პირველი კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან, ყოველთა წმიდათა
სახარება მათესაგან (10, 32-33, 37-38; 19, 27-30)

„32. (ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა:) ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. 33. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა... 37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. 38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.“

„თ. 19. 27. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? 28. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. 29. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს. 30. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა.“

 

I. აწინდელ დღეს ღმერთის ყოველთა წმიდათა ხსენებისა ეკლესია გვთავაზობს სახარებიდან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სწავლებას იმის შესახებ, თუ რომელი გზით უნდა ვიაროთ სიწმიდის მოსაპოვებლად და საუკუნო ნეტარების დასამკვიდრებლად. ეს სწავლება თანაბრად გვეხება ყველას, თითოეულ ქრისტიანს, რამეთუ ყოველი ჩვენგანი უნდა ესწრაფვოდეს ზეციურ სიკეთეთა დამკვიდრების მიღწევას; ამდენად, მთელი ჩვენი ყურადღება ახლა იმას მივუძღვნათ, რომ ჩვენი ცხოვნებისათვის შევითვისოთ დღევანდელ სახარებაში მოცემული სწავლება.

„ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (თ. 10, მუხლები 32-33).

რას ნიშნავს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს აღიარება წინაშე კაცთა? - ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მთელის გულით გვწამდეს! იგი არის მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, რომელიც თავისი უშურველი მოწყალებით გარდამოხდა ქვეყნად ცოდვილთა საცხოვნებლად, და ამიტომ აუცილებელია ჩვენი სულის უკანასკნელ აღმოხდომამდე მართლად დავიმარხოთ მისი სწავლება, არამედ იმასაც, რომ ბაგეებითა და საქმეებით ვაღიარებდეთ ამ სწავლებას ყველგან და ყოველთვის წინაშე კაცთა მათი ცხოვნებისათვის. რაც შეუძლებელია მისი - კაცთა მოდგმის ერთადერთი მხსნელისა და მაცხოვრის რწმენის გარეშე. რამეთუ წმიდა პავლე მოციქულიც ამბობს, რომ გულით გვწამს სიმართლედ, ხოლო ბაგენი აღიარებენ საცხოვნებლად.

ამიტომ უფალი იესო ქრისტეს რწმენა ოდენ საკუთარი გულის დაფარულ სიღრმეში, ამ რწმენის განცხადებულად აღიარების გარეშე, არ არის სრულყოფილი რწმენა - ეს მისი მხოლოდ სანახევრო, გულის ნაწილით მიღებული რწმენაა. ამგვარ გაორებულ გულს აკლია უფალ იესოსადმი ნამდვილი სიყვარული. რამეთუ, როგორც საღმრთო წერილი ამბობს, უხვებისაგან გულისა ბაგენი ღაღადებენ. უფალ იესო ქრისტეს აღიარება ადამიანთა წინაშე მაშინ, როცა იგი ამისთვის ქება-დიდებას მოგვიზღავს, და დადუმება, მისი რწმენის დაფარვა მშინ, როცა დევნულების საშიშროება გვემუქრება ადამიანთაგან, - ქრისტიანისათვის უღირსი საქციელია, ჭეშმარიტების ღალატია, ოდენ საკუთარი თავის ქადაგებაა, და არა ჯვარცმული იესოსი. ასევე, უფლის აღიარება ოდენ ბაგეებით, ხოლო სინამდვილეში იმგვარად ცხოვრება და საქმიანობა, რაც არა თანახატ-ექმნება, არ შეესატყვისება მის სწავლებასა და მცნებებს - საძაგელი პირმოთნეობაა ღმერთის თვალში.

იესო ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებელი ის ქრისტიანია, ვინც ყველგან და ცხოვრების ყველა ვითარებაში თავისი ბაგეებითაც და საქმეებითაც ყოველთა ადამიანთა წინაშე აღიარებს უფალს და ყოველთვის მზად არის მისი სწავლების ჭეშმარიტებისათვის მსხვერპლად გაიღოს არა მხოლოდ ყველა ქვეყნიური სიკეთე, არამედ თვით თავისი სიცოცხლეც კი, როცა ღმერთი მისგან ასეთი მსხვერპლის მიღებას ინებებს.

აღმსარებლობის სწორედ ეს ღვაწლი მოელოდათ, პირველ ყოვლისა, იესო ქრისტეს მოციქულებს, რომელთაც ცათა სასუფეველის სახარება უნდა ექადაგათ იუდეველთათვის და წარმართთათვის, მაშინ, როცა ერთნიცა და მეორენიც ყველა სახის სასტიკ დევნულებათ სწევდნენ მათ, ავიწროებდნენ, სტანჯავდნენ და აწამებდნენ თვით მოწამეობრივ სიკვდილამდეც კი. მათი ქადაგებით მოქცეული ქრისტიანები, თავდაპირველი ეკლესიის წევრები დევნულებათა და უსასტიკეს ტანჯვა-წამებათა შორის, როგორის მოგონებაც კი ბოროტ სულს შეეძლო, საშინელი სიკვდილის პირისპირ აღიარებდნენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად ადამიანთა წინაშე, და წმიდა მოწამეთა ურიცხვმა დასებმა, თავიანთი უმანკოდ დაღვრილი სისხლით აღბეჭდეს რა თავიანთი აღსარების ჭეშმარიტება, შეურყეველი სიმტკიცის მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ ყველას - ყველა მომდევნო დროის ქრისტიანებს - უფლისადმი რწმენისა და სიყვარულისა. რამეთუ მართალია, ეკლესიის აშკარა დევნულებანი შეწყდა, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი მოვალეა და ამის განუწყვეტელი შემთხვევებიც ეძლევა, რომ განცხადებულად აღიაროს იესო ქრისტე რწმენის სიწმიდით, სიმტკიცით და თავისი ცხოვრების უზაკველობით, ვითარცა მაცხოვარი გვეუბნება „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“ (მათე 5,16).

თავის აღთქმათა შორის უტყუარმა უფალმა უკვე ამქვეყნად მებრძოლ ეკლესიაშივე განადიდა თავისი აღმსარებელნი - მოციქულნი, წმიდა მოწამენი, ღირსნი და მართალნი, მაგრამ გამოუთქმელი დიდებით თავისი ზეციური მამის წინაშე და ყოველთა წმიდა ანგელოზთა წინაშე იგი ცათა შინა მოზეიმე ეკლესიაში განადიდებს მათ, ოდეს მოვალს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ, თავისი სამართლიანი მსჯავრით, რომელშიც არ იქნება თვალ-ღება, იგი უარყოფს ზეციური მამისა და მთელი სამყაროს წინაშე იმათ, ვინც ამქვეყნად უარყო ქრისტე კაცთა წინაშე, და მაშინ ეტყვის მათ საშინელ სიტყვებს: „არა გიცნი თქვენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!“

„რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს“(მუხლი 37).

იესო ქრისტე ამქვეყნად იმისათვის მოვიდა, რომ ადამიანთა გულებში კვლავ აღენთო ღმერთისადმი მათი სიყვარულის დაშრეტილი ცეცხლი, და არა იმისათვის, რომ შვილთა გულებში მშობლებისადმი სიყვარული აღმოეფხვრა, ხოლო მშობლების გულებში - შვილებისადმი სიყვარული! რამეთუ ამგვარი ურთიერთსიყვარული ადამიანებისა ძალზე ბუნებრივია და იგი მცნებადაც არის დადებული ჩვენთვის ღმერთის სიტყვით, და უფალს სურს, რომ ეს სიყვარული უზაკველი, შეურყვნელი და წმიდა შექნას. მშობელთა თუ შვილთა სიყვარული მხოლოდ მაშინ არის წმიდა, როცა მათ უფალი ღმერთი ყოველგვარ ქმნილებაზე მეტად უყვართ, ვინც არ უნდა და როგორიც არ უნდა იყოს ეს ქმნილება. ხოლო სხვა სახის ნებისმიერი სიყვარული, რომელიც აიძულებს ადამიანს ქმნილება შემოქმედზე მეტად უყვარდეს, არის უსჯულო და დამღუპველი როგორც მყვარებელთათვის, ასევე ყვარებულთათვის. და სწორედ ამგვარი სიყვარულის განგდებით სურს მაცხოვარს ისეთი ურთიერსიყვარული დაამკვიდროს თავის მორწმუნეთა გულებში, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მის - ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის წრფელ სიყვარულზე. და ამისათვის უფალ იესოს სურს ეს, რომ სწორედ და მხოლოდ ამგვარი სიყვარულიდან აღმოცენდება ჩვენი ჭეშმარიტი ნეტარება, და სულთა ცხოვნება. ამიტომაც დაგვიდებს მცნებად ყოველივე გავიღოთ მსხვერპლად ამ სიყვარულის შესნარჩუნებლად, თვით ჩვენი სიცოცხლეც კი.

„და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (მუხლი 38).

წმიდა მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი წერს: „შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ საუბარია ადამიანზე, ვინც არ აიღებს უფლის ჯვარს და ისე შეუდგება მას. ბერძნებს არ უყვარდათ უარყოფათა განმეორება და ამიტომაც არაა დაწერილი „არ შემომიდგეს“ მე. ასე, რომ ეს ადგილი ასე უნდა წავიკითხოთ: „ჩემი ღირსი არ არის ის, ვინც არ აღიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება მე“. ჯვარის აღება ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი მზად იყოს მძიმე სატანჯველთა და სიკვდილის დასათმენად ქრისტესათვის. ეს სახე აღებულია ძველი ჩვეულებიდან, რომლის მიხედვითაც ჯვარზე სიკვდილით განსჯილთ თვითონვე უნდა წაეღოთ ჯვარის ძელი სიკვდილით დასჯის ადგილამდე. ამ ჯვარის ტარება ძალზე სამძიმოც იყო ფიზიკურად და სამარცხვინოც ზნეობრივად, რაც კიდევ უფრო უმძაფრებდა სატანჯველს სიკვდილმისჯილს. ამგვარად, გამოთქმა - „ჯვარის აღება“ - არის ხატოვანი სიტყვათშეხამება, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, შევუდგებით რა უფალ იესო ქრისტეს, ანუ შევიქნებით რა მისნი მოწაფენი, ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, ყოველგვარი ტანჯვა და განსაცდელი, მძიმე და დამამცირებელი, მოთმინედ უნდა გადავიტანოთ, თუკი ღმერთი ინებებს და მოგვივლენს მათ. შეუძლებელია, ამ სიტყვებმი არ დავინახოთ უფლის მიერ შეფარული მინიშნებაც თავის მომავალ ვნებაზე, ჯვარისმიერ სიკვდილზე, თუმცა ეს მინიშნება მაშინ, რა თქმა უნდა, ჯერ გასაგები არ იყო მოწაფეთათვის. ამრიგად, თავის მიმდევრებს უფალი აქ იმ გზას უჩვენებს, რომლითაც თვითონ ვიდოდა: როგორადაც მან გაიღო მსხვერპლად თავისი სიცოცხლე და ჩვენი ცხოვნებისათვის საკუთარი სული დადო, დამთმენელმა ჯვარზე სიკვდილისა და ენით უთქმელი შეურაცხყოფისა, ასევე საღმრთო სამართლიანობა ჩვენგანაც იმას მოითხოვს, რომ ჩვენც ყოველივე მსხვერპლად გავიღოთ მისთვის და ასე შევუდგეთ მას, მტვირთველნი ჩვენი ჯვარისა, - ისეთისა, რომლის მოცემასაც უფლის სახიერება ინებებს ჩვენთვის, დაე, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს.

„მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“ (თ. 19, მუხლი 27).

ადვილი როდია ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეობა და მისი წმიდა სჯულის ზედმიწევნით აღმსრულებლობა. ამიტომაც გაკადნიერდა წმიდა მოციქული პეტრე ეკითხა უფალ იესოსათვის: „რაი-მე იყოს ჩვენდა?“, ანუ რა მოგველისო, რა მოგვეცემაო ამისთვის, რა ჯილდოს მივიღებთ ჩვენ იმისთვის, რომ შენი გულისთვის ყოველივე მიგვიტოვებია, ყველაზე ძვირფასიც კი, რაც აქვს ყოველ ადამიანს - მშობლიური სახლები, ნათესავები, და შენ შეგდგომივართ? და რა მიუგო ქრისტემ პეტრეს ამ შეკითხვაზე?

„ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა“ (მუხლი 28).

ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარნი კეთილი საზღაურის, ჯილდოს უმაღლეს ხარისხს მიიღებენ მეორედ შობისას, ანუ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, რომელიც დაისადგურებს ადამიანთა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისა და უფლის საშინელი სამსჯავროს შემდეგ. საყდარნი კი, რომელთა შესახებაც უფალი თავის მოციქულებს ეუბნება, არ აღნიშნავენ აქ დასაჯდომელ ტახტებს, ამ სიტყვით აღნიშნულია ის გამოუთქმელი დიდება და პატივი, რომლის მიღების ღირსნიც მოციქულები შეიქნებიან უფლისაგან. ხოლო ის, რომ მოციქულები ისრაელის თორმეტ ტომს განსჯიან, შემდეგი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: თავიანთი რწმენითა და ღვთის სათნო-მყოფელი ცხოვრებით უფლის წმიდა მოციქულები განკითხვის საშინელ დღეს ამხელენ და არცხვენენ თორმეტ მუხლად დაყოფილ იუდეველი ხალხის მცირედმორწმუნეობას, უკეთურებასა და მცონარებას, ხოლო მათთან ერთად - ყველა სხვა ხალხებისაც. რამეთუ განსჯის ყველას, ცხოველთ და მკვდართ, ანუ მორწმუნეთ და არამორწმუნეთ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვისაც მამა ღმერთმა მოსცა „ყოველი სასჯელი“ (იოანე 5,22).

„და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს“ (მუხლი 29).

კვლავაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სიტყვებით ქრისტე არ მოითხოვს უცილობლად ყველაფრის და ყველას მიტოვებას, თვით ყველაზე აუცილებელისაც, ძვირფასისა და მახლობელისა, ზეციური ცხოვრების მისაღებად; ეს - სრულყოფილების უმაღლესი სახეობაა, და მისი მიღწევა ყველას როდი ძალუძს: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (მათე 19,12). მაცხოვრის სიტყვებს ის მნიშვნელობა აქვთ, რომ ქრისტეს რწმენის დაცვისათვის, შენარჩუნებისათვის და საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის, თუკი ამას აუცილებლობა მოითხოვს, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველაზე ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან სიახლოვეზეც, მათს სიყვარულზეც, მათთან ჩვეულ ურთიერთობებზეც, თუკი ისინი ქრისტესაგან განგვაშორებენ და საცთურს გვწევენ. და ვინც მთელის სისრულით აღასრულებს ქრისტეს ამ მცნებას, უფალი იმას „ას წილად“ მიუზღავს კეთილს და ცათა სასუფეველს დაუმკვიდრებს, ანუ ღირს-ჰყოფს უზენაესი ჯილდოს მიღებისა სამართლიანი მსაჯულისაგან.

აქ ჩვენს ყურადღებას იპყრობს გამოთქმა „ას წილად მიიღოს“. როდის მოხდება ეს? - აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში თუ მომავლისაში, ცათა სასუფეველში? - რადგანაც უფალი დასძენს. „და ცხორებაი საუკუნოი დაიმკვიდროს“-ო, რაც, რა თქმა უნდა, განეკუთვნება მომავალ ნეტარ ცხოვრებას ცათა სასუფეველში, ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ას წილადი მოგება კეთილი საზღაურისა აქაც, ქვეყნიურ ცხოვრებშიც მოხდება. და მართლაც, ასეა ნათქვამი წმიდა მარკოზის სახარებაში. აი, მის მიერ გადმოცემული სიტყვები უფლისა. „ამინ გეტყვი თქვენ: არვინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაი, გინა დედაი, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთვის და სახარებისა ამისთვის, უკუეთუ არა მიიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაი და დედაი და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაი საუკუნოი“ (მარკოზი 10,29-30). ცხადია, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ას წილადი მიგება იმათთვის, ვინც ახლობელთ, ძვირფას პიროვნებებსა და საგნებს მიატოვებს ქრისტეს გულისთვის, შეიძლება ორგვარი სახისა იყოს: 1) ხილული, ყოველთა მორწმუნეთა სახით და 2) არახილული, სულიერი, გულისმიერ შეგრძნებაში ღმერთისმიერი არსებობისა და სიკეთეებისა.

თუმცა, ამ ასწილადი მიგების გაგება პირველი მნიშვნელობით, უფრორე, პირველსაუკუნეთა ქრისტიანობას შეეფერება. მაშინ ყოველნი მორწმუნენი გარეგანი ცხოვრებითაც ერთ მთლიან ოჯახს შეადგენდნენ, ჰქონდათ საერთო ქონება, საერთო სახლები, და ეს ერთიანობა მხოლოდ გარეგნული კი არ იყო, არამედ შინაგანიც. ყველაზე გულწრფელი და სულისმიერი, რადგან სასტიკი დევნულებანი კიდევ უფრო შეაკავშირებდა და აახლოებდა მათ. სული სიყვარულისა, ძლიერი ვითარცა სიკვდილი, ყველას უმჭიდროესად შეაკავშირებდა და ყველა თვისიანად მიიჩნევდა თითოეულ მორწმუნეს. ამ მიმართებით, მორწმუნეთა ერთობაში შემავალ მოხუც კაცს ყველა მიიღებდა როგორც მშობელ მამას, რომელიც ყველასაგან გრძნობდა იმგვარი წრფელი და უმანკო სიყვარულის სუნთქვას, როგორიც მხოლოდ ბავშვებს სჩვევიათ; საზოგადოებაში შესულ ჭაბუკს ყველა უფროსი ასაკის მორწმუნე მამობრივი და დედობრივი სიყვარულით შეიტკბობდა, თანატოლთაგან კი იგი და-ძმური სიყვარულის ქროლას შეიგრძნობდა. კვალად, რადგანაც მორწმუნეები, თანაზიარი ღრმა სიყვარულის ძალით ყველაფერს თავიანთ საერთო კუთვნილებად მიიჩნევდნენ და საკუთრად არაფერს არ ითავისებდნენ, ამიტომ მათს წიაღში შემავალი ახალი წევრისათვის ეკლესიისა ყოველი მათგანის სახლი მშობლიურ სახლად იქცეოდა, და ყველას ქონება-სამკვიდრებელიც, თითქოსდა, მისი საკუთარი ქონება-სამკვიდრებელი იყო, განმზადებული მის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.

როცა უფალი ამბობს - „ას წილად მიიღოს“-ო, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი აღგვითქვამს უსათუოდ ასი სახლისა და მამულის, ასი და-ძმისა და სხვათა მიღებას, აქ შეიძლება ისეც ვიფიქროთ, რომ უფალი ასწილად საზღაურის მოგებას გვპირდება არა საკუთრივ ყოველივე იმისა, რაც მიგვიტოვებია მისი გულისთვის, არამედ ამის სანაცვლოდ და ამის საპირისპიროდ სხვა სიკეთეებისა, ამასთან დასაშვებია აზრი სხვაგვარ, სულ სხვა სახის სიკეთეებზე, როცა ქვეყნიურ, ხილულ სიკეთეთა ნაცვლად მოგვეგება არახილული, უზენაესი სიკეთენი, სხეულებრივთა ნაცვლად - სულიერი. მაცხოვარი ამბობს: ვინც მიატოვებს ყოველივეს „ჩემთვის და სახარებისათვის ამისა“, ის განუწყვეტლივ შეიგრძნობს საკუთარ თავში იმგვარ კეთილმყოფობას, როგორსაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრებაში თავისი კეთილდღეობის ასწილად, მრავალწილად, გაზრდის შემთხვევაში შეიგრძნობდა. წმიდა მოწამეთა ცხოვრებანი ამგვარი გრძნობის გამოხატვის მრავალრიცხოვან მაგალითებს წარმოგვიდგენდნენ. ეს გრძნობა ძალზე ბუნებრივიც იყო მათთვის, რადგან მისით ცხოველი თანაზიარობა ჰქონდათ ქრისტესთან და ქრისტეს მიერ ზეციურ მამა-ღმერთთან. და რაკი ქრისტეს შეუღლებოდნენ და მას შეიმოსავდნენ, ამიტომ მთელს მის სიმდიდრესაც შეიძენდნენ.

ასმაგი მიგება კეთილი საზღაურისა ამ უკანასკნელი მნიშვნელობით დღესაც შესაძლებელია იმ მორწმუნისათვის, ვინც ჩაიხშობს საკუთარ თავში სიყვარულს ყველაზე მახლობელი ადამიანებისადმი და საგნებისადმი ქრისტეს სიყვარულისათვის, თუკი ისინი დააბრკოლებენ მისი სულის ცხოვნების საქმეს. მაგრამ მოვუსმინოთ, რას ამბობს უფალი დღევანდელი სახარების დასასრულს:

„ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა“ (მუხლი 30).

ზეციურ მისაგებელთა დარიგება და მიღება იმაზე კი არ იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იყო ამქვეყნად უფრო დიდი, წარჩინებული თუ მდიდარი, არამედ იმაზე, თუ ვინ როგორ შეინარჩუნა ქრისტეს რწმენა და ვინ როგორ გამოავლინა ეს რწმენა ცხოვრებაში. ქრისტეს საშინელი სამსჯავრო ყველას უჩვენებს, თუ ვინ როგორი საზღაურის მიგების ღირსი შეიქნება ქრისტესაგან, და სწორედ მაშინ „მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანანა, და უკუანანი - წინა“. მაშინ გამომჟღავნდება, რომ თავმდაბალი, მორჩილი, პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ძალზე უფრთხილდებოდნენ ქრისტეს რწმენას და ყოველთვის სიმართლით იქცეოდნენ, იმ ამპარტავან და წარჩინებულ ადამიანებზე მაღლა დადგებიან, რომელნიც ქვეყნიურ ცხოვრებში უგულებელ-ჰყოფდნენ პატიოსან ადამიანებს, დასცინოდნენ მათს ღვთისმოსაობასა და კეთილმსახურებას. სწორედ მაშინ, მრავალნი იმათგან, ვინც აქ, ამქვეყნად პირველი იყო თავისი ძალაუფლებით, სიმდიდრითა და წარჩინებულობით, უკანასკნელნი აღმოჩნდებიან ღმერთის სამსჯავროზე; ხოლო ის ადამიანები, რომლებიც აქ უკანასკნელებად მიიჩნეოდნენ, უღირსადაც კი ყურადღების მიქცევისა, პირველნი იქნებიან ზეციური მამის სამეუფოში.

 

II. აი, ამგვარია უფალ იესო ქრისტეს სწავლება ზეციური, საუკუნო ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. რა არის განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი და სამოძღვრებო ჩვენთვის ამ სწავლებაში? რას უნდა მივაპყროთ აქ საგანგებო ყურადღება?

ა) პირველ ყოვლისა, მტკიცედ უნდა დავიხსომოთ, რომ უფალი მცნებად დაგვიდებს მისი სახელის აღიარებას ადამიანთა წინშე ყოველთვის, ქვეყნიური ცხოვრების ყველა ვითარებაში, და საზღაურად ამისთვის აღგვითქვამს საუკუნო ნეტარებას, ცათა სასუფევლის დამკვიდრებას, ხოლო მისი სახელის უარმყოფელთ კაცთა წინაშე საუკუნო სატანჯველით, ღმერთისაგან უარყოფითა და განშორებით ემუქრება (მუხლი 33). ამრიგად, ჩვენ ყოველთვის უნდა წარმოვაჩენდეთ ჩვენს რწმენას ქრისტესი, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან სხვები. შესაძლოა, უგნურნიც აღმოჩნდნენ ჩვენს გვერდით და სიცილად აგვიგდონ; დაე, იცინონ საკუთარი უგუნურების სამხილებლად. წმიდა მოციქულები დიდად განიხარებდნენ, როდესაც უპატიო-ყოფას ეწეოდნენ ხოლმე ქრისტეს სახელისათვის. სწორედ მათ უნდა მივბაძოთ ჩვენც. თუკი დევნა-შევიწროებას დაგვიწყებენ რწმენისათვის, ეს კიდევ უფრო სასარგებლო იქნება ჩვენთვის. გვიხაროდეს მაშინ, რამეთუ უკვე მოწამეობრივი გვირგვინი იწყებს გარდამთსვლას ჩვენს თავზე. სირცხვილი, შიში და შეკრთომა მცირედმორწმუნეობის უტყუარი ნიშნებია. „რომელსა სირცხვილ უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყვათა ჩემთაი, ამას ძემანცა კაცისმან არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმიდათა ანგელოზთაითა“ (ლუკა 9,26). აი, რისი უნდა გვეშინოდეს, და არა იმისა თუ, რას იტყვიან ჩვენს შესახებ ადამიანები. თავის პირისახეს იბრუნებს უფალი ესევითარ ადამიანთაგან, და მაშინ, განკითხვის საშინელ ჟამს ისინი წარსაწყმედელისათვის გაიწირებიან. ამრიგად, მართლმადიდებელი ქრისტიანი უშიშრად, სირცხვილის გარეშე და განცხადებულად უნდა ცხოვრობდეს და ლაპარაკობდეს ქრისტეს წმიდა სარწმუნოების წესთა შესაბამისად.

არის შემთხვევები, როცა არამც და არამც არ გვეპატიება დადუმება. აი, მაგალითად, ღვთის მგმობს ხვდები. იგი ღიად აგინებს და გმობს ჩვენს წმიდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას; ამხილე იგი, აღიარე ჭეშმარიტება! თუკი ის შეისმენს შენსას, ძმას შეიძენ ქრისტეს მიერ. ხოლო თუკი ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, შენ მშვიდად იყავი, - რამეთუ ერთს ღმერთს ეკუთვნის ძალი განკითხვისა, მსჯავრის გამოტანისა, შენ კი ქრისტიანის მოვალეობას აღასრულებ.

ბ) მეორედ, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მაცხოვრის იმ სიტყვებს, რომლებშიც იგი ღმერთისადმი სიყვარულს ყველაზე მაღლა აყენებს - მშობელთა, შვილთა თუ და-ძმათა სიყვარულზე მაღლა. „რომელსა უყუარდეს მამაი, ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს, და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (მუხლი 37). ნათესავები სხვა ადამიანებზე უფრო მახლობელნი არიან ჩვენთვის თავიანთი ბუნებით და ამიტომ ჩვენთვისაც სხვებზე მეტად სწორედ მათი სიყვარულია დამახასიათებელი. განსაკუთრებული სითბოთი გვიყვარს ჩვენ საკუთარი მშობლები, რომელთაც უნდა ვუმადლოდეთ ამქვეყნად გაჩენისათვის, აღზრდა-განათლების მოცემისათვის და რომლებსაც ისე ძლიერ ვუყვარვართ, როგორც არც ერთ სხვა ადამიანს. და ეს გრძნობა სავსებით ბუნებრივი და სჯულიერია. მაგრამ ღმერთისადმი სიყვარული ჩვენში უნდა აღემატებოდეს ამ ბუნებრივ სიყვარულს. ღმერთს უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენს ქვეყნიურ, ხორციელ მშობლებს! და მას უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ ყველაფრისათვის, ვიდრე ჩვენს მშობლებს. მან ხომ ხელახლა გვშობა და აღგვაღორძინა ჩვენ სულიერი ცხოვრებისათვის, მოგვცა უფლება არა მხოლოდ ვიწოდებოდეთ, არამედ ნამდვილად ვიყოთ კიდეც მისნი შვილნი მადლის მიერ; მან შეგვქმნა ჩვენ მონაწილეებად თავისი ზეციური მეუფების სიკეთეებისა, რაც ჩვენ დასამკვიდრებლად მოგვეცა, და ამასთან იმგვარი სიკეთეებისა, „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (I კორინთ. 2,9). ჩვენი არსებობის დასაწყისიდანვე და სიკვდილამდე ღმერთი ერთი წუთითაც კი არ მიგვატოვებს ჩვენ, ყოველ წუთს საღმრთო განგებულებით წარიმართება ჩვენი ცხოვრება; იგი მარადის ზრუნავს ჩვენზე, როგორც კრუხი თავის წიწილებზე. იგი ჩვენს ჩვეულებრივ მოთხოვნილებებსაც გვიკმაყოფილებს, გვასაზრდოებს რა მიწის მრავალფეროვანი აღმონაცენით, და ჩვენი სულის, ვითარცა ჩვენი გონებისა და გულის ნათელის, მოთხოვნილებებსაც. იგი ჭეშმარიტად არის ჩვენი მტკიცე საზრდო და გამოულეველი სასუმელი. განა შეუძლიათ ყოველივე ამის მოცემა ჩვენთვის ჩვენს ხორციელ მშობლებს? ზოგჯერ მათ ხომ არასწორად ესმით ჩვენი და თავიანთი საკუთარი კეთილდღეობა, რადგან კაცობრივ-ქვეყნიური წინასწარ-შექმნილი არასწორი აზრებით არიან დასნებოვნებულნი, და ამის გამო, უფრო მალე ბოროტს გვიყოფენ ჩვენ, ვიდრე სიკეთეს. ამრიგად, დაე, სიყვარული ხორციელი მშობლებისადმი ნუ დაგვაკარგვინებს ცხოვრების ქრისტიანულ წესს, სურვილს იმისა, რომ სიყვარულით თავი შევწიროთ უფალ ღმერთს. „პირიქით, - ვთქვათ მარადის ნეტარხსენებული წმიდა მღვდელმთავრის ფილარეტ მოსკოველის სიტყვით, - როცა თქვენი მშობლების, ნათესავებისა თუ თქვენს მიერ პატივდებული და ყვარებული ადამიანების უჯერო მაგალითი თუ სურვილი საწინააღმდეგო საქმეებისაკენ მიგდრეკთ, რომელნიც არღვევენ თქვენი სინდისის სიმშვიდეს და ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტ სიკეთესა და თქვენი სულის ცხოვნებას, მაშინ თქვენც იესოს სიტყვებით ჰკითხეთ საკუთარ თავს. „ვინ არის დედაი ჩემი, ანუ ძმანი ჩემნი?“ გაიხსენეთ, რომ თქვენ გყავთ უმჯობესი და ჩვეულებრივზე უაღმატებულესი ნათესაობა, რომ ღმერთია თქვენი მამა; რომ ეკლესიაა თქვენი დედა, რომ ყოველნი მოქმედნი ღმერთის ნებისა, ყოველნი წმიდანნი - თქვენი ძმები არიან, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, სურთ თქვენი ძმები იყვნენ; ნუ დაიმცირებთ თავს ამ უაღმატებულესი ნათესაობის წინაშე, ნუ განიგდებთ თავს ამ კეთილი და მშვენიერი ოჯახობისაგან; თქვენც ღმერთის ნება აღასრულეთ ნაცვლად კაცობრივი ნებისა, რათა თქვენზეც მიუთითოს უფალმა და თქვას „აჰა, ესე არს დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი“ (სიტყვები და ქადაგებები, ტ.III, გვ. 104).

გ) კვალად, ჩვენს ყურადღებას იპყრობენ მაცხოვრის შემდეგი სიტყვები: „და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს!“ (მუხლი 38). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ცათა სასუფეველში შესვლა შესაძლებელია არა ქვეყნიური სიხარულისა და შვება-სიამეთა ფართო გზით, არამედ ვიწრო გზით უფლის ჯვარის ტარებისა. მთელი ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება, წინასწარმეტყველის გამოთქმით, არის შრომა და სნეულება, მწუხარება და ოხვრა-კვნესა, და ეს სხვა არაფერია, თუ არ ჯვარის ტარება, რასაც შეადგენს სხვადასხვა უბედურება, მწუხარება თუ სნეულებანი, რომლებიც ცხოვრების მანძილზე გვეწევა ხოლმე, აგრეთვე ყველანაირი სიმძიმე, შრომა და საზრუნავი, რომელთა სატვირთავადაც ყოველი ჩვენგანია ვალდებული, ვითარცა კაცობრივი საზოგადოების წევრი. და იმისთვის, რომ ბოლოს ქრისტესთან ვიყოთ მის დიდებაში, ჩვენ საკუთარი ჯვარი უნდა ავიღოთ და მას შევუდგეთ, - ანუ ყოველივეში უნდა ვეცადოთ მას მივბაძოთ ვითარცა ჩვენს წინამძღვარსა და უფალს, დასაბამიერ ბელადსა და მოძღვარს. ხედავ, როგორ მოდის იგი, ჩვენი უფალი და მეუფე, ყოველი სიმართლის აღსასრულებლად, თავისი ზეციური მამის ნების საქმნელად; როგორ აყენებს ყველაზე მაღლად იმ საქმეს, რომელიც მოსცა მას მამამ?! შენც მიბაძე მას უფლის ყველა მცნების გულწრფელი აღსრულებით. ხედავ როგორ მარხულობდა უდაბნოში 40 დღის განმავლობაში იგი, სჯულისმდებელი და უფალი ჩვენი, თავისი საღმრთო ბუნებით უვნებო, რათა ეძლია გამომცდელი ეშმაკისათვის? შენც მას მიბაძე და გათანგე შენი სხეული, მოაუძლურე და ჩაახშვე შენში ხორციელი გულისთქმანი და ვნებანი მკაცრი თავშეკავებითა და ყოველივე იმისგან განდგომით, რაც ხორცის თნებას ემსახურება. ხედავ, როგორ მოდის იგი, უფალი ტაძრისა, იერუსალიმში - გალილეადან იუდეაში, რათა სჯულით განწესებულ ყველა წმიდა დღეს ტაძარში შევიდეს? შენც მას მიბაძე და ისწრაფე ხოლმე ღმერთის ტაძარში, განსაკუთრებით კი იმ დღეებში, როცა წმიდა ეკლესია ან დღესასწაულობს და განადიდებს ღმერთის დიდ საკვირველ სასწაულებსა და კეთილმოქმედებებს, ანდა თავიანთ ცოდვათა გამო სინანულისა და ლოცვისათვის მოუწოდებს თავის შვილებს. ხედავ უფალს, თავისი ჯვარით მავალს გოლგოთისაკენ? - შენც ნუ აირიდებ მის შედგომას და იქით წასვლას, ყოველთა უსიამოვნებათა, ცხოვრებისეულ წყინებათა და მწუხარებათა მორჩილად დათმენით, ღმერთისაგან მოწევნულ ჭირთა და უბედურებათა მადლობის მიძღვნით გადატანით.

აი, სწორედ ამ გზით ჯვრის ტარებისა ვიდოდნენ უფალ იესო ქრისტეს კვალდაკვალ ყოველნი წმიდანნი, რომელნიც ახლა მის თანა სუფევენ საღმრთო დიდებაში. „აწ უკუე ჩვენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩვენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაი, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მიმავალი იგი ცოდვაი და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩვენსა ღვაწლსა. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა დასრულებისა მოქმედსა იესოს, რომელმან იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხ-ყო და მარჯვენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა“ (ებრ. 12,1-2).

დ) და ბოლოს, დღეს წაკითხულ სახარებაში მოციქულები მშვენიერ მაგალითს გვაძლევენ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებით შეუდგნენიესო ქრისტეს (მუხლი 27).

„იხილე, თუ ვითარია მათი (ანუ მოციქულების) რწმენა და მორჩილება, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - ისინი თავიანთი ცხოვრების საქმეს მისდევდნენ, მაგრამ როგორც კი მაცხოვრის მოწოდება ესმათ, არ დააყოვნეს, არ გადასდეს სხვა დროისათვის, არ თქვეს - აი, შევივლით სახლში და ნათესავებს ვკითხავთ რჩევასო, არამედ უმალვე ყოველივე მიატოვეს და იმ წუთსავე უფალს შეუდგნენ. და რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს, მათ ისე, რომ მისი არც ერთი ნიში არ ენახათ, ყველაფერს ამჯობინეს ქრისტესადმი შედგომა“.

და მართლაც, შეუძლებელია, ჩვენს გაოცებას არ იწვევდეს ქრისტეს მოწაფეთა საქციელი და მტკიცე გადაწყვეტილება. ყოველივე მიატოვონ, და ვისი გულისთვის? - ჯერეთ ყველასათვის უცნობი მოძღვრის გულისთვის! რა შეიძლება იყოს ამ საქციელზე უფრო საოცარი? მაგრამ უმთავრესად მხოლოდ ამაზე არ მსურს, ძმანო, თქვენი ყურადღების მიქცევა ამჯერად. სხვა მაგალითსაც აღმოვიკითხავ მე დღევანდელ სახარებაში. თუ გსურთ, ჩემო მეგობრებო, ღმერთის წმიდანებს მიბაძოთ და კეთილმსახურად ცხოვრობდეთ? აი, თქვენ რჩევა ამისთვის, როგორც კი გაიგონებთ მოწოდებას, - გარედან იქნება ეს თუ თქვენივ შინაგანი არსებიდან, თქვენი სულის სიღრმიდან, - იმისკენ, რომ ჯერ-არს ღმერთის მიერი ცხოვრების დაწყება, - როგორც კი გაგიჩნდებათ ასეთი აზრი, უმალვე ეცადეთ სისრულეში მოიყვანოთ იგი; უმალვე ღმერთი ახსენეთ და საქმეს შეუდექით; მაშინვე ყოველივე მიატოვეთ და ქრისტეს შეუდექით; ერთი დღითაც კი, ერთი წუთითაც კი და არანაირი მიზეზით არ გადასდოთ თქვენი მტკიცე გადაწყვეტილება დაიწყოთ ღმერთისმიერი ცხოვრება! არა თქვათ: აი, ამ საქმეს დავასრულებ, იმას მოვრჩები და მერეო; აი, შვილებს დავაბინავებ, მამას დავასაფლავებ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგები ჩემი ცხოვნების საქმესაო. არა. რამეთუ როგორ მოიქცნენ სიმონი, ანდრია და სხვა მოციქულები, როცა მაცხოვრის მოწოდება მოისმინეს? - მათ ბადეებიც კი არ მოზიდეს, - უბრალოდ იქვე დაყარეს ყველაფერი და ქრისტეს გაჰყვნენ. აი, ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ როგორც კი ჩვენს სულში წმიდა სურვილი აღმოცენდება, უმალვე ჩავეჭიდოთ მას და ასე ვუთხრათ საკუთარ თავს: აქ არაფერია საფიქრი და საჭოჭმანო; გული ჩემი მზაკვარია, ხორცი კი - ცოდვილი; ამიტომ ახლავ, ამავე წამს უნდა შევუდგე ახალ ცხოვრებას! რატომ ველოდო ხვალის დადგომას?

ან კი, რა სულმოკლეობა და ბავშვობაა ეს, ძმანო, როცა გულში გაიძახით: მოდი, ერთ წელიწადს მაინც დავიცდი სახარების სწავლების შედგომას, და მერე კი ღმერთისათვისაც მოვიცლიო. განა ზუსტად ერთი, ან ორი წლის შემდეგ უფრო ადვილი იქნება თქვენთვის საკუთარ ცოდვიან ჩვეულებებთან განშორება?! ან კი რა საქციელია ეს, რასა ჰგავს, „როცა, წმიდა მღვდელმთავარ ინოკენტის, ირკუტსკელი საკვირველმომქმედის სიტყვით, თუკი ვინმეს უნდა აწყინონ, უსამართლოდ განიკითხონ, ცოდვა ქმნან, - ამას უმალვე სჩადიან, ხოლო თუკი კეთილ საქმეს ჩაიფიქრებენ - მოწყალების გაცემას, ღმერთის მსახურებასა თუ სინანულის აღსრულებას, - ეს დილისთვის უნდა გადასდონ?!“ არა და არა, ძმანო! ნუ გადავდებთ ჩვენი ცხოვნების საქმეს გაურკვეველ დრომდე, დაე, თუნდაც ამისთვის ყოველივე იმასთან განშორება მოგვიხდეს, რაც ძვირფასია ჩვენთვის ამა ცხოვრებში, თუკი ეს ძვირფასი რამ დაბრკოლებად გვექცევა ცხოვნების გზაზე, - და დაე, თუნდაც ამისთვის ქვეყნიურ საკრველთა და სიამეთაგან განშორება მოგვიხდეს, სიტყვისაებრ ქრისტე-მაცხოვარისა!

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე