საკუთარი ღირსება.

წმიდა ეპისკოპოსი გვასწავლის, რომ ქრისტიანის ღირსება არის მისი ბუნების სიმაღლე, რაც ღმერთმა მიანიჭა მას. წმიდა მამის თქმით, კაცის ბუნებას დაუფასებელი ღირსება აქვს. აბა, დაუკვირდი, - გვეუბნება იგი, - მართლაც რაოდენ დიდი ფასი აქვს კაცის ბუნებას, რადგან ცისა და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაზოგა, კაცთა ცხონებისათვის, გადარჩენისათვის დაამდაბლა - კაცობრივი ბუნება მისცა, და ხორციელად მოავლინა აქ, ჩვენთან. როგორ შეიძლება, არ დავინახოთ დიდი ღირსება კაცის ბუნებისა - უფალმა ღმერთმა ხომ ამ ბუნებას შეუერთა თავისი ღვთაებრივი ბუნება!

ამით აღტაცებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი გვმოძღვრავს და გვევედრება, რომ სიმრუდითა და სიცრუით, მოტყუებითა და მზაკვრობით, პირობის გატეხითა და აღთქმის დარღვევით ნუ შევბილწავთ ჩვენს ამ ღირსებას - ღვთისაგან ესოდენ დაფასებულ სიმაღლესა და დიდებას ჩვენი ბუნებისა, ნუ შევირცხვენთ თავს კაცთა წინაშე და ნუ გავმტყუნდებით ღვთის წინაშე! წმიდა პავლე მოციქულის სავედრებელიც ხომ ეს არის: „და ვიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მის სასუფეველსა და დიდებასა“ (1 თესალონიკელთა მიმართ 2, 12).

აი, საფუძველი და წყარო პატიოსნებისა, შინაგანი გრძნობა ჩვენი საკუთარი ღირსებისა. ამ გრძნობის მქონე კაცი საკუთარი თავის პატივისმცემელია და, ესე იგი, პატიოსანია სიტყვითაც და საქმითაც. საკუთარი ღირსების მქონე ადამიანის ამ შინაგან გრძნობას პასუხისმგებლობასაც ვეძახით.

საგულისხმოდ ემთხვევა ერთმანეთს ძველი ქართული „ღირსებისა“ და „პატივის“ მნიშვნელობანი: „ღირსება“, პატივთან ერთად, ასევე ნიშნავდა სიწმინდესა და სათნოებას. მაშასადამე, ღირსეული კაცი ძველი ქართველისათვის წმინდა, სათნო და პატიოსანი იყო.

 

„მსგავსებისაებრ“ ღვთისა

ღირსების - ქრისტიანის ღირსების - საფუძველი და წყარო ადამის შექმნის ბიბლიურ (შესაქმისეულ) საიდუმლოშია საძიებელი. „და თქუა ღმერთმან: „და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი“ (დაბადება 1, 26-27).

ეს შესაქმისეული სიტყვები ადამიანის უმაღლეს ღირსებაზე მიგვანიშნებს, კერძოდ, იმაზე, რომ ადამიანი ყოვლადწმიდა სამება ღმერთის ხატია, მისი მსგავსებაა ბუნებითა და ნებით ასეთი იყო შემოქმედი ღმერთის განზრახვა და კეთილი ნება.

წმიდა იოანე დამასკელის განმარტებით, „მსგავსებისაებრ ღმრთისა“ (ანუ „მსგავსებისებრობა“) ადამიანის კეთილის ქმნადობით, კეთილის შემოქმედებითობით ვლინდება. წმიდა მამა კეთილზნეობას გულისხმობს. არსებითად, იმთავითვე ეს იყო ღვთისაგან მონიჭებული უმაღლესი დანიშნულება კაცისა: თავისი ხატი და მსგავსება ღმერთმა სწორედ იმისთვის მიუბოძა ადამიანს, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში (შეძლებისამებრ, „ძალისამებრ“) განვითარებულიყო, სულიერად გაძლიერებულიყო, გაზრდილიყო, ამაღლებულიყო და ამ გზით მიეღწია უფრო მეტი სისრულისათვის.

