25-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება ლუკასაგან (10, 25-37)

„25. და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაი ვქმნე, რაითა ცხორებაი საუკუნოი დავიმკვიდრო? 26. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? 27. ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თვისი. 28. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე. 29. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თვისი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა? 30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალემით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. 31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა. 32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა. 33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. 34. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინოი და აღსუა იგი კარაულსა თვისსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი. 35. და ხვალისაგან, გამო-რაი-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაი თუ რაიმე წარაგო უმეტესი, მო-რაი-ვიდე, მიგცე შენ. 36. ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ? 37. ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაი მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.“

 

I. დღეის ლიტურგიაზე საკითხავად დადგენილმა სახარებამ ჩვენს ყურადღებას წარმოუდგინა საღმრთო სწავლება უფალი ღმერთისადმი სიყვარულისა და, განსაკუთრებით, მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ. მასში მოთხრობილია, თუ როგორ მოუხდა იესოს სჯულისმეცნიერი ვინმე გამომცდელი შეკითხვით: რა არის საჭირო საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლადო. და პასუხად ამაზე ის მიიღო, რომ აუცილებელია სჯულის შესაბამისად ცხოვრება, რომელიც განგვიწესებს სიყვარულს ღმერთისადმი და მოყვასისადმი; ხოლო როცა სჯულის-მეცნიერმა თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: ვინ არის მოყვასი ჩემიო, უფალმა იგავით მიუგო მოწყალე სამარიტელზე. განვიხილოთ ეს სახარება.

„და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაი ვქმნე, რაითა ცხორებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?“ (მუხლი 25).

ეს სჯულისმეცნიერი კაცი ისეთი შეკითხვით მიმართავს უფალს, რომელიც, ცხადია, შეესაბამება მის გამომცდელ გონებას, და ვითომცდა, ზედმიწევნით სურს შეიტყოს, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველი ადამიანისათვის საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად. მახარებელი ამხილებს მას და ამბობს, რომ იგი გამოსაცდელად მოუხდა იესოს, როცა ეს კითხვა შესთავაზა. ეტყობა, ხმამ ახალგაზრდა გალილეველი მოძღვრის შესახებ ამ სჯულისმეცნიერი კაცის ყურამდეც მიაღწია და მას სურდა გამოეცადა მისი ცოდნისა და შემეცნების სიღრმე. იესო, ვითარცა ყოვლისმცნობელი ღმერთი, ვინაც ადამიანის ყველაზე შეფარული ზრახვებიც უწყის, კი არ ამხელს სჯულისმეცნიერის განზრახვას, არამედ იმგვარ პასუხს აძლევს მას, როგორსაც იგი ალბათ არ მოელოდა.

„ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?“ (მუხლი 26).

პასუხობს რა შეკითხვით შეკითხვაზე, უფალი ჩვენი თითქოს ასე ეუბნება თავის გამომცდელს: „საჭიროა კი ამის ახსნა-განმარტება? პასუხს ამ კითხვაზე ხომ სწორედ ის სჯული შეიცავს, რომლის სწავლება-განმარტებაც შენ თავადვე გიტვირთავს!“

„ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თვისი. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე“ (მუხლები 27-28).

ამრიგად, ასე მიუგებს: განამართლე ყოველივე ის, რაც იცი, და აღასრულებ იმას, რაც საჭიროა. როცა სჯულისმეცნიერის პასუხს სწორად აღიარებს, უფალი იესო იმას როდი ამბობს, თითქოს საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად ეს საკმარისი ყოფილიყოს, არამედ - იმას, რომ ეს ორი მცნება მართლაც უმთავრესია საღმრთო სჯულში და ვინც მათ აღასრულებს, სასურველ მიზანს მიაღწევს; იმიტომ, რომ ამ მცნებების აღსრულებით ადამიანი შეიცნობს ცხოვნებისაკენ მიმავალ გზას იესო ქრისტეს რწმენის მიერ, როგორც ეს უფალმა უთხრა იუდეველებს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთვის დაწერა“ (იოანე 5,46). უფლის სიტყვები - „მართლ მომიგე“, ალბათ, ესიამოვნა სჯულისმეცნიერს, მაგრამ იგივე გრძნობა როდი უნდა გაეღვიძებინა მასში მომდევნო სიტყვებსაც იესოსი: „მაგას იქმოდე და სცხოვნდე“, ანუ აღასრულე საღმრთო სჯულის ეს ორი მცნება და საუკუნო ცხოვრებას მიაღწევო. რა უნდა ეგრძნო ამ სიტყვების მოსმენისას სჯულის მეცნიერს? მან ხომ თავადვე გასცა პასუხი თავისშეკითხვას, ანუ აღმოჩნდა, რომ იგი ამაოდ სვამდა კითხვას: მისთვის ჯერდა მხოლოდ აღესრულებინა ყოველივე ის, რაც იცოდა. და ნაცვლად იმისა, რომ რაიმე შეცდომაში დაეჭირა უფალი იესო, თავადვე აღმოჩნდა სირცხვილეულ-ქმნილი. აწ რაღა უნდა მოემოქმედა სჯულის-მეცნიერს? შინ წასულიყო და მოძღვრის სიტყვისამებრ აღესრულებინა სჯული? მაგრამ, ალბათ, მას არც უფიქრია შეესმინა უფლის სიტყვები, - მისი მიზანი ხომ იესოს გამოცდა იყო! ამიტომაც მას არ შეეძლო სიტყვის უთქმელად გაბრუნებულიყო უკან: მას საუბრის გაგრძელება სურდა, რათა ეჩვენებინა იესოსათვის და ყველა იქ მყოფისათვის, რომ ამაოდ როდი დაუსვა შეკითხვა და რომ უფლის მიერ მიცემული პასუხი ჯერ სულაც არა სწყვეტს მის წინაშე წამომდგარ საკითხს

„ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თვისი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?“ (მუხლი 29).

შეკითხვის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მწიგნობრები და ფარისევლები, ანუ, საერთოდ, იუდეველები, მათი მეცნიერების განმარტების შესაბამისად, მოყვასად ნებისმიერ ადამიანს კი არ მიიჩნევდნენ, არამედ მხოლოდ თანამოაზრეს, ანუ იუდეველს, ანდა კიდევ უფრო ვიწრო გაგებით - მხოლოდ ნათესავსა და მეგობარს, თავიანთ კეთილისმყოფელს.

„და ვინ არს მოყვას ჩემდა?“ თვით ეს შეკითხვა, მსგავსი პეტრე მოციქულის მიერ დასმული კითხვისა: „უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას?“ (მათე 8,21), შეიძლება დაისვას და მასზე სწორი პასუხი გაიცეს, მაგრამ ამასთანავე იგი ააშკარავებს შემკითხველის უჯერო სულიერ განწყობასაც. ამის შემკითხველი - ვინ არის ჩემი მოყვასიო,  - ანუ მსურველი იმისა, რომ მისთვის წინდაწინვე სრულიად განემარტათ მოყვასისადმი მისი მოვალეობები, ამით სწორედ იმას წარმოაჩენდა, რომ მცირედ თუ ესმოდა სიყვარულის არსობრიობა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მან არ იცის არანაირი ზღვარი, გარდა თავისი შესაძლებლობისა კვლავ და კვლავ განივრცოს; რომ სიყვარული თავადვე განიწესებს კანონებს, არის რა ის ვალი, რომელსაც განუწყვეტლივ იხდის და კვლავაც სურს მოვალე იყოს! (რომ. 13,8).

„მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალემით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი“(მუხლი 30).

იერიქონი ცნობილი ქალაქი იყო, მდებარე ბენიამენის ტომის სამფლობელოთა საზღვრებში. თვით ეს სიტყვა ებრაულად „კეთილსურნელს“ ნიშავს, თუმცა ზოგიერთი მკვლევრის აზრით იგი ნიშნავს - „მთვარეს“, „თთვეს“, რომლის თაყვანისმცემელნიც, შესაძლოა, იყვნენ კიდეც მისი ძველი დამფუძნებელნი. მეორე სჯულის წიგნის 34-ე თავიდან ჩანს, რომ იერიქონი იწოდებოდა „პალმების ქალაქად“. როცა ეს ქალაქი იუდეველებმა აიღეს და დაანგრიეს, ისუ ნავემ მრისხანე შეჩვენება წარმოთქვა იმაზე, ვინც მომავალში გაბედავდა მის აღდგენას, თავის პირმშოზე დაადგინებს იგი მის საფუძველს და თავის უმრწემეს ძეზე დააშენებს მის კარიბჭეს, - ამბობდა ისუ ნავე, მაგრამ მეფე აქაბის დროს ვინმე აქელ ბეთელელმა, ამ წყევლის მიუხედავად, აღადგინა ქალაქი იერიქონი, და გადმოცემით მართლაც დაკარგა თავისი ორი ძე (III მეფეთა16,34). იმ დროიდან მოყოლებული ამ ქალაქმა საკმაოდ დიდხანს იარსება. რომაელთა ბატონობის დროს იგი სამეფო ქალაქი იყო, მეფის რეზიდენცია აქ მდებარეობდა და სწორედ იერიქონში მოკვდა ჰეროდე დიდი. იერიქონს ახსენებენ იოსებ ფლავიოსი, სტრაბონი, პტოლომეუსი, იუსტინე, პლინიუსი და მრავალი სხვა ძველი მწერალი. ერთნი მათგან გვამცნობენ მის ისტორიულ თავგადასავალს, მეორენი კი ახსენებენ იერიქონის სანახების გასაოცარ ნაყოფიერებას. იმპერატორ კონსტანტინეს ზეობისას და შემდგომ წლებში იერიქონში ქრისტიანული ეკლესია მოქმედებდა ეპისკოპოსითურთ სათავეში. ამჟამად, კი ძველი იერიქონის მახლობლად მხოლოდ საცოდავი სოფელიღაა, არაბების მიერ ერ-რიქად წოდებული. უწინდელი უხვი მცენარეული საფარის ადგილასაც ახლა აქ მხოლოდ გარეული ეკალ-ბარდებია, ხოლო პალმის ხეები და განთქმული იერიქონის ვარდები თითქმის აღარსად ჩანან. ასევე აღარ ვხვდებით აქ ბალზამის ხეებს, მათს ნაცვლად ახლა ხე „ცაქუმი“ იზრდება, წოდებული ასე ზაქეს სახელის მიხედვით, და ასევე ბევრია აქ სხვადასხვა ველური ყვავილიც. „ორმოცდღიანი“ მთის თხემიდან შესანიშავი ხედი იშლება იერიქონის ველსა და მის სანახებზე. იერიქონი 150 უტევანით იყო დაშორებული იერუსალიმს (დაახლოებიო 15 კილომეტრი). გზა იერუსალიმიდან ამ ქალაქისაკენ მიუყვება ეგრეთ წოდებულ იერიქონის უდაბნოს, უდაბურ მთიან და ტყიან ადგილებს, სადაც გარეული მხეციც ბევრი იყო და ავაზაკთა მოხერხებული თავშესაფარიც, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მასზე გადიოდა პერეიადან ერუსალიმისაკენ მიმავალი დიდი გზა. უფალიც სწორედ ამიტომ მიუთითებს თავის იგავში ამ, ყველასათვის ნაცნობ და ავაზაკების თავდასხმებით ცნობილ ადგილზე. ამ გზაზე მავალი კაცი, ცხადია, იუდეველი, არის მამა ჩვენი ადამი (ხოლო მასში კი - ჩვენ ყოველნი), რომელიც უმანკოების მდგომარეობიდან ცოდვაში შთავარდა და სულიერად განძარცვულ და მოწყლულ იქნა. ისე, რომ ლამის მოკვდა კიდეც. რამეთუ ადამი იერუსალიმიდან, ანუ სამოთხის ნეტარი მდგომარეობიდან, რომელშიც იგი დასტკბებოდა ღმერთთან მშვიდობით, საკუთარი თავითა და ჰევათი, იერიქონად დაეშვა, ანუ შთავარდა ცოდვის მდგომარეობაში, რომელიც აღნიშნულია კიდეც სახელწოდებით „იერიქონი“. რამეთუ სიტყვა იერიქონი, როგორც ვთქვით, აღნიშნავს „თვეს“, „მთვარეს“, რომელიც ყოველდღიურად იცვლება - იშვება, იზრდება, ივსება, შემდეგ კი ისევ მცხრალი ხდება. ავაზანკი, რომლებიც თავს დაესხნენ მას, განძარცვეს და მოსწყლეს, დემონები არიან, რომელთაც აცთუნეს ადამი, ცოდვამდე მიიყვანეს და მოტყუების გზით დააკარგინეს საღმრთო მადლი და ყველა სულიერი და სხეულებრივი სრულყოფილება. და აი, ასე შეიქნა იგი მომაკვდავად, მოკლებული ცხოვნებას, მოწყლული ცოდვათა წყლულებით.

ზოგიერთნი კი სხვაგვარად, უბრალო მნიშვნელობით განმარტავენ ამ იგავს: 1) ამ კაცის ქვეშ, რომელსაც ავაზანკი დაესხნენ თავს, განძარცვეს, ჰგვემეს და წყლულებით დაფარული დააგდეს გზაზე, იგულისხნებიან შეჭირვებული ადამიანები, ყველა ისინი, ვინც ჩვენს შეწევნას საჭიროებს; 2) მღვდლისა და ლევიტელის ქვეშ იგულისხმებიან ცრუ-მართალნი, რომლებსაც თავი მოაქვთ სჯულის გარეგანი აღსრულებით, მაგრამ რომლებიც სულ არ გულმოდგინებენ მოყვასის სიყვარულის საღმრთო მცნების აღსრულებაში და ამიტომ სძაგთ კიდეც ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც შეწევნა ესაჭიროებათ; სწორედ ასეთი იყო უფლის გამომცდელი სჯულისმეცნიერი კაცი, ვისაც ეს იგავი უთხრა კიდეც უფალმა და ვისი სახის ქვეშაც იგი ჰკიცხავდა ყველა მოჩვენებითი, ცრუ მართლის პირმოთნეობას; 3) სამარიტელის ქვეშ იგულისხმებიან ისინი, რომელნიც ყოველთვის კეთილს უყოფენ მოყვასს, როცა კი ძალუძთ ამის ქმნა, სულ ერთია ვინც არ უნდა იყოს იგი, დაე, თუნდაც უცხოტომელი, რამეთუ ამ იგავის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოაჩინოს იუდეველთა შეცთომილება, რომელთაც მხოლოდ ერთმანეთი მიაჩნდათ მოყვასებად (და ახლაც ასე მიაჩნიათ), და დაანახოს მათ, რომ უკლებლივ ყველა ადამიანია ჩვენი მოყვასი, და რომ ყოველი ადამიანი მოვალეა დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერი ადამიანს, თუკი მას უჭირს.

„ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა“ (მუხლები 31-32).

მღვდლებად იწოდებოდნენ მღვდელმსახურნი ტაძრისა, რომელნიც სხვადასხვა მსახურებებს აღასრულებდნენ იერუსალიმის ტაძარში: შესწირავდნენ მსხვერპლს, აღანთებდნენ და აკმევდნენ გუნდრუკს და სხვა. ყველა ისინი მომდინარეობდნენ აარონის გვარიდან, ლევის ტომიდან. ებრაელი ერის ცხოვრებაში მღვდლებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდათ: ისინი ლაშქარში მსახურობდნენ როგორც წინამძღვარნი, მწერალნი, ანდა უბრალო მეომრები. საყვირის დაცემა მხოლოდ და მხოლოდ მღვდლის მოვალეობაში შედიოდა (რიცხვთა 10,8). თითქმის ყველა სამსჯავრო იუდეველებისა აღსავსე იყო მღვდლებით, რომლებიც მოსეს სჯულის მიხედვით ასამართლებდნენ ადამიანებს. ხოლო მღვდელთა წინამძღვარი და მთელი ლევის ტომის - ლევიტელთა მეთაური იყო მღვდელმთავარი, მთელი ებრაელი ერის წინამძღოლი სარწმუნეობისა და ღვთისმსახურების საქმეში. მღვდელმთავარი, სხვებისგან გამორჩეული თავისი კურთხევის განსაკუთრებული წესით, შემკული იყო საგანგებო, განსხვავებული სამღვდელმთავრო შესამოსელითაც (იხ. ლევიტ. წიგნის მე-8 და მე-9 თავები. გამოსვლ. 20,29-30; 30,25-32; ფსალმ. 132,2). მღვდელმთავარი არა მხოლოდ რიგითი მღვდლების ყველა მსახურებას აღასრულებდა, არამედ მას უფლება ჰქონდა განეგო კიდეც მღვდელმსახურებათა აღსრულება და წელიწადში ერთხელ იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველის წმიდათა წმიდაშიც შესულიყო, საყოველთაო განწმენდის დღეს (გამოსვლ. 7,10; ლევიტ. 16,2; ებრ. 9,6-7). მღვდელმთავარი იყო სამსჯავრო და უზენაესი საქმეების წარმმართველი, რელიგიური საკითხებისა და საქმეების მომგვარებელი (II სჯული 17,8-12); კვალად, მღვდელმთავარი იყო ღმერთის ნების განმმარტებელი და ჭეშმარიტების მაუწყებელი ერისათვის, იგი აძლევდა პასუხს შემკითხველთ ღმერთის ნების შესახებ და მომავალსაც წინასწარმეტყველებდა (გამოსვლ. 28,30; რიცხვთა 27,21; I მეფეთა 23,6; 9,12; 28,6; 30,7-8).

ლევიტელებად ის პირები იწოდებოდნენ, რომლებიც უდაბლეს მსახურებებს აღასრულებდნენ ტაძარში, კერძოდ - ეხმარებოდნენ მღვდლებს ზოგიერთი მღვდელმსახურების აღსრულებისას (რიცხვთა 3,6; 8,19; 18,3-6). ლევიტელებს მინდობილი ჰქონდათ ზოგიერთი სასამართლო და ადმინისტრაციული მოვალეობა (I მეფეთა 23,4; II მეფეთა19,11; შდრ. II სჯული 17,8). ყველა ლევიტელი განეკუთვნებოდა ერთ-ერთს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი თანრიგიდან (ნეშტთა 23,4 და შემდგ.): 1) მღვდელთა თანაშემწენი მათი მსახურებების დროს, ასეთი იყო 24000 ლევიტელი; 2) მცველები, ანუ კარისმცველნი, რომელთა რაოდენობა 4000-ს შადგენდა; 3) მგალობელნი და მუსიკოსები, რომელთა რაოდენობაც ასევე 4000-ს შეადგენდა, და 4) მსაჯულნი და წესრიგის დამცველნი, რიცხვით 6000-ნი. ტაძარმი მსახურების აღსასრულებლად ლევიტელებს, ისევე, როგორც მღვდლებს, 24 დღიანი რიგები ჰქონდათ, ცვლადი ყოველ მე-8 დღეს; ლევიტელის მსახურებაში კურთხევა მდგომარეობდა განწმედის რიტუალსა და განსაკუთრებული მსხვერპლის შეწირვაში, მაგრამ სამღვდელო წმიდა მირონცხების გარემე (რიცხვთა 8,6). ლევიტელთა სამკვიდრებლად განსაზღვრული იყო 35 ეგრეთ წოდებული ლევიტური ქალაქი, განლაგებულნი მდინარე იორდანეს ორივე მხარეს (რიცხვთა 35, ისუ ნავე 21-ე თავი). თუმცა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ყველაზე მეტი ლევიტელი იუდასა და ბენიამენის ტომების კუთვნილ ქალაქებში ცხოვრობდა, რომლებიც მდინარე იორდანეს მარჯვენა მხარეს მდებარეობდნენ, იერუსალიმის მახლობლად (ნეემია 11,20-36), ხოლო ბევრი მათგანი თვით იერუსალიმშიც ცხოვრობდა (ნეემია 11,18,22). თავის სარჩოს ისინი ყოველწლიური მეათედი გადასახადიდან იღებდნენ, რომელიც მთელი ისრაელი ერისაგან იკრიბებოდა (რიცხვთა18,24,28; II ნეშტთა 31,4 ნეემია 3,37; 12,44; 13,10), რომლისაგანაც მათ, თავის მხრივ, მეათედი ნაწილი მღვდელისთვის უნდა მიეცათ (რიცხვთა 18,26; ნეემია 3,38). გარდა ამისა, ლევიტელები სხვა დადგენილი შემწეობითაც სარგებლობდნენ თავის სარჩოდ (მეორე სჯული14,19; 12,18; 16,11). წარმოშობით ყველა ლევიტელი ლევის ტომიდან იყო, რომლის წიაღშიც აარონის შთამომავალნი გამოყოფილნი იყვნენ სხვებისაგან და მხოლოდ ისინი დაიდგინებოდნენ უმაღლეს სამღვდელმსახურო თანამდებობებზე (მღვდელი, მღვდელმთავარი). ამრიგად, მღვდლისათვის და ლევიტელისათვის, რომლებიც ღმერთს ემსახურებოდნენ იერუსალიმის ტაძარში, თითქოსდა, უფრო ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, ყველა დანარჩენ იუდეველთან შედარებით, სიყვარულის მოვალეობის აღსრულება მოყვასის მიმართ, როგორც, მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, როცა შეწევნა ესაჭიროებოდა ავაზაკებისაგან ვნებულ, ცოცხალ-მკვდარ კაცს. მაგრამ მათ მხოლოდ ნახეს უბედური კაცი და თავისი გზა გააგრძელეს. ზოგნი ამას იგავურად შემდეგნაირად ხსნიან: საღმრთო მადლს მოკლებულ ადამს, და მაშასადამე, მთელს კაცთა მოდგმასაც, ვერც მღვდელი აარონი შეეწია ვერანაირად თავისი მსხვერპლშეწირვებით. და ვერც მისი ძმა მოსე - თავისი სჯულით, - ვერც ერთმა მათგანმა ვერ უწამლა მის წყლულებს. გარდა ამისა, მღვდელისა და ლევიტელის ქვეშ აქ იგულისხმება ორი დრო - სჯულისა და წინასწარმეტყველთა: მღვდელის ქვეშ - სჯული, რომლითაც დადგენილი იყო მღვდლობა და მსხვერპლშეწირვა, ლევიტელის ქვეშ კი - წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებანი. მთელი ამ დროის განმავლობაში არც წეს-ჩვეულებებსა და არც მსხვერპლშეწირვას არ შეეძლო სრულყოფილი ხსნა მოენიჭებინა ცოდვით დაცემული კაცობრიობისათვის ცოდვისმიერი წარწყმედისაგან, რამეთუ სჯულით მხოლოდ შეიცნობოდა ცოდვა, მაგრამ არ აღმოიფხვრებოდა (იხ. ამ ადგილის ნეტარი თეოფილაქტესეული განმარტება). „ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთა ახოცად ცოდვათა“ - ამბობს წმიდა მოციქული პავლე (ებრ. 10,4). ხოლო „რაოდენგზის უფროის სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თვისი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქვენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!“ (იქვე, 9,14).

„მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა“ (მუხლი 33).

სამარიტელის სახელით უფალი ჩვენი იესო ქრისტე საკუთარ თავს ხმობს. სიტყვა „სამარიტელი“ ნიშნავს „მცველს“ (იხ. წმიდა იერონიმეს „ებრაული სახელებისათვის“). ქრისტეს შესახებაც არის ნათქვამი: „აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან“ (ფსალმ. 120,4). სწორედ იგი მოვიდა ამქვეყნად დაცემული ადამის სახსნელად და მთელი მისი მოდგმის გამოსასყიდად ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკის ტყვეობისგან. მან გვერდი არ აუარა დაცემულ ადამიანს, როგორც მოსემ და აარონმა ქმნეს, არამედ მოწყალებით აღვსილი ჩვენდამი „იქმნა ჩვენთვის წყევასა ქვეშე“ (გალატ. 3,13), რათა ჩვენ ვიყოთ სიმართლე ღმრთისა მის მიერ „რაითა ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაი სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა“ (რომ. 5,21). (ასე განმარტავენ ამ იგავს წმიდა ამბროსი, წმიდა იერონიმე, ნეტარი ავგუსტინე და ორიგენე).

„და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინოი და აღსუა იგი კარაულსა თვისსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი“ (მუხლი 34).

მიუახლოვდა და ჭრილობები შეუხვია, უეჭველია, თავისი სამოსელისაგან მოგლეჯილი ქსოვილით: „დაასხა ზეთი და ღვინოი“, - ღვინო განწმედისათვის, ზეთი კი მწვავე ტკივილთა შემსუბუქებისათვის და ჭრილობათა შეხორცებისათვის (ესაია 1,6), - ერთიცა და მეორეც ძველს დროში ძალზე ძვირად ფასობდა აღმოსავლეთში,

ამგვარსახედვე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც მიიღო თავის თავში ადამიანური სხეული, რათა განეკურნა ადამიანის ცოდვით მოწყლული ხორცი; მან თავისი მრავალსაკურნებელი სიკვდილით შეუხვია ადამიანს ცოდვისმიერი წყლულნი, გამოიყენა რა საკურნებელი წამლის ნაცვლად ზეთი და ღვინო, ანუ სჯული და სახარება: სჯულით გვიჩვენა ჩვენი უწინდელი ცოდვების მთელი სიმძიმე, სახარებით კი აღმოგვიჩინა წყალობა და მადლი ჩვენი სულების საკურნებლად და განსაცოცხლებლად. ასე განკურნა უფალმა თავისი მადლით მოუძლურებული ცოდვილი ადამიანი და საყოველთაო სადგურში - თავის ეკლესიაში მიიყვანა, სადაც იღვაწა იგი, ანუ უდიდესი მონდომებით შეეწია მას, დაიცვა იგი ვითარცა თვალის ჩინი, უვლიდა და უვლის რა მას იქ თავისი საღმრთო სიტყვის კანდელით და ანუგეშებს რა მას მომავალი ზეციური სიკეთეების დაპირებით.

„და ხვალისაგან, გამო-რაი-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაი თუ რაიმე წარაგო უმეტესი, მო-რაი-ვიდე, მიგცე შენ“ (მუხლი 35).

მის მიერ დატოვებული ფული - ორი დრაჰკანი, ვერცხლის ფული, არ არის ბევრი, მაგრამ არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ერთი შეხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მით უმეტეს, რომ ამ მოგზაურს, სამარიტელ კაცს, იერიქონში ჰქონდა რაღაც საქმე, და ორიოდ დღეში ალბათ კვლავ მობრუნდებოდა.

ეს სამარიტელი კაცი - არის ჭეშმარიტი გამომსყიდველი კაცთა მოდგმისა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. „და ხვალისაგან“, ანუ თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მისცა სადგურის მოღვაწეს ორი დრაჰკანი, ანუ თავის მოციქულებს, მათს შემდგომ კი - ღვთის ეკლესიის ყველა მსახურს მისცა ორი აღთქმა, ძველი და ახალი, სჯული და სახარება, და თითქოს ასე უთხრა მათ: გულმოდგინედ იღვაწეთ ჩემი ყველა მორწმუნის ცხოვნებისათვის, და როგორადაც დაშვრებით ამ საქმეში, მე ღირსეულად მოგაგებთ თითოეულს თქვენი შრომისაებრ, როცა მოვალ კვლავ განსჯად ცხოველთა და მკუდართა, და მაშინ თქვენ ნეტართა რიცხვში იქნებით, რომელთათვისაც ცათა სასუფეველია განმზადებული. ამ სიტყვებით გვიბრძანებს მაცხოვარი, და სურს, რომ ჩვენ, ღმერთის ეკლესიის მსახურნი გულმოდგინე მოშურნენი ვიყოთ სახარებისმიერი სარწმუნოების დაცვაში, ღვთის სიტყვის ქადაგებაში, სიტყვიერ ცხოვართა შენარჩუნებაში - იმ სამწყსოს დაცვაში, რომელიც ჩვენ მოგვენდო სამწყემსავად, რისთვისაც გვპირდება კიდეც ღირსეულად მოგვაგოს ჩვენი შრომისათვის, როცა დაჯდება თავისი დიდების საყდარზე და როცა მის წინაშე ყოველნი ერნი შეიკრიბებიან. რამეთუ იგი აღთქმას გვაძლევს, რომ კვლავ დაბრუნდება, როგორც ეს დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ: „მო-რაი-ვიდე, მიგცე შენ“. წმიდა ამბროსი ამბობს: „როდის დაბრუნდები, ჰოი, უფალო! განკითხვის საშინელ დღეს განა? რამეთუ თუმცა კი შენ ყველგან ხარ, მარადის დგახარ რა ჩვენს შორის უხილავად ჩვენგან, მაგრამ მოვალს ჟამი, როცა ყოველი ხორციელი გიხილავს შენ, კვლავ მომავალს ქვეყნად“. სწორედ მაშინ შევიქნებით ჩვენ სრულიად განკურნებულნი და განახლებულნი.

„ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ? ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაი მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე“ (მუხლები 36-37).

ეს სიტყვები იესო ქრისტემ შესთავაზა თავის გამომცდელ მწიგნობარს, რომელიც ეკითხებოდა - ვინ არის ჩემი მოყვასიო (მუხლი 30). ამ შეკითხვაზე ქრისტემ შეკითხვითვე უპასუხა: ვინ არის ავაზაკთა მიერ განძარცვულ-გვემული კაცის მოყვასი - მღვდელი და ლევიტელი, რომელთაც ნახეს იგი გზაზე დაგდებული, ერთიანად ჭრილობებით დაფარული და მომაკვდავი, და არ უშველეს, მიატოვეს, თუ სამარიტელი, რომელმაც შეიწყალა იგი, მოუარა და სიკვდილს გადაარჩინა? ამ სამთაგან რომელი აღმოჩნდა უბედურ დღეში ჩავარდნილი კაცისათვის ნამდვილად მოყვასი? მწიგნობარმა მიუგო: ის, ვინც წყალობა უყოო გაჭირვებულს, ავაზაკთაგან განძარცვულს. და მაშინ იესომ უთხრა მას: „ვიდოდე და ჰყოფდე შენცა ეგრევე“. ამ სიტყვებით სურდა უფალს ესწავლებინა მწიგნობარისათვის, რომ არა მხოლოდ იუდეველი, ახლობელი და მეგობარი უნდა მიგაჩნდეს შენს მოყვასად, როგორც ამას იუდეველი მწიგნობარნი და სჯულისმეცნიერნი ფიქრობდნენ, არამედ უკლებლივ ყველა ადამიანი, განსაკუორებით კი შეჭირვებულნი, დაე, თუნდაც ისინი ჩვენი მტრები იყვნენ, და ჩვენც ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ყოველგვარი წყალობა და კეთილმოქმედება აღმოვუჩინოთ მათ.

 

II. ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ დღეს წაკითხული სახარება. რას გვასწავლის იგი?

ა) პირველ ყოვლისა, ჩვენს ყურადღებას იქცევს მწიგნობარის შეკითხვა, შეთავაზებული უფლისადმი: „მოძღუარ, რა ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?“(მუხლი 25). ეს შეკითხვა მეტად მნიშვნელოვანია, და ჩვენც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევჩერდეთ მასზე... მაგრამ ვინ მოგვცემს პასუხს ამ მარადიულ და ყოველთვის საჭირბოროტო კითხვაზე? იმისთვის, რომ სარწმუნოდ ვიცოდეთ, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ საუკუნო ნეტარების მოსაპოვებლად, ყველაზე საიმედოა იმას მივაპყროთ ყურადღება, რასაც თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვთავაზობს. პირველ ყოვლისა, იგი ამისთვის აუცილებლად მოითხოვდა ჩვენგან მის რწმენას, რამეთუ აკი ასე უთხრა ნიკოდემოსს: „ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გველი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი. რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ (იოანე 3,15-16). კვალად, იგი აუცილებლად აცხადებდა საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად სიყვარულს ღმერთისადმი და მოყვასისადმი. კერძოდ, უფალმა უთხრა მწიგნობარს, აღასრულე საღმროო მცნება ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ და ცხოვნდებიო (მუხლი 25-28). ასევე აუცილებლად თვლიდა იესო ქრისტე საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად ყველა საღმრთო მცნების აღსრულებას, როგორც ეს მან მდიღარ ჭაბუკს მიუგო შეკითხვაზე, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო. გარდა ამისა, უფალი იესო ქრისტე, ვითარცა ღმერთი, საუკუნო ცხოვრებას იმათ აღუთქვამდა, ვინც ყოველივე იმას მიატოვებდა, რაც ხელს უშლის ადამიანს მთელის გულით მიეკრას და შეიყვაროს უფალი და შემოქმედი ღმერთი თვისი, რამეთუ თვითონ ასე უთხრა მოწაფეებს: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაი ანუ დედაი ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხორებაი საუკუნოი დაიმკვიდროს“ (მათე 19,29). კვალად, იესო ქრისტე, ვითარცა მწყემსი, განგვიწესებდა, რომ საუკუნო ცხოვრებას ყველა ის ცხოვარი დაიმკვიდრებს, ვინც ყურადღებით ისმენს მის სიტყვას და მას შეუდგება ცხოვრებაში. რამეთუ ასე თქვა მან: „ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდეს მე. და მე ცხორებაი საუკუნოი მივსცე მათ და არა წარწყმდენ უკუნისამდე“ (იოანე 10,27-28). ყოველივე ამასთან ერთად, იესო ქრისტე, ვითარცა დამადგინებელი ახალი აღთქმისა, განგვიწებდა, რომ საუკუნო ცხოვრებას მიიღებენ ყველანი, ვინც კი ღირსეულად ეზიარება მის წმიდა სხეულსა და სისხლს. რამეთუ თვითვე ასე ბრძანა: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. ...რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. ...რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი...“ (იოანე 6,51,54). ხოლო, ამასთანავე, „რომელი უღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სვამს“ (II კორინთ. 11,29). იესო ქრისტე, როგორც სჯულისმდებელი ძველი აღთქმისაც, იმასაც განგვიწესებდა წმიდა წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომ საუკუნო ცხოვრებას მიიღებენ ჭეშმარიტი სინანულის მომტანნიც. რამეთუ ასეა ნათქვამი: „და უსჯულომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაი, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს“ (ეზეკიელი 18,21). და ბოლოს წმიდა მოციქულიც გვიცხადებს, რომ საუკუნო ცხოვრებას ის ადამიანები მოიპოვებენ, რომლებიც ცხოვრებაში კეთილ საქმეთ აღასრულებენ, რამეთუ ასე თქვა მან: ღმერთმა „მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ: მოთმინეთა მათ საქმითა კეთილისათა - დიდებაი და პატივი და უხრწნელებაი, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა“ (რომ. 2,6-7). აი, ეს ყოველივე უნდა აღვასრულოთ, თუკი გვსურს საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროთ. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა გვწამდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შევისმენდეთ ყოველივე იმას, რასაც იგი გვეუბნება, ანუ მის მოძღვრებას; უნდა მოგვქონდეს ჭეშმარიტი სინანული ჩვენი ცოდვიანი ცხოვრების გამო და ვცდილობდეთ, მისი სწავლების შესაბამისად ვცხოვრობდეთ, ანუ კეთილ საქმეებს ვიქმდეთ, და დავძლევდეთ და აღმოვფხვრიდეთ საკუთარ თავში ყველა უჯერო მიდრეკილებასა და ბოროტ სურვილს; ღირსეულად ვეზიარებოდეთ წმიდა საიდუმლოთ და ყოველივე ამაში უფლის ერგულნი ვრჩებოდეთ თვით სიკვდილამდე.

ბ) იგივე სახარება გვასწავლის სრულყოფილ და ჭეშმარიტ სიყვარულს უფალი ღმერთისა (მუხლები 27-28). ადამიანს ასეთი სიყვარული უნდა ჰქონდეს ღმერთისადმი, რადგან იგი სწორედ მას არის დაქვემდებარებული როგორც თავის უფალს, ადამიანს უნდა უყვარდეს ღმერთი როგორც ქმნილებას თავისი შემოქმედი, როგორც მიმღებს ყოველი სიკეთისა თავისი კეთილმოქმედისაგან. ო, რა დიდ და რაზომ მრავალ სიკეთეთ გაღმოღვრის იგი ჩვენზე! ჩვენ არ ძალგვიძს მათი მოცვა აზრით, არც მათი აღრაცხვა. ღმერთს უსაზღვროდ უყვარს თავისი ქმნილების გვირგვინი - ადამიანი, და განა შეიძლება ადამიანს არ შეუყვარდეს თავისი უფალი ღმერთი?! რაკი უყვარს ადამიანი, ღმერთმა ყოველივე, რაც კი არის ქმნილ სამყაროში, ადამიანს მოანიჭა სამფლობელოდ; და განა შეიძლება ადამიანმა თავისი გული არ მიუძღვნას ღმერთს, აღნთებული წრფელი სიყვარულით, ყოველივე განხრწნადზე რომ აღამაღლებს მას?! უფალმა ღმერთმა გამოგვისყიდა სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობისაგან, განგვამრთლა, თავის თანად აღგვადგინა მკვდრეთით და განგვადიდა; და ამიტომაც ადამიანმა მთელი თავისი თავი სიყვარულის მეშვეობით უნდა მიუძღვნას მას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის მიმართ იქნება მიმართული მოციქულ პავლეს სიტყვები: „რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩვენებულ! მარანათა!“ (1 კორინო. 16,22). რამეთუ როგორც სხეულს არ შეუძლია სულის გარეშე იყოს, ასევე სულსაც არ ძალუძს ყოფნა ღმერითს გარეშე. ნეტარი ავგუსტანე ამბობს: „ყოველი საგანი იმისათვის უნდა არსებობდეს, ვისგანაც მიუღია არსებობა. რითი ცოცხლობს შენი სხეული? - შენი სულით. რითი ცხოვრობს შენი სული? ღმერთით. მაშასადამე, სხეულიცა და სულიც მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ღმერთისათვის უნდა არსებობდნენ. სხეული თავისთავად არ არის სიცოცხლე, ხოლო სული არის სიცოცხლე სხეულისა. ასევე სულიც თავისთავად არ არის სიცოცხლე, არამედ ღმერთია სულის სიცოცხლე. მაშასადამე, სული, რომელიც ღმერთის მიერ უნდა ცხოვრობდეს, არ არის სხეულის მოვალე, რომ სხეულის მიერ ცხოვრობდეს“ (სიტყვა მე-13). აქედან გამომდინარე, ადამიანს არ ძალუძს ღმერთისათვის, ღმერთის მიერ და ღმერთის მიხედვით ცხოვრობდეს, თუკი არ ეყვარება თავისი შემოქმედი ღმერთი.

ამასთანავე, აწინდელი სახარებიდან ჩვენ ვგებულობთ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი, რამეთუ ნათქვამია: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოელითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“-ო (მუხლი 25). ეს სიტყვები - ყოვლითა გულითა და სხვა - იმას აღნიშნავენ, რომ ადამიანმა ყოველივეზე მეტად უნდა შეიყვაროს ღმერთი, რათა არაფერი და არავინ არ ამჯობინოს ღმერთის სიყვარულს, რათა სრულად ღმერთი და რაც კი არ არის მასში და მის მიერ და ყოველივე, რაც მის დიდებას ემსახურება, უყვარდეს. ღმერთის გულისთვის კეთილს უყოფდეს მეგობრებსაც და მტრებსაც, მისი გულისთვის დაითმენდეს წყინებათ, სასჯელთ და მისთანათ, რამეთუ ყოველივე ეს ღმერთისაგანაა, რადგან მისი ნებითა და დაშვებით აღესრულება ყოველივე. გარდა ამისა, ჯერ-არს, რომ-ადამიანს მთელი თავისი სულიერი და სხეულისმიერი ძალებით უყვარდეს ღმერთი, ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, ამბობს და ფიქრობს, - ყოველივე ეს იმგვარად უნდა ქმნას, რომ ღმერთის სიყვარული იყოს საცნაური და ყველაფერი ღმერთის განდიდებას ემსახურებოდეს და არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ ისე, რომ ამ ქმედების მხოლოდ ნაწილი განეკუთვნებოდეს ღმერთს, ხოლო სხვა ნაწილი - რაღაც სხვა საგანს.

გ) კვალად, დღეს წაკითხული სახარება იმასაც გიჩვენებს, თუ ვინ უნდა ვიგულისხმოთ სიტყვა „მოყვასის“ ქვეშ (მუხლი 37). ნუ იფიქრებ, იუდეველთა მსგავსად, რომ შენი მოყვასი მხოლოდ შენი ახლობელ-მეგობარია, შენი ნათესავი თუ ამხანაგი, არამედ უწყოდე, რომ უკლებლივ ყველა ადამიანია შენი მოყვასი, ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ყოველი ადამიანია ჩვენი მოყვასი, და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არსებობდეს რაღაც შეუსაბამობა, უთანაბრობა გვარისა იქ, სადაც ერთი ბუნებაა“ (118-ე ფსალმუნზე მე-8 სიტყვა). და კვალად იგივე წმიდა მამა ამბობს: „ჩვენ ყველანი ერთურთისათვი სმოყვასნი ვართ ჩვენი მიწიური შობის მდგომარეობით და სასოებით ზეციური მემკვიდრეობისა“ (სიტყვა 59-ე „დროის შესახებ“). მაშ, იცოდე, ქრისტიანო, რომ შენი მოყვასი ყოველი ადამიანია, რომელიც შეწევნასა თუ რჩევა-დარიგებას საჭიროებს: სულ ერთია, იგი შენი ნათესავი იქნება თუ არა; კეთილი თუ ბოროტი, ნაცნობი თუ უცნობი, - ყველა უკლებლივ შენი მოყვასია. ასე, რომ მდიდრის მოყვასი - ღარიბია, ბრძენისა - უბირი, ჯანმრთელისა - სნეული, თავისუფალისა - ტყვეობაში მყოფი, ბედნიერისა - უბედური, - როცა ერთს დახმარება სჭირდება, მეორეს კი ძალი შესწევს შემწეობა აღმოუჩინოს მას. რამეთუ ჩვენ ადამიანის ზნეს კი არ უნდა ვუყურებდეთ, არამედ მის გაჭირვებას, და უნდა შევეწეოდეთ არა კერძოდ რომელიმე ადამიანს, არამედ უბედურ ადამიანურ ხვედრს. მაშ, ხშირად გაიხსენე ხოლმე, ქრისტიანო, სამარიტელი, მოხსენიებული დღევანდელ სახარებში, და როცა კი შენს გვერდით ღარიბ-გლახაკთ, მიმძლავრებულთ, გაძარცვულთ, ტყვეთ, ქვრივ-ობოლთ, უძლურთ, უმწეოთ, უსახლკაროთ, შიშველთ და სხვა შეჭირვებულთ იხილავ, ყოველთვის ეცადე სამარიტელი იყო, - „ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრეთვე“, - თანალმობით აღივსე მათდამი, შეეწიე, ჩააცვი, წყურვილი მოუკალი, დააპურე, შეუხვიე ჭრილობები, გადმოღვარე მათზე შენი მოწყალების ზეთი, გამოავლინე ქრისტიანული სიყვარულის ყველა ნიშანი, ნუ დაინანებ ამისთვის ნურანაირ ქონებას, არამედ იობის მსგავსად, შენც არაფერი დააკლო უძლურთ, შენც არ შეურვო თვალნი ქვრივისა და ობოლსაც აჭამე პური შენი და სიჭაბუკითგანვე შენით გამოზარდე ისინი! (იობი 31,16-17). ანდა აბიმელექის მსგავსად აღმოიყვანე წარსაწყმედელის უფსკრულიდან უბედური ცოდვილი ადამიანი, როგორც მან იერემია ამოიყვანა მღვიმიდან, სადაც იგი სასიკვდილოდ იყო განწირული (იერემია 38,7 და შემდგ.). და მსგავსად აბდიასი, რომელიც „იყო მოშიშ უფლისა ფრიად“ (III მეფეთა 3,4), შენც შეიწყნარე შენს სახლში ღარიბ-გლახაკნი და გამოზარდე ისინი პურითა და წყლით.

იმისთვის, რომ გაგიადვილდეს ქრისტეს მცნების შესრულება მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ, მოისმინე, თუ როგორ აღასრულებდნენ მას წმიდანნი. წმიდა ევლოგი მეცნიერი კაცი იყო, მაგრამ ქრისტესადმი სიყვარულით აღნთებული განეშორა ამა ქვეყანას, მთელი თავისი ქონება ღარიბ-გლახაკთ დაურიგა, თვითონ კი ძველმანი შესამოსელი და ცოტაოდენი ფული დაიტოვა. ერთხელაც ქუჩამი მას გლახაკი ვინმე შემოხვდა, რომელსაც არც ხელები ჰქონდა და არც ფეხები; ევლოგის შეეწყალა იგი და თქვა გულში: მოდი, წავიყვან ამ კაცს და მოვუვლი, სიკვდილამდე შევინახავო. მართლაც თავის სახლში წაიყვანა იგი და თხუთმეტი წლის განმავლობაში ყველანაირად ზრუნავდა მასზე, როგორც თავის მშობელ მამაზე: ჰბანდა, ასაზრდოვებდა და ხელითაც კი დაატარებდა. ჩვენი ცხოვნების მტერმა - ეშმაკმა სცადა მათი მშვიდი ცხოვრების დარღვევა და ჩააგონებდა ევლოგის იმ აზრს, რომ მიეტოვებინა დავრდომილ კაცზე ზრუნვა; დავრდომილს კი ურჩობასა და მრისხანებას შთაუნერგავდა თავისი კეთილისმყოფელისადმი. არაერთგზის შეურაცხ-უყვია დავრდომილ კაცს წმიდა ევლოგი ასეთი სიტყვებით: „შენ ფარულად მიატოვე შენი ბატონი, გაქურდე იგი, და ახლა, შენი ცოდვის გამოსასწორებლად მე აგიყვანივარ სახლში“. მაშინ ევლოგი ცდილობდა ხოლმე ნუგეში ეცა მისთვის, სთხოვდა, გამიმხილე შენი გაბოროტების მიზეზიო, და თავის მხრივ პატიებას სთხოვდა, თუკი რაიმე სახით შეურაცხ-ეყო იგი. მაგრამ დავრდომილი კაცი პირს იბრუნებღა ხოლმე თავისი კეთილისმყოფელისაგან და არაფერს ეუბნებოდა. ბოლოს ბოროტმა სულმა იმ ზომამდე განამძაფრა დავრდომილი კაცის ბოროტება და მრისხანება ევლოგისადმი, რომ მან უბრალოდ შეიძულა იგი და ასე ეუბნებოდა: „ხელები რომ მქონდეს, მე თავს მოვიკლავდი, ოღონდ კი შენ მოგშორებოდი“-ო. გაოცებულმა ევლოგიმ არ იცოდა, რაღა ეღონა; მაგრამ დამოძღვრილი წმიდა ანტონი დიდის მიერ, ვისაც მან დავრდომილი კაცისა და თავისი ურთიერთობის მთელი ისტორია მოუთხრო, ევლოგი კვლავაც განაგრძობდა მის სიყვარულით მოვლა-პატრონობას, და იცოცხლა რა კიდევ ორმოცი დღე, თავისი მგმობელისა და შეურაცხმყოფელისადმი მშვიდობითა და სიყვარულით აღესრულა. სამი დღის შემდეგ ცრემლთა ღვრითა და სინანულით მოკვდა დავრდომილი კაციც. ასე აღასრულა ევლოგიმ უფლის მცნება: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისიო (თთვენი 12 სექტემბერი).

დ) დღევანდელი სახარებიდან ისიც განგვეცხადება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი (მუხლები 33-35). ბუნებითვე ჩვენ მიდრეკილნი ვართ გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი და კეთილს ვუყოფდეს მას; მის ტანჯვას ვხედავთ, თანაგრძნობა იშვებოდეს ჩვენს გულებში. მაშ, ნუ ჩაიკლავთ საკუთარ თავში ამ გრძნობას, ამ ბუნებრივ მიდრეკილებას! თუმცა თანაგრძნობა სხვისი უბედურებისადმი ჯერ კიდევ არ არის უტყუარი ნიშანი მოყვასისადმი სიყვარულისა. ბევრს შესძრავს ხოლმე სხვისი უბედურება, ზოგჯერ ცრემლსაც ჰღვრიან, მაგრამ მხოლოდ ეს სულაც არ არის საკმარისი. მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული უნდა იყოს არა მხოლოდ თანალმობით აღსავსე, არამედ ქმედითიც: იგი რაც შეუძლია, ყველაფერს უნდა იქმდეს უბედურებაში ჩავარდნილი მოყვასისათვის. ზოგჯერ კარგია, თუკი უბედურ კაცს ცოტაოდენ ფულს მისცემთ, მაგრამ ფულს ყოველთვის როდი ძალუძს შეჭირვებულის დახმარება. ვინაც მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულით არის განსულიერებული, იგი, სამარიტელის მსგავსად, ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ უბედურებაში ჩავარდნილი მოყვასი იხსნას ანდა დაამშვიდოს იგი, - ამისთვის თავის ხელებსაც იყენებს, სახარებასაც და სხვა ყოველივესაც, რაც კი აქვს.

მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული იმგვარია, რომ მას შეუძლია თავგანწირვისათვისაც კი აღძრას ადამიანი; მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული არ იკითხავს, რა სარწმუნოებისაა მოყვასი, რომელი ტომისა და მიწა-წყლის, მას უყვარს არა საკუთარი გამორჩენისათვის, არამედ მოყვასის სარგებლობისათვის, უყვარს ფაქიზად, ერთგულად, და ყოველმხრივ ცდილობს შეუმსუბუქოს მოყვასს ხვედრი, შეეწიოს უბედურებაში და შეძლებისდაკვალობაზე მოუტანოს მას ბედნიერება. მაშასადამე, ჩვენ ყოველი ადამიანი უნდა გვიყვარდეს თანალმობით აღსავსე სიყვარულით, ქმედითი მზრუნველობით, და აუცილებლობის შემთხვევაში - თავგანწირვითაც. ასეთი, სრულყოფილი და თავგანწირული სიყვარულის მაგალითი მოყვასისადმი ჩვენ, ქრისტიანებს, თვით იესო ქრისტეში გვაქვს, რომელმაც გვითხრა: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქვენ, რაითა იყვარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ, რაითა თქვენცა იყვარებოდით ურთიერთას“ (იოანე 13,34). ოდესღაც უფალმა ასე უთხრა თავის მოწაფეებს: „უფროისი ამისა სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე 15,13), და მართლაც, მან თავი თვისი დასდო ჩვენთვის მაშინ, როცა ჩვენ მისი მტრები ვიყავით. აი, ასეთი უსაზღვროა უფალ იესოს სიყვარული ჩვენდამი! და აი, ამგვარივე უნდა იყოს ჩვენი სიყვარულიც ერთმანეთისადმი, მოყვასისადმი.

ე) უფლის მიერ მწიგნობარისადმი თქმულ იგავში მღვდელი და ლევიტელი იმ ადამიანთა სახეები არიან, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში, ცხოვრებაში ქრისტიანული სიყვარულის სულით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამორჩენით, შინაგანი ანგარებით, და ამავე დროს პირმოთნედ გამოაჩინებენ სხვა ადამიანთა წინაშე თავს კეთილმსახურებად და მოყვასის მოყვარულებად (მუხლები 31-32).

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასეთი პირმოთნე და თავისმოყვარე ადამიანები ყველაზე სახიფათონი არიან. ეს, ჭეშმარიტად რომ, განგოზილი საფლავებია, გარეგანად მშვენიერნი, შემკულნი, შინაგანად კი აღსავსენი მყრალი ძვლებითა და ყოველი არაწმიდებით. მათთან მიახლოვება, მათთან საქმის დაჭერა ისევე უსიამოვნო და სახიფათოა, როგორადაც მყრალი ლეშისადმი მიახლოება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანის უსულო გვამისადმი მიახლოება, რომელიც გადამდები სენით მომკვდარა. ეს თავისმოყვარე, პირმოთნე ადამიანები ზნეობრივ სიმყრალესა და გადამდებ სენს ავრცელებენ თავის გარშემო, და მით უფრო ადვილად შეყრიან ხოლმე ამ თავის სენს სხვა ადამიანებს, რაც უფრო მეტი ნდობით არიან განმსჭვალულნი ისინი მათდამი. იზიდავენ რა ადამიანებს, თავიანთი გარეგანი კეთილსახიერებით, ისინი შეუმჩნევლად შთაღვრიან მათს სულებში გარყვნილების შხამს და მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ თავიანთი გარდაქცეულების მთელს სიღრმეს, როცა უკვე მთლიანად განრყვნიან თავიანთ გაუფრთხილებელ მსხვერპლთ... ისინი მოტყუებით იპოვებენ გულუბრყვილო ადამიანების ნდობას და სასტიკად სჯიან მათ ამ გაუფრთხილებლობისა და მიმნდობლობისათვის; ხშირად მთელს ქონებასაც აკარგვინებენ მოყვასს, ღირსება-პატივსაც, კეთილ სახელსაც. თავიანთი მდაბალი მიზნების მისაღწევად ისინი არ შეჩერდებიან არანაირი დაბრკოლების წინაშე, ხშირად ყოველგვარ დანაშაულზეც კი მიდიან, და ამავდროულად გარეგნულად ყოველთვის ინარჩუნებენ კეთილსახიერებას, თვით კეთილმსახურების სახესაც კი. და ეს პირმოთნე და თავის მოყვარე ადამიანები ღირსეული მოწაფენი არიან იმ ფარისევლებისა და მწიგნობრებისა, - ამპარტავანი, უაღრესად პირმოთნე და თავისმოყვარე ადამიანებისა, რომელნიც უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს ქვრივ-ობოლთა სახლებს შესჭამდნენ, და ამავე დროს პირმოონედ ლოცულობდნენ ტაძარში, ბოლოს კი იქამდეც მივიდნენ, რომ უფალი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს და მოაკვდინეს... ო, ჭეშმარიტად, რომ ამგვარი ადამიანები ვერ შევლენ საუკუნო ცხოვრებად, ისინი ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, რამეთუ განა დაიმკვიდრებს საუკუნო ნეტარ ცხოვრებას ის, ვინც „ცოცხლივე მკვდარი არს?“ (I ტიმოთ. 5,6), ანუ ისინი, ვინც განგოზილ საფლავებს დამსგავსებიან და აღსავსენი არიან ყოველგვარი ზნეობრივი არაწმიდებით?!

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე