მე-8 კვირა აღდგომიდან, წმიდა მეერგასისა (სულთმოფენობისა)
სახარება იოანესაგან (7, 37-52; 8, 12)

„37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. 38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. 39. ესე თქუა სულისა მისთვის, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაი, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ. 40. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაი ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი. 41. სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაით მოსლვად არსა ქრისტე? 42. არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე? 43. და განწვალებაი იყო მისთვის ერსა შორის. 44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაი მისი, და არავინ მიყვნა ხელნი მის ზედა. 45. მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? 46. მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი. 47. მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა? 48. ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენაა მისი ანუ ფარისეველთა? 49. არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან. 50. ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: 51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? 52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაით ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაით წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს...“

„თ.8 მ.12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაი.“

 

I. აწინდელ კვირა დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ სულიწმინდის გარდამოსვლას მოციქულებზე. ეს მოვლენა ნაწინასწარმეტყველები იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელმაც აღუთქვა მოწაფეებს სულიწმინდის ნიჭთა მოფენის შესახებ. სწორედ უფლის ეს აღთქმა, ყველა იმ გარემოებით, რომელთა შორისაც იგი წარმოთქმულ იქნა, არის კიდეც დღევანდელი სახარების საკითხავის საგანი. განვიხილოთ იგი.

„და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“ (მუხლი 37).

რომელ დღესასწაულზეა აქ საუბარი? წინამავალი თხრობიდან ჩანს, რომ ეს იყო კარვობის დღესასწაული - ფილონის თქმით - უდიდესი დიდ დღესასწაულთაგან, რომელიც თავისი განსაკუთრებული ზეიმურობით წარმართი მწერლებისთვისაც კი იყო ცნობილი. საღმრთო დადგენილებით, კარვობის დღესასწაული რვა დღე უნდა გაგრძელებულიყო, დაწყებული თისრის თვის (ოქტომბრის) მე-15 დღიდან. მთელი ამ დღის მანძილზე სრულიად ისრაელი სტოვებდა თავის საცხოვრებლებს და ხის რტოთაგან ხელდახელ ნაკეთებ კარვებში ატარებდა დღეებსა და ღამეებს. საღმრთო განზრახვით, კარვების დღესასწაულს წინაპართა დროისაკენ უნდა დაებრუნებინა ისრაელიანთა ფიქრნი, და არა მხოლოდ შეეხსენებინა მისთვის ღმერთის წინამძღვრობა უდაბნოში 40 წლიანი მოგზაურობის დროს მთელი ებრაელი ერისა, არამედ მადლიერების გრძნობის გამოხატულებაც ყოფილიყო ნაყოფიერი მოსავლისათვის. გარდა ამისა, ზოგიერთთა აზრით, კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებული იყო მოხსენიება ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელიანთა პირველი სალაშქრო დაბანაკებისა სოქჰოთის მახლობლად, როცა მათ პირველად გაშალეს თავიანთი კარვები, აგრეთვე - მოხსენიება უდაბნოში პირველი სჯულის-კარვის დადგმისა და კურთხევისა, რაც სწორედ ამ დღესასწაულს ემთხვეოდა.

კარვობის დღესასწაულის ზეიმობა ებრაელთა რელიგიურ ცხოვრებაზეც ვრცელდებოდა და საშინაო-ოჯახურზეც. როგორც სამთაგან ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულზე, როცა სჯულის მიხედვით მამრობითი სქესის ყველა ისრაელიანელი იერუსალიმის ტაძარში უნდა მისულიყო უფლის წინაშე (ესაია 23,17), კარვობის დღესასწაულზე მთელი ერი ყოველის მხრიდან იერუსალიმისაკენ მოედინებოდა, მით უფრო, რომ ამ დროისათვის ყველა საშემოდგომო, მინდვრის საქმეები დამთავრებული იყო. იერუსალიმი და მისი სანახები მაშინ დიდებულ, მშვენიერ სახილველს წარმოადგენდნენ: ყველგან - ქალაქის ქუჩა-მოედნებზეც, ელეონის მთის ფერდობებზეცა და გარემო ბორცვებზეც აურაცხელი კარვები იყო გაკეთებული ხის მწვანე რტოებისაგან. ხალხი ბზის რტოებით ხელში და საზეიმო ღაღადით: ოსანნა, ტაძრისაკენ მიემართებოდა უფლის წინაშე, სადაც ყოველდღიურად შეიწირებოდა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მთელი ისრაელის სახელით; რამეთუ კარვობის დღესასწაულზე სჯული განაწესებდა გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლის შეწირვას მთელი კრებულისაგან, ვიდრე ყველა სხვა დღესასწაულის დროს. თვით სამსხვერპლო საკურთხეველს ამ დროს ბზის რტოებით ამკობდნენ, - შესაძლოა, იმის მოსახსენიებლად, რომ თვით უფალიც იტყვის საღმრთო წერილში, - ისრაელი ერის უდაბნრში მოგზაურობისას მეც მათ თანა ვიდოდიო „საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა“ (II მეფეთა 7,6). საკურთხევლის გარშემო ყოველდღიურად აღესრულებოდა ერთგვარი წმიდა პროცესია, რომელშიც მთელი ერი და სამღვდელოება მონაწილეობდა; ხალხს ხელში პალმის, ტირიფისა და მურტის რტოები ეკავა და ღაღადებდა: ოსანნა! რის გამოც თვით დღესასწაულიც ზოგჯერ „დიდ ოსანნად“ იწოდებოდა. დღესასწაულის მეშვიდე დღეს საკურთხეველს შვიდგზის უვლიდნენ გარშემო. ეს რიტუალი, სავარაუდოა, შეხსენება იყო იერიქონის საკვირველი აღებისა ისრაელიანთა მიერ ისუ ნავეს დროს.

სხვა წმიდა რიტუალები, რომლებიც ტაძარში აღესრულებოდა, კიდევ უფრო აღამაღლებდნენ დღესასწაულის ზეიმურობას; ეს იყო, ეგრეთ წოდებული, წყლის გადასხმა სამსხვერპლოზე, ზეთის დანთება (დაწვა) ტაძარში, დედათა სტოაში. ებრაელი მოძღვრები ამ რიტუალთაგან პირველს მოსეს დროინდელად თვლიან და მის მიერ ზეპირად მოცემულ განწესებათ მიაკუთვნებენ, მაგრამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ეს რიტუალი იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ-ერთი მღვდელი, მრვალრიცხოვანი ერის თანხლებით, ტაძრიდან სილოამის წყაროსაკენ მიემართებოდა, სადაც ოქროს ჭურჭელს წყაროს წყლით ავსებდა და წყალთა კარიბჭის გავლით, საყვირთა ხმებისა და ღმერთის სადიდებელ ფსალმუნთა გალობის ქვეშ (ფსალმ. 112-117)ტაძარში შეჰქონდა და საკურთხეველზე ასხამდა მსხვერპლშეწირვად ღმერთისა. ამ წესს ყოველდღიურად აღასრულებდნენ კარვობის დღესასწაულის პირველი შვიდი დღის განმავლობაში, და ზოგიერთთა აზრით, მისი მიზანი იყო წვიმის გამოთხოვა ღმერთისაგან, ესოდენ აუცილებელისა პალესტინაში ამ დროს საშემოდგომო ნათესებისათვის.

კარვობის დღესასწაულის მეორე ღირსშესანიშნავი რიტუალი მდგომარეობდა კანდელთა ანთებაში იერუსალიმის ტაძრის დედათა კარიბჭეში, რაც ყოველდღიურად აღესრულებოდა მწუხრის მსხვერპლშეწირვის დასრულების შემდეგ. ამისთვის იქ განამზადებდნენ ოთხ დიდ კანდელს, რომლებშიც დიდი ოდენობის ზეთი ჩაისხმოდა, ისე, რომ, რაბინთა სიტყვით, მათი სინათლე მთელს იერუსალიმს სწვდებოდა. ამ დროს ლევიტელები კარიბჭის საფეხურებზე იდგნენ და აღსავალთა ფსალმუნებს (119-133) გალობდნენ, ხოლო ერის წარჩინებული ადამიანები ანთებული მაშხალებით ხელში წმიდა სიხარულით უვლიდნენ გარს კანდელებს.

კარვობის დღესასწაულის საეკლესიო ზეიმი ყოველი ებრაელის საშინაო ცხოვრებაშიც აისახებოდა. მიუხედავად საგრძნობი აგრილებისა ამ დროს, ყოველი იუდეველი თავს ვალდებულად თვლიდა, მთელი ღამე და დღის უდიდესი ნაწილი, სჯულის დადგინებისაებრ, კარავში გაეტარებინა, და უდიდესი სიხარულის ნიშნად ხელში ბზის რტო და მშვენიერი, წითელი ხის ნაყოფი დაეკავებინა (ალბათ, ბროწეული - ლევიტ. 23,40). კარვებში აღნიშნავდნენ იმ სერობებსაც, რომლებსაც სჯული განაწესებდა მეათედის შესაწირად პურისაგან, ნაყოფთაგან, პირუტყვთაგან და ა.შ., და რომლებზედაც უნდა დაეპატიჟათ არა მხოლოდ ნათესავები და მეგობრები, არამედ მონა-მხევლებიც, ლევიტელნიც, ქვრივობოლნიც, მწირ-გლახაკნიც და სხვ. (II სჯული 12,11-12). ამ სერობებზე კითხულობდნენ სჯულის წიგნებს, იხსენებდნენ წინაპართა ისტორიას და ფსალმუნებს უგალობდნენ ისრაელის ღმერთს. დღესასწაულის უკანასკნელი, მერვე დღე განსაკუთრებული ზეიმურობით გამოირჩეოდა, რის გამოც იწოდებოდა დიად დღედ. აი, სწორედ ამ დღეს წარმოთქვა უფალმა იესო ქრისტემ ეს ღირსშესანიშნავი სიტყვები - „უკუეთუ ვისმე სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“ (მუხლი 37), და ამ დროს მხედველობაში ჰქონდა სილოამის წყაროდან მოღებული წყლის საკურთხეველზე გადასხმის რიტუალი; თითქოს იგი ასე ეუბნება მოწაფეებსო: „ამ წესს რომ უყურებთ, მხოლოდ ძველს დროში აღსრულებულ მოვლენას კი ნუ გაიხსენებთ, არამედ მოვლენის სულიერ მნიშვნელობასაც ჩასწვდით. უწყოდეთ, რომ მე ვარ ის კლდე, რომელმაც წყაროს წყალი გამოიღო. კლდიდან სასწაულებრივად წარმოდგენილმა წყალმა ისრაელიანთა გრძნობისმიერი წყურვილი დააცხრო, მაგრამ გარდა ხორციელი წყურვილისა, გარდა გრძნობისმიერი მოთხოვნილებებისა არსებობს კიდევ სულიერი წყურვილი და მოთხოვნილებანი: ჭეშმარიტების წყურვილი - გონებისათვის, სიმართლის მოთხოვნილება - ნებელობისათვის, ნეტარებისა - გრძნობისათვის. მათი დაკმაყოფილება კი მხოლოდ მე შემიძლია. ამრიგად, მე მომეახლენით ყოველნი, ვისაც ასეთი წყურვილი გაქვთ, ჩემი ისმინეთ და ჩემს სწავლებას შეუდექით, რომელსაც საღმრთო წიგნები შეიცავენ“.

„და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. ესე თქუა სულისა მისთვის, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაი, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ“ (მუხლები 38-39).

ცხოველი წყლის მდინარეთა ქვეშ სულიწმიდის ნიჭნი იგულისხმება, გადმოღვრილნი მორწმუნეებზე. მუცლის ქვეშ იგულისხმება ადამიანის სული, მისი არსება, რომელიც სულიწმიდის ნიჭთ იტევს, მისი სულიერი წყურვილის დამაცხრობელთ. და ეს ნიჭნი, მომადლებულნი ქრისტეს მორწმუნეთათავის, მხოლოდ მათში კი არ დააცხრობენ სულიერ წყურვილს, არამედ მათი მეშვეობით სხვებზეც განავრცობენ თავიანთ მაცხოვნებელ მოქმედებას. „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქვა წიგნმან (ესაია 12,3; იოილ. 3,18) მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“-ო. მაგრამ საით წარედინებიან? სხვა ადამიანთა სულებში მათი სულიერი წყურვილის დასაკმაყოფილებლად, მათი სულიერი განათლებისათვის. ვინც ქრისტეს ირწმუნებს, ის არა მხოლოდ თვითონ მიიღებს საღმრთო მადლსდა თავად შეიცნობს ქრისტესმიერ ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, არამედ თავისი კეთილმსახური ცხოვრების მაგალითით ხელს შეუწყობს ღმერთის დიდების განვრცობას სხვა ადამიანთა შორისაც. რამეთუ ეს საღმრთო მადლი, ვითარცა შეუკავებელი მდინარე, გადაუვლის მას. გააგრძელებს დინებას და სხვა ადამიანებისაკენ გაემართება. რათა ისინიც დაარწყულოს.

სულიწმიდა ძველი აღთქმის მართალ მორწმუნეთაც განეცხადებოდა, დადგრომილ იყო წმიდა დავით მეფეზე. მეტყველებდა წმიდა წინასწარმეტყველთა პირით; მაგრამ მისი ეს მოქმედება არ იყო ადამიანის ის ქრისტიანული გარდაქმნა, ხელახალი შობა, რომლის ღირსიც მორწმუნე ადამიანი უფლის განდიდების შემდეგ შეიქმნა. ამრიგად, მხოლოდ ქრისტეს ადამიანური ბუნების განდიდების შემდეგ გაცხადდა სამყაროში სულიწმიდის მადლმოსილი ზემოქმედებანი. და რატომაა ასე? იმიტომ, რომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, უფლის განდიდებამდე „ჩვენ (ღმერთის) მტრები და ცოდვილები ვიყავით, საღმრთო მადლი კი მშვიდობისმყოფელობის, შერიგების მოწმობაა... ამდენად, ჯერ-იყო პირველად მსხვერპლი შეწირულიყო ჩვენთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მიგვეღო ეს საბოძვარი“.

მშვენივრად ამბობს სიტყვა-ღმერთის ხორციელად მოვლინების შესახებ საუბრისას წმიდა ათანასე დიდიც სიტყვების - „რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ“-ის გამო: „განიდიდება არა უფალი დიდებათა, არამედ სხეული (ადამიანური ბუნება) სიტყუა-ღმერთისა; იგი მიიღებს დიდებას, მასთან ერთად აღხდება რა ზეცად. სწორედ ამიტომ ღმერთის ძეებად შექნის სულიც არ იყო ჯერ ადამიანებში, რადგან ჩვენგან მიღებული საწყისი ჯერ არ აღმხდარიყო ზეცად“.

ხოლო სულიწმიდის გარდამოსვლა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ღირსი იქნებოდა მისი მიღებისა, ანუ ყველა მორწმუნეზე, უნდა აღსრულებულიყო იესო ქრისტეს მკვდრეთით ადგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ანუ ათი დღის შემდეგ მისი ზეცად ამაღლებისა. პირველად მხოლოდ მაშინ ინება ღმერთის სულმა, გარდამოსულმა ადამიანებზე ცეცხლოვანი ენების სახით, ხილული სახით განცხადებოდა ადამიანებს (გარდა უფლის ნათლის-ღებისა), და სხვადასხვა ენებზე ამეტყველების სასწაულმოქმედი ნიჭით წარმოჩენიყო.

იგი ცეცხლისსახით მიევლინა ადამიანებს, რამეთუ ეს ის ცეცხლია, რომელიც ამქვეყნად უნდა აღგზნებულიყო და მოევლინა, როცა „იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი“ (საქმე მოც. 2,2), რათა ადამიანებს გულისხმა ეყოთ, რომ უდიდესი გარდაქმნა აღესრულება ამქვეყნად - ზნეობრივი გარდაქმნა, რომელიც ადამიანის სულიდან იწყება და ხელახლაშობილი, გარდაქმნილი სულის მეშვეობით ადამიანის სულის, მისი აზრების, მისწრაფებების, მიზნების, მთელი მისი არსებობის წყობას ცვლის, რათა ძველი კაცის ნაცვლად ახალი კაცი შეიქმნას, მოყვარული ძმისა და მსხვერპლად გამღები ყოველივესი მოყვასისათვის სახელითა სიყვარულისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმაც თავი დასდო ყოველთა ხსნისათვის.

„მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაი ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი. სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაით მოსლვად არსა ქრისტე? არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე? და განწვალებაი იყო მისთვის ერსა შორის“ (მუხლები 40-43).

ხალხში მღელვარება იწყება: სული კარნახობს იერუსალიმელებს, რომ ქრისტე მათ გვერდითაა, მათ შორისაა, მაგრამ ფარისეველთა სკოლის სულისკვეთებამ ასწავლა მათ არ დაუჯერონ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი შინაგანი კაცის მოთხოვნებსა და მითითებებს; თუკი მათ ნაწილს შეგნებული აქვს, რომ იესო წინასწარმეტყველია, მეორენი ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს მიდიან და იმის რწმუნებას იწყებენ, რომ იგი თავად მესიაა, ქრისტეა. მაგრამ ფარისეველთა სკოლა უკარნახებს მათ, რომ საჭიროა ხელთ ჰქონდეთ კაცობრივი მტკიცებულებანი, რათა შეიცნონ და აღიარონ აღთქმული მესია. „ანუ არა ესე არსა ხუროისა მის ძე?“ (მათე 13,55), - ამბობენ ისინი; აგრეთვე: „გალილეაით წინასწარმეტყველი არა აღდგომილ არს“ (იოანე 7,52), ხოლო წინასწარმეტყველთაგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქრისტე იუდას მიწა-წყალზე უნდა იშვას, ბეთლემშიო (მიქეა 5,2; „და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორისი უდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაელსა ზედა, და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან სუკუნოისათა“, აგრეთვე ფსალმ. 131,6, სადაც მოხსენიებული ევფრათა - იგივე ბეთლემია. იხილე დაბად. 35,19; რუთი 1,2).

მესიის - ქრისტეს წარმომავლობა დავით მეფისაგან, ებრაელთა ეროვნული წარმოდგენების მიხედვით, მის არსებით თვისებად მიიჩნეოდა. ეს ეფუძნებოდა საღმრთო წერილის შემდეგ ადგილებს: ესაია11,1-10; იერემია 23,5; 30,9; 33,13,17,22; ეზეკიელი 34,23; 37,24; ოსია 3,5; ამოსი 9,11; მიქია 5,2; ზაქარია 12,7,8; და საყოველთაოდ იყო აღიარებული იუდეველთა მიერ. ასე, მაგალითად, სოლომონის ფსალმუნში (17,5,23) ნათქვამია: „შენ აღირჩიე, უფალო, დავითი, მეუფედ ისრაელსა ზედა“. „აღუდგინე, ჰოი უფალო, ისრაელსა მეფე მისი, ძე დავითისა ჟამსა მას, რომელი შენ უწყი, უფალო, რათა მეუფებდეს ისრაელსა ზედა, შენისა ყრმასა ზედა“.

ასევე IV ეზრას წიგნში, თავი 12, მუხლი 32 (ბერძნ. თარგმანი) ნათქვამია: „ესე არს ქრისტე, რომელი გამოვალს თესლისაგან დავითისა“. ამიტომაც, საღმრთო წერილის მიხედვით, გამოთქმა „ძე დავითისა“ - მესიის, ქრისტეს ძალზე დამახასიათებელი, ჩვეული სახელწოდებაა. იგი ებრაელთა „ყოველდღიურ ლოცვებშიც“ - შმონე ეზრაშიც გვხვდება. დღემდე ყველა იუდეველი, თავიანთი დღიური - საზოგადო თუ კერძო მსახურებების დროს დავითის „ძედ“, ანდა „შტოდ“ (შთამომავლად) ხმობს მესიას, ხოლო თალმუდში წერია, რომ „დავითის ძე მანამდე არ მოვალს, სანამ ბოროტება მთელს ქვეყნიერებაზე არ გავრცელდება“.

ქრისტეს ქვეყნიური მოღვაწეობის დროს ერის უმრავლესობისათვის და მწიგნობართათვის ცნობილი არ იყო, რომ უფალი იესო, დავითის ჩამომავალი, უკვე ნამდვილად იშვა იუდეის ბეთლემში (მათე 46).

„და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაი მისი, და არავინ მიყვნა ხელნი მის ზედა. მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი“ (მუხლი 44-46).

ქრისტეს ღვთაებრივი სიტყვის ცხოველმყოფელი ზემოქმედება ფარისეველთა მსახურებმაც კი იგრძნეს - სჯულის ჩლუნგი განმარტებებით ღრმად წახდენილმა ადამიანებმა, რომელთათვისაც სჯული მხოლოდ გარეგანი წეს-ჩვეულებების აღსრულებად ქცეულიყო. მათ ახლა, უფლის მადლმოსილი ზეგავლენით, პირველად შეიგრძნეს, რომ მკერდში ადამიანური გული უცემთ, რომელშიც რწმენა და სიყვარული აღეგზნო. ეს გრძნობა წუთიერი იყო, წარმავალი, მაგრამ - უფრო ძლიერი, ვიდრე მათი მთავრების მიერ გაცემული ბრძანება, და შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი უფლის ფერხთითაც მიიყვანა, რომელიც არავის არ განაგდებს თავისაგან (იოანე 6,37: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“). ხოლო შეკითხვაზე, რატომ არ აღასრულეთ მთავართა ბრძანებაო, მსახურებმა მიუგეს, რომ არასდროს არც ერთ ადამიანს არ უთქვამს მათთვის ესოდენ ამაღლებული ჭეშმარიტებანი და არ უსაუბრია მათთან ესოდენ მშვიდი, ტკბილი და მოწყალე ენით, როგორითაც ეს კაცი ესიტყვებოდა მათ. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „თავიანთი შეხედულების თქმით მსახურებმა მხოლოდ ის კი არ წარმოაჩინეს, რომ განკვირვებულნი არიან მისით (ქრისტეთი), არამედ ისიც, რომ ძრახავენ ფარისევლებს, თავიანთ უფროსებს, რომ მათ იმის შეკვრისათვის წარმოგზავნეს, ვისიც მოსმენა ჯერ-და“.

ფარისევლები, რომელნიც უდავოდ მთავარ როლს ასრულებდნენ უფალ იესო ქრისტეს დევნაში, რისხვით აღივსებიან, გაიგებენ რა, რომ ტაძრის მსახურნი უფლის სიტყვას გაუტაცნია: „არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი“, - ეუბნებიან მსახურნი ფარისევლებს. ამ დროს, მიუხედავად დიდი დღესასწაულისა, რომელსაც, შაბათის მსგავსად, სრული მოსვენებით აღნიშნავდნენ, სინედრიონი, ალბათ, სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი, რაც ამავე თავის 50-53-ე მუხლებიდან ჩანს. ეს გარემოება ამტკიცებს, თუ რა მნიმვნელობას ანიჭებდნენ ფარისევლები და მწიგნობარნი, მღვდელმთავრებთან ერთად, იესოს შეპყრობის მცდელობას ტაძრის მსახურთა მეშვეობით, რათა იქვე, დაუყოვნებლივ წარედგინათ იგი სინედრიონის სამსჯავროს წინაშე, რომელსაც, სავარაუდოა, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა იესოს სიკვდილით დასჯა ადგილზევე, რათა შემდეგ ხალხის - მორწმუნე ერის ანაზდეული მრისხანებით აეხსნა ეს რომის ხელისუფლების წინაშე (როგორც ცნობილია, სინედრიონს უფლება არჰქონდა მაშინ სიკვდილი მიესაჯა ბრალეულისათვის. იხ. იოანე 18,31; „ჩვენდა არავისი ჯერ არს მოკლვაი“). ცხადია, რომ წარგზავნილი მსახურნი არ დაემორჩილნენ უმაღლესი სამსჯავროს ბრძანებას და არ შეიპყრეს უფალი იესო, რამაც არა მხოლოდ გააცოფა ფარისევლები, არამედ ერთგვარი შიშიც დაჰბადა მათში, რამეთუ მათთვის, მთელი ერის ხელმძღვანელთათვის, შემაშფოთებელი იყო იმ ადამიანთა ურჩობა, ვისაც ისინი თავიანთ ერთგულ მსახურებად და საიმედო თანამემწეებად მიიჩნევდნენ.