ცოდვილს ამ წუთისოფელში, სამოთხისეული პირველქმნილი ადამიანის მსგავსად, დღემდე აქვს მაღალი დანიშნულება ღვთის წინაშე. დღემდე ძალაშია ზეამოცანა ცოდვილისა - უფრო მეტსა და დიდ სისრულეს მიაღწიოს ღვთის მსგავსებაში. ადამიც სისრულისათვის იღვწოდა სამოთხეში, ოღონდ ეს ღვაწლი იყო ნათელი, უსნეულო, შეცოდებისაგან თავისუფალი.

ცოდვით დაცემის შემდეგ კი კაცთა მოდგმამ ცოდვასთან (ეშმაკთან) დაუცხრომელი ბრძოლით, სიკვდილისა და სულიერი წარწყმედის ძლევით, ხრწნილებითა და აღდგომის გზით უნდა მოიპოვოს ღვთაებრიობასთან მიახლოებული სისრულე, დაიბრუნოს და აღიდგინოს პირველღირსება, და ღვთის მსგავსების უფრო მაღალ ხარისხს ასე მიაღწიოს.

წმიდა მამათა ფასდაუდებელი ნააზრევიდან არაერთი საგულისხმო შეგონება შეიძლება გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ღმერთმა ადამიანი იმისათვის შექმნა, რომ ამქვეყნად დამკვიდრებული, საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო. ამ მიზნით შეამკო შემოქმედმა ღმერთმა ადამი ღვთივმშვენიერი სიკეთეებით: სიცოცხლით, სიტყვით, სიბრძნით, რათა ამ ნიჭთა მეოხებით წარემართა თავისი მისწრაფება ღვთისაკენ... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა ერთი გამოთქმით გამოხატა, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი „ღმრთის ხატად და მსგავსად“ შეიქმნა“.

ასევე მრავლისმეტყველია წმიდა კირილე იერუსალიმელის თქმა: „ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა“. წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველის თქმით კი: „ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმრთისაგან ნაბრძანები აქვს, ღმერთი გახდეს მადლის მიერ“.

როგორც ვხედავთ, ქრისტიანის ღირსების საკითხში გარკვევისას აუცილებელია ორი მხარის გათვალისწინება: ერთი მხრივ, ის, რაც ღვთისაგან მოგვენიჭება, გვებოძება, და, მეორე მხრივ, ის, რაც ჩვენი ნებით, ძალისხმევითა და ღვთის მეოხებით განხორციელდება ჩვენშივე (და ჩვენთვის) მადლის მიერ. ამ ორი მხარის თანაარსებობით და თანამონაწილეობით ცოდვილს შეუძლია ამაღლდეს ცოდვაზე, სძლიოს მას და პირველღირსებაც დაიბრუნოს.

 

„იყვენით თქუენ სრულ...“ და „იყვენით თქუენ მსგავს...“

წმიდა მამები ქრისტიანის ღირსების თაობაზე მსჯელობისას ჩვენს ყურადღებას გამორჩეულად მიაპყრობენ კაცის ბუნების სრულყოფილებას. საღვთისმეტყველო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ ღირსება კაცისა არის იგივე სრულყოფილება მისი ბუნებისა. თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიბრძანებს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე 5,48).

„იყვენით თქუენ სრულ“ - უფალი შეგვაგონებს, რომ ჩვენ სრულყოფილება მარადჟამ უნდა ვეძიოთ. ცხადია, აქ სიტყვაში „სრულ“ უზენაესი, ღვთაებრივი სისრულე და სისავსე იგულისხმება. თუმცა იგივე ძველი ქართული სიტყვა („სრული“) ასევე ნიშნავდა „მრთელს, მთლიანს, მთლიანობას“ და „სიცოცხლესაც“. „ღირსისა“ და „ღირსების“ ძველქართული მნიშვნელობები (“პატივი, სიწმიდე, სათნოება, საკმაო, საჭირო, შესაფერისი“), „სრულის“ ახლახან ჩამოთვლილ მნიშვნელობებთან ერთად, მრავლისმეტყველად წარმოგვიჩენს უფლისმიერ ზნესწავლულობას უზენაესი სრულყოფილების შესახებ. ამ მნიშვნელობებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭეშმარიტ სრულყოფილებას ნაზიარები ის არის, ვინც მიაღწია ღვთაებრივ სისავსეს, მთლიანობას, სულიერ სიმრთელეს, ანუ ვინც ჭეშმარიტ სიცოცხლეს ეზიარა. სწორედ ასეთი ქრისტიანია შესაფერისად, საჭიროდ შემკული და აღჭურვილი ღეთის წინაშე, მაშასადამე - ღირს-ქმნილიც.

წმიდა სახარებაში უფალი იესო ამგვარ სულიერ აღჭურვილობას „ღმრთისა მიერ განმდიდრებასაც“ უწოდებს (ლუკა 12,21). ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ამას ქრისტეთი შემოსვა, ქრისტეში ყოფნა ჰქვია, ხოლო ამგვარ ქრისტიანს - ღმერთშემოსილი.

„ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ - შეგონების ამ ნაწილში უფალი სრულყოფილების საზომზე მიგვითითებს. წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ეს უფლისმიერი შეგონება აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამის მსგავს მეორე შეგონებასთან ერთად, რომელიც დასკვნის სახით მოსდევს ყველასათვის კარგად ნაცნობ ქრისტეს მცნებას: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს (შვილ) მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“ (მათე 5,44-45).

ჯერ ის უნდა შევნიშნოთ, რომ ამ შეგონების ძველქართული თარგმანის ორი სხვადასხვა ვარიანტი მოიპოვება: ერთგან (მთაწმიდელთა მიერ) იგი ითარგმნა როგორც „იყვნეთ თქუენ შვილ ხოლო მეორეგან (წმიდა მათეს სახარების ოქროპირისეულ თარგმანებაში) ვკითხულობთ: „იყვნეთ თქუენ მსგავს ასე რომ, ღვთისშვილობა აუცილებლობით გულისხმობს ღვთის მსგავსებას, ანუ სრულყოფილებას ღვთის მსგავსებაში.

„რაითა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“ - ეს დიდებული უფლისმიერი შეგონება ქრისტიანის ღირსების უბადლო ფორმულირებას წარმოადგენს. ამ ფორმულირებაში ჩნდება კიდევ ერთი საზომი და მახასიათებელი ქრისტიანის ღირსებისა - ეს არის „მსგავსი“, ღმრთისამიერი მსგავსება. ეს საზომი - „მსგავსი“ - თავისი ლექსიკური მნიშვნელობითაც გადაიკვვთება სიტყვა-ცნებასთან „ღირსი“, ვითარცა „შესაფერისი“.

ის გარემოება, რომ უფალი თავის ზნესწავლულობას ქრისტიანის ღირსებისა და სრულყოფილების შესახებ სწორედ მტრისადმი სიყვარულის მცნებას დაურთავს, მეტად მნიშვნელდვნად ესახება წმიდა მამა იოანე ოქროპირს. მისი თქმით, უფალი იმას გვაფრთხილებს და გვასწავლის, რომ ქრისტიანი თავის ღირსებასა და სრულყოფილებას მხოლოდ ქრისტეს მცნებათა აღსრულებით დაიცავს და მიაღწევს. ქრისტიანი არ უნდა დარჩეს „მსმენელად“ ქრისტეს რჯულისა, არამედ უნდა იყოს „მოქმედი“ და აღმსრულებელი ქრისტეს მცნებებისა. სხვათა შორის, ძველი ქართული სიტყვა „სრულმყოფელი“ ნიშნავს „აღმსრულებელს“. დიახ, იგია სრული, სრულყოფილი, ვინც აღმსრულებელია, სრულმყოფელია ქრისტეს მცნებებისა - აი, რას გვიბრძანებს ჩვენი უფალი.

მაშასადამე, „მსგავსება“ ღმრთისა და „სრულობა“, უფლის ტკბილი სწავლებით, ამავე დროს არის ღირსება ქრისტიანისა. მაგრამ ქრისტესმიერი ღირსების დიდებული ჯილდო იმას ელის, ვინც ღირსეულ ნაყოფს გამოიღებს - ნაყოფს სინანულისა („ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულიბაჲ“ - მათე 3,8: ლუკა 3,8), და ნაყოფს თავმდაბლობისა („რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“ - მათე 18,4; 23,12; ლუკა 14,11; 18,14). თავმდაბლობის ღირსეული ნაყოფის მიღებაში თავად უფალი შეგვეწევა. იგი სანუგეშო პირობასა და აღთქმას დაგვიდებს:

„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰჰოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11, 28-30).

როდის ან როგორ შევძლებთ ამ უფლისმიერი მოწოდების შესმენას, მიღებასა და აღსრულებას?

წმიდა იოანე ოქროპირი გვარწმუნებს, რომ ქრისტესმიერი უღელი იმისთვის გახდება ტკბილი და ქრისტესმიერი ტვირთიც იმისთვის შემსუბუქდება, ვინც გულმოდგინებას შეიმოსავს, ქრისტეს მცნებებს შეიყვარებს და მათი აღსრულებით წარმართავს საკუთარ სულიერ ცხოვრებას. მაგრამ, ამასთან ერთად, უფალი გვირჩევს, მისგან ვისწავლოთ სულიერი სიმშვიდე, თავმდაბლობა და სათნოება - აი, მაშინ კი უეჭველად ვპოვებთ ჭეშმარიტ „განსუენებას“ სულთა ჩვენთასა, ანუ მოგვენიჭება ღირსყოფა საუკუნო ცხოვრებისა.

წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ უფალი ამ შეგონებაში შემთხვევით არ ახსენებს სწორედ სიმშვიდესა და თავმდაბლობას. თავის პირველ ქადაგებაში ხომ მან უპირველეს ყოვლისა თავმდაბლებს - „გლახაკთა სულთა“ მისცა ნეტარება, როდესაც საღმრთო რჯულის აღსრულება და სულიერი ცხოვრების გაჯანსაღება დაგვიდო აუცილებელ პირობად.

თავისი სწავლება და ქადაგება უფალმა იესომ სათნოებათა მშვენიერ გვირგვინად შეგვითხზაო, - ხატოვნად ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - და ამ გვირგვინზე „სამკაული უსასყიდლოჲსა ამის მარგალიტისაჲ განაწყო“. ეს უსასყიდლო მარგალიტი ზემოთ ხსენებული მცნება გახლავთ მტრებისადმი სიყვარულისა („გიყუარდედ მტერნი თქუენნი...“). წმიდა მამა იოანე თრთოლვითა და აღტაცებით მოგვმართავს და გვეკითხება: „იხილეა მწყობრი ესე შუენიერთა ამათ მარგალიტთაჲ? იხილეა კიბე ესე ზეცად აღმყვანებელი?“

ჯერ ის გვითხრა უფალმა, - განაგრძობს წმიდა მამა, - რომ გლახაკნი სულითა, და მშვიდნი, და მართალნი, და მშვიდობისმყოფელნი იქნებიანო ნეტარნი, ესე იგი, ღირსნი ცათა სასუფევლისა (მათე 5, 3-16); შემდეგ მეორე, უფრო აღმატებული საზომი დაგვიდგინა ძლიერი ვნებების აღმოსაფხვრელად და უფრო მეტი სიმტკიცით გვიქადაგა: რისხვის, სახმართმოყვარეობის (ქონების, სიმდიდრის მოყვარეობის), ანგარების წინააღმდეგაც განგვაწყო, და მოთმინებით, ძვირისუხსენელობითა და სულგრძელობითაც შეგვმოსა (მათე 5,27-42).

მაგრამ ამ კიბეზე ქრისტიანის ღირსების უმაღლეს საზომად უფალმა მტრებისა და მოძულეების სიყვარული, მაწყევართა ლოცვა-კურთხევა და მდევნელთა შეწყნარება-მიტევება მოგვცა: „ესე არს სრული და ჭეშმარიტი საზომი“ - დაასკვნის წმიდა მამა იოანე ოქროპირი. წმიდა პავლე მოციქულიც ამას ბრძანებს: „სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (კოლასელთა მიმარ 3,14). უფალმა აქვე, ამავე ქადაგებაში, ღვთისამიერი ღირსყოფის უმნიშვნელღვანეს წინაპირობპზეც მიგვითითა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20).

ფარისევლებისა და მწიგნობრების გარდა, უფალმა იესომ მეზვერეთა ცხოვრების წესიც შეგვახსენა ამ ქადაგებაში: „უკუეთუ გიყუარდეთ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თუენთა, რასა უმეჭტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?“ (მათე 5, 46-47).

წმიდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს, რომ ამით უფალი არამც და არამც არ გვიკრძალავს მოყვარეთა და მოძმეთა სიყვარულს. იგი მხოლოდ იმას გვთხღვს, რომ უზნეოთა და ურჯულოთა მსგავსად არ მოვიქცეთ და მათი ცხოვრების წესზე ავმაღლდეთ ჩვენი სიმართლე და ჩვენი საქმე ძველ (არაქრისტიანულ) წესსა და რჯულს უნდა აღემატებოდეს, რათა ფარისევლობისა და მეზვერეობის ზნეობრივი საზომის ამარა კი არ დავრჩეთ, არამედ „მცირედ ოდენ უმჯობესობა“ ვარჩიოთ.

უნდა ითქვას, რომ ამ უფლისმიერ სწავლებაში მეზვერეც (მეზვერეობა), ფარისეველიც (ფარისევლობა) და მწიგნობარიც ცოდვილთა უზნეო ცხოვრების წესს გამოხატავს, იმ წესს, რომელზეც უარი უნდა თქვას ქრისტეს მიმდევარმა. ამისგან განსხვავებით, „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში მეზვერე და მეზვერეობა ახალი, საგანგებო (იგავური) საღვთისმეტყველო მნიშვნელობით იმოსება: ეს არის თავმდაბლური ლოცვითი მონანიება და საკუთარი უღირსების აღიარება ღვთის წინაშე ტაძარში.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ წმიდა იოანე ოქროპირის ის დიდებული განსაზღვრება და ფორმულირება, რომლის თანახმადაც ქრისტიანის ღირსების მასაზრდოებელი წყარო საკუთარი უღირსობის განცდა და აღიარებაა: „შევჰრაცხნეთ თავნი ჩუენნი უღირსად და შემრაცხნეს ღმერთმან ღირსად“.

კიდევ ერთ შეკითხვას დაგვისვამს წმიდა იოანე ოქროპირი: უფალი იესო ჩვენგან ღვთის მსგავსებას ეძიებს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა ცოდვებით დაუძლურებული კაცობრივი ბუნებისათვის? წმიდა მამა დაბეჯითებით უპასუხებს ამ შეკითხვას: „რაოდენცა წარვემატებოდით კეთილბა შინა, უმეტესად მოგუეცემის მსგავსებაჲ ესე, და რაოდენცა მოგუეცემოდის, უმეტესად წარვემატებით“.

მადლობა უფალს, რომელმაც ღირს-გვყო თავისი მსგავსებისა და ხატებისა!

ღვთისაგან ბოძებული ჩვენი ღირსება მუდამ უნდა გვკარნახობდეს, არ დავივიწყოთ ეს ღვთის წყალობა, არ დავივიწყოთ ის, რომ ყოველივე - ღვთის წყალობითა და მადლით გვაქვს, და არა საკუთარი დამსახურებით „ყოველივე ღმრთისაგან არს“ (1 კორინთელთა მიმართ 11,12) - ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული. იგივე ღირსება იმასაც უნდა გვავალდებულებდეს, რომ ღვთის წყალობად მიღებულ საკუთარ კეთილშობილებას სათუთად, ბრძნულად მოვეპყროთ და მოვუფრთხილდეთ.

მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო (მარიამ) ღლონტმა
„იგავნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“
ტომი 2, თბილისი, 2004 წ.