მსოფლიო ამაღლება უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა
სახარება იოანესაგან (19, 6-11, 13-20, 25-28, 31-35)

„6. და (მას ჟამსა შინა) ვითარცა იხილეს იგი (იესუ) მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ. 7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თვისი ძედ ღმრთისა ყო. 8. ვითარცა ესმა სიტყუაი ესე პილატეს, უფროის შეეშინა. 9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაი ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაი არა მიუგო მას. 10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია, რამეთუ ხელმწიფებაი მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ხელმწიფებაი მაქუს განტევებად შენდა? 11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათვის მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაი აქუს.

13. ხოლო პილატეს რაი ესმა სიტყუაი ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა. 14. და იყო პარასკევი პასქაისაი, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფე თქუენი! 15. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გვივის ჩვენ მეუფე, გარნა კეისარი. 16. მაშინ მისცა იგი მათ, რაითა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. 17. და ეკიდა თვით ჯუარი თვისი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა. 18. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ. 19. და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაი. 20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ.

25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი. 26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაი თვისი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! 27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა. 28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაითა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.

31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაითა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაი მის, ჰკითხეს პილატეს, რაითა წვივნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32. მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წვივნი, და ერთისაი მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი. 35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყვის, რაითა თქუენცა გრწმენეს.“

 

I. დღესასწაულობს რა მსოფლიო ამაღლებას უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა, წმიდა ეკლესია ამ დღესასწაულზე განადიდებს ჯვარის სასწაულთმოქმედ ძალას და ამასთანავე ქრისტიანთა აზრებს და სულიერ მზერას მიაპყრობს ჩვენი უფლის ვნებებსა და ჯვარზე სიკვდილს. ამიტომაც აწინდელი დღის სახარებაში იგი წარმოგვიდგენს პილატესთან იესო ქრისტეს გასამართლებას და უფლის ვნებას ჯვარზე. ეს თხრობა მეტად სამოძღვროა ჩვენთვის. ამიტომ ყურადღებით განვიხილოთ იგი.

და (მას ჟამსა შინა) ვითარცა იხილეს იგი (იესუ) მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ“ (მუხლი 6).

ამრიგად, უფალი ესოს მტრების სანუკვარი სურვილი აღსრულდა. იუდას მიერ გაცემული იესო მათ ხელში აღმოჩნდა, და მათაც იჩქარეს გამოეყენებინათ ეს შემთხვევა, რათა სასიკვდილოდ განესაჯათ მათი პატივმოყვარეობისათვის ესოდენ სახიფათო ადამიანი, რომელიც ხალხში ძირს უთხრიდა, შეარყევდა მათს გავლენასა და მნიშვნელობას. მაგრამ სინედრიონის წევრებმა, რომელთაც სიკვდილი გადაუწყვიტეს იესოს, კარგად უწყოდნენ, რომ მათთვის, რომაული კანონებით, არავისი სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა (იოანე 18,31). იმ დროიდან მოყოლებული, როცა იუდეველები რომის იმპერიის ბატთნობას დაექვემდებარნენ, მათს უმაღლეს სამსჯავროს ჩამოერთვა უფლება სასიკვდილო განაჩენების სისრულეში მოყვანისა რომის ხელისუფლების მხრივ დამტკიცების გარეშე. ქრისტესშობის მე-6 წლიდან დაწყებული ამ ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატორები იყვნენ, რომელთა ადგილსამყოფელი ქალაქ კესარიაში იყო, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (იგი ჰეროდე დიდმა ააგო და კესარია უწოდა იმპერატორ კესარიუს ავგუსტუსის პატივად. სწორედ ამ ქალაქში განეღოთ პირველად წარმართებს ჭეშმარიტი სარწმუნოების კარნი მოციქულ პეტრეს ქადაგების შედეგად, რომელმაც რომაელი ასისთავი კორნილიე მოაქცია (საქმე მოციქ. 10,1,24; 11,17). იერუსალიმის დანგრევის შემდეგ სწორედ კესარია შეიქნა პალესტინის მიტროპოლიად. 198 წელს ქრისტეს შობიდან, ეპისკოპოს თეოფილეს დროს, კესარიაში ადგილობრივი საეკლესიო კრება შედგა; IV საუკუნეში აქვე ცხოვრობდა ცნობილი საეკლესიო მემატიანე ევსევი კესარიელი. ჯვაროსანთა ლაშქრობის დროს კესარია ერთ-ერთ უძლიერეს სანაპირო სიმაგრედ ითვლებოდა და ხშირად იყო ხოლმე გარემოცული. კესარიის დაქვეითების ხანა მე-14 საუკუნიდან დაიწყო, და ნაპოლეონის ლაშქრობათა დროს აქ მხოლოდ ნანგრევებიღა იყო დარჩენილი). პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მომლოცველთა უდიდესი რაოდენობის ჩასვლის გამო, რომის პროკურატორი სამხედრო რაზმებს აგზავნიდა აქ კესარიიდან წესრიგის დასაცავად. ამიტომ სინედრიონმა ბრძანა კვლავ ბორკილები დაედოთ იესოსათვის და რომაულ სამსჯავროზე - პრეტორიაში წაეყვანათ, და თვითონაც გაჰყვა მას, რათა იესოს სიკვდილით დასჯის საქმე ბოლომდე მიეყვანა (თვით ეს სიტყვა - „პრეტორია“ თავიდან აღნიშნავდა მთავარსარდლის კარავს რომაული ლაშქრის ბანაკში. შემდგომში კი იგი გამოიყენებოდა პროვინციის რომაელი მმართველის რეზიდენციის აღსანიშნავად. ზედა ეზოდან, სადაც პრეტორია იყო განლაგებული, ქვედა ეზოსკენ მიმავალი კიბე 326 წელს დედოფალმა ელენემ რომში გადაატანინა წმიდა იოანე ლათერანელის ეკლესიაში როგორც დიდი სიწმიდე - „წმიდა კიბე“. იგი შედგება ქვის 28 საფეხურისაგან, რომლებიც გარედან ძელებითაა დაფარული. მასზე მხოლოდ დაჩოქილნი ადიან. შუაგულში ძელებში ორი წრეა ამოჭრილი, რათა მომლოცველებს საშუალება ჰქონდეთ ეამბორონ სიწმიდეს). იუდეის ეს რომაელი მმართველი, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა სინედრიონის განაჩენი, იყო პილატე პონტოელი (მის შესახებ ნათლისღების წინა კვირის სახარების განმარტება).

პილატეს წინაშე წარმდგარი უფალი ესოს მტრები მის ჯვარცმას მოითხოვენ, - სწორედ ჯვარზე მის მოკვდინებას, რათა რაც შეიძლება მეტად დაემცირებინათ უფალი (რომაელები ჯვარზე სიკვდილს განუწესებდნენ ხოლმე ბოროტმოქმედ მონებს). სიკვდილით დასჯის ამ სახეობის წარმოშობას რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჯვარზე მიმსჭვალვით მოკვდინება აღმოსავლეთის დესპოტთა ყველაზე არაადამიანური გამოგონებაა და არის ყველაზე საშინელი და დამამცირებელი სახეობა სიკვდილით დასჯისა. აღმოსავლეთიდან იგი რომში გადავიდა და რომაელთა მიერ დამკვიდრებულ იქნა ყველგან, სადაც კი ისინი გაბატონდნენ, სანამ კონსტანტინე დიდმა არ გააუქმა იგი. ჯვარის გარეგანი სახე და შედგენილობა ასეთი იყო: ჯვარის მთავარი საყრდენი იყო სწორი ბოძი ან ძელი დამაგრებული მიწაში, ზედა ნაწილში, განსასჯელის ხელების მისამსჭვალავად ამაგრებდნენ ხარიხას, ზოგჯერ სულ ზემოდან, რის გამოც ჯვარი ლათინურ ასონიშან „ტაუ“-ს ჩამოჰგავდა „Τ“, მაგრამ უფრო ხშირად მას რამდენადმე ქვემოთ ათავსებდნენ, ხელებისზომისაებრ. ჯვარის შუაწელში ამაგრებდნენ რქის მსგავს შვერილს, რათა სიკვდილმისჯილის სხეულის სიმძიმე მას დასწოლოდა და ხელები არ დაეფლითა, რის შედეგადაც სხეული შეიძლებოდა ჯვარიდან გადმოვარდნილიყო კიდეც. ამგვარად, ჯვარს ხუთი ბოლო ჰქონდა: ორი ზევით და ქვევით, ორი - განზე და ერთიც შუაგულში. ბოძის თავზე, ჯვარცმულის თავზე ამაგრებდნენ მომცრო თეთრ დაფას, რომელზეც შავი ასოებით გამოსახავდნენ მის ვინაობასა და დანაშაულს. ჩვეულებრივ მხოლოდ მონებს სჯიდნენ ასე, ჯვარზე სიკვდილით, იმ უუფლებო ადამიანებს, რომელთაც ლამის არც მიიჩნევდნენ ადამიანებად. პროვინციის მაცხოვრებელთაგან კი ჯვარს მიამსჭვალავდნენ (ზოგჯერ კი მხოლოდ მიაბამდნენ) ხოლმე მხოლოდ ავაზაკებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს. იმისათვის, რომ თუნდაც მიახლოებითი წარმოდგენა გვქონდეს ჯვარცმული ადამიანის ტანჯვის სიმძაფრეზე, დავუკვირდეთ, თუ რა არაბუნებრივ მდგომარეობაშია ჯვარზე გაკრული ადამიანის სხეული და რა მწვავე ტკივილს გრძნობს იგი სულ მცირედი მოძრაობისასაც კი, რადგან ხელ-ფეხი მსხვილი ლურსმნებითა აქვს მიჭედებული ძელზე, ადამიანის სხეულის ეს ნაწილები კი განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ტკივილისადმი. გარდა ამისა, ჯვარზე ზურგით შეხებისასაც ჯვარცმულს საშინელ ტკივილს აყენებდა გამათრახების შედეგად დარჩენილი ჭრილობები. წინ გადმოხრის მცდელობის შემთხვევაში კი აუტანელ ტკივილს გრძნობდა მიმსჭვალვის ადგილებში და სხეულის უჩვეულო მდგომარეობის გამო კუნთებიც ეკრუნჩხებოდა. და უბედურ ჯვარცმულსაც სხვა აღარაფერი რჩებოდა, თუ არა დაეთმინა ეს აუტანელი ტანჯვა და სიკვდილის მალე მოსვლა ენატრა. გარდა ამისა, არანაკლებ ტკივილს გრძნობდა იგი სხეულის შიგნითაც, რადგან არაბუნებრივი მდგომარეობის გამო სისხლი შინაგან ორგანოებს აწვებოდა, თავშიც წნევა უწევდა, გულის სისხლძარღვებს გადატვირთავდა და ძალზე უძნელებდა ჯვარცმულს სუნთქვას. ამის გამო ჯვარცმულის მთელი სხეული შიგნიდან თითქოს ცეცხლით შეიჭმებოდა. აუტანელი თავის ტკივილისაგან მას სიკვდილის კაეშანი ეუფლებოდა. ენა და სასა გამშრალი ჰქონდა, წყურვილის გრძნობა დიდად მოსწყლავდა, და სისხლის დაკარგვისა და სიცოცხლისეულ ძალთა დაქვეითების გამო ეს გრძნობა მას სულ უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. სხეულის კიდურა ნაწილებიდან დაწყებული გაშეშება შინაგან ნაწილებზეც გადადიოდა, სანამ ჯვარცმული თანდათანობით არ დაკარგვადა სიცოცხლის უკანასკნელ ნიშნებს. და მისი ტანჯვა იმდენად დიდი იყო, რომ სასჯელის აღმსრულებელი თვით ჯალათებიც კი, ჩვეულებრივ - გულსასტიკი ადამიანები, გულგრილად ვერ უყურებდნენ ჯვარცმულის წვალებას, და განუმზადებდნენ მას ისეთ სასმელს, რაც მცირეოდნად მაინც შეუმსუბუქებდა აუტანელ წყურვილს, ანდა სხვადასხვა ნივთიერებათა მინარევებით, რომლებიც გონებას ბანგავენ, ცდილობდნენ ცოტაოდენად გაენელებინათ ჯვარცმულის ტანჯვა... სიკვდილი კი არ ჩქარობდა ამ უბედურებთან მოსვლას. ზოგნი ჯვარზე რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდნენ და არა მხოლოდ წყურვილის, არამედ მწვავე შიმშილის გრძნობითაც ევნებოდნენ და ბოლოს უკიდურესი გამოფიტვისაგან კვდებოდნენ.

პილატეს პასუხი სინედრიონის წევრებისადმი - „მიიყვანეთ ეგე თქვენ და ჯვარს აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოვებ“ - შეიცავდა არა მხოლოდ დაცინვას, არამედ მუქარასაც, რადგან ამგვარი ქმედება იუდეველთა მხრიდან თვით მათ შექნიდა დამნაშავეებად რომაული მართლმსაჯულების წინაშე, რადგან, როგორც ითქვა, თავად ებრაელებს, რომის ხელისუფალთა დასტურის გარეშე, არავის სიკვდილით დასჯა არ შეემლოთ. რომის ხელისუფლება კი დაპყრობილ ქვეყნებში ყველგან მკაცრად იცავდა საკუთარ კანონებს და სასტიკად სჯიდა იმათ, ვინც გარდახდებოდა მათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტიბერიუსის დროიდან სამსჯავრო წარმოება რომის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, და მათ შორის პალესტინაშიც, ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროისათვის, ფაქტიურად, სხელმწიფო ენა იყო ამგვარ ტერიტორიებზე (ეგვიპტეში, ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელებს კი უკვე რამდენიმე ასწლეული იყო, რაც მშობლიურ ენად ბერძნული გაეხადათ და თითქმის სულ დავიწყნოდათ ებრაული, რაც შეიქნა კიდეც გარეგნულ მიზეზად იმისა, რომ პტოლომეუსმა, ეგვიპტის მეფემ, საღმრთო წერილი ბერძნულ ენაზე ათარგმნინა ებრაელ სჯულის მეცნიერ კაცებს - ე.წ. „სეპტუაგინტა“, რომელიც ჩვენთვის ძველი აღთქმის დედანს წარმოადგენს).

„მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თვისი ძედ ღმრთისა ყო“ (მუხლი 7).

პირველმა წარუმატებლობამ ვერ შეაჩერა ეს ადამიანები, რომლებიც გაწაფულნი იყვნენ მზაკვრობებში. ამასთან, ისინი, ალბათ, იმედოვნებდნენ, რომ ეს წარმართი მმართველი, ნაკლებად გათვითცნობიერებული იუდაურ კანონებში, ვიდრე რომაულში, დაუთმობდა მათს მოთხოვნას, გამყარებულს ფარისეველთამიერი დასაბუთებითა და განმარტებით. ახლა მათი საჩივარი სხვა სახეს იღებდა. ქრისტეს მტრებმა ოდენ რელიგიური ხასიათის ბრალდება წამოსწიეს წინ, სწორედ ის, რომელიც სინედრიონის სხდომაზე იქნა წამოყენებული, როცა გადაწყდა პილატეს სამსჯავროზე წარედგინათ იესო ქრისტე. ამავე დღის დილას ხომ მღვდელმთავარმა, მოისმინა რა უფალ იესოს სიტყვები - „ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაი მჯდომარე მარჯვენით ძლიერებისა და მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 26,64), სამოსელი დაიპო და განაცხადა, რომ საღმრთო ღირსების ამგვარი მითვისება ღვთის გმობაა, და მაშინვე სინედრიონმა პყრობილ იესოს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. უფლის სასიკვდილოდ განსჯით ეს პირმოთნე ადამიანები ფიქრობდნენ მოსეს სჯულის აღსრულებას, სჯულის იმ დადგინებისა, რომელიც განაწესებდა ღმერთის სახელის გმობის სიკვდილით დასჯას (ლევიტ. 24,16). და აი, თავიანთი, სასულიერო ძალაუფლებით შემოსილი სიტყვით, ამ ადამიანებმა, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ სჯულის სიწმიდე დაეცვათ, ანუ სინედრიონის წევრებმა და მღვდელმთავრებმა, პილატეს ყურადღება მიაპყრეს მათ მიერ სასიკვდილოდ განსჯილი ბოროტმოქმედის დანაშაულზე მათი სარწმუნოებისა და სჯულის წინააღმდეგ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უსათუოდ მიაღწევდნენ საწადელს, რადგან რომაელი მმართველის ღირსება დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ იუდეველთა უმაღლესი სამსჯავროს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომაული კანონების შესაბამისად, მის წინაშე იქნა წარმოდგენილი დასამტკიცებლად, რადგან სინედრიონს, მართალია, უფლება არა ჰქონდა სისრულეში მოეყვანა სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ მისი გამოტანის უფლება კვლავაც შენარჩუნებული ჰქონდა.

„ვითარცა ესმა სიტყუაი ესე პილატეს, უფროის შეეშინა. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაი ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაი არა მიუგო მას“ (მუხლები 8-9).

როცა შეიტყო, რომ იესო სასიკვდილოდ იქნა განსჯილი იუდეველთა სინედრიონის მიერ ღმერთის ძის სახელის მითვისებისათვის, პილატე კიდევ უფრო შეშინდა და ვერ ბედავდა მის განსჯას. უფლის მიერ მანამდე სრული სიმხნევით გადატანილმა გამათრახებამ, მისმა საკვირველმა სიმშვიდემ და უჩვეულო დიდებულებამ, რასაც მისი ყოველი სიტყვა თუ საქციელი გამოასხივებდა, წარმართ პილატეში მღელვარე აზრი აღმოაცენა. მართლაც, რომელიმე წარმართული ღმერთი ხომ არ არის მის წინაშე წარმომდგარი იესო ნაზარეველის სახით? ამის გამო იგი კვლავ შედის განსასჯელთან პრეტორიაში და ეკითხება - ვინ ხარო, ანუ ვითარი წარმომავლობისა ხარ, ცათაგან ხომ არა ხარ გარდამოსული ქვეყნადო. ამ შეკითხვას უფალი იესო დუმილით შეხვდა: პასუხის მიგების შემთხვევაში მას უნდა განეცხადებინა პილატესათვის ქრისტიანული ჭეშმარიტება ღმერთის ძის ერთარსობის შესახებ მამა ღმერთთან, რისი გაგებაც წარმართ მმართველს არ ძალ-ედვა. ამიტომაც უსარგებლო იქნებოდა მასთან ამ საგანზე საუბარი.

„ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია, რამეთუ ხელმწიფებაი მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ხელმწიფებაი მაქუს განტევებად შენდა? ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათვის მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაი აქუს“ (მუხლები 10-11).

იესოს დუმილი პილატეს უჯერო საქციელად მოეჩვენა: ეს ცრურწმენით აღსავსე, ამპარტავანი და დაუფიქრებელი კაცი შიშის გრძნობიდან, რომელიც შეუცნობი საშიშროების წინაშე გასჩენოდა, უმალვე შეურაცხყოფილი თავმოყვარეობის აღგზნებაზე გადავიდა და პირდაპირ და უხეშად მიუთითა სასიკვდილოდ განსჯილ იესოს თავის ძალაუფლებაზე - როგორ მიბედავ პასუხის გაუცემლობას, განაარიცი, რომ შენი ბედის, სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტა ჩემს ხელშიაო. მაგრამ ამ ქედმაღალმა კაცმა დაივიწყა ის ჭეშმარიტება, რომ ქვეყნიური ძალაუფლებით შემოსილი ადამიანები ხშირად მხოლოდ უბრალო იარაღად ემსახურებიან ღმერთს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ზეციური ყოვლისმყრობელის ნებით არის მითითებულიდა რომ ყოველი ხელმწიფებრივი პირი თავის თანამდებობაზე სწორედ ღმერთის ნებით დაიდგინება. სწორედ ამაზე მიუთითებს პილატეს უფალი იესო. შენ არანაირი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, ეს ზეგარდმო რომ არ ყოფილიყო შენდა მონიჭებული. ეს გამოთქმა: „მოცემულ“, წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, აქ ნიშნავს - „დაშვებულ“-ს. ბოროტება ყოველთვის ბოროტებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იგი ღმერთის განგებულებით კეთილი საქმისაკენაც მიიმართება. ამიტომ პილატეც და ის ადამიანებიც, რომელთაც მას გადასცეს იესო განსასჯელად, არ თავისუფლდებიან ცოდვისაგან და პასუხისმგებლობისაგან ღმერთის სამსჯავროს წინაშე. ხოლო გამოთქმა „ზეგარდმო“ იმასვე ნიშნავს, რასაც „ზეციური მამისაგან“, ან ღმერთისაგან.

„ხოლო პილატეს რაი ესმა სიტყუაი ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა“ (მუხლი 13).

გაიგო თუ არა პილატემ უფალ იესოს სიტყვები მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, - უცნობია, მაგრამ მან, წმიდა მახარებლის შენიშვნით, კიდეც უფრო გულმოდგინედ დაიწყო საშუალებათა მოძიება იესოს გასათავისუფლებლად სამსჯავროსაგან. მან იესო პრეტორიიდან გარეთ გამოიყვანა და სამსჯავრო ზედა საჯდომელზე დაჯდა იმ ადგილას, ქვაფენილ ეზოში, რომელსაც ბერძნულად ლითოსტრატონი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბბათა.

ეს იყო შემაღლებული და ღია ადგილი პრეტორიის წინ, ანუ პროკურატორის სახლის რეზიდენციის წინ. ამ ადგილის ბერძნული სახელწოდება - ლითოსტრატონი იქიდან წარმოიშვა, რომ იგი ქვით იყო მოკირწყლული - სავარაუდოა, რომ მოზაიკით, როგორც ეს რომაელ მსაჯულთ და სახელმწიფო მოხელეებს ჰქონდათ ჩვეულებად. ებრაული სახელწოდება - გაბბათა - ბერძნული ლითოსტრატონის თარგმანი კი არ არის, არამედ ძირეული არამეული სიტყვაა და აღნიშნავს „შემაღლებას“, „ბორცვს“, და სწორედ იმის გამო ეწოდა ამ ადგილს, რომ იგი შემაღლებული იყო.

„და იყო პარასკევი პასქაისაი, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფე თქუენი!“ (მუხლი 14) .

დიდი ყოყმანისა და ეჭვების შემდეგ პილატე გადაწყვეტს უკანასკნელად სცადოს უფალ იესოს გადარჩენა, ხოლო შემდეგ, წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, მზად არის მსხვერპლად გაიღოს, გასწიროს უდანაშაულო პყრობილი, - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დამშვიდებისათვის. ჯერ პარასკევის დილა იყო, როცა პილატემ იუდეველებს მიმართა და უთხრა - აჰა მეუფე თქვენიო. როგორც ჩანს, პილატე ებრაელებს იმ საზეიმო შეხვედრას შეახსენებს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელმა ერმა მოუწყო იესოს ელეონის მთის ფერდობზე, იერუსალიმში შესვლისას.

„ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა?“ (მუხლი 15).

სხვა ხალხის სურვილით მოეკვდინებინათ ამ ხალხის მეფე? ყველგან სხვა ერები თავიანთ თავისუფლებასთან ერთად თავიანთ მეფეთაც იცავდნენ რომაელთაგან. პილატე, თითქოს, ასე ეუბნება მათ: „თუკი იესო თავის თავს თქვენს მეფედ ხმობს, მაშინ ალბათ გათავისუფლებასაც გპირდებათ რომაელთა ბატონობისაგან; მაშ, როგორღა ითხოვთ რომაელი მმართველისაგან მის სიკვდილით დასჯას?“

„მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გვივის ჩვენ მეუფე, გარნა კეისარი“ (მუხლი 15).

საბედისწერო სიტყვებია იუდეველი ერისათვის! ეს ხალხი აქამდე ამაყობდა იმით, რომ არასდროს არავისი მონა არ იყო და თავის ერთადერთ მეუფედ ღმერთს აღიარებდა, მოელოდა მესიის მოსვლას, რომელიც უნდა გამეფებულიყო იაკობის სახლში. ახლა კი მხოლოდ იმისთვის, რომ ჯვარს ეცვა უფალი იესო, ამ ხალხმა ყოველივე უარყო და განაცხადა, რომ არა ჰყავს, არ სურს ჰყავდეს და არც ეყოლება სხვა მეფე, გარდა უცხოტომელი კეისრისა.

„მაშინ მისცა იგი მათ, რაითა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. და ეკიდა თვით ჯუარი თვისი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა. და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ“ (მუხლები 16-18).

ერის წარმომადგენელთა ასეთი საჯარო მოწმობის შემდეგ პილატემ დაინახა, რომ აზრი არა აქვს ამ გაბოროტებულ და განძვინებულ ადამიანებთან ლაპარაკს, და როგორც წარმართს არ შეეძლო თავისი მდგომარეობის უპირატესობანი მსხვერპლად შეეწირა სიმართლისათვის, და ამიტომ ჯვარზე საცმელად გადასცა იესო იუდეველებს. ამრიგად, იუდეველთა მიზანი მიღწეულ იქნა და მათ მხოლოდ ისღა რჩებოდათ, რომ განაჩენი სისრულეში მოეყვანათ. ებრაელთა ჩვეულებისამებრ და ტიბერიუსის მიერ მიღებული რომაული კანონითაც სიკვდილით დასჯა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღესრულებოდა განაჩენის გამოტანიდან. მაგრამ ასეთ გადავადებას მხოლოდ ჩვეულებრივ ბოროტმოქმედთ აძლევდნენ, და ამასთან სადაგ, არასადღესასწაულო დღეებში. უფალი იესო ქრისტე კი, იუდეველ წინამძღოლთა აზრით ძალზე საშიში დამნაშავე იყო და მას სიკვდილი დიდი დღესასწაულის წინ გადაუწყვიტეს. ამის გამო მის მტრებს საკმარისი საფუძველი ჰქონდათ, რაც შეიძლება მალე დაესრულებინათ ეს საქმე, და მათაც მაშინვე წაიყვანეს იგი სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ, ქალაქის გალავნის გარეთ, რომელსაც გოლგოთა ერქვა. იმ დროის ჩვეულებისამებრ, სასიკვდილოდ განსჯილს თავადვე მიჰქონდა ხოლმე ჯვარი, და იესო ქრისტესაც ჯვარი თავად მიჰქონდა, მაგრამ რაკი მალე გაუჭირდა მისი ტარება (ჯვარი, დაახლოებით ას კილოგრამს იწონიდა), მახარებელ მათეს გადმოცემით, ვინმე სვიმონ კვირინელმა იტვირთა იგი და გოლგოთამდე მიიტანა. გოლგოთა ებრაული სახელწოდებაა იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გორაკისა. იგი ქალაქის გარეთ - კარიბჭის მიღმა მდებარეობდა (ებრ. 13,11), გალავნის შორიახლოს (იოანე 19,20). საღმრთო წერილში ეს ადგილი არსად არ იწოდება მთად, არამედ - თხემის ადგილად, ანუ გოლგოთად.

წმიდა მახარებელთა ამგვარი ზუსტი მითითება ამ ადგილისა და მისი სახელწოდების მნიშვნელობის ახსნა („და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემის ადგილი“ - მათე 27,33; „და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით „თხემისა ადგილი“ - მარკოზი 15,22 და სხვ.), თავისთავად იპყრობს ჩვენს ყურადღებას სახარების კითხვისას. აღნიშნულ სიტყვათა მნიშვნელობით, გოლგოთა ნიშნავს ან: ა) გარკვეულ, მომრგვალებულ შემაღლებას, ან ბ) ადგილს, სადაც სიკვდილით სჯიდნენ ბოროტმოქმედთ და იქვე მარხავდნენ დასჯის იარაღებთან ერთად, და სადაც, ხშირად სიკვდილით დასჯილთ ანეშტიც - ძვლები თუ თავის ქალები ჩანდა. ანდა, აღნიშნავს იმ ადგილს, სადაც იუდეველთა უძველესი გადმოცემით, მიწას იქნა მიბარებული ყოველთა ადამიანთა მამა - ადამი, ამიტომაც ძველი ქრისტიანული გადმოცემით, უფლის ჯვარცმის გამოსახულებაში, მაცხროვრის ფერხთა ქვეშ გამოხატულ თავის ქალასა და გადაჯვარედინებულ ძვლებში უნდა დავინახოთ და ვიგულისხმოთ სწორედ ჩვენი პირველმშობლის - ადამის თავის ქალა და ძვლები. მისაღებია იმათი აზრი, ვინც ფიქრობს, რომ გოლგოთა იყო ბოროტმოქმედთა სიკვდილით დასჯის საშინელი ადგილი, სადაც ღვთის განგებულებით უნდა ვნებულიყო და მომკვდარიყო ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით ყველაზე წმიდა წმიდათა შორის, რათა გამომსყიდველი მსხვერპლი გაეღო ღმერთის მცნებებს გარდამხდარი მსოფლიოს ცოდვებისათვის. ეს შეხედულება, რომ გოლგოთას ადგილას ჩვენი პირველმშობლები არიან დაკრძალულნი, არაფრით არ ეწინააღმდეგება ისტორიულ სინამდვილეს, და მას, აღბეჭდილს სხვა მნიშვნელობებითაც, ის უპირატესობა აქვს, რომ: ა) იგი შენარჩუნებულია, ვითარცა ღირსეული და მისაღები შეხედულება წმიდა მამების - ათანასეს, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, ამბროსი მედიოლანელისა და ეპიფანეს მიერ, აგრეთვე ტერტულიანეს, ორიგენეს და სხვა მოღვაწეთა მიერ, რომლებიც ქრისტიანულ გადმოცემათა დასაწყისში ცხოვრობდნენ; ბ) გოლგოთას ლათინური და ბერძნული დასახელებანი „კალუარია“ და „ქრანიონ“ აღნიშნავენ მხოლოდ მახარებელთა მიერ მითითებულ ნაწილს თავისა - თხემის ადგილს, ებრაული სახელწოდება კი აღნიშნავს მთელს თავის ქალას, როგორადაც იგი გამოსახულია ხოლმე ჯვარცმებზე მაცხოვრის ფერხთით, რათა აღნიშნავდეს მთელი კაცთა მოდგმის მამის თავს. ამრიგად, ჩვენ სამართლიანად მივიჩნევთ ამ გადმოცემას, რადგან ჯერ-იყო საღმრთო განგებულებას ისე განეგო, რომ სიკვდილი ხორციელ-ქმნილი ღმერთის მიერ ძლეული ყოფილიყო სწორედ იმ ადგილას, სადაც მან მიწად შთაიყვანა ღმერთის მცნებას გარდამხდომი ჩვენი საერთო მამა - ადამი, ხოლო მისი სახით - ჩვენც ყოველნი, მისი შვილები, და რომ სასიკვდილო განაჩენი, წარმოთქმული ჩვენ ყველას მიმართ, გაუქმებულ ყოფილიყო მაცხოვრის მიერ სწორედ იმ ადგილას, სადაც იგი აღსრულებულ იქნა პირველი ცოდვილის მიმართ.

ღელეს ამომკვდართასა მტვერიცა არა წარხდეს და არა განქარდეს საუკუნოდ. და მას შემდეგ რაც ეს განადგურებული გორაკი აღმაღლებულ იქნა მაცხოვრის ჯვარით და განდიდებული ქრისტიანთა კეთილმოშიში მოწიწებით, მის ბედ-იღბალს ისეთი დამანგრეველი გარემოებანი ახლდა თან, რომელთა ძალითაც თვით გოლგოთას სახელის ხსენებაც კი შეიძლებოდა სრულიად გამქრალიყო.

მაგრამ ღმერთის განგებულების საიდუმლო მოქმედებით თვით ამ გარემოებებმა შეუწყვეს ხელი იმის აღსრულებას, რომ საუკუნოდ არ განქარვებულიყო და არ წარხოცილიყო წმიდა ადგილი. იმისთვის, რომ შეენელებინათ ქრისტიანთა მოწიწება სიწმიდისადმი, იუდეველები ცდილობდნენ შეურაცხ-ეყოთ იგი. უფლის საფლავის კლდე ღრმად დამარხეს მიწაში, გოლგოთაზეც სულ უფრო და უფრო მატულობდა მიწაყრილები. წარმართებმა მასზე ვენერას საკერპე ბომონი აღმართეს, ხოლო მაცხოვრის საფლავის თავზე - იუპიტერის ბომონი. და ეს უკეთურნი ვერ ხვდებოდნენ, რომ თავიანთი ამ ქმედებებით ისინი, თითქოსდა, წინასწარგანზრახულად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სიწმიდე. მიწაყრილები ძეგლებად ადგა მათ თავს, ხოლო საკერპე ბომონები თითქოს დაიცავდნენ მათ განსაზღვრულ დრომდე. წმიდა მოციქულთა სწორმა დედოფალმა ელენემ, კონსტანტინე დიდის დედამ, რომელიც იერუსალიმში ჩამოვიდა და გოლგოთასთან დაკავშირებული ყველა გადმოცემა შეკრიბა, ამ გადმოცემათა შესაბამისად გაათხრევინა წმიდა ადგილი, მოაშლევინა საკერპე ბომონები და მიწის სწორედ იმ ფენამდე მივიდა, რომელიც განწმედილი იყო ღვთაებრივი მოწამის ტერფებით და შეფერილი მისი წმიდა სისხლით. გოლგოთას ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - მაცხოვრის ვნებისა და სიკვდილის ადგილი, უფლის აღდგომის ვრცელ ტაძარშია მოქცეული. დიდ ტაძარშივეა მცირე ეკლესიაც, აშენებული ზუსტად იმ ადგილას, სადაც უფლის ჯვარი იყო აღმართული. საყდრის-ტრაპეზის ქვეშ ის ღიობია, რომელშიც ჯვარის ქვედა ნაწილი იყო მიწაში ჩაფლული. აქ ორი მხრიდან, გვერდებიდან შეუძლიათ კეთილმოშიშ მორწმუნეებს მიეახლონ ამ ადგილს და თაყვანი სცენ. აქვეა, მარჯვენა მხარეს, სხვა ღიობიც - გოლგოთას მთის ნაპრალი, რომელიც უფლის სიკვდილის ჟამს მომხდარი მიწისძვრისაგან გაჩნდა. საყდრის მარჯვენა მხარეს იატაკზე მონიშნული ოთხკუთხედი მიგვითითებს იმ ადგილზე, სადაც უკეთურმა იუდეველებმა ჯვარს-აცვეს მაცხოვარი და ხელ-ფეხი ლურსმნებით მიუმსჭვალეს მასზე. გოლგოთას თხემზე ეკლესიის საკურთხევლიდან (იგი აგებულია იოანე წინამორბედის სახელობაზე) გამავალი კარებიდან ლოდები ჩანს - კლდის ნამსხვრევები, რომლებიც მაცხოვრის სიკვდილის ჟამსაღსრულებული მიწისძვრის შედეგად გაჩნდა. გოლგოთას დანარჩენი ნაწილი ტაძრის გარეთ მდებარეობს.

აქ, გოლგოთაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე აცვეს ჯვარს, მასთან ერთად კი - მარჯვენა და მარცხენა მხარეს - ორი ავაზაკი, რომლებიც სხვადასხვა ბოროტმოქმედებისათვის იყვნენ განსჯილნი.

„და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაი. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ“ (მუხლები 19-20).

პილატემ საგანგებო ფიცარზე ჯვარცმულის დანაშაულის გადმომცემი წარწერა გააკეთა და ეს ფიცარი იესოს თავს ზემოთ მიამაგრეს ჯვარზე (მათე 27,37). იგი, ალბათ, პრეტორიაშივე გაამზადეს, მას შემდეგ, რაც უფალ იესოს ჯვარცმა საბოლოოდ გადაუწყვიტა პილატემ, ასე, რომ წარწერის გამო კამათიც მღვდელმთავრებსა და პილატეს შორის იქვე გაიმართებოდა (მუხლები 21-24). ეს წარწერა, რომელიც, შესაძლოა, პილატემ თავისი ხელით დაწერა, ღაღადებდა: იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათაი, და ესეც პილატემ იმ აზრით დაწერა, როგორითაც მანამდე უთხრა სინედრიონის წევრებს აჰა, მეუფე თქვენიო. და ამაში ცხადად გამოსჭვიოდა გაბოროტებული დაცინვა და აბუჩად აგდება უფალ იესოსი, რომლის ნაგვემსა და შეურაცხყოფილ შესახედაობას, დამცირებულსა და შეგინებულს ურჯუკ იუდევედლთაგან, სულ არ შეეფერებოდა ქვეყნიური მეფის სახელწოდება, მეფისა, ვინც შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო რომაული ხელისუფლებისათვის.

„ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი“ (მუხლი 25).

მარიამ კლეოპასი იოსებ დამწინდველის ასული იყო; ეგვიპტიდან იოსების დაბრუნების შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა მის ნათესავს კლეოპას, რის გამოც იწოდა კიდეც ასე - „მარიამ კლეოპასი“ და ღვთისმშობლის დად მიიჩნევა, როგორც იოსების, მისი დამწინდველის, ნათესავის ცოლი, რადგან იოსებიც ხომ ქალწული მარიამის ქმრად ითვლებოდა. უფლის ჯვართან, უმთავრესად დედაკაცები დგანან. როგორც იოანე ოქროპირი შენიშნავს, „უძლური სქესი მაშინ უფრო მეტად მხნე, გაბედული აღმოჩნდა“.

აი, ყოველთვის თითქმის ასეთია ქალის მნიშვნელობა და ქმედება, როგორადაც და რისთვისაც შეჰქმნა იგი უფალმა, რამეთუ ბრძოლისათვის კი არ არის იგი შექმნილი, არამედ დამშვიდებისათვის, ნუგეშის ცემისათვის, ტანჯვათა შემსუბუქებისათვის.

„ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაი თვისი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა“ (მუხლები 26-27).

უკვე იწურება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ქვეყნიური, კაცობრივი ცხოვრების ჟამი, მის სიკვდილამდე წუთებიღაა დარჩენილი:მისი უკანასკნელი განკარგულებანი გამოხატავს ამაღელვებელ მზრუნველობას თავის დედაზე. მაგრამ ადამიანი უკვე ასრულებს თავის არსებობას. ხორცისაგან გაყრადი ღმერთი ამბობს ამას; იგი თავის დედას დედაკაცად ხმობს, რითაც მიუთითებს, რომ უკვე ირღვევა დედასა და ძეს შორის არსებული ხორციელი კავშირები. უფალი თავის საყვარელ მოწაფეზე მიუთითებს და ეუბნება თავის დედას: „აჰა ძე შენი“. ეს მოწაფე ღვთისმშობელს მას სანაცვლოდ კი არ ეძლევა, არამედ, ღმერთის ბრძანებით მის ნამდვილ ძედ შეიქნება.

„ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაითა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის... ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაითა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაი მის, ჰკითხეს პილატეს, რაითა წვივნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ“ (მუხლები 28-31).

ჩაიდინეს რა გაუგონარი ბოროტმოქმედება - ღმერთის მკვლელობა, იუდეველები, რომელთაც უგულებელჰყვეს ყველაზე მთავარი სჯულში - სამსჯავრო და სამართალი, უფლის ჯვარცმის შემდეგაც კვლავ მხოლოდ სჯულის გარეგან ზედმიწევნით აღსრულებას ცდილობდნენ: მოსეს სჯული განაწესებდა სიკვდილით დასჯილი ბოროტმოქმედის იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე დამარხვას (II სჯული 31,22-23). სჯულის ამ დადგინების შესრულებას იუდეველებს ახლა განსაკუთრებულად აიძულებდა ის გარემოება, რომ მეორე დღეს პასექის დღესასწაული იყო, ხოლო ამავე დღის საღამოთი აუცილებელი იყო საპასექო კრავის დაკვლა. ამიტომ მათ უჯეროდ მიიჩნიეს ნათელი დღესასწაულის შებღალვა სამწუხარო სახილველით და თავიანთი დანაშაულის ნაკვალევის წაშლა მოისურვეს. და აი, რაკი თავად არ შეეძლოთ განკარგულება გაეცათ სიკვდილით დასჯილთა სხეულების ჯვართაგან ჩამოხსნისა და დამარხვის შესახებ, ამიტომ არ შერცხვენიათ კვლავ პილატესათვის მიემართათ ახალი არაადამიანური თხოვნით. რაკი გამოცდილებით იცოდნენ, რომ ჯვარცმულნი დიდხანს იყვნენ ხოლმე ცოცხალნი ჯვარზე, მათ სთხოვეს რომის პროკურატორს ნებართვა, რათა წვივები გადაეტეხათ მათთვის - ამ გზით დაეჩქარებინათ მათი სიკვდილი და ჩამოეხსნათ ისინი ჯვართაგან.

„მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წვივნი, და ერთისაი მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა. 33. ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი, 34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი“ (მუხლები 32-34).

იოანეს მონათხრობიდან ჩანს, რომ ეს მეომრები - სინედრიონის ახალ ბრძანებათა აღმასრულებელნი - იგივენი როდი იყვნენ, ვინც ჯვარს-აცვა იესო და იცავდა მის სხეულს. იმათ კარგად დაინახეს, რომ იესო მოკვდა; განსაკუთრებით კი მათზე იმოქმედა მისი სიკვდილის ჟამს აღსრულებულმა ნიშებმა (მათე 27,54) - მზის დაბნელებამ, მიწისძვრამ. ამათ კი მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს იესო მკვდარი, რაც სინედრიონის ბრძანების აღსასრულებლად მოვიდნენ მასთან. და რა მოიმოქმედეს მათ? როცა მეომრებმა დაინახეს იესოს უსიცოცხლო სხეული, რასაც ცხად-ჰყოფდა მისი გვერდზე გადაგდებული თავი, ჩამქრალი მზერა, სრული უმოძრაობა და ისიც, რომ იგი აღარ სუნთქავდა, და დარწმუნდნენ, რომ მისი სული უკვე გაყროდა სხეულს, მათ აღარ ისურვეს მკვდარი სხეულის ქენჯნა და მისთვის წვივთა გადატეხვა. მხოლოდ ერთმა მეომარმა, რაკი არ უნდოდა არც თავისთვის და არც სინედრიონისათვის დაეტოვებინა საბაბი დაეჭვებისათვის იესოს სიკვდილში, ლახვრით-შუბით უგმირა მას გვერდში, საიდანაც სისხლი და წყალი გადმოიღვარა. თვით იარაღი და დარტყმის ძალა გვიჩვენებს, რომ ეს ძგერა შუბით სასიკვდილო იყო. ჭრილობის სიღრმე და სიდიდე ჩანს მოციქულ თომას სიტყვებიდან: მაცხოვრის ხელთა და ფერხთა ჭრილობების მოსინჯვა მას თითებით სურდა, ხოლო გვერდში მიყენებულ ჭრილობაში ხელის შთადებას აპირებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ უფალი იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით (იოანე 20,25,27). ამგვარი დარტყმის შემდეგ შუბით, როცა მას არ მოჰყვა სხეულის არანაირი მოძრაობა, ნებისმიერი მტერი დარწმუნდებოდა, რომ ჯვარცმული უკვე მკვდარი იყო. და ბოლოს, იესოს გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი ექიმსაც არ დაუტოვებდა არანაირ ეჭვს იმაში, რომ იესო უკვე მოკვდა, ამასთან დიდი ხნის წინ გაციებული სხეულიდან სისხლი არ გადმოიღვრება. სისხლის დაშლა ყველა გარდაცვლილში ერთსა და იმავე დროს როდი იწყება მაგრამ არც ერთ გარდაცვლილში არ იწყება იგი სიკვდილიდან თხუთმეტ წუთზე ადრე. ამრიგად, იესოს განგმირული გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი თავისთავად მოწმობდნენ, რომ იგი მოკვდა სულცოტა თხუთმეტი წუთით ადრე განგმირვამდე.

„და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაი მისი“ (მუხლი 35).

წმიდა იოანემ საჭიროდ ჩათვალა საკუთარი თავი წარმოეჩინა უფალ იესოს გვერდის განგმირვისა და სისხლისა და წყალის წარმოდენის უშუალო მოწმედ. იგი მკითხველთა ყურადღებას მიაპყრობს ამაზე, როგორც ძალზე მნიშვნელოვან მოვლენაზე. რატომ არის ასე? - წმიდა იოანეს მოწმობას ორ გარემოებასთან აქვს კავშირი. ჯერ-ერთი, სახარებისმიერი თხრობიდან ვიცით, რომ თომას არ უნდოდა სხვაგვარად ერწმუნა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა, თუ არა ხელთა შთადებით იესოს განგმირული გვერდის ჭრილობაში. და თუკი უფლის მკვდრეთით აღდგომის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი გარემოება იყო იესოს განგმირული გვერდი, ამდენად უფლის ვნების ისტორიაშიც წმიდა იოანე საგანგებო ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა იმას, თუ როგორ და ვის მიერ, ვისი თანდასწრებით მოხდა უფლის გვერდის განგმირვა. მეორეს მხრივ თავის ეპისტოლეში წმიდა იოანე წერს: „და ყოველმან სულმან, რომელმან არ აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს“ (I იოანე 4,3) და შემდეგ ამ სიტყვების განსამართლებლად ამბობს: „ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე, არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა“ (იქვე,5,6), ანუ იგი გოლგოთის სწორედ იმ მოვლენაზე მიუთითებს, რომლის შესახებაც სახარებაში საგანგებოდ აღნიშნა. მაშასადამე, წმიდა იოანეს აზრით, სისხლის და წყლის წარმოდენა მაცხოვრის განგმირული გვერდიდან იმის დამამტკიცებელია, რომ იესო ქრისტე იყო და არის რა ჭეშმარიტი ძე ღმრთისა, საუკუნო სიტყუა მამისა, ამავე დროს, იყო და არის ჭეშმარიტი ადამიანიც.

 

II. აი, ესაა უფალ იესოს განსჯისა და მისი ჯვარზე სიკვდილის ისტორია, რომელიც თავიდან ბოლომდე ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის.

ა) პირველ ყოვლისა ჩვენს ყურადღებას იპყრობს პილატეს შეგნებისა და მოქმედების არათანახმიერობა - აღიარებდა რა უფალს უდანაშაულოდ, მან მაინც სასიკვდილოდ განსაჯა იგი (მუხლი 16). რამ აიძულა იგი ასე უკანონოდ გადაეწყვიტა საქმე? მხოლოდ თნებამ და დამყოლობამ იუდეველთა წინაშე. აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სურვილმა სხვათა ამებისა. თითქოსდა მაამებლობა ყველაზე ნაკლებ შეიძლება ვნებდეს ადამიანებს. აკი იმიტომაც ეწოდება მას მაამებლობა, რომ სურს აამოს ადამიანებს, ის მოიმოქმედოს, რაც მათთვის სასურველია; მაგრამ სინამდვილეში, უფრო ხშირად სრულიად საპირისპირო გამოდის ხოლმე და ეს იმის გამოა ასე, რომ საფუძვლად მას, ჩვეულებრივ, ქრისტიანული სიყვარული კი არ უდევს, არამედ კაცობრივი თავმოყვარეობა; არა სახარებისმიერი უარყოფა საკუთარი თავისა, თავდადება, არამედ მზაკვრული თნება საკუთარი თავისა; ამიტომ იგი ეძიებს, უმთავრესად, საკუთარ თავს აამოს, ხოლო თუკი სხვებსაც აამებს, არა ყველას და თითოეულის მიმართ იქმს ამას, არამედ მხოლოდ ზოგიერთთა მიმართ! და თანაც უბრალოდ, არაფრის გულისთვის კი არ აამებს, არამედ უსათუოდ რაღაც ანგარიშით, რაღაც გამორჩენის მიზნით. რამეთუ საკუთარი თავის თნება და კიდევ ვინმეს მიმართ მაამებლობა ხშირად მხოლოდ სხვათათვის ზიანის მიყენების გზით შეიძლება. პავლე მოციქულმა ასე თქვა საკუთარი თავის შესახებ: „უკუეთუმცა კაცთაღა სათნოვე-ყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“ (გალატ. 1,10). დიახ, ქრისტეს მონობა არ შეუძლია იმას, ვინც ვიღაცის მაამებლობის გამო სიმართლეს არ ამბობს იქ, სადაც ჯერ არს სიმართლის თქმა, და ამბობს სიცრუეს და უმართლობას, რომლის თქმაც არასდროს და არავის მიმართ არა ჯერ-არს, ვინც ლიქნითა და მაამებლობით იკვალავს გზას ცხოვრებაში და ამ გზაზე სვლისას არ ინდობს ნებისმიერი შემხვედრი ადამიანის არც სახელს, არც ღირსება-პატივსა და არც კეთილდღეობას; - ვინც ვიღაცის მაამებლობის გამო შიშობს სიტყვა თქვას აბუჩად აგდებული და გინებული სარწმუნოების დასაცავად და თავადაც მზად არის მის მაგინებლებს ამოუდგეს გვერდში. მაშ, ყოველთვის გვახსოვდეს მოციქულის ეს სიტყვა, და განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი მაამებლობა, სულმდაბლობა, ლიქვნა, პირფერობა, ქვემძრომობა, როგორც საწინააღმდეგონი ჩვენი ქრისტიანული მოწოდებისა. „სასყიდლად სყიდულ ხართ“, - გვეუბნება იგივე მოციქული, - ღმერთის ძის სისხლის საფასურადო, და ამიტომ „ნუ იქმნებით მონა კაცთა“ (I კორინთ. 7,23).

ბ) დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ ვხედავთ, აგრეთვე, იუდეველთა საზარელ სიძულვილს უფალ იესოსადმი, რომელთაც, მიუხედავად მისი უდანაშაულობისა და მათ მიმართ გამოჩენილი მრავალი დიდი კეთილმოქმედებისა, მაინც მიაღწიეს მის სასიკვდილოდ განსჯას. რა იყო მიზეზი ასეთი განძვინებული სიძულვილისა?ყოველთვის, როცა საღმრთო სიწმიდე შემოვალს ბოროტსა ზედა მდგომ ამა ქვეყანად, იგი თავის წინააღმდეგ გარდაუვლად აღძრავს მრისხანებას, და როგორი მშვიდი და უწყინარიც არ უნდა იყოს იგი, მაინც ვერ აიცილებს თავიდან ამა ქვეყნის სიძულვილს.

და ეს ადვილი გასაგებია. რა შეიძლება ნათელზე უფრო წმიდა და კეთილისმყოფელი იყოს?! რა დიდი სიხარული მოაქვს მას იმათთვის, ვინც წყვდიადის შემდეგ, საზარლობებით აღსავსე გრძელი ღამის შემდეგ ხედავს ნათელს! როგორ იტაცებს იგი ბნელ საპყრობილეში ჩაგდებული ტყვის მზერას, რომელიც დიდი ხანია მოკლებულია მის საამო ელვარებას! მაგრამ აბა, თუნდაც ერთი სხივი დაეცეს სნეულ თვალს. როგორ მწვავედ გააღიზიანებს მას და მეტად მგრძნობიარე ტანჯვას სწევს, ისე, რომ უჯობს განეშოროს ნათელს და კვლავ სიბნელეს მიუბრუნდეს. იგივე ხდებაზნეობრივ სამყაროშიც: ჩვენი სულის თვალი სნეულია, და სიწმიდის ხილვა ამ თვალს გვიბრმავებს; და რაც უფრო მბრწყინავია ეს სიწმიდე, მით უფრო დიდ გაღიზიანებას იწვევს სულის სნეული თვალისა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს საღმრთო სიწმიდე, მანამდე აქა-იქ მბრწყინავ წერტილებად გამოვლენილი ამქვეყნად, ამჯერად მთელი თავისი სისრულით ხორციელ-იქმნა და მთელის ელვარებით გამოეცხადა ქვეყნიერებას; წარმოიდგინეთ, რომ ეს ხორციელ-ქმნადი და განკაცებული სიწმიდე ისეთი მანკიერებებით აღსავსე მსოფლიოს წიაღში გარდამოხდება, როგორიც ჩვენია. და როგორ გგონიათ, როგორ მიიღებენ მას? - მე უყოყმანოდ ვიტყვი, რომ ფარული, მაგრამ მგზნებარე და სულ უფრო მზარდი სიძულვილი აღიძვრება მრავალთა სულში, რომელთაც გააღიზიანებთ მისი ნათელი, და ახლაც, ისევე, როგორც მრავალი საუკუნის წინათ, ნებაყოფლობითი ბრმები, პრეტორიის ეზოში შეკრებილ იუდეველთა მსგავსად დაიწყებდენ ღაღადს: აღიღე იგი, მოგვაშორე!

გ) კვალად, ჩვენს ყურადღებას იქცევს ქრისტეს მორწმუნე და თაყვანის-მცემელ დედათა არაჩვეულებრივი სიმხნევე, რომელნიც არ შეუშინდნენ მისი სიკვდილით დასჯის ადგილზე მოსვლას და აქაც დაუფარავად გამოუვლენენ მას სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიშნებს (მუხლი 25). და კეთილმსახურ დედათა მიბაძვით ჩვენც ასევე ყოველთვის მხნენი და გაბედულნი უნდა ვიყოთ, რამეთუ სულის სიმხნევე მრავალი სათნოების მიზეზად შეიქნება ხოლმე. ამიტომაც მოსე ასეთ მცნებას დაუდებს თავის მოწაფეს - იესუ ნავეს. „მხნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ წარუძღვე ერსა ამას! “.. (II სჯული 31,7); ასევე დავითიც ეუბნება თავის ძეს სოლომონს: „განძლიერდი და მხნე იყავ, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი შენ თანა არს!“ (I ნეშტთა 28,20) და პავლე მოციქულიც გვეუბნება ჩვენ, ყველას: „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით!“ (I კორინთ. 16,13). და ამას ისინი იმის გამო ამბობენ, რომ სიმხნევეზე ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უმისოდ ჩვენ, ხშირად, სულ მცირედის მოქმედებაც კი არ ძალგვიძს. ამაში ყოველ ჩვენგანს შეუძლია გამოცდილებით დარწმუნდეს. როცა, ზოგჯერ ცოდვით დაეცემი, ღმერთი თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, განათლებას მოგმადლის, და შენც გადაწყვეტ სინანულს მიმართო. მაგრამ შენს გულს შიში შემოეპარება. როგორ შევძლებ წინა აღვუდგე ხორცისმიერ ბრძოლას, როგორ მოვახერხებ მოვიცილო დიდი ხნის ჩვეულება? - გაიფიქრებ მაშინ. მაგრამ თუკი მხნეობით გამაგრდები შენს გადაწყვეტილებაში, მაშინ უსათუოდ გაიმარჯვებ, სძლევ ცოდვას და ნეტარებას დაიმკვიდრებ. და ასეა ხოლმე ყოველთვის. ზოგს ეშინია, არ გავღარიბდეო, და დახმარების ხელს არ უწვდის გლახაკებს, მაგრამ როცა დიდსულოვნებით შემოიზღუდავს თავს და მხნეობით აღივსება, უშიშრად ურიგებს მათ ყოველივე აუცილებელს თავისი ქონებიდან. სხვანი სამარხვო დღეებში ხორცით ძღებიან, რადგან შიშობენ, მარხვამ ჯანმრთელობა არ შეგვირყიოსო, მაგრამ როგორც კი ესენიც სულის მხნეობით აღივსებიან, მაშინვე შესძლებენ ხოლმე მარხვას და ასე აღიშენებენ ცხოვნებას. წმიდა მოციქული პავლე ქადაგებს, რომ ყველა ქრისტიანი ქრისტეს მხგდარია, რის გამოც ასე მისწერს ტიმოთეს: „შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან (მებრძოლმა) ქრისტე იესუისმა“(II ტიმ. 2,3), ხოლო ეფესელებს დამოძღვრავს: „ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი... და ჩაფხუტი იგი ცხორებისაი დაიდგით და მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყვაი ღმრთისაი“ (ეფეს. 5,16-17), იმ მტერთა წინააღმდეგ, რომლებიც გამუდმებით ებრძვიან ქრისტიანებს. ხორციელი გულისთქმის, ცხოვრებისეული ამპარტავნებისა და ეშმაკისმიერი საცთურის წინააღმდეგ. ამიტომაც ვერც სხეულებრივ ბრძოლაში და ვერც სულიერში მხნეობის გარეშე ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. სუსტი მეომარი ვერასდროს ვერ დაამარცხებს მტერს, და სულმოკლე ქრისტიანიც ვერასდროს ვერ სძლევს მის წინააღმდეგ აღმდგარ მტრებს. მხნე მხედარი გამარჯვების ალაფს იღებს, დადიდსულოვანი ქრისტიანიც წარმატებულია სათნოებებში.

დ) დაბოლოს, ღრმად სამოძღვრებოა ჩვენთვის ის მზრუნველობა საკუთარ დედაზე, რაც უფალმა გამოავლინა უმძაფრეს სატანჯველთა შორის. როცა დაინახა ჯვარის წინაშე მდგომი თავისი დედა და საყვარელი მოწაფე, უთხრა დედას: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და შემდეგ იოანეს მიმართა: აჰა, დედა შენი, და ამგვარად განაგო, რომ მის დედას მფარველი ჰყოლოდა და თავშესაფარი ჰქონოდა (მუხლები 26-27).

ამრიგად, მაცხოვარმა ჯვარზე მიმსჭვალულმაც კი არ დაივიწყა თავის ყოვლადწმიდა დედაზე ზრუნვა და თავისი ქვეყნიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში, როცა აღესრულებოდა მთელი კაცთა მოდგმის გამოსყიდვა მისი წმიდა სისხლის საფასურად, უფალი ესოს ფიქრი თავის დედაზე ზრუნვასაც დასტრიალებდა. და როცა ეს საქმეც განაგო, მან სული ზეციურ მამას მიაბარა. აქედან ჩანს, რომ ოჯახურ მოვალეობებს ღმერთის თვალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ დამოძღვრა მათს გამო თვით ჯვარიდან მივიღეთ! მეორეს მხრივ, აბა, რა დამსახურება აქვთ, მაგალითად, მშობლებს, თუკი საკუთარი შვილების აღზრდაზე ფიქრობენ? - მაგრამ უფალი რატომღაც მაინც აჯილდოებს მათაც და ყველასაც, ვინც ჯეროვნად აღასრულებს თავის მოვალეობას ოჯახისა და ახლობლების წინაშე. ანდა რა დამსახურება აქვთ შვილებს იმაში, რომ თავის მხრივ, ისინიც სიყვარულითა და მზრუნველობით ეპყრობიან მშობლებს? - მაგრამ მშობელთა პატივისცემისათვის უფალი დიდ ჯილდოს გვპირდება (მე-5 საღმრთო მცნება), და უფალიც ხილულად აჯილდოვებს მშობლებსაც და შვილებსაც, როცა ისინი ჯეროვნად ზრუნავენ ერთმანეთზე. აქედან განა ცხადი არ არის, რომ ოჯახური ცხოვრება დიდად სათნო-ეყოფა ღმერთს?! რამეთუ ყველაზე ბუნებრივ ოჯახურ ურთიერთობებს იგი არა მხოლოდ აკურთხევს ქორწინების საიდუმლოში, არამედ აჯილდოებს კიდეც, და რომ ამიტომ ოჯახური ცხოვნება არამც და არამც არ შეიძლება დაბრკოლებად შეიქნას ჩვენთვის ცხოვრების გზაზე, როგორც ამას ზოგიერთნი ცრუდ ჰგონებენ. განა ოჯახურ ცხოვრებასა და მოვალეობებშია მიზეზი ვინმეს დაბრკოლებისა ცხოვნების გზაზე? - არა და არა. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება ოჯახისადმი სიყვარული ღმერთისადმი სიყვარულზე მაღლა დავაყენოთ, რამეთუ თვით უფალი გვეუბნება: „რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (მათე 10,37). მეტი რაღა უნდა ითქვას?! - ანდა თავად იესო ქრისტეს მაგალითი გავიხსენოთ. განა იგი ჯეროვნად არ მიაგებდა პატივს თავის ყოვლადწმიდა დედას? - მაგრამ როცა ერთხელ მისი დედა და ძმები იესოსთან მივიდნენ ერთ სახლში, სადაც ის მრავალრიცხოვან ერს ზეციურ ჭეშმარიტებებს უქადაგებდა და მისი სახლში წაყვანა მოისურვეს, იესომ, ვისაც უთხრეს: შენი დედა და ძმები მოვიდნენ შენთანო, თავის მოწაფეებზე - მოციქულებზე მიუთითა და თქვა: ვინც ჩემი ზეციური მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაცო. ჩვენთან მიმართებაში ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი მშობლების თუ, საერთოდ, ახლობელ-მეგობრების სურვილები რაიმეთი ხელს შეგვიშლიან ღმერთის მიმართ ჩვენი წმიდა მოვალეობების შესრულებაში, მაშინ არ უნდა დავყვეთ მათ სურვილებს, დაე, თუნდაც უსიამოვნებანიც შეგვხვდეს ამის გამო, და უარვყოთ ისინი. უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ იმის ნებაც კი გვაქვს მოცემული უფლისაგან, რომ მოვიძულოთ კიდეც ჩვენი მშობლები, თუკი ისინი რაიმეში შეეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას (ლუკა 14,26). აი, თუკი შევძლებთ და აღვასრულებთ ყოველივე ამას, მაშინ ჩვენი ოჯახი არამც და არამც არ შეგვექნება დაბრკოლებად ცხოვნების გზაზე.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „სადღესასწაულო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე