წმიდა მენელსაცხებლე დედათა კვირა
სახარება მარკოზისაგან (15, 43-47; 16, 1-8)

„43. (მას ჟამსა შინა) მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი. 44. ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა. 45. და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს. 46. და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა. 47. იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას. 

თავი 16. 1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. 3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? 4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. 7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. 8. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“.

I. აწ სახარებამ გვაუწყა უფალ იესო ქრისტეს დაკრძალვის შესახებ იოსებისა და ნიკოდიმოსის მიერ (როგორც ეს იოანეს სახარებიდან ჩანს, თავი 19, მუხლი 39), მისი დაკრძალვიდან მესამე დღეს, ადრიან დილით, მენელსაცხებლე დედათა მისვლის შესახებ ქრისტეს საფლავთან; ამასთან მათ ნელსაცხებლები მიჰქონდათ, რათა იესოს სხეულისათვის ეცხოთ, მაგრამ საფლავად მისულებმა ვერ ნახეს იქ მისი სხეული და ანგელოზთაგან სასიხარულო ამბავი ესმათ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ყურადღებით შევჩერდეთ ამ მონათხრობზე.

„(მას ჟამსა შინა) მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი“ (მუხლი 43).

სიტყვები „მას ჟამსა შინა“ დანამატია ეკლესიის მიერ მიღებული სახარების ტექსტის დედნისადმი, და არის ჩვეულებრივი დასაწყისი იმ საღვთისმსახურო საკითხავებისა, რომლებიც შეიცავენ ამა თუ იმ მოვლენის აღწერას უფლის ცხოვრებიდან, და არა ოდენ მისი მოძღვრების გადმოცემას. აქ ამ სიტყვებით მითითებულია უფალ იესო ქრისტეს სიკვდილთან მახლობელი დრო.

ქალაქი არიმათია, საიდანაც წარმოშობით იყო იოსები, მახარებელ ლუკას გადმოცემით (23,51) იუდეის ქალაქი იყო, და მაშასადმე, იერუსალიმის მახლობლად მდებარეობდა.

სავარაუდოა, რომ ეს იგივე რამაა - ეფრემის მთაზე მდებარე ქალაქი, ბენიამინეს ტომის საზღვართან, ორი საათის სავალზე იერუსალიმის ჩრდილოეთით, რომელიც სხვაგვარად რამათაინადაც იწოდება. იოსებ ფლავიოსი მას არმათას უწოდებს, 70 განმმარტებელი კი - არმათემს. აქ, ქალაქ რამაში იშვა წინასწარმეტყველი სამოელი, აქვეა იგი დაკრძალული (Iმეფეთა 1,19-20; 2,11; 7,17; 9,5; 13,7; 16,43; 19,48). ალბათ სწორედ არმათემიდან წარმოიქმნა სახარებაში მოხსენიებული სახელწოდება არიმათია. იგი შეესაბამება დღევანდელ ბეით-ნუზას, ნახევარ გზაზე რომ მდებარეობს ლიდადან იერუსალიმში.

იოსებს რაც შეეხება, მახარებლის ცნობით იგი იყო ებრაელთა უმაღლესი სამსჯავროს - სინედრიონის გამორჩეული წევრი, და როგორც მახარებელი ლუკა დასძენს, იგი არ მონაწილეობდა იესოს მტერთა ბოროტ საქმეებში - „არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა“ (ლუკა 23,51), ანუ მან უარი თქვა იესოს უსჯულო გასამართლებაზე, და უეჭველია, იმიტომ, რომ უდანაშაულოდ თვლიდა მას, რაც იოსების მაღალ ზნეობრივ ღირსებაზე მეტყველებს. მის რწმენასა და რელიგიურ მისწრაფებებს რაც შეეხება, მახარებელი სულ ორიოდ სიტყვით გვიხატავს მას: „რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა“-ო, რაც იმას ნიშნავს, რომ იოსები, აკვირდებოდა რა თავისი დროის ყველა მოვლენასა და ვითარებას, სწორედ ახლა მოელოდა მესიის - ქრისტეს სუფევის გამოცხადებას. შესაძლოა, იგი იესოს მიიჩნევდა კიდეც მესიად. ყოველ შემთხვევაში, როგორც მახარებელი მათე შენიშნავს, „იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუისა“ (27,57), ოღონდ როგორც წმიდა იოანე დასძენს - „ფარულად, შიშისათვის ჰურიათაისა“(19,38). იესოს ჯვარცმამ ვერ შეარყია მისი სიყვარული მოძღვრისადმი და მიუხედავად თანატომელთაგან - უფლის მკვლელთაგან დევნისა, მან მაინც გაბედა უკანასკნელი პატივი მიეგო იესოსთვის და ჯეროვანი სახით დაეკრძალა მისი სხეული. ამისთვის იგი „შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუისი“. ასეთი თხოვნა განპირობებული იყო იმჟამინდელი ვითარებითა და ჩვეულებებით. წესით, ჯვარცმულთა სხეულები ჯვრებზე გაკრული უნდა დარჩენილიყო და მტაცებელ ფრინველთა ულუფა გამხდარიყო, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლებოდა მათი გამოთხოვა უფროსობისაგან და საფლავად შთადება. და რაკი ჯვარცმის დღე პარასკევი იყო, ხოლო შაბათი იუდეველთათვის დიდი დღესასწაული, მით უმეტეს, რომ ამ წელიწადს მასზე მოდიოდა პასექის დღესასწაულის პირველი დღე, რომელსაც ებრაელები პარასკევის საღამოდან დაწყებული აღნიშნავდნენ, ამიტომ იუდეველებმა სთხოვეს კიდეც პილატეს ჩამოეხსნათ იესოსა და მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების სხეულები, ამასთან დაეჩქარებინათ მათი სიკვდილი „წვივთა განტეხვით“ (იოანე 19,31-37). იოსებმა ისარგებლა ამ გარემოებით, და რადგან იესო უკვე აღსრულებულიყო, მივიდა პილატესთან და ნებართვა სთხოვა, ჩამოეხსნა იესოს სხეული და საფლავად დაეკრძალა.

„ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა“ (მუხლი 44).

ჯვარზე გაკრულნი ხშირად რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში იტანჯებოდნენ, სანამ მოკვდებოდნენ: სიკვდილი არა და არ მოდიოდა მათთან, და ეს საშინელი ტანჯვა-წამება იყო. უფალმა კი ჯვარცმიდან სულ რაღაც სამიოდე საათში განუტევა სული, რაც იმითაც აიხსნება, რომ მის ჯვარცმას წინ უსწრებდა სასტიკი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება. სწორედ, სიკვდილის ეს სწრაფი დადგომა გაუკვირდა პილატეს, რომელმაც გამოცდილებით იცოდა, რომ ჯვარზე გაკვრით სიკვდილმისჯილნი დიდხანს იტანჯებოდნენ, სანამ სული აღმოხდებოდათ.

„და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს. 46. და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა“ (მუხლები 45-46).

რაკი ნებართვა მიიღო პილატესაგან, იოსებ არიმათიელი პატივის მიგებით კრძალავს იესოს სხეულს. ღმერთკაცის - ღმრთის მხოლოდშობილი ძისა და მსოფლიოს მხსნელის ადამიანური სხეულის საფლავად დადების ამ ერთადერთ და უმაგალითო ზეიმში, როგორც იოანე მახარებელი დასძენს, ნიკოდიმოსიც მონაწილეობდა, იუდეველთა ერთ-ერთი მთავარი, წინამძღოლი, ასევე ფარული მოწაფე იესოსი, რომელთანაც იგი ღამ-ღამობით მოდიოდა სწავლა-მოძღვრების მოსასმენად. მან უფლის სხეულის დასაკრძალავად მოიტანა „აღრეული მურისა და ალოისაი ვითარ ასი ლიტრაი“ (იოანე 19,39). ესოდენი კეთილსურნელი ნელსაცხებელი (დაახლოებით 30 კგ) საჭირო იყო იმისთვის, რომ იუდეველთა ჩვეულების მიხედვით იესოს სხეული გაეპატიოსნებინათ. სხეულზე ნელსაცხებელთა წასმა გამოხატავდა როგორც პატივისცემასა და სიყვარულს გარდაცვლილისადმი, ასევე მას აკეთებდნენ სხეულის დასაცავად სწრაფი გახრწნისაგან. ამ უკანასკნელი მიზნისათვის იყენებდნენ ბალზამირებას, რასაც სულ ცოტა 30 დღე სჭირდებოდა (დაბად. 2,2; II ნეშტთა 16,14 და სხვა). ხოლო როცა არ აპირებდნენ ბალზამირებას, ანდა დრო არ ჰქონდათ ამისთვის, სხეულს ნელსაცხებლებს უსმევდნენ და სუფთა ტილოში ახვევდნენ, რის შემდეგაც საფლავად ჩვეულებრივ, კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში დებდნენ. ასე მოიქცნენ იოსები და ნიკოდიმოსი, რომელთაც ნელსაცხებელთა წასმის შემდეგ იესოს სხეული სუფთა ტილოში - გარდამოხსნაში გაახვიეს. თუკი გავიხსენებთ იოანეს სახარების მე-10 თავში გადმოცემულ ცნობებს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შესახებ, და ამავე მახარებლისმიერ მოთხრობილ ამბავს უფლის მკვდრეთით აღდგომაზე (თავი მე-20), უნდა ვივარაუდოთ, რომ უფლის ყოვლადწმიდა სხეული ჯერ სახვევებში იქნა შეხვეული, თავი - სუდარით, და ბოლოს, მთელი სხეული - დიდ ტილოში - გარდამოხსნაში გახვეული, რის შემდეგაც იგი კლდეში გამოკვეთილ საფლავად დადეს. მახარებელი ლუკა დასძენს, რომ ამ საფლავში მანამდე „არავინ დადებულ იყო“ (23,53), ხოლო იოანე, გარდა ამისა, მიუთითებს, რომ „იყო ადგილსა მას,სადა ჯვარს-ეცუა, მტილი (ბაღი) და მტილსა მას შინა - საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო“ (19,41), რომელიც, ალბათ, იოსებ არიმათიელს ეკუთვნოდა. ებრაელები, ისევე, როგორც აღმოსავლეთის სხვა ხალხები, მიცვალებულებს ჩვენსავით მიწაში ამოთხრილ საფლავში კი არ მარხავდნენ და ზემოდან მიწას კი არ აყრიდნენ, არამედ კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში - აკლდამაში დებდნენ და გარედან ქვა-ლოდებით ჰქოლავდნენ; ანდა აკლდამას ქვითა და აგურით აშენებდნენ. ასეთი სასაფლაოები მდებარეობდა ქალაქებისა და დაბა-სოფლების მახლობლად (ლუკა 7,12; იოანე 11,31; 38,44). გარდაცვლილთა პატივისცემის ნიშნად მიღებული იყო ასეთი საფლავების შემკობა, შეღებვა (განგოზვა), ანდა მათს გარშემო ხეების დარგვა. ებრაელებს ძირითადად საგვარეულო-საოჯახო საფლავები ჰქონდათ, ხოლო განსაკუთრებით მდიდარნი მათგან საკუთარ კარ-მიდამოში, ბაღში იწყობდნენ ასეთ საგვარეულო აკლდამებს, და, ალბათ, სწორედ ასეთი აკლდამა ჰქონდა თავის ბაღში იოსებ არიმათიელსაც, სადაც დაკრძალა კიდეც უფალ იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა სხეული. ასეთი აკლდამების შესახებ არაერთგზის არის ნათქვამი საღმრთო წერილში (დაბად. 50,5; IV მეფ. 13,21; იეზეკ. 32,23,27). მღვიმეთა შიდა კედლებში ნიშნებს ჰკვეთდნენ, სადაც დაასვენებდნენ კიდეც სუდარაში გახვეულ სხეულებს, შესასვლელს კი ქვებით ამოჰქოლავდნენ ხოლმე, რათა იქ მტაცებელი ცხოველები თუ ფრინველები არ შესულიყვნენ.

„იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას“ (მუხლი 47). 

აი, კიდევ ორი მოწმე უფალ იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა სხეულის საფლავად დადებისა. მარიამი მაგდალენელად იწოდებოდა გალილეის ქალაქ მაგდალას გამო, საიდანაც იგი იყო წარმოშობილი. ეს ქალაქი ეკუთვნოდა ისაქარის ტომს და ტიბერიადის ტბის ნაპირას მდებარეობდა, ქალაქ კაპერნაუმის მახლობლად. მარკოზის სახარებაში იგი მაგდალოდ იწოდება (8,10). ამჟამად ამ ადგილს მეჯდედი ჰქვია, და იგი პატარა სოფელს წარმოადგენს. ბუნებაც აქ მკაცრია, მწირი მცენარეულობით, თუმცა გარემო მაინც მშვენიერი სახილველია.

მარიამ მაგდალენელზე, კვალად, მოთხრობილია, რომ უფალმა მისგან შვიდი ეშმაკი განასხა (მარკოზი 16,9). ალბათ, სწორედ ამ განკურნვის შედეგად შეიქნა იგი უფლის მოწაფედ, და ყველგან დაჰყვებოდა მას და ემსახურებოდა კიდეც ბევრ სხვა დედებთან ერთად (მარკ. 15,40,41. შდრ. ლუკა 8,2). უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ, გადმოცემით, მარიამ მაგდალენელი სახარებას ქადაგებდა, პილატეზე საჩივრით იყო რომში და დაკრძალულია ეფესოში. დასავლეთის ქრისტიანთა გადმოცემით, მარიამ მაგდალენელი გალიაში ქადაგებდა, პროვანსში გარდაიცვალა და მისი წმიდა ნაწილები “ქალაქ მარსელშია დასვენებული. თუმცა ამ გადმოცემას არ ადასტურებენ ძველი მოწმეები. მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტერში. ამას მოწმობენ ბასილი, სათთვეო წიგნის შემდგენელი (X საუკუნე) და სხვა ბიზანტიელი ისტორიკოსები...

აქ მოხსენებული სხვა დედა - მარიამ იოსესი, მათე მახარებელთან იწოდება „მარიამ იაკობისი და იოსეს დედაი“-დ (მათე 27,56). ვინ არის ეს მარიამი? ზოგიერთი განმმარტებელი მას კლეოპას მარიამთან აიგივებს. კლეოპა წმიდა იოსებ დამწინდველის ძმა იყო, ხოლო მისი მეუღლე - მარიამი - ღვთისმშობლის ნათესავი. ამ მარიამის შვილებად ასახელებენ იაკობს, იოსიას, სიმონსა და იუდას. მაგრამ თუ მართლაც ასეა, ისინი უფლის ბიძაშვილები ყოფილან, იოსების ძმისშვილები. თუკი იოსეს მარიამის ქვეშ მარიამ კლეოპას ვგულისხმობთ, ღვთისმშობლის ნათესავს, მაშინ გაუგებარი იქნება ის გარემოება, რომ მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში უფლის ჯვარცმის ამბის გადმოცემისას, ნათქვამია, რომ იქ იყვნენ მარიამ მაგდალენელი და იაკობისა და იოსიას დედა მარიამი, ბიცოლა იესოსი, ხოლო მისი დედის - ღვთისმშობლის შესახებ, რომელიც მახარებელ იოანეს მოწმობით იქვე იყო და თავისი ძისაგან ნუგეშის-ცემულ იქნა (იოანე 19,25-27), ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. ამიტომ უფრო სამართლიანი იქნება, თუკი ერთმანეთისაგან განვასხვავებთ იოსეს მარიამს - კლეოპას მარიამისაგან და იოსეს მარიამის სახელქვეშ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვიგულისხმებთ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების 27-ე თავის განმარტებისას ამბობს: „იაკობისა და იოსიას დედის - მარიამის სახელით მახარებელი ღვთისმშობელს ხმობს, რადგან იაკობი და იოსია იოსების შვილები იყვნენ მისი პირველი ცოლისაგან. ხოლო რაკი ღვთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, ამიტომ სამართლიანად იწოდებოდა მისი შვილების დედადაც, ანუ დედინაცვალად“.

„და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას“ (თავი 16. მუხლი 1).

ორი მარიამის გარდა აქ დასახელებულია სალომეც, ზებედეს ძეთა იაკობისა და იოანეს დედა (შდრ. მათე 27,56), თორმეტ მოციქულთაგან რჩეულებისა, რომელთაც, მოციქულ პეტრესთან ერთად, უფალმა თავისი საღმრთო დიდება გამოუცხადა თაბორის მთაზე. უფლის ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე სალომეამ თავის ძეებთან ერთად მხურვალედ სთხოვა იესოს: შენს სასუფეველში ერთი მარჯვენით მჯდომარე გყავდეს, მეორე კი მარცხენითო, რითაც უფლისაგან გაკიცხვა, ხოლო მოწაფეთაგან დრტვინვა გამოიწვია (მათე 20,20-24). გამოთქმა „ვითარცა გარდახდა შაბათი“ შეიძლება აღნიშნავდეს კვირის პირველი დღის დილასაც და შაბათის საღამოსაც, რადგან ებრაული ჟამთაღრიცხვით დრო მზის ჩასვლიდან, ანდა, საერთოდ, საღამოს ექვსი საათიდან, უკვე მომდევნო დღის დასაწყისად ითვლებოდა. მაგრამ რაკი მომდევნო მუხლში მახარებელი ამბობს „ნიად განთიადსა“-ო, ხოლო იოანეს სახარებამიც ნათქვამია - „ერთსა მას შაბათსა... განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“ (20,1). ცხადია, რომ მენელსაცხებლე დედები შაბათის მომდევნო კვირა დღეს მივიდნენ უფლის საფლავთან ნაყიდი ნელსაცხებლებით. ხოლო იყიდეს ნელსაცხებლები სწორედ შაბათ საღამოს, 6 საათის, ანუ მზის ჩასვლის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ I საუკუნის ებრაელები ფარისეველთა სექტის გავლენით, ძალზე მკაცრად იცავდნენ შაბათის მოსვენებას, რადგან მხოლოდ პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი მნიმვნელობით ესმოდათ იგი; ამიტომ შაბათ დღეს არანაირი საქმის გაკეთება, დაე, თუნდაც ქველისა, მათ არ შეეძლოთ. მენელსაცხებლე დედებიც, მხოლოდ შაბათის მოსვენების დამთავრების შემდეგ, შაბათს საღამოს, მზის ჩასვლისთანავე შეიძლებოდა გამოსულიყვნენ სახლებიდან და ნელსაცხებლები ეყიდათ უფლის სხეულისათვის წასასმელად; მანამდე, უბრალოდ ვერსად იყიდიდნენ მას. ეს ნელსაცხებლები სხვადასხვა კეთილსურნელოვანი ნივთიერებებისაგან მზადდებოდა და მრავალგვარადაც. ზოგჯერ მათ ერთი რომელიმე ნივთიერებისაგან ამზადებდნენ, მაგალითად, ნარდისაგან (მარკ. 14,3), თვითმდინარი მურისაგან, სურნელოვანი დარიჩინისაგან, სურნელოვანი ლერწმისაგან, ალოესაგან, კასიასაგან, ზეთისხილისა თუ სხვა რომელიმე კეთილსურნელოვანი ზეთისაგან (გამოსვლ. 30,23; იგავნი 7,17), აგრეთვე, კედრის ხის ფისისაგან, ბალზამისაგან, საკმევლისაგან და სხვა. ხოლო უმრავლეს შემთხვევაში ნელსაცხებლებს ამზადებდნენ სხვადასხვა კეთილსურნელი ნივთიერებების ურთიერთშეზავებით, - ხან ფხვნილის სახით, კმევისა თუ მოყრისათვის, ხანაც - საცხის სახით, სხეულზე წასასმელად, ხან კი სუნამოთა სახით - შესხურებისა თუ გარდასხმისათვის. ზოგი ამ ნელსაცხებელთაგან ადგილობრივ იყო დამზადებული პალესტინაში აქაური ნივთიერებებისაგან (დაბად. 37,25; 43,11; გამოსვლ. 30,23-24), ზოგი კი სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ, მაგალითად, არაბეთიდან (იხ. III მეფ. 10,2; 10,25). მათ მრავალი მიზნით იყენებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ბევრ ნელსაცხებელს იუდეველები მიცვალებულის დაკრძალვისას იყენებდნენ.

„და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა“ (მუხლი 2).

მენელსაცხებლე დედათა საფლავად მისვლის დრო აქ განსაზღვრულია სიტყვებით: „მერმეცა აღმოსვლასა ოდენ მზისასა“. ამას თითქოს არ შეესაბამება მახარებელ მათეს ცნობა, რომ ისინი აქ მოვიდნენ „მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენებოდა ერთშაბათად“ (მათე 28,1). მაგრამ გამოთქმის - „მწუხრი შაბათთასა“ გამო უნდა შევნიმნოთ, რომ თუმცა ბერძნული სიტყვა „ოფსე“ - „მწუხრი“ ნიშნავს კიდეც საკუთრივ გვიან დროს, საღამოს, მაგრამ ნათესაობით ბრუნვასთან ერთად საზღვრულისა, როგორც ამ შემთხვევაშია („მწუხრი შაბათთასა“, ანუ „შაბათის გვიან საღამოს“) იგი გამოიყენება მნიშვნელობით „შემდგომ“ „განსლვისას“. ასეა საერო მწერლების თხზულებებშიც. ამ შემთხვევაში ეს გამოთქმა სულაც არ ეწინააღმდეგება მომდევნო სიტყვებს - „რომელი განთენებოდა ერთბაშად“. ნეტარი ავგუსტინე წერს: „ეს არის დრო, როცა ცა აღმოსავლეთის მხარეს განათებას იწყებს, რაც მხოლოდ მზის ამოსვლის მოახლოებისას ხდება“, და ამით სავსებით განაქარვებს მოჩვენებითს სხვადასხვაობას მათე და მარკოზ მახარებლებს შორის. სხვა საქმეა იოანეს ცნობა, რომ მარიამ მაგდალენელი მოვიდა უფლის საფლავად „განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“ (20,1). ეს განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ იოანე სრულიად სხვა ვითარებას გადმოსცემს: მარიამ მაგდალენელის მისვლას საფლავთან, და არა მენელსაცხებლე დედებისა, რადგან მან, გამოვიდა რა სახლიდან სხვებთან ერთად ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, მარიამ მაგდალენელმა გაასწრო მათ და სხვებზე ადრე მივიდა საფლავთან, „ვიდრე ბნელღა იყო“. გავიხსენოთ ისიც, რომ აღმოსავლეთში სიბნელიდან სინათლისაკენ გადასვლა მზის ამოსვლისას ისე ნელა არ ხდება, როგორც ჩრდილოეთის ქვეყნებში.

„და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?“ (მუხლი 3).

ეტყობა, უფლის საფლავის შესასვლელზე ლოდი ისე მჭიდროდ იყო მიდგმული, რომ იესოს ჯვარმცმელ იუდეველებს ბეჭედის დადებაც კი შეეძლოთ მასზე, რათა არავინ შესულიყო მღვიმეში; თანაც ეს ლოდი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ დედაკაცებს მისი გადაგორება შესძლებოდათ.

„და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს“ (მუხლები 4-5).

ანგელოზის ხილვაზე მენელსაცხებლე დედანი შეკრთნენ, შეძრწუნდნენ, რადგან წუთის წინ საგონებელში იყვნენ - ამოდენა ლოდს ვინ გარდაგვიგორებსო, და აი, ანაზდად, ხედავენ, რომ იგი გადაგორებულია, ხოლო მასზე ანგელოზი ზის სპეტაკი, მბრწყინავი შესამოსელით, რომლის პირისახეც ელვასავით ანათებს. „უჩვეულო სახილველი წმიდანებსაც აკრთობთ“ - წერს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. ამ შემთხვევაში კი ეს უჩვეულობა აშკარად იყო აღბეჭდილი რაღაც არაქვეყნიურით, ღვთაებრივით. ხოლო საკუთარი ცოდვიანობის შეგრძნება წმიდა ანგელოზის ხილვისას ყოველთვის იწვევს უნებლიე შეკრთომას, ძრწოლას ზნეობრივად ფაქიზი სულის ადამიანებში, როგორნიც, უეჭველია იყვნენ კიდეც მენელსაცხებლე დედები. ამის ნათელსაყოფად, საკმარისია გავიხსენოთ, თუ რას ამბობს მახარებელი ლუკა მართალი ზაქარიას - იოანე ნათლისმცემლის მამის - შესახებ, რომელიც ანგელოზის ხილვის ღირსი შეიქმნა: „და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაი იგი, და შიში დაეცა მას ზედა“ (ლუკა 1,12).

„ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ“ (მუხლები 6-7).

ანგელოზის ეს სიტყვა მენელსაცხებლე დედებისადმი, ცხადია, იმისკენ არის მიმართული, რომ დაარწმუნოს პირველ ყოვლისა თვით ისინი, მათი მეშვეობით კი, შემდეგ, მოციქულებიც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ნამდვილობში. „აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი“, - ახარებს იგი მათ.

განა შეიძლება არსებობდეს სიხარული, აღმატებული ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სიხარულზე?! მკვდრეთით აღდგაო, - ამბობს ანგელოზი, ოღონდ - თუ როდის, ამის შესახებ დუმს და მახარებელიც არას გვეუბნება. ვინ იხილა უფლის მკვდრეთით აღდგომა? - არც მეომრებს, რომლებიც საფლავის მცველებად იყვნენ დაყენებულნი იუდეველთა მოთხოვნით, რათა იესოს სხეული არავის მოეპარა, რადგან აღდგომის მომენტამდე, როცა „ძრვაი იყო დიდი“ და „ანგელოზი უფლისაი გარდამოხდა ზეცით“, რომელმაც „გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა“, ეს მცველნი „შეძრწუნდეს და იქმნნეს ვითარცა მკუდარნი“ (მათე 28, 2-4); და არც მენელსაცხებლე დედებს არ უხილავთ ეს, რადგან როცა ისინი მოვიდნენ, საფლავში უფლისსხეული აღარ დახვდათ. ასე, რომ ქვეყნიერთაგან არავის უხილავს უფალი მისი მკვდრეთით აღდგომის მომენტში. ან კი განა ძალ-ედვა ცოდვილ ადამიანურ თვალს ღმერთის დიდება ეხილა ამქვეყნად?! „აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი“, - ეუბნება ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს და განა შეიძლებოდა მათთვის ამ ცარიელ მღვიმეზე უფრო ცხადი და უფრო მტკიცე დადასტურება ყოფილიყო უფლის მკვდრეთით აღდგომის ნამდვილობისა?! მათ ხომ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ დადვეს საფლავად იესოს სხეული, როგორ მიაგორვეს შესასვლელს ვეება ლოდი, როგორ დაჰბეჭდეს იგი და როგორ დაუყენეს მცველებად მეომრები. და აი, ლოდი გარდაგორვებულია, უფლის სხეულიკი არ არის იქ. და მენელსაცხებლე დედებსაც სხვა აღარაფერი რჩებოდათ, თუ არა ის, რომ წასულიყვნენ და მოციქულებისათვის ეხარებინათ ანგელოზის მიერ ნაუწყები და საკუთარი თვალით ნახული. და ანგელოზიც ხომ ამასვე უბრძანებდა მათ, მიუთითებდა რა უფლის მკვდრეთით აღდგომის სხვა დადასტურებაზეც - თვით უფლის წინასწარმეტყველებაზე და მის დაპირებაზე, რომ თავად გამოეცხადებოდა გალილეაში მოწაფეებს. ანგელოზი, ამასთან, ეუბნება მენელსაცხებლე დედებს: „აუწყეთ ეს ყოველივე მოწაფეთა მისთა და პეტრეს“-ო, თითქოს პეტრე არ ყოფილიყოს უფლის მოწაფე და მოციქული! მაგრამ ანგელოზი, რა თქმა უნდა, უფლის ნებას აღასრულებს ამით, რადგან ასეთი განსაკუთრებული ნუგეში პეტრე მოციქულს იმის გამო სჭირდებოდა, რომ მან სამგზის უარყო იგი ებრაელთა მღვდელმთავრის ეზოში, როცა შეშინებული იყო და თქვა, არ ვიცნობ მასო (მათე 26,69-74 და ამის პარალელური ადგილები). და ამის გამო, თითქოს, მართლაც, დროებით გამოაკლდა მოციქულთა დასს. ამიტომაც ახლა, სანამ უფალს პირადად არ დაურწმუნებია იგი იმაში, რომ შეუნდობს შეცოდებას და სანამ კვლავ არ აღუდგენია იგი მოციქულობაში, პეტრე ნამდვილად საჭიროებდა განსაკუთრებულ, სხვა მოციქულთა ნუგეშის-ცემისაგან განსხვავებულ, უპირატეს ნუგეშის-ცემას, და მიიღო კიდეც იგი ანგელოზის სიტყვით.

„და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“ (მუხლი 8).

მახარებელ მათეს მიხედვით, მენელსაცხებლე დედანი „გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა“ (მათე 28,8), - შიშით იმის გამო, რომ სულის შემძვრელი რამ იხილეს, სიხარულით კი იმიტომ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომის სახარება მოისმინეს. მაგრამ რაკი წმიდა მარკოზი გამოსტოვებს ამ შენიშვნას დედათა სიხარულით ლტოლვის შესახებ, სავსებით სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ სიხარულის გრძნობას მათში ჯერ-ჯერობით ნანახით შეკრთომა, შეძრწუნება ჰფარავდა. ეს იგივე შიში იყო, რომელიც მათ საფლავად მისვლისას და უფლის ანგელოზის ხილვისას დაეცათ, ოღონდ ახლა, ანგელოზის საკვირველ სიტყვათა შემდგომ ეს შიში შეძრწუნებამდე გაზრდილიყო, როგორც ეს ემართება ხოლმე ადამიანს უაღრესად უჩვეულო მოვლენების ხილვისას: შიშისა და ძრწოლვის გრძნობა ეუფლება მის გულს მას შემდეგ, რაც სახილველი უკვე დამთავრებულია. მარკოზის შენიშვნა მასზედ, რომ მენელსაცხებლე დედანი დუმდნენ „და არარაი ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“, განსხვავდება მათესა და ლუკას სახარებებისაგან, რომელთა თანახმადაც დედებმა ყოველივე ნახული და მოსმენილი მოციქულებს აუწყეს. და არც იქნებოდა მათი მხრივ ბუნებრივი, თუკი ისინი არავის არაფერს ეტყოდნენ ასეთი საკვირველი და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, და მეტადრე - მოციქულებს; პირიქით, მათ უსათუოდ უნდა მოეთხროთ ამის შესახებ მოციქულებისათვის, რადგან სწორედ ეს უბრძანა მათ უფლის ანგელოზმა. თვითონ წმიდა მარკოზი ქვემორე (მუხლი 10) უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შინ მისულმა მენელსაცხებლე დედებმა ყოველივე მოციქულებს მოუთხრეს; მაშასადამე, მათ არავისთვის არაფერი არ უთქვამთ სწორედ იქ, საფლავიდან ახლად გამოსულებს, გზაში, როცა შეშინებულნი სახლისკენ მიიჩქაროდნენ. რამეთუ მათი ლტოლვა ამ დროს ამოსული მზის სხივებქვეშ ხდებოდა, როცა გზად მათ ზოგიერთი ნაცნობიც შეიძლებოდა შეხვედროდათ და მათი შეშფოთებული სახეების ხილვაზე, რაღაც უჩვეულო ამბის აღსრულებაზე ეფიქრათ. ამდენად, გასაგებია, რომ მენელსაცხებლე დედებმა „არარაი ვის უთხრეს“ ნანახისა და მოსმენილის შესახეხ სწორედ გზაში, შინ დაბრუნებისას, რადგან ეშინოდათ. ასე, რომ იმ ძრწოლამ, შეკრთომამ და შიშმა, რაც მათ უფლის საფლავზე დაეცათ იქ ნანახი სრულიად უჩვეულო ამბისა და მოსმენილის გამო, მათ ენა დაუდუმა და ასე მდუმარედ მოიყვანა შინ, მოციქულებთან, სადაც ისინი უკვე ქრისტეს მოწაფეთა და თავიანთ თანამოაზრეთა შორის აღმოჩნდნენ და აღარაფრის არ უნდა შეშინებოდათ. ამიტომაც მათ აუწყეს მოწაფეებს სასიხარულო ამბავი - ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!-ო.

 

II. ამრიგად, რას ვხედავთ ჩვენ აქ? რა შეგვძრავს განსაკუთრებულად? რა სამოძღვრებო შეგონება შეგვიძლია მივიღოთ ხსენებულ მოვლენათაგან?

ა) პირველ ყოვლისა, ჩვენს სულს შესძრავს უფლის ერთგული მოწაფის - იოსებ არიმათიელის გულმოდგინება (მუხლები 43,46). მას არ სურს დაუშვას, რომ მოძღვრის სხეული სადმე შეუფერებელ ადგილას ავაზაკებთან ერთად იქნას დაკრძალული, და მისი პატივით დამარხვა სწადია მამა-პაპური ებრაული ჩვეულების შესაბამისად. ეს მაგალითი იმას გვასწავლის, რომ მოყვასთა სიყვარულით ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ გარდაცვლილ თანამოძმეთა პატივით დამარხვაზე. მაგრამ მხოლოდ ამით როდი უნდა შემოიფარგლოს ჩვენი სიყვარული: მათთვის ძალზე ძვირფასია ახლა ლოცვა-ვედრება, მათი სახელით ნივთიერი მოწყალების გაღება გაჭირვებულთათვის, ხოლო განსაკუთრებით, უსაზღვროდ ძვირფასია და ღირებული ჩვენი გარდაცვლილი თანამოძმეებისათვის მათი სახელით შეწირული უსისხლო მსხვერპლი. აი, თუკი ყოველივე ამას აღვასრულებთ, მაშინ გამოვაჩენთ, რომ გვიყვარს გარდაცვლილი ახლობლები და შეგვიძლია კეთილი ვუყოთ მათ; აი, მხოლოდ ამას მოელიან კიდეც ჩვენგან გარდაცვლილნი და მხოლოდ ამას საჭიროებენ. ამრიგად, ვილოცოთ გარდაცვლილთათვის არა მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს, არამედ ყოველთვისაც, ყოველდღე. ამით სასურველ და ნალოდინევ სიკეთეს მოვუტანთ მათ, უმჯობეს მდგომარეობას შევძენთ, ვიხსნით ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან, შვებასა და ნუგეშს მოვგვრით. ასეთივე სარგებლობას შესძენს გარდაცვლილებს მათი სახელით აღსრულებული ქველმოქმედებაც. „მოწყალებაი სიკვდილისაგან იხსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა; რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა“ (ტობ. 12,9) და მართლაც, გარდაცვლილთათვის აღსრულებული ქველმოქმედებანი და მოწყალების გაღება მათი ხვედრის შემსუბუქებას უწყობს ხელს. ამას ცხადად მოწმობს შემდეგი მაგალითი: წმიდა იღუმენია ათანასიამ „თავისი აღსრულების წინ ანდერძად დაუბარა მონასტრის დებს - ჩემს მოსახსენებლად ორმოცის გასვლამდე ყოველდღე ტრაპეზობა გაუმართეთ ხოლმე ღარიბ-გლახაკთო. მაგრამ მოხდა ისე, რომ დებმა მხოლოდ მეათე დღემდე შეასრგლეს მისი დანაბარები. ამის გამო წმიდანი ორი ანგელოზის თანხლებით გამოეცხადა ზოგიერთ დას სიზმრისეულ ჩვენებაში და უთხრა: „რატომ დაარღვიეთ ჩემი ანდერძი? დაე, ყველამ იცოდეთ, რომ ორმოცამდე აღსრულებული მოწყალებანი და მშიერთა დაპურებანი გარდაცვლილის სულის საოხად, ლმობიერ-ჰყოფს მისდამი ღმერთს. თუკი შესვენებულთა სულები ცოდვილნი არიან, ამის მეშვეობით ისინი ცოდვათა მიტევებას იღებენ ღმერთისაგან; ხოლო თუკი მართალნი მორწმუნენი არიან, მათთვის აღსრულებული ქველმოქმედება მაცხოვნებელი შეიქნება თვით მისი მოქმედისათვის“ (თთვენი, 12 აპრილი). კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება უსისხლო მსხვერპლის შეწირვას გარდაცვლილის სულისათვის. უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას მღვდელმოქმედის სახით ამ მსხვერპლს თვით უფალი იესო ქრისტე შესწირავს ეკლესიაში; იგი თვით არის მეოხმყოფელი ღვთის მართლმსაჯულების წინაშე ცოდვილთა შენდობისათვის. ამის გამო უდიდესი სარგებლობა აქვთ იმ სულებს, რომელთათვისაც ლოცვა-ვედრება აღევლინება წმიდა და საშინელი მსხვერპლის წინადაგებისას. ასეთი მსხვერპლი რომ გარდაცვლილთა ხვედრს ამსუბუქებს, ამის მრავალი მაგალითი ვიცით ეკლესიის გამოცდილებიდან. აი, ერთი მათგანი: ერთს კეთილმსახურ ხუცესს გარდაცვლილი ქრისტიანის სული გამოეცხადა და ევედრა, უსისხლო მსხვერპლი აღასრულე ჩემს საოხადო; ამ ვედრებას მან ისიც დასძინა, რომ თუკი წმიდა მსხვერპლი შეუმსუბუქებდა ხვედრს, იგი უკვე აღარ გამოეცხადებოდა ხუცესს. ქრისტეს მღვდელმსახურმა შეასრულა გარდაცვლილის თხოვნა, და იგიც აღარ გამოცხადებია მას (იხ. გრიგოლ დიოლოგოსი. წგ. IV, თავი 59). ჩვენც ამის მსგავსად ვიზრუნოთ გარდაცვლილთათვის, და ამ ქველის საქმეთა მეშვეობით წარმოვაჩინოთ ჩვენი სიყვარული მათდამი.

ბ) კვალად, დღევანდელი საკითხავი სახარება ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს მენელსაცხებლე დედათა წმიდა სიყვარულზე უფლისადმი (მუხლები 1-2). მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და საშიშროებისა, რაც მათ, შესაძლოა, საფლავის მცველთაგან და უფლის მომკვლელ იუდეველთაგან ელოდათ, მათ დაივიწყეს საკუთარი თავი და ადრიან დილით უფლის საფლავს მიაშურეს, რათა ჯეროვანი პატივი მიეგოთ მისთვის ებრაული ჩვეულებისამებრ. რა კეთილსაამო მსხვერპლია ეს უფლისათვის! რა მაღალი სახეა უფლისადმი სიყვარულისა! და ეს სახე მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს ჩვენთვისაც უფლისადმი სიყვარულისა. და ვისაც ნამდვილად სურს ეს, შეუძლია დღესაც მენელსაცხებლე დედათა მსგავსად მოვიდეს უფლის საფლავად და ჯეროვანი პატივი მიაგოს მას, მისთვის საამო მსხვერპლი შესწიროს სიყვარულისა, სინანულისა და გულშემუსრვილობისა. ესევითარი, დაე, მზის ამოსვლასთან ერთად აღდგეს ძილისაგან და ეკლესიას მიაშუროს ცისკრის ღვთის მსახურებაზე. არ დაიზაროს საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება, მწუხრის მსახურებაზეც მივიდეს და ქება-დიდების საგალობელი აღუვლინოს უფალს მისი უსაზომო კაცთმოყვარებისათვის, ენით უთქმელი მოწყალებისათვის მის მიმართაც და მთელი კაცთა მოდგმის მიმართაც. ეკლესიაში ჩვენ შეგვიძლია მოვინახულოთ არა მხოლოდ საფლავი უფლისა, არამედ თითქოსდა სინამდვილეში მოვილოცოთ ყველა ის წმიდა ადგილი, სადაც კი ჩვენი მაცხოვრის საკვირველი საქმეები და ამქვეყნიური საზოგადო მსახურება აღსრულებულა მსოფლიოს საცხოვნებლად. მაგრამ ვისაც უხვად აქვს ეს საღმრთო სიყვარული ღმერთისადმი და მოყვასისადმი, ის განუწყვეტელ მსხვერპლს შესწირავს უფალს, გარდა ტაძრისა, საკუთარ სულშიც და საკუთარ სხეულშიც: სულში იმით, რომ ყოველ ჟამს მიუძღვანებს უფალს უზაკველ, წმიდა აზრებს, ღმრთივსულიერ ზრახვებსა და ფიქრებს, წმიდა გრძნობებსა და უბიწო სურვილებს, ხოლო სხეულში იმით, რომ დასთრგუნავს მასში უჯერო სურვილებს, აღვირს აღასხამს უწესრიგო მოსწრაფებებსა და მიდრეკილებებს, სიწმიდითა და უმანკოებით დაიცავს მას. და ბოლოს, თუკი ვისმე ნამდვილად სურს ღმერთისადმი სიყვარულის უაღმატებულეს სიმაღლეთ მიაღწიოს, მან, დაე, საკუთარი თავი მიუძღვნას მას მსხვერპლად. მთლიანად და განუყოფლად შესწიროს თავი უფალს! ხოლო ამისთვის უნდა მოაკვდინოს, ყოველ შემთხვევაში, მარად ისწრაფდეს მოაკვდინებდეს უფლის გულისთვის საკუთარ თავს, საკუთარ ცოდვიან ნებას, საკუთარ ვნებებს, საკუთარი ძველი სხეულის მოძრაობებს, გულისთქმათა მისწრაფებებს, მწარე ფესვის - ცოდვის ყველა აღმონაცენს! აი, ეს არის არა მხოლოდ უსრულყოფილესი მსხვერპლი თვითმოკვდინებისა, არამედ უაღმატებულესი ღვაწლიც პატივად და სადიდებლად უფლისა და საცხოვნებლად საკუთარი თავისა!

გ) დღევანდელ საკითხავ სახარებაში არანაკლებ სამოძღვრებო და შემაგონებელია ჩვენთვის, რომ უფლის საფლავისაკენ მოჩქარე მენელსაცხებლე დედები გზაში იმაზე სწუხან, ვინ გარდაგვიგორვოს საფლავის შესასვლელზე მიდგმული ვეება ლოდიო, და როცა იქ მივლენ, ანაზდად ნახავენ, რომ ეს დიდი ლოდი უკვე გარდაგორვებულია (მუხლები 3 და 4). ეს გაკვეთილი საკვებით გვესადაგება ჩვენ, ჩვენს მდგომარეობებს. რამეთუ განა ხშირად იგივე არ შეგვემთხვევა ხოლმე ჩვენც?როცა რაიმე კეთილი საქმის აღსრულებას შევუდგებით, დაე, თუნდაც სულ ოდნავ უჩვეულოს, განა უმალვე მზად არა ვართ ეჭვი შევიტანოთ მის წარმატებით დასრულებაში? როგორ ვუდგებით ხოლმე მას? - ძალზე უბრალოდ: უმეტესწილად, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ყოველთვის, როცა რაიმე კეთილ საქმეს ვიწყებთ, ოდენ საკუთარ ძალთა იმედად ვართ და ოდენ ჩვენივ თავიდან მოველით მის სრულს წარმატებას; ჩვენი უნარისაგან, ჩვენი ცოდნისაგან, ჩვენი საკუთარი გულმოდგინებისაგან და ჩვენივ სიყვარულისაგან ამ საქმისადმი. და სწორედ ამაშია მთელი ჩვენი შეცდომა, მთელი ჩვენი შეცთომილება. თავით თვისით - ჩვენ არარანი ვართ, არანაირი ჭეშმარიტი სიკეთის მოქმედება თავისით არ ძალგვიძს, მეტიც - ისიც კი არ ძალგვიძს, რომ ნამდვილად გვსურდეს რაიმე სიკეთე, განვიზრახავდეთ ჭეშმარიტ სიკეთეს! მაცხოვარმა გვითხრა: „თვინიერ ჩემსა არა-რაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე15,5), - და ეს ჭეშმარიტად ასეა: ღმერთის შეწევნის, მისი საღმრთო მადლის მოქმედების გარეშე ჩვენ არანაირი კეთილი საქმის აღსრულება არ შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის როდი გვაქვს ეს შეგნებული, თუმცა უნებლიეთ კი ყოველთვის ვგრძნობთ ამას, და ამიტომ ყოველივეში ვეჭვობთ, ვჭოჭმანობთ. როგორ მოვიცილოთ თავიდან ეს უნუგეშო შეპასუხებანი, ასეთი ცოდვიანი შეხედულებანი?

ყოველთვის გვახსოვდეს და მტკიცედ გვწამდეს, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი და ჩვენი მაცხოვარია ყოვლისშემძლე, ყოვლადძლიერი და რომ იგი მარადის მოწყალე და ყოველი ჩვენგანის უსაზღვროდ მოყვარულია, ვისაც თითოეული ჩვენგანის ცხოვნება სურს; რომ მას ჩვენს თავზე თითოეული თმაც კი დათვლილი აქვს და მისი ნების გარეშე ერთი ღერიც კი არ დაგვვარდება! უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მან ჩვენი ცხოვრების სულ უმცირესი, სულ უმნიშვნელო გარემოებანიც კი ზედმიწნევით უწყის და ჩვენდა სასიკეთოდ წარმართავს მათ, თუკი ჩვენ ჯიუტად არ ვეწინააღმდეგებით მის ნებას და თუკი მზადა ვართ ყოველივეში ღმერთს დავემორჩილოთ. მტკიცედ გვწამდეს, რომ სწორედ იგი - ჩვენი უფალი ღმერთია ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ძლიერება და ჩვენი სიხარული; და მაშინ ეჭვებს, შეპასუხებებსა და შეწინააღმდეგებებს აღარ ექნებათ ადგილი ჩვენში. მენელსაცხებლე დედებს ანგელოზი მოევლინათ და განუშორა მოსალოდნელი დაბრკოლება, და ჩვენც, საჭიროების შემთხვევაში, უფლისავე ანგელოზი მოგვევლინება და ყოველივეში შეგვეწევა.

დ) და ბოლოს, დღევანდელ საკითხავში ღირსშესანიშნავია ის უსაზღვრო სიყვარულიც, რომელიც უფალმა შემცოდე და მონანულ მოციქულს - პეტრეს გამოუვლინა (მუხლი 7). ეს სიყვარული იმაში ჩანს, რომ ანგელოზმა, როცა მენელსაცხებლე დედანი მოციქულებთან წარგზავნა უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ სასიხარულო ამბის საუწყებლად, ისიც გააგებინა მათ, რომ პეტრე კვლავაც მოციქულთა წოდებაში რჩება და, მაშასადამე, ღმერთმა შეუნდო მას სამგზის დაცემა. აი, ასე ამოუწურავია ღმერთის მოწყალება! და ასეთი მოწყალების კარნი ყოველთვის გაღებულია მონანულ ცოდვილთათვის! და ახლაც მწყემსი კეთილი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაეძებს წყმედულ ცხოვართ - შენც, მეც, ყველა სხვა ცოდვილსაც! იგი გვეძიებს და სინანულად მოგვიწოდებს; იგი ცდილობს ყოველ ცოდვილს შეაგნებინოს, თუ რა სახიფათოა მათი მდგომარეობა, ცდილობს ჩააგონოს ეს სინდისის მეშვეობით, თავისი დაწერილი სიტყვის მეშვეობით, ეკლესიის მწყემსთა მეშვეობით, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანების საუბრების მეშვეობით, ცხოვრებისეულ ვითარებათა მეშვეობით, რომლებიც ხან კეთილხელსაყრელია და ადამიანებს ღმერთისადმი მადლიერებით განაწყობენ, ხანაც - არაკეთილხელსაყრელნი, - თავმდაბლობის, მორჩილებისა და სინანულის აღმძვრელნი ადამიანში. და როგორც კი ცოდვილი ადამიანი უსჯულოების გზიდან ჭეშმარიტებისა და სიკეთის გზისკენ მოიქცევა, უფალიც უმალ მის შესაწევნად იჩქარის თავისი განმაძლიერებელი საღმრთო მადლით, რომლის დახმარებითაც ცოდვილი ღვთაებრივ ნათელს უბრუნდება ცოდვათა სიბნელიდან, განახლდება, წმიდად და სულიერად შეიქმნება. ასე, რომ ყოვლადსარწმუნოა მოციქულის სიტყვა, რომელიც გვამცნებს: არა უწყი, რამეთუ სახიერებაი ღმრთისაი სინანულად მიგიყვანებს შენ? მაშ, იჩქარე, ჰოი, შეცთომილო სულო, უფლის მომწოდებელ ხმაზე, ისწრაფე ვიდრეღა მისი მოწყალების კარნი გაღებულია. უფალი სიხარულით შეგიწყნარებს შენ, დაგეხმარება აღდგე ცოდვისმიერი უფრსკულიდან, განგამტკიცებს და განგაძლიერებს თავისი საღმრთო მადლით კეთილ საქმეთა და საკუთარი თავის სრულყოფის ღვაწლში. ოღონდ კი შენც, შენის მხრივ, გულწრფელი განზრახვა გვქონდეს გამოსწორებისა, გულით გსურდეს უსჯულოებათა ქვეყნიდან სინათლისა და სიკეთის ღვთაებრივ ქვეყანას დაუბრუნდე.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე