მე-3 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება მათესაგან (6, 22-33)

„22. (თქუა უფალმან) სანთელი გუამისაი არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. 23. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე? 24. ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა. 25. ამისთვის გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნუცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა? 26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ. არა-მე უფროის თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? 27. ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ? 28. და სამოსლისათვის რაისა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. 29. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. 30. უკუეთუ თივაი იგი ველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროის თქუენა, მცირედ-მორწმუნენო? 31. ნუ ჰზრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსუათ, ანუ რაი შევიმოსოთ? 32. რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი. 33. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“.

 

I. დღევანდელ სახარებაში მოცემულია იმ ქადაგების ნაწილი, რომელიც უფალმა მთაზე წარმოთქვა მრავალრიცხოვანი ერის თანდასწრებით. მასში უფალი გვასწავლის, რომ ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარული გონებას უბნელებს ადამიანს, და მას, ანგარების ვნებით შეპყრობილს, არ ძალუძს ჯეროვანი სახით ემსახუროს ღმერთს. ამიტომ უფალი შეგვაგონებს, რომ მეტად აღარ გვქონდეს მისწრაფება ქვეყნიურ სიკეთეთა მოპოვებისაკენ და არც ზედმეტად არ ვეძლეოდეთ ცხოვრებისეულ - ყოფით საზრუნავთ. განვიხილოთ ეს სახარება, რათა უმჯობესად შევითვისოთ მასში მოცემული საღმრთო სწავლება.

„სანთელი გუამისაი არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. 23. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?“ (მუხლები 22-23).

ცნობილი ფილოლოგის, პროფესორ ნეკრასოვის სიტყვით, უფლის აზრი აქ ძალზე შეფარულადაა გადმოცემული. ბერძნულ სიტყვას „პოსოს“ - „რაოდენ-მე“ - არასდროს არა აქვს „როგორის“, „ვითარის“ მნიშვნელობა, და იგი ყოველთვის აღნიშნავს: „რამდენს“, „რაოდენს“, „რაოდენ დიდს“ და „რაოდენ ბევრს“; ერთი სიტყვით, ეს რაოდენობითი ნაცვალსახელია, და არა ვითარებითი. უფალი ამბობს, რომ თვალი სხეულის სინათლეა და თუ თვალი სუფთაა, მაშინ მთელი სხეულიც განათლებულია (მუხლი 22), ხოლო თუკი შენი თვალი არ იქნება სუფთა, მაშინ მთელი შენი სხეული დაბნელდება. ამრიგად, თუკი სინათლის ორგანოები (ანუ თვალები) - „ნათელი იგი შენ შორის“ - დაბნელებულია, მაშინ რაოდენ ბევრი, რაოდენ მძაფრი სიბნელე უნდა იყოს შენში, ანუ მთელს შენს არსებაში!

რისთვის ამბობს უფალი ყოველივე ამას? რას გვასწავლის იგი აქ? ამის წინ უფალმა მცნებად დაუდო თავის მსმენელთ მხოლოდ ზეციური საუნჯენი ეძიათ თავისთვის, და არა - ქვეყნიურნი, და ამასთან დაკავშირებით თქვა: „სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი“ (მუხლი 21), და სწორედ ამის შემდეგ ამბობს იგი: „სანთელი გუამისაი არს თვალი“ და შემდგომი ამისა. ამდენად, როგორადაც ზემორე ნათქვამი განეკუთვნება ჩვენი გულის შინაგან ცხოვრებას, ასევე, ცხადია, რომ ეს უკანასკნელი სიტყვებიც ადამიანის სულის შინაგან მდგომარეობას უნდა დავუკავშიროთ და ამ მნიშვნელობითა და მიმართებით გავიგოთ. სულის თვალი, მისი სანთელი არის ადამიანის გონება, და როგორადაც გრძნობისმიერ, ხორციელ თვალსა აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი სხეულისათვის, იმიტომ, რომ სწორედ მისი მეშვეობით მოენიჭება სხეულს დღის ნათელი, ასევე ჩვენი გონებაც შინაგან იარაღად ემსახურება ჩვენი სულის განათლებას საღმრთო ნათელით.

თუკი ადამიანის გონება ბუნებითვე ჯანსაღი და ნათელია; თუკი ის გარდაქცეული, დაბრმავებული კი არა, ქრისტეს მოძღვრების ნათელით არის გაცისკროვნებული, მაშინ ადამიანის სულსაც ნათლად და მართლად ექნება შეგნებული - რისკენ ისწრაფოს, რა ისურვოს და რა ეძიოს. ანდა სხვაგვარად რომ ვთქვათ: თუკი ჩვენი გონება უზაკველი, შეურყვნელი იქნება და სწორად გაიგებს სარწმუნოების ჭეშმარიტებებსა დასაღმრთო სჯულის კანონებს, მაშინ ჩვენი სულიც, რომელიც გონების მეშვეობით განათლდება. იმისკენ მსწრაფველი იქნება, დაიმარხოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, აღასრულოს საღმრთო სჯული და განმართლება და ცხოვნება დაიმსახუროს ღმერთის წინაშე, ხოლო თუკი ჩვენი გონება დაბნელებულია ცოდვებით, მაშინ დიდი წყვდიადი დაისადგურებს სულში, იგი ბრმა შეიქნება და ადამიანიც ვერაფერში ნახავს თავის სარგებელს, თავის სიკეთეს; ამის გამო იგი სხვა უღირს ადამიანებს მიბაძავს, დაივიწყებს ღმერთს და ქრისტეს სჯულის შესაბამისად კი არ იცხოვრებს, არამედ თავისი ვნებებისა და ბოროტი სურვილების მიხედვით; იფიქრებს მხოლოდ ქვეყნიურ სიკეთესა და გამორჩენაზე, სხვადასხვა მანკიერებებში შთაეფლობა და მრავალ დანაშაულს ჩაიდენს ღმერთის წინააღმდეგ, საკუთარი სინდისისა და მოყვასთა წინააღმდეგ, და ასეთი დიდი მნიშვნელობა ადამიანის გონებას იმიტომ აქვს, რომ იგი ბუნებრივი შუამავალია სულის ძალებსა და ღმერთის ჭეშმარიტებებს შორის, რამეთუ საღმრთო ჭეშმარიტების შეთვისება გონებით ხდება.

„ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (მუხლი 24).

აქ სახეობრივად არის განმარტებული და დამტკიცებული, რომ ადამიანი უნდა ზრუნავდეს ჭეშმარიტი სიმდიდრის მოპოვებისათვის ცათა შინა, და ამგვარი ზრუნვა შეუთავსებელია ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულთან. „ორი ბატონის“ ქვეშ იგულისხმება ორი სრულიად სხვადასხვა და ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისებების მქონე ბატონი, რომელნიც სხვადასხვა რაიმეს ითხოვენ მსახურისაგან, ისეთს, რისი ერთდროულად დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამდენად, ასეთ შემთხვევაში მსახური ერთს მოიძულებდა, მეორეს კი შეიყვარებდა: სიყვარული და სიძულვილი ურთიერთსაპირისპირო, ერთმანეთთან შეუთავსებელი გრძნობებია. ამ ორი ბატონის სახის ქვეშ, რომელთაც მსახურისადმი სხვადასხვანაირი, ამ უკანასკნელისათვის შეუთავსებადი მოთხოვნები აქვთ, იგულისხმება ღმერთი და მამონა, უფალი და ეშმაკი. სიტყვა „მამონა“ (მათე 6,24; ლუკა 16,13) ქალდეური, თუ გვიანდელი ასირიული წარმოშობისაა. ძველ აღთქმაში იგი არ გვხვდება, მაგრამ ხშირადაა გამოყენებული რაბინულ-თალმუდურ თარგმანში, თალმუდურ ლექსიკონში. ჰყავდათ თუ არა ასირიელებს ღვთაება სახელწოდებით მამონა? - ეს საკითხი ჯერეთ გადაუჭრელია. თვით სიტყვა აღნიშნავს „ქონებას“, „სიმდიდრეს“, „ქვეყნიურ სიკეთეს“; ხოლო რადგანაც ადამიანი ქვეყნიურ სიკეთეებზე და სიმდიდრეზე თავის იმედებს ამყარებს, ამდენად იგი გამოხატავს სიმდიდრის სასოებას, სიყვარულს და მიდრეკილებას ქვეყნიური სიკეთეებისადმი. თალმუდისტებთან ეს სიტყვა ენაცვლება ებრაულ სიტყვებს „მოგება“, „სარგებელი“, „გამოსასყიდი“, „გამოსასყიდი ფული“, - ასე, რომ სიტყვა „მამონა“ მათთან ყოველთვის აღნიშნავს „ქონებას“, „სიმდიდრეს“. სეპტუაგინტაშიც (ბიბლიის უძველეს ბერძნულ თარგმანში, რომელიც ყოველთა მართლმადიდებელთათვის ძველი აღთქმის დედნად ითვლება) სიტყვა მამონა თარგმნილია როგორც „სიმდიდრე“ (იხ. ფსალმ. 36,3), ანდა როგორც „საუნჯე“, როგორც ესაიას წინასწარმეტყველებათა წიგნშია (36,3). ეს გვიჩვენებს, რომ უკვე იმ ძველ დროშიც ამ სიტყვას სწორედ „ქონებისა“ და „სიმდიდრის“ მნიშვნელობით იგებდნენ. ახალ აღთქმაში სიტყვა „მამონა“ ორი მნიშვნელობით იხმარება: ერთს შემთხვევაში იგი გამოხატავს გარკვეულ პირს - სიმდიდრის და ქვეყნიური კეთილდღეობის მფარველ ღვთაებას (მათე 6,24; ლუკა 16,13) და მეორე შემთხვევაში - თვით სიმდიდრეს, ქონებას, ქვეყნიურ სიკეთეებს (ლუკა 16,9).

ამრიგად, უფალი აქ გვასწავლის, რომ არა ჯერ-არს უფლისადმი სიყვარულისა და ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულის გაზიარება, ერთად ქონა; რომ ღმერთისადმი მსახურება შეუთავსებელია ქვეყნიური კეთილდღეობისაკენ სწრაფვასთან. ეს - მარადიული, უცვალებელი, გარდაუქცეველი საღმრთო კანონია. სული ბუნებითვე არის ღვთაებრივი და უკვდავი. მხოლოდ ადამიანის სული, ცალკე აღებული, მთელს ხილულ სამყაროზე უფრო ღირებულია, რადგან ეს უკანასკნელი ნივთიერი და წარმავალია; სულის დიდებულება განუზომელია. ჩვენი სულის ხსნა, ცხოვნება უსაზომო საფასურით არის სყიდული - ღმერთის ძის სისხლითა და სიკვდილით, ამისათვის იგი მთლიანად ღმერთს უნდა ემსახურებოდეს - თავის გამომსყიდველსა და მხსნელს - რწმენითა და სიყვარულით, და არა ამა, სიძვითა და ცოდვით აღსავსე ქვეყანას, რომელი ბოროტსა ზედა დგას, არა გახრწნადსა და მალიად წარმავალ სიმდიდრეს, რომელიც ხშირად ყველა ცხოვრებისეულ სიამეთა და მანკიერებათა კარს განგვიღებს; ჩვენს უფალსა და მაცხოვარს უნდა ემსახურებოდეს და არა სოფლისა მთავარს ეშმაკს, რომლის ხელშიც ამა ქვეყნის სიმდიდრე უმრავლეს შემთხვევაში სახიფათო ხაფანგია, დაგებული ადმიანის წარსაწყმედელად. „ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უკვდავი სული, ვითარცა შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად, არის მარტივი, უცხო ყოველგვარი სირთულისა და შედგენილობისა, ორმაგობისა, როგორი მარტივიც არის უფალი ღმერთი ჩვენი, და მას არ ძალუძს გაორდეს, თუკი თავის ბუნებას არ გარდააქცევს, არ დაამახინჯებს. რამეთუ გაორება ცხოვრების ყველაზე დიდი სიყალბეა: გაორებული ადამიანი საკუთარ თავს არღვევს. სულით გაორებული ადამიანისა არავის არა სჯერა... ხოლო წმიდა უბრალოებასა და პირდაპირობას ადამიანში ყველა პატიოსანი და კეთილგანმზრახველი კაცი პატივს სცემს. მაგრამ ნუთუ უფალი კრძალავს სიმდიდრის ქონას? - არა, უფალი სულაც არ გვიკრძალავს აქ სიმდიდრის ქონას, რამეთუ სიმდიდრე, ისევე, როგორც სხვა ყოველივე - ჯანმრთელობა, ძლიერება, სილამაზე - ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭია. უფალი მხოლოდ ქვეყნიურ სიკეთეთა შეძენის ძლიერი მიდრეკილების გამო გვაფრთხილებს, რადგან მათი ზედმეტი სურვილისა და სიყვარულის დროს შეუძლებელია ადამიანი მართლად და ზედმიწევნით აღასრულებდეს თავის მოვალეობებს ღმერთის მიმართ. სიმდიდრისადმი ძლიერი მიდრეკილების მქონე ადამიანს იგი ღმერთზე უფრო მეტად უყვარს, ისე სასოებს სიმდიდრეს, თითქოს სწორედ იგი იყოს მისი ღმერთი და სრულიად ავიწყდება ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ცხოვნების საქმე. სიმდიდრეზე მეტისმეტი მზრუნველობით ადამიანი შეურაცხყოფს კიდეც შემოქმედ ღმერთს, რომელიც, ვითარცა მოყვარული მამა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე. და იმაზე უმჯობესადაც, ვიდრე ჩვენვე ვზრუნავთ საკუთარ თავზე. მაგრამ სიმდიდრის სწორი გამოყენებისას, როცა ადამიანი მთელის სულით კი არ მიეკრობა მას, არამედ ღმერთის სადიდებლად და შეჭირვებულ მოყვასთა შესაწევნელად იყენებს, სიმდიდრე ხელს არ უშლის ადამიანს სულის ცხოვნების მოპოვებაში. საღმრთო წერილიდან ვიცით, რომ მამამთავარ აბრაამს, მართალ იობს, მეფე დავითს, იოსებ არიმათიელსა თუ ნიკოდემოსს უზარმაზარი სიმდიდრენი ჰქონდათ, და მისი ჯეროვანი გამოყენებით, ღმერთის გულწრფელი სიყვარულითა და მისდამი გულმოდგინე მსახურებით ცხოვნდნენ.

„ამისთვის გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნუცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?“ (მუხლი 25).

ხომ არ ჩაგვაგონებს უფალი ამ სიტყვებით ქვეყნიურ საზრუნავთა სრულ უგულებელყოფას? - არა, ამას როდი ნიშნავს ჩვენი მაცხოვრის ეს სიტყვები. იგი სულაც არ გვასწავლის იმას, რომ უზრუნველნი და უდარდელნი ვიყოთ. პირიქით, თვით ღმერთმა ჩვენმა მცნებად დაგვიდო ჩვენ ყველას, პირველმშობელ ადამის სახით, შრომითა და ოფლის ღვრით მოვიპოვენდეთ არსობის პურს, შესამოსელს, საცხოვრებელს და ყოველივე აუცილებელს ჩვენი ცხოვრებისათვის ამქვეყნად (დაბად. 3,19). ქრისტეს მოციქულებიც დღე და ღამე შრომობდნენ, რათა არავის არ დასწოლოდნენ ტვირთად და მუქთი პური არ ეჭამათ (II თესალნიკ. 3,8-9). პავლე მოციქულმა მცნებად დაგვიდო ჩვენ, ქრისტიანებს: „შურებოდეთ ხელითა თქვენითა“, „რაითა გაქუნდეს მიცემად, ვისა-იგი უხმდეს“ (I თესალნიკ. 4,11); და იგი არა მხოლოდ მოგვიწოდებს დაუღალავი, განუწყვეტელი შრომისაკენ, არამედ ჰკიცხავს კიდეც და შეაგონებს მცონართ, რომელნიც თავს არიდებენ შრომას სხვადასხვა საბაბით: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ!“ - დაასკვნის წმიდა მოციქული (II თესალნიკ. 3,10). ხოლო ბრძენი სოლომონი მცონარ ადამიანებს ჭიანჭველებთან წარგზავნის შრომის სასწავლად: „იქმენ, ვითარცა ჭინჭველი, ჰოი, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა, რამეთუ მას ქვეყანაი არა უც, არცა მაწვეველი უვის და არცა უფლისა ვის ქვეშე არს; რომელმან განჰმზადოს საზარდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა“ (იგავნი 6-8). თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ჩვენი კეთილისმყოფელი, შუაზე განკვეთს და ურწმუნოთა თანა ერთს ხვედრს სწევს იმ მცონარ, უდებ მონას, რომელიც მხოლოდ ჭამა-სმასა და ლოთობას მიეცემა. ხოლო გულმოდგინედ მშრომელ მონას იგი მართალს და კეთილგონიერს უწოდებს და კეთილი საზღაურის მიგებას ჰპირდება (ლუკა 12,42-46). ამრიგად, რას ნიშნავს უფლისმიერი ეს სწავლება: „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რაი შეიმოსოთ“ (მუხლი 25).

ამ სიტყვებით მაცხოვარი ამაო, მოუსვენარ, შემაჭირვებელ და გამაღიზიანებელ ზრუნვას კიცხავს, რომლითაც ერისკაცთა უდიდესი ნაწილი გამოირჩევა, განუწყვეტლივ რომ იმაზე სწუხან, თუ როგორ განიმტკიცონ და გაიუმჯობესონ თავიანთი ქვეყნიური ცხოვრება, და ამის გამო ასევე განუწყვეტლივ დრტვინავენ და უკმაყოფილონი არიან თავიანთი აწინდელი მდგომარეობით; უფალი კიცხავს იმ ზრუნვას, იმ მრავალდაშვრომას, რომლის შედეგიც ყოველთვის არის სხეულის მწუხარება, ხოლო კიდევ უფრო მეტად - სულის უძლური, დასნებოვნებული მდგომარეობა. „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის“-ო, იმიტომ, რომ ნებისმიერი ზრუნვა რაიმეზე გულისხმობს მოუსვენარ და გამაღიზიანებელ მისწრაფებას რაიმეს მიღწევისაკენ, მოპოვებისაკენ, ეს კი უკიდურესობაა, მით უფრო ღირსი გაკიცხვისა, რომ იგი გამოხატულია ხოლმე ამაო, წარმავალ საგნებთან დაკავშირებით, რომლებიც არამც და არამც არ შეეფერებიან ადამიანის მაღალ დანიშნულებას. „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის“-ო, - ანუ თქვენი სულის მთელს ძალისხმევას, მის ყველა ამაღლებულ მისწრაფებასა და ზრახვას ნუ მიაპყრობთ იმ საგნებს, რომლებიც მასზე დაბლა დგანან და ამიტომაც ვერასდროს ვერ შესძლებენ სულის წყურვილის დაკმაყოფილებას, მეტიც, მხოლოდ კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრებენ მას ამ წყურვილს. „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქვენისათვის“-ო, ანუ უხეშ, ცხოველურ მოთხთვნილებათა ჭაობში ნუ შთაფლობთ ღმერთის უძვირფასეს ნიჭს, რომელიც ყოველივე გარემომცველ ქვეყნიურზე ყოველივე ამაოზე, აღგვამაღლებს, და რომელიც მომადლებული გვაქვს ჩვენ წინდად თვით უფალთან და ჩვენს შემოქმედ ღმერთთან ყოვლად განსაკუთრებული და ყოვლად წრფელი ერთობისათვის.

„ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა?“ - ნათქვამია დღევანდელ სახარებაში. მრავალ ადამიანს სტანჯავს ათასი საზრუნავი, რადგან ისინი საკუთარი ძალისხმევით იმედოვნებენ კეთთლდღეობით აღსავსე, მშვიდი ცხოვრების მოწყობასა და უზრუნველყოფას, ხოლო წარუმატებლობისა და დანაკარგების შემთხვევაში სულმოკლეობას ეძლევიან და ღმერთის ყოვლადძლიერებასა და სახიერებას სულ აღარ სასოებენ. მაგრამ თუკი ღმერთმა ადამიანს ცხოვრება მოანიჭა, მაშინ ნუთუ იმდენი ძლიერება და სახიერება არ ექნება, რომ ყოველივე აუცილებელიც მოანიჭოს სიცოცხლისათვის, ანუ საზრდო, შესამოსელი და ა.შ.

„მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ. არა-მე უფროის თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?“ (მუხლი 26).

აი, კიდევ ერთი დამტკიცება იმისა, რომ ჩვენ ზედმეტად არ უნდა ვზრუნავდეთ ცხოვრებისეულ საჭიროებებზე. ფრინველებზე მითითებით, ცის მყარზე რომ დაფრენენ და დაუშრომვლად საზრდოობენ ზეციური მამისაგან, მაცხოვარს სურს, რომ ჩვენც, დავინახავთ რა ამ, მარად ჩვენს თვალწინ არსებულ მაგალითს ღმერთის ყოვლადსახიერი განგებულებისა თავის ქმნილებებზე, გულით აღარ მივეკროო ამა ქვეყანას ამაო საზრუნავებით, არამედ სულით ჩვენს ზეციურ სამშობლომდე აღვმაღლდებოდეთ და რწმენასა და უფლის სასოებაში წარვემატებოდეთ. რამეთუ თუკი ღმერთი თავის ესოდენ კნინ და უმნიშვნელო ქმნილებათ ასაზრდოებს, როგორნიც ფრინველნი არიან, განა საზრდოსა და თავისი მზრუნველობის გარეშე დატოვებს თავის ერთგულ მორწმუნეებს, რომელნიც თავის ხატად და მსგავსად შეუქმნია, და გამოუსყიდია ღვთაებრივი სისხლით თავისი მხოლოდშობილი ძისა და რომელთათვისაც ესოდენი სახიერებით განუმზადებია საუკუნო სიკეთეთა ზეციური საუნჯენი?! - ანკი განა რასმე წარვემატებით ჩვენს უნაყოფო, ამაო ქვეყნიურ საზრუნავში?

„ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ?“ (მუხლი 27).

წყრთა ზომის ერთეულია - იდაყვიდან შუა თითის ბოლომდე (დაახლ. 40-45 სმ.). საღმრთო წერილის განმმარტებლები ასახელებენ სამგვარი ზომის წყრთას. უბრალო წყრთას (დაახლ. 45 სმ.), წმიდა წყრთას (დაახლ. 90 სმ.-ის რიცხვთა 35,45; III მეფეთა 7,15; II ნეშტთა 3,15) და ექვს ნებიან წყრთას, ანუ წყრთა და ნები (დაახლ. 50 სმ; იხ. იეზეკ. 40,5; 43.13). ამ უკანასკნელ საზომს იყენებდნენ ებრაელები, ისევე როგორც სხვა ხალხები, უძველეს წარსულში, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის დროიდან ხმარებაში შემოიღეს უბრალო, ანუ ხუთნებიანი წყრთა, რომელიც დაახლოებით 45 სმ-ს უდრის. ალბათ, სწორედ ასეთ წყრთას გულისხმობდა უფალი, როცა ზემოთ მოხმობილ სიტყვებს ეუბნებოდა თავის მოწაფეებს.

მართლაც განა ძალგვიძს ჩვენ ამაო, ქვეყნიური ზრუნვით საზრდო-საბადებლის მოპოვებისათვის თუნდაც მცირედით დავაჩქაროთ სხეულის ზრდა-განვითარება? ანდა ძალ-გვიძს თუნდაც ერთი გოჯი შევმატოთ ჩვენს ბუნებრივ სხეულის სიმაღლეს? ანდა განაძლიერებენ კი ჩვენს სხეულს და გვიმტკიცებენ კი ჯანმრთელთბის ნუგბარ-ნუგბარი საჭმელ-სასმელნი? გვიხანგრძლივებენ კი სიცოცხლეს მდიდრული პურ-მარილი და წვეულებანი, რომელნიც ესოდენი ზრუნვისა და ძალისხმევის ფასად გვიჯდება და ამდენ უძვირფასეს დროს გვართმევენ? ეს მრავალსაზრუნავიანი, გარეგანი კეთილდღეობით აღსავსე მდიდრული ცხოვრება დროსაც გვართმევს და ძალებსაც გვისუსტებს, და არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერთაც, და ხშირ შემთხვევებში კიდევ უფრო უმოკლებენ ადმიანს ისედაც ხანმოკლე წუთისოფელს.

„და სამოსლისათვის რაისა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. უკუეთუ თივაი იგი ველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროის თქუენა, მცირედ-მორწმუნენო?“ (მუხლები 28-30).

და რაოდენადაც უნაყოფოა თქვენი ზრუნვა საზრდოზე, იმდენადვე ამაოა ჩვენი მზრუნველობა და ფუსფუსი შესამოსელთათვის. ამხილებს რა ასეთი ამაო მზრუნველობისაგან აღმოცენებულ ჩვენს ურწმუნოებას, მაცხოვარი ველის შროშანზე მიგვითითებს. ეს ყველასათვის ცნობილი და მშვენიერი ყვავილი ებრაულ ენაზე იწოდებოდა „შუშან“-ად, რაც ნიშნავს „ნათელს“, „ბრწყინვალეს“, „მშვენიერს“. თავის „საბუნებისმეტყელო ისტორიაში“ (ნაწ. I, გვ. 241) შუბერტი წერს, რომ შროშანი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი ყვავილია, ეროგვარი ზურმუხტი მცენარეთა სამყაროში, რომლის სილამაზესაც ბრძენი მეფე სოლომონი ყველა სხვა ყვავილისაზე მეტად განადიდებდა.

ამ ყვავილს უდარებს სოლომონი, თავის ქებათა ქებაში, მშვენიერ რძალს, რომელიც არის სახე ქრისტეს ეკლესიისა (ქებ. ქება 2,1). თეთრი შროშანი ველურად იზრდება სპარსეთში, ზოგიერთი მისი სახეობა, ასევე ველურად ხარობს იუდეაში, სადაც, ამის გარდა, შროშანის სამეფო გვირგვინად წოდებული სახეობაა. თუკი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ მოხმობილი შედარება მეფე სოლომონის შესამოსელის სისპეტაკესა და სიწმიდეს გულისხმობს, იგი მართლაც რომ ვერ შეედრება შროშანის უმანკო სისპეტაკეს, ხოლო თუკი მასში სიმშვენიერესა და ფერთა დიდებულებას ვიგულისხმებთ, აქაც ვერანაირი ფერთა სიხასხასე, ელვარება და ერთგვარი ცეცხლოვანი ბრწყინვალება ახლოს ვერ მოვა ზოგიერთი სახეობის შროშანის სიმშვენიერესთან. აქ უფალი იესო, ალბათ, ველის შროშანს გულისხმობდა. თეთრი შროშანები მრავლად იზრდება ნაზარეთის სანახებში, და მის სიმშვენიერეს ყრმობიდანვე ხედავდა უფალი იესო. ნათქვამის აზრი აქ მარტივი და ცხადია: თუკი უმნიშვნელო ქმნილებას, როგორიც ველის ყვავილია, ღმერთი ასეთი სიმშვენიერით მოსავს, განა უარს ეტყვის აუცილებელ სამოსზე, თავის მორწმუნეებს, როდესაც მათი შემოსვისათვის უხრწნელ, წმიდა შესამოსელში უკვდავებისა და საუკუნო დიდებისა თვით მხოლოდმობილმა ძემ ღმრთისა გადასდო თავისი საღმრთო დიდება და კეთილად ინება ჩვენი, სიკვდილს დაქვემდებარებული სხეული შეემოსა?! ასე, რომ ჩვენი ამაო ზრუნვა აუცილებელ შესამოსელზეც კი უკვე იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ მცირედ მორწმუნენი ვართ, სიტყვისაებრ თავად ჭეშმარიტი ღმერთისა. და თუ ეს ასეა აუცილებლად საჭირო შესამოსელის შემთხვევაში, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ იმაზე, როცა მრავალი ადამიანი დროის, სახსრებისა და საკუთარი გულის მისწრაფებათა უდიდეს ნაწილს იმას უთმობს, თუ როგორ ჩაიცვას და როგორ შეიმკოს მოკვდავი სხეული! რამეთუ ეს ყოველივე ნამდვილმა ქრისტიანმა თავისი უფლისა და მაცხოვრის სათნოყოფისათვის უნდა გაიღოს და ღმერთისა და მოყვასის სამსახურს მოახმაროს. ასეთი უგნური მზრუნველობა მიწისაგან შექმნილი სხეულის შესამკობად იმ დროს, როცა ამ ადამიანთა უკვდავი სული სავალალო სიშიშვლესა და ქრისტიანულ სათნოებათაგან მოკლებაშია, ცხადყოფს მათს ურწმუნოებას და ქვეყნიურ სიამეთაკენ სწრაფვას. ამგვარი ქრისტიანები უფრო წარმართებს ჰგვანან. და ამგვარი მხილება ჩვენი, კაცთა, ბაგეებიდან კი არ გაისმის, არამედ თვით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ყოვლადწმიდა ბაგეთაგან, რომელიც კვალად, გვეუბნება:

„ნუ ჰზრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსუათ, ანუ რაი შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი“ (მუხლები 31-32).

წარმართნი იმისთვის ზრუნავენ საზრდოზე, რომ მათ არ იციან ზეციური მამა, და მათი ხედვისათვის დაფარულია მისი უსაზღვრო სიყვარული და სახიერება ადამიანთადმი, რაც ღმერთის მხოლოდშობილ ძეში, ჩვენს უფალ იესო ქრისტეში გაცხადდა. კვალად, ზრუნავენ შესამოსელისათვის და მისი დიდებულებით აღმატებისათვის იმიტომ, რომ მათთვის უცნობია მართალ მორწმუნეთა ჭეშმარიტი შესამოსელი, - რამეთუ სიმშვენიერე მრავალსასყიდლის ტანსაცმელში კი არ მდგომარეობს, რომელიც მთელი თავისი ბრწყინვალებითა და სიმშვენიერით სხვა არაფერია, თუ არ ჩვენი პირველმშობლების ცოდვით დაცემის სამწუხარო შგდეგი, რომელთაც თავიანთ უმანკო მდგომარეობაში არ ესაჭიროებოდათ არანაირი შესამოსელით შემოსვა და რომელნიც მაშინ შემოსილნი იყვნენ ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე სრულყოფილი და საუკუნო სიმშვენიერით - უფალ იესო ქრისტეს უწმიდესი ცხოვრების ხატით! „რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალატ. 3,27), - გვეუბნება წმიდა მოციქული პავლე. აი, სწორედ ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი სამკაული და მშვენიერი შესამოსელი - უფალ იესო ქრისტეს სხეულის ნაწილნი, რომელთა მოპოვებისა და რომლებით შემოსვისთვისაც ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ, რათა ცოდვიან სიშიშვლეში არ მოგვიწიოს წარდგომა მის წინაშე საუკუნოდ სარცხვენელად ჩვენდა ანგელოზთაგან და კაცთაგან. ხოლო ჩვენი ქვეყნიური, წარმავალი ცხოვრების გასაგრძელებლად აუცილებელ საზრდოს რაც შეეხება და იმ ტანსაცმელსაც, რომელიც აუცილებლად გვესაჭიროება ქვეყნიურ სტიქიათა დამარღვეველი მოქმედებისაგან სხეულის დასაცავად და შესანარჩუნებლად, აგრეთვე ყოველი ჩვენგანის საზოგადოებაში დაკავებული მდგომარეობის შესაფერ, ანდა გარკვეულ შემთხვევებში ჩვენი სხეულის შესამკობელ შესამოსელს (თუმცა აქაც გარუგნული სიმშვენიერისაკენ სწრაფვა შეერთებული უნდა იყოს ქრისტიანულ თავმდაბლობასთან), - ყოველივე ამას რაც შეეხება, გვწამდეს, რომ ჩვენმა ზეციურმა მამამ უწყის, რომ ჩვენ ესეც გვესაჭიროება და თავისი კეთილგანგებულებით ყოველივეს მოგვანიჭებს ჩვენი მხრიდან ზედმეტი ზრუნვისა და ძიების გარეშე.

დაბოლოს, დღევანდელი სახარების საერთო დასკვნა ასეთია:

„ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მუხლი 33).

ანუ, ჩვენ ცხოვრების იმგვარ წესს უნდა ვადგეთ, რომ უმთავრეს, უპირველეს და პირდაპირ დანიშნულებას ჩვენსას ამქვეყნად გარეგანი კეთილდღეობა კი არ შეადგენდეს, არამედ - ცათა სასუფევლის ძიება, მისი სიწმიდისა და სიმართლის დამკვიდრებისათვის ზრუნვა. ჩვენ, ქრისტიანებს, უპირველესად ყოველისა და ყველაზე მეტად იმაზე ზრუნვა გვმართებს, რომ ყოველთვის ზედმიწევნით აღვასრულებდეთ ჩვენს მოვალეობებს ეკლესიის, სახელმწიფოს, ოჯახის, ახლობელ-მეგობართა და, საერთოდ, მოყვასთა წინაშე. ვიყოთ პატიოსანნი, მართალნი, კეთილნი, და სწორედ ამგვარად განვაგებდეთ და აღვიშენებდეთ ჩვენთვის საუკუნო ნეტარებას, ამგვარადვე განვამზადებდეთ ჩვენს მეგობრებსაც იმისთვის, რომ მათ სუკუნო საცხოვრებელთა ჭერქვეშ შეგვიწყნარონ ჩვენ. და მაშინ თვით ღმერთიც, რომელიც ყოველთვის სიხარულით შეგვეწევა ჩვენ ამ საქმეში, სულ მცირე ქვეყნიურ სიკეთეთაც არ მოგვაკლებს, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუკი ამგვარი სიკეთენი ჩვენი მთავარი მიზნისათვის - სულის ცხოვნებისათვის წაგვადგება.

II. დღეს განხილულ სახარებაში ბევრი ამაღლებული და სამოძღვრებო ჭეშმარიტებაა შთადებული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩეროთ ყურადღება.

ა) პირველ ყოვლისა, ღრმად შემაგონებელი დამოძღვრაა ჩვენთვის უფლის ამ სიტყვებში: „უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?“ (მუხლი 23).

ამრიგად, თუკი ჩვენს გონებას ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სულიერ-ზნეობრივი ცხოვრებისათვის, ამიტომ, ჩვენ მთელის ძალისხმევით უნდა ვზრუნავდეთ მისი განათლებისათვის. ჩვენს აწინდელ, ქვეყნიურ მდგომარეობაში, ჩვენ მონიჭებული გვაქვს გონებრივი განათლების წმინდა და აღუმღვრეველი წყარო - საღმრთო გამოცხადების სიტყვა: საღმრთო წერილი და წმიდა საეკლესიო გადმოცემა; სწორედ მისმიერ მითითებებში, აღძრულებმა ჭეშმარიტების სულით, ჩვენ უნდა ამოვხაპოთ ჩვენი გონების გასანათლებლად ჭეშმარიტად საღი აზრების დასაბამნი; სწორედ მათი მეშვეობით უნდა დავიხვეწოთ ჩვენი გონებრივი მზერა და განვიძლიეროთ გონების თვალნი. ამიტომ ღვთის სიტყვის კითხვა და შესწავლა ჩვენს აუცილებელ მოვალეობას უნდა შეადგენდეს. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენი გონების განათლებისათვის აუცილებელია მისი განწმედა ვნებისმიერ ზრახვათაგან, უჯერო ფიქრთაგან, იმიტომ, რომ სწორედ ვნებები და მანკიერებებია გონების დაბნელების პირველი მიზეზი. საჭიროა, რომ გონების ნათელი ხედვა ჩვენში გამოიხატოს, პირველ ყოვლისა, ჩვენი გულის ამაღლებულ, შეურყვნელ და წმიდა მისწრაფებებმი, რაც ყოველთვის მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს შეხედულებებს; სხვაგვარად სწორედ აქ ემუქრება ჩვენს გონებას იმის საშიშროება, რომ თავადვე შთააგდოს საკუთარი თავი უკუნ, გამოუვალ წყვდიადში; ამასთან დაკავშირებით წმიდა ნეტარი იერონიმე ამბობს: „თუკი გონებისმიერი შემეცნება, რაიც არის ნათელი სულისა, სულიერი მანკიერებებითაა შენში დაბნელებული, მაშინ რაოდენ დაბნელებული უნდა იყოს შენს არსებაში თვით წყვდიადი!“ საჭიროა, რომ ამ გონებისმიერმა შემეცნებამ თავი გამოავლინოს, შეძლებისდაგვარად, ჯანსაღ და საფუძვლიან გარჩევაში სიკეთისა, წმიდა მიდრეკილებებისა და ცოდვისა, ცოდვიანი სურვილებისა. მაცხოვარიც ხომ პირდაპირ მიაკუთვნებს გულის სიწმიდეს ჭეშმარიტი ღმერთის მცნობელობას, რაც არის კიდეც გონებრივი სრულყოფილების გვირგვინი: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8).

ბ) კვალად, მეტად სამოძღვრებოა ჩვენთვის დღევანდელ სახარებაში უფლის შემდეგი სიტყვებიც: „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (მუხლი 24). ამით უფალი გვასწავლის, რომ ქრისტიანის ნებელობა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულისაკენ უნდა იყოს მიმართული, ერთი მისწრაფებისაკენ სათნო-ეყოს ღმერთს და მისი სიყვარული დაიმსახუროს, რომელიც არის კიდეც ადამიანური ბედნიერების ერთადერთი წყარო. დაე,სწორედ ღმერთის სიყვარული იყოს სჯულიც და ცხოვრებაც ადამიანის ნებელობისათვის ისევე, როგორც ყოვლადსახიერი საღმრთო ნება ემსახურება ულევი ნეტარების წყაროდ ზეცის მკვიდრთ. მაგრამ ასეთნი არიან კი ქრისტეს ეკლესიის წევრთაგან ყველანი თავიანთი ნებელობის თვისებათა მიხედვით? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს სათნო-ვეყოთ ღმერთს და აღვასრულოთ მისი ჩვენთვის მაცხოვნებელი ბრძანებანი. მაგრამ, საუბედუროდ, ზოგიერთნი ხშირად, და შეიძლება გამუდმებითაც, თავს არიდებენ ამ სურვილს, ანდა უსახურ-ჰყოფენ და გარდააქცევენ კიდეც მას თავიანთი ბოროტი საქმეებით. მათ თითქოს სურთ ემსახურონ სიყვარულის ღმერთს, მაგრამ თვითონ მხოლოდ ის იციან და იმას იქმან, რომ უსჯულოების საქმეებში წარემატებიან; თითქოს ევედრებიან ღმერთს - შენი ნება ჩვენი ნებაც იყოსო, თვითონ კი სულით მამონას მიეკრობიან და მხოლოდ მის და საკუთარი ბოროტი ვნებების მსახურებაში ჰგონებენ მთელი თავიანთი ცხოვრების სიკეთეთა და სიამეთა მოპოვებას. განა არ გესმით, რას გვეუბნება ქრისტე: ვერ ხელ-გეწიფებათ ღმრთისა მონებად და მამონაისაო... ან კი, განა შესაძლებელია რამენაირად ნათლისა და ბნელის, სიკეთისა და ბოროტების შეერთება?! - არა, ეს ყოვლად შეუძლებელია. ამიტომ, თუკი გვსურს სათნო-ვეყოთ ღმერთს და ამით მოვიპოვოთ ცხოვნება, უნდა უარვყოთ ჩვენი ნებელობის ყველა უჯერო მიდრეკილება, მისი ყველა ვნებიანი სურვილი, რომელნიც მოსწამლავენ ჩვენს ცხოვრებას, და მთელის არსებით, მთელი ჩვენი ნებელობით ღმერთის ნების მსახურებას მივეცეთ. ნუ ვიტყვით - ეს საქმე ძნელი არისო! იქ, სადაც ჩვენს უძლურებას ვგრძნობთ ქრისტიანული ღვაწლის სიმაღლეთა წინაშე, - იქ ყოველთვის განმზადებულია უფალი ჩვენს შესაწევნად. ვიშრომოთ, ვიღვაწოთ, და უფალი ღმერთი არ მიგვატოვებს თავისი მადლმოსილი შეწევნის გარეშე.

გ) დღეს წაკითხულ სახარებაში ის ჭეშმარიტებაცაა დადასტურებული, რომ სამყაროში ყველგან ღმერთის განგებულება მეუფებს, რომელიც ყველაზე კნინ საგნებსაც კი განეფინება. „მიხედეთ მფრინველთა ცისათა, - გვეუბნება უფალი, - რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა და მამაი თქვენი ზეცათაი ზრდის მათ; არა-მე თქვენ უფროის უმჯობეს ხართა მფრინველთა?... განიცადენით შრრმანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძინდის: არა შურებინ, არცა სთესვენ, ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა ვითარცა ერთი ამათგანი. უკუეთუ თივაი იგი ველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროის თქვენ, მცირედ მორწმუნენო?“ (მუხლები 26, 28-30). ყოვლდბრძენმა ღმერთმა, შექმნა რა ეს სამყარო, ადამიანი, ცოცხალი არსებანი და მცენარეები, თავისი ყურადღების გარეშე როდი დასტოვა ისინი და არ დაუშვა, რომ ისინი რაიმე გარეგანი შემთხვევისაგან წარიმართებოდნენ, არამედ ვითარცა ყოვლისმხილველი, წინასწარ ჭვრეტს რა საგანთა მთელს კავშირს, განაგებს მათს არსებობას და უნარჩუნებს მათ ძალებს არსებობისა და მოქმედებისათვის; განაგებს ისე, რომ თითოეულ მათგანს დაუდგენს მისი შინაგანი არსობრიობისათვის დამახასიათებელ კანონს, რათა ყოველმა ქმნილებამ მისთვის წილხვედრი არსებობით, თავის გარშემო შექმნილი მდგომარეობებითა და ვითარებებით სწორედ ღმერთის წმიდა სჯული აღასრულოს და მის ნებას ემსახუროს. ღმერთის მიერ შექმნილი მთელი ქმნილება მარადის მის თვალთა წინაა, ყოველივე მისითაა გარემოცვული და მასში მდგომარეობს საიდუმლო სახით; მან ყოველივე უწყის და იგი ყოველივეს ხედავს. ხოლო რაკი ყველა საგანს ყოვლად უცხადესი სახით ჭვრეტს, ღმერთი უსათუოდ განაგებს კიდეც მათ, უსათუოდ წარმართავს მათი არსებობის თანმხლებ ვითარებებს, ცვლილებებსა დაბედ-იღბალს. რამეთუ შეუძლებელია ყოვლადძლიერმა შემოქმედმა ღმერთმა, ზეციურმა მამამ და უსაზღვრო მეუფემ, რომელიც არის ყოვლადბრძენიც, ყოვლადწმიდაც, ყოვლადმოწყალეცა და კეთილისმსურველიც, ყურადღების გარეშე დასტოვოს თავის ხელთა დიადი საქმე, შეუძლებელია მან მზრუნველობის გარეშე დატოვოს თავისი შვილები - ძენი და ასულნი, შეუძლებელია თავისი განგებულების, თავისი მმართველობის გარეშე დატოვოს თავისი ქმნილებები, რამეთუ იგი არის ყოვლადბრძენი, ყოვლადწმიდა, ყოვლადსახიერი - ყოველთვის განმზადებული იმისათვის, რომ ყოველივე საჭირო და შესაძლებელი მოანიჭოს მასზე - ერთზე დამოკიდებულ არსებებს. ღმერთის სიბრძნე მოითხოვს, რომ ყველა საგანი, მთელი ქმნილება წესრიგით ჰგიებდეს; მისი სიწმიდე მოითხოვს, რომ თავის გონიერ ქმნილებებს იგი სიკეთის ქმნისათვის აღძრავდეს, მისდრეკდეს და წინამძღვრობდეს; მისი სახიერება მოითხოვს, რომ თავის ქმნილებათა ყველა ქმედებას იგი კეთილსახიერი დასასრულისაკენ მიაქცევდეს; მისი ყოველგანმყოფობა მოითხოვს, რომ იგი ყოველთვის თავის ქმნილებებთან იმყოფებოდეს და თვის ხელთ ეპყრას ისინი; მისი ყოვლისმცნობელობა მოითხოვს, რომ იგი ყველა საგანს ხედავდეს, თავის ქმნილებათა ყველა საქმეს ჭვრეტდეს და მოქმედებაში შეეწეოდეს მათ, შემნარჩუნებელი მათი არსებობისა და მათი ძალებისა, რათა კვლავაც შეეძლოთ ქმედება; ღმერთის ყოვლადძლიერება მოითხოვს, რომ იგი წარმართავდეს არა მხოლოდ დიად და მნიშვნელოვან საქმეებს, არამედ ყველაზე კნინთაც და უმნიშვნელოთაც; ღმერთის ყოვლისშემძლეობა მოითხოვს, რომ როგორც დასაბამად თავისი სიტყვით - „თქვა ღმერთმან... და იქმნა“ - მან არა მხოლოდ დიდებული ქმნილებანი შექმნა - ანგელოსნი, ადამიანნი, ცანი, ვარსკვლავები, მზე, პლანეტები, თუ დედამიწა, არამედ მცირენიც - კნინნი და უმნიშვნელონი, როგორიცაა ბალახნი, ქვეწარმავალნი, ქვიშის ნამცეცნი თუ მწერნი, ამგვარადვე ყოველთვის განაგებდეს მთელს თავის ქმნილებას თავისი ღვთაებრივი სიტყვით: ცათაც და ქვეყანასაც, ვარსკვლავთაც და პირუტყვთაც, ადამიანთაც და ქვეწარმავალთაც, მცენარეთაც, უკნინეს მწერთაც და ქვიშის მარცვლებსაც. ამრიგად, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთის განგებულებით, მის ყოვლადწმიდა თვალთა წინაშე ჩაისახება, იშვება, აღორძინდება, აღიზრდება, ვაჟკაცდება, ბერდება, - ცხოვრობს და კვდება ყოველი ადამიანი; და უპირატესად, სწორედ საღმრთო განგებულებითაა ასე, რომ ერთი ადამიანი აღმაღლდება, მეორე კი - დამდაბლებულია; საკუთარ თავზე იმედის დამამყარებელი ეცემა, ხოლო ღმერთის მსასოებელი - აღედგინება; ერთი სიმდიდრითა და კეთილდღეობითაა ნაკურთხი, მეორეს კი სიგლახაკე და უპოვარება ეწევა; ერთის - გულუხვისა და მოწყალის ყანა ნაყოფიერ იქმნება და განმრავლდება, მეორისა კი - უმოწყალოსი და ფუფუნებაში მყოფისა უნაყოფო ხდება და პატრონს აღარიბებს; ერთი განათლდება, მეორე კი - უცნობლობის სიბნელეში რჩება; სიმდაბლით, მორჩილებით აღვსილსა და მლოცველს შინაგანი თვალები განეხვნება და მისი სულიერი თვალებიც განათლებულია, ხოლო საკუთარი თავის მოყვარეს, ამპარტავანს, რომელიც თავის ცრურწმენებსა და წინასწარშექმნილ არასწორ შეხედულებებს ადგას, ბნელი ლიბრით ეფარება შინაგანი თვალი. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე ამქვეყნად ღმერთის განგებულებითა და მისი წინასწარჭვრეტით აღესრულება.

დ) და ბოლოს, ღირსშესანიშნავია, უფლის მიერ ჩვენდა მცნებად დადებული ეს სიტყვებიც: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მუხლი 33). მაგრამ სად ვეძიოთ ჩვენ ეს სასუფეველი ღმრთისა? - ცათა შინა! სწორედ იქ, ღმერთის მხოლოდშობილი ძის - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის დამსახურებით „სავანე მრავალ“ განმზადებულია ჩვენთვის (იოანე 14,2), რომლებშიც ჩვენც, მსგავსად ზეციური ანგელოზებისა, გავბრწყინდებით „ვითარცა მზე სასუფეველსა მამისასა“ (მათე 13,43) და სამარადჟამოდ დავტკბებით იმგვარი სიკეთეებით, „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (I კორინთ. 2,9). ცათა სასუფევლის სწორედ ეს სიკეთენი უნდა ვამჯობინოთ ჩვენ ყველა ქვეყნიურ შვება-სიამეს, და მხოლოდ მათ მივესწრაფვოდეთ მთელი ჩვენი სულით, რათა სიკვდილის შემდგომ საუკუნო ნეტარებას ვეწიოთ.

ცათა სასუფეველის შეცნობა ჩვენ მხოლოდ ცათა შინა, მომავალ საუკუნო ცხოვრებაში კი არ ძალგვიძს, არამედ, თუკი მოვინდომებთ აქაც, ჯერ კიდევ ქვეყნიურ ცხოვრებაშიც; რამეთუ უფალი იესო ქრისტე მადლის მიერ შესახლდება თავის რჩეულ ადამიანებში. ის, ვინც ღმერთის სამკვიდრებლად გახდომის ღირსი შექნილა, მარადის აღუშფოთებელ სიმშვიდეს გრძნობს საკუთარ სულში, ყოვლადსრულ კმაყოფილებასა და სულიერ სიხარულს. უფალი გვეუბნება: „აჰა, ეგერა სასუფეველი ღმრთისაი (და, მაშასადამე, ნეტარებაც) შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

როგორ მოვიპოვოთ ჩვენ ცათა სასუფეველი? რა საშუალებანი გამოვიყენოთ ამისთვის? პასუხი ამაზე მაცხოვრის ზემოთ მოხმობილ სიტყვებმივე ძევს, რამეთუ ჩვენ უნდა ვეძიებდეთ არა მხოლოდ სასუფეველსა ღმრთისასა, არამედ სიმართლესაც მისა. ანუ, ვისაც სურს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრების ღირსი შეიქნას, მან ღმერთის სიმართლეც უნდა ეძიოს. ეძიოს განმართლება მის წინაშე, რომელიც, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის წყალობით მისი მეუფების - მისი ეკლესიის ყველა ჭეშმარიტ წევრს მოემადლება. ამ საღმრთო სიმართლეს - განმართლებას ღმერთის წინაშე, ჩვენ მაშინ მოვიპოვებთ, როცა ყველა ჩვენს ქმედებასა, სიტყვასა, ფიქრსა და სურვილში თანახატ-ვექმნებით ღმერთის ნებას, - ანუ როცა ღვთის მოშიშებითა და კეთილმსახურებით ვიცხოვრებთ. ყოვლადმართალი ღმერთი თავისი მადლით მხოლოდ იმ ადამიანებში შესახლდება, რომლებიც თავადვე მიესწრაფვიან მთელის არსებით იმას, რომ ყოველივეში მას მიემსგავსონ თავიანთი სიმართლითა და კეთილმსახურებით.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე