მე-6 კვირა აღდგომიდან, ბრმისა
სახარება იოანესაგან (9, 1-38)

„1. და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან. 2. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა? 3. ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა. 4. და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ. 5. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი. 6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თვალთა მის ბრმისათა 7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა. 8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? 9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ. 10. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? 11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქვიან იესუ, თიხაი შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ. 12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი. 13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიხაი შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი. 14. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაი იყო. 15. კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიხაი დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ. 16. იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ხელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაი იყო მათ შორის. 17. ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო: შენ რასა იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს. 18. არა ჰრწმენა ჰურიათა მისთვის, ვითარმედ ბრმაი იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა, 19. ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძე იგი თქუენი, რომელისაი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაი იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს? 20. მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძე ჩუენი და რამეთუ ბრმაი იშვა. 21. ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თვისისათვის იტყოდენ. 22. ამისთვის ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაითა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განხადონ იგი. 23. ამისთვის თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ. 24. მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაი ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს. 25. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაი ვიყავ და აწ ვხედავ. 26. მერმე ჰრქუეს მას: რაი გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი? 27. მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაისაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა? 28. ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ. 29. უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაი არს. 30. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკვირველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაი არს, და მე აღმიხილნა თუალნი. 31. ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან. 32. საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი. 33. უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ. 34. მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განხადეს იგი გარე. 35. ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაი? 36. მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაითა მრწმენეს იგი? 37. ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყვის შენ თანა, იგი არს. 38. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.“

 

I. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ შობიდანვე ბრმა კაცის განკურნვისა და იმ გარემოებათა ამბავი, რაც თან სდევდა ამ სასწაულს. საკითხავი გვიჩვენებს, თუ, საღმრთო მადლით, როგორ საკვირველად აღიხილავენ თვალთ ბრმანი, და ამავე დროს, თუ როგორ არიან ცოდვებს დაქვემდებარებული ადამიანები - ბრმანი სულიერად მაშინ, როცა ხორციელი თვალით ხედავენ.

„და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა?“ (მუხლები 1-2).

საიდან იცოდნენ მოწაფეებმა, რომ ეს კაცი ბრმა იშვა?საქმე, ალბათ, მარტივადაა: სავარაუდოა, რომ ეს ძალზე ცნობილი ბრმა მათხოვარი იყო მთელს იერუსალიმში, რომლის ამბავიც ბევრმა იცოდა (მუხლი 8), რადგან თვითონვე გაჰყვიროდა საკუთარ უბედურებას, რათა სიბრალული გამოეწვია გამვლელებში და მოწყალება მიეღო მათგან. ამ ბრმის უაღრესი უბედურებით შეშფოთებული მოწაფეები ეკითხებიან თავიანთ მოძღვარს მისი მდგომარეობის მიზეზს: ვინ შესცოდა - ამან თუ მისმა მშობლებმა, რაკი იგი ბრმა იშვაო.

ყველა იუდეველი ნებისმიერ სნეულებას უყურებდა როგორც რომელიმე ცოდვის უშუალო და გარდაუვალ შედეგს. შესაძლოა, მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ ამგვარ შეხედულებას თვით მაცხოვრის სიტყვები ამტკიცებდნენ, ნათქვამნი განრღვეულთა მიმართ, როდესაც მან იერუსალიმში, ცხოვართა საბანელთან და კაპერნაუმში განკურნა ისინი („აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ - იოანე 5,14). და ამიტომაც ეკითხებიან უფალს - ვინ არის დამნაშავე ამ კაცის ამგვარი მძიმე მდგომარეობისათვის, ვისი ცოდვისთვის ისჯება იგი - საკუთარისა თუ მშობლებისა, რაკი ბრმადვე იშვაო.

მოწაფეებმა იმის გამოც დაუსვეს ეს შეკითხვა უფალს, რომ ფარისეველთა შეხედულებით, არსებობდა სულთა გადასახლება, და რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სხვა სხეულში შედიოდა ცოდვათა განსაწმედელად. ამგვარი ცრუ შეხედულების არსებობის გამო მოწაფენიც, შესაძლოა, ფიქრობდნენ: ხომ არ იყო ეს კაცი უწინდელი შობისას თვალხილული, მაგრამ რაკი შესცოდა თავის წინანდელ ცხოვრებასა და სხეულში, ამის სასჯელად ხომ არ იშვა ბრმად ამ უკანასკნელი შობისას, რათა დასჯილიყო და თავისი თავდაპირველი ცოდვებისაგან განწმედილიყო? ასეთი ცრუ შეხედულება ისრაელიანთა შორის გამოხატული იყო ანდაზით: „მკუხე ყურძენს მამები ჭამდნენ, კბილები კი შვილთ ეკვეთებოდათო“. ამიტომაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანი აწინდელ ცხოვრებაში მხოლოდ თავისი ცოდვებისათვის კი არ ისჯება, არამედ თავიანთი მშობლების ცოდვებისათვისაცო.

„ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა“ (მუხლი 3).

უფლის სიტყვები მასზედ, რომ არც ბრმას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, გულისხმობენ, რომ იგი ბრმად იშვა, და არ უარყოფენ არც ბრმის საკუთარ ცოდვებს და არც მისი მშობლების ცოდვებს; ამასთან ისინი არც იმ მტკიცებას უკუაგდებენ, რომ სნეულებანი სასჯელია ცოდვებისათვის (II სჯული 28,22; ლევიტ. 26,16; I კორინთ. 11,30; იაკ. 5,15), და არც იმას, რომ მშობელთა ცოდვებისათვის ხშირად მათი შვილები ისჯებიან (გამოსვლ. 20,5). უფალი აღკვეთს თავის მოწაფეებში სახიფათო ჩვეულებას დაეჭვებით გამოიძიებდნენ საიდუმლო მხარეებს მოყვასთა ცხოვრებაში, და იობის მეგობართა მსგავსად, ადანაშაულებდნენ სნეულებებით ვნებულთ დიდ ცოდვებში, შესაძლოა ადამიანთაგან - ოღონდ არა ღმერთისთვის! - დაფარულ ბოროტმოქმედებებში, რათა სწორედ ამით ახსნან მათი უჩვეულო, განსაკუთრებული განსაცდელი (იობი 4,7; 8,6). უფალი თითქოს ასე ეუბნება მოწაფეებს: „ეს სიბრმავე სასჯელი როდია მისი თუ მისი მშობლების რაღაც განსაკუთრებული ცოდვისათვის; სხვა მიზეზი ეძიეთ. სიბრმავე შობიდანვე თრგუნავს ამ ადამიანს იმისთვის, რომ მასზე გამოცხადდეს ღმერთის საქმეები, რათა მისით და მისი განკურნვით განიდიდოს ღმერთის მოწყალება და დიდება“. ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი, მაგრამ იგი მაინც განაგებს მას და თავისი სიბრძნის, სიმართლისა და სახიერების შესაბამისად წარმართავს მისმოქმედებას; ამიტომ ღმერთს ნებავდა, რომ ამ შობიდანვე ბრმა ადამიანში თავმოყრილიყო ჩვეულებრივზე უფრო დიდი სასჯელი მსოფლიო ცოდვისათვის, რათა ჩვეულებრივზე მეტი ზომის სახიერება და დიდება განცხადებულიყო მის საკვირველ განკურნვაში.

„და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი“ (მუხლები 4-5).

მიუხედავად მრავალი საშიშროებისა, ეს ყოველთვის უნდა აღესრულებოდეს; რამეთუ იწურება მისი ვადა; მთავრდება მისი განცხადებული მსახურების დღე, ადამიანთა შორის მისი ყოფნისა და მადლმოსილი მოღვაწეობის დრო. ასევე ახლოვდება ღამე, როცა იგი აღარ განანათლებს მსოფლიოს თავისი მოსვლით; როცა შეწყდება საქმეებიც, ყოველ შემთხვევაში - მის ხელთაგან აღსრულებულნი. სიტყვებით „ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ - უფალი იყენებს მოარულ გამოთქმას, რომელიც ერთნაირად ესადაგება ზეციურ სასუფეველსაც და ქვეყნიურ სამყაროსაც: თუკი დღისით არ გააკეთა თავისი საქმე, ღამით ვერავინ შესძლებს მის გაკეთებას; და ასეთი ადამიანისათვის დგება დრო, როდესაც მას არ ძალუძს საქმის გაკეთება; და ამ კანონიდან უფალი არც საკუთარ თავს არ გამორიცხავს. შემდეგ, წინასწარმეტყველურად მიუთითებს რა თავის მომავალ მოწამეობრივ ღვაწლზე, იგი დასძენს: სანამ თქვენთან ვარ, მე ვარ ნათელი ქვეყნისაო (შდრ. იოანე 1,4). მაშ, სხვა რასაქმე შეიძლება ჩემთვის მახლობელი იყოს, თუ არა ადამიანის გულის თვალთა განათლება-აღხილვა? უმჯობეს სიმბოლოს სხვას რას ვნახავ ჩემი დიდი სულიერი ღვაწლის გამოსახატავად, თუ არ კაცობრიობის დაბნელებული გონების თვალთა ახელას?!

„და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თვალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა“ (მუხლები 6-7).

ებრაულ სახელწოდებას „სილოამ“ მახარებელი თარგმნის სიტყვით „მოვლინებული“ და საბანელის (ემბაზის) ამ სახელწოდებაში გარდამქმნელ-ამაღორძინებელ მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ არა მესიასთან - როგორც ღმერთის მოვლინებულთან მიმართებაში, არამედ ბრმა ადამიანთან მიმართებაში, რომელიც წარგზავნილ იქნა სილოამის საბანელში; ამ საბანელისათვის უწინ მიცემული სახელწოდება, მახარებლის აზრით, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ მასთან იქნა უფლის მიერ წარგზავნილი, „მოვლინებული“ ბრმა ადამიანი, რათა დიდი სასწაული აღსრულებულიყო.

სილოამის საბანელი და წყარო თუ წყალსატევი იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სიონისა და მორიას მთების ძირას. ზოგიერთი ფიქრობს, სილოამი იგივეა, რაც ენ-როგელი და გიონი. სილოამის წყარო რამდენჯერმეა მოხსენიებული საღმრთო წერილში, მათ შორის იოანესა და ლუკას სახარებამი. ლუკა ლაპარაკობს სილოამის დანგრეული გოდოლის შესახებ, რომელმაც თავისი წაქცევისას თვრამეტი ადამიანი იმსხვერპლა (ლუკა 13,4). სილოამის წყარო არხების გზით იღებდა წყალს ყოვლადწმიდა ქალწულის წყაროდან, რომელიც სილოამის წყაროს ზევით, კედრონის ზეგანის დასავლეთის ფერდობზე მდებარობდა, სოფელი სილოამის მახლობლად და ასე იწოდებოდა იმის გამო, რომ გადმოცემით ღვთისმშობელი ხშირად მოდიოდა აქ წყლის ასავსებად სხვა დედებთან და ქალწულებთანერთად. სილოამის წყაროს წყალს მოტკბო-მომლაშო გემო აქვს. ღირსშესანიშნავია ისიც, რომ სილოამის წყაროდან კარვობის დღესასწაულზე ტაძარში მიჰქონდათ წყალი, სადაც დღესასწაულის უკანასკნელ დღეს მას ოქროს ჭურჭლით საკურთხეველზე ასხამდნენ საზეიმო ვითარებამი, მორწმუნე ერის სიხარულით აღსავსე შეძახილების, საყვირთა და წინწილათა ხმების თანხლებით. ეს აღესრულებოდა იმ სასწაულის მოსახსენებლად, რომელიც მოსემ აღასრულა ებრაელთა 40 წლიანი მოგზაურობის დროს უდაბნოში, როცა კლდიდან კვერთხის დაკვრით წყაროს წყალი გამოადინა (იოანე 7,2,37,39; გამოსვლ. 12,3). ამიტომაც სილოამის წყაროს წყალი წმიდად ითვლებოდა და ვაჭრობის საგანსაც წარმოადგენდა (გამოსვლ. 55,1). დღესაც წყაროს მახლობლად მცხოვრებთ იერუსალიმში დააქვთ ეს წყალი გასაყიდად. მას რომ საკურნებელი ძალა აქვს, ეს ძველთაგანვე სწამდათ ებრაელებსაც და სხვა ხალხებსაც. მაჰმადიანებს დღესაც ღრმად სწამთ, რომ ეს წყალი საკვირველი საკურნებელი ძალის მქონეა და ორივე წყაროს სამოთხისას უწოდებენ (იხ. არქიმანდრიტ ნიკიფორეს სრული ილუსტრირებული ბიბლიური ენციკლოპედია, მ., III გამოც., გვ. 201).

მაცხოვარმა აქ, როგორც ხშირად სხვა შემთხვევებში, გამოიყენა გარეგანი საშუალებანი თავისი საღმრთო სასწაულთმოქმედი ძალის წარმოსაჩენად. თვალებზე ნერწყვში დასველებული თიხის წასმა და წყლით ჩამობანა ხილული ნიშნები იყო, რომელთა მეშვეობითაც უფალმა თავისი საკვირველმოქმედი ძალა გადასცა და შესძინა ბრმას, ისევე, როგორც ქრისტეს ეკლესიაშიც მისი მადლის მონიჭება გარეგანი ნიმნების მეშვეობით ხდება. უფალმა ამ შემთხვევაში უმთავრესად იმისთვის გამოიყენა ეს გარეგანი საშუალებანი, რომ ბრმა ადამიანში ნდობა გაეღვიძებინა და ამ გზით მოემზადებინა იგი რწმენისათვის.

„ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ“ (მუხლები 8-9).

თანამოძმეთ, ანუ თანა-მათხოვართ, მეზობელთ და ყველა იმათ, ვინც მანამდე იცნობდა ბრმას და მისი ცხოვრების წესიც უწყოდა, პირველებმა შეამჩნიეს ბრმაში მომხდარი დიდი ცვლილება - მისი თვალის ახელა. მათ უკვირთ ეს და დავობენ კიდეც ერთურთში - ნამდვილად კი ის კაცია ეს, ჩვენი ძველისძველი ნაცნობი, თუ არაო, რადგან თვალთა - სულის ამ მართლაც სარკმელთა - ახელამ, უეჭველია, ძალზე შეცვალა მისი იერი და შესახედაობა; ზოგნი ამბობდნენ ის არისო, სხვანი ამტკიცებდნენ - არა, მხოლოდ ჰგავს მასო; ეს უკანასკნელნი უარყოფდნენ თვალახელილის იგივეობას თავიანთ ბრმა ნაცნობთან, მაგრამ აღიარებდნენ შემთხვევით მსგავსებას. ასე, რომ დავა მანამდე გრძელდებოდა, სანამ თვითონ ბრმად შობილმა და აწ თვალახელილმა მოკლედ და ცხადად არ გადაწყვიტა იგი და არა თქვა: მე ვარ-ო. მაგრამ თანამოძმეებს სურდათ გამოეკვლიათ, თუ როგორ აღეხილა მას თვალნი.

„ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? 11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქვიან იესუ, თიხაი შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ. 12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი“ (მუხლები 10-12).

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: ეს ხალხი, ბრმას რომ ესაუბრება, უფლის მიყვანასაც მოინდომებდა ფარისეველებთან, რომ სცოდნოდათ სად არის იგი. ამრიგად, ბრმა, ვისაც უფალმა თვალისჩინი მოანიჭა, ამბობს არ ვიცი სად იმყოფება ჩემი საკვირველი მკურნალიო, რომელსაც ზემოთ იესუ უწოდა, და შეუძლებელიც იყო, არ სცოდნოდა მისი ვინაობა, რადგან მაშინ ყველა იცნობდა იესოს.

„იყო შაბათი, ოდეს-იგი თიხაი შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაი იყო“ (მუხლები 13-14).

ფარისეველნი, გამოყოფილნი, ანუ განშორებულნი (ებრაული სიტყვიდან „ფერუშიმ“) იუდეველთა ერთ-ერთი განსაკუთრებული სექტა იყო, ძალზე გავრცელებუილი და გავლენიანი იესო ქრისტეს ქვეყნიური მსახურების ჟამს. ფარისეველთა სექტის აღმოცენება დაახლოებით III საუკუნეს განეკუთვნება ქრისტეს შობამდე. ტყვეობიდან იუდეველთა დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მოსეს სჯულის შენარჩუნებას. განსაკუთრებით კი სჯულის განწესებათა ზედმიწნევით აღსრულების სურვილი მას შემდეგ უნდა გამძაფრებულიყო ჭეშმარიტ ისრაელიანებში, როცა, ალექსანდრე მაკედონელის ზეობის დამთავრებისთანავე, ბერძნულენოვანმა წარმონაქმნებმა იწყო გავრცელება და თვით იუდეველთა შორისაც. ბოლოს გამოჩნდნენ მამა-პაპათა სარწმუნოებიდან განდგომილნი და როცა შემდგომ, ანტიოქე ეპიფანემ მორწმუნეთა აშკარა დევნულება დაიწყო, სწორედ ამ ვითარებამი ჩამოყალიბდა ფარისეველთა სექტა, რომელსაც სჯულის განწესებათა განსაკუთრებული მოშურნეობით დამცველი ადამიანები შეადგენდნენ. ფარისევლები განსაკუთრებულ კლასს შეადგენდნენ ისრაელიანთა შორის, რადგან ზედმიწევნით სიზუსტით აღასრულებდნენ სჯულის ყველა გარეგან დადგინებას და ხშირად თვითონვე, თავიანთი წვრილმანი დანამატებითა და გამონაგონით ართულებდნენ მათ. ხალხს ისინი ზემოდან უყურებდნენ, როგორც ცოდვილთ, გაუნათლებელთ და ცხოვრებისეულ ინტერესებსა და ქვეყნიურ სიამეთ დამონებულთ. გარეგანი წესების ზედმიწევნითი აღსრულების სიმკაცრე ფარისევლებს იმ ზომამდე ჰქონდათ აყვანილი, რომ სხვა ებრაელებთან ერთად მაგიდასაც არ უსხდებოდნენ პურის საჭმელად, თუკი ისინიც მათი სექტის წევრები არ იყვნენ. მაგრამ ეს გარეგანი ღვთისმოსაობა, ეს უაღრესი სიმკაცრე წეს-ჩვეულებათა აღსრულებაში ხშირად ყველაზე გარყვნილ ზნესა და ცხოვრებას ფარავდა. არსად სხვაგან არ იყვნენ ისეთი და იმდენი ამპარტავანი, შურიანი, პატივმოყვარე და ანგარებიანი ადამიანები, რამდენიც ფარისეველთა შორის. ფარისეველი არასდროს დაუსჯელად არ ტოვებდა არა მხოლოდ თავის შეურაცხყოფას სხვა, რიგით იუდეველთა მხრიდან, არამედ სულ მცირე წინააღმდეგობასაც კი. მათი გარეგანი რელიგიური მოშურნეობა იმდენად საღმრთო სჯულისადმი ერთგულებისა და სიყვარულისაგან არ მომდინარეობდა, რამდენადაც პირადი ინტერესებიდან. თუმცა ისინიც კი ფარისეველთაგან, რომელნიც პირადი ინტერესებით არ ხელმძღვანელობდნენ და მართლაც სჯულის დადგინებათა ერთგულებით მოქმედებდნენ, მაინც პირმოთნეობით იყვნენ აღვსილნი და მათი კეთილმოშიშება ხელსაყრელ გარემოებებზე იყო დამოკიდებული. გარდა წმიდა წერილის საღმრთო წიგნებისა, რომელთაც ფარისევლები ყველას უკლებლივ აღიარებდნენ, ისინი ბევრ სხვა გადმოცემასაც იღებდნენ, რომლებიც უმეტესწილად წვრილმან წესებს და რიტუალებს შეადგენდნენ და რომლებსაც ფარისევლები ისეთივე მაღალ, საღმრთო მნიმვნელობას ანიჭებდნენ, როგორსაც - წმიდა წერილსა და სჯულის დადგინებებს. ფარისევლები ურყევ დოგმატად აღიარებდნენ სწავლებას გარდაუვალი წინათდანიშნულების შესახებ, თუმცა არ უარყოფდნენ არ ნების თავისუფლებას, ანუ ცდილობდნენ ერთურთთან შეეთავსებინათ თავიანთი არსობრიობით ორი სრულიად შეუთავსებელი რამ. ფარისევლებს სწამდათ სულის უკვდავება, აღიარებდნენ ჯოჯოხეთის არსებობას, სადაც ბოროტი ადამიანები სასჯელს იღებდნენ თავიანთი ცოდვებისათვის, და ასევე აღიარებდნენ მოსვენების ადგილის არსებობასაც საიქირში, სადაც მართალნი დაჯილდოვებულნი იქნებიან თავიანთი სათნოებებისათვის. მათი წარმოდგენა სამოთხისა მცირედ თუ განირჩეოდა იმ წარმოდგენებისაგან, რომლებიც მაჰმადიანებს აქვთ სამოთხეზე. თალმუდში განსაკუთრებული სიმკვეთრითაა აღწერილი ფარისეველთა შვიდი სახეობა, რომელთაგან ექვსნი დახასიათებულნი არიან როგორც ამპარტავნები და პირმოთნენი. არსებობდნენ ფარისეველნისახელწოდებით „სექემიტები“, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო ემორჩილებოდნენ სჯულს; იყვნენ „მოხტუნავე“ ფარისევლები („ციქფები“), რომლებიც, ვითომცდა, იმ ზომამდე თავმდაბალნი იყვნენ, რომ სიარულისას ფეხსაც არ სწევდნენ მაღლა და ამის გამო ხშირად წაიფორხილებდნენ ხოლმე; იყვნენ „სისხლმდინარნი“ („კინაიები“), რომლებიც ზედმეტი მოკრძალების გამო თვალდახუჭულნი დადიოდნენ, რათა ქალი არ დაენახათ და ამის გამო ხან კედლებს ეხეთქებოდნენ, ხანაც ხეებსა თუს ხვა წინაღობას; იყვნენ სხვა სახის ფარისევლებიც, სახელწოდებით „მედორკი“, რომლებიც ზემოხსენებული მიზეზითვე კირით იქოლავდნენ თვალებს; იყვნენ ფარისეველნი, რომელთა მრწამსი იყო სიტყვები: „მარქვი მე სხვა მცნება, და მე აღვასრულებ მას“, - ესევითართაგან ბევრი გვხვდება სახარებაში; იყვნენ „მფრთხალი“ ფარისევლები, რომელთა ქმედებანი მხოლოდ შიშით იყო განპირობებული. ფარისეველთა მეშვიდე სახეობას შეადგენდნენ ,„სიყვარულისმიერნი“, რომელნიც უფალ ღმერთს მხოლოდ იმის გამო ემორჩილებოდნენ, რომ მთელის გულით უყვარდათ იგი.

ფარისეველნი ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, ამიტომაც თანამოძმეებმა და გამვლელმა ხალხმა თვალახელილი შობიდან ბრმა მათთან მიიყვანეს, რადგანაც, ალბათ, სურდათ თავიანთი წინამძღოლების შეხედულება გაეგოთ ასეთი საკვირველი საქმის შესახებ. ფარისეველთა მიერ საქმის შემდგომი წარმართვა გვიჩვენებს, რომ მისი გამოძიება სამსჯავროზე მიმდინარეობდა. ეს, ალბათ უმაღლესი სამსჯავრო, სინედრიონი კი არ იყო, რომელიც ყოველთვის როდი იკრიბებოდა, არამედ - სინაგოგა, რომელიც მიუხედავად თავისი უმთავრესი დანიშნულებისა - რელიგიური კრებულისა, გარკვეული სამსჯავრო ხელისუფლებითაც იყო შემოსილი სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებათა და დადგინებათა დარღვევების შემთხვევაში.

„კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიხაი დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“ (მუხლი 15).

„კვალად“ იმიტომ, რომ ჯერ თანამოძმენი და ნაცნობი გამვლელნი ეკითხებოდნენ მას ამას. ახლა კი ფარისევლებმა განაახლეს იგივე შეკითხვა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ სასწაულებრივად განკურნებული მათი სურვილის შესაბამისად ილაპარაკებდა. მაგრამ განკურნებული ზუსტად იგივეს იმეორებს, რაც მანამდე თქვა. როგორც სიმართლის მოყვარე კაცი იგი ზედმიწნევითი სიზუსტით ამბობს მხოლოდ იმას, რაც თავად უგრძვნია და განუცდია. ამიტომაც არაფერს ამბობს ნერწყვის შესახებ.

„იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ხელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაი იყო მათ შორის“ (მუხლი 16).

ფარისეველთაგან ბევრი თავისი გარეგანი დაწვრილმანებით სჯულის საკითხებში იქამდე მიდიოდა, რომ დაუშვებლად მიაჩნდა ბრმისათვის თვალზე საცხის წასმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასარგებლოდ ითვლებოდა სნეულ თვალთათვის. ასეთივე სჯულის მოძღვარნი იყვნენ აქაც. სხვები კი, პირიქით, სამართლიანად დაასკვნიდნენ: იესო რომ ცოდვილი ყოფილიყო, მას არ ექნებოდა ღმერთისაგან შეწევნა, აუცილებელი ასეთი სასწაულის აღსასრულებლად; მაგრამ, აი, ყველამ ვიცით, რომ მან სასწაული აღასრულა; მაშასადამე, ცხადია, რომ იგი სათნო-ეყოფა ღმერთს, რომ იგი ღმერთის რჩეულია, და ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება ცოდვილი იყოს. ამრიგად, ფარისეველთა შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც უთანაგრძნობდნენ იესოს და აღიარებდნენ მასში საღმთო ძალის მოქმედებას. მაგრამ მათი თვით მონაწილეობა ამ სამსჯავროში, წმიდა იოანე ოქროპირის შენიშვნით, ამხელს მათ როგორც მშრ!არა ადამიანებს. და ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ საბოლოოდ მათი შეხედულება ჩახშობილ და უკუგდებულ იქნა.

„ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო: შენ რასა იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს“ (მუხლი17).

მართალია, ფარისევლები ეკითხებიან თვალახილულს - შენ რას ფიქრობ იესოს შესახებო, მაგრამ სულაც არ აინტერესებდათ ამ ადამიანის შეხედულება, არამედ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ იარაღად გამოეყენებინათ იგი თავიანთი ბოროტი განზრახვის განსახორციელებლად იესოს წინააღმდეგ. ხოლო შეკითხვის მიზანი იყო ის, რომ თვალახელილი თავად მიმხვდარიყო, როგორი პასუხით აამებდა ფარისევლებს, დამორჩილებოდა მათს ჩაგონებას და თავისი განკურნვა ჯადოქრობისთვის მიეწერა, და არა - საღმრთო ძალისთვის, რითაც იგიც აღუმხედრდებოდა თავის კეთილისმყოფელს და მოწმედ გამოადგებოდა ფარისევლებს იესოს წინააღმდეგ გამოსვლაში. მაგრამ თვალახელილმა, ზეგარდმო გამხნევებულმა, ამ სახიფათო ადამიანების გარემოცვაში უგულებელ-ჰყო მათი მტრობა, შიში მათ წინაშე და გაბედულად განაცხადა, რომ ეს საკვირველი საქმეცა და მისი მოქმედიც - ღმრთისაგანაა.

„არა ჰრწმენა ჰურიათა მისთვის, ვითარმედ ბრმაი იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,  ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძე იგი თქუენი, რომელისაი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაი იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს?“ (მუხლები 18-19).

ამჯერად ფარისევლები სხვა ხერხს მიმართავენ, რათა შეასუსტონ ხალხში სასწაულით მოხდენილი ზემოქმედება. ისინი თავს ისე მოაჩვენებენ, თითქოს მომხდარის სიმართლეში შეჰქონდათ ეჭვი და რომ ეს ადამიანი, რომელიც მათ წარუდგინეს როგორც ბრმად შობილი და ახლა იესოს მიერ სასწაულებრივად განკურნებული, სულაც სხვა იყოს. ამის დასამტკიცებლად ისინი ბრმად შობილის მშობლებს მიმართავენ. შესაძლოა ფარისეველნი გულის სიღრმეში იმედოვნებდნენ, რომ სამსჯავროზე მოწოდებით შეშინებული მშობლები უარს იტყვიან თავიანთ ძეზე ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, შეყოყმანდებიან; მართლაც ჩვენი შვილია ეს თუ არაო, - და მაშინ ადვილი იქნება ხალხში იმ ამბის გავრცელება. თითქოს ეს, ყველასათვის უკვე ცნობილი სასწაული მხოლოდ წინასწარ მოფიქრებული მოტყუება იყო, დაფუძნებული ბრმად შობილის გარეგნულ მსგავსებაზე სინაგოგაში მიყვანილ თვალხილულ ადამიანთან. მშობელთა ეს წინასწარგანზრახული დაშინების მცდელობა აშკარად მოჩანს იუდეველთა შეკითხვის სიტყვებში: ეს არის თქვენი შვილი? როგორღაა, რომ ხედავს, თუკი თქვენ გაიძახით ბრმა იშვაო? მართლა კი ძეა თქვენი ეს კაცი, აქ რომ დგას?-ო.

„მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძე ჩუენი და რამეთუ ბრმაი იშვა. ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თვისისათვის იტყოდენ. ამისთვის ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაითა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განხადონ იგი. ამისთვის თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ“ (მუხლები 20-23).

ფარისეველთა მოლოდინი მაინც არ გამართლდა: ბრმად შობილის მშობლებმა, რომელნიც, ალბათ, მიუხვდნენ მათს მზაკვრობას, პირველ ორ შეკითხვაზე - თქვენი ძეა ეს თუ არა და მართლაც ბრმა თუ დაიბადაო, - დადებითად და გადაჭრით უპასუხეს, ხოლო მესამე, ყველაზე მთავარ და მათთვის სახიფათო შეკითხვაზე - როგორ აეხილა მას თვალიო, - მიუგეს, არ ვიცითო, მიუხედავად იმისა, რომ მათმა ძემ, ვინც ბევრ სხვას მოუთხრო თავისი საკვირველი განკურნვის ამბავი, რა თქმა უნდა, თავის მშობელთაც აუწყა ეს. მაგრამ მშობლები სხვაგვარად ვერ იტყოდნენ სიმართლეს, თუკი იესოს პატივადაც არ იტყოდნენ რაიმეს; ხოლო ამის გაკეთება მათ ვერ გაბედეს, რადგან ეშინოდათ სასჯელი არ მიეღოთ სინედრიონისაგან, რაც მცირე ხნის წინ იყო დაწესებული ყველა იმის წინააღმდეგ, ვინც კი იესოს ქრისტედ აღიარებდა და რაც მდგომარეობდა სინაგოგისაგან, ანუ მთელი იუდაური საზოგადოებისაგან განკვეთაში. ამიტომაც ისინი თავს არიდებენ პირდაპირ პასუხს და თავიანთ შვილს აკისრებენ მთელს პასუხისმგებლობას, თითქოს ასე ამბობენო: „იგი მცირეწლოვანი ყრმა როდია, და თვითონვე შეუძლია საკუთარი თავის შესახებ მოწმობდეს! განა თქვენთვისაც ცნობილი არ არის კანონი, რომ ზრდასრული ადამიანი თვითონვე აგებს პასუხს ყველა თავის საქმესა თუ სიტყვაზე?“ ამგვარი, ორჭოფული პასუხის მიღების შემდეგ ფარისეველნი მიხვდნენ, რომ მხოლოდ თვალახილულთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე.

„მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაი ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს“ (მუხლი 24).

ეს სიტყვები, რომლითაც იუდეველებმა იესოს მიერ განკურნებულ ბრმას მიმართეს - „მიეც დიდებაი ღმერთსა“, ფიცის ერთ-ერთ სახეობას შეადგენდნენ (იხ. ისუ ნავე 4,7,19,2; ეზრა 9,8). ღმერთს დიდება და პატივი აღევლინება, როცა, აუცილებელ შემთხვევებში, მას ერთს მოუწოდებენ და აღიარებენ ერთადერთ უცთომელ, სამართლიან მსაჯულად. მაგრამ ფარისეველთა ბაგეებით წარმოთქმული ეს ფიცი სრული პირმოთნეობა იყო; მათ მხოლოდ ის სურდათ, რომ ხალხის თვალში წარმოჩენილიყვნენ იმგვარად, თითქოს პირველ ყოვლისა და უმთავრესად ღმერთის განდიდებაზე ფიქრობდნენ. როცა იქვე დასძენენ: ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი (ანუ უფალი იესო ქრისტე) ცოდვილი არისო, ამით ისინი გამზადებულ პასუხსაც სთავაზობენ განკურნებულ ბრმას, ისეთს, როგორის მოსმენაც თავად სურდათ. ფარისევლებს მხოლოდ ერთი რამ სურთ: განკურნებულმა საჯაროდ, სინაგოგის სამსჯავროს წინაშე აღიაროს, რომ იესოს არ აღუსრულებია სასწაული, რადგან მას, ვითარცა, მათი აზრით, ცოდვილ კაცს, არც შეეძლო საღმრთო სასწაულის მოქმედება.

„ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაი ვიყავ და აწ ვხედავ“ (მუხლი 25).

ამგვარი პასუხით განკურნებული, როგორც ჩანს, ერიდება იმას, რომ თუნდაც რაიმეში დაეთანხმოს თავისი კეთილისმყოფელის მოწინააღმდეგე, ცილისმწამებელ ფარისევლებს, ანდა თუნდაც იმას, რომ საბაბი მისცეს მათ ახალ-ახალი შეკითხვებისა და ჩაძიებისათვის. სიტყვები - „ბრმაი ვიყავ და აწ ვხედავ“ - კვლავაც შეუმუსრავ მოწმობად რჩებოდა ჭეშმარიტებისა ფარისეველთათვის და აიძულებდა მათ, ან ეღიარებინათ იგი, ანდა სხვა, უფრო ძლიერი არგუმენტები მოენახათ მის წინააღმდეგ, ვიდრე იყო ბრალდება შაბათის დაუცველობაში. მაგრამ ასეთი არგუმენტები მათ არ ჰქონდათ. მაშ, რა უნდა ეღონათ? რადაც არ უნდა დასჯდომოდათ გაეჭიანურებინათ დაკითხვა და ჩვენების მიცემა, დაე, თუნდაც ამისთვის თავიანთი უძლურების მანიშნებელი ხერხისთვის - სიტყვათა გამეორებისათვის მიემართათ:

„მერმე ჰრქუეს მას: რაი გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ (მუხლი 26).

ასეთმა, სასაცილომდე მისულმა ჩაციებამ მოთმინება დააკარგვინა თვალახელილ ბრმას, და იგიც უკვე შესამჩნევი აღმფოთებითა და ცხარედ მიუგებს თავის მრისხანე დამკითხველთ:

„მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაისაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?“ (მუხლი 27).

უმართლობა მოულოდნელად თავის მიერვე დაგებულ ბადეში გაება. როცა თვალახელილ ბრმას ახალი ჩვენების მისაცემად აქეზებდნენ, ფარისევლები იმედოვნებდნენ წინააღმდეგობა, სხვადასხვაობა ეპოვათ მასა დაუწინდელ ნათქვამს შორის, და ამ ხერხით თავგზა აებნიათ დაკითხულისათვის. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მიიღეს: ახალი ჩვენებები ვერ მოიპოვეს, ხოლო თავიანთი საჯარო და დაუსრულებელი გამომეძიებლობით მომხდარისა იმას მიაღწიეს, რომ განკურნებულმა კადნიერად შეუბრუნა მათ კითხვა და მათი პატივმოყვარეობის შემლახველი საყვედურიც უთხრა.

„ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ“ (მუხლი 28).

მართალია, ბრმადყოფილმა წინასწარმეტყველი უწოდა „კაცსა, რომელსა ჰრქვიან იესუ“, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ გამოუმჟღავნებია ის, რომ აღიარებს მის სწავლებას, ანდა თუნდაც იცნობს მის სწავლებას. ამრიგად, მისი წოდება იესოს მოწაფედ ფარისევლებს შეეძლოთ მხოლოდ დაძრახვით, გინებით, როგორც ეს სახარებამია ნათქვამი, რადგან, მათი შეხედულებით, ცოდვილი კაცის - იესოს მოწაფეობა საძრახისი იყო. ამასთან, თავიანთი მოყვასის გინება ფარისევლებმა საკუთარი თავის, ვითარცა მოსეს მოწაფეების, შექებით დააგვირგვინეს. ეტყობა, მათ სულ უფრო უძნელდებათ, უფლება განაცხადონ თავიანთ წინამძღვრობაზე, ერის მასწავლებლობაზე და მიუხედავად თავიანთი ამპარტავნებისა, აღარ ერიდებათ საკუთარ თავსაც მოწაფე უწოდონ (თუმცა კი სხვა მასწავლებლისა) იმ, დაბლა მდგომი ადამიანის დარად, ვისაც წუთის წინ ვითომცდა ღმერთის პატივდების გაკვეთილი ჩაუტარეს - მიეც დიდებაი ღმერთსაო.

„უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაი არს“ (მუხლი 29).

ამრიგად, ფარისევლები შეეჭვდნენ, მართლაც ძალმოსილი იყო თუ არა ჩვენი წეღან ნათქვამისიტყვაო, და ახლა ჩქარობენ, ყოველი შემთხვევისათვის, დაამტკიცონ, რომ მოსესა და იესოს შორის განსხვავება არსებობს, რადგან პირველს ღმერთი ესიტყვებოდა, ხოლო იესოსთვის არ ვუწყით, ვინ არისო. როცა ეს სიტყვები მოისმინა, რომლითაც ფარისევლები აღიარებენ, არ ვიცით, იესო ვინ არისო, ბრმაყოფილს არ ძალუძს თავისი გაკვირვება დაფაროს: ის, რაც თვითონ ასე ცხადად და სრულად იცის, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბრმადშობილობის გამო თითქმის არასდროს არაფერი უსწავლია, თურმე უცნობი ყოფილა ამათთვის - ფარისეველთათვის, რომლებიც თავიანთი ცოდნით, განათლებითა და ყოველდღიური საქმიანობით თავადვე არიან მოძღვარ-მასწავლებელნი!

„მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკვირველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაი არს, და მე აღმიხილნა თუალნი“ (მუხლი 30).

ძლიერებითა და სიმართლით აღსავსე სიტყვებია! შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ისინი ღვთის მოაზრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკავებულმა ადამიანმა წარმოთქვა. ეტყობა, ბნელში ყოფნისას, ზოგჯერ, უმჯობესად შეიძლება ნათელის გულისხმისყოფა, ვიდრე სასწავლებლებში სწავლისას. ბრძენთაგან და გონიერთაგან დაფარული ზოგჯერ ყრმებს განეცხადებათ, - უთქვამს უფალს, რომელმაც ერთხელ ცოფნი და ბრმანი უწოდა ფარისეველთ (მათე 23,19,26) და ჩვენთვის ცხადიცაა, თუ რატომ უწოდა მათ ასე. ფარისევლობამ დაიგოზა თვალნი, რათა აღარ დაენახა ღმერთის საქმეები, აღსრულებულნი აშკარად, ყველას დასანახად, და არათუ თვითონ იყო ბრმა, არამედ სხვებიც სიბრმავესა და სიბნელეში ჰყავდა პყრობილი. ასე სურდა მას სხეულებრივად თვალახელილი ბრმაც სულიერად დაებრმავებინა, მაგრამ ვერ წარემატა ამაში, და მეტიც, თვითონვე მიიღო მისგან შეგონება, თუ ვით ჯერ-არს ხედვა იმისთვის, რომ დანახულ იქნას ჭეშმარიტება.

„ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან“ (მუხლი 31).

ამ მოულოდნელ ღვთისმეტყველურ დარიგებას თვალი უნდა აეხილა მასწავლებელთათვის - ფარისეველთათვის - არა თვით მათ მიერ ნაღაღადევი ჭეშმარიტების დასანახად, არამედ იმ ნათლისა, რომელიც სრულიად ცვლიდა ამიერიდან მათს აქამდე მყარ მდგომარეობას, ვითარცა ერის მოძღვართა უფლებით შემოსილთა. ის ჭეშმარიტებანი მათ, რა თქმა უნდა, თავიანთ ახალ მქადაგებელზე ნაკლებ როდი უწყოდნენ, მაგრამ სწორედ ამ ცოდნის განგდება უნდოდათ მათ ახლა, ყოველ შემთხვევაში ის, რომ მოცემულ სინამდვილეში არ მოემარჯვებინათ იგი, რადგან მასთან ერთად აუცილებელი შეიქნებოდა ყოვლადქებული და დიდებული სასწაულთმოქმედის აღიარებაც ღმერთის წინასწარმეტყველად, და არათუ წინასწარმეტყველად, არამედ ქრისტედაც, როგორც იგი თავადვე უწოდებდა თავს.

„საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი“ (მუხლი 32).

სულ უფრო მზარდი ძალით განაგრძო ჭეშმარიტების მტერთა ძლევა მისმა ამ ახალმა ძლევაშემოსილმა დამცველმა. ესეც კარგად უწყოდნენ ფარისევლებმა, მაგრამ ასევე არ შეეძლოთ საფუძვლად გამოეყენებინათ შემდგომი დასკვნებისათვის; რამეთუ მათ განუწყვეტლივ ჰბორკავდა შიში იმისა, რომ თუკი ამ ერთს რასმე მიიღებდნენ და აღიარებდნენ, მაშინ, მასთან ერთად, სხვა ბევრ რაიმეზე დათანხმებაც მოუწევდათ. ფარისევლებმა ხომ პირველ ყოვლისა და უმტკიცესად ყოველისა ის დაადგინეს, რომ ის კაცი ცოდვილია, და ამგვარად, ყველაფერი, რაც კი არ შეესაბამებოდა ამ დადგინებას, იმთავითვე უნდა უარყოფილიყო. გამოდიოდა, რომ თუმცა კი მან საუკუნითგან გაუგონარი სასწაული აღასრულა, მაგრამ მაინც იგი არ არისო ღმერთისაგან!

„უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ“ (მუხლი 33).

ასე აგრძელებს თავის ქადაგებას ფარისეველთა ულმობელი მამხილებელი. მათი აზრით კი ეს უკვე მეტისმეტი იყო: მოუთმენლობამ მათში იმ ზღვარს მიაღწია, რომ მათ აუცილებლად ჩათვალეს რაღაც გადაჭრილი პასუხით ბოლო დაედოთ ამ გამაღიზიანებელი საუბრისათვის და თავიდან მოეშორებინათ ჭეშმარიტების მქადაგებელი. თუ არა და, კიდევ რამდენიმე ასეთი სიტყვა ბრმადშობილის ბაგეთაგან, და მისი ფარისეველი მოსაუბრენიც, ალბათ, ჩვეულებისამებრ ქვებს დაავლებდნენ ხელს მის ჩასაქოლად!

„მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განხადეს იგი გარე“ (მუხლი 34.

არა ჯერ-არს, რომ ცოდვილი სხვებს ასწავლიდეს და დამოძღვრავდეს. „ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მათე 12,35). მაგრამ სწავლებად გასაღებული ბოროტება - ორმაგი ბოროტებაა. აქედან გამომდინარე, ისრაელის მოძღვრებს ამიტომაც არ სურდათ, რომ მოძღვრობა დაეწყო იმას, ვინც „ცოდვათა შინა შობილ“ იყო „ყოვლად“. მაგრამ მაინც რატომ ფიქრობდნენ ისინი, რომ მათთან მოსაუბრე ბრმადშობილი მთლიანად ცოდვებში შობილი იყო? რა თქმა უნდა, მათი გამართლება ამაში არ შეიძლება. მაგრამ გავიხსენოთ, რომ უფლის მოწაფეებმაცეს ჰკითხეს მოძღვარს, როცა ბრმადშობილი დაინახეს: „რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა“ (მუხლი 2). სხვა ნიშანდობლივი თავისებურება თვით ფარისეველთა პასუხში მოჩანს, რომელთაც უთხრეს ბრმადშობილს: „შენ ხარ მოწაფე მისი“. მაგრამ საიდანღა ჩანს, რომ ბრმადშობილი მათს სწავლებას ფიქრობდა? მან ხომ მხოლოდ სხვა სახით გაიმეორა მათივ საკუთარი მსჯელობა: როგორ შეიძლება ცოდვილი კაცი ესევითარ სასწაულს იქმოდესო. არა, ფარისეველთა სიტყვები მხოლოდ მათი უძლური გაბოროტების უკანასკნელ მცდელობას მოწმობდნენ იმისათვის, რომ რაიმე საბაბი მაინც ეპოვათ მოწინააღმდეგის დასამცირებლად და დასადანამაულებლად. ვინც მოძღვარი არ იყო და სხვათა სწავლებად გაკადნიერდა, ის, ბუნებრივია, გაკიცხვას ექვემდებარებოდა, და სწორედ თავისი საქციელის ამ ერთი უკანონობით აკნინებდა ყოველივე იმის ღირსებას, რასაც კი იტყოდა თუ იქმდა. ასე უნდა გამოჩენილიყო ეს ამბავი იმ ხალხის თვალში, ვინც მკაცრად განასხვავებდა მოძღვრობის უფლებას მოწაფეობის მოვალეობისაგან. ცრუ-მოძღვრებმა - ფარისევლებმა იცოდნენ ეს, და არც მორიდებიათ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ იგი, შერცხვენა რომ აეცილებინათ თავიდან.

ამიტომაც „და განხადეს იგი გარე!“

ეს არაკეთილსინდისიერი მოპაექრენი, გამომეძიებელნი და სხვანი, ალბათ, ასე განსჯიდნენ: ბრმადშობილმა, მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ, ფიცილი რომ დაიწყოს - სულაც არ მიფიქრია თქვენი მოძღვრობის უფლების ხელყოფაო, მაშინ ეს საქმე ისევ გაიწელება, თანაც არა ჩვენს სასარგებლოდ, და შეიძლება ჩვენი გარდუვალი შერცხვენით დამთავრდესო. და განა მხოლოდ შერცხვენით? ხალხი ხომ მიჩვეულია უმალ ქვებს დაავლოს ხელი, როგორც კი ვინმეს დაცემულს დაინახავს საღვთისმეტყველო პაექრობაში, რადგან ღვთის მგმობს ხედავს მასში... თუმცა ჯერ კიდევ არის დრო უბედურების თავიდან ასაცილებლად: მოძღვართა ღირსების შელახვის ამ კეთილსახიერმა საბაბმაც ხომ დროულად მოუსწროთ! - ჩვენიანები არ განგვცემენ, ხოლო ხალხი ვერ შეიტყობს საიდუმლოსო. დიახ, ალბათ, ასე მსჯელობდნენ გულში ფარისევლები. „და განხადესიგი გარე!“ ანუ მათ სრულიად წახდენილ ადამიანად გამოაცხადეს ბრმადშობილი, ყოვლად უვარგისად, და ამიტომ განკვეთეს იგი სინაგოგიდან - იუდეველთა თემიდან.

იუდეველებში არსებობდა ორი თუ სამი სახეობა განკვეთისა, რომლებიც ხარისხითა და ძალით განსხვავდებოდნენ ერთურთისაგან. უფალი რამდენიმე გზის ლაპარაკობს მათს შესახებ, ხოლო მათთან ერთად იმ უკიდურესად შემაჭირვებელ განსაცდელებზეც, რაც მის მიმდევრებს მოელოდათ, ვნებულთ ქრისტეს სახელისათვის (იოანე 16,2). ყველაზე მსუბუქი ხარისხი განკვეთისა იყო ოცდაათდღიანი განკვეთა სინაგოგიდან. თუკი განკვეთილი ამ ვადის განმავლობაში არ გამოამჟღავნებდა სინანულის ნიშნებს, მაშინ მსაჯულნი სასჯელის ასეთსავე ვადას, ანდა უფრო ხანგრძლივსაც კვლავ ადებდნენ მას. მაგრამ იყო შემთხვევები უმკაცრესი სასჯელის დადებისაც. სინაგოგიდან განკვეთას უსართებდნენ წყევლა-შეჩვენებასაც, რის შედეგადაც განკვეთილთან ურთიერთობის უფლება, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, არავის ჰქონდა იუდეველთაგან, თვით მისი ოჯახის წევრებსაც კი! ხოლო თუკი ბრალეული განაგრძობდა ჯიუტად დგომას თავის დანაშაულში, მაშინ მას უდავოდ, სრულიად განაგდებდნენ ღმერთის რჩეული ერის ერთობისაგან და ერთმორწმუნეებთან ძმობისაგან.

„ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაი? მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაითა მრწმენეს იგი? ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყვის შენ თანა, იგი არს. ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას“ (მუხლები 35-38).

ამრიგად, ბრმადშობილზე და უფლის მიერ თვალახილულზე აღსრულდა სახარების სიტყვები: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულონ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქვენ და გაყვედრებდნენ და განხადონ სახელი თქვენი, ვითარცა ბოროტთაი, ძისათვის კაცისა“ (ლუკა 6,22). იგი განგდებულია უდაბლესი ერთობისაგან, რათა უზენაესში იქნას მიღებული; გაძევებულია იმ საზოგადოებიდან, რომელიც განხრწნასა და რღვევასაა მიახლოებული, რათა შეურყეველ და უმტკიცეს სამეუფოში დამკვიდრდეს. ქრისტეს უარმყოფელთა სინაგოგა, რომელიც „ეშმაკის შესაკრებელად“ უნდა იქცეს (გამოცხ. 2,9), უარყოფს და განაგდებს მას, ხოლო ეკლესია ცხოველი ღმერთისა და ქრისტე, თავი ამ მეუფებისა, შეიწყნარებს; მას არ შერცხვენია ქრისტეს გამო, და ახლა ქრისტეც თავის ჭეშმარიტ სახელსა და თავის საღმრთო დიდებას განუცხადებს მას. როცა იესომ გაიგო, რომ ბრმადშობილი „განხადეს გარე“, ანუ განკვეთეს იუდეველთა საკრებულოდან, მან თავადვე, კეთილმა მწყემსმა, მოიძია ეს ცხოვარი მისთვისავე კეთილხელსაყრელ დროს, რათა სამარადჟამოდ შეეერთებინა იგი თავისი ერთგული სამწყსოსათვის; და იპოვა რა იგი, ალბათ, ტაძარში (შდრ. იოანე 5,14), უთხრა მას: გწამს თუ არა ღმერთის ძე?-ო. კითხულისათვის ნაცნობია ეს სახელწოდება - მან იცის, რომ ძე ღმერთისა იგივე მესიაა, ქრისტე, მაგრამ მან არ იცის, თუ ვის ეკუთვნის იგი სამართლიანად; ამასთან, ბრმადშობილს იმ ზომამდე სჯერა თავისი განმკურნველისა, რომ მზად არის იმ პიროვნებამი აღიაროს მესია, ვისზეც იგი მიუთითებს: „მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არსიგი, უფალო, რაითა მრწმენეს იგი? ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყვის შენ თანა იგი არს“ (შდრ. იოანე 4,26). სიტყვები „იხილე იგი“ პასუხია ბრმადმოხილის შეკითხვაზე: „ვინ არს იგი, უფალო, რაითა მრწმენეს იგი?“. უფალი თითქოს ასე ეუბნება ბრმადშობილს: შენ უკვე იხილე იგი; იმ დროიდან, რაც შენ მელაპარაკები, შენი თვალები ხედავენ მას; სწორედ მე ვარ ძე ღმრთისა, ქრისტე, შენ რომ მესაუბრები. და ბრმადმობილმაც უმალვე რწმენით აღიარა ქრისტე: „მრწამს, უფალო, და თაყვანის-სცა მას“, - თაყვანი-სცა არა უბრალო ქედის-მოხრით პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, არამედ სწორედ ღმერთის თაყვანისცემის მნიშვნელობით.

 

II. ახლა, მას შემდეგ, რაც დღევანდელი სახარება განვიხილეთ, კეთილმოიში ფიქრით შევჩერდეთ ჩვენივ დამოძღვრისათვის, თხრობის ზოგიერთ საგანზე.

ა) პირველ ყოვლისა, ყურადღება მივაპყროთ ბრმადშობილის სნეულებას - სიბრმავეს (მუხლი 1). იგი უნებლიედ აღიყვანს ჩვენს ფიქრს სხვა სახის სიბრმავეებთან, გაცილებით უფრო მძიმესთან და იმდენადვე უფრო მნიშვნელოვანთან, რამდენადაც გაცილებით სულია სხეულზე უფრო მნიშვნელოვანი, - ანუ სულიერ სიბრმავესთან. ცოდვა ჩვენი სულის თვალთ გვიბრმავებს: გონებას, სინდისს, გულს, და იმ ზომამდე გვიბნელებს მათ, რომ ადამიანი ხედავს და ვერც ხედავს, ესმის და ვერ გულისხმა-ჰყოფს. მაგალითად, აბა, როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა, როცა მზერას ქმნილი სამყაროს სიმშვენიერეთ მიაპყრობს, მათს ყოვლად ბრძნულ სიმწყობრესა და აგებულებას, არ დაინახოს ყოველივე ქმნილში მისი შემოქმედი ღმერთი - ყოველთა მპყრობელი და განმგებელი?! განა შეიძლება გონიერმა ადამიანმა, ვინც საკუთარ თავზე ფიქრთბს, ვისაც საკუთარ სინდისზე, აზრებზე და გრძნობებზე განსჯა შეუძლია, არ დაინახოს და არ აღიაროს საკუთარ არსებაში უკვდავი სულის არსებობა?! როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა, რომელიც ისტორიას შეისწავლის და სამეფოთა თუ ხალხთა ბედ-იღბალს უღრმავდება, ყოველივე ამაში საღმრთო განგებულების ხელი არ დაინახოს, რომელსაც გარკვეული მიზნისაკენ მიჰყავს ერნი და სამეფონი?! და მაინც, ყველამ ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არაფრის არა სწამთ: არც ღმრთისა, არც მომავალი საიქიო ცხოვრებისა მისი სამოთხითურთ და ჯოჯოხეთითურთ, არც საკუთარი უკვდავი სულის არსებობისაც კი! განა მართლაც საწყალობელი ბრმანი არ არიან ესევითარნი?!

სხვაგვარად ვერ ვუწოდებთ იმ უგნურთაც, რომლებიც იმ ზომამდე განავრცობენ თავიანთ ამპარტავნებას, რომ თავს ნებას აძლევენ იოცნებონ მთელი სამეფოებისა და მთელი მსოფლიოს გარდაქმნაზე, და ამავე დროს არანაირი მონაცემები არა აქვთ თავიანთი ამ უსაფუძვლო ოცნებების განსახორციელებლად! ანდა ჩვენი სინდისისა და გულის დაბრმავებაზე რა გვეთქმის ვნებებითა და და მანკიერებებით? ამგვარი დაბრმავება მეტად მრავალსახოვანია დაზოგჯერ უკიდურეს ხარისხამდე აღწევს. ადამიანი უგრძნობელ კერპად იქცევა, უმოწყალოდ თვით საკუთარი თავის მიმართაც, როცა სიძუნწითა და ანგარებითაა დასნებოვნებული. ადამიანი უგნურ პირუტყვთ ემსგავსება, როცა ლოთობასაა მიცემული. ასევე სრულიად სინდისდაკარგულად წარმოსდგება იგი, როცა სიცრუით, ქურდობითა და ძარცვა-გლეჯით ცხოვრობს. კიდევ დიდხანს მოგვიწევდა ჩამოთვლა, სულიერი სიბრმავის ყველა სახეობა და ხარისხი რომ გვეხსენებინა, რომლებიც კი ადამიანთა შორის არსებობს.

ბ) კვალად, ღრმა ყურადღების ღირსია მაცხოვრის პასუხი მოციქულთა შეკითხვაზე, რომელიც მათ ბრმადშობილის დანახვისას დაუსვეს მისი ამ მდგომარეობის მიზეზის შესახებ: „ვინ შესცოდა, ამ ბრმამ თუ მისმა მშობლებმა, რაკი ეს კაცი ბრმა დაიბადა“-ო. და ამ ამაოებით აღსავსე გამოცდაზე უფალი პასუხობს: „არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა“ (მუხლები 2-3). აი, გაკვეთილი ჩვენთვის ყველასათვის, ვისაც სხვათა ზნეობრივი მდგომარეობის განსჯა მათი გარეგანი მდგომარეობით გვჩვევია. შევეცადოთ, თავი შევიკავოთ ხოლმე ამისაგან, რამეთუ როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, „ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა?“ (I კორინთ. 2,11). ადამიანთა საქციელის შესახებ მსჯელობისას ჩვენ შეიძლება ადვილად შევცდეთ, თუკი ჩვენი მსჯავრი მხოლოდ გარეგან ნიშან-თვისებებზე იქნება დაფუძნებული, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში არ შეესატყვისება ადამიანის შინაგან თვისებებს.

შესაძლოა იმ დროს, როცა ჩვენ განვსჯით ჩვენს შემცოდე მოყვასს, იგი უკვე დიდი ხანია ცრემლთა ღვრითა და გულის შემუსვრილობით, სინანულით აღვსილი წარსდგომია ღმერთს და შენდობაც გამოუთხოვია მისგან. ამიტომ, ოდეს მოყვასთ განვიკითხავთ, ჩვენ შესაძლოა ცილისმწამებელთა იარაღად შევიქნებით, რომელთათვისაც ეშმაკს უსწავლებია სიცრუის თქმა მოყვასზე, რათა შფოთი და არეულობა დაეთესა ქრისტიანთა შორის. ამდენად, შესაძლოა, ჩვენ ღრმა შეცდომას ვუშვებთ, როცა გადავწყვეტთ სხვანი - ჩვენი მსგავსნი განვსაჯოთ და გავკიცხოთ იმისათვის, რისთვისაც, უმჯობესი იქნებოდა, თუკი გავამხნევებდით, ვანუგეშებდით მათ და რისთვისაც ჯერ-და პატივისცემა გვქონოდა მათი.

გ) არანაკლებ სამოძღვრებოა ჩვენთვის ის გარემოებაც, რომ, სურს რა განკურნოს ბრმადშობილი კაცი, მაცხოვარი ისწრაფის მალე აღასრულოს თავისი საკვირველი მაცხოვნებელი საქმე. რამეთუ სიტყვები - „ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არს-ღა“ (მუხლი 4). სხვას რას უნდა ნიმნავდეს, თუ არა ამას: მე უნდა ვისწრაფო მოქმედება, დაყოვნება არ შეიძლება; აწინდელი, დღეს საქმნელი საქმეების გადადება ხვალისათვის არ შეიძლება. ამასთან დაკავშირებით წმიდა ფილარეტ მოსკოველი წერს: განა ვერ ხედავ, ჰოი, დღემოკლეო ძეო დროისა, თუ როგორ უფრთხილდება დროს თავად საუკუნო ღმერთი, - დროს, რომელსაც შენ ასე უზრუნველად გაფლანგავ? იგი არ აყოვნებს შენი ცხოვნების საქმეს; შენ კი გადასდებ ამ საქმეს, შენსას, საკუთარს! იგი იჩქარის შენს შესაწევნად, შენ კი ჰყოვნი და ხვალისთვის გადასდებ! განა დაუჯერებდი შენს მოჯამაგირეს, დილიდანვე სამუშაოდ არ გამოსული რომ დაგპირებოდა, ნამუადღევის მერე გავაკეთებ ყველაფერს რაც დილიდანვე უნდა გამეკეთებინაო? ხოლო შენ შეუდარებლად უფრო განუსჯელად გჯერა საკუთარი თავის, როცა აღთქმას დებ, ცხოვრების ნახევარი გზის განვლის შემდეგ აღვასრულებ ყველა იმ სიკეთეს, რის გაკეთებასაც მისი დაწყებიდანვე, მთელი ცხოვრების განმავლობაში შევძლებდიო. ნუ მიმითითებ უფლის გვერდით ჯვარზე გაკრულ ავაზაკზე, რომელმაც თავისი დღის მიმწუხრისას უფრო მეტის მოქმედება მოასწრო, ვიდრე სხვა მთელი დღის მანძილზე იქმდა! ასეთი წარმატება ნაკლებ საიმედოა შენთვისაც, რადგან მეტისმეტად იშვიათია და შესაძლოა, უბრალოდ, დაუმსახურებლად კი არ მოემადლება ადამიანს, არამედ მხოლოდ ისეთ ადამიანებს მოენიჭებათ, რომელთაც თავიანთ განვლილ, უმთავრესი მოვლენების მიხედვით - საერო ცხოვრებაში, აღუსრულებიათ გარკვეული სათნო საქმეები, ფარულად რომ მოიზიდავენ საღმრთო მადლს. ამასთანავე, მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ ისიც, რომ განსაკუთრებული კეთილდროულობა ზოგიერთ სათნო საქმეთა აღსრულებისათვის ზოგჯერ ჯერ კიდევ ცხოვრების დასრულებამდე ეგებება თავის ღამეს. მაგალითად, ახლა შენ კეთილდღეობით ჰგიებ და არაფერი გაკლია ცხოვრებაში; ჰოდა, ნუ ჰყოვნი, ჰქმენ მოწყალების საქმენი, „ვიდრეღა დღე არს!“ რამეთუ, შესაძლოა სწორედ მომდევნო ღამეს მპარავმა, ცეცხლმა ან სხვა რამ შემთხვევითობამ ისეთი რამ გიყონ, რომ ყოველივე დაკარგო და აღარ ძალგედვას გყავდეს „თავისა შენისა მეგობარნი მამონაისა მისგან სიცრუვისა, რაითა რაჟამს მოაკლდეთ თქვენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქვენ საუკუნეთა მათ საყოფელთა“ (ლუკა16,9).

დ) კვალად, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მაგალითმა, ვინაც წყალობა უყო ბრმადშობილ კაცს და საკვირველად განკურნა მისი სიბრმავე, ჩვენც უნდა აღგვძრას, ძმანო, კეთილ საქმეთა მოსაქმედებლად (მუხლები 6-7).

მოყვასისათვის სიკეთის ქმნა, საერთოდ, დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისათვის. აბა, დაუკვირდით მცირეწლოვან ყრმებს, ჯერეთ წაუხდენელთ, თუ როგორი მგრძნობიარენი, გულისხმიერნი და თანამლმობნი არიან ნებისმიერი უბედურებისადმი მათს გვერდით მყოფი ადამიანებისა! ასეთივენი არიან ბუნებით ყველანი ადამიანთაგან. და ეს იმიტომაა ასე, რომ ჩვენ შექმნილი ვართ იმის ხატად და მსგავსად, ვინც თავადვე არის უზენაესი სიკეთე და უსრულყოფილესი სიყვარული. ხოლო თუკი ჩვენ არც თუ იშვიათად ვხვდებით ცხოვრებაში გულსასტიკ, ცივ და ჩლუნგ ადამიანებს, გულგრილთ მოყვასის ტანჯვისადმი, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი უკვე არანორმალური, ფაქტიურად შეურაცხადი ადამიანები არიან, ზნეობრივად სნეულნი, ისეთნი, ვისაც დაუმახინჯებია თავისი ღმერთის მსგავსი ბუნება ცოდვიანი ვნებებითა და გულისთქმებით. ვინც მთლიანად ემონება ამ ვნებებსა და გულისთქმებს, იმათ ადამიანური ხატის სრული გარდაქცევის საშიშროება ემუქრებათ, სრული გაპირუტყვება და გამხეცება, რასაც ხშირად ვხედავთ ჩვენი შესაზარი დროის მდინარებაში.

მაგრამ თუკი ადამიანისათვის საერთოდ, ბუნებითაა დამახასიათებელი მოწყალებისა და ქველმოქმედების საქმეთა აღსრულება თავისი მოყვასისადმი, ქრისტიანს განსაკუთრებით და უპირატესად შეჰგავს ეს. რამეთუ იგი ღირს-ქმნილა გამოუთქმელი პატივისა - იყოს ღმერთის ძე (იოანე 1,12), ასე ვთქვათ, უმრწემესი ძმა ღმერთის ერთადერთი და ჭეშმარიტი ბუნებისმიერი ძისა - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი (ებრ. 2,11), მემკვიდრე და თანამემკვიდრე ქრისტესი (გალატ. 4,7). იგი თვით ღმერთის კრავის ხორცსა და სისხლს მიიღებს საზრდოდ, დაღვრილს მისი ცხოვნებისათვის, ანუ ხორცსა და სისხლს ღმერთის მხოლოდშობილი ძისა, რომელიც მისი გულისთვის მოვიდა ქვეყნად ხორციელ-ქმნითა და განკაცებით და რომელმაც გამოსასყიდ მსხვერპლად შესწირა თავი მისთვის. ქრისტიანი მიიღებს სულიწმიდის მადლს ადა ნიჭს, რომელიც განწმედს მას ყოვლისაგან ბიწისადა აღამაღლებს მისთვის შესაძლებელ ხარისხამდე ღვთის მსგავსებისა. ქრისტიანს იმგვარ სიკეთეთ აღუთქვამს ღმერთი მომავალ ცხოვრებაში, როგორნიც არც თვალს უნახავს და არც ყურთ სმენია და არც „გულსა კაცისასა არა მოუხდა“ ამქვეყნიურ ცხოვრებაში (I კორინთ. 2,9), და ეს ყოველივე მას ეძლევა ღმერთის უსაზღვრო სიყვარულისა და წყალობის გამო ადამიანისადმი... ჰოდა, ამის შემდეგ, ვის, თუ არ ქრისტიანს, სხვებზე მეტად უნდა ესმოდეს, სხვებზე ძალუმად, ცხოვლად და ღრმად უნდა ძალ-ედვას შეგრძნება იმისა, რომ ყველა ადამიანი ერთი ზეციური მამის შვილები ვართ, ძმანი ერთურთისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტესი? სხვა ვინ, თუ არა იგი, უპირატესად უნდა იყოს ძმათამოყვარე, კეთილისმყოფელი, გულზიარიდა უხვი სიყვარულში?! დათუკი ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ, რომ ქრისტიანად წოდებული ადამიანი უმოწყალო და გულსასტიკია სხვა ადამიანების მიმართ, კვლავაც ვიტყვით, რომ ესევითარი არამც და არამც არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი: იგი მხოლოდ გარეგნულად ატარებს ქრისტიანის სახელს და არც კი ესმის ამ სახელის უაღმატებულესი მნიშვნელობა.

მოწყალებისა და ქველმოქმედების საქმეთა აღსასრულებლად ჩვენი მოყვასებისადმი ჩვენ ყველას ღმერთის სიტყვა აღგვძრავს, ამასთან ისეთი ჩაგონებით, რაც მხოლოდ ურწმუნოთათვის შეიძლება დამაჯერებელი არ იყოს, იმ ადამიანთათვის, ვინც სრულიად არ ფიქრობს თავის უკვდავ სულზე. საღმრთო სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ მოწყალების გაღება ყველა სხვა ქველის-საქმეზე მეტად სათნო-ეყოფა ღმერთს (ოსე 6,6; ზირაქ. 4,10,11); რომ იგი სიკვდილისაგან იხსნის მოწყალების მომქმედ ადამიანს, ანუ საუკუნო სიკვდილს, მარადიული სატანჯველისათვის განკითხვას განარინებს და განწმედს ყოველსა ცოდვასა(ტობით 12,9); კვალად, საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ „ავასხის (ასესხებს) უფალსა რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას“ უფლისაგან, რომელიც უეჭველია, ვალში არ დაგვრჩება (იგავნი 19,17); რომ ჩვენს მოწყალების საქმეთ ღარიბ-გლახაკთადმი, და საერთოდ მოყვასთადმი, ადამიანთადმი, ქრისტე მაცხოვარი თავის საშინელ სამსჯავროზე, განკითხვის დღეს ისე შეაფასებს, თითქოს პირადად მისთვის გვექმნას წყალობა (მათე 25,34-40). აი, ასეთი დიდია და მაცხოვნებელი მოწყალების საქმე ღმერთის თვალში.

ე) მიბაძვის ღირს მაგალითს ვხედავთ, აგრეთვე, ბრმადშობილი კაცის სახეშიც, კერძოდ კი მის საქციელში როგორც საკვირველი განკურნვის დროს, ასევე განკურნვის შემდეგაც. მან მორჩილებისა და რწმენის მაგალითი მოგვცა, ღირსი მიბაძვისა, მისი განკურნვის დროს (მუხლები 6-7). როცა უფალი იესო ქრისტე მას მიუახლოვდა და სიტყვის უთქმელად წაუცხო თვალებზე ნერწყვში აზელილი თიხა, ისე, რომ ამის მიზეზიც არ გაუმხელია მისთვის, ბრმადშობილმა არაფერი ჰკითხა, არაფრის გამოძიებას არ შეუდგა, ცნობისწადილი არ გამოამჟღავნა, არ შეედავა, არ შეეწინააღმდეგა. შემდეგ, როცა უფალმა სილოამის საბანელთან მისვლა და თვალების ჩამობანვა უბრძანა, - ესეც მოთმინებით და მორჩილად აღასრულა, და ჯილდოდ თავისი რწმენისა და მორჩილებისათვის თვალის საკვირველი აღხილვა მიიღო. ამგვარადვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. როცა სხვადასხვა მწუხარება და განსაცდელი მოგვევლინება და ვერ ვხედავთ ვერც მათ დასაბამს, თუ საიდან და რატომ გვეწია, და ვერც ბოლოს, თუ რა მიზნით დაგვატყდა ეს ყოველივე თავს, მაშინ ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ მოთმინება და მტკიცე რწმენით აღვივსოთ ჩვენი ზეციური მამის საღმრთო განგებულისადმი, რომელიც ყოველივეს კეთილად და უმჯობესად განაგებს ჩვენთვის. და თუკი შევიძლებთ ამას, - ყველაფრის მორჩილად დათმენას და ყველაფრისათვის მადლობის მიძღვნას ღმერთისადმი, მამინ ჩვენი რწმენის ნათელში დავინახავთ, რომ ყოველივე მომხდარში საღმრთო სიკეთე და წესრიგია. ხოლო განსაკუთრებით სარწმუნოებრივ საქმეებში ყოველგვარი დაეჭვებისა და გამოძიების გარეშე, გულის უბრალოებითა და ბავშვური მორჩილებით უნდა ვიღებდეთ ღმერთის მიერ ჩვენდა მოწოდებულ ყველა საშუალებას ცხოვნებისათვის.

ვ) მაგრამ ყველაზე მეტად ბრმადმობილის საქციელი ჩვენთვის მისაბაძია თვალის აღხილვის შემდეგ, რამეთუ მან მაგალითი გვიჩვენა თავისი კეთილისმყოფელის - უფალ იესო ქრისტესადმი მადლიერებისა. და მისი მადლიერება მით უფრო ამაღლებული და სრულყოფილი მოჩანს ჩვენს თვალში, რომ მას ჯერ არ შეუცვნია ქრისტე, ძე ღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ ღმერთის წინასწარმეტყველად მიიჩნევს მას (მუხლები 30-33). აქედან ცხადი ხდება, რომ ჩვენც მოვალენი ვართ მადლობას მივუძღვნიდეთ ხოლმე არა მხოლოდ შემოქმედ ღმერთს, არამედ ჩვენს კეთილისმყოფელ ადამიანებსაც. თუკი ყოველი სიკეთე - ღმერთისაგანაა, მამინ კეთილისმომქმედი ადამიანიც ღმერთის საქმეთ აღასრულებს. ჰოდა, აბა, ვიფიქროთ, ვბაძავთ კია ჩვენ უფლის მიერ თვალახელილ ბრმადშობილს, როცა მსგავს ვითარებაში აღმოვჩნდებით? ვიცავთ კი ჩვენც ჩვენს კეთილისმყოფელთ იმ ადამიანთა მხრივ მიმძლავრებისაგან, რომელნიც ხელმწიფებითა და ძლიერებით არიან შემოსილნი? ანდა გვძაგს კი ის ცილისწამება, რომლითაც ცდილობენ ჩვენი კეთილისმყოფელების ღირსება შელახონ? ვდუმვართ კი მისთვის, რაც არ ვიცით? ვამბობთ კი იმას, რასაც ვხედავთ? რა უბრალო, მარტივი აღსასრულებელი საქმეა ეს, რა ადვილი, და ამასთანავე რა დიადი და მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების ზეიმისათვის! და რა აუცილებელი და სასარგებლოა ეს ჩვენი სულებისათვის, ჩვენი ცხოვნებისათვის. ანდა ყოველთვის მადლობას მივუძღვნით კი ჩვენც ღმერთს თვალახელილი ბრმის მსგავსად? ჩვენ ხომ უაღრესად მოვალვნი ვართ, ვჰმადლობდეთ უფალ ღმერთს, რადგან ყოველგვარი ბუნებრივი ნაკლოვანების გარეშე ვიშევით ამა ქვეყნად და ჯერ ხეირიანად ხილული სამყაროს დანახვაც ვერ მოვასწარით, რომ უკვე სულიერად განვნათლდით ნათლის-ღების საიდუმლოში. ამრიგად, ჩავუკვირდეთ საკუთარ თავს - გვაქვს კი ჭეშმარიტი მადლიერება ღმერთისადმი, რაც იმდენად მის ქება-დიდებაში კი არ მდგომარეობს, რამდენადაც მისგან მომადლებულ ნიჭთა შენარჩუნებასა და ჯეროვნად გამოყენებაში? და თუ ვნახავთ, რომ არა გვაქვს, ყოველი ღონით ვეცადოთ შევიძინოთ იგი.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე