21-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება ლუკასაგან (8, 5-15)

„5. (თქვა უფალმან იგავი ესე:) გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი. 6. და სხუაი დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი. 7. და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. 8. და სხუაი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ. 9. ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაი არს იგავი ესე? 10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა ღმრთისაი, ხოლო სხუათა – იგავით, რაითა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. 11. ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი. 12. ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაი იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ. 13. ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაი იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან. 14. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან. 15. ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაი და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.“

 

I. დღევანდელმა სახარებამ ჩვენს ყურადღებას შესთავაზა უფლის იგავი მთესვარისა და თესლის შესახებ. ეს იგავი ერთ-ერთია იმ არამრავალთა შორის, რომლის ჭეშმარიტ განმარტებასაც თავად მაცხოვრის ბაგეთაგან ვისმენთ. განვიხილოთ იგიც და მისი მაცხოვრისეული განმარტებაც.

„გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა“ - ასე იწყებს უფალი თავის ამ იგავს (მუხლი 5).

იესო ქრისტეს არაერთგზის შეუთავაზებია თავისი სწავლება იუდეველებისათვის ბუნებიდან თუ ხალხის ცხოვრებიდან ნასესხები იგავების სახით. ამგვარ იგავთა რიცხვს განეკუთვნება ეს იგავიც მთესვარის შესახებ, რომლის დათესილი თესლი სხვადასხვა ნიადაგში ხვდება. ამ იგავში უფალი ურთიერთმიმართებას თავისსა - ადამიანთა მოძღვარსა და ადამიანებს შორის ადარებს მთესვარის და ნიადაგის, მიწის ურთიერთმიმართებას. მთესვარის ქვეშ აქ იგულისხმება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჰიპოსტასური სიტყუა, რომელიც ადამიანთა შორის თავის ჭეშმარიტ მოძღვრებას თესავს, და ამ მოძღვრების მიღების გზით ადამიანები ხელახლა, მეორედ იშვებიან ცათა სასუფეველისათვის, საუკუნო ნეტარი ცხოვრებისათვის: უფალი უეჭველად განაცხადებს საკუთარ თავს თესლის მთესვართა წინამძღვრად და საკუთარ თავს მიაკუთვნებს იგავის პირველ სიტყვებს: „გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თვისისა“.

ქრისტეს შემოსვლა ამა ქვეყნად იყო შემოსვლა დასათესად; სიტყვა ცათა სასუფეველის შესახებ, რომლის შესახებაც პირველმა მან იქადაგა, იყო მისი თესლი; ადამიანთა გულები - ნიადაგია, რომელშიც ღვთის სიტყვის დათესვა სხვებს მხოლოდ იმის გამო შეეძლოთ, რომ მან, ყოველთა უფალმა, პირველმა დათესა იქ ღვთის სიტყვა: და ისინიც მხოლოდ იმ საქმისათვის იღვწოდნენ, რომელიც მან აკურთხა და დაიწყო.

„და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი“ (მუხლი 5).

ზოგიერთი თესლი გზაზე დავარდა, სადაც მიწა მოხნული არ იყო და სადაც, მაშასადამე, თესლს არ შეეძლო ჩაფლობილიყო მიწაში, ხოლო მიწის ზემოდან დავარდნილი გამვლელთა მიერ იქნა დათრგუნილი, ანდა ფრინველთა ადვილ ნადავლად იქცა, რომლებიც აღმოსავლეთმი გუნდ-გუნდად მიჰყვებიან მთესველ მიწათმოქმედს და ცდილობენ მის მიერ გადაბნეული თესლი აკენკონ.

იყო სხვაგვარი თესლიც, რომელიც თავიდან კარგ მოსავალს ჰპირდებოდა მთესველს, მაგრამ ბოლოს ასევე წამხდარი აღმოჩნდა:

„და სხუაი დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განხმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი“ (მუხლი 6).

კლდოვან ნიადაგს პალესტინაში ბევრგან ვხვდებით: ნიადაგის თხელი ფენის ქვეშ იქ მყარი ქვაა, კლდეა, და იქ ძნელად ხარობს მცენარეულობა. და რადგანაც მთესვარის თესლი ასეთ თხელ ნიადაგში ჩავარდა, იგი მალე გაღვივდა და ამოიზარდა, მაგრამ კლდოვანი ფენის გამო ფესვები ღრმად ვერ გაიდგა, ღერო დაწვრილდა, სიმაღლეში წავიდა და ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა მცხუნვარე მზეს, განხმა და მოკვდა. ის, რომ მაგალითი იგავისათვის უფლის მიერ ადგილობრივი გამოცდილებიდან არის აღებული, დასტურდება, მაგალითად, პლინიუსის მოწმობითაც, რომელიც წერს: „სირიაში ძალზე თხლად ხნავენ, რადგან აქ მიწის თხელი ზედაპირის ქვეშ კლდოვანი ნიადაგია, რის გამოც ზაფხულში თესლი ხმება“ (ისტ. XVII, 3).

„და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი“ (მუხლი 7).

ეკალი, იგივე კვრინჩხი ფართოდ იყო და არის გავრცელებული პალესტინაში და იზრდება ძირითადად ნანგრევებში და მიტოვებულ, მიწათმოქმედის მიერ დაუმუშავებელ მიწაზე. იგი ხშირად არის ნახსენები საღმრთო წერილში (დაბად. 3,18; ოსე 10,8; ეზეკიელი 28,24; ებრ. 6,8). მიწათმოქმედნი ცდილობენ ხოლმე განწმიდონ კვრინჩხისაგან თავიანთი მინდვრები და ბოსტნები და ძირიანად თხრიან მათ. სწორედ კვრინჩხითა და ეკალბარდითაა ამჟამად დაფარული ქალაქ კაპერნაუმის ნანგრევები და სარონის ველის ბევრი ადგილი. „და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა“, - ეს ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ყანები ხშირად სწორედ კვრინჩხის ბუჩქნარებით იყო გამიჯნული ერთმანეთისაგან (გამოსვლ. 22,6; მიქია 7,4; იერემია 4,3; იობი 5,5). „და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი“, და წმიდა მარკოზის თქმით, იქ შთავრდნილმა თესლმა ვერ გამოიღო ნაყოფი. ეს თესლი თვით ბუჩქნარში კი არ ჩავარდა, არამედ ისეთ ნიადაგში, სადაც კვრინჩზი და ეკალ-ბარდი კარგად არ იყო ამოძირკვული და ნიადაგიც არ იყო კარგად მოხნულ-დამუშავებული, - სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ვერ იქნებოდა ნათქვამი, რომ თესლთან ერთად ეკალიც ამოვიდა; ეკალ-ბარდმა დაახშო თესლის ამონაზარდი, სინათლე და ჰაერი დაფარა მისგან, თავისი ფესვებით შთანთქა ნიადაგის ნესტიცა და სინოყივრეც, და ამიტომ, გასაკვირიც არ არის, რომ თესლისაგან ამოზრდილი ჯეჯილი ჩაიკარგა ეკალ-ბარდში, ღერო ჯეროვნად ვერ განვითარდა და მარცვალიც თავთავში არ გაიზარა და, რის გამოც ნაყოფიც არ იქნა გამოღებული ისეთი, როგორიცსაჭირო იყო. ოღონდ ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ ნიადაგი არ იყო კეთილი, როგორც კლდოვანი ადგილის შემთხვევაში, ანდა საერთოდ არ იყო დამუშავებული, როგორც პირველ, გზაზე დავარდნილი თესლის შემთხვევაში, არამედ იმიტომ, რომ საკმარისად კარგად არ იყო ნიადაგი დამუშავებული, არ იყო ბოლომდე ამოძირკვული ეკალ-ბარდი და სარეველა. მაგრამ ყველა თესლი როდი იღუპება ამგვარად, რამეთუ,

„და სხუაი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი“ (მუხლი 8).

წმიდა მათესთან ნათქვამია, რომ ყველა თესლმა არ გამოიღო ასწილი ნაყოფი, - ზოგიერთმა ნაკლებიცო- „და რომელიმე დავარდა ქვეყანასა კეთილსა და მისცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე - სამეოცსა, რომელიმე ოცდაათსა“ (მათე 13,8), მარკოზი კი ცვლის მოსავლიან თესლთა თანმიმდევრობას და ნაკლებით დაწყებულს - მრავალი ნაყოფის გამომღებელით ამთავრებს, ამგვარადვე ხდება კეთილ ყანაშიც, ნიადაგის მეტ-ნაკლები სინოყივრისა და სხვა, ასევე მეტ-ნაკლებად კეთილხელსაყრელი გარემოებების გამო ერთნაირად უხვი მოსავალი როდია ხოლმე ყველგან. ასმაგი მოსავალი აღმოსავლეთში არ არის გაუგონარი ამბავი, თუმცა კი იგი მოხსენიებულია როგორ რაღაც განსაკუთრებული რამ. საღმრთო წერილში, მაგალითად, ისააკის შესახებ არის ნათქვამი, რომ „სთესა ისაკ წელსა მას და იყო ას ასეული ქრთილისაი. აკურთხა იგი უფალმან“ (დაბად. 26,12). და ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია.

ჰეროდოტე გადმოგვცემს ბაბილონის სანახებში მიღებულ მოსავალზე, რომელიც ორასჯერ თუ სამასჯერ აღემატებოდა დათესილს, ნიბურიც (არაბეთის აღწერა, გვ.153) ლაპარაკობს მაისის ოთხასმაგ მოსავალზე, იგივეს ვხვდებით ვეტშეინთანაც.

„ამას ეტყოდა ხმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ“ (მუხლი 8).

იგავის დასრულებისას, იესომ მაღალი ხმით განაცხადა ეს სიტყვები. ჩვეულებრივ უფალი ასე მოუწოდებს ხოლმე მსმენელთ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის ქვეშ დაფარული საიდუმლო მნიშვნელობის გულისხმის-საყოფად. ამ შემთხვევაშიც იგი მოუწოდებდა მოწაფეებს მოესმინათ და ყურადეღოთ მისი იგავი არა მხოლოდ გარეგანი სმენით, არამედ შინაგანითაც - რწმენისა და საღი განსჯის სმენით.

„ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაი არს იგავი ესე? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფეველისა ღმრთისაი, ხოლო სხუათა – იგავით, რაითა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ“ (მუზლები 9-10).

თითქოსდა, უფალი აქ პირდაპირ არ პასუხობს მოწაფეთა შეკითხვაზე, რადგან ისინი ეკითხებიან, რას ნიშნავს, რა მნიშვნელობა აქვს ამ იგავსო, ან სთხოვენ იგავის განმარტებას, უფალი კი პაუხობს, თქვენთვის გამხელილია ცათა სასუფეველის საიდუმლო, სხვებისთვის იგი იგავით არის ნაუწყები, რათა ხედავდნენ და ვერ დაინახონ, და ესმოდეთ, და ვერ გაიგონ, ვერ გულისხმა-ყონო. მაგრამ ეს აიხსნება მახარებელ მათესეული გადმოცემით, რომელიც წერს: „და მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაისათვის იგავით ეტყვი მათ?“, ანუ იქ შეკრებილ სიმრავლეს ერისა (მათე 3,10).

აქედან ჩანს, რომ მოწაფეებმა უფალს ორი შეკითხვა დაუსვეს: 1. იგავით რატომ ესიტყვები ამ ხალხსო, რომელიც მათემ გადმოგვცა, და 2. რას ნიშნავს ეს იგავიო, როგორც ლუკამ გადმოგვცა. და უფლის ზემორე მოყვანილი სიტყვებიც სწორედ მისი პასუხია მოწაფეთა ამ, პირველ შეკითხვაზე. მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები?ნუთუ ქრისტე წინასწარი განზრახვით ჰფარავდა თავის სწავლებას იგავური სახეებით, რათა თავისი მსმენელები (უახლოეს მოწაფეთა გარდა) უცნობლობაში დაეტოვებინა? არა, არამედ იგი აქ ლაპარაკობს, საერთოდ, იგავური გადმოცემის ხასიათზე, თვისებებზე, რომლის ძალითაც სრულად და ცხადად არ მჟღავნდებოდა სათქმელის შინაგანი შინაარსი, მის, ასე ვთქვათ თვალსაჩინოებაში, არამედ მხოლოდ მინიშნებას იძლეოდა მასზე და თავად მსმენელს სთავაზობდა ჩასწვდომოდა მის აზრს. ასე რომ, უყურადღებო მსმენელს, ღრმად დაკვირვების უნარის არმქონეს, შეეძლო ვერც ვერაფერი გაეგო და გულისხმა-ეყო ნათქვამიდან.

ხოლო ხალხის სიმრავლეს რაც შეეხება, მას, მართლაც, ჯერ კიდევ ნაკლებად ესმოდა მაცხოვრის სწავლება, ზოგიერთნი კი ცთუნდებოდნენ კიდეც მისი მოსმენით. თუმცა, ამასთანავე, უნდა შევნიშნოთ, რომ იგავები ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთის ხალხებში, და მაშასადამე, ეს იყო, ყოველ შემთხვევაში, ყველასათვის მისაწვდომი ხერხი სიბრძნეთა და სწავლებათა გადმოცემისა, მისადაგებული ხალხის წარმოდგენათა ჩვეულებრივი წესისადმი, მით უმეტეს, რომ ქრისტეს მიერ ნათქვამი ზოგიერთი იგავი შესაძლოა ნაცნობაც იყო იუდეველთათვის უწინდელი, წინასწარმეტყველთამიერი ხატოვანი გადმოცემებით, როგორც, მაგალითად, იგავი ვენახის-მოქმედთა შესახებ (მათე 21,33-42; ლუკა 20,16), რომელსაც მეტად მკაფიოდ ემთხვევა წინასწარმეტყველ ესაიას ნათქვამი: „ვენახი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაისი - ახალნერგი შეყვარებული“ (ესაია 5,7), და სხვა შედარებანიც, გადმოცემულნი იმავე წინასწარმეტყველის მიერ. და თუ ხალხს ნაკლებად შეეძლო იგავის მეშვეობით გადმოცემული სწავლების გაგება, მაშინ უიგავოდ კიდევ უფრო ნაკლებად იქნებოდა იგი შემძლე რაიმეს გულისხმის-ყოფისა. მთელ თავის შეფარებულობასთან და გამოუცნობლობათან ერთად, გადმოცემის იგავური სახე უბრალო ხალხს მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან აღებულ შედარებებს სთავაზობდა დასახმარებლად, და ამავე დროს, აღაგზნებდა რა მსმენელის ყურადღებას, განამზადებდა და დახვეწდა მას სახარების უფრო განცხადებული ქადაგების აღსაქმელად და გასაგებად. ამასთანავე, იგავის მთავარი აზრის შეფარულობა საცთურის საბაბს მოაკლებდა ნაკლებად ყურადღებიან და ურწმუნო ადამიანებს და ქრისტეს სწავლების მოწინააღმდეგეებსაც ართმევდა შესაძლებლობას მისი გაკიცხვა-ყვედრებისათვის. მაგრამ, მეორე მხრივ, მაცხოვარი ყოველივე აუცილებელს იქმდა იმისათვის, რომ ადამიანებისათვის სახარების საღმრთო ჭეშმარიტებათა პირდაპირი გულისხმისყოფა მოეცა. იგი თავადვე განუმარტავდა მოციქულებს თავის მიერ ნათქვამ იგავებს, და ყოველივე ამას იმ მიზნით იქმდა, რომ მოციქულებს შემდგომში თავადაც შესძლებოდათ სხვებისათვის გადაეცათ ყოველივე ის, რაც უფლისაგან მოესმინათ. უფალი იესო ქრისტე იმისათვის განამზადებდა თავის მოწაფეებს, მოციქულებს, რომ ისინი ყოფილიყვნენ     „ნათელი სოფლისაი“ (მათე 5,14), როცა ამისათვის კეთილხელსყრელი დრო დადგებოდა.

გასცა რა პასუხი თავისი მოწაფეების პირველ შეკითხვაზე, რომელიც გადმოცემული აქვს მახარებელ მათეს, უფალი ახლა მათ მეორე კითხვაზე პასუხობს. და ეს შეკითხვა მახარებელ ლუკას აქვს გადმოცემული დღევანდელ სახარებაში.

„ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი“ (მუხლი 11).

თითქოს ასე ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს: როგორც თესლს აგდებენ მიწაში იმისათვის, რომ ის ამოიზარდოს და ნაყოფი გამოიღოს, ასევე ღვთის სიტყვაც იმისათვის ეძლევათ მსმენელებს, რომ მიღებული იქნას მათ მიერ და ნაყოფიც გამოიღოს მათივ საცხოვნებლად. ხოლო ეს მსგავსება ღვთის სიტყვისა თესლთან სხვადასხვა მიმართებაში დაწვრილებით ქვემორეა გადმოცემული.

„ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაი იგი გულისაგან მათისა, რაითა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ“ (მუხლი 12).

ამრიგად, პირველი დაბრკოლება ღვთის სიტყვის ჯეროვანი მიღებისა და ნაყოფის გამოღებისათვის არის დაუფიქრებლობა და უზრუნველობა მსმენელთა მხრიდან. არსებობენ ადამიანები, რომელთაც, ჩვეულებრივ, გონებადაფანტულებს ეძახიან, ვისი სულიცა და გულიც ფართო გზასავით გახსნილია ყველა გამვლელი, მიმომქროლი აზრებისა და შთაბეჭდილებებისათვის, და ვინც, გზაზე დამდგარ მოგზაურთა მსგავსად, სულ აღტკინებულია, სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს დაეძებს, ახალ და მრავალგვარ შეგრძნებებს ნატრობს, და ძალ-ღონეს არ იშურებს ახალ გასართობთა და შექცევათა მრაპოვვბლად. თუმცა კი ამგვარ ადამიანთა გული ყოველთვის სალმობიერი და კეთილია შინაგანად, მაგრამ გარედან იმდენად გლუვი, სლიპი ხდება, რომ ნებისმიერი კეთილი შთაბეჭდილება მხოლოდ ზედაპირზე გადაუვლის მას, გასხლტება და ვერ აღწევს გულის წიაღში. და ბუნებრივია, რომ მათს სულშიც, შემოუზღუდავში ღმერთისმოშიმებით, ყურადღებით საკუთარი თავის მიმართ და წრფელი ლოცვა-ვედრებით, ადვილად აღწევს ბოროტისული და თავისთან ერთად ყოველგვარი არაწმიდება და სიბილწე შეაქვს. და განა გასაკვირია,  რომ ასეთ გულსა და ასეთ სულში ღვთის სიტყვის მარცვალს არ ძალუძს დიდხანს დარჩეს, - იგი ან ახალ შთაბეჭდილებათა და შეგრძნებათა მოზღვავებით დაითრგუნება, ანდა ეშმაკის მიერ იქნება გატაცებული, რომელიც მოციქულის სიტყვით, დავალს ვითარცა ლომი მყვირალი და ეძიებს, ვინმცა შთანთქა?! და თუმცა ჩვენ სხეულებრივი თვალებით ვერ ვხედავთ, როგორ მოდის აქ ეშმაკი ღვთის სიტყვის გასატაცებლად გაფანტულ და უყურადღებო მსმენელთა გულებიდან, მაგრამ კვამლი უკვე საცნაურ-ჰყოფს ხანძრის არსებობას. და მართლაც, განა ეშმაკისმიერი არ არის ის შთაბეჭდილებანი, რომლებიც ღვთის სიტყვის ქადაგებისას ხშირად მოსვენებას არ აძლევენ მსმენელთა ყურადღებას, რიგ-რიგობით ეწვევიან ხოლმე მას და ართობენ, თითქოსდა ერთმანეთს ხელიდან ხელში უგდებენო, რათა, ასე ვთქვათ, მას თავბრუ დაესხას, სული შეეკრას, გონს ვერ მოვიდეს და არ შეაჩეროს თავისი დაკვირვება ღვთის სიტყვებზე?! ღვთის სიტყვისაგან ადამიანის განშორება, ხოლო ამით თვით ღმერთისაგანაც მისი მოცილება, - ნამდვილად რომ ეშმაკის საქმეა, და ეშმაკი მიიტაცებს მსმენელის გულიდან ღვთის სიტყვას იმითაც კი, რომ გარეშე შთაბეჭდილებების მეშვეობით დათრგუნავს მას და ადგილსაც არ უტოვებს მსმენელის გულში. ამგვარად, უყურადღებობა, გონების დაბნეულობასთან ერთად, შეადგენს კიდეც ერთ-ერთ მიზეზს იმისა, რომ ღვთის სიტყვის ქადაგება უნაყოფო რჩება მსმენელში.

„ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაი იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან“ (მუხლი 13).

ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გულებიც არ არის გამთბარი ჭეშმარიტი სიყვარულით ღმერთისადმი და შებორკილებულია საკუთარი თავის მოყვარეობით, ანდა ანგარების მოყვარებით, ვითარცა სამარადჟამო სიცივეთი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად, ზოგჯერ რბილიცა და მგრძნობიარეც მოჩანან. ესევითართ უყვართ საუბარი სათნოებაზე, თვითონაც მგრძნობიარენი არიან ყოველივე კეთილისადმი, როცა ეს მათ თავმოყვარეობას აამებს, და ისინი სიხარულითაც კი იღებენ ღვთის სიტყვას მანამდე, სანამ იგი მსხვერპლის გაღებას არ მოითხოვს მათგან. მაგრამ მათ არა აქვთ ძირი ყოველივე სიკეთისა - სრული თავდადება, თავის შეწირვა, ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისადმი და გულწრფელი სურვილი საკუთარი თავის ხსნისა, ცხოვნებისა. ამიტომ მათი გულიც ოდენ გარეგნულადაა მგრძნობიარე, ხოლო შინაგანად - ცივი და უხეშია, სასტიკი, მსგავსად ქვისა, რომელიც ზემოდან მიწის თხელი ფენითაა დაფარული. ამის გამო ღვთის სიტყვასაც არ ძალუძს მათი გულების სიღრმეში შეაღწიოს, ამოიზარდოს და სრულყოფილი ნაყოფიც გამოიღოს; ამიტომვე ნებისმიერი კეთილი გრძნობა, აღძრული ღვთის სიტყვის მოსმენით, მაშინვე ჭკნება და განხმება მათში, როგორც კი აუცილებელი შეიქნება ხოლმე საკუთარი თავის სიყვარულის მსხვერპლად გაღება სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის, სათნოებისა და კეთილმსახურებისათვის. თუ არ არის განსაცდელი, ამგვარ მსმენელებს სწამთ ღვთის სიტყვა, ხოლო როგორც კი გაჩნდება განსაცდელი, მათი რწმენაც ჰქრება. რამეთუ განსაცდელით შევიწროებული გული თითქოსდა ცეცხლოვანი სუნთქვით სუნთქავს. მაგრამ რა განსაცდელნია ეს? - მახარებელ მათესთან ვკითხულობთ: „და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი“ (13,21), ანუ ღვთის სიტყვის - სახარების სწავლების მიღებისათვის რომ დაუწყებენ დევნა-შევიწროებას, რაც ეგზომ ხშირი იყო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებმი, როცა დიდი ჭირი და უბედურება ატყდებოდათ თავს ჭეშმარიტ მორწმუნეებს, განსაკუთრებით კი სახარების მქადაგებლებს, - მაშინ ესევითარი ზერელე მორწმუნენი ადვილად უარყოფდნენ მას. ამჟამად, ასეთი გარეგანი დევნულება ქრისტიანთა, მადლობა ღმერთს, არ არის, ხოლო არის, პირიქით, ყველა გარეგანი აღძვრა ქრისტიანული კეთილმსახურებისათვის. მაგრამ ნუთუ დღეს მართლაც არანაირი განსაცდელი არ არსებობს ჩვენი რწმენისათვის? განა ზოგჯერ არ შეირყევა ხოლმე ჩვენი რწმენა რაღაც ყოფით-ცხოვრებისეულ განსაცდელთაგან, - მიმძლავრებათაგან, უსამართლობათაგან, სნეულებათაგან, დანაკარგთაგან, სიღატაკისაგან და ცხოვრების სხვა სამწუხარო შემთხვევათაგან? - დიახაც, რომ ეს ასეა. მაგრამ ამის გარდა არსებობს კიდევ სხვა, ნაკლებ შესამჩნევი, და ამის გამო კიდევ უფრო სახიფათო თავდასხმები ჩვენს სარწმუნოებაზე - თავდასხმები ჩვენივ სხეულის მხრიდან, ჩვენივ ხორციელი გულისთქმისაგან, რომელსაც საკუთარ თავში ვატარებთ; თავდასხმები ამა ქვეყანისაგან რომელშიც ვცხოვრობთ! ეშმაკისაგან, რომელიც ყველგან უხილავად გვითვალთვალებს და ერთი ნაბიჯითაც კი არ გვშორდება.

„ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან“ (მუხლი 14).

ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ საზრუნავთ როდი უწოდებს აქ უფალი ამ მიზეზს უნაყოფობისა და მათ როდი ჰგმობს, და არც თავისთავად სიმდიდრე არ სახელდება მიზეზად ღვთის სიტყვის ამგვარი უნაყოფობისა ასეთ ადამიანებში, რამეთუ არც ერთი და არც მეორე, როგორც მრავალი წმიდა ადამიანის მაგალითი ცხადყოფს, ხელს არ უშლიან ღვთის სიტყვის არც მოსმენა-მიღებას და არც აღსრულებას. მაგრამ ამ ორივეს დამღუპველად შექნის ჩვენთვის ჩვენი ამაო მიკრობა ყოველივე ქვეყნიურისა და დროებითისადმი, რაც აღავსებს რა და მთლიანად მოიცავს რა ჩვენს გულს, დათრგუნავს მასში ღვთის სიტყვის მოქმედებას, ხოლო ასეთი რამ შეიძლება ეწიოს როგორც ღარიბი ადამიანის გულს, ასევე მდიდრისასაც. რამეთუ შეიძლება ვინმე დიდად ღარიბიც იყოს მატერიალურად, და ამქვეყნიური კეთილდღეობისადმი მისწრაფება დიდის ზრუნვით აღავსებდეს მთელს მის ცხოვრებას და იგიც მხოლოდ ამ ერთი მისწრაფებით იყოს შეპყრობილი - სიმდიდრის მოპოვების სურვილით და დიდად ვნებულიც შურით მდიდართადმი. მაგრამ შესაძლოა ადამიანი მდიდარიც იყოს, და ეს არანაკლები საზრუნავი და სადარდებელი იყოს მისთვის კვლავაც იმავე მისწრაფებისა და სიყვარულის გამო ქვეყნიური კეთილდღეობისადმი, რამეთუ ესევითარი გამუდმებით თავისი სიმდიდრის დაცვა-გამრავლებაზე ფიქრობს და განუწყვეტლივ იმის შიშით მოიწყვლება, რომ არ დაკარგოს თავისი საუნჯენი. ორივე შემთხვევაში ეს არის ხშირი სარეველა, ღვარძლი, რომლებიც შეაშთობენ გულს, ახშობენ მასში ყოველივე კეთილს, ყველანაირ წრფელ გრძნობას, და არც დროსა და არც შესაძლებლობას არ უტოვებენ ადამიანს სულიერ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, მწყურვალე და მშიერი სულის დასაპურ-დასარწყულებლად ღვთის სიტყვით, სულის კიდევ უფრო სახიფათო ღვარძლია ხორცის ვნებისმიერი მისწრაფებანი, რომელნიც მაცხოვრის მიერ „ამის სოფლის გემოდ“ იწოდება. მათი ფესვი ადამიანის ცოდვიანი გულის სიღრმეშია გადგმული; ე არის სწორედ ის სხვა სჯული, რომელიც მოციქულის სიტყვით, დამკვიდრებულია „ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყვენავს მე შჯულითა მით ცოდვისაითა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა“ (რომ. 7,23).

ამ ბოროტი ფესვის წამონაზარდნია ის საქმენი ხორცთანი, რომლის შესახებაც სხვა ადგილას ლაპარაკობს იგივე მოციქული პავლე: „სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ხდომანი, შურობანი, გულის-წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსი ამათნი... ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (გალატ. 5,19-21). აი, სწორედ ეს ბოროტი ამონაზარდნი, როგორც კვრინჩხი და ეკალბარდი, განუწყვეტლივ იზრდება მაშინაც კი, როცა მათს ამოძირკვაზე ზრუნავენ, და ზოგჯერ მით უფრო სრულიად შეაშთობენ გულს, როცა სულ არ ფიქრობენ მათს ამოძირკვაზე. ჰოდა, აბა, როგორ უნდა აღმოცენდეს ასეთ გულში და როგორ გამოიღოს ჯეროვანი ნაყოფი ღვთის სიტყვამ, როცა გული მთლიანად არის მოცული და სავსე ეკალ-ბარდითა და ღვარძლით?!

„ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაი და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა“ (მუხლი 15).

ნუ იფიქრებთ, თითქოს ეშმაკი არ ცდილობდეს ამ ადამიანებსაც წარტაცოს მათს გულებმი დათესილი ღვთის სიტყვა, მაგრამ მათ შეკრძალული აქვთ ღვთის სიტყვა, ანუ მტკიცედ უპყრიათ იგი და ძალისხმევით ინარჩუნებენ თავიანთ სულებში სახარების მოსმენილ სიტყვას, ცდილობენ გაიღრმავონ იგი საკუთარ გულში მოწიწებით აღსავსე დაფიქრებით: ისინი ყოველის მხრიდან ღვთის მოშიშებით იცავენ თავს, საკუთარი თავისადმი ჩაკვირვებითა და ლოცვით, და ამგვარად არ უტევებენ ეშმაკს მათს სულებში შემოსვლას და იქიდან ღვთის სიტყვის საუნჯის წარტაცებას. არ უნდა ვიფიქროთ აგრეთვე ისიც, რომ ჩვენი ცხოვნების მტერი, თითქოსდა, არ ცდილობდეს მათი გულების განგრილებას ღვთის სიტყვისადმი თავმოყვარეობის გაღვიძებით მათში, ანდა მის მოშთობას ამაო ფუსფუსისა და ხორციელ გულისთქმათა ეკალ-ბარდით. მაგრამ ეს კეთილმორწმუნე ადამიანები მუსრავენ გულის გაქვავებას შიშით სიკვდილისა და ღმერთის სამსჯავროს წინაშე, გეჰენიისა და დაუშრეტელი ცეცხლის წინაშე, - ლმობიერებისა და გულშემუსრვილობის ცრემლებით დაალტობენ მას; ისინი საღმრთო სიყვარულისა და საუკუნო ცხოვრების სურვილის ცეცხლით დასწვავენ საკუთარ თავში არაწმიდა ეკალ-ბარდს ამაოებისა და ვნებისმიერი სურვილებისა, ანდა გულწრფელი სინანულით აღმოძირკვავენ მათ თავიანთი გულებიდან.

აი, სწორედ ასეთ მტკიცედ მორწმუნე ადამიანებს გამოაქვთ კეთილ საქმეთა ნაყოფნი, - ზოგთ ოცდაათი, სხვებს - სამოცი, მესამეთ კი - ასი, საზომისაებრ მათში დამკვიდრებულ ისაღმრთო მადლისა. გადადიან რა ძალიდან ძალაზე და თანდათანობით ზეაღვლენ რა თავიანთ გულებში ზეცისაკენ, ისინი თავიანთ საქმეთაებრ იღებენ ქრისტესაგან ნეტარ მისაგებელს.

 

II. აი, ეს არის უფლის იგავის შინაარსი მთესვარისა და თესლის შესახებ, ახლა ვნახოთ, თუ რას გვასწავლის იგი.

ა) უბრალო, გასაგები სიტყვით, ანუ მიწათმოქმედების გამოცდილებიდან აღებული მსგავსებით, მაცხოვარი განგვიმარტავს ცათა სასუფეველის უზენაეს საიდუმლოთ, რითაც გვასწავლის, რომ „არა სიტყვითა არს ასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა“ (I კორინთ. 4,20). ამიტომაც ღვთის სიტყვის მქადაგებელნიც უნდა ცდილობდნენ უბრალო, გასაგები ენით გადასცემდნენ მსმენელთ ყოველივე იმას, რაც მათ ცხოვნებისათვის ესაჭიროებათ, ამას მოითხოვს მსმენელთა უცნობლობა, გაუნათლებლობა, რადგან უბრალო ადამიანთათვის ზოგჯერ მაშინაც ძნელია სულიერი, საუკუნო ცხოვრების საკითხების შემეცნება, როცა ისინი მარტივი ენითაა გადმოცემული. ქადაგების ეს სახე მოციქულ პავლესაც აქვს დაცული, როგორც ამას თვით იტყვის საკუთარ თავზე: „და სიტყუაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყვათაითა, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა“ (I კორინთ. 2,4).

ბ) მოციქულები რომ მოუხდნენ ქრისტეს და სთხოვეს, განემარტა მათთვის იგავის მნიშვნელობა, - ეს გარემოება დიდად მანუგეშებელი შეიძლება იყოს ღვთის სიტყვის მთესვარი კეთილმოშიში მსახურებისათვის (მუხლი 9). ისინი უნდა განიმხნევებდნენ თავს იმით, რომ ღვთის სიტყვის უგულებელმყოფელ მსმენელთა გარდა შეიძლება ისეთნიც იყვნენ, რომლებიც მოწიწებით ისმენენ ღვთის სიტყვას და შეძლებისდაკვალობაზე ცდილობენ მის აღსრულებას, რითაც ცხოვნდებიან კიდეც. როცა მაცხოვარი ერს უქადაგებდა თავისი სხეულის მაცხოვნებელი საზრდოდ მიღების შესახებ, მაშინ ბევრი მის მოწაფეთაგან განეშორა მას და აღარ ვიდოდა იესოსთან ერთად, მაგრამ მისი ქადაგება უნაყოფო არ დარჩენილა, რამეთუ მაშინ უფალმა ჰკითხა თავის სხვა მოწაფეებს: „ნუუკუე თქვენცა გნებავს წარსვლის? მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩვენ? რამეთუ სიტყვანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გქონან შენ. და ჩვენ გვრწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“ (იოანე 6,66-69).

გ) ეკალთა შორის ჩავარდნილი თესლი აღნიშნავს იმ მსმენელს ღვთის სიტყვისა, რომელიც სიმდიდრისა და ქვეყნიურ კეთილდღეობაზე ზრუნვით, ყოველივე ნივთიერის სიყვარულით შეაშთობს მას. აქედან ყველამ უნდა ვისწავლოთ სიძუნწის მოშორება და სჯულის საწინააღმდეგო სიმდიდირისმოყვარეობისაგან თავის მოზღუდვა, რომელიც შხამ-სამსლაზე უარესია (მუხლი 14). მართალია, ყოველი სიმდიდრე ღმერთისაგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ მცირედთ თუ ძალუძთ მისი სასიკეთოდ გამოყენება. რამეთუ ბრძენი ზირაქიც ამბობს, რომ მრავალნი დაცემულან ოქროს გულისათვის და მათი წარსაწყმედელიც მისგან ყოფილა (31,16). ამიტომაც მეტად ძნელია მდიდართათვის ცათა სასუფეველში შესვლა: „მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა... უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (მათე 23,24). ამის მიზეზი ის არის, რომ როცა სიმდიდრე უხვად მოედინება მათთან, ისინი თავიანთ გულებს შეაპყრობინებენ მას (ფსალმ. 61,11). მაშასადამე, თუკი ჩვენსკენ სიმდიდრე წარმოედინება, ვევედროთ უფალს, რათა მისდრიკოს გული ჩვენი ღმერთის მოწმობისათვის და არაანგარებისათვის (ფსალმ. 118,36). ხოლო თუკი არა გვაქვს ქონება, ნურც დავმწუხრდებით ამის გამო და ნურც ზედმეტად ვინდომებთ მის მოპოვებას. შიშველნი მოვდივართ ამქვეყნად დედის მუცლიდან და შიშველნივე ვუბრუნდებით მიწას. „ხოლო ნანდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთისმსახურებაი უნაკლულოებით, ... ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა ამათ, კმა-ვიყოფდეთ ჩვენ“ (I ტიმ. 6,6,8).

დ) კვალად, მთესვარისა და თესლის იგავიდან ჩევნთვის საცნაურია, რომ ღვთის სიტყვა გამუდმებით ეუწყება ადამიანებს, ეს კი იმად უნდა აღგვძრავდეს ჩვენ, რომ გულმოდგინედ ვისმენდეთ მას (მუხლი 11). რწმენა არ გადმოიღვრება ჩვენს არსებაში პირდაპირ, არამედ სიტყვის მეშვეობით გვეძლევა. ამრიგად, განსაკუთრებული საშუალება ცხოვნების მოსაპოვებლად არის ღვთისსიტყვის მოსმენა. „აწ უკვე სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი - სიტყვითა ღმრთისაითა“ (რომ. 10,17), რამეთუ „ვინაითგან სიბრძნითა მით ღმრთისაითა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაითა ცხოვრებაი მორწმუნეთაი მათ“ (I კორინთ. 1,21). რამეთუ წმიდა ილარიონის სიტყვით (წიგნი V, „სამების შესახებ“), შეუძლებელი იყო ადამიანს ღმერთის გარეშე რაიმე ესწავლა ღმერთის შესახებ; ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით ასწავლის ადამიანებს ღმერთის შემეცნებას, და არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგჯერ, ანდა სულაც ერთხელ მოსმენა ღვთის სიტყვისა, არამედ ქრისტიანს მარადის ესაჭიროება ეს მაცხოვნებელი საშუალება, განმამტკიცებელი ჩვენი რწმენისა. თავისი ბუნებით ადამიანი ცოდვისაკენ არის მიდრეკილი, ხოლო ხშირად ვარდება კიდეც მასში. და ვაი იმას, ვინც ღვთის სიტყვის მეშვეობით არ აღსდგება თავისი ცოდვით დაცემისაგან! მოციქული პეტრე ჰგონებდა, ისე მტკიცედ ვარ დამკვიდრებული რწმენაში, რომ სიკვდილის წინაშეც უკან არ დავიხევ და უფალს არ უარვყოფო. იგი ასე ეფიცებოდა თავის უფალს: „დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკვდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარგყო შენ!“ (მათე 26,35). მაგრამ როგორც ვიცით და როგორც სახარებში წერია, იგი მაინც დაეცა და უარყო ქრისტე „ხოლო მან (პეტრემ) უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყვი“ (მათე 26,70). ხოლო შემდგომში, როცა გაიხსენა უფლის სიტყვები, შეინანა, როგორც ამას მახარებელი ლუკა გადმოგვცემს: „და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყუაი იგი უფლისაი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ხმობამდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (ლუკა 22,61,62). ამიტომაც ეს მაცხოვნებელი საშუალება ჩვენც ყველამ უნდა შევიყვაროთ, რათა ჩვენი რწმენის ხომალდი არ ჩასძიროს უბედურებათა თუ განსაცდელთა ტალღებმა. ხოლო უფრო მონდომებით რომ ვისმენდეთ ღვთის სიტყვას და არასდროს არ ვივიწყებდეთ მას, ამისთვის დიდად შეიძლება წარგვადგეს შემდეგი გარემოება:

ჩვენს წინაპრებს დიდი გულმოდგინება ჰქონდათ ღვთის სიტყვის მოსმენისა. მიაქციე შენი სულიერი მზერა, ჰოი, ქრისტიანო, ქრისტეს ქვეყნიური მსახურების დროს, შეხედე იქ ხალხის დიდ სიმრავლეს, რომელნიც სახარების ქადაგების სიტყვას ისმენენ. იხილე, თუ რაოდენი სიმრავლეა იქ ქრისტეს სწავლების მსმენელებისა: „და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღვის-კიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით“ (მათე 13,2-3). დაე, სირცხვილით იწვოდნენ ჩვენი დროის ადამიანები! ძველი დროის ათობით ათასი ადამიანი უშორეს ადგილთაგან მოდის ქრისტეს სწავლების მოსასმენად. ჩვენ კი აქვე გვყავს უფალი, იესო ქრისტე, რომელიც ჩვენს გვერდით გვიქადაგებს, ჩვენ კი მისი მოსმენაც არა გვსურს! ძველ აღთქმში ყოველწლიურად უნდა მისულიყო ყოველი იუდეველი იერუსალიმის ტაძარში, და ამას იქმდნენ არა მარტო პალესტინაში მცხოვრები ებრაელები, არამედ უკვე მაშინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც განბნეულნი. აწ კი უფალი თვითონ მოდის ჩვენთან, თავადვე გვიახლოვდება ჩვენ თავის ეკლესიაში, რომელიც ყოველ ჩვენს ქალაქში თუ დაბა-სოფელში მრავლადა გვაქვს, ჩვენ კი, ჰოი, უდიდესო საწყალობლობავ, არ გვინდა მასთან მისვლა და მისი სიტყვის მიღება. საბაის დედოფალი შორეული ქვეყნიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და მის გამოსაცდელად იგავებით (III მეფეთა 10,1), აქ კი, ჩვენს გვერდით, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სოლომონი იყო, - აქ არის სამარადჟამო მამისეული სიბრძნე მის საღმრთო სიტყვაში, და იგი სიყვარულითა და შემწყნარებლობით გვესიტყვება ჩვენ, და, გარდა ამისა, ჩვენ არც შორს გამგზავრება არ გვჭირდება მის მოსასმენად; მაგრამ მრავალნი არიან ჩინებულ, მოწოდებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ, ანუ ისინი, ვინაც ისმენენ და იღებენ ღვთის სიტყვას.

ე) გარდა ამისა, დღევანდელისახარების იგავი გვასწავლის, რომ საკმარისი არ არის ღვთის სიტყვის მხოლოდ მოსმენა, არამედ ჩვენ ღრმად უნდა დავიმარხოთ იგი გულში და აღვასრულოთ კიდეც (მუხლი 15). რამეთუ როგორადაც თესლი, თუკი ის მიწაში არ შთაეფლობა და ფესვს არ გაიდგამს მასში, ვერც ნაყოფს გამოიღებს, ასევე ღვთის სიტყვაც, თუკი ქრისტიანის მიერ ღრმად არ იქნება დამარხული გულში, ვერ გამოიღებს კეთილ ნაყოფს ცხოვნებისა. სწორედ აქ გვესაჭიროება სიფრთხილე და სიფხიზლე, რათა ჯოჯოხეთის ქორებმა არ წარგვტაცონ ღვთის სიტყვა გულიდან. რამეთუ ისინი იმთავითვე კაცის მკვლელები არიან და მიდრეკილნიც ადამიანთათვის ცხოვნების წარსატაცებლად. როცა მიწისმოქმედნი თესავენ, მაშინ ფრინველები გუნდ-გუნდად მოფრინდებიან ხოლმე მათთან, რათა გადაბნეული მარცვლები აკენკონ. ასევეა ღვთის ტაძარშიც, - როცა ცათა სასუფევლის სიტყვა იქადაგება, მაშინ ბოროტი სულები მოფრინდებიან ხოლმე და ცდილობენ, წარიტაცონ ხარების სიტყვა მსმენელთა გულთაგან. მაგრამ როგორადაც ფრინველთ განაგდებს ხოლმე თავისი მინდვრიდან მიწათმოქმედი, ასევე შენც, ქრისტიანო, გულმოდგინე ყურადღებითა და ღვთის სიტყვის მნიშვნელობაში ჩაღრმავებით უნდა ეცადო განდევნო შენგან ყველა ბოროტი სული. და ამასთან, ყურადღება არ უნდა მიაქციო იმას, თუ ვინ ამბობს ღვთის სიტყვას და როგორ ამბობს, არამედ ისე უნდა ისმენდე და მიიღებდე მას, თითქოს თვით ღმერთის ბაგეთაგან ისმენდე, და მოსმენილს ღრმად აღიბეჭდავდე შენს გულში, ვითარცა ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვას. ხოლო იმისათვის, რომ შეგეძლოს უფრო მარჯვედ აღასრულო იგი, შენ გმართებს განიშორო თავისაგან ყოველივე ის, რაც ხელს გიშლის ღვთის სიტყვის შენარჩუნებაში.

ეს ხელისშემშლელი გარემოებანი კი შემდეგია:

1. ამა ქვეყნის უკეთურ მოყვარეთა საზოგადოება. საუკუნო ნეტარი ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ერთია - ეს არის ღვთის სიტყვა. ხოლო უკეთური ადმიანები თელავენ ღვთის სიტყვას და ახშობენ მას; ამიტომაც ყოველთვის უნდა გავურბოდეთ მათთან ურთიერთობას. ამას გავსწავლის ღვთის სიტყვაც: „ამისთვის გამოვედით შორის მათსა და განეშორნით, იტყვის უფალი, და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქვენ“ (II კორინთ. 6,17). 2. მეორე დამაბრკოლებელი გარემოებაა მეგობარ-ახლობელთა გარდაქცეულება და გარყვნილება, რამეთუ განხრწნიან ბოროტი საუბრები კეთილ ჩვეულებათ. ყოველი გარყვნილ-გარდაქცეული სიტყვა, ყოველი უსჯულო აზრი ჩვენი მანკიერი მეგობრისა, ყოველგვარი უკეთური ცხოვრება გარდააქცევს ქრისტიანულ კეთილმსახურებას, კეთილ ცხოვრებას, კეთილ დასაბამს, მაცხოვნებელ განზრახვასა და კეთილმოშიშ ღვაწლს. ამგვარი ვაი-მეგობრები ეშმაკთა მსგავსნი არიან, რომლებიც ყოველთვის განმზადებულნი არიან კეთილმსახურების აღმოსაფხვრელად, ვითარცა ფრინველნი გადაბნეული თესლის ასაკენკად. 3. მესამე ხელისშემშლელი გარემოება ღვთის სიტყვის შენარჩუნებაში არის თვით ჩვენი სულების განგრილება, რის გამოც ჩვენ განსაცდელთა და საცთურთა დროს უკან ვიხევთ ხოლმე ღვთის აღგზნებული სიტყვისაგან. რამეთუ როგორადაც პაპანაქება მზის ქვეშ მცენარეები განხმებიან, ასევე განსაცდელთა ცეცხლის დროს მრავალნი ქრისტიანნი განეშორებიან ღმერთს. 4. და ბოლოს, კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოებაა ჩვენი ზრუნვა ქვეყნიურ, დროებით სიკეთეთა მოპოვებისათვის, რამეთუ ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ცხოვრებისეული ამპარტავნება თრგუნავენ ღვთის სიტყვას ჩვენს გულებში, ამ ვნებებით შეპყრობილი ადამიანები ხშირად დგანან სხეულით ეკლესიში, სულით კი - ბაბილონში, ეგვიპტეში, ტვიროსში თუ სიდონში. ისინი ტაძარში დგანან, გონებით კი სიმდიდრეს აგროვებენ, თავისას ანგარიშობენ, მსახურებს უწყრებიან, ზღვაზე მოგზაურობენ, ჰაერში დაფრენენ, სურათებს ხატავენ, მიწას თხრიან, აშენებენ სახლებს და თავიანთი სული კიდევ სხვა მრავალი ამაო საქმითა აქვთ დაკავებული. ჩვენ კი არამც და არამც არ უნდა ვიყოთ ესრეთ, თუკი ჩვენთვის მართლაც ძვირფასია ჩვენი საუკუნო ცხოვნება.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.
მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე