29-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება ლუკასაგან (17,12-19)

„12. (მას ჟამსა შინა) და შე-რაჲ-ვიდა იგი (იესუ) დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. 13. და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ! 14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. 15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. 16. და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? 18. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე? 19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.“

 

I. აწინდელი შვიდეულის სახარებამ ათი კეთროვანი მამაკაცის განკურნების ამბავი გვაუწყა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა, სამარიტელმა, მიუძღვნა უფალს მადლობა განკურნებისათვის. განვიხილოო ეს სახარება.

(მას ჟამსა შინა) და შე-რაჲ-ვიდა იგი (იესუ) დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს“ (მუხლი 12).

იერუსალიმისაკენ მიმავალი უფალი იესო ქრისტე, სადაც მას ჯვარზე ვნება მოელოდა, გალილეისა და სამარიის საზღვარზე ვიდოდა და გზად სხვადასხვა დაბებმი შედიოდა. და აი, ერო-ერთი ასეთი დაბის მისადგომებთან მას მძიმე, გულისმემძვრელი სურათი წარმოუდგა. ათი კეთროვანი კაცი საწყალობლად იდგა და მას განკურნებას ევედრებოდა.

კეთრი სნეულებათაგან ყველაზე საშინელი დაავადებაა, რომელიც ალპობს და არღვევს ადამიანის სხეულს. ერთხელ თუ ეუფლა იგი ადამიანს, მერმე არანაირი სამკურნალო საშუალება აღარ შეაჩერებს და ნელ-ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ ანადგურებს მის სხეულს, ცოცხალ ლეშად აქცევს ადამიანს, სანამ რომელიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოსაც არ მისწვდება და საერთოდაც არ მოუსპობს სიცოცხლეს სნეულს. ებრაულად კეთრს „თცირა აზატ“ ჰქვია, ანდა „ნეგა-თცარატ“. პირველი აღნიშნავს კეთრის ყველაზე საშინელ სახეობას - ელეფანტიაზს. განარჩევენ ელეფანტიაზის ორ სახეობას: ტუბერკულოზისას და ანესთეზიურს (ანუ მგრძნობელობას მოკლებულს). კეთრის - ელეფანტიაზის ყველაზე ჩვეულებრივი ფორმა ტუბერკულიოზური კეთრია. ჩვეულებრივ, ეს სნეულება სახეზე გამოჩენილი ანთებითი ლაქების სახით ვლინდება, აგრეთვე ხელებზე, ყურებზე გაჩენილი რომდენიმე სანტიმეტრი დიამეტრის ლაქებით მუქი-წითელი თუ ძოწის ფერისა. ეს ლაქები მალე იცვლიან ფეს და ყავისფერი ანდა ბრინჯაოსფერი ხდებიან ლითონისებრი თუ ზეთისებრი ელვარებით. თანდათნობით კანის ზედაპირი ფერს იცვლის, უხეშდება და ამოიბურცება, თავიდან მოწითალო ფერისაა, შემდეგ ბრინჯაოს ფერი ანდა თეთრი. ხშირად მთელი კანის ზედაპირი იქერცლება და სცილდება ადამიანის სხეულს ნაწილ-ნაწილ.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ტუბერკულები სცვივა სხეულს და გარკვეულ ჭდეებს სტოვებს, როგორც ეს შეხორცებული ჭრილობის შემდეგ ხდება, როცა სხეულზე ბრინჯაოს თუ თეთრი ფერის თხელი კანით დაფარული ნაჭრილობევი ადგილი რჩება. ის ტუბერკულები, რომლებიც კვლავ ჩნდებიან, ჩვულებრივ, ჩირქდებიან, თეთრი ფერის ქსოვილით იფარებიან და ამ სახით რჩებიან გაურკვევლად დიდი ხნის განმავლობაში. მათი სიდიდე იცვლება და მდოგვის მარცვლისოდენადან მტრედის კვერცხისოდენამდე აღწევს. ჩირქოვანი ტუბერკულები კუნთებმი ინერგებიან და სპობენ მათ, ისე, რომ ძვლები ჩანს ხოლმე. ანდა, ზოგჯერ დაიხურებიან კიდეც და თავის ადგილას თეთრ ჭდეებს სტოვებენ. ჩვეულებრივ, ტუბერკულები თმის ცვენას იწვევენ, ავადმყოფს წარბებიც უშიშვლდება, მთელი სახე სივდება, დიდდება და ავადმყოფის სახე ლომისებური ხდება. კანის ფერის მიხედვით ამ სნეულებას უწოდებენ ან შავ კეთრს, ანდა სველ კეთრს. ექიმ ტომსონის აღწერით, „როცა სნელება განვითარების ზენიტს აღწევდა, კეთროვანს საშინლად უმახინჯდებოდა სახე, ტუბერკულები დაჩირქებული ჰქონდა, ხმა - ხრინწიანი, თვალები - უქუთუთო, სუნთქვა - მყრალი, შესახსრებანი - დარღვეული ტუბერკულების გამო, ავისმომასწავებელი წითელი ლაქები მთელს დანარჩენ სხეულზე წარმოადგენენ უსაშინლეს სურათს, რომლის მსგავსის ნახვა არცერთი სხვა სნეულების დროს არ შეიძლება. არაფერს ძალუძს ამ სნეულების მდინარება შეაჩეროს, და კეთროვანის ერთადერთი ბედნიერება ის არის, თუკი სნეულება რომელიმე სასიცოცხლო ორგანოს შეეხება, რადგან ამ დროს ნანატრი სიკვდილიც დადგება“.

ელეფანტიაზის სხვა სახეობა - ანესთეტიკური, ანუ უგრძნობელი, ყოველთვის შუბლიდან ეწყება ადამიანს (შდრ. მეფე ოზიას სნეულებას - II ნეშტთა 26,19-20), მოელვარე თეთრი ან სპილენძისფერი ლაქებით, ანდა კანის ამობურცვით, რაც უმტკივნეულოდ ვითარდება - ამობურცვანი იზრდება, სკდება და სხეულს სცილდება თეთრი, რძისებრი ქსოვილი. ამონაბურცვის გასკდომის შემდეგ რჩება გაღიზიანებული, ჩირქოვანი ზედაპირი, რომელიც რამოდენიმე ხნის შემდეგ იხურება და წარმოადგენს თეთრი ფერის გლუვ, უგრძნობელ ჭდეს, სრულიად მოკლებულს ბალანს. ზოგჯერ ამ ადგილას კვლავ წამოიზრდება ხოლმე ბალანი, მაგრამ ძალზე წვრილი და თეთრი, გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ მეორდება ამობურცვათა წარმოშობა, გასკდომა და ა.შ. მაშინ კეთრი ხელ-ფეხის შესახსრებებს მოწყლავს, შემდეგ კი - ნიდაყვებსაც, მხრებსაც, მუხლებსაც და თეძოებსაც (იხ. II სჯული 28,35), და სპობს არამხოლოდ კუნთებსა და მათს ხრტილებს, არამედ თვით ძვლებსაც კი, რომლებიც თანდთანობით, ნაწილ-ნაწილ სცვივა სნეულს. თვით ამობურცვანი, სიმსივნენი უჩვეულოდ სწრაფად და მთლიანად შეხორცდებიან ხოლმე, ისე, რომ ელეფანტიაზისაგან წართმეული სხეულის ნაწილის ადგილას სავსებით შეხორცებული ნაჭდევი რჩება. სხეულის ის ნაწილები, რომლებიც არ ჩირქდება, მაგრამ რომლებსაც უკვე შეეხო კეთრი, იმ ზომამდე უგრძნობელნი არიან, რომ მათი გაჭრაც კი შეიძლება ყოველგვარი რეაქციის გამოუწვევლად. ყოფილა შემთხვევები, როცა კეთროვანის სხეულის ნაწილები ვირთხას შეუჭამია ძილში, სნეულს კი ვერაფერი შეუტყვია. ელეფანტიაზის ანესთეტიკური ფორმის დროს კეთროვანი ადამიანის პირისახე არასდროს არ არის ისე დაზიანებული და დამახინჯებული, როგორც ტუბერკულოზური კეთრის დროს, მაგრამ სახის კანი სნეულს ისე ძლიერადა აქვს დაჭიმული, რომ იგი მუმიას ემსგავსება; თვალების ქუთუთოებიც ამ დროს ქვედაშვებულია, თვალთაგან ძლიერი ცრემლდენაა, ხოლო ჩამოშვებული ქვედა ტუჩი კბილებსა და ღრძილებს უშიშვლებს ავადმყოფს. მხედველობა, გემო და ყნოსვა თითქმის სრულიად ჰქრება, თუმცა ხმა კეთროვანს არ ეცვლება. წარბები, წამწამები და თმები ან სცვივა სნეულს, ანდა უჭაღარავდება. სნეულების განვითარება უფრო ნელია, ვიდრე ტუბერკულიოზური ელეფანტიაზის დროს და სიკვდილიც უფრო გვიან დგება.

კეთროვანთ დევნიან ქალაქებიდან, სახლებიდან, ქუჩა-მოედნებიდან, შარა-გზებიდან, სახალხო შეკრებებიდან, წვეულებებიდან, მოსაუბრეთა შორის დგომასაც უკრძალავენ, და - ჰოი, მწარო ხვედრო! - მათ წყაროებთანაც და ჭებთანაც კი არ უშვებენ. წყაროები, ყველასხვა ადამიანთ რომ დაარწყულებენ, არ გამოედინებიან კეთროვანთათვის, იმასაც კი შიშობენ, რომ მდინარენიც შეიძლება წაიბილწონ მათი შეხებისაგან და სნეულების მატარებელნი შეიქნან, საშიში სხვა ადამიანებისათვის. ამიტომაც დახეტიალობენ კეთროვანი ადამიანები დღე და ღამე, - გაღატაკებულნი, ნახევრად-შიშველნი, უსახლკარონი, სნეულებით მოწყლული სხეული მოუჩანთ და არასდროს არ ჰყვებიან თავიანთი უწინდელი ცხოვრების შესახებ, შეწევნად შეჰღაღადებენ შემოქმედ ღმერთს, ერთმანეთს ეხმარებიან გადაადგილებში, სხეულის დაზიანებული ნაწილების გამოყენებაში, თხზავენ საწყალობელ, სევდიან სიმღერებს, რათა ადამიანთაგან პურის ნატეხი, ანდა თუნდაც სულ მცირე ულუფა მოხარშული საკვები გამოითხოვონ, ანდა ძველმანი შესამოსელი, ანდა რაიმე წამალი ტკივილთა შესამსუბუქებლად.

აი, სწორედ ამგვარი ათი უბედური კეთროვანი ადამიანი შეეგება უფალს ერთ-ერთი დაბის შესასვლელში. შესაძლოა მათ საერთო უბედურება აკავშირებდათ, როგორც ამას წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი შენიშნავს, და ისინიც სულ ერთად იყვნენ, რათა ერთმანეთისათვის შეემსუბუქებინათ ტანჯვა; თუმცა შეასაძლოა ისინი მხოლოდ ამ ერთხელ შეიკრიბნენ ერთად სხვადასხვა ადგილებიდან, რათა თავიანთი სხვადასხვაგარი სატანჯველის სავალალო შესახედაობით იესოს გული შეეძრათ და მისგან სასწაულებრივი კურნება გამოეთხოვათ. უფალ იესო ქრისტეს მის მოგზაურობებმი, მოწაფეების გარდა, ყოველთვის ახლდა თან დიდძალი ხალხი. კეთროვნებმა იცოდნენ იმ კანონის არსებობა, რომელიც მათ ხალხის საზოგადოებაში, ჯანმრთელ ადამიანთა შორის გამოჩენას უკრძალავდა; იცოდნენ, რომ ხალხს სძაგს ისინი, რომ მხოლოდ ძალზე კეთილმოშიში ადამიანები ბედავდნენ მათთან მიახლოებას დახმარების გასაწევად (როგორც წმიდა გრიგოლი ამბობს), და ისიც, რომ მხოლოდ იესოს არ ეშინოდა შეხებოდა მათ, რადგან იგი ყოვლადძლიერი იყო, სასწაულთმომქმედი. ამიტომაც ეს უბედური ადამიანები, როცა შეიტყვეს, უფალი იესო დაბისაკენ მოდისო, გზიდან მოშორებით შეჩერდნენ დაბის მახლობლად და აქედან შეჰღაღადეს უფალს შეწევნისათვის. საიდან შეიტყვეს მათ უფლის მოსვლის შესახებ? მისი სასწაულების დიდებამ - წინამორბედმა უფლისა - ყველას აუწყა იესოს მოსვლის შესახებ, ხოლო მისი მადლიერი ადამიანების დალოცვა ყოველთვის ახლდა მის გასვლას ამა თუ იმ ქალაქიდან და დაბიდან. იესო ქრისტეს არ შეეძლო დაფარვა, ვითარცა მთაზე დადგინებულ ლამპარს, ვითარცა კეთილსურნელებას, გადაღვრილს ტაძარში.

„და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ!“ (მუხლი 13).

კეთროვანნი ხმამაღლა ღაღადებდნენ ან იმის გამო, რომ შორს იდგნენ, ანდა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მტკიცედ არა სწამდათ, რომ იესო ნაზარეველი არის ყოვლისმხედველი და ყოვლისმსმენელი უფალი ღმერთი. და რას შეჰღაღადებენ ისინი უფალს? - შეწყალებას, ანუ მათს განკურნვას იმ მოწყალების აღმოჩენით, რომლითაც უფალი ტანჯულთ იბრალებდა და შეეწეოდა. ამიტომაც უღაღადებდნენ: „იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩვენ!“.

ჩვენც მოგვხედე, უარყოფილთ და ტანჯულთ, ჰოი, მოწყალეო მოძღვარო და ყოვლად ძლიერო მკურნალო უკურნებელ სნეულთა. ჩვენში შენ ყოველი სახის სნეულებას ხედავ, რომელთაგან სხვებს განკურნვდი. ერთი სნეულება, რომელიც ჩვენში დაბუდებულა, ყრუთ, ბრმათ, მკელობელთა და განრღვეულთ შეგვქნის ჩვენ, შენდა მოჰყავთ ჯანსაღთ სნეულნი. ჩვენ ყველანი სნეულნი ვართ, და ერთმანეთი მოგვყავს შენთან. სხვა სნეულთა მიმართ მიაქცევს შენს მზერას მოყვასთა სიყვარული და თანალმობა, ჩვენ კი არავის ვუყვარვართ; არავინაა ისეთი, ვინც ჩვენთვის შეგთხოვს შენ. შენ ერთი ხარ, ვინც არ უარყოფ კეთროვანთ. ჩვენი წყლულები, ჩვენი ტანჯვა - გევედრებიან შეწევნას ჩვენთვის. მოწყალე იქმენ ჩვენდა, იესო!

„და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან“ (მუხლი 14).

უფალმა დაინახა კეთროვანნი, მაგრამ ნება არ მისცა მათ მიახლოვებოდნენ მას, როგორც ეს ადრე ქმნა ერთი კეთროვანი კაცის მიმართ, და არც უმალვე არ განკურნა ისინი, როგორც ის კეთროვანი, ხელის ერთი შეხებით. მან იუდეველ მღვდელმსახურებთან წარგზავნა ისინი და უთხრა: „წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენნი მღვდელთა“. მოსეს სჯულის მისედვით, მღვდლებს ევალებოდაო კეთრით ანდა სხვა, კეთრის მსგავსი კანის სნეულებით დაავადებულ იუდეველთა გასინჯვა. და თუკი ვინმე მართლაც დაავადებული აღმოჩნდებოდა კეთრით, მღვდელნი უმალვე უწმიდურად აცხადებდნენ მას და განკვეთდნენ საზოგადოებიდან. ზუსტად ამგვარადვე, როცა კეთრი თავისით განიკურნებოდა, სნეული მღვდლებთან უნდა გამოცხადებულიყო, რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ მის გამოჯანმრთელებაში და დაებრუნებინათ იგი ოჯახში, საზოგადოებაში. და თუკი მართლაც ასე აღმოჩნდებოდა, გამოჯანმრთელებულს მოსეს სჯულის დადგინებული განწმედის წესი უნდა აღესრულებინა და განწესებული მსხვერპლი უნდა შეეწირა ღმერთისათვის. სჯულის ამ მოთხოვნის შესრულება უბრძანა უფალმა თავის მიერ მანამდე განკურნებულ კეთროვანს, როცა უთსრა მას: „წარვედ და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე განწმედისა შენისათვის, ვითარცა უბრძანა მოსე საწამებელად მათა“ (ლუკა5,14). ანუ, თითქოს ასე უთხრა: მართალია, შენ სასწაულებრივად მიიღე კურნება, მაგრამ იგი იმავე ღმერთმა მოგმადლა შენ, ვინაც კეთროვანთა განწმედის კანონი მოგცათ მოსეს მიერ; ანდა: აღასრულე ეს იმის სამოწმებლად იუდეველთათვის, რომ ძე ღმრთისა სჯულის დასარღვევად კი არ მოვიდა, არამედ მის აღსასრულებლად.

მაგრამ რატომ გაგზავნა უფალმა ეს ათი კეთროვანი მღვდლებთან მანამდე, სანამ განკურნავდა მათ? ცხადია, რომ უფალს სურდა გამოეცადა და აღემაღლებინა იმ ადამიანების რწმენა, რომელნიც მას განკურნვას ევედრვბოდნვნ. კეთროვნებმა წარმოაჩინეს რწმენა იესოს ყოვლადძლიერობისა, მისი სახიერებისა და მოწყალებისა იმით, რომ მასთან მოვიდნენ და შეჰღაღადეს - შეგვიწყალე, განგვკურნეო. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იგი არ უარჰყოფდა მათ როგორც არაწმიდათ; მათ ეჭვი არ შეჰპარვიათ მის ძლიერებაში, რომ მას შეეძლო მათი განკურნვა, ათივე კეთროვნისა, როგორც მანამდე ერთი კეთროვანი განკურნა ამ უკურნებელი, უმძიმესი სნეულებისაგან. მაგრამ ისინი მხოლოდ დროებით სიკეთეს სთხოვდნენ უფალს, - სხეულის განკურნვას. ეს კი ცოტაა როგორც მთხოვნელთათვის - ჭეშმარიტი სიკეთის მისაღებად, ასევე უფლის ღვთაებრივი სიყვარულისათვის, რომლითაც მას ჩვენი, ყოველთა, ცხოვნება ნებავს. იგი ხომ მკურნალი და მხსნელია, მაცხოვარია ჩვენი სხეულებისაც და ჩვენი სულებისაც. ამიტომ იგი ყოველ შემთხვევას იყენებს, როცა გაჭირვება თუ უბედურება ადამიანს მასთან მიიყვანს, რათა მისი ნდობა და მორჩილება მოიპოვოს, და მოანიჭებს რა მას თხოვილ სიკეთეს, მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა განაღვიძოს მასში, და ამ გრძნობის მეშვეობით შეიყვანოს იგი სულიერ კავშირში თავისთან, უფალ ღმერთთან, რითაც ცხოვნების გზაზე დააყენებს ადამიანს.

ამ მნიშვნელობით უფლის მიერ კეთროვანთათვის მიცემული ბრძანება - მღვდლებთან წასულიყვნენ, იმ მცნებას შეადგენდა მათთვის, რომელსაც მათი რწმენა უნდა გამოეცადა. კეთროვნებს შეეძლოთ რწმენითა და მორჩილებით მიეღოთ უფლის ბრძანება და ამისთვის არა მხოლოდ ნანატრი განკურნვა მიეღოთ მისგან, არამედ ყველა შემდგომი სიკეთენიც, გაცხადებულნი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. მაგრამ მათ ისიც შეეძლოთ, რომ ეჭვით შეხვედროდნენ მის ბრძანებას, უარი ეთქვათ მის შესრულებაზე და ისე განშორებოდნენ იესოს, რომ არც არაფერი მიეღოთ მისგან. მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, რომ ისინი დაემორჩილნენ უფლის ბრძანებას და კილდოც მიიღეს თავიანთი მორჩილებისათვის.

„და იყო, ვიოარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან“, - ამბობს მახარებელი ლუკა. ცნობილი არ არის, რა მანძილით დაშორდნენ კეთროვანნი უფალთან შეხვედრის ადგილს იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც განიკურნენ არმისულნი ტაძარში მყოფ მღვდლებამდე, რომლებიც სჯულით დადგენილ მსახურებას აღასრულებდნენ ღმერთისადმი. მაგრამ რა დიდი უნდა ყოფილიყო მათი გაკვირვება და სიხარული, როცა ანაზდად, გზად მიმავალებმა ერთურთში აშკარად დაინახეს უფლის საკვირველი ძალის ზემოქმედება! სნეულებით დაზიანებული სხეულის ნაწილების გამრთელება-გამოსწორებამ, წყლულთა გაქრობამ, სახისა და სხეულის სხვა ნაწილების განწმედამ საშინელი ლაქებისაგან, სიცოცხლის ძალთა დაბრუნებამ და სიჯანსაღის საოცრად დამატკბობელმა გრძნობამ, ყოველ განკურნვას რომ ახლავს, ყოველივე ამან ძალზე მალე ცხოვლად აგრძნობინა კეთროვნებს იესოს ყოვლადძლიერობა და მოწყალება. და აი, ისინი სრულიად ჯანმრთელნი, და განწმენდილნი არიან საშინელი სენის არაწმიდებისაგან, დაბრუნებულნი ცხოვრებად, მისი ყველა სიხარულის მისაღებად! რა უნდა მოემოქმედათ მათ ამის შემდეგ, რა უნდა ყოფილიყო მათი ბუნებრივი საქციელი? ის, რასაც კეთილგონიერება და სამართლიანობა მოითხოვდა, და რასაც მათგან თვით უფალი იესოც მოელოდა. ანუ ის, რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ კეთილისმყოფელთან, გული გადაეხსნათ მის წინაშე, აღსავსე ბედნიერებითა და სიხარულით და თავიანთი, სასწაულებრივად დაბრუნებული სიცოცხლის პირველი მოძრაობანი სწორედ მისთვის მიეძღვნათ, მადლიერებით აღსავსეთ აღთქმა დაედოთ, რომ მარადის ეხსომებოდათ მისი წყალობა და ამის გამო ყოველთვის ეყვარებოდათ უფალი იესო და ყოველთვის მოწიწებით ყოფილიყვნენ აღვსილნი მისდამი.

მაგრამ ათ განკურნებულ კეთროვანთაგან მხოლოდ ერთმა შესძლო ცხადად გულისხმა-ეყო ის უდიდესი კეთილმოქმედება, რაც მათ იესომ აღმოუჩინა, და მხოლოდ ეს ერთი იყო აღსავსე ცხოველი მადლიერებით.

„ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი“ (მუხლები 15-16).

აი, სიყვარულისა და მიბაძვის ღირსი სამარიტელი! რა მშვენიერია იგი თავის ცხოველ აღტაცებაში და მადლობის მიძღვნაში! როგორ აღემატა იგი თავისი სულის სიმაღლითა და გულის კეთილშობილებით იუდეველებს, რომელთაც ისეთივე წყალობა მიეღოთ უფლისაგან, როგორიც სამარიტელს, მაგრამ მალე დავიწყდნოდათ თავიანთი კეთილისმყოფელი! დაინახა რა თავი სრულიად განკურნებული კეთრისაგან, მას არ დაუწყია ყოყმანი და ფიქრი მასზედ, თუ რა მოემოქმედა, უმალვე მიიქცა უფლისაკენ, მიეახლა მას, ფერხთ შეუვრდა და დიდხანს გადმოუღვრიდა თავის გულისმიერ გრძნობას, გამოხატულს სიყვარულისა და მადლიერების სიტყვებში. და უფალიც, უეჭველია, სიყვარულით შესცქეროდა მას.

„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე?“ (მუხლები 17-18).

უფალი ყოველთვის განიხარებდა, როცა ადამიანთა გულებში რწმენისა და სიყვარულის გრძნობას ჰპოვებდა, მაგრამ იგი მწუხარებს ხოლმე, როცა ვერ ხედავს ასეთ გრძნობებს მათში. ასე იყო ამჯერადაც, რამეთუ განა მწუხარებას არ აღძრავდა უფალში აწ აღსრულებული მოვლენა, როცა კეთრისაგან სასწაულებრივად განკურნებული ათი ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მასთან მადლიერების გამოსახატავად, ცხრას კი აღარც გახსენებია თავიანთი კეთილისმყოფელი?!

და რა სიმშვიდით გამოხატავს ყოვლადძლიერი უფალი თავის მწუხარებას: „არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?“ - ამბობს იგი ამ, უმადურთა შესახებ. თითქოს მას სურს გაიგოს, სად არიან ისინი, რა დაემართათ იმ საწყალობელთ. მაგრამ უფალმა, ვითარცა ღმერთმა, თავისი ყოვლისმცნობელობით ხომ ყოველივე უწყის და ისიც იცის, თუ საით წავიდნენ ისინი და ამჟამად რას იქმან. მაშ, რატომღა კითხულობს იგი მათს შესახებ? - იმიტომ, რომ წუხს თავისი უსაზღვრო სიყვარულით საყვარელ არსებათა დაკარგვის გამო. ამგვარადვე დედაც დასტირის ხოლმე თავის საყვარელ, დაკარგულ შვილს და, მიუხედავად იმისა, რომ იცის, სადაც არის იგი, მაინც ასე კითხულობს: „სადა ხარ შვილო? რატომ მიმატოვე!“ მოყვარული გულისათვის ძალზე მძიმე და მნიშვნელოვანია ის, რომ მას განაშორეს, მოჰგლიჯეს მისი სიყვარულის საგანი. იგივე თვისებები აქვს საღმრთო სიყვარულსაც, რომლის სახეც არის ადამიანთა წმიდა, უზაკველი სიყვარული. „და ცხრანი იგი სადა არიან?“ საითაც არ უნდა წასულიყვნენ ისინი, რაც არ უნდა მოემოქმედათ, ყველა შემთხვევაში ისინი ცრემლისა და მწუხარების ღირსნი იყვნენ. რადგან უფალს შორდებოდნენ. რამეთუ თუკი ესოდენი სიხარულის პირველ წუთებში არ გაახსენდათ უფალი, მათი ამ სიხარულის მიზეზი და წყარო, განა გაახსენდებოდათ იგი შემდგომში, როცა თავიანთ უწინდელ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ - ხორციელ სიხარულს, ქვეყნიურ ფუსფუსსა და ამაო საზრუნავთ?! როგორ მოხდა, რომ ამ ერთი უცხოტომელის - სამარიტელის გარდა, არც ერთი მათგანი არ დაბრუნდა იესოსთან, რათა ღმერთი განედიდებინა და მადლობა მიეძღვნა მისთვის? ცხრა განკურნებულ კეთროვანთა უმადურობა განსაკუთრებულად საკვირველად ჩანს იმის გამო, რომ ყველა ისინი იუდეველნი იყვნენ, განეკუთვნებოდნენ ღმერთის რჩეულ ერს და ძველი აღთქმის ჭეშმარიტ ეკლესიას, მაშინ, როდესაც სამართლიანი მადლიერებით აღვსილი - სამარიტელი იყო, იუდეველთაგან მოძაგებული ხალხის წარმომადგენელი.

საღმრთო წერილის განმმარტებლები ცხრა განკურნებული იუდეველის უმადურობის მიზეზს იმაში პოულობენ, რომ ისინი უაღრესად დამონებულნი იყვნენ წეს-ჩვეულებითს სჯულს, რომლის შესაბამისადაც გაეშურნენ კიდეც იერუსალიმისაკენ დაწესებული მსხვერპლის შესაწირად თავიანთი განწმედისათვის, და ამ დროს დაავიწყდათ უფალი იესო, რომელმაც განკურნა ისინი. ასე მოიქცნენ ისინი იმის შიშით, რომ იუდეველ უხუცესებს და მწიგნობართ ეკლესიიდან და თემიდან არ განეკვეთათ ისინი იესო ნაზარეველთან ახლო ურთიერთობისათვის. ხოლო სამარიტელი, როგორც ეს განმმარტებლები ამბობენ, თავისუფალი იყო ყოველივე ამისგან - არ იყო შებორკილი იუდაური წეს-ჩვეულებებით და არც იუდეველი უხუცესებისა ეშინოდა, ამდენად სავსებით შეეძლო თავისი გულის კარნახით მოქცეულიყო. მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო იუდეველ კეთროვანთა ამ უჯერო საქციელის კერძო მიზეზი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთო მიზეზი, რომელიც ყველა სხვა მიზეზს უდევს საფუძვლად და რომელმაც ისინიც გახადა (და ჩვენც გვხდის) უმადურებად ღმერთისა, ჩვენი მოწყალე კეთილისმყოფელისა, - ესაა გულის გარდაქცეულება, მისი გასასტიკება ხორციელი და ცოდვიანი ცხოვრებისაგან.

„და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“ (მუხლი 19).

კეთრისაგან განკურნებული სამარიტელი, რომელმაც მადლობა შესწირა უფალს, თავისი გულმოდგინებისათვის, ჯილდოს გარეშე არ იქნა დატოვებული მის მიერ. აწ უფალი მას მეორეგზისი კურთხევით განუტევებს, პირველზე უმჯობესით. პირველი მხოლოდ მის სხეულებრივად განკურნვას შეეხებოდა და საერთო იყო დანარჩენ ცხრა, უმადურ კეთროვანთან ერთად. ხოლო მადლიერების მიძღვნამ წყალობისათვის უაღმატებულესი კურთხევა მოაწია სამარიტელზე, ისეთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი, და შეეხებოდა არა მხოლოდ მის სხეულებრივ განკურნვას, არამედ მისი სულიერი ცხოვრების წყაროსაც. ის, რასაც სხვები მოაკლდნენ და რითაც გამოწვეული იყო კიდეც სხეულებრივი განკურნვა; ის, რისადმიც ისინი უნდა მისულიყვნენ, სწორად რომ გამოეყენებინათ თავიანთი სხეულებრივი განკურნვა, - სწორედ ეს მიიღო სამარიტელმა, რამეთუ მხოლოდ მას ერთს უთხრა უფალმა: „აღდეგ (რამეთუ სამარიტელი კვლავაც მის ფერხთით იყო დამხობილი) და წარვედ. სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. თითქოს ასე ეუბნება უფალი სამარიტელს: აღდეგ, და წადი მშვიდობით. შენმა რწმენამ კურნება შესძინა არა მხოლოდ შენს სხეულს, არამედ შენს სულსაც მოუპოვა ცხოვნება, ანუ ცხოვნების გზაზე დაგაყენა შენ“.

 

II. განხილული სახარება შემდეგ ჭეშმარიტებებს შთაგვაგონებს:

ა) პირველ ყოვლისა, უმთავრესი, რაც დღევანდელი სახარებიდან ჩანს, ის არის, რომ არამც და არამც არ უნდა შევაქციოთ ზურგი უბედურებაში მყოფ ადამიანს, რაოდენ უსახური და საზიზღარი არ უნდა იყოს მისი შესახედაობა და მდგომარეობა (14).

ქრისტე-მაცხოვარმა ჯანმრთელობა მიჰმადლა კეთრით დაავადებულათ ადამიანს. კეთრი უმძიმესი დაავადება იყო, ხშირად გადამდები, არაწმიდა. მოსეს სჯულის მიხედვით, ვინც კეთროვანს შეეხებოდა, უწმიდურად ითვლებოდა და განწმედის წეს-ჩვეულებანი უნდა აღესრულებინა. კეთროვნები საზოგადოებიდან განკვეთილი ადამიანები იყვნენ და უფლება არა ჰქონდათ სხვა ადამიანების გვერდით ეცხოვრათ და დაეყოთ. ამიტომაც სახარებაში მოხსენიებული ათი კეთროვანი უფალს სადმე სახლში კი არ შეხვდა, ანდა დაბაში, არამედ დასახლებფლ პუნქტში შესვლის წინ - „შე-რაი-ვიდოდა იგი დაბასა რომელსამე“, ამასთან მიახლოებაც ვერ გაებედათ მასთან და შორით იდგნენ და იქიდან შეჰღაღადებდნენ - შეგვიწყალეო. აი, როგორი ადამიანები შეიწყალა უფალმა და ვის არ უთხრა უარი წყალობაზე!

შეხედე ამას, ქრისტიანო, და ისწავლე შენი ღვთაებრივი მოძღვრისაგან ის, რომ არასდროს არ იბრუნო პირი შეჭირვებული და უბედურებაში მყოფი მოყვასისაგან მისი უსახური, თავზარდამცემი მდგომარეობის გამო, და ნუ დააბრკოლებ თანალმობისათვის განღებულ გულს იმის გაფიქრებით, რომ უბედურებაში მყოფი, შესაძლოა, თვითონვეა მიზეზი თვისი ამგვარი მდგომარეობისა.

ბ) დაფიქრებას მოითხოვს ის სახეც განკურნებისა, რომელიც ათ კეთროვანს მოენიჭა უფლისაგან. როცა ისინი შორიდან უღაღადებდნენ უფალს: „იესო მოძღუარ, შემიწყალენ ჩვენ!“ - ცხადად ითხოვდნენ რა სასწაულებრივ განკურნვას მისგან, უფალმა უარი არ უთხრა მათ, მაგრამ არც შეჰპირდა განკურნვას, არამედ მხოლოდ ეს უთხრა: „წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენნი მღვდელთა“ (მუხლი 14). რას ნიშნავდა ეს? - ეს იყო მინიშნება მოსეს სჯულზე, რომელიც კეთროვანს უბრძანებდა მღვდელმსახურთან მისულიყო, რათა მას განესაზღვრა სნეულების ნამდვილობა და გამოჯანსაღების ნამდვილობაც, ხოლო გამოჯანმრთელების შემთხვევაში განმწმედი და სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა. ამრიგად, როცა კეთროვნებს მღვდლებთან წარგზავნიდა ტაძარში, ამით ქრისტე-მაცხოვარს სურდა პირველ ყოვლისა, თავიდან აეცილებინა კაცობრივი დიდება, რამეთუ ამ შემთხვევაში სასწაულებრივი განკურნვა დაბის მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლებისა და იესოს თანმხლები ერის თვალწინ კი არ აღესრულებოდა, არამედ სადღაც გზაში, კეთროვანთა სიმარტოვეში; მეორეს მხრივ, კი მას სურდა ღმერთისადმი აღემაღლებინა მათი გონება და გული, რათა სწორედ მასში, თავიანთ შემოქმედში, დაენახათ მათ ყოველგვარი სიკეთისა და წყალობის წყარო და მხოლოდ მისთვის აღევლინათ მადლობა ყოველივესათვის და მხოლოდ იგი განედიდებინათ. ჩაუკვირდი ამას, ქრისტიანო, და ისწავლე შენი ღვთაებრივი მოძღვრისაგანის, რომ ყოველი კეთილმოქმედებისას შეფარულობა გიყვარდეს, და არა საჯაროობა, რომ მარადის ღმერთის დიდებას ეძიებდე, და არა შენს საკუთარს. ისარგებლე შემთხვევით და შენს მიერ კეთილ-ყოფილ ადამიანს კიდევ უფრო მეტი სიკეთე უქმენი აღამაღლე იგი იმად, რომ ღმერთს ჰმადლობდეს ამ სიკეთისათვის და მხოლოდ მას განადიდებდეს.

გ) კვალად, ამავე სახარებიდან ჩანს, რომ ადამიანები ხშირად უმადურნი არიან ხოლმე თავიანთ კეთილისმყოფელთადმი, და განსაკუთრებით - ღმერთისადმი! (მუხლები 17-18). და მართლაც, მართალია, მადლიერების გრძნობა ღრმად არის შთადებული ჩვენს გულში, ისე, რომ ყველამ იცის და ყველა აღიარებს - უმადურობა ყველაზე შავბნელი მანკიერება არისო, რის გამოც სძაგთ და შეურაცხყოფილნი არიან ამ მანკიერებით სხვა ადამიანებმი, და საკუთარ თავშიც კი რცხვენიათ იგი, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ უმადურობა, და პირველ ყოვლისა - უმადურობა ღმერთისადმი, ვისაც ჩვენ ყოველგვარ სიკეთეს უნდა ვუმადლოდეთ, არის ჩვენი საერთო მანკიერება. მართალია, ბევრი ჩვენგანი განსაკუთრებულ შემთხვევებში თავისი ცხოვრებისა ეკლესიაშიც მიდის, ანდა თავის სახლში მოუწოდებს მღვდელმსახურს, რათა სრული წესის დაცვით თავისი მადლიერება აღუვლინოს უფალ ღმერთს, - და ეს ძალზე კარგია! - მაგრამ განა იქნება ეს სრულყოფილი მადლობის მიძღვნა ღმერთისადმი, თუკი ოდენ ამით შემოიფარგლება? შენ ღმერთს მადლობას უძღვნი შენი დაბადებისა თუ ანგელოზის დღეს - იმისათვის, რომ სიცოცხლე და ცხოვრების ნიჭნი მოგემადლა; ანდა სნეულებისაგან განკურნებული - შენი ჯანმრთელობის აღდგენისათვის, ანდა საშიშროების გასულს, - ხიფათის თავიდან აცილებისათვის. და ესეც კარგი საქმეა. მაგრამ თუკი შენ შენს ცხოვრებას, შენს ძალებსა და დროს იმ მიზნისათვის კი არ იყენებ, რისთვისაც ისინი მოგანიჭა უფალმა, და მეტიც - მათ საწინააღმდეგოდაც კი, მაშინ რაღა ფასი აქვს შენს მადლიერებას ღმერთისადმი? აი, შენ მადლობას მიუძღვნი ღმერთს შენი ხსნისათვის, რაც უფლის ამქვეყნად მოსვლით, ტანჯვითა და მკვდრეთით აღდგომით მოგემადლა, - ეს ჭეშმარიტად ქრისტიანული საქმეა. მაგრამ თუკი ყოველივე ამის მიღმა სინამდვილეში შენ სრულიად არ იყენებ შენდა ცხოვნებისათვის მოცემულ საშუალებებს და ძალზე მოშორებიხარ ცხოვნებისაკენ მიმავალ გზას, - მაშინ რა ფასი აქვს შენს მადლიერებას? მადლობას მიუძღვნი იმით, რომ შეურაცხყოფ შენს კეთილისმყოფელს?! განა არ შეურაცხყოფს შენს კეთილისმომქმედს, უფალ ღმერთს, შენს მიერ ბოროტად გამოყენება იმ ნიჭტა, რომელთათვისაც მას მადლობას მიუძღვნი?! განა ეს აშკარა უმადურობა არ არის? ჩვენ ყოველივეში ღმრთის მოვალენი ვართ, ყოველი სიკეთე და ნიჭი მისგანა გვაქვს. მაგრამ როგორც კი ბოროტად დავიწყებთ მისი რომელიმე ნიჭის გამოყენებას, ამით აშკარად უმადურნი წარმოვჩნდებით ღმერთის წინაშე. ასე, რომ ნებისმიერი საღმრთო საბოძვარის ბოროტად გამოყენება, - სიმდიდრისაც, წარჩინებულობისაც, ხელისუფლებისაც, და ასევე გამოსყიდვის ნიჭებისაც, - მხოლოდ სხვადასხვა სახის გამოვლინებაა ჩვენი აღმაშფოთებელი უმადურობისა შემოქმედი ღმერთისადმი, ამ ნიჭთა მომცემლისადმი.

ამრიგად, თუკი გვსურს სრულყოფილნი მადლიერნი ვიყოთ ყოვლად უხვი ღმრთისადმი, მხოლოდ სიტყვით განმადიდებელნი კი ნუ ვიქნებიო მის მიერ მომადლებულ ნიჭთათვის, არამედ ვეცადოთ, სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს ნიჭნი ჩვენი და ჩვენი მოყვასის ცხოვნებისათვის.

დ) გარდა ამისა, აწინდელი სახარება სხვა, არანაკლებ დამმოძღვრებელ აზრებსაც იწვევს ჩვენში. ყოველ ჩვენგანშიც ბუდობს არაწმიდა კეთრი, გადამდები სნეულება, ჩვენი არსების ყველა ნაწილს რომ მოსწყლავს და თანდათან სპობს, - ესაა ჩვენი სულის კეთრი, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად ჰკლავს ჩვენს შინაგან ცხოვრებას, - ეს არის ჩვენში მოქმედი ცოდვა. ნათლისღების საიდუმლოში ჩვენ განვიწმიდებით ამ კეთრისაგან, ოღონდ არც თუ დიდი ხნით. ჩვენს უძლურ არსებაში დარჩენილი მიდრეკილება ცოდვისადმი, ჩვენი არაგულმოდგინეობის მიზეზით საკუთარი ზნეობრივი სრულყოფისათვის, კვლავ ადვილად აღმოაცენებს ჩვენში ცოდვის კეთრს. ხოლო როცა გვეუფლება ცოდვა, მართლაც რომ კეთრივით მოგვწყლავს... და როგორადაც სხეულებრივი კეთრი ფარავს ადამიანის სხეულს წყლულებითა და საზარელი ლაქებით, ასევე სულიერი კეთრიც უსაზიზღრესი წყლულებით გვიფარავს სულს. ეს წყლულნი, მოციქულის სიტყვით, არის „სიძვაი, არა-წმიდებაი, ვნებაი, გულის-თქუმაი ბოროტი და ანგაჰრებაი, რომელ არს კერპთ-მსახურებაი... რისხვაი, გულის-წყრომაი, უკეთურებაი, გმობაი, უშუერი სიტყვაი პირისაგან თქვენისა“ (კოლას. 3,5,8), და ყველა სხვა გამოვლინება ჩვენი ცოდვიანობისა. ეს წყლულები და ლაქები ისევე დამღუპველნი არიან ადამიანის სულისათვის და ისევე აუსახურებენ მას, როგორადაც სხეულებრივი კეთრია დამღუპველი და გამაუსახურებელი ადამიანის სხეულისათვის... ცოდვაც უკარგავს ადამიანს უნარს მტკიცედ და სწორად ვიდოდეს საღმრთო მცნებების აღსრულების მაცხოვნებელ გზაზე, შეუძლებელს ხდის მისთვის წმიდა, სულიერ საქმიანობას. ამის ბოლო კი ერთია ხოლმე - სულიერი სიკვდილი, - საუკუნო დაღუპვა, წარწყმედა. აი, ასე საშინელია სულიერი კეთრი! ამიტომაც დაე, თითოეული ჩვენგანი ღრმად ჩაუკვირდეს საკუთარ თავს და განსაჯოს, - მისი სულიც ხომ არ არის მოწყლული სულიერი კეთრით, და თუკი სინდისი ეტყვის, რომ არის - მაშინ სახარებაში მოხსენიებული კეთროვნების მსგავსად ჩვენც მოშორებით დავდგეთ უფლისაგან თვითდამდაბლების გრძნობით, აღსავსენი მორჩილებით, და გულის სიღრმიდან ხმამაღლად შევღაღადოთ უფალს რწმენის ხმით: „უფალო იესო, შეგვიწყალე ჩვენ!“ ანდა როგორც ეკლესია გვასწავლის, ასე შევღაღადოთ: „მეუფეო ნუგეშინის-მცემელო, წინადსაუკუნოო, ქრისტე, ჭეშმარიტო, განგვწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ვითარცა ათი კეთროვანი განწმიდე!“

ე) და ბოლოს, უფლის მიერ კეთროვნებისათვის მიცემულ მცნებას მღვდლებთან წასულიყვნენ, ჩვენთვისაც ღრმა აზრი აქვს (მუხლი 14). ძველი აღთქმის მღვდელმსახურნი კეთრისაგან არ განჰკურნავდნენ სნეულებს. ახალი აღთქმის მღვდელმსახურნიც თავით თვისით არ განჰკურნავენ სულიერ კეთრს, არამედ როგორადაც ძველნი მოიხილავდნენ და სინჯავდნენ სხეულით კეთროვანთ, ასევე ახალი აღთქმის მღვდელნიც განიხილავენ ცოდვილთა სხვადასხვა მდგომარეობებს. მაშ, წადი, ჰოი, ქრისტიანო, და შენი ცოდვები აღიარე მღვდელმსახურის წინაშე, ოღონდ არა ოდენ გარეგანი წეს-ჩვეულების აღსასრულებლად, როგორც ამას ძველი იუდეველნი იქმდნენ, არამედ აზრით უფლის შესახებ, რომელმაც მისცა მღვდელთ ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა; ღრმა მოწიწებით ამ ღვთივმონიჭებული ხელმწიფებისადმი და მორჩილებით სულიერი მოძღვრის სწავლა-დარიგებისა და ხელმძღვანელობისა. უფლის მიერ მიცემული მცნებისადმი დამორჩილებამ კურნება მოანიჭა ათ კეთროვანს, ხოლო მორჩილება ქრისტეს ეკლესიის წმიდა ღვთაებრივი დადგინებებისადმი კურნებას, ცხოვნებას ანიჭებს აღურაცხელ ათეულ ათასთ სულიერად სნეული ადამიანებისა, - კურნებას ყველა სახისა და ხარისხის სნეულებათაგან. მაგრამ ცოდვის თვითნებური განკურნვის მცდელობა, შეერთებული ამპარტავნებასთან და თავდაჯერებულობასთან, ვერ მოიტანს სარგებლობას.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე