მერვე საკვირაო ცისკრის სახარება
სახარება იოანესაგან (20, 11-18)

„11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. 12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი. 14. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. 16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. 17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა. 18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.“

I. მერვე საკვირაო ცისკრის სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ თხრობას მკვდრეთით აღმდგარი უფალ იესო ქრისტეს გამოცხადების შესახებ მარიამ მაგდალენელისადმი. სახარების საკითხავში მოთხრობილია, რომ საფლავად მოსული მარიამი მღვიმეში ორ ანგელოზს ხედავს, სულ არ შეშფოთდება მათს დანახვაზე და თავის უფალზე ესაუბრება მათ, მერმე მოტრიალდება და შორიახლოს თვით უფალს დაინახავს, ვერ იცნობს მას და მებაღედ იღებს, და მხოლოდ უფლის მომართვა სახელით - „მარიამ!“ აუხელს მას თვალებს და იგი შეიცნობს გამოცხადებულ კაცში თავის მკვდრეთით აღმდგარ უფალს - მოძღვარს. განვიხილოთ ეს სახარება დაწვრილებით.

„ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი“ (მუხლები 11-12).

ყველაზე უწინარეს უფალი მარიამ მაგდალენელს გამოეცხადა, რათა სასოწარკვეთილებისაგან ეხსნა იგი და დაეჯილდოებინა უდიდესი სიყვარულისაგან მომდინარე ძლიერი სულიერი ტანჯვისათვის. უფალს ნებავდა, პირველ ყოვლისა ეს ტანჯული ქალი დაემშვიდებინა და გაეხარებინა, ვისი მწუხარებაც საყვარელი მოძღვრის მოკვლის გამო იმდენად დიდი იყო, რომ, შესაძლოა, იგი სასწორკვეთამდე და გონების დაკარგვამდეც კი მისულიყო. როგორც მშვენივრად თქვა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, უფალი ყოველივეს მიუსადაგებს ჩვენს უძლურებას. როცა მოწაფენი (პეტრე და იოანე) რწმენით აღვსილნი, მაგრამ ღრმად დაფიქრებულნი უფლის ცარიელი საფლავის ხილვის გამო, შინ დაბრუნდნენ, მარიამი საფლავთან დარჩა, რადგან მისი ტანჯული და უზომო სიყვარულით აღსავსე გული აქ აჩერებდა მას. წმიდა მახარებელ იოანეს თხრობა ცხოვლად გვიხატაეს მოტირალი ქალის მდგომარეობას, რომელმაც არ იცოდა სად ეძებნა ნუგეში და რომლის გულიც მწუხარებით იფლითებოდა ტკივილისაგან და მონატრებისაგან იმისა, ვისაც ცხოვრების ცხოველი სიტყვით აღედგინა მარიამი ტალახისაგან და სიყვარულით აღსავსეს მისადმი სამუდამო ნეტარებაც აღეთქვა მისთვის. მწუხარებით იხრება მარიამი მღვიმის შესასვლესისაკენ, რათა იმ ადგილს შეხედოს, სადაც უფლის ყოვლადწმიდა სხეული იდვა და ანაზდად მისი თვალები სულიერად აღიხილება და ხედავს, რომ ორი ანგელოზი, ვითარცა მცველნი დამსხდარან იმ ადგილას - ერთი თავთან და მეორე ფერხთით, სადაც მანამდე უფლის სხეული იყო დასვენებული. უფლის ანგელოზნი მარიამ მაგდალენელისათვის გარდამოხდნენ, მაგრამ ხილულნი მის თვალთათვის ისინი ღმერთის ბრძანებითა და თვით მარიამის შინაგანი მდგომარეობის შედეგად შეიქნენ: მისმა ჩვეულებრივმა ქვეყნიურმა თვალებმა ისეთი რამ დაინახეს, რაც მათთვის, ჩვეულებრივ, უხილავი იყო.

ანგელოზნი უფლის საფლაეზე მცველებად იყვნენ იმ დროდან, როცა ერთმა მათგანმა ლოდი გარდააგორა საფლავის შესასვლელიდან (მათე 28,2) და მყისიერად, ელვის მსგავსად გამოეცხადა მცველ რომაელ მეომრებს, რომელთაც თავზარი დაეცათ შიშისაგან და რომელნიც უმალვე გაიქცნენ იქიდან, რათა მომხდარის შესახებ პირველმღვდელმთავართათვის ეუწყებინათ. მაგრამ შემდეგ ანგელოზები კვლავ უხილავნი შეიქნენ: საფლავად შესულ პეტრესა და იოანეს არ დაუნახავთ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლოს იმყოფებოდნენ ღმერთის ამ მსახურთა და წარმოგზავნილებთან. მაგრამ აი, მარიამ მაგდალენელი დაიხრება საფლავის შესასვლელისაკენ, და ორი ანგელოზი ზუსტად ისევე ხილული შეიქნება მისთვის, როგორადაც მცირე ხნის შემდეგ ერთი ანგელოზი ხდება ხილული მენელსაცხებლე დედებისათვის.

ზოგნი შენიშნავენ, რომ ეს ორი ანგელოზი, რომლებაც მარიამ მაგდალენელს უფლის საფლავში მსხდომარენი გამოეცხადნენ იმ ადგილას, სადაც მანამდე უფლის სხეული ესვენა, მოგვაგონებენ ორ ქერუბიმს გამოცხადების კიდობანზე, რომელთა გამოსახულების გაკეთებაც იქ მოსეს უბრძანა ღმერთმა: „მუნ, სადა უფალი გამოგეცხადება“-ო. და ჭეშმარიტად, რომ აქ, საფლავში, უფალი ღმერთი მთელს კაცობრიობას გამოეცხადა.

ანგელოზნი სპეტაკი, თოვლივით თეთრისამოსით არიან მოსილნი, ამასთან ნათქვამია არა „სამოსლითა სპეტაკითა“, არამედ პირდაპირ ,„სპეტაკითა მოსილნი“, რამეთუ ზეცის მკვიდრთა ეს შესამოსელი არის თეთრად მოელვარე გარსი, რომელიც ადამიანის ხორციელ თვალთათვის აღქმადი რომ იყოს, თეთრ ფერს ემსგავსება. უფლის ანგელრხნი, მეფსალმუნის სიტყვით, შექმნილნი არიან, „სულად და მსახურნი მისნი (უფლისა) - ალად ცეცხლისა“ (ფსალმუნი 103,4), მაგრამ აქ, უფლის საფლავში ანგელოზთა გამოცხადება მშვიდი და უბრალოა, დამამშვიდებელი მწუხარე ქალისა, და ისინი ადამიანური თვალებისათვის იმ ზომით არიან შემოსილნი ნათელი სამოსელით, რომ ეს საღმრთო ნათელი, მიმგვანებული ადამიანთათვის ჩვეულ თეთრ, სპეტაკ ფერს, შეძრწუნების გარეშე იყოს მისაწვდომი მათს თვალთათვის.

„და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს (მუხლები 13-14).

წინასწარმეტყველ დანიელის ხილვში (19,6,9) ანგელოზის ხმა შედარებულია „ერის ხმასთან“ ანუ მრავალი ადამიანის ხმასთან. უფლის საფლავში მარიამს მოესმის მშვიდი და ჩუმი ხმა ანგელოზებისა, რომლებიც თანაგრძნობით არიან აღვსილნი მისადმი, უზომოდ მწუხარე ქალისადმი: „დედაკაცო, რაისა სტირ?“ თავის მწუხარებში ერთიანად ჩაძირული მარიამ მაგდალენელი არათუ არ შეძრწუნდება ანგელოზთა ხილვაზე, არამედ, არც უკვირს მათი დანახვა, რამეთუ მისი ფიქრი მხოლოდ უფალთანაა. იგი იმასვე ეუბნება უფლის ანგელოზებს, რაც პეტრესა და იოანეს უთხრა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. მას სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია, სხვა არაფერზე ფიქრი არ ძალუძს, - მთლიანად იმ მწუხარებაშია შთაფლული, რომელსაც ამ სიტყვებით გამოხატავს. ჩემი უფალი აღიღესო, - ამბობს მარიამი, და სხვა ყოველივე ამქვეყნად დავიწყნია, ერთიანად შთაფლულს ამ ერთს ფიქრში.

მაგრამ მარიამ მაგდალენელისათვის, ამ მოყვარული და ტანჯული გულის მქონე ქალისათვის, ვისაც მრავალი რამ მოეტევა კიდეც ასეთი დიდი სიყვარულის გამო, უდიდესი სიხარული მზადდება. თავისი უზომო მწუხარების მიზეზით თითქმის გაუცნობიერებლად ელაპარაკება იგი უფლის ანგელოზებს როგორც უბრალო ადამიანებს, მერმე მწუხარებით აღსავსე უკან მოაბრუნებს თავს და ხედავს კაცს, ვისაც თავიდან ვერა სცნობს და მებაღე ჰგონია. რამეთუ უფლის შესაცნობად აუცილებელია იყოს მისი წმიდა ნება. დილის ბინდბუნდში შესაძლოა მარიამმა ვერ გაარჩია შორიახლოს გამოჩენილი უფალი, თუმცა შეუძლებელია არ დავეთანხმოთ იმ შეხედულებას, რომ ასე ნებავდა თვით უფალს, რათა მაშინვე არ განცხადებოდა მარიამს, ისევე, როგორც თავიდანვე არ განუცხადა თავი ემაუსისაკენ მიმავალ მოწაფეებს. წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, „თავისი ანაზდეული გამოცხადებით მარიამის ზურგსუკან, უფალმა ანგელოზთა განკვირვება გამოიწვია, და მათ, იხილეს რა თავიანთი მეუფე, უმალვე შესახედაობითაც, მზერითაც და მოძრაობებითაც გამოხატეს, რომ უფალს ხედავდნენ, რამაც აიძულა კიდეც მარიამი თავი მიებრუნებინა“. თუმცა უკან მიბრუნებულმა წმიდა დედაკაცმა თავიდან ვერაფერი უჩვეულო ვერ შენიშნა. იმისთვის, რომ განკვირვებით თავზარი არ დაეცა ქალისათვის პირველი დანახვისთანავე და თანდათანობით აღეყვანა იგი უმაღლესის შემეცნებამდე, უფალი გამოეცხადა კიდეც მარიამ მაგდალენელს ჩვეულებრივი ადამიანის სახით. აზრი უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ ჯერ კიდევ უცხო იყო მარიამისათვის, ამიტომ უფალმა უმალვე არ ინება თავი განეცხადებინა წმიდა მენელსაცხებლე დედისათვის, მარიამ მაგდალენელისათვის.

ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა“ (მუხლები 15-16).

უფალი პირველი შეკითხვით - რატომ სტირიო, თანაგრძნობას უცხადებს მარიამის მწუხარებას, მაგრამ იქავე დასძენს მეორე შეკითხვასაც - ვის ეძებო, რომელიც მარიამში მისი სულიერი მდგომარეობის გაცნობიერებას იწვევს. თუმცა ამ კითხვში, რომელიც მარიამისაგან მოითხოვს თავისი სურვილის ცხადად გამოხატვას სიტყვებით, უკვე საცნაურია მარიამის განმზადება იმ უდიდესი სიხარულისათვის, რომელიც მას მოელის წუთის შემდეგ, და მას მივე არის მითითებაც მასზედ, რომ მარიამმა თავისი აზრი სწორედ ამაზე შეაჩეროს: ვის ეძიებს იგი და ვინ არის ის, ვის სხეულსაც იგი ეძიებს.

თავის პასუხში მარიამი გამოთქვამს მთავარ აზრს, რომლითაც ერთიანად არის იგი შეპყრობილი - იგი უფალ იესოს სხეულს ეძიებს, და რაკი ჰგონია იოსებ არიმათიელის მსახურს - მებაღეს ველაპარაკებიო, რომელიც ბუნებრივია, თავისი ბატონის ერთგული უნდა ყოფილიყო, მარიამს არ ეშინია თავისი მწუხარებისა და სურვილის გამხელა მისთვის, - დამიბრუნე უფლის სხეული, ეს ძვირფასი სიწმიდე, რომელსა ზედა მანამდე უნდა ვიტირო, სანამ ღმერთი თავისთან არ მიმიხმობს, ანუ სანამ არ მოვკვდებიო. აზრი უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ ჯერ კიდევ არ შობილიყო მის გონებაში. მაგრამ, აი, უფალი მის სახელს წარმოთქვამს - მარიამ!

რაოდენი გულმოწყალება და სიყვარულია ღმერთკაცის ამ მოწოდებაში უფლისა, ვინაც თავისი წმიდათა წმიდა მაგალითით მარადის აკურთხებს და განსწმენდს ადამიანის ყველა ამაღლებულ, უზაკველ და უმჯობეს გრძნობებს!

ცხადია, რომ მარიამ მაგდანელენელი, თავისი უზომო მწუხარების გამო თავდავიწყებას მიცემული და ერთიანად თავის თავში შთაფლული, არ უყურებდა იმ ადამიანს, ვინც მებაღე ეგონა და ვისაც ელაპარაკებოდა; მისი თვალები მიწისაკენ იყო დახრილი და თავადაც იგი ოდნავ გვერდზე მიბრუნებული იდგა, ვითარცა თავდაკარგული ადამიანი. მაგრამ ანაზდად ისეთი ხმა გაისმის, რომელიც მის სულს ერთიანად აღავსებს შეძრწუნებითაც და ბედნიერებითაც: მარიამ! და ქალიც წამზედ განცოცხლდება, სწრაფად მიბრუნდება უფლისაკენ და მთრთოლვარე ხელებს გაიწვდენს მისკენ, თუმცა ჯერ ვერც ბედავს მთლიანად ირწმუნოს თავისი სიხარული. მისი თვალები სხეულით ცოცხალ, ნამდვილ უფალ იესოს ხედავენ, რომელიც მშვიდი ღიმილითა და გულმოწყალებით აღსავსე მზერით შემოსცქერის მას. და მარიამსაც აღმოხდება - რაბბუნი! - მოძღვარო ჩვენო! უფალს იგი იმ წოდებით მიმართავს, რომლითაც პირველად გაიცნო იგი, როცა უფალმა იესომ ცოდვის უფსკრულისაგან აღმოიყვანა მარიამი და აღუკრძალა მის მქენჯნელ ეშმაკთ მისი შემდგომი ტანჯვა და მასში კვლავ შესვლა. ამ წოდებში - „მოძღვარო!“ - მარიამისათვის კვლავ ცოცხლდება მისი წარსული, როცა იგი, ყველასგან მოძაგებული არსება, ანაზდად უფლის მოწაფის სიმაღლემდე იქნა აღყვანილი იესოს გულმოწყალებით და მკვდრეთით აღდგა ხორციელი, საძაგელებით აღსავსე ცოდვიანი ცხოვრებიდან წმიდა, უბიწო და სულიერი ცხოვრებისათვის.

„რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ (მუხლი 17).

ჩვენს წინშეა უფლის წმიდა სიტყვები, რომლებიც ნაწილობრივ განგვიცხადებენ ჩვენ ერთ მხარეს უფლის ხორციელ-ქმნისა და მკვდრეთით აღდგომის უდიდესი და მრავლისმომცველი საიდუმლოსი, აგრეთვე წინადსაუკუნო სიტყუა-ღმერთის სხეულებრივად განდიდებისა, იმ სიტყუა-ღმერთისა, რომელიც ვითარცა ღმერთი მარადის დიდებაში ჰგიებდა მამისა თვისისა თანა და სულიწმიდისა თანა, და რომელიც სხეულებრივად, თავისი ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომით სწორედ ჩვენთვის განიდიდა, რათა ჩვენ ყოველნი, მისი ჭეშმარიტი მორწმუნენი თავისთან აღვეყვანეთ ცათა შინა და თავისი დიდებისათვის ვეზიარებინეთ.

„ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ აღვსულვარ ჩემს ზეციურ მამასთან... აღვალ მამისა ჩემისა...“

მე აღვალო, - ამბობს უფალი, ანუ აწმყო დროში ამბობს ამას. მომავალში კი არ აღვალო, არამედ აი, ახლა აღვალ და ჩემთან ერთად აღვამაღლებ ცათა შინა აქამდე დაცემულ ადამიანურ სხეულსაც, განახლებულს, განწმენდილსა და გამოსყიდულს ჩემი სისხლით, - აღვამაღლებ უზენაესის საყდრის წინაშე, ვითარცა წმიდა ღმერთის სათნო მსხვერპლს.

როცა უფალი მარიამ მაგდალენელსა (და რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა მენელსაცხებლე დედებსაც) გამოეცხადა, ეს უდიდესი საიდუმლო უკვე აღესრულებოდა, ხოლო როდესაც უფალი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და ნება დართო მათ შეხებოდნენ მის უწმიდეს სხეულს (იოანე 10,19-20, შდრ. ლუკა 24,39), იგი უკვე აღსრულებული იყო. „ნუ შემომეხები მე!“ - ეს, მარიამ მაგდალენელისათვის ნათქვამი სიტყვები მიგვითითებენ იმ საიდუმლოებით მოცული მომენტის გაგრძელებადობაზე, როცა უფალი, ვითარცა შემოქმედი და სიტყუა-ღმერთი ჰქმნის, აღორძინებს სხეულის იმ განწმენდილ ტაძარს, რომელსაც ძალი ექნებოდა სულიწმიდის ტაძარი ყოფილიყო (I კორინთ. 3,16; 6,1,9), ანუ ტაძარი ცხოველი ღმერთისა (II კორინთ. 6,16). იგი ჰქმნის ქრისტიანის იმ სხეულს, რომელსაც შეეძლებოდა მშვინვიერი სხეულისაგან, ღმერთკაცის დიადი მსხვერპლის შემდეგ, მადლის მიერ გარდაქმნლიყო სულიერ სხეულად (I კორინთ. 15,44-45), რამეთუ „იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანაისკნელი ადამ - სულად განმაცხოველებლად... პირველი იგი კაცი ქვეყანისაგან მიწისაი, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით“ (I კორინთ. 15,45,47) და უფალსაც სწორედ იმიტომ უნდა აღემაღლებინა ადამიანური სხეული, ადამიანური ბუნება უზენაესის საყრდისადმი, რათა „ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაი“, რამეთუ „ყოველთავე უკუე არა შევისვენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ“ და „ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი, და მოკვდავისა ამისშემოსად უკვდავებაი“ (I კორინთ. 15,49,51,53).

მაგრამ ადამიანის გახრწნადი სხეულის შემოსვა უხრწნელებითა და უკვდავებით ჩვენს პირველმღვდელმთავარს შეჰგავდა (ებრ. 5,6; 6,20; 7,26), და მანაც, განწმიდა და აკურთხა რა ეს სხეული, შემოსილი მის მიერვე, სძლია ჯოჯოხეთსა და სიკვდილს, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ღმერთის ბრძანებით ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ: ძლეულია სიკვდილი, „სადა არს ძლევაი შენი, სიკვდილო? სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო?“ (ოსე 13,14).

მარიამ მაგდალენელისადმი მიმართულ უფლის წმიდა სიტყვებმი, პირველ ყოვლისა, ჩვენს ყურადღებას იქცევს ის სახელწოდება, რომელსაც უფალი მოციქულებსა და მოწაფეებს აძლევს, მათს მიერ კი ჩვენ ყველასაც, მორწმუნეთ: „ძმანი“.

„ერთი არს მოძღვარი თქვენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ“ (მათე 23,8) - ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს, განამზადებს რა მათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთათვის. აწ კი, აღადგინებს რა გამოსყიდვის საიდუმლოთი ადამიანურ ბუნებას, უფალი მორწმუნეთა სახით საკუთარ თავამდე აღამაღლებს მას, ხორციელ-ქმნილ ღმერთამდე, და მოწყალედ ლაპარაკობს თავისი, უფალ იესო ქრისტეს, მოყვარულთა შესახებ როგორც საკუთარი ძმების შესახებ, მიუთითებს რა თავის სულიერ ნათესაობაზეც ზეციურ მამასთან მიმართებაში.

მაგრამ აქ ღრმა მოწიწებით უნდა ჩავწვდეთ ამ საიდუმლოებით მოცულ გამონათქვამს, რომელიც ღმერკაცს ადამიანთან აერთებს მადლის მიერ, მაგრამ განყოფს კიდეც ადამიანს ღმერთკაცისაგან არსობრივად, რამეთუ როგორც წმიდა ათანასე დიდი ამბობს: „იგი ღმერთის ძეა ბუნებით, ჩვენ კი (ღმერთის) ძენი... ვართ მადლის მიერ“ (იხ. აგრეთვე იოანე 15,11-15). „მამა ღმერთი იწოდება ღმერთად უფალ იესოსი, - ამბობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. - არა სიტყუის განსჯით, არამედ ქრისტეს ხილული ადამიანური ბუნების განსჯით: მამად იწოდება სიტყუისა, და არა სხეულებრივად ხილულისა: რამეთუ ორადი იყო ბუნებით (ორბუნებოვანი იყო). ღმერთი ჩვენთვის საკუთრივ ღმერთია, გარნა არ არის საკუთრივ მამა“.

და აძლევს რა მარიამ მაგდალენელს ბრძანებას იყოს ამ დიადი სიტყვების მაუწყებელი მოციქულთათვის, უფალი განუტევებს მას, და იგიც, უკვე განცოცხლებული მწუხარების უფსკრულისაგან ზეციური სიხარულისათვის, უფლის მოწაფეებისაკენ მიეშურება მისი ბრძანების აღსასრულებლად.

„მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (მუხლი 18).

ამგვარად, მარიამ მაგდალენელი პირველი მახარებელი იყო უმაღლესი ქრისტიანული სიხარულისა.

თუ როგორ შეხვდნენ მოციქულები მარიამის უწყებას, ჩვენ ვიცით მახარებელთა მარკოზისა (16,10-11) და ლუკას (24,11)გადმოცემიდან. ისინი წერენ, რომ მათ მენელსაცხებლე დედათა, და რათქმა უნდა, მარიამ მაგდალენელის სიტყვებიც „უჩნდეს ვითარცა სიჩქურისნი“, და მგლოვიარე და მოტირალმა მოწაფეებმა უფლისა არ ირწმუნეს მათი. გამონაკლისს, ალბათ, პეტრე და იოანე შეადგენდნენ.

 

II. აი, ასეთია მკვდრეთით აღმდგარი უფლის გამოცხადების ამბავი მარიამ მაგდალენელისადმი. რას ვხედავთ ჩვენ მასმი?როგორი სამოძღვრებო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ მისგან?

ა) პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იქცევს, ის არის, რომ მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე სხვებზე უწინარეს მარიამ მაგდალენელს გამოეცხადა (მუხლი 14). მისადმი ასეთი დიდი წყალობის მიზეზი ის იყო, რომ ამ ქალმა უფლისდმი. განსაკუთრებული სიყვარული გამოამჟღავნა. იგი განუყრელად თან ახლდა იესოს მისი ქვეყნიური საზოგადო მსახურების ჟამს, ემსახურებოდა მას თავისი შრომითაც და ქონებითაც, არ ეშინოდა მისი მტრებისა, და უფლის ვნებისასაც ჯვარის წინ იდგა: იგი სხვა მენელსაცხებლე დედებზე ადრე მივიდა უფლის საფლავზე და უკან დაბრუნებულმაც პირველმა აუწყა მოწაფეებს ყოველივე ის, რაც უფლის საფლავზე განეცხადა; მერმეც, ყველანი წავიდნენ უფლის საფლავიდან, მარიამ მაგდალენელი კი, აღსავსე უსაზღვრო სიყვარულით, ერთი დარჩა საფლავთან და განაგრძობდა ტირილს. მაშ, გულისხმა-ვჰყოთ, ძმებო, თუ რა ბევრს ნიშნავს ჩვენი ცხოვნების საქმეში სიყვარული. აი, შენ განსაკუთრებული სიხარულით შეხვდი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, - ეს შენ უსათუოდ იმისათვის მოგემადლა, რომ მგზნებარედ გიყვარს ქრისტე, და ეს სიყვარული დაამტკიცე ან ყურადღებით საკუთარი თავისადმი, ანდა გარკვეული თავშეკავებით დიდმარხვის განმავლობში, ან გულმოდგინე ლოცვით და მასთან ღირსსაფერად შეერთებით ზიარების საიდუმლოში, ან თუ სხვა რომელიმე კეთილი საქმით, რომელიც ქრისტესათვის აღგისრულებია. მაგრამ, აი, შენ კი არ მოგეცა ეს გრძნობა, და დღესასწაულთა დღესასწაულსაც განსაკუთრებული აღტაცების გარქმე შეხვედრიხარ, - მაშ, შეხედე, ჩაუკვირდი საკუთარ თავს, შეაღწიე შენი სულის სახლში, და დაინახავ, რომ იგი მართლაც დახშულია უფლისათვის, გულიც ნამდვილად სხვა რაიმეთია დაკავებული, და არა შენი უფლით - იესო ქრისტეთი. დიახ, უფალი განსაკუთრებით ახლოსაა იმ ადამიანთან, ვინც თვითონაა ახლოს მასთან თავისი გულით; თავის მოყვარულთ უფალი განსაკუთრებულად ხელშესახებად, საცნაურად ანიჭებს ამ სიახლოვის შეგრძნების უნარს. მაშ, მთელის ჩვენის გულით შევიყვაროთ უფალი, თუკი გვსურს მარადის მის თანა განვიხარებდეთ.

ბ) მეორე, რაც ასევე იპყრობს ჩვენს ყურადღებას დღევანდელ სახარებაში, არის უფლის მიერ მარიამ მაგდალენელისადმი ნათქვამი შემდეგი სიტყვები: „წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქვენისა“ (მუხლი17). ასე შეგვაგონებს უფალი, რომ ღმერთი, მისი მამა, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დროიდან ჩვენს მამადაც შეიქნა, და რომ ამგვარად ჩვენ ღმერთის ძენი, მისი შვილები შევიქენით. რა ბედნიერებაა! ჩვენ ღმრთისანი ვართ, ჩვენ მისნი ძენი ვართ! და ეს ყოვლად უეჭველია, და ამიტომაც ჩვენ ყოველდღე უყოყმანოდ მივმართავთ მას: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინაო, და სულიწმიდაც უმოწმებს ჩვენს სულს, მოციქულის სიტყვისაებრ, - „რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტეს თანა“! (რომ. 8,16-17). უფალი ღმერთი ყოვლისამპყრობელი - ჩვენი მამაა! და როგორი მამა! „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თავისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ (იოანე 3,16). რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ ესოდენი პატივის მიღების შემდგომ? როგორ უნდა ვიქცეოდეთ ამ უაღმატებულეს, უსაპატიოსნესწოდებში, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ? - ღირსად ჩვენი ამ წოდებისა, შესაფერისად ჩვენი ზეციური წოდებისა, ისე, რომ ღმერთი განიდიდებოდეს ჩვენი ცხოვრებითა და საქმეებით, და ჩვენნი მოყვასნიც დაიმოძღვრებოდნენ, რათა ჩვენ ვცხოვნდეთ. მაგრამ მაინც როგორ? - ვიყოთ წმიდანი აზრებით, სურვილებით, გრძნობებითა და ქმედებებით. ვეძიებდეთ უპირველესად ყოველისა ღმერთის სასუფეველს, ცხოვნებას. გვიყვარდეს უფალი ღმერთი ჩვენი მთელის გულით, სრულის სულით, ყველა ჩვენი აზრებითა და მთელის ჩვენის ძლიერებით. განუწყვეტლივ ვილოცვიდეთ მის წინაშე. ერთმანეთის სიმძიმენი ვიტვირთოთ, ერთმანეთს შევეწიოთ, ერთმანეთი ვანუგეშოთ. დავემორჩილოთ ჩვენს მოძღვრებს. მივბაძოთ თავმდაბლებსა და მორჩილებს. პატივი ვცეთ სიბრძნესა და ვისწავლოთ მისგან. დაე, ნურანაირი ხრწნილი სიტყვა ნუ გამოვალს ჩვენი ბაგეებისაგან, მხოლოდ კეთილი ვთქვათ და სიკეთეს ვიქმოდეთ. მხოლოდ სიმართლე, ჭეშმარიტება ვუთხრათ ერთამანეთს. თავშეკავებულნი და კეთილკრძალულნი ვიყოთ ყოველთვის. ერთის სიტყვით: მარადის ღმერთი განვადიდოთ ჩვენი საქმეებითაც და ჩვენს სულებშიც, რომლებიც ღმრთისანი არიან.

გ) და ბოლოს, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ როგორც კი მიიღო უფლისაგან ბძანება - მოციქულებისათვის ეუწყებინა მამა ღმერთთან მისი ამაღლების შესახებ, მარიამ მაგდალენელმა დაუყოვნებლივ აღასრულა ეს ბრძანება და აცნობა უფლის მოწაფეებს ყოველივე ის, რაც იხილა და მოისმინა მკვდრეთით აღმდგარი უფლისაგან (მუხლი 18). სასურველია, რომ მარიამ მაგდალენელის მიბაძვით ჩვენი მართლმადიდებელი დედაკაცნიც ღირსეული მაცნენი და დამრიგებელნი იყვნენ, რომელნიც უცნობელთ, განსაკუთრებით კი ბავშვებს, აუწყებდნენ ქრისტეს შესახებ ყოველივეს, რაც თვითონ იციან. უცნობელთა დარიგება თავიანთი სახლების შინაურ გარემოში ქალებისათის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე კაცებისათვის. როცა ოჯახის უფროსი სამსახურებრივი საქმეებითაა დაკავებული და გარეთ იმყოფება ხოლმე მთელი დღის განმავლობში, მის სახლში დარჩენილ ცოლს მეტი თავისუფალი დრო რჩება და მისთვის უფრო ადვილია ბავშვების დამოძღვრა სარწმუნოების ჭეშმარიტებებში. ბავშვებს, ჩვეულებრივ, თავიანთი დედა უფრო უყვართ და სხვებზე მეტად მას ენდობიან. ამიტომაც დედის შეგონებანი ისე ღრმად აღიბეჭდება ხოლმე გულში, რომ სიცოცხლის ბოლომდე წარუხოცელი რჩება. აქვს რა მხედველობში ასეთი შთაბეჭდილებების მნიშვნელობა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი შეახსენებს ქრისტიან დედას: „გყავს ყრმა ბავშვი? მაშ ნუ მისცემ დროს გაძლიერდეს წახდენა... იჩქარე მისცე შენს ყრმას სამების რწმენა, - ეს დიადი და კეთილი საგანძური!“ ხოლო წმიდა იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს საკუთარი თავის შესახებ, რომ ყველაზე მტკიცე დარიგებანი სარწმუნოებასა და სათნოებებში მან თავისი დედის - ანთუსასაგან მიიღო. ჰოი, ნეტარო დედავ! ჰოი, ნეტარო ძეო! და ნეტამც ყველას ასეთი ღვთისნიერი და სათნო დედა ჰყავდეს!..

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე