დღესასწაული უფლის ფერისცვალებისა
(სახარება ლუკასაგან 9, 28-36)

„28. (მას ჟამსა შინა) წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.“

 

I. უფლის ფერისცვალების მოვლენა, რომლის შესახებაც აწინდელ ღამისთევის ლოცვაზე წაკითხული სახარება მოგვითხრობს, განეკუთვნება ღმერთკაცის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენათა რიცხვს. ამიტომ სახარებისმიერი თხრობის დაწვრილებითი განხილვა არა მხოლოდ სასარგებლოა და მაცხოვნებელი სულისათვის, არამედ მეტად აუცილებელიც ჩვენთვის. ამრიგად, მოწიწებით აღსავსე დაფიქრებით მივუგდოთ ყური იმას, რასაც ღმრთივმეტყველი წმიდა მახარებელი ლუკა გადმოგვცემს, რომლის ხარებიდანაც დღეს შემოგვთავაზა კიდეც ეკლესიამ წმიდა სახარების საკითხავი.

„(მას ჟამსა შინა) წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად“ (მუხლი 28).

წმიდა ლუკას გადმოცემით, ეს მოხდა დაახლოებით რვა დღის შემდეგ იმ დროიდან, როცა მოციქულმა პეტრემ, ყველა სხვა მოწაფის სახელით ცხოველი ღმერთის ძედ აღიარა უფალი იესო ქრისტე, ხოლო თავად მაცხოვარმა, დამოძღვრავდა რა თავის მოწაფეებს, თავისი მომავალი ვნების შესახებ აუწყა მათ, რომელთა მიერაც იგი თავისი ზეციური მამის დიდებაში უნდა შესულიყო, აგრეთვე უთხრა მათ ისიც, რომ მის მიმდევართათვის აუცილებელი იყო ჯვარის ტვირთვა. ხოლო მახარებლები მათე და მარკოზი ამბობენ, რომ ეს მოხდა პეტრეს აღიარებიდან ექვსი დღის განსვლის შემდეგ (მათე 17,1; მარკოზი 9,2).

ნუთუ წმიდა მახარებელი ლუკა აქ ეწინააღმდეგება მათესა და მარკოზს? არა, არ ეწინააღმდეგება, ხოლო თუკი მათ შორის განსხვავებულობაა ამ საკითხში, იგი დიდის ალბათობით აიხსნება იმ ვარაუდით, რომ ლუკა შუალედურ დღეებს თვით მოვლენათა აღსრულების დღეებსაც მიათვლის - პეტრეს აღიარებისას და ფერისცვალებისას და ამიტომ არც თუ განსაზღვრულად ამბობს: „და იყო შემდგომად სიტყვათა ამათ ვითარ რვა დღე ოდენ“-ო; მათე და მარკოზი კი მხოლოდ შუალედურ დღეებს აღრაცხავენ და სავსებით განსაზღვრულად აღნიშნავენ - შემდგომად ექვსისა დღისაო. ამრიგად ექვსი დღის შემდეგ, თუკი თვით მოვლენათა დღეებს არ მივათვლით, და დაახლოებით რვა დღის შემდეგ, თუკი მოვლენათა დღეებსაც აღვრაცხავთ, მაცხოვარმა თავისთან ერთად სამი ყველაზე სრულყოფილი მოწაფე წარიყვანა - პეტრე, იაკობი და იოანე, რომელნიც სხვებზე მეტად იყვნენ შემძლენი მისი დიდება შეემეცნებინათ, და ერთს მაღალ მთაზე ავიდა, გადმოცემით თაბორისაზე. რისთვის? - ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს თავისი რჩეული მოწაფეებისათვის, მაგრამ მათ ინიშნეს, რომ ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან შემთხვევებში, ახლაც, იგი „აღვიდა მთასა ლოცვად“.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და რომის კათოლიკური ეკლესიის წევრებს შორის ამ საკითხშიც - თუ რომელი მთა იყო უფლის ფერისცვალების მთა, აზრთა სხვადასხვაობაა. გვიანდელი დროის კათოლიკე და პროტესტანტი ღვთისმეტყველები მიიჩნევენ, რომ უფლის ფერისცვალების მთა იყო ერმონის მთა. ამ თავიანთ შეხედულებას ისინი შემდეგი მოსაზრებებით ასაბუთებენ: ა) სახარების გადმოცემით უფალი ფილიპეს კესარიის სანახებში იმყოფებოდა იმ დროს, როცა თავისი სამი მოწაფითურთ მაღალ მთაზე აღვიდა სალოცავად, ეს ქალაქი კი პირდაპირ მთის ძირას მდებარეობდა, მაშინ, როდესაც თაბორის მთა საკმაოდ მოცილებულია ამ ადგილიდანო. მაგრამ ჩვენის მხრივ უნდა შევეპასუხოთ მათ, რომ სახარების ისტორიიდან არა ჩანს, რომ უფალი დიდხანს დარჩენილიყოს ფილიპეს კესარიაში. 6 დღის განმავლობაში კესარიიდან მას საკმაოდ დიდი მანძილის გავლა შეეძლო. გარდა ამისა, სახარებიდან ჩანს, რომ ფერისცვალებამდეც იგი გალილეაში ქადაგებდა და ფერისცვალების შემდგომაც მას აღმოსავლეთში კი არ ვხედავთ, არამედ გალილეაში და კაპერნაუმში (მათე 17,24-27), ეს ქალაქი კი არც თუ ისე შორსაა თაბორის მთიდან, დაახლოებით ერთი დღის სავალზე. ბ) კათოლიკეთა და პროტესტანტთა მეორე არგუმენტი ერმონის მთის სასარგებლოდ შემდეგია: უფალი იესო ამ დროს, მტრების მხრიდან დევნის მიზეზით, განმარტოებულ ადგილს ეძიებდა, ხოლო თაბორის მთა იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს არ ყოფილა დაუსახლებელი, განმხოლოებისათვის შესაფერისი ადგილი, რადგან მის თხემზე ციხე-სიმაგრე იყო აშენებული, შემოვლებული დიდი გალავნითო. ამაზეც ჩვენ მივუგებთ, რომ მართალია, ეს ციხე-სიმაგრე მეფემ ანტიოქე დიდმა აღაშენა ქრისტეს შობამდე 218 წელს, მაგრამ სრულიად უცნობია, იესო ქრისტეს დროს კვლავაც იდგა იგი, თუ არა. და თუკი იოსებ ფლავიოსის ცნობით, იუდეველთა ომის დროს რომაელთა წინააღმდეგ ეს მთა გამაგრებულ იქნა აჯანყებულ ებრაელთა მიერ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უფლის ფერისცვალების დროსაც ასე იყო (როგორც ვიცით, ეს ომი ქრისტეს შობიდან 70 წელს იყო, ანუ ორმოცი წლის შემდგომ ფერისცვალებიდან). გარდა ამისა, არანაირად არ მტკიცდება, რომ ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ფერისცვალების მთა - თაბორის მთა მთლიანად იყო დასახლებული და ნაგებობებით დაფარული ისე, რომ მასზე აღარ რჩებოდა მყუდრო ადგილი განმხოლოებული ლოცვისათვის. გ) მესამე არგუმენტი: და ბოლოს, კათოლიკენიდა პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ ერმონის მთა, თავისი კოლოსალური სიდიდით და განლაგებით, თითქოს, ყველაზე მეტად შეესატყვისება უფლის ფერისცვალების უდიდეს მოვლენას. თავის თხემზე იგი სამ ცალკეულ მწვერვალად განიყოფა, რაც მასზე მყოფი მთავარი მოქმედი პირებისათვის ყველაზე შესაფერად მიაჩნიათ: შუათანაზე, ალბათ, თავად იესო იმყოფებოდა, გვერდითა მწვერვალებზე კი - მოსე და ელიაო. მაგრამ ეს სამი მწვერვალი მხოლოდ პოეტის ან მხატვრის ფანტაზიას შეიძლება მოსახერხებელ ადგილად მოეჩვენოს განმხოლოებული ლოცვისათვის და ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის გამოცხადებისა და საუბრისათვის უფალი ესო ქრისტესთან მისი იერუსალიმში ასვლისა და ვნების შესახებ. გარდა ამისა, ერმონის მთა ისეთი რთული რელიეფისაა, რომ მასზე ასვლაც კი დიდ სიძნელეს წარმოადგენს, ხოლო მის თხემზე გაბატონებული მკვეთრი და მუდმივი ძლიერი ქარის გამო შეუძლებელია ადამიანისათვის იქ უხიფათოდ დარჩენა. და საერთოდაც, არის რა დაფარული მარადიული თოვლით, ერმონის მთა, ნაკლებ სავარაუდოა მოსახერხებელი ადგილი ყოფილიყო ღამეული ლოცვისათვის. „მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, - შენიშნავს ბ-ნი ოლესნიცკი, - რომ ფერისცვალების ადგილის გადატანაში ერმონის მთაზე მკვლევარნი მხოლოდ ნატურალისტურ საფუძვლებს ეძიებენ ფერისცვალების თვით ფაქტის ასახსნელად: მათ ესაჭიროებათ სინათლის განსაკუთრებული არეკვლის ადგილი მონახონ, სადაც ადამიანის ფიგურა უჩვეულო ბრწყინვალებას შეიძენდა; ერმონის მთაზე კი ასეთ ბრწყინვალებას ისინი მარადიულ თოვლზე არეკლილ მზის სხივებში ხედავენ. მაგრამ განა ჭეშმარიტი საღმრთო ნათელის გამოვლინებისათვის საჭიროა მსგავსი ან რაიმე სხვა სახის გარემოებანი?! განა უფალ იესო ქრისტესათვის სულ ერთი არ იქნებოდა, რომელ მთაზე ავიდოდა საღმრთო ნათელის გაბრწყინებისათვის, - ამ ვეება ერმონისაზე, თუ სხვაზე, ნაკლებ კოლოსალურზე?“ („წმიდა მიწა“, ტ.II, გვ.433). ეკლესიის წმიდა გადმოცემა უძველესი დროიდანვე თაბორის მთას აღიარებს უფლის საკვირველი ფერისცვალების წმიდა ადგილად (აღსანიშნავია, რომ თაბორის მთაზე დღემდე აღესრულება, ისევე, როგორც მრავალი საუკუნის განმავლობაში, სასწაული: ფერისცვალების დღეს - იულიანურ -მართლმადიდებლური სტილით, მთის თხემი ვეება ღრუბლით იფარება, დაე, თუნდაც გარშემო ღრუბლების ნასახიც არ მოიძევებოდეს მთელს ცარგვალზე! - მთარგმნელი).

„და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (მუხლი 29).

ადა იყო ლოცვასა მას მისსა“; - რაზე ლოცულობდა მაცხოვარი თაბორის მთაზე?ამის შესახებ წმიდა მახარებლები არაფერს გადმოგვცემენ. მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ ჩვენი უფლის იმჟამინდელი ლოცვის საგანი. უშუალოდ თავისი ყოვლადდიდებული ფერისცვალების წინ უფალი იესო საუბრობდა ჯვარზე, თავის მომავალ ვნებებზე და იმაზეც, რომ მისი ყველა მიმდევრისათვის გარდაუვალია ჯვარის ტვირთვა. რაოდენი ღრმა გრძნობა უნდა აღეძრა მაცხოვრის სულში ჯვარის ამგვარ სულიერ განჭვრეტას. ადამიანის ბუნება შეძრწუნდება ხოლმე ტანჯვის მოლოდინში. როგორც კი ესმა პეტრეს ჯვარის შესახებ, მან უმალვე შეპასუხება დაუწყო უფალს. როგორ უნდა შეთავსებოდა საღმრთო დიდება ღრმა დამდაბლებას, უმძიმეს ჯვარის მიერ სატანჯველთ? მაგრამ ეს მხოლოდ კაცობრივი გაცბუნებაა. სულ სხვაა საღმრთო განგებულების მიერი გეგმა კაცთა მოდგმის ხსნის შესახებ. იესო ქრისტე ყოველივეს წინასწარ ჭვრეტდა, - იმასაც, რაც ჯვრამდე იქნებოდა, და იმასაც, რაც ჯვრის შემდეგ უნდა ყოფილიყო. ღმერთის რისხვა მძიმედ აწვა თავს მთელს კაცთა მოდგმას. არანაირი საშუალება არ ჰქონდათ ადამიანებს ღმერთის დამწყალობნებისათვის. ადამიანები ამქვეყნად ტანჯვა-ვაებით განვლიდნენ თავიანთ ცხოვრებას და სიკვდილის შემდეგაც სატანჯველად შთაიგდებოდნენ ჯოჯოხეთად. მაგრამ, აი, მაცხოვარი აზრით სჭვრეტს უკვე აღსრულებად გამოსყიდვასაც მთელი კაცთა მოდგმისა. საკვირველნი და აღურაცხელნია მისი ნებაყოფლობითი სიკვდილის ნაყოფები ცოდვილი კაცთა მოდგმის ხსნისათვის. აწ უკვე სიყვარულში განეცხადება ღმერთი ამა ქვეყანას. რისხვის შვილები საღმრთო მადლის ძეებად შეიქნებიან. სიკვდილი კარგავს თავის საწერტელს. ღმერთის ძის მორწმუნენი სიკვდილისაგან საუკუნო ცხოვრებად გადასახლდებიან. აი, ყოველივე ამაზე ფიქრობდა მაცხოვარი ფერისცვალების წინ და სწორედ ეს შეადგენდა მისი აზრებისა და მოწაფეებთან საუბრების საგანს. მაგრამ იგი თაბორის მთაზეც ლოცულობს. რაზე? - ვინ გულისხმა-ჰყოს მის ლოცვის საიდუმლო? არ არსებობს ლოცვისათვის უფრო მნიშვნელოვანი საგანი, ვიდრე ჯვარია. მაცხოვარი ევედრება ზეციურ მამას ცოდვით აღსავსე კაცობრიობის შერიგების შესახებ თავისი ჯვარისმიერი მსხვერპლშეწირვის გულისთვის, მრისხანების შეცვლის, გაუქმებისა და ცათა განხმის შესახებ ადამიანთათვის.

და უფლის ამ მგზნებარე ლოცვის დროს ყოვლადდიდებული ფერისცვალებაც აღსრულდა. „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაი პირისა მისისაი სხვა“, ანუ მისი პირისახის შესახედაობა შეიცვალა. მახარებელი მათე და მარკოზი გადმოგვცემენ, რომ უფალმა იესო ქრისტემ ფერი იცვალა თავის მოწაფეთა წინაშე (მათე 17,2; მარკოზი 9,2). იგი მათ თავისი ზეციური დიდებით გამოეცხადა: მისი პირისახე მზესავით გაბრწყინდა, ხოლო შესამოსელი თოვლივით სპეტაკი და ელვარე შეექნა. წმიდა მახარებელმა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში უფლის პირისახე ფერცვალებული - მზესავით გაბრწყინებული იხილა. „და პირი მისი, გადმოგვცემს იგი თავის ხილვას. - ვითარცა მზე ბრწყინავს ძალითა თეისითა“ (იოანეს გამოცხადება 1,16). მართალნი მორწმუნენი სწორედ ამ ღვთაებრივ ნათელში სჭვრეტენ უფალს მომავალ საუკუნეში - ახალ იერუსალიმში, ცათა სასუფეველში. „და ქალაქსა მას არა უხმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი“ (გამოცხ. 21,23). მახარებელი ლუკა, რომელიც თავის სახარებას წარმართებისთვის წერდა, არ იყენებს გამოთქმას - „ფერი იცვალა“ („მეტამორფოზა“), ალბათ, იმიტომ, რომ საბაბი არ მიეცა წარმართებისათვის თავიანთი წარმართული სწავლებანი მიესადაგებინათ სახარებისმიერი თხრობისათვის და ეფიქრათ რაღაც გადასახლებებზე, გარდაქმნებსა თუ მეტამორფოზებზე. ამიტომაც ამბობს იგი: „და იყო... ხილვაი პირისა მისისაი სხვა, და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“. ყოვლადდიდებული ღვთაებრივი ნათელი უფლის მხოლოდ პირისახიდან კი არ ვრცელდებოდა, არამედ მთელი მისი ღმერთკაცობრივი ბუნებიდან და სამოსელთაც განაბრწყინებდა, რომელნიც ისეთნი სპეტაკნი შეიქნენ, რომ, მახარებელ მარკოზის თქმით, ამქვეყნად ვერც ერთი მათეთრებელი - „მმკურნვალი“ - ვერ შესძლებდა მათს ასე გათეთრებას (მარკ 9,13). ძველ დროში ადამიანთა შესამოსელი, უმთავრესად ცხვრის მატყლისაგან ნაქსოვი და თეთრი ფერისა იყო. მათი გაწმენდისა და გარეცხვისადგის, ანუ გათეთრებისათვის, როცა ქსოვილს არა მარტო რეცხავდნენ, არამედ საგანგებო მოთელვით აღადგენდნენ კიდეც, სამი დღე იყო საჭირო, ხოლო ჭრელი სამოსისათვის - ერთი დღე. ამ დროს იყენებდნენ საგანგებო მინერალებს, ნივთიერებებს და საპნებს, რომელთა ცუდი, სპეციფიკური სუნის გამო ეს „მმკურნვალნი“, ანუ სამოსლის მათეთრებელნი, განმაახლებელნი, თავიანთ საქმეს ქალაქის გარეთ აკეთებდნენ. იერუსალიმშიც იყო ეგრეთ წოდებული მმკურნვალთა ველი, ქალაქის გალავანს გაღმა, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს (IV მეფეთა 18,17; ესააა 7,3; 36,2). სამოსის გათეთრება-განახლების ხელოვნება განსაკუთრებით მაღალ დონეზე იყო რომაელებში.

„და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია“ (მუხლი 30).

მახარებელი ლუკა თავიდანვე არ მიუთითებს სახელებს და ამბობს, რომ უფალ იესოსთან ორი კაცი გამოცხადდა და ელაპარაკებოდნენ მას. ამით აღნიშნულია მოციქულთა პირველი შთაბეჭდილება, კერძოდ კი ის, რომ თავიდან მათ ვიღაც ორი კაცი დაინახეს, იესოსთან რომ მისულიყვნენ და ესაუბრებოდნენ მას, ხოლო შემდეგ მოსე და ელია წინასწარმეტყველნი შეიცნეს მათში.

„აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს“. გამოთქმა „აჰა ესერა“ მიუთითებს გამოცხადების ანაზდეულობაზე. გამოთქმა - „თანა ზრახვიდეს“ - მოწმობს, რომ მათი საუბარი უკვე დაწყებულიყო და გარკვეულ ხანს გრძელდებოდა, სანამ გამოღვიძებული მოციქულნი ორი კაცის იქ ყოფნას შეამჩნევდნენ. ეტყობა, ლოცვის დამთავრების შემდეგ ისინი შესამოსელში გაეხვივნენ და რულს მიეცნენ, რის გამოც არ დაუნახავთ ორი კაცის გამოჩენა, რომლებიც იყვნენ ძველი აღთქმის დიდი წინასწარმეტყველნი: მოსე და ელია.

როგორ შესძლეს მოციქულებმა ამ ორ გამოცხადებულ კაცში სწორედ მოსე და ელია თეზიბელი შეეცნოთ? ამისთვის სხვადასხვა საშუალებანი შეგვიძლია ვივარაუდოთ. შესაძლოა, მოწაფეებმა მათი სახელები გონების გაცისკროვნების, ანუ საღმრთო გამოცხადების შედეგად ამოიცნეს. იმ საღმრთო ძალამ, რომელმაც მოსე და ელია უხილავი სამყაროდან ფერისცვალების მთაზე გადმოიყვანა, ახლა მოწაფეებს სულიერი თვალიც აღუხილა, და მათ მათი სახელები შეიცნეს. მეორეს მხრივ, შესაძლებელია, რომ მათ ძველი აღთქმის მართალთა ვინაობა იესო ქრისტეს მიერ მათდამი მიმართვის შედეგად შეიცნეს. ყველა შემთხვევაში, აუცილებელი იყო, რომ მოწაფეებს შეეცნოთ ეს ზეციური სტუმრები, რათა მათს სასწაულებრივ გამოცხადებას განეზარდა, თვალსაჩინო გაეხადა უფალ იესოს დიდება და განემტკიცებინა მოწაფეთა რწმენა იმაში, რომ ძველი აღთქმის სჯული და წინასწარმეტყველნი, თავიანთი ყველაზე დიდი ორი წარმომადგენლის - მოსეს და ელია თეზიბელის სახით, მათს უფალს იესო ქრისტეს ემსახურებოდნენ. სწორედ ამისთვის გამოცხადდნენ თაბორის მთაზე უფალთან საკუთრივ მოსე და ელია წინასწარმეტყველი, რადგან მოსე იყო ებრაელი ერის სჯულისმდებელი, ხოლო ელია ძველი აღთქმის საღმრთთ სჯულის ყველაზე დიდი მოშურნე და გულმოდგინე აღმსრულებელი.

„რომელნი გამოჩნდეს დიდებით“ (მუხლი 31).

მოსე და ელია დიდებით გამოჩნდნენ, საღმრთო დიდებაში გამოცხადდნენ უფალ იესოსთან, ანუ იმ ნათლით მოსილი, გაბრწყინებული სახით, როგორითაც ღმერთის მიერ განდიდებული წმიდანები ცათა შინა იმყოფებიან და ზოგჯერ ამქვეყნადაც ევლინებიან ადამიანებს მათთვის საღმრთო ნების საუწყებლად. შესაძლოა, მოსე და ელია იმ ნათელით იყვნენ განათლებულნი, რომელსაც ფერცვალებული უფალი გამოაბრწყინვებდა, მსგავსად იმისა, როგორადაც ძველი აღთქმის წიგნები - სჯული და წინასწარმეტყველნი ირეკლავენ და წინათგამოსახავენ მომავალ დიდებას ქრისტესი, რომელიც ადამიანთა გამოსასყიდად და საცხოვნებლად მოევლინა ამა ქვეყანას. ხოლო რადგანაც ფერისცვალება წინასახედ ემსახურებოდა უფლის მეორედ დიდებით მოსვლას განკითხვის საშინელი დღისათვის, ამდენად მოსე განიდიდა კიდეც თაბორის მთაზე როგორც, თითქოსდა, მომკვდარ მართალთა წარმომადგენელი, ხოლო ელია თეზიბელი, როგორც ცოცხალთა წარმომადგენელი, რომელთა სხეულები უფლის მეორედ მოსვლისას, ქვეყნის დასასრულის ჟამს, მეყსა შინა შეიცვლებიან და მკვდრეთით აღმდგარ შესვენებულებთან ერთად ცხოველთა და მკვდართა მსაჯულს - უფალ იესო ქრისტეს წარუდგებიან განსასჯელად.

„და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს“ (მუხლი 31).

მოსე და ელია უფალს მისი ამაქვეყნიდან განსვლის შესახებ ესაუბრებოდნენ, რაც მას იერუსალიმში უნდა აღესრულებინა, ანუ მის მომავალ ვნებებზე, ჯვარზე სიკვდილზე და შემდგომ მკვდრეთით აღდგომაზე. როცა მანამდე რამდენიმე დღით (ერთი კვირით) ადრე უფალი იესო თავის მოწაფეებს ელაპარაკებოდა თავისი მოახლოებული ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის შესახებ, მაშინ პეტრემ შეპასუხება დაუწყო მას და უთხრა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე!“(მათე 16,22). ახლა კი ძველი აღთქმის ორი უმთავრესი წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს მისი ამა ქვეყნიდან განსვლის - ვნებისა და სიკვდილის შესახებ ესაუბრებიან, რაც უფალს იერუსალიმში უნდა აღესრულებინა. „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთვის დაწერა. უკუეთუ მისთა წიგნთა არა გრწამს, ჩემთასიტყვათაი ვითარ-მე გრწმენეს?“ - ეუბნებოდა უფალი იესო თავის მოწინააღმდეგე იუდეველებს (იოანე 5,46-47). წინასწარმეტყველი მოსე იესო ქრისტეს შესახებ წერდა, რომელიც ამქვეყნად მოივლინა, რათა, ერთის მხრივ, სჯული აღესრულებინა, ხოლო მეორეს მხრივ - თავის თავზე მიეღო სჯულისმიერი წყევლა (გალატ. 3,13), რათა ჯვარზე აღემაღლებინა ადამიანთა წყევა-შეჩვენება და ჯვარისმიერი სიკვდილით დაეხია, განექარვებინა ხელით-წერილი ჩვენი ცოდვებისა. ელია თეზიბელმა, ვითარცა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წარმომადგენელმა, დაამოწმა უფლის ვნებათა მოახლოება, რომელთა შესახებაც წინასწარმეტყველნი იუწყებოდენ. ამგვარად, უფალ იესო ქრისტეს ყოვლადდიდებული ფერისცვალების დროს მოსე და ელია მაცხოვრის მომავალი, ჯვარზე საშინელი სიკვდილის შესახებ ლაპარაკობდნენ.

„ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი“ (მუხლი 32).

მიუხედავად იმისა, რომ თაბორის მთის თხემზე, გარემომცველი ბუნების მდუმარებაში, ყველაზე შესაფერი და ადვილი იყო ლოცვის აღვლენა, მოწაფეებმა მაინც ვერ შეძლეს ბოლომდე გაენაწილებინათ იგი უფალთან ერთად და ძილის მომძლავრებას დაუთმეს, რომელიც, როგორც სამართლიანად შენიშნავენ, სწორედ ლოცვისას მოეძალება ხოლმე ადამიანს და სწორედ მაშინ შეიპყრობს მას, როცა რაიმე მიზეზით ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე. თუმცა მოწაფეებს მხოლოდ დასაწყისი არ უხილავთ ფერისცვალებისა. მაცხოვრის საუბარისას მასთან გამოცხადებულ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან მათ გამოეღვიძათ და დაინახეს და მოისმინეს ყოველივე.

„გან-რაი-იღვიძეს, იხილეს დიდებაი მისი, და ორნი კაცნი, მის თანა- მდგომარენი“.

გარეგანი მოწმობის გარეშე, მხოლოდ გულით იცნეს მოციქულებმა ეს ზეციური მკვიდრნი მათი განდიდებული იერსახითა და სულიერ თვისებათა აშკარა ანაბეჭდით. მაგრამ ისინი უკვე განსასვლელად ემზადებოდნენ. რა მცირე ხანს ჭვრეტდენ მოწაფეები თავიანთ ღვთაებრივ მოძღვარს, ამ ზეციურ მკვიდრთა თანა მოსაუბრეს! რა საკვირველი, სასწაულებრივი სახილველი იყო ეს! უფალი იესო ქრისტე მთელი თავისი საღმრთო დიდებით იდგა მათ წინაშე, მოსე და ელიაც ასევე საღმრთო დიდებით იყვნენ მოსილნი, რომელიც მისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ასევე დიდად მშვენიერი იყო. ახლა უკვე ცხადი იყო მონების განსხვავება უფლისაგან. წინასწარმეტყველი ელია სწორედ იმისთვის გამოცხადდა აქ, რომ მოძღვარი ელიად არ მიეჩნიათ. მოსეც იმისთვის იყო აქ, რომ იესოს არასდროს არ დაურღვევია მისი სჯული, როგორც ამაში იუდეველნი ადანაშაულებდნენ. მაგრამ მოციქულებს ყოველივე ეს ჯერ კიდევ არა აქვთ შემეცნებული. ეს იმ წინადადებიდან ჩანს, რომელიც მოციქულმა პეტრემ შესთავაზა უფალს, როცა დაინახა, რომ ზეციური მართალნი უფალთან განსაშორებლად განემზადნენ.

„და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“ (მუხლი 33).

რისთვის მიდიან ზეცის მკვიდრნი? აქ, ამ მთაზე ხომ ასე კარგია! ნუ წავლენ სამ კარავში თქვენ კარგად მოთავსდებით (საკუთარი თავისა და სხვა მოციქულების შესახებ პეტრე დაიდუმებს) აქ უხიფათოც იქნება ყოფნა და ღვთაებრივადსასიამოვნოც! რამეთუ, როგორც მახარებელი შენიშნავს, პეტრემ არ იცოდა, რას ამბობდა.

მან ჯერ არ იცოდა, რომ ფერცვალებული უფლის გვერდით მუდმივი ყოფნისათვის აუცილებელი იყო მისი მკედრეთით აღდგომის შეცნობა და შემდგომ ნებაყოფლობითი მონაწილეობა მის ტანჯვაში, სატანჯველთა მიღება, „თანა-ხატ-ყოფა“ მისი სიკვდილისადმი (ფილიპ. 3,10). ნეტარი თეოფილაქტე, ამ ტექსტის განმარტებისას შემდეგს ამბობს: „პეტრე ამბობს: კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, მას ეგონა, რომ უკვე დადგა ქვეყნის დასასრული და იესოს მეუფება. მაგრამ მან არ იცოდა, რას ამბობდა; რამეთუ მაშინ ჯერ არ დამდგარიყო ქვეყნის დასასრული და ჯერ არ მოსულიყო ღმერთის სუფევისა და იმ სიკეთეებით ტკბობის დღე, რომლებსაც წმიდანნი მიაღწევენ. პეტრემ თქვა: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ - იმიტომაც, რომ ეშინოდა ქრისტეს მომავალი ჯვარცმისა. მას სმენოდა იესო ქრისტესაგან, რომ უნდა მოკვდინებულიყო და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო. ამიტომაც თქვა ასე, თითქოსდა ამგვარად იტყვისო: ნუ ჩავალთ ამ მთიდან, აქ დავრჩეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯვარი და ვნება; და თუკი იუდეველნი მოგვიხდებიან აქ, ჩვენ გვყავს შემწედ ელია, რომელმაც ციდან ცეცხლი გარდამოავლინა და მის შესაპყრობად მოსული მეომრები მოწყვიდა; აქვე გვყავს შემწედ მოსე, რომელმაც ესოდენ და ასე ძლიერი ხალხი დაამარცხა. ეს თქვა პეტრემ, რამეთუ „არა იცოდა, რასა იტყოდა“. რამეთუ მას ეგონა, რომ ჯვარი არის რაღაც უაღრესად ძნელი და ცუდი; ხოლო ამიტომ სურდა რა თავიდან აეცილებინა იგი, თქვა კიდეც ასე: ხოლო უფალს სწყუროდა ჯვარცმულიყო, რადგან სხვაგვარად არ იქნებოდა ადამიანთა ხსნა“.

„და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას“ (მუხლი 34).

როცა მოციქული პეტრე სამი ტალავრის - კარვის დადგმას სთავაზობდა უფალ იესოს აქ, თაბორის მთაზე, უფალმა ანაზდად შექმნა ხელთუქმნელი კარავი: საკვირველი, ნათლით მოსილი ღრუბელი დაადგრა მათ თავს, ისეთი, რომელიც ცხადად მიუთითებდა მამა-ღმერთის იქ მყოფობაზე. ძველ აღდქმაში საკვირველი ღრუბელი სიმბოლო ანუ ნიში იყო ხოლმე ღვთაების განსაკუთრებული მუნმყოფობისა; კერძოდ, მუქი ღრუბელი მიანიშნებდა ღმერთის რისხვაზე ადამიანთა უკეთურებისათვის (გამოსვლათა 24,18; 19,18); ხოლო ნათელი ღრუბელი მოწყალე ღმერთის მუნმყოფობას მოასწავებდა. ამგვარი ღრუბლით (შეჰინად წოდებულით) „აღივსო ტაძარი იგი უფლისაი. და ვერ დგეს მღვდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი“ (III მეფეთა 8,10-11; შდრ. იეზეკ. 1,4; 10,4). ნეტარი თეოფილაქტე ამბობს: როგორადაც ძველ აღთქმაში (საკვირველი) ღრუბელი თავის თავში ღმერთს შეიცავდა, და მოსეც მასში შედიოდა და ამგვარად მიიღებდა საღმრთო სჯულს, ასევე ახლაც ღრუბელმა ქრისტე მოიცვა, და ბნელმა კი არა, ნათლით მოსილმა ღრუბელმა, რამეთუ განქარვებულიყო სჯულის ჩრდილი და უცნობლობის წყვდიადი; რამეთუ ჭეშმარიტება მოსულიყო ქვეყნად და უფლის მადლი გაბრწყინებულიყო, და ამიტომ ახლაც არაფერია ბნელი“. ეს ნათელი ღრუბელი, ალბათ, თანდათანობით ეშვებოდა და მოიცავდა მათ: „და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას“.

„და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ“ (მუხლი 35).

როგორადაც ძველ აღთქმაში ღრუბლიდან ღმერთის ხმა ისმოდა, ასვვე ახლაც აქ, ფერისცვალების მთაზე გაისმა ხმა, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი“. ეს ხმა, წარმოთქმული ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველის თანდასწრებით, მოწმობდა იესო ქრისტეს უმაგალითო დიდებაზე. არც მოსე და არც ელია არ წოდებულან ძეებად, არამედ მხოლოდ მსახურებად. ღმერთის ჭეშმარიტი მხოლოდშობილი ძე არის ოდენ იესო ქრისტე, უფალი და მაცხოვარი ჩვენი. ამრიგად, თავად ზეციური მამა-ღმერთი მოწმობდა იესო ქრისტეს შესახებ: ესე არს ძე ჩემი საყვარელიო. უფლის ყოვლადდიდებული ფერიცვალების თვითმხილველი მოწმე მოციქული პეტრე წერს: „რამეთუ მოიღო (უფალმა იესო ქრისტემ) ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შვენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. და ესე ხმაი ჩვენ გვესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაი ვიყვენით მთასა მას წმიდასა“ (I პეტრე 1,17-18).

„ამისი ისმინეთ!“ - იესო ქრისტეს მოვლინებამდე ადამიანთა ზნეობრივი ცხოვრების წინამძღვარნი სჯული და წინასწარმეტყველნი იყვნენ. ახლა თავად ღმერთმა დაამოწმა მოსესა და ელიას - სჯულისა და წინასწარმეტყველთა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომ ამქვეყნად განხორციელებული, განკაცებული ძე ღმრთისა გამოცხადდა, რომლისაც ყველამ, ვისაც კი საუკუნო ცხოვნების მოპოვება სურს, უნდა ისმინოს.

„ამისი ისმინეთ“ - იგი განგიცხადებთ თქვენ მოსეს სჯულისა და წინასწარ-მეტყველთა ჭეშმარიტ მნიშვნელობას: იგი გამცნებთ თქვენ ახალ სრულყოფილ მოძღვრებას, რომლის აღსრულებითაც თქვენ საუკუნო ცხოვნებას მოიპოვებთ. მოსე ამბობს: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე მე მისი. იხმინეთ მსგავსად ყოვლისა მის“ (II სჯული 18,15). მისი ისმინეთ განსაკუთრებით ახლა, როცა იგი იერუსალიმში თავისი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის შესახებ ლაპარაკობს იმიტომ, რომ სწრრედ ამით აღსრულდება კაცთა მოდგმის ხსნა.

„და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ“ (მუხლი 36).

ამრიგად, მოციქულებმა ცხადად დაინახეს და მოისმინეს, რომ მამა-ღმერთის ზეციდან გახმიანებული ხმა არ განეკუთვნებოდა არც მოსეს და არც, მითუმეტეს, ელიას. ისინი ანაზდეულად მიეფარნენ თვალს. იესო მარტო დატოვეს და ღმერთის ძეობის დიდება იმას დაუტოვეს, ვისაც იგი ეკუთვნოდა კიდეც არსისმიერად. ამაში შეუძლებელია იმ გარემოების არდანახვა, თუ როგორ ზრუნავს ზეციური მამა მასზედ, რომ ადამიანებმა მისი ღვთაებრივი ძე შეიმეცნონ.

„და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს“ (მუხლი 36).

ასე მოიქცნენ ისინი უფლის ბრძანებით, რომელმაც მთიდან დაშვებისას უთხრა მათ: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაი მკვდრეთით აღდგეს“ (მათე 17,9). ხოლო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქადაგება მისი ფერისცვალების შესახებ არა მხოლოდ ზეპირად გადაეცემოდა, არამედ სახარებაშიც იქნა ჩაწერილი. მოციქული პეტრე თავის ეპისტოლეებში საგანგებოდ მიუთითებს მასზე, როგორც განსაკუთრებულ მოწმობაზე ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს ღმრთაების შესახებ. იგი ამბობს: „არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქვენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაი, არამედ თვითმხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა. რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შვენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. და ესე ხმაი ჩვენ გვესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაი ვიყვენით მთასა მას წმიდასა“ - თაბორისასაო (II პეტრე 1,16-18).

 

II. რას გვასწავლის ეს ხარება მაცხოვრის ყოვლადდიდებული ფერისცვალების შესახებ?

ა) პირველ ყოვლისა იბადება კითხვა: რისთვის ინება უფალმა ასე არაჩვეულებრივად და ასე საზეიმოდ გამოეცხადებინა თავისი საღმრთო დიდება თავისი ქვეყნიური ცხოვრების დროს, ხორცთა შინა მყოფს, მაშინ, როდესაც მისი მოვლინების მიზანი იყო არა განდიდება, არამედ თავის დამდაბლება, ტანჯვა და სიკვდილი? რატომ განაცხადებს იგი თავის საღმრთო დიდებას მხოლოდ რჩეული მოწაფეების წინაშე, რომელთაც უამისოდაც სწამდათ იგი და აღიარებდნენ მას ქრისტედ - ძედ ღმრთისა ცხოველისა? - იმისთვის, რომ,- როგორც წმიდა ეკლესია განმარტავს, - იხილავდნენ რა მას ჯვარცმულს, გულისხმა-ეყოთ, რომ მისი ვნება ნებაყოფლობითი იყო, და მთელი ქვეყნიერებისათვის ექადაგათ შემდგომ, რომ იგი არის ბრწყინვალება ზეციური მამა-ღმერთისა.

ქრისტეს მოწაფეთა რწმენას წინ დიდი გამოცდა მოელოდა: ახლოვდებოდა დრო, როცა სატანა ეკვეთებოდა მათ, დააბრკოლებდა უფლის შეპყრობისა და შეურაცხყოფის, ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის გამო, და ამიტომ თავად უფალიც ილოცებდა თავისი რჩეული მოწაფეებისათვის, რათა არ მოკლებულიყო მათი რწმენა.

ამდენად, ჯერ-იყო უფალს თავისი ღმრთაების უეჭველი მოწმობით განემტკიცებინა მათი რწმენა თავისი დიდების აშკარა, თვალსაჩინო გამოცხადებით და თვით ზეციური მამის უცხადესი მოწმობით დაემტკიცებინა მათთვის, რომ ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი და საყვარელი იყო; ჯერ-იყო ეჩვენებინა მათთვის რომ ეს ღვთაებრივი დიდება არათუ სულ არ მცირდება, არამედ პირიქით - უაღმატებულესი ხდება მისი ჯვარის ძალით; ჯერ იყო განეხვნა მათთვის თუნდაც კიდე იმ ფარდისა, რომლის მიღმაც დაფარულია ჩვენგან მომავალი საუკუნო ცხოვრება, რათა მათი ყველა ქვეყნიური ოცნებები და ყველა ამაო შიში განქარვებულიყო.

და ის, რაც ქრისტეს პირველ მოწაფეებს ესაჭიროებოდათ იმჟამად, იგივე არანაკლებად ესაჭიროებათ ქრისტეს მიმდევრებს ყოველთვის, ყველა დროში. ქრისტეს მოწაფეთა რწმენას ყოველთვის არამცირედი განსაცდელი მოელის, ამიტომ მათ ყოველთვისვე ესაჭიროებათ თავიანთი რწმენის მადლისმიერი განმტკიცება. სატანა ახლაც, როგორც ყოველთვის, გულმოდგინედ ცდილობს ამ საცთურთა დათესვას, ვითარცა იფქლისა. ახლაც ბევრნი არიან ურწმუნოებით დაბრმავებული მწიგნობრები, რომელთაც იესო ქრისტეს დამდაბლებული მდგომარეობა აცთუნებთ და ამბობენ: „ანუ არა ესე არსა ხუროისა მის - იოსების ძე და დედაი მისი მარიამ?“ როცა ამას გაიძახიან, მათ არ სურთ იესოში ღმერთის ჭეშმარიტი ძე დაინახონ, მხოლოდშობილი მამისაგან. ახლაც არიან, აგრეთვე, გრძნობიერობაში შთაფლული სადუკეველები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ არ არსებობს არც მკვდრეთით აღდგომა, არც ანგელოზნი და არც სული. სწორედ ამისთვის გადმოსცეს წმიდა მახარებლებმა ამბავი თაბორის მთის ამ დიდებული მოვლენის შესახებ, ხოლო ეკლესიამ სამარადჟამოდ აღბეჭდა იგი განსაკუთრებული უდიდესი დღესასწაულობით, რათა თაბორის საღმრთო დიდების ნათელი ცხადად განაბრწყინებდეს ჩვენს წინაშე ჩვენი გამომსყიდველის ღვთაებრივ დიდებასაც და ჩვენს მომავალ განდიდებასაც მასში და მის მიერ.

ბ) კვალად, აწინდელი სახარებიდან ჩვენ შევიმეცნებთ ლოცვის ძალას (მუხლი 29). ლოცვის დროს და ლოცვის ძალით იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ლოცვა ჭეშმარიტად საკვირველ ფერისცვალებათ იწვევს ადამიანებში. გავიხსენოთ ძველი აღთქმის დიდი მლოცველები. აი, მართალი ენუქი ლოცვათა ძალით ცოცხლად იქნა აღყვანილი ზეცად. ანდა, აი, წინასწარმეტყველი მოსე, ღმერთის ერთგული მონა, ლოცვისათვის ღირს-იქმნა სასწაულთმოქმედების ნიჭისა და იმისაც, რომ ღმერთთან საუბრით მიეღო მისგან საღმრთო დიდების ანარეკლი თავის პირისახეზეც. ასევე წინასწარმეტყველი ელიაც ლოცვის ძალით დახშავდა ზეცას და განახვნიდა, და იგიც ცოცხლივ ქნა აღტაცებული ზეცად. ჩვენ დროც არ გვეყოფოდა ძველი დროისა თუ ახალი დროის ყველა დიდ მლოცველზე მიგვეთითებინა, რომლებშიც წრფელი ლოცვა საკვირველ გარდაქმნას, ფერისცვალებას იწვევდა. და ნუთუ შენ არ შეგინიშნავს, ჰოი, საყვარელო ძმაო, საკუთარ თავში ლოცვის განსაკუთრებული ძალა და ქმედება? განა შენც უმჯობესისკენ არ შეგიცვლიდა ფერს? თუკი არ შეგინიშნავს, იცოდე, რომ ჯერ არც გილოცია ნამდვილად! სხვა საქმეა ჭეშმარიტი ლოცვა, და სულ სხვა - მლოცველის სახის მიღება. ხშირად ჩვენ უსულგულოდ ვლოცულობთ, ოდენ გარეგნულად. ეს არ არის ლოცვა. მოიკრიბე შენი სულის ყველა ძალა და სხეულთან ერთად აიძულე თავი ილოცო და სულ მალე დაინახავ საკვირველ ცვალებას საკუთარ თავში. სული დაგიმძიმდა? - ლოცვად დადექ, და არაამქვეყნიური სიხარული მოგიცავს, მადლმოსილი ნაპერწკალი გაგინათებს და განგითბობს გულს, - და ეს იქნება შენი ფერისცვალება უმჯობესისაკენ. ანდა რისხვამ შეგიპყრო? - კვლავაც ლოცვად დადექ და სულის ყველა ძალებით ილოცე. და მალე მშვიდობა დამყარდება შენს სულში, და შენ ფერისცვალებას შეიგრძნობ მასში. ილოცე გულმოდგინედ, ილოცე განუწყვეტლივ, და ცვლილებანი უმჯობესისაკენ ცხადად საცნაური გახდება შენთვის.

გ) თავისი ყოვლადდიდებული ფერისცვალების წინ უფალი ჯვარის შესახებ ესაუბრება თავის მოწაფეებს. თვით თაბორის მთაზეც იგი ჯვარისთვის ლოცულობს. ასევე ჯვარი იყო ფერცვალებული მაცხოვრის საუბრის საგანი ზეციურ მკვიდრთა თანა (მუხლი 31). ამით ჩვენ გულისხმა-ვჰყოფთ, თუ რა მნიშვნელობას შეიცავს თავის თავში ჯვარი: ცხადია, რომ სამყაროში არაფერია ქრისტეს ჯვარზე უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული ჩვენთვის. მასშია ჩვენი ცხოვნების სასოება. მასზეა მიმსჭვალული ჩვენი ყველა ცოდვა. მასზე განირთხა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ყოვლადწმიდა ხელნი, რათა ყველასთვის თავასკენ მოეწოდებინა. ჯვარით განგვეღო ჩვენ სამოთხის სამეუფო კარნი. ჯვარით იქნა შემუსრვილი ამა ქვეყნის მთავრის - წყვდიადის მპყრობელის - ეშმაკის ხელმწიფება. ჯვარის ძალით მივიღეთ ჩვენ უფლება ვიყოთ ღმერთის შვილები, მისნი თვისნი. ჯვარით აღჭურვილნი, ჩვენ ძალმოსილად აღვუდგებით წინ ჩვენი ცხოვნების მტრებს. ეს არის ღმერთის ნიში, უსასყიდლოდ მონიჭებული ყველასთვის, ყოველგვარი დაშვრომის გარეშე. მაგრამ თუკი უფალმა თავის ჯვარს დაუკავშირა გზა დიდებისაკენ, ამით ჩვენც ყველას მიგვითითა,რომ ჯვარის გარეშე არ არსებობს ცხოვნების, საუკუნო დიდების მიღწევის სასოება. „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათე 16,24) - თქვა უფალმა იესომ. მისი შედგომა ნიშნავს მის - მოწაფედ, მიმდევრად ყოფნას, წოდებას მისი სახელით. უფალი მიგვითითებს იმ პირობაზეც, რომლის ძალითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქრისტეს მოწაფე გახდეს: ესაა ჯვარის აღება, ტვირთვა და მის კვალად შედგომა. როგორია, რა არის ეს ჯვარი, რომელიც ქრისტეს ყველა მიმდევარმა, თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იტვირთოს? - მისი პირველსახეა ქრისტეს ჯვარი. ჩვენი ჯვრები მხოლოდ მსგავსებანი არიან ამ მაცხოვნებელი ნიშისა. თითოეულ ჩვენგანს თავისი ჯვარი ეძლევა. და ერთნაირნიც როდია ჩვენი ჯვრები, მაგრამ მსუბუქი, იოლად სატარებელი ჯვარი არც ერთი არ არის. დაე, ნურავინ ნუ დაიმშვიდებს თავს იმ აზრით, რომ თითქოს, ჯვარის ტვირთვა შესაძლებელი იყოს დაშვრომის გარეშე. „სასუფეველი ცათაი იიძულების (ძალით აღიღების), და რომელნი აიძულებდენ (ძალ-ღონეს არ იშურებდნენ), მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11,12). მაგრამ ნებაყოფლობით ამორჩეული, დაე, თუნდაც სამძიმო იყოს, მაინც საამო და სასურველია გულისთვის. შეიყვარე ჯვარის ტარება და ნახავ, რომ ეს სასიამოვნო შრომაა, შეზავებული სიხარულით განმსჭვალულ გრძნობასთან ჯვარისმტვირთველი ქრისტეს სიახლოვის გამო. ნუ შეგეშინდება შენი ჯვარის სიმძიმის ქვეშ დავარდნისა! თუკი შენ უქრისტეოდ იტვირთავ და ატარებ მას, იცოდე, რომ ვერ შეიძლებ ამას, ფეხი წაგიცდება და დაეცემი. და ჩვენი ბედნიერებაც სწორედ იმაშია, რომ დიდი ღვთაებრივი ჯვარისმტვირთველი გვიმსუბუქებს ჩვენი ჯვრების სიმძიმეს. თავად უფალი მოგვიწოდებს ჩვენ, ყველა მტვირთველს მისი ჯვარისა და გვანუგეშებს: „მოვედით ჩემდა ტვირთმძიმენო და მაშვრალნო, და მე განგისვენო თქვენ“. იგი თავისი მშვიდი ხმით მარადის მოგვიწოდებს თავისთან ამ სიტყვებით. და მისი ეს მომწოდებელი ხმა ყველა მის ჭეშმარიტ მოწაფესა და მიმდევარს ესმის, რომელნიც ქრისტეს ჯვარის სიმძიმის ქვეშ დაშვრებიან.

დ) თაბორის მთაზე ზეციური მამა ღმერთის ხმა გაისმა ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, ამისი ისმინეთ!“ (მუხლი 35). ამით მამა ღმერთმა ჩვენ მცნებად დაგვიდო, მარადის ვისმენდეთ უფალ იესოსას, ყოველივეში ვემორჩილებოდეთ მას, რაც კი მან გვამცნო და გვასწავლა. თავად ძე ღმრთისა, უფალი იესო ქრისტე მოითხოვს თავის მოწაფეთაგან სრულს მორჩილებას: „ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისა, რაითა ყოველი, რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ (იოანე 6,40), და „მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6). ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტეს რწმენის გარეშე არავის ძალუძს ცხოვნდეს - საუკუნო ცხოვრება მიიღოს. მაგრამ მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი. აუცილებელია, აგრეთვე, ძის ნების აღსრულება - მისი მცნებების დაცვა. იგი თავადვე გვეუბნება ამის შესახებ: „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე 7,21). და „რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?“ (ლუკა 6,46). ხოლო ყოველ იმ მორწმუნეს, რომელიც ისმენს მის სიტყვას და აღასრულებს მის მცნებებს, უფალი ამგავსებს „კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი კლდესა ზედა: და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკვეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“ (მათე 7,24-25). ღმერთის სიტყვის, უფალ იესოს მოძღვრებისა და მცნებების მსმენელთ და აღმასრულებელთ იგი ნეტარ ადამიანებად ხმობს (ლუკა 11,28). „დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყვაი ღმრთისაი ისმინონ და ყონ იგი“(ლუკა 8,21), - ამბობს მაცხოვარი. ცხადია, რომ უფალი, პირველ ყოვლისა, რწმენასა და მორჩილებას მოითხოვს ჩვენგან - გწამდეს უფალი იესო ქრისტე და თაყვანი ეცი მას! - გვასწავლის წმიდა ეკლესია. - და დაიმარხე მისნი მცნებანი. ეს უკანასკნელი შემდეგს ნიშნავს: ჩვენ ისე უნდა მივმართოთ ჩვენი ნება, რომ იგი არაფერში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უფლის ნებას, უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს მიერ და არასდროს არ უნდა ვდრტვინავდეთ, რომ ეს - ძნელია. გამოსცადე, და შეიტყობ, რომ ქრისტეს მიერ, ქრისტეში ცხოვრება სულისათვის მაცხოვნებელია, და არათუ მძიმეა შენთვის, არამედ - სასიხარულოც. ვინც საკუთარ თავს ჩაჰკვირვებია, მას ადვილად ექნება შენიშნული, რომ ბოროტისაკენ მიდრეკილი ნება გონებასაც აღძრავს ცოდვისმიერ ქმედებათა მოსაწონებლად და გასამართლებლად. და აი, საკუთარ თავს, ოდენ თავის ნებას მინდობილი ადამიანი იბნევა, შეცთომილებებლში ვარდება და აღურაცხელ ცოდვებს სჩადის. და პირიქით, ყოველთა, რომელთაც გადაუწყვეტიათ ქრისტეს მიერ იცხოვრონ, თავისთვის ცხოვრების სახელმძღვანელო წესები აქვთ, ზედმიწევნით ზუსტად მოცემული ცხად და უცვალებელ საღმრთო მცნებებში. რომელ კაცობრივ გონებას შეეძლო ესევითარ წესთა მოგონება? მხოლოდ უზენაესი და უსრულყოფილესი საღმრთო გონება შეიძლებოდა ასეთი სჯ ულისმდებელი ყოფილიყო. მან ხომ სრულყოფილად იცის ადამიანის ბუნებაც. უფალ ღმერთს არაფერი ასეთი არ მოუცია ადამიანისათვის თავის საღმრთო მცნებებში, რომლებიც აღმატებულნი იქნებოდნენ მის ძალებზე და შეუძლებელნი აღსრულებისათვის. საღმრთო მადლი ძალებს ანიჭებს ადამიანს ამ მცნებათა აღსრულებისათვის. რამეთუ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თავად ღმერთი შეგვეწევა მისი მცნებების დამარხვაში. საღმრთო მადლი უხილავად მისდრეკს ადამიანის ნებას ღმერთის ნებისადმი მორჩილებისაკენ. და მაშინ ადამიანის სულშიც მშვიდობა და სიხარული ისადგურებს სულიწმიდისა მიერ (რომ. 14,17). და ჭეშმარიტად იგი ქრისტეში, ქრისტეს მიერ იწყებს ცხოვრებას, და უკვე თავად ქრისტე მოქმედებს მასში. სწორედ ეს არის ჭქშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, ანუ იმ ადამიანისა, ვინც ნამდვილად უფალ იესო ქრისტეს მონაა.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „სადღესასწაულო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2002 წ.