აღნიშვნის ღირსია ისიც, თუ რას ამბობენ ფარისევლები საკუთარი თავისა და ხალხისა და მსახურთა შესახებ: „ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენა მისი ანუ ფარისეველთა?“ და „არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან“ (მუხლები 48-49). ასეთი შეგნება, რომ ისრაელი ერის უმაღლეს წოდებას, და მეცნიერთ არ აქვთ უნარი სწამდეთ, და ასევე, ამგვარი ზიზღი უბრალო ხალხისადმი, ყველაზე კარგად გვიხატავენ, თუ როგორი ზნეობრივი სენი მოსწყლავდა მაშინ და განყოფდა იუდაურ საზოგადოებას.

„ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაით ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაით წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“(მუხლები 50-52).

ფარისეველნი და მწიგნობარნი, როგორც ჩანს, არც კი ეჭვობდნენ, რომ მათ შორის, სინედრიონის წევრთაგან, შეიძლებოდა ყოფილიყვნენ უფალ იესოს მორწმუნენი. სახარებიდან კი ვიცით, რომ ნიკოდიმოსს, იოსებ არიმათიელს და „მთავართაგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ“ (იოანე 12,42), მათი გული უკვე გაეთბო საღმრთო მადლს, და ისინი მხოლოდ კაცობრივი უძლურებისა გამო, შიშით ურჯუკ ფარისეველთა და მწიგნობართა წინამე, ვერ ბედავდნენ საჯაროდ ეღიარებინათ, რომ უფალი იესო არის - აღთქმული მესია, ქრისტე. და ამ ბრმა ურჯუკთა შორის, ვისაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ უფალ იესოს მოკვლა, გაისმის ნიკოდიმოსის სუსტი და გაუბედავი პროტესტის ხმა უფლის დასაცავად. მაგრამ ეს სუსტი მცდელობა ზიზღით აღსავსე შეკითხვას ეჯახება: შენც ხომ გალილეველი არა ხარო.

ფარისეველთა და მწიგნობართა თვალში გალილეური წარმომავლობა იმიტომაც ათვლებოდა სამარცხვინოდ, რომ მის მოსახლეობას, დანარჩენი იუდეველნი, არ მიიჩნევდნენ წმიდა ისრაელიანური სისხლისად. ტყვეობიდან დაბრუნებული იუდასა და ბენიამენის ტომთა ნაშთები, მღვდლებთან და ლევიტელებთან ერთად, იუდეაში და იერუსალიმში დასახლდნენ; გალილეას კი წარმართულს უწოდებდნენ ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველის დროს (9,1-2). როცა ამტკიცებდნენ - გალილეიდან არ გამოსულა ღმერთის წინასწარმეტყველიო, ფარისეველნი შესცოდავდნენ ისტორიული სიმართლის წინაშე, რამეთუ თავიანთ გონებრივ დაბნელებაში დავიწყებოდათ, რომ გალილეიდან იყვნენ წარმოშობით ესაია, იონა და შესაძლოა, ნაომ წინასწარმეტყველნი.

„მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაი“ (მუხლი 12, თავი 8).

„მერმეცა“, ანუ მომდევნო დღის დილით, რამეთუ, როგორც ზემორე ამბობს წმიდა მახარებელი, აღწერილი საუბრის შემდეგ, „და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თვისად“ (იოანე 7,53), „ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთისხილთასა, და განთიად კვალად მოვიდა ტაძრად“ (იოანე 8,1-2).

უფლის მიერ გამოყენებულ შედარებას - „ნათელი სოფლისაი“ - იგავური გადატანითი სულიერი მნიშვნელობა აქვს. უფალი განანათლებს მთელს ქვეყნიერებას, მთელს კაცობრიობას, უჩვენებს რა მას გზას ცხოვნებისაკენ. მაგრამ ამავე შედარებას მისადაგებითი, სახეობრივი მნიშვნელობაც აქვს. რაკი ამ სიტყვებს იესო კარვობის დღესასწაულის დროს წარმოთქვამდა, რომელიც აღესრულებოდა - უდაბნოში ებრაელთა მოგზაურობის მოსახსენიებლად, ამიტომ სიტყვა „ნათელი“, ისევე როგორც წყალი, იუდეველებს ახსენებდა იმ 40 წლიანი ხეტიალის დროს აღსრულებულ სასწაულებრივ მოვლენას, კერძოდ ცეცხლოვა ნსვეტს, რომელიც გზას უნათებდა ისრაელ ერს. მაგრამ ამ ცეცხლოვანი სვეტის მოქმედება დროებითი და შეზღუდული იყო, ხოლო უფალი იესო არის ქვეყნის განუწყვეტელი, დაუსრულებელი ნათელი, რომელიც, როგორც იოანეს სახარების პირველ თავშია ნათქვამი „განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“, და რომელიც ადამიანის ცხოვრების მთელს განმავლობაში შეიძლება წინამძღვრად ემსახუროს მას. ამ ნათელის წყალობით უკვე აღარ არსებობს ბნელი მორწმუნე ადამიანთა გულებში, ოღონდ თუკი მათი სულიერი მზერა მაცხოვრისაკენაა მიმართული.

როცა საკუთარ თავს სულიერი განათლების საუკუნო წყაროდ ხმობს, უფალი იესო ქრისტე ამით თავის საღმრთო ღირსებას ამტკიცებს; რამეთუ სხვას ვის, თუ არა ჭეშმარიტ ღმერთს, ძალუძს იყოს „ნათელი სოფლისაი?!“

 

II. აწ კი სამოძღვრებო დარიგებანი მოვიღოთ დღეს წაკითხული სახარებიდან.

ა) პირველი გაკვეთილი ჩვენთვის ის არის, რომ უფალი ქრისტეა ერთადერთი ცხოველმყოფელი წყარო, რომელსაც ძალუძს დაარწყულოს და განაძლიეროს მწყურვალი სული (მუხლი 38). ამრიგად, როგორც წმიდა ფილარეტ მოსკოველი ამბობს, „მწყურვალნო სულნო, მოვედით ქრისტესთან, მას ერთს ძალუძს დააცხროსთქვენი წყურვილი ჭეშმარიტებისა, რამეთუ თავად იგია ჭეშმარიტება, „რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“ (კოლას. 2,3). და რომელმაც ბნელისაგან მოგვიწოდა ჩვენ „საკვირველსა მას ნათელსა მისსა“ (I პეტრე 2,9). მოვედით ქრისტესთან, მას ერთს ძალუძს დააკმაყოფილოს თქვენი წყურვილი სიკეთისა და სიმართლისა, იმიტომ, რომ თვითონ არის კრავი ღმრთისა, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისა; იგი თავისი უმანკო სისხლით გასწმედს ჩვენს სინდისს მკვდარ საქმეთაგან. იგი გვიჩვენებს ჩვენ საღმრთო ძალებს ცხოვნებისა და კეთილმსახურებისათვის. მას უძლევიეს სოფელი, და ჩვენც ძლევამოსილებას მოგვმადლის ამა სოფლის ყოველგვარ უმართლობაზე. მოვედით ყოველნი ქრისტესთან: მას ერთადერთს ძალუძს დააკმაყოფილოს თქვენი წყურვილი ჭეშმარიტი სიყვარულისა, იმიტომ, რომ „ჩვენ გვიყვარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყვარნა ჩვენ“ (I იოანე 4,19); იმიტომ, რომ იგი გვანიჭებს სულს წმიდას, და „სიყვარული ღმრთისაი განფენილ არს გულთა შინა ჩვენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩვენდა“ (რომ. 5,5), - ყოვლისმომცველი სიყვარული, მტერთაც რომ შეიწყნარებს და ამიტომ არაფრით, თავისი საწინააღმდეგოთი, არ არის შეზღუდული: მოვედით ქრისტესთან. იგი დააცხრობს თქვენს წყურვილს ნეტარებისა თავისი ამოუწურავი თასიდან საუკუნო ნეტარებისა. ნუ შეგაკრთობთ ის, რომ ოდესღაც, სიკვდილისწინა ტანჯვაში იგიც ღაღადებდა: „მწყურის!“-ო (იოანე 19,28); არამედ უფრორე განმტკიცდით სასოებაში. იგი იმისთვის შეიქნა მონაწილედ თქვენი წყურვილის ტანჯვისა, რომ თქვენც მისგან ზიარებოდით სულიერი წყურვილის დაკმაყოფილების სიტკბოებას.

შესვით ჭეშმარიტების ნათელი, და მიიღეთ მადლმოსილი და მართალი სიცოცხლე მისი მცნებებისაგან, მისი სახარებიდან, მისი საიდუმლოებიდან“ (სიტყვები და ქადაგებები, ტ. V, 1895 წ., გვ. 169-170).

ბ) კვალად, ღრმა მწუხარებას იწვევს ჩვენში ის ურწმუნოება იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც ისრაელიანთა ბელადებმა გამოამჟღავნეს (მუხლები 41-42). ეს მძიმე სნეულება ჩვენს დრრმიც არსებობს და მეტად ფართოდაც არის გავრცელებული მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოძღვრების ზეციური ნაყოფები ყველასათვის ხილული და ხელშესახებია. მაშ, რა არის მიზეზი ასეთი განძვინებული ურწმუნოებისა ზეციურიჭემმარიტებისადმი? „განზრქა გული ერისაი ამის“, - ამბობს საღმრთო წერილი ურწმუნოთა შესახებ: „და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თვალნი მათნი დაიწუხნეს“ (მათე 13,15). და რატომაა ასე? იმიტომ, რომ ამა ქვეყნის „ღმერთმა“, ანუ ეშმაკმა დაუბნელა მათ გონება, რათა არა აღმოუბრწყინდეს მათ ნათელი ქრისტეს სახარებისა. და მართლაც, ურწმუნოების არსებობა, განსაკუთრებით კი თვით ქრისტიანთა შორის, ყოველთვის გაუგებარი და გამოუცნობი დარჩება, თუკი არ ვივარაუდებთ, რომ ადამიანის გონების უკიდურესი დაბრმავება არის ეშმაკის ბნელი ძალის ზემოქმედების შედეგი. ჭეშმარიტი რწმენა ათვინიერებს თვითნებობას, ქრისტეს მორჩილად შექნის ჩვენს გონებას, აღვირს აღასხამს ჩვენს ვნებებსა და გვიკრძალავს ყოველგვარ ცოდვიან ტკბობას; ეს ყველაფერი კი ძალზე სამძიმო და სამწუხაროა ჩვენი ძველი, ხორციელი კაცისათვის. და აი, ეშმაკი სრულ თავისუფლებას გვპირდება, და ნელ-ნელა გვამონებს რომელიმე ვნებისადმი, ხოლო განძლიერებული ვნება გვიბრმავებს გონებას, და ყოველივე კეთილისადმი ჩვენი თავისუფალი ნებელობის უკანასკნელ ნაშთსაც გვართმევს. და მაშინ, ჩვენი საწყალობელი გონება, ბრმასავით იქით მიემართება, საითაც მას მისი ვნება წაიყვანს, და უარყოფს ყველაფერს, რაც საწინააღმდეგო და საძულველია ამ ვნებისათვის. ამიტომაც, თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს რწმენას.

გ) კვალად, ჩვენს ყურადღებას დღევანდელ საკითხავში ისიც იქცევს, რომ სინედრიონის წევრები იესო ქრისტეს საქმისგან უხილველად გადაწყვეტენ, რომ იგი არაღიარებული წინასწარმეტყველია და სურთ მისი შეპყრობა და განსჯა (მუხლი 44). განა ჩვენს სასამართლოებშიც ზოგჯერ ამგვარადვე არ წყდებასაქმეები? და ეს მაშინ, როცა მოსამართლენი, ყველასხვა თანამდებობის პირზე მეტად უნდა იცავდნენ სიმართლეს თავიანთ ქმედებებში. მართლმსაჯულების აღსრულების დროს, მათ, პირველ ყოვლისა, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი სამსჯავრო - იგივე საღმრთო სამსჯავროა, რადგან ღმერთი არის ყოველთა ერთადერთი მსაჯული, ხოლო ყველა ქვეყნიური მსაჯული მისი ნების აღმსრულებელია. აი, რას ეუბნებოდა იუდეის კეთილმსახური მეფე იოსაფატი თავის მიერ დადგინებულ მსაჯულებს: „იხილეთ თქვენ, რასაცა იქმოდით, რათა არა კაცთა სასჯელსა სჯიდეთ თქვენ, არამედ ღმრთისასა და თქვენ თანა იყვნედ სიტყვანი სასჯელისანი. და აწ იყავნ შიში უფლისაი თქვენ ზედა, დაიმარხეთ და იქმოდეთ კეთილსა, რამეთუ არა არს უფლისა ღმრთისა ჩვენისა სიცრუე, არცა თუალთ-ღება, არცა მიღება ქრთამისა“ (II ნეშტთა 19,6-7). მეორეს მხრივ, მართლმსაჯულების აღსასრულებლად მოსამართლეებმა სწორედ ის მსჯავრი უნდა გამოიტანონ ხოლმე, რომელიც თვით უფალ ღმერთს გამოაქვს თავის საღმრთო სიტყვაში, და რომელსაც შეიცავენ სახელმწიფო კანონები და თვით მოსამართლეთა სინდისი. მართლმსაჯულება საზოგადოების სხეულის მიმართ მკურნალობის სახეობაა: თუკი საზოგადოების იმ წევრებს, რომელთაც სხვათა ბოროტმოქმედებების გამო რაღაც დაუკარგავთ, მოსამართლენი არ დაუბრუნებენ დაკარგულს; თუკი დაზიანებულთ არ აუნაზღაურებენ ზიანს და თუკი სასიკვდილო წყლულს არ მოჰკვეთენ საზოგადოებას, მაშინ შეიძლება მთელი მისი სხეულიც დასნებოვნდეს. ასეთ შემთხვევაში მსაჯულნი მხოლოდ ღმერთის წინაშე კი არა, სამოქალაქო კანონის წინაშეც სცოდავენ. ამიტომ ხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მსაჯულებს თავიანთი გამართლების იმედი ჰქონდეთ ღმერთის საშინელ და სამართლიან სამსჯავროზე, თუკი კეთილსინდისიერად და სიმართლით აღასრულებენ თავიანთ დიდ, საპასუხისმგებლო მოვალეობებს.

დ) ნიკოდემოსის მაგალითი, ვინაც უფალ იესოს დასაცავად სიტყვა თქვა იუდეველთა ბელადების წინაშე, იმას გვასწავლის, რომ ჩვენც ყოველთვის და ყველგან ჭეშმარიტებას ვიცავდეთ (მუხლი 51). სად დავიცვათ ჭეშმარიტება (ანუ მაცხოვარი და ჩვენი ცხოვნების საქმე)? - იქ, სადაც მას თავს ესხმიან, და ყველგან, სადაც მისი მტრები გამოჩნდებიან; თუკი მკრეხელი და ღვთისმგმობი მაინც და მაინც არ ირჩევს ადგილს, რატომ უნდა ეძიოს და ამოირჩიოს იგი ჭეშმარიტების დამცველმა?! თუკი ბოროტება უშიშარი და ურცხვია, რატომ უნდა გამოაჩინოს შიში ჭეშმარიტებამ, უმწიკვლომ და ყოვლადძლიერმა, და რატომ უნდა დაიმალოს? უსამართლობა იქნებოდა მოცდა, და მის დასაცავად მოქმედება მხოლოდ ტაძარში, სახლში, მხოლოდ თავისუფალ დროს.

აბა, რა ქრისტიანია და ქრისტეს რა მიმდევარი ის ადამიანი, რომელიც დღეს ჭეშმარიტებას იცავს, ხვალე კი უყურებს მას და - ვერ ხედავს, უსმენს - და არ ესმის? დღეს იგი, თითქოს, ჭეშმარიტების მსახური და მხედარია, ხვალ კი - მისი განმცემი, უცხო მისთვის!... აი, სწორედ ამაშია ხოლმე ხშირად ჩვენი მთავარი შეცდომა და უბედურება, ის, რაც ჩვენ მხედველობიდან გვრჩება.

ვის წინაშე უნდა დავდგეთ ჩვენ ჭეშმარიტების დასაცავად?

მისი ნებისმიერი მტრის წინაშე აუცილებელია, კეთილგონიერია და ჯეროვანია ჭეშმარიტების დაცვა: ძლიერისა და სუსტის წინაშე, ბრძენისა და უბირის წინაშე, ერთის წინაშეც და მრავალთა წინაშეც, -სიყვარული და ერთგულება ჭეშმარიტებისა ძალასაც შეგვძენს, სიტყვის ნიჭითაც შეგვმოსავს და ამისთვის საჭირო სიბრძნითაც აღგვავსებს; ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენ კი არ ვილაპარაკებთ მაშინ ჭეშმარიტების დასაცავად, არამედ სული ჩვენი ზეციური მამისა იტყოდის ჩვენი მეშვეობით, რათა განმართლდეს „სიბრძნე შვილთაგან“ შისთა (მათე 11,19), და რათა გამოჩნდეს, რომ ჩვენ მცონარი და მზაკვარი მონები კი არა ვართ, არამედ კეთილნი და ერთგულნი ძენი ჩვენი ზეციური მამისა.

ჭეშმარიტების დაცვა გაღიზიანების, ბოროტსიტყვაობის გარეშე, ანუ კეთილგანწყობილი და ჯეროვანი, არათუ არ შეურაცხ-ყოფს მტერს, არამედ უსათუოდ თვინიერ ჰყოფს, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, თავიდან განაიარაღებს, შემდეგ კი სძლევს კიდეც მას ქრისტეს მიერ. ამგვარი მოქცევით ჩვენს მოწოდებას აღვასრულებთ, ქრისტიანის მოვალეობას, და მაშინ შეგვეძლება დიდებისა და ძლევის გვირგვინის მიღების იმედიც გვქონდეს.

ე) და ბოლოს, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დღევანდელი სახარების დასკვნითი სიტყვები: „მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი“ (8,12), რომელთაც საკუთარი თავის შესახებ ამბობს იესო ქრისტე.

და ჭეშმარიტად იგი იყო და არის ნათელი სოფლისა, ნათელი ყველა ადამიანისათვის, და მაშასადამე, თითოეული ჩვენგანისთვისაც.

სინათლის პირველი თვისება ის არის, რომ იგი განფანტავს ბნელს და ხილულებად შექნის საგნებს. უფალი იესოც ასე იტყოდა საკუთარი თავისთვის: „მე, ნათელი, სოფლად მოვივლინე, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არ დაადგრეს“ (იოანე12,46). მან განაბნია სულიერი სიბნელე, რომელიც მთელს კაცთა მოდგმას მოიცავდა ათასობით წლის განმავლობაში; განფანტა სიბნელე უცნობლობისა, ცრურწმენებისა და შეცთომილებებისა; სიბნელე მრავალღმერთიანობისა - კერპთთაყვანისმცემლობისა, და ყოველგვარი ამაო რწმენისა. მან მოგვცა ჩვენ ნათელი და „გონებაი, რაითა ვიცოდით ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი“ (I იოანე 5,20), რომელიც „არავინ სადა იხილა“ (იოანე 1,18).

მან ნათელ-ჰყო ჩვენთვის ჩვენი საკუთარი ბედი დასაბამიდან დასასრულამდე, გვაუწყა რა ჩვენი წარმოშობისა და მაღალი დანიშნულების შესახებ, ჩვენი დაცემისა და კვლავ აღდგინების საშუალებათა შესახებ. მან განგვიცხადა სამყაროს ყოფიერების საიდუმლოც: მისი დასაბამი, არსებობის მიზანი, მიმართება ღმერთისადმი და ადამიანისადმი. და ახლაც, როცა ქრისტეს პირისახის ნათელში დავალთ, ჩვენ ჭეშმარიტი სახით ვხედავთ ყოველივეს.

მაგრამ ნათელი არამხოლოდ გვინათებს, არამედ გვაცოცხლებს, ცხოვრებასაც გვანიჭებს კიდეც: ხელს უწყობს ცოცხალი არსებების განვითარებას, ზრდას, მომწიფებას. და უფალმაც ხომ ეს გვითხრა: „მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი“ (იოანე 8,12). ქრისტე ცხოველმყოფელი ნათელია ჩვენთვის „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსასოფლად“ (იოანე 1,9). იგი მართლაც განაცოცხლებს კიდეც ყოველ მორწმუნეს, ანუ სულიერად ააღორძინებს, მეორედ შობს ნათლის-ღების საიდუმლოში, თითოეულ მორწმუნეს ანიჭებს მთელი თავისი ღმრთაების ძალას ცხოვრებისათვის და კეთილმსახურებისათვის (II პეტრე 1,3); ყოველ მორწმუნეს ღირს-ჰყოფს ეზიაროს საუკუნო ცხოვრებას ევქარისტიის საიდუმლოში. კვლავაც განაცხოველებს ყოველ შემცოდე, მაგრამ მონანულ ქრისტიანს სინანულის საიდუმლოში. ქრისტე ცხოველმყოფელი ნათელია ჩვენთვის იმიტომაც, რომ განანათლებს რა ჩვენს გონებას რწმენისა და სასოების ჭეშმარიტებებით, ასევე განანათლებს ჩვენს ნებელობასაც სიყვარულის ჭეშმარიტებებით და გვიჩვენებს სულიერი ცხოვრების გზას, განგვიცხადებს ზნეობრივ კანონებს, რომლებიც, მართალია, აღბეჭდილია ჩვენს სინდისსა და გულში, მაგრამ ცოდვით დაცემის შედეგად დაბნელებულან და დასუსტებულან ჩვენში; ხოლო მეორეს მხრივ, იმიტომაც, რომ თანა-შეგვეწევა ჩვენ თავისი მადლით საუკუნო ცხოვრების ამ გზას ვადგეთ, ავღორძინდეთ და განვმტკიცდეთ ქრისტიანულ კეთილმსახურებაში, გამოვიღებდეთ სულიერ ნაყოფებს, „რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს ჩვენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფილიპ. 2,13), ყოველივე კეთილის ქმნისათვის.

ახლა საკუთარ თავს შევხედოთ. ჩვენ მოწოდებულნი ვართ „საკვირველსა მას ნათელსა მისსა“ (I პეტრე 2,9), ანუ ქრისტესსა, ერთიანად მოცულნი ვართ ამ ნათელით და ვიწოდებით „შვილებად ნათელისა“ (I თესალონიკ. 5,5); და რა, მართლაც ყველას განგვანათლებს კი და განგვაცხოველებს იგი? ვაი, რომ ყველას არა, რამეთუ ჩვენ შორის მრავალნი, ძალზე მრავალნი არიან ისეთნი, რომელთაც ნაკლებად იციან ქრისტეს მიერ უწყებული ჭეშმარიტებანი გამოცხადებისა, და ამდენად, ბნელში რჩებიან; სხვებს, მართალია, საკმარისად აქვთ შემეცნებული ეს ნათელმოსილი ჭეშმარიტებანი, მაგრამ მცირედ სწამთ ისინი, ანდა თითქმის სულაც არა სწამთ, და ამგვარად, თვითონვე იბნელებენ თავიანთ სულიერ თვალებს და ვერ ხედავენ ქრისტეს ნათელს; რამეთუ მხოლოდ მორწმუნე ადამიანია ის, ვინც არა ჰგიებს ბნელში; მესამენი - მცირედი ნაწილი - ნაკლებ განთბებიან ქრისტეს მადლის სხივებით და არ ცხოვრობენ ქრისტესმიერი ცხოვრებით, არამედ თანა-ეზიარებიან „საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა და სიკვდილისათა“ (ეფეს. 5,11). განა ყოველივე ამგვარად უნდა ყოფილიყო? განა იმისთვის მოგვემადლა ჩვენ ქრისტეს ნათელი, რომ კვლავაც სიბნელეში, წყვდიადში ვჰგიებდეთ? განა იმისთვის შევიქენით ქრისტიანებად, რომ წარმართებივით ვცხოვრობდეთ?!

ამიტომ, დაე, ყველამ, ვინც ნაკლებად უწყის საღმრთო გამოცხადების ჭეშმარიტებანი, ეცადოს შეისწავლოს, შეიმეცნოს ისინი, რათა აღმოუბრწყინდეს მათ ნათელი ქრისტესი; ყველამ, ვისაც მცირედ სწამს გამოცხადების ჭეშმარიტებანი, ეცადოს მოიპოვოს და განიმტკიცოს საკუთარ თავში ნამდვილი რწმენა, რათა განანათლოს ისინი ქრისტემ; დაე, ყველამ, ვინც სიკვდილის ტყვეობაში იმყოფება თავისი ცოდვების გამო, ეცადოს ღმერთისაკენ მოიქცეს, რათა განაცოცხლოს ისინი ქრისტე ღმერთმა. და დაე, ძმანო, ჩვენ ყოველნი ჭეშმარიტ ქრისტიანებად - ქრისტეს ნათელის შვილებად გამოვჩნდეთ არა ოდენ სახელით, არამედ თვით ჩვენი ცხოვრებითაც. ამინ.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